Home რუბრიკები პოლიტიკა პარლამენტის ახალი შენობა: აკვარიუმი თუ შიზარიუმი?

პარლამენტის ახალი შენობა: აკვარიუმი თუ შიზარიუმი?

722

როდესაც აკაკი მინაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი ერთმანეთს გამჭვირვალობისა და შემოქმედებითობის ბულვარების გადაკვეთაზე შეხვდნენამ ფრაზის ალალი და შეუბღალავი სიგიჟე, მისი გამჭოლი სენტიმენტალურობით, რეალობად იქცევა, თუ პარლამენტი ქუთაისში გადავა და ეს ორი ახალგაზრდა კვლავ დეპუტატი გახდება. ტერიტორიას პარლამენტის ახალი შენობის გარშემო «ათასწლეულის პარკი» ერქმევა და იქ იქნება არა მხოლოდ გამჭვირვალობისა და შემოქმედებითობის, არამედ კომუნიკაბელურობის, თავისუფლებისა და ტრადიციულობის ბულვარები, აგრეთვე, იქნება «ანგელოზების ტბა». იქ, ალბათ, ჯონდი ბაღათურიას დაახრჩობენ.

ხეტიალი არქიტექტურისა და შიზოფრენიის მიჯნაზე გზამკვლევის გარეშე ერთობ პრობლემურია და მის როლს ჩვენთვის «CMD ინჟინრების» მიერ მომზადებული ილუსტრირებული ბროშურა შეასრულებს. მასში პარლამენტის ახალ შენობაზე ბევრი საგულისხმო ინფორმაციის აღმოჩენა შეიძლება, თუნდაც შენობის სხვადასხვა ელემენტის დამატებითი დატვირთვის შესახებ. მაგალითად, ბეტონის გარსი, რომელიც, ერთი შეხედვით, მკვდარი სპილოს ხორთუმსა და ტუალეტის ქაღალდის გაშლილ რულონს მოგაგონებს, თურმე «რბილად ერწყმის მისი (გამჭვირვალე ბუშტის) მრუდის მშვენებას. ეს გამოხატავს საქართველოს მთავრობის ძალასა და სიმტკიცეს», ხოლო საკუთრივ ბუშტი «დაცულობასთან, გამჭირვალობასა და სიწმინდესთან ასოცირდება». საერთოდ, აქამდე ბუშტი წარმავალობისა და ყოფიერების არამდგრადობის სიმბოლოდ ითვლებოდა; შუა საუკუნეების ალეგორიებს, სადაც ბუშტი იყო გამოსახული, ხშირად თან ერთვოდა მარკუს ტერენციუს ვარონის ციტატა «ადამიანი საპნის ბუშტია». მართალია, შესაძლებელია გარკვეული სპეკულაციების დაფუძნება პითაგორელთა «თევზის ბუშტსა» და ძველინდურ «ჯაგატ იონიზე» (ამ თემას, თქვენის ნებართვით, არ ჩავუღრმავდები), მაგრამ «დაცულობისა და გამჭვირვალობის» აღმოჩენა ამ შემთხვაშიც ძალიან გაგვიჭირდება.

პრინციპში, პროექტის დამკვეთებსა და შემსრულებლებს სრული უფლება აქვთ დაინახონ ამ კონტურებში ის, რაც მოეხასიათებათ (არის ერთი ცნობილი, თუმცა ძლიერ უცენზურო ანეგდოტი რორშახის ტესტზე), მაგრამ შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მათი მიზანი, საკმაოდ უხეში ხერხების გამოყენებით პარლამენტზე აღმასრულებელი ხელისუფლების დომინირების იდეის გადმოცემა გახლდათ: ბეტონის გარსი დამთრგუნველად აწვება «ბუშტს», ხოლო შენობის ყველაზე მაღალ _ მე-6 სართულზე პრეზიდენტის აპარტამენტებია განლაგებული.

