Home რუბრიკები პოლიტიკა «ვისაც სამშობლო უყვარს, ვისაც ერის ნორმალური მომავალი სურს, ჩვენი თანამოაზრე, პარტნიორი, ჩვენი...

«ვისაც სამშობლო უყვარს, ვისაც ერის ნორმალური მომავალი სურს, ჩვენი თანამოაზრე, პარტნიორი, ჩვენი თანამებრძოლია»

908

სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» შეიქმნა როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ეს მოხდა იმ კუთხეში, რომელიც ვერა და ვერ გაიმართა წელში «მხედრიონისა» თუ შევარდნაძის ოფიციალური სამხედრობანდიტური ჯგუფების სამოქალაქო ომის, ცენტრალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთში წამოწყებული ავანტიურის შედეგად ასი ათასობით დევნილის და სხვა კარგად ცნობილი ფაქტორების გამო, რაც შევარდნაძის «ბრძნულ» მმართველობას და სამეგრელოსადმი მის «განსაკუთრებულ ყურადღებას» მოჰყვა შედეგად. ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციას  თავიდანვე დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმმა. ამ მოძრაობის შესახებ ავრცელებდნენ ათასგვარ ჭორს და დეზინფორმაციას, თითქოს მას სურდა სამეგრელოს ავტონომია, ჰქონდა სეპარატისტული მისწრაფებები. ამ დეზინფორმატორების მთავარ სამიზნეს მოძრაობის ლიდერი, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია წარმოადგენდარომლის დისკრედიტაციასაც უტიფარი სიცრუით ცდილობდნენ და ამ მიზნებისათვის პროვოკატორ მედიასაშუალებებსა და ქვებუდანობაში შემჩნეულ პირებს აქტიურად იყენებდნენ.

მართალია, შევარდნაძე ოფიციალურად გადამდგარია, მაგრამ მის პილიტიკურ კურსს ღირსეული მემკვიდრე და გამგრძელებელი ჰყავს «მოქკავშირის» პირმშო «ნაცმოძრაობის» სახით, რომლის ზოგიერთი დამქაში დეზინფორმაციის გავრცელების გზით დღესაც არ წყვეტს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოსა» და მისი ლიდერის უპერსპექტივო დისკრედიტაციას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სოციალურ ქსელებში ზოგიერთი პროვოკატორი გაუგონარ სიცრუეს კადრულობს, თითქოს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ყრილობაზე მისმა ხელმძღვანელობამ ავტონომია მოითხოვა და სეპარატისტული შინაარსის განცხადებები გაავრცელა. ხელთ მაქვს და გიგზავნით სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ყრილობაზე მისი ხელმძღვანელის გამოსვლის სრულ ტექსტს, რომელზეც იმის თქმა, რომ სეპარატიზმის მოწოდებებს შეიცავს, არის აბსურდი და შეგნებული დეზინფორმაცია. გთხოვთ მის გამოქვეყნებას, რათა ზემოხსენებულმა დეზინფორმატორებმა  ვეღარ მოახერხონ ჭორების გავრცელებით ადამიანების შეცდომაში შეყვანა.

პატივისცემით როსტომ დანელია

ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვა სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» II ყრილობაზე

. ზუგდიდი, 2001 წლის 12 ოქტომბერი

პატივცემულო საზოგადოებავ! ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია, რომ დღეს მიწევს ჩემი მშობლიური კუთხის მთავარ ქალაქში, ზუგდიდში, სამეგრელოს ყველა რაიონის ღირსეულ წარმომადგენლებთან შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ყრილობა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება სამეგრელოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქ ფოთში, სამეგრელოს სხვადასხვა რაიონის, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა ინიციატივით, დაარსდა სახალხო მოძრაობა «სამეგრელო». მოგეხსენებათ, რომ ამ ფაქტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საქართველოში. მე ვიცოდი, რომ ასეთი სახელწოდების მქონე, თუნდაც არაპოლიტიკური, საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა შეაშფოთებდა ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს, ზოგში კი ზიზღსა და სიძულვილსაც კი გამოიწვევდა, ამიტომ მზად ვიყავი ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მაგრამ იმ ისტერიამ, შეთითხნილი ბრალდებების ნიაღვარმა, რომელიც თავს დაგვატყდა, ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა.

ჩვენ, როგორც იცით, დაგვაბრალეს «სეპარატიზმი», ქვეყნის გახლეჩის სურვილი, ქართველი ერის როგორც ერთიანი ორგანიზმის უარყოფა და ბევრი სხვა სისულელე. დაგვაბრალეს სწორედ იმ ძალებმა, იმ პიროვნებებმა, იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმ . . ოპოზიციის თავკაცებმა, ვინც თითქმის ათი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენს სამშობლოს, შლის ქვეყანას, ყიდის ისტორიულ ტერიტორიებს, მათხოვართა ბრბოდ აქცევს ქართველ ხალხს, კლასიკური ფორმის გენოციდს უწყობს საკუთარ მოსახლეობას. მაგრამ ამ ძალების ასეთმა აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჩვენდამი, მოსახლეობაში, მოაზროვნე, პატრიოტულ წრეებში უკურეაქცია გამოიწვია და ის ენთუზიაზმი, რომლითაც მთელი სამეგრელო შეხვდა ჩვენი ყრილობის ჩატარებას, ამის ნათელი დადასტურებაა. არ მინდა, მოძრაობა «სამეგრელოს» შექმნის მნიშვნელობა გადავაჭარბო, მითუმეტეს, რომ გარკვეული მიზეზების გამო, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი, ამ ორგანიზაციის საქმიანობა ერთგვარად გაყინული, თუ შეიძლება ითქვას, «დაკონსერვებულიც» იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ გავუსვა ხაზი მოძრაობის შექმნის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს შედეგს.

ჯერ ერთი, ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას, რომ სამეგრელოს მოსახლეობას შეუძლია პარტიული დაქუცმაცებულობა გადალახოს და გაერთიანდეს, ხოლო გაერთიანების შემთხვევაში ძალუძს საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და ქვეყნის განვითარების მიმართულების შერჩევაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

 სწორედ ჩვენი გაერთიანების შესაძლებლობამ, ერთად დგომის უნარმა ანტიეროვნულ ძალებში ასეთი პანიკური შიში განაპირობა. მეორეც, ჩვენს ყრილობაზე მიღებული დოკუმენტების სახით ყველას დავანახეთ, რომ სამეგრელოს საზოგადოებას ძალუძს, საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მაღალპროფესიული ანალიზი გააკეთოს. სამეგრელოს სათანადო პოტენციალი გააჩნია იმისათვის, რომ შეიმუშაოს და მთელ საქართველოს წარუდგინოს ქართული საზოგადოების პოლიტიკური სისტემის თვისობრივად ახალი მოდელი, ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც შეესაბამება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. მესამე, ერთიან, ზეპარტიულ ორგანიზაციაში მოსახლეობის აქტიური ნაწილის გაერთიანებით, ჩვენ დავანახეთ ხელისუფლებას, რომ რეგიონს ყურადღება სჭირდება და სამეგრელოს ინტერესების იგნორირების გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი მოქმედებით ანტიეროვნული ძალების თარეშს ბოლო მოვუღოთ.

და ბოლოს, ჩვენ პირველად ოფიციალურად და ხმამაღლა განვაცხადეთ, ყრილობის დოკუმენტებშიც აღვნიშნეთ, რომ არსებობს მეგრული ენა, როგორც სრულფასოვანი ენა, არსებობს მეგრული ენობრივი კულტურა, როგორც ქართული ენობრივი კულტურის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. არსებობს და კიდევაც უნდა იქმნებოდეს ლიტერატურული ნაწარმოებები მეგრულ ენაზე. ყველაფერი ეს პატივისცემას, შენარჩუნებას და განვითარებას ითხოვს. ჩვენ ამ თემიდან ტაბუ მოვხსენით, დღეს მეგრულ ენაზე, მეგრულ კულტურაზე გაზეთებშიც წერენ, სამეცნიერო კონფერენციებზეც ღიად ლაპარაკობენ და ეს თემა, ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლის პროვოკაციული გამოხდომების მიუხედავად, ღია გახდა.

მოძრაობა «სამეგრელოს» შექმნამ (და დღევანდელი ყრილობაც ამის დადასტურებაა) გამოამჟღავნა აქტიური, პატრიოტულად ორიენტირებული, პოლიტიკურად მომზადებული ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ ცენტრალურ სახელისუფლო ორგანოში სამეგრელოს ინტერესების ღირსეული წარმოდგენა. ჩვენი დღევანდელი ყრილობის შემადგენლობას რომ გადავხედოთ, დავრწმუნდებით, რომ აქ სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სხვადასხვა იდეოლოგიური შეხედულების ადამიანები არიან, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს სამეგრელოსა და საკუთარი ხალხის მიმართ სიყვარული. ყველას გვესმის, რომ ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთიანად დავიცვათ რეგიონისა და ქვეყნის ინტერესები. ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ და დღესაც ვაცხადებთ, რომ სამეგრელო, ისევე, როგორც მთლიანად საქართველო, მანამდე იქნება დათრგუნული, დაბეჩავებული, ღატაკი და დამცირებული, სანამ მისი მოსახლეობა პარტიული თუ მსოფლმხედველობითი ნიშნით იქნება დაქუცმაცებული და ერთმანეთს გადაკიდებული.

ორი სიტყვა იმის შესახებ, თუ რატომ არ მიუღია აქტიური მონაწილეობა მოძრაობა «სამეგრელოს» გასული ორი წლის პოლიტიკურ ბატალიებში. იცით, იყო აზრი იმისი თაობაზე, რომ მოძრაობა გადაკეთებულიყო პოლიტიკურ ორგანიზაციად და საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ჩვენ არ მივიღეთ ეს მოსაზრება ორი მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებდით საზოგადოების დაქუცმაცებას პარტიული ნიშნით; მე კი მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში შეიქმნება, ხალხის გამთლიანება უნდა ჰქონდეს მიზნად. მოძრაობა «სამეგრელოს», როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ჩამოყალიბება ამის საშუალებას იძლეოდა. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ ძალთა დიდი ნაწილი ერთ ბლოკად გაერთიანდა. ამ ბლოკის უპერსპექტივობა ჩემთვის ნათელი იყო, მაგრამ არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის შემთხვევაში თავიანთ გარდაუვალ წარუმატებლობას ოპოზიცია ჩვენ დაგვაბრალებდა. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ იმ პერიოდში არსებულ ოპოზიციურ ბლოკს კარტბლანში უნდა მიეცეს, სამაგიეროდ დღეს ჩვენ სრული უფლება გვაქვს, განვაცხადოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას არ ძალუძს, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები გადალახოს და ჭეშმარიტი ეროვნული იდეის ირგვლივ გაერთიანდეს.

ყველა ის პირობა, რომლებმაც გამოიწვია სამეგრელოში ზეპარტიული სახალხო მოძრაობის შექმნის სურვილი ორი წლის წინ, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღესაც უცვლელი რჩება. რით ვხელმძღვანელობდით ჩვენ მოძრაობის შექმნისას? იმით, რომ ახლანდელი ხელისუფლების მმართველობის წლებში სამეგრელო აყვავებული, საკმაოდ განვითარებული აგრარულ-ინდუსტრიული რეგიონიდან გაძარცულ, გაღატაკებულ და ჩამორჩენილ პროვინციად გადაიქცა, უმუშევარი მოსახლეობით, ემიგრაციის კატასტროფული დონით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით, გაყინული კულტურული ცხოვრებით. აფხაზეთის დაკარგვისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გადაკეტვის შედეგად სამეგრელო გეოეკონომიკურ ჩიხში მოექცა. უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს ემატება ხალხის მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილი ის დამცირება, ტანჯვა და შეურაცხყოფა, რომელიც ახლანდელმა ხელისუფლებამ მიაყენა სამეგრელოს მოსახლეობას. როდესაც მე მსაყვედურობდნენ იმის თაობაზე, რომ სამეგრელოს განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობას ვუსვამდი ხაზს და მეუბნებოდნენ, რომ ყველა რეგიონი დიდ გაჭირვებას განიცდის, მე ვპასუხობდი და დღესაც ვპასუხობ: ჯერ ერთი, რა საამაყო და სატრაბახოა, რომ მთელი ქვეყანა გაჭირვებასა და უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფება. მეორეც, სამეგრელომ, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, უმძიმესი და უსასტიკესი მორალური დარტყმა მიიღო, რომელიც თავისი სიმძიმით ეკონომიკურ და სოციალურ სიდუხჭირეს ერთად აღებულს უდრის. საქართველოს სხვა რეგიონებს, საბედნიეროდ, ანალოგიური დარტყმა არ მიუღიათ.

სწორედ ამიტომ ვამბობდი და ვამბობ, რომ ხელისუფლებას, იმ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, იმ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ვისაც საქართველოს გადარჩენა სურს, სამეგრელოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული ზრუნვა მართებთ. მაგრამ ეს გარემოება ახლანდელი მმართველი ელიტისთვის, ინტელიგენციის ე. წ. ელიტარული ნაწილისთვის არც გასაგებია და არც მისაღები. ისინი, დიდი ხანია, მოწყვეტილნი არიან ქართულ ეროვნულ სხეულს, მათთვის უცხოა ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართული კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების პრობლემები. მეტიც, მთელი მათი მოღვაწეობა ბოლო წლების განმავლობაში საფუძველს გვაძლევს, განვაცხადოთ, რომ ქვეყნის დაშლა, ქართველი ერის დაქუცმაცება და საბოლოოდ მისი მოსპობა მათთვის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. არსებობს ერთადერთი საშუალება, ვაიძულოთ მათ ქვეყნისა და ერის ინტერესების დაცვა. ეს საშუალება  ძალის დემონსტრირებაა, მაგრამ რას წარმოადგენდა ან რას წარმოადგენს ამ თვალსაზრისით სამეგრელო? დიდი მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ გენოციდი, შეურაცხყოფა, გაღატაკება თავს დაატყდა სამეგრელოს იმიტომ, რომ ამ პერიოდში სამეგრელო არ წარმოადგენდა და არც დღეს წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას. ჩვენ არ გაგვაჩნდა და არც დღეს გაგვაჩნია ის ერთიანი საზოგადოებრივი ძალა, რომელიც აიძულებდა ანტიეროვნულ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ, თუ არ იზრუნებს, ხელი მაინც არ შეუშალოს რეგიონის განვითარებას.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ სამეგრელოს პრობლემებზე, სამეგრელოს მოსახლეობის გაჭირვებულ მდგომარეობაზე, სამეგრელოს პერსპექტივებზე ნებისმიერი მსჯელობა გარკვეულ წრეებში მაშინვე იწვევს ბრალდებას სეპარატიზმში. თვით სიტყვაც კი «სამეგრელო» ზოგიერთის ავადმყოფურ აზროვნებაში სეპარატიზმთანაა დაკავშირებული. ამ სენმა ისეთი გავრცელება ჰპოვა, რომ თვით მეგრელებიც კი ერიდებიან სამეგრელოს სავალალო მდგომარეობაზე, მეგრულ კულტურასა თუ სპეციფიკაზე საჯარო საუბარს, ამ ბრალდების თავიდან ასაცილებლად. მეტიც, ამ ბრალდებებმა ჩვენს ხალხში თავისებური არასრულფასოვნების კომპლექსიც კი ჩამოაყალიბა. ჩვენ იძულებულნი ვართ, სულ ვუმტკიცოთ ვიღაცას, რომ ვართ ქართველები, რომ მთელი საქართველოს ტკივილი ისევე გვტკივა, როგორც ჩვენი კუთხის, ჩვენი ოჯახის სატკივარი. ამას ვუმტკიცებთ, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ იმ ხალხს, იმ ადამიანებს, ვინც თვითონ წლების განმავლობაში ანგრევენ ამ ქვეყანას და სპობენ ყველაფერ ქართულს. მოძრაობა «სამეგრელოს» წინა ყრილობა სწორედ ამ კომპლექსისგან გათავისუფლების ცდა იყო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არაფერი გვჭირს საკომპლექსო.

იმ უვიც, გაუნათლებელ, ანტიეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკანებსა თუ ფსევდოინტელიგენტებს შევახსენებ, რომ სამეგრელოს მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ გამაერთიანებელი ფუნქციის შესრულება ეკისრა. მეტიც, ისტორიაში ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ საქართველოს დაქუცმაცების პერიოდში (არადა, ეს პერიოდი თითქმის მთელ ისტორიას მოიცავს, 200-250 წლის გამოკლებით) არსებობდნენ კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოები, მაგრამ, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიუხედავად, დადიანებს არასოდეს უცდიათ სამეგრელოს სამეფოდ გამოცხადება. იმდენად ძლიერი იყო ყოველთვის მეგრულ საზოგადოებაში ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობისკენ ლტოლვა. დამისახელოს ვინმემ ისეთი პიროვნება ქართულ ისტორიაში, ვისაც ერთიანი საქართველოს შექმნისთვის, ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისთვის მეტი გაუკეთებია, ვიდრე გიორგი ჭყონდიდელმა გააკეთა. დამისახელოს ვინმემ ისეთი პიროვნება, რომელსაც საქართველოს, მათ შორის თბილისის, აფხაზეთის გაქართველებისთვის მეტი გაუკეთებია, ვიდრე ლავრენტი ბერიამ გააკეთა. დამისახელოს ვინმემ პიროვნება, რომელსაც ქართველთა სულიერი გაერთიანებისთვის, ქართული ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისთვის, ქართული სულის ამაღლებისთვის უფრო მეტი გაუკეთებია, ვიდრე ეს ზვიად გამსახურდიამ გააკეთა.

ნუთუ არ რცხვენია ვიღაც პოეტსა თუ მსახიობს ამის შემდეგ სამეგრელოსთვის სეპარატიზმის დაბრალება? მაგრამ ისინი სეპარატიზმს ეძახიან იმას, როდესაც ადგილობრივი ადამიანი, მათივე ბანდიტური თავდასხმებით გაუბედურებული, მათივე ეკონომიკური პოლიტიკით გაღატაკებული, მათივე სოციალური პოლიტიკის გამო უმწეო, მათივე ქმედებებით დაცემული, მშიერი, მომაკვდავი, ყვირის: რას შვრებით, ხალხო, რატომ მკლავთ? პასუხად გაისმის: არ მოგწონს, პროტესტს აცხადებ? ე. ი. სეპარატისტი ხარო.

მიზანმიმართულად ყალიბდება აზრი, რომ სამეგრელოს მოსახლეობის მიერ ნებისმიერი უკმაყოფილების გამოხატვის ნებისმიერი ფორმა სეპარატიზმს ისახავს მიზნად, . . ჩვენ ჩუმად, უსიტყვოდ, უპროტესტოდ უნდა დავიხოცოთ, თორემ ყველა სხვა შემთხვევაში სეპარატიზმს დაგვაბრალებენ. ბევრი ჩემი მეგობარი, აქაური მკვიდრი, სისტემატურად მაფრთხილებს: შენი ჭირიმე, არ თქვა არაფერი სამეგრელოზე, თორემ სეპარატიზმს დაგაბრალებენო. ასეთი ქცევა, ასეთი მიდგომა, ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის, ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს. მეტიც, ჩვენ ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელ დაშლილ, დანგრეულ, დაქუცმაცებულ, ეკონომიკურად და ზნეობრივად დაცემულ, შეურაცხყოფილ საქართველოში ჩვენ ისევ და ისევ, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, გამაერთიანებელი როლი უნდა შევასრულოთ. მეგრელებისთვის, ისევე, როგორც სხვა ქართველებისთვის, ცხოვრების არეალს მთელი საქართველო წარმოადგენს. თუ ახლანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს ერთი კუთხე _ აფხაზეთი მეგრელებისგან გაათავისუფლა, ნუ ექნება იმის იმედი, რომ სხვა კუთხეებიდანაც გაგვდევნის და რომელიღაც გამოყოფილ «სამეგრელოს რესპუბლიკაში» ერთად მოგვიყრის თავს.

ახლა მინდა შევეხო ისეთ სათუთ, ასე ვთქვათ, დელიკატურ საკითხს, როგორიცაა მეგრული ენის არსებობა და გამოყენება. სამწუხაროა, რომ მე, ქართველი კაცი, იძულებული ვარ, ერთ-ერთი ქართველური ენის შესახებ, როგორც დელიკატურ საკითხზე ვილაპარაკო. მაგრამ ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ენა, რომელზეც ქართველთა ერთი მესამედი ლაპარაკობს, უძველესი ენა, რომლის ლექსიკური მარაგი ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში, ქართველების მიერვე ხან კილოთი, ხან დიალექტით, ხან დამახინჯებული ქართულით იწოდებოდა. მინდა შეგახსენოთ აკაკი წერეთლის სიტყვები: «მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად სომხურთათრულსპარსული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდად ეჩხირება და გულსა სწყენს. და მეგრულ ენაში კი შენახულან მარგალიტებად ის ძველი სიტყვები. ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მწერალმწიგნობრებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრებილი სიტყვებით შეივსოს დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი». ეს არის დიდი აკაკის რჩევა მწერალმწიგნობართათვის.

მოდით, დავუკვირდეთ, როგორ ასრულებენ ახლანდელი მწერალ-მწიგნობრები დიდი პოეტის, ერის ნამდვილი სულიერი მოძღვრის რჩევას. მწერალთა კავშირის თავმჯდომარე პირდაპირ აცხადებს, რომ მეგრულის ენად ხსენება დაუშვებელია და მეგრულის გამოყენება უნდა აიკრძალოსო. მისივე ჭკუით მოაზროვნემ, ქართველ პოეტად წოდებულმა ადამიანმა მიჯღარკ-მოჯღარკული უწოდა მეგრულ ენას და ამით მთელ ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ის ქართველ პოეტად არ შეიძლება ჩაითვალოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა უძველეს ხალხს, რომელზეც «ისტორიის მამად» წოდებული ჰეროდოტე ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში წერდა: «კოლხებს ოდესღაც დამწერლობა ჰქონდათო», რომელზეც აპოლონიოს როდოსელი IV საუკუნეში წერდა: «კოლხებს შენახული აქვთ მამათგან ნაწერი კვირბები, რომლებზეც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი». იოანე ანტიოქელი ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეში წერდა: «იაზონმა და მისმა მხლებლებმა, პონტოს ზღვით კოლხეთს მოღწეულებმა, მოიპოვეს მედეა და ეგრეთ წოდებული ოქროს საწმისი. ეს ისე კი არ იყო, როგორც პოეტურად გადმოგვცემდნენ, არამედ იყო წიგნი ტყავზე ნაწერი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ოქრო ქიმიის საშუალებით».

ასეთი სულიერი სიმდიდრის მემკვიდრეებს შეურაცხყოფას აყენებენ ქართველ ინტელიგენტებად წოდებული უვიცები. არადა, ნებისმიერი ნორმალური ქართველი უნდა ამაყობდეს იმით, რომ არსებობს უმდიდრესი ფენომენი _ ქართველური ენობრივი კულტურა, რომელიც მოიცავს თვით ქართულ, მეგრულ და სვანურ ენობრივ კულტურებს.

საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა უმდიდრესი მეგრული ფოლკლორი, იწერებოდა და დღესაც იწერება მშვენიერი ლექსები, მოთხრობები, ესსეები, რომანებიც კი მეგრულ ენაზე. ცალკეული ენთუზიასტების, ნამდვილი ქართველი ინტელიგენტების მიერ მეგრული მეცნიერულად იკვლეოდა, როგორც უმდიდრესი ლექსიკური მარაგის მქონე ენა. გეკითხებით თქვენ და ვეკითხები ქართულ ინტელიგენციას, ფილოლოგებს, ლიტერატორებს, ისტორიკოსებს _ რატომ უნდა დაიკარგოს ეს ზოგადქართული, ზოგადეროვნული სიმდიდრე? ვის ინტერესებში შედის ამ უმდიდრესი საუნჯის დაკარგვა? დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერის, ჩვენი ეროვნული კულტურის, ქართველთა მომავალი თაობების ინტერესებში ეს დანაშაულებრივი ქმედებანი არ შეიძლება შედიოდეს.

ახლახან ბატონმა გიორგი სიჭინავამ მაჩუქა თავისი ლექსების კრებული მეგრულ ენაზე. ლექსებისა, რომლებიც იმდენად ლამაზია, იმდენად შინაარსიანია, ჟღერადია, მუსიკალურია, რომ მე ამ კრებულს მთელი ეს დღეები თან ვატარებ და ყველას, ვისაც შეიძლება აინტერესებდეს, ვუჩვენებ. ბატონი გიორგი გამოსცემს შესანიშნავ ჟურნალ «აია»-ს, სადაც ასევე მშვენიერი ნაწარმოებები იწერება. ამიხსენით, რატომ არ უნდა იყოს ეს სფერო საქართველოს ხელისუფლების, ქართული ინტელიგენციის ზრუნვის საგანი? კატალონურ ენაზე წერენ მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლები _ ესპინასი, ტორესი, პორსელი, მაგრამ ისინი გამოჩენილ ესპანელ მწერლებად ითვლებიან. იმავე ესპანეთში არსებობს და წარმატებით ვითარდება გალისიური ლიტერატურა _ ვარელა, კასარესი, მაგრამ ეს ესპანური კულტურის განუყოფელი ნაწილია. რატომ არ შეიძლება მეგრულ ენაზე შექმნილი ლექსი თუ რომანი იყოს ქართული ლიტერატურის ღირსეული ნაწილი?

ბატონმა გიორგიმ მის მიერვე შედგენილი «ნანაში ნინა» მაჩუქა, რომელიც მეგრული ენის თვითმასწავლებელს წარმოადგენს და ნახეთ, რა სიტყვები აქვს ბატონ გიორგის წამძღვარებული წინ: «ჩემო პატარა მკითხველო, უნდა იცოდე, რომ მეგრული და სვანური ქართველური ენებია და ჩვენი საყვარელი სამშობლო საქართველო კოლხიბერთა ქვეყანაა. კოლხებსა და იბერებს ერთი წინაპარი ჰყავდათ, დღესაც კუთხეებად განტოტვილნი, ისე, როგორც ხეთა შტოები, ერთი ფესვიდან იკვებებიან. ქართველი ერის აკვანი  შორეულ აიაში დაირწა და დღესაც შორეული წარსულიდან ისმის საყვარელი მელოდია:

«ია ნანა, მარდუ ნანა,

ია ნანინა».

თავდაპირველად იქნებ გეუცხოოთ მეგრული სიტყვები, მაგრამ უცხო არ არის. ის ძველისძველია, თქვენი სისხლით ნათესავების, თქვენი აიელი წინაპრების ხმებია».

მითხარით, რა არის ცუდი იმაში, რომ ქართველი მოსწავლე საქართველოს ყველა კუთხეში ამას წაიკითხავს, ამ ჭეშმარიტებას გაიცნობიერებს და, როდესაც სამეგრელოში თავის თანატოლების წრეში სტუმრად აღმოჩნდება, მეგრულის გაგონებაზე იფიქრებს: ეს ჩემი ძირძველი ენაა, ეს ქართულია, მშობლიურია. შეუწყობს თუ არა ეს ხელს ქართველი ერის გამთლიანებას? მოგეხსენებათ, რომ იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იქ ჯერ კიდევ 10 წლის წინ სკოლებში შემოღებული იქნა იტალიური ენის ყველა დიალექტის სწავლება. იტალიელები რატომღაც თვლიან, რომ ეს ერის კონსოლიდაციას უწყობს ხელს. ასევე მოიქცა საფრანგეთის მთავრობა სამი წლის წინ ბრეტონელებისა და კორსიკელების მიმართ, მაგრამ ჩვენს «რეფორმატორებს» სიამოვნებით გადმოაქვთ დასავლეთიდან ჩვენს სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ყოვლად მიუღებელია ქართული ტრადიციული საზოგადოებისათვის, ქართული ეკონომიკისათვის, ქართული ეროვნული შეგნებისათვის, ხოლო დასავლეთის ქვეყნების ის გამოცდილება, რომელიც მართლა მისაღებია, რომელიც ერის გაერთიანებას ემსახურება, ჩვენი ხელისუფლებისათვის მიუღებელია.

სწორედ ამიტომ ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთ ამოცანად მიმაჩნია მეგრული ენობრივი კულტურის შენარჩუნება და განვითარება, მათ შორის შესაბამისი ბეჭდვითი პროდუქციის გამოშვება. სწორედ ეს მიდგომა მისაღები უნდა იყოს იმ ხალხისთვის, იმ ცენტრალური ხელისუფლებისთვის, იმ ცალკეული პირებისთვის, ვისაც ნამდვილად სურთ ქართველი ერის ისტორიულ-კულტურული ერთობის შენარჩუნება, მრავალსაუკუნოვანი ქართული ეროვნული კულტურის განვითარება და ქვეყნის ტერიტორიული თუ სულიერი მთლიანობის აღდგენა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ სამეგრელოს, მეგრელების, მეგრული ენის, კულტურის, ტრადიციული თვითმყოფადობის, სპეციფიკური თავისებურებების დაცინვა, აუგად ხსენება, შეურაცხყოფა ქართველობის მტრობას ნიშნავს, ქვეყნის დაშლას, ერთიანი ქართული ეროვნული სხეულის დანაწევრებას. ეს მოღვაწეები ერის მტრებად უნდა გამოცხადდნენ.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ძალზე აქტუალურია და გარკვეულ ახსნას მოითხოვს, მათ შორის ჩვენს ყრილობაზეც. ეს არის აფხაზეთის თემა. დღეს ჩვენ მოწმე ვართ იმისა, რომ ხელისუფლების მიერ პანკისის ხეობიდან მთელი საქართველოს გავლით, ჯერ სამეგრელოში, შემდეგ კი კოდორის ხეობაში გადაყვანილი ჩეჩენთა რაზმი გაურკვეველი მიზნით საომარ მოქმედებას ატარებს აფხაზეთში. აქა-იქ გაისმის შეძახილები: სამეგრელო ამ ბრძოლაში უნდა ჩაერთოსო. ასეთივე შეძახილები, მოწოდებები, პრეზიდენტის მოთხოვნები იყო აფხაზეთის ომის დროსაც, იმ ომისა, რომლის შედეგად აფხაზეთიდან ორასი ათასზე მეტი ქართველი განდევნეს, ღატაკი და გაუბედურებული ბედის ანაბარა დატოვეს, ათასობით ადამიანი კი დაიხოცა. ასეთივე შეძახილები იყო 1998 წელს გალში დატრიალებული ტრაგედიის წინა პერიოდშიც. იმ ტრაგედიისა, რომლის შედეგად გალში დაბრუნებულ, ასე თუ ისე ცხოვრებაგანახლებულ ჩვენს ხალხს ისევ ყველაფერი დაატოვებინეს და უსახლკარო ბრბოდ აქციეს.

და თქვენ გინდათ, რომ ამ უბედურებების, ამ არნახული ტრაგედიების ინიციატორისა და შემსრულებლის _ ახლანდელი ხელისუფლების მორიგ შეძახილს, მორიგ პროვოკაციას, მორიგ ავანტიურას მე დავუჯერო? ყაჩაღი რომ გაგძარცვავს, მიამიტობა, სისულელე არ იქნება იმის იმედი, რომ ნაძარცვს დაგიბრუნებს? კაცი, რომელმაც თანამემამულეთა სისხლისა და უბედურების ფასად აფხაზეთი გაყიდა, ის აფხაზეთს დაგიბრუნებს? მეტი არაა ჩემი მტერი!

მე არ შემიძლია იმ კაცის კეთილი ზრახვების დავიჯერო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთი დაკარგულიყო, რომელმაც ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ ჩემი ხალხი გაუბედურებულიყო, რომელმაც არა მარტო აფხაზეთში მცხოვრები ქართველები გაყიდა, არამედ თვით სამეგრელო არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ ხუთჯერ ზედიზედ გადაბუგა, დაამცირა და შეურაცხყო, რომელსაც ტელეფონით ურეკავდნენ და სამეგრელოს მშიერი მოსახლეობისთვის ფქვილის გამოყოფას თხოვდნენ, პასუხად ესმოდათ: დაიხოცონ შიმშილითო! ამ კაცს აფხაზეთის დაბრუნება და სამეგრელოს აყვავება შეიძლება უნდოდეს? მე არ შემიძლია, აგრეთვე, იმ ჩეჩენის კეთილი ზრახვების დავიჯერო, რომელიც აფხაზეთში ჩემს ძმებს თავებს კვეთდა, სისხლით ჭიქას ავსებდა და ჩემი თანამოძმის სისხლს სვამდა, ხოლო დღეს აფხაზეთის დამბრუნებლად და ჩვენს მხსნელად გვევლინება.

ყველა წესის, ნებისმიერი ლოგიკის მიხედვით, მითუმეტეს თუ ჩვენი ხელისუფლების აფხაზეთთან დაკავშირებულ მოღვაწეობას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე მოვლენები შემდეგნაირად დასრულდება: ისევ დაიღვრება სისხლი, ისევ დაზარალდება იქ მცხოვრები ქართული მოსახლეობა და შემდეგ დაიწყება პროპაგანდისტული კამპანია ასეთი ლაიტმოტივით: ომი წავაგეთ, 1998 წელს ვეცადეთ, 2001 წელსაც, მათ შორის ჩეჩნების დახმარებითაც კი, ისევ შევეცადეთ აფხაზეთის დაბრუნებას, არაფერი გამოგვდისო, აფხაზეთის დაკარგვას უნდა შევეგუოთო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, რაც კეთდება, იმისათვის კეთდება, რომ ქართველმა ხალხმა აