Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე სერაფიმე: სად გაგონილა, ქართული ტაძარი შუშის კედლებითა და სახურავით?

მეუფე სერაფიმე: სად გაგონილა, ქართული ტაძარი შუშის კედლებითა და სახურავით?

1037

პატრიარქმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა და საგანგებო ბრძანებაც გასცა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ირწმუნება, თითქოს ტაძრის რესტავრაციის პროცესი საპატრიარქოსა და იუნესკოსთან შეთანხმებული, მოწონებული პროექტის მიხედვითა და ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს, აღმოჩნდა, რომ შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. ვინაიდან, სწორედ არასწორი რესტავრაციის შედეგების გამო, იუნესკო მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღებას აპირებს.

მართალია, ხელისუფლებამ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროცესი დროებით შეაჩერა, კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ამტკიცებს, რომ არსებული, არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის მიერ მომზადებული, პროექტი, საპატრიარქოსთან შეთანხმებული იყო და იუნესკოს წინასწარი შეფასებები სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ცალკეული ცვლილებები თავად იუნესკოს მოთხოვნით განხორციელდა. თუმცა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წინასწარ დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ ბაგრატის ტაძარი იმდენად შეიცვალა, «ის ვეღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გამოც შეტანილი იქნა დაცული ძეგლების ნუსხაში».

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ საპატრიარქო და იუნესკო სრულიად უმიზეზოდ გამწყრალან, ხოლო პატრიარქი ცრუობს, როდესაც ბრძანებს, რომ «მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლის _ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით».

ერთი შეხედვით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის იდეალური ურთიერთობაა, თუმცა მთელ რიგ საკითხებში არსებული უთანხმოება უკვე აშკარა ხდება. ფაქტია, რომ ბოლო დროს ხელისუფლება საპატრიარქოს აზრს არც ერთ რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. ამის დასადასტურებლად ახლო წარსულში ქვეყანაში რელიგიური კონფესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება, ბუდა ბარისა და კაზინოს მშენებლობა, დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები თუ მეჩეთების აშენების გადაწყვეტილება გამოდგება…

პატრიარქის ბრძანებაში კიდევ ერთი საყურადღებო დეტალია გაცხადებული: ილია მეორე ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს ავალებს, დაუყოვნებლივ აცნობოს სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო ბრძანების შესრულებაზე ზოგადი კონტროლის განხორციელებას კათოლიკოს-პატრიარქის ქორ-ეპისკოპოსს, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოს იაკობს ავალებს (და არა მეუფე კალისტრატეს), თუმცა რატომ გახდა პრეზიდენტის მოტრფიალე მეუფისთვის იმის შეხსენება საჭირო, რომ პატრიარქი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, უცნობია.

«ეს უნდა იცოდეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალსიტრატემაც და ბაგრატის ტაძარში უნდა შეწყდეს სარესტავრაციო სამუშაოები, ვიდრე არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბაგრატის ტაძარი იუნესკოს ყურადღებიდან იქნას ამოღებული. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ჩვენ მივიღებთ ისეთ ტაძარს, როგორიც ჩვენთვისაა საჭირო. «ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია», სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის», _ ბრძანებს უწმინდესი.

ექსპერტების განცხადებით, სრულიად განსხვავებულია და ივანე გრემელაშვილის პროექტს არ ემთხვევა ტაძრის დასავლეთი ნაწილი, რომელშიც რკინის დიდი კოლონები განთავსდება და მინით შეიმოსება. ორ სართულს კი ერთმანეთთან კიბე და ლიფტი დააკავშირებს.

საპატრიარქოს წარმომადგენლები პრობლემის მთავარ მიზეზად რესტავრაციის პროცესში მოულოდნელად განხორციელებულ ცვლილებებსა და ტაძრის რეაბილიტაციის დაჩქარებულ ტემპსაც ასახელებენ. ხელისუფლების სულსწრაფობა «გეგმის გადაჭარბებით შესრულების» საკითში საიდუმლო აღარავისთვისაა, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და მისი საზეიმო გახსნა 2012 წლის შემოდგომაზე, არჩევნებამდე, იყო დაგეგმილი. თუმცა, საინტერესოა, ვინ და რატომ შეცვალა უკვე გამზადებული და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტი, რატომ ჩაერთნენ მოულოდნელად მუშაობის პროცესში უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის იტალიელი არქიტექტორი ანდრია ბრუნო, რომელსაც საპატრიარქოსთან აღარ შეუთანხმებია რესტავრაციის პროცესში განხორციელებული ცვლილებები, და რაში დასჭირდა ხელისუფლებას თანამედროვე ელემენტებით გაწყობილი ბაგრატის ტაძარი, რაც ძეგლს მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას უკარგავს? საქმე გვაქვს გულგრილობასთან თუ დანაშაულთან? ბაგრატის ტაძრის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სასულიერო პირების მოსაზრება პატრიარქის განცხადების იდენტურია.

წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა აუცილებელია, მაგრამ მისი რესტავრაცია ტრადიციული სახითა და ყველა წესის დაცვით უნდა განხორციელდეს:

_ ამ დღეებში ასეთი აზრიც მოვისმინე, თითქოს ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია საჭირო არ არის და ჯობდა, მისი კონსერვაცია მომხდარიყო, რაც არასწორია. ამ უნიკალურ ტაძარს ნანგრევებად ვერ ვაქცევთ, ჩვენი წინაპრები ამას არ გვასწავლიდნენ.

თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორ ჩაუტარდება ტაძარს რესტავრაცია. არსებობდა სპეციალური პროექტი, რომელიც უწმინდესის კურთხევით უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, რესტავრაციის მიმდინარეობის პროცესში რაღაცები შეიცვალა. რა თქმა უნდა, არც ერთი სასულიერო პირი არ დათანხმდება, რომ ბაგრატის ტაძარზე ლიფტი დაამონტაჟონ და თანამედროვე შუშის ელემენტებით გააწყონ. ეს მიუღებელია და ამას უწმინდესი არასდროს დათანხმდება. სად გაგონილა ქართული ტაძარი შუშის კედლებითა და სახურავით? როგორ უნდა ვილოცოთ ასეთ განათებულ, ლიფტებიან ტაძარში? ეს არამართლმადიდებლური და არაეკლესიურია. ლიფტები, შუშები, ორღანი ამერიკის ეკლესიებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც გიტარა შეაქვთ, და ცეკვავენ და მღერიან ეკლესიებში. მართლმადიდებლობისთვის ამგვარი რამ მიუღებელია და, ვისაც ამის სურვილი აქვს, ამერიკაში გაემგზავროს და იქაურ ეკლესიაში ჩართოს გიტარა და ლიფტებიც და ესკალატორებიც დაამონტაჟოს. ჩვენ კი ისეთ ტაძარში უნდა ვილოცოთ, როგორიც ქართულ გულს უხარია. ამის უფლება ნამდვილად გვაქვს.

მოვისმინე უწმინდესის განცხადება, რომელსაც ხალხი ელოდა, რადგან ბევრი იყო უკმაყოფილო საპატრიარქოს ვითომდა რბილი პოზიციით, ზოგიერთები მასმედიის სხვადასხვა საშუალებაში რეკავდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთ ცოდვილი ქართველი, რომელმაც გუშინ ისწავლა პირჯვრის გადაწერა და დღეს ასე თამამად და კადნიერად გამოთქვამს აზრს ჩვენს უწმინდესზე, გამოდის, უფრო მეტად ზრუნავს ბაგრატის ტაძარზე, ვიდრე უდიდესი პიროვნება, დიდი ქართველი, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი? მინდა, ვკითხო ამ ცოდვილ ქართველებს: როდესაც უწმინდესმა თავისი მამობრივი ზრუნვითა და სიყვარულით მიმართა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ერს და საზოგადოებას სთხოვა, იქნებ კაზინო და ბუდა ბარი არ აშენდეს რიყეზეო, რატომ არ შეასრულეს პატრიარქის თხოვნა, დღეს რომ ასე კადნიერად იცავენ ბაგრატის ტაძარს? ეს ჩემთვის ძალიან საწყენია. რადგან თურმე არიან ისეთი ქართველები, რომლებსაც შეუძლიათ გაბედონ და ძალიან კადნიერად განიკითხონ ეკლესია და მით უმეტეს ერის მამა, რომელიც უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში, როგორც ერის აღმშენებელი.

ერთი რამ ცხადია, ბაგრატის ტაძრის თანამედროვე ელემენტებით რესტავრაცია ღვთისა და ისტორიის წინაშე არასწორია. მე პატივს ვცემ ნიკა ვაჩეიშვილს, ჩვენ ერთად ვსწავლობდით არქიტექტურულ ფაკულტეტზე და დარწმუნებული ვარ, მას მართლა გული შესტკივა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე და აუჩქარებლად და სრული კანონიკის დაცვით აღდგება ბაგრატის ტაძარი, რადგან, როცა საქმე ტაძარს ეხება, სიჩქარე არ შეიძლება. სჯობს, ათი წელიწადი დასჭირდეს ტაძრის რესტავრაციას, ვიდრე ასეთი სახით აღვადგინოთ.

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარ მამა გიორგის (რაზმაძე) აზრით, ლიფტების მიშენება და თანამედროვე ელემენტების ჩართვა მართლმადიდებლურ ტაძარში მიუღებელია:

_ რადგან პატრიარქს ასეთი რეაქცია ჰქონდა, როგორც ჩანს, რესტავრაციის პროცესში სერიოზული დარღვევები იყო, ვინაიდან აქამდე მსგავსი ბრძანება პატრიარქს არ გაუცია და  ხელისუფლებისადმი მის მიმართვებს ყოველთვის თხოვნის ფორმა ჰქონდა.

ლიფტების მიშენებითა და თანამედროვე ელემენტების ჩართვით, როგორც ჩანს, სურდათ, ბაგრატის ტაძარი ვატიკანში არსებული პეტრეს ტაძრისთვის მიემსგავსებიათ, სადაც ლიფტები, ხოლო გუმბათში ტუალეტებია მოწყობილი. რათა შემდეგ მოეყვანათ ტურისტები, ლიფტში ჩაესვათ და ასე დაეთვალიერებინებიათ ქუთაისი, ალბათ, ამისთვის სურდათ ამ ყველაფრის გაკეთება, თორემ სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი ტურისტებზე იყო გათვლილი და არა სულიერი მიზნებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ეკლესიისთვის.

ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს ეკლესიის მიმართ, ის საღ აზრს არის მოკლებული.

წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ მამა დავითის (ისაკაძე) განცხადებით, ეკლესიისთვის ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია: 

_ პატრიარქმა გააკეთა განცხადება, რომელიც მთელმა საქართველომ მოისმინა. ეს არის ეკლესიის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და ასევე კანონის დარღვევა. რადგან, მოგეხსენებათ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატის თანახმად, არსებობს კონსტიტუციური პროცედურები, რომლის საფუძველზეც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად ხელისუფლება ეკლესიის საკითხებში ჩაერიოს. ეს რაც შეეხება კანონმდებლობას, მაგრამ ამას გარდა, სულიერ სფეროსაც შეეხნენ უკვე და სურთ, ტაძარი გასართობ დაწესებულებად აქციონ, რაც მთლიანად ჩვენი ისტორიისა და ერის შეურაცხყოფაა.

დღესდღეობით, პატრიარქის ბრძანების შემდეგ, სამუშაოები შეჩერებულია და, რამდენადაც ვიცი, საპატრიარქოს სამეცნიერო ცენტრსა და ნიკა ვაჩეიშვილს შორის მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს ძალიან მკაცრი პოზიცია აქვს», _ ამბობს მამა დავითი.  

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და საპატრიარქო და დარჩება თუ არა იუნესკოს მსოფლიო კულტურის საგანძურთა სიაში ბაგრატის ტაძარი, საზოგადოება, სავარაუდოდ, იუნესკოს კომიტეტის სხდომის შემდეგ შეიტყობს, რომელიც 24 ივნისს პეტერბურგში გაიმართება და მასში ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. 

შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here