პირველი სურათი, რომელსაც ამ აპარტამენტებისადმი მიძღვნილ გვერდზე ვხედავთ, აბაზანა-ტუალეტია; ალბათ, იგულისხმება, რომ შავი და თეთრი ფერების შეხამება სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლას განასახიერებს. კიდევ ერთი სურათი ამ სივრცეს სხვა რაკურსიდან გვიჩვენებს. ეს დაჟინებული ყურადღება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ ადგილს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება, დაახლოებით ისეთი, როგორც ოვალურ კაბინეტს თეთრ სახლში ან ფიურერის ბუნკერს რაიხსკანცელარიის ბაღში; მისი იდუმალი სიმბოლიკის გაშიფრვა ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. მაგრამ ერთი რამ ფაქტია: სააკაშვილის მომხრეებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, მათ ბელადს ისეთივე მყუდრო და კეთილმოწყობილი საპირფარეშო ექნება, როგორც მავზოლეუმი _ ლენინს.

საერთოდ, ინტერიერში ერთმანეთს მჭიდროდ ერწყმის აეროპორტის, სპორტდარბაზისა და ბორდელის ესთეტიკა; გაუგებარია სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე. შესაბამისად, იბადება განცდა, რომ მესამეში ვიმყოფებით. შენობის შიგნით იქნება უამრავი ეგზოტიკური მცენარე და პალმის სამი სახეობა, გეგონება საქმე მაიმუნსაშენის მოწყობას ეხებოდეს. თავისთავად გამწვანებაში ცუდი არაფერია, თუმცა იმის წარმოდგენამ, თუ როგორ ისეირნებენ პალმებს შორის ნუგზარ წიკლაური და შოთა მალაშხია, შეიძლება დარვინის სასწრაფოდ გადაკითხვის ხასიათზე დაგვაყენოს.

აშკარაა, რომ დიზაინერებმა ბევრი იწვალეს, თუმცა, ინტერიერში მაინც რაღაც უკიდეგანოდ უგემოვნო, უხეშად რომ ვთქვათ, გამორჩეულად გოიმური იგრძნობა. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ჩარევის შედეგია. საქართველოში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მას დრაკულას ღიმილივით კოშმარული გემოვნება აქვს და სწორედ აქედან მოდის ის ანტიარქიტექტურა და ანტიესთეტიკა, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს. ყველაფერს პარლამენტის ახალ შენობაში თითქოსდა ასვია დამღა «ამას შეეხო სააკაშვილი», რომელიც ერთგვარ «უხარისხობის ნიშანს» წარმოადგენს.

ალბათ, აჯობებს, დავტოვოთ ეს შენობა, რომელმაც უკვე სამი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, და ისევ «ათასწლეულის პარკში» დავბრუნდეთ, სადაც გამჭვირვალობისა და შემოქმედებითობის ბულვარების გადაკვეთაზე ერთმანეთს, იდეაში, ჩიორა თაქთაქიშვილი და აკაკი მინაშვილი უნდა შეხვდნენ.

პარლამენტართა საცხოვრებელი ადგილი «პარკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 12 015 კვადრატული მეტრის ფართობზე გაიჭიმება, _ წერენ ბროშურის ავტორები, _ ეს იქნება პარკის საცხოვრებელი ზონა. აქ ტერასებად განლაგდება სახლები დეპუტატებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე რამდენიმე სამუშაო და სათათბირო დარბაზი და სხვ. პარლამენტის წევრებისა და მათი ოჯახების საცხოვრებელი ზონა შემოღობილი იქნება დამატებითი უსაფრთხოებისთვის». ყოველივე ეს ერთობ მოგაგონებს ევროპულ სეტლმენტს XIX საუკუნის ჩინეთში, მეტიც, კოლონიზატორების დასახლებას აფრიკაში: ღობის შიგნით _ მიწიერი სამოთხე ხელოვნური ტბებითა და ეგზოტიკური ბაღებით, ღობის გარეთ _ შიმშილი, სიკვდილი და სრული ჯოჯოხეთი. ეს წარმოუდგენელი კონტრასტი იქნება, ძალიან ძნელია, მოიფიქრო სისტემა, რომელიც ხალხს და მის მიერ არჩეულ დეპუტატებს ერთმანეთს უფრო ეფექტურად რომ დააშორებს და ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს პროექტის დამკვეთთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მოთხოვნა იყო.

ჩვეულებრივ მოკვდავებს «სხვა ცხოვრების» შორიდან ნახვა ე.წ. «ათასწლეულის გადმოსახედი პუნქტიდან» შეეძლებათ. «პარკში ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც არ იქნება შემოღობილი», _ წერია ბროშურაში. ამ ადგილიდან კარგად გამოჩნდება 52 400 კვ.მ. ფართობის «კოლხეთის ტბა» (გრუნტის წყლების პრობლემის გამო ქმნიან; ისე, საკმაოდ ენამოსწრებულად კი თქვა ერთმა ქუთაისელმა პენსიონერმა: «ამ დაჭაობებული ადგილის მეტი არაფერი ეღირსოთ») და დიდი მწვანე ტერიტორია, რომელიც (მომიტევეთ ამ პოლიტიკურ-არქიტექტურული ერესის ციტირება) «ბუნებრივად ერტყმის გარს არქიტექტურის ამ ნიშანსვეტს, რომელიც საქართველოს თავისუფლების სიმბოლო გახდება, ისევე, როგორც საქართველოს ჰიმნის სიტყვები». თურმე რა ყოფილა, ჩვენ კი ის, უბრალოდ, აკვარიუმის ფორმის შიზარიუმი გვეგონა. 

«ათასწლეულის გადასახედი» საინტერესო სახელწოდებაა. შესაძლოა, იგულისხმება, რომ ამ წერტილიდან მომავალი ათი საუკუნის განმავლობაში მათ მინიატურულ «ათასწლოვან რაიხს» უნდა ვუყუროთ. ზებუნებრივი სიმბოლური დატვირთვის გაფაციცებულმა, ერთობ ხელოვნურმა და ნაძალადევმა ძებნამ კი შეიძლება ერთ ძველ ციტატამდე მიგვიყვანოს: «ჩვენს ქალაქებს არ გააჩნიათ ისეთი ძეგლები, რომლებიც აღქმული იქნებოდა, როგორც მთელი ეპოქის სიმბოლოანტიკური ქალაქი ისეთ მიმზიდველ საშუალებებს ფლობდა, რომლებზეც დღეს წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ამ ქალაქის მაცხოვრებელს თვალწინ ჰქონდა არა ცალკეული მეპატრონეების მეტნაკლებად საცოდავი სახლები, არამედ დიადი შენობები, რომლებიც მთელ საზოგადოებას ეკუთვნოდა. ამ შესანიშნავ შენობებთან მიმართებაში მათი საკუთარი სახლები მხოლოდ დაქვემდებარებულ მნიშვნელობას იძენდა» (ადოლფ ჰიტლერი, «მაინ კამპფი»).

სხვათა შორის, რაც უფრო ახლოვდებოდა მესამე რაიხის აღსასრული, მით უფრო მეტ დროს ატარებდა ნახევრადშეშლილი ფიურერი ბერლინის რეკონსტრუქციის გეგმასთან და ესაუბრებოდა ალბერტ შპეერს რაღაც საოცრად მეგალომანიურსა და მანიაკალურზე. გამორიცხული არაა, რომ მას ქვეცნობიერად სურდა, ერთგვარი «არქიტექტურული კაუჭებით» ჩაჭიდებოდა სიცოცხლეს და რეალობას, რომელსაც გაურბოდა, დაეტოვებია ეპოქალური კვალი და ისტორიაში «ჩაბეტონებულიყო». ერთმანეთს არავის ვადარებთ, თუნდაც იმიტომ, რომ მასშტაბები განსხვავებულია, თუმცა ეს არქიტექტურული სიგიჟე ქვეყნის ნანგრევებზე მეტად უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს.

სუბიექტური შთაბეჭდილება: ამ ბროშურის კითხვის დროს არ მტოვებდა შეგრძნება, რომელსაც რუანდაში გაეროს ძალების ყოფილმა სარდალმა, კანადელმა გენერალმა რომეო დალერმა «ეშმაკისთვის ხელის ჩამორთმევა» უწოდა, და იმის განცდა, რომ არა უბრალოდ მორიგ სისულელეს, არამედ ძალიან დიდ ბოროტებას შევეხე. რა შეიძლება იყოს უფრო კაცთმოძულე, უფრო ამაზრზენი, ვიდრე უკიდურესად ღარიბ საქართველოში უზარმაზარი ხარჯის გაწევა ასეთი კომპლექსის ასაშენებლად? რა მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე ასეულ მილიონზე ვსაუბრობთ, როგორც ამას ხელისუფლება გვიმტკიცებს, თუ რამდენიმე მილიარდზე? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მოქმედება «ზღვარს მიღმა», რასაც არანაირი გამართლება არ აქვს.

ბუნებრივად იბადება კითხვა: რა უნდა ვუყოთ ამ ახალ საპარლამენტო კომპლექსს? მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებას დატოვებს, პარლამენტი, 99%-იანი ალბათობით, ისევ თბილისში გადმობარგდება და, შესაბამისად, ამ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. შეიძლება გაჩნდეს ცდუნება, მეგალომანიური ამპარტავნების ეს სიმბოლო ბასტილიასავით მიწასთან გავასწოროთ, მაგრამ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და, ალბათ, უფრო გონივრული გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი რამ: ფუნქცია, რომელიც ამ კომპლექსს მომავალში მიენიჭება, უაღრესად პოზიტიური უნდა იყოს, რათა მთელი ის ბოროტება, რომელიც მის აშენებას უკავშირდება, წარსულს ჩაბარდეს, გაიფანტოს.

ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში «ქართული ოცნების» 10 ივნისის აქციაზე ამ ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის იდეა გააჟღერა. რატომ არ შეიძლება ეს ახალი კომპლექსი ამ მიზნისთვის გამოვიყენოთ? ცხადია, საჭირო გახდება გარკვეული რეკონსტრუქცია, თუმცა ის შეუდარებლად ნაკლებ ხარჯს მოითხოვს, ვიდრე ახალი სასწავლებლის ინფრასტრუქტურის ნულიდან შექმნა. ეს იქნება ჩვენი პირველი სერიოზული, სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში.

ამ შემთხვევაში, ეს კომპლექსი მართლაც გახდება ახალი, თავისუფალი საქართველოს სიმბოლო და არა ერთი მუჭა პოლიტიკური ვამპირების სამფლობელო, რომელთაც თურმე პალმების ჩრდილში დასვენება მოუნდათ. კაი გვარიანი ბუდე კი მოიწყვეს, თუმცა, ჩემი სუბიექტური პროგნოზი თუ გაინტერესებთ, იქ დაბინავებას ვერ ეღირსებიან, ვერ გაიხარებენ.

რა უნდა მოვაწყოთ იქ უნივერსიტეტზე უკეთესი? კაზინო? აბანო? ფსიქიატრიული კლინიკა? უკანასკნელი იდეა შეიძლება ერთობ ლოგიკურად მოგვეჩვენოს, თუმცა ფსიქიატრებს, თუ მაინც და მაინც, შეუძლიათ ავლაბრის რეზიდენცია აიღონ (მე არ მითქვამს «შტურმით აიღონ», ბალანსზე აყვანა ვიგულისხმე; არადა, შტურმზე მიმავალი ფსიქიატრები ლამაზი სანახაობა კი იქნებოდა, აუსტერლიცის კავალერგარდების არ იყოს). ვარიანტი, პრინციპში, ბევრია, თუმცა «საუნივერსიტეტო იდეა», ალბათ, მაინც ერთ-ერთი ყველაზე კონსტრუქციული იქნება.

რჩება მხოლოდ ერთი დაბრკოლება _ ქუთაისის პარლამენტის შენობას ჩაბღაუჭებული სააკაშვილი. თუმცა, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, აღნიშნული პრობლემა არცთუ შორეულ მომავალში მოიხსნება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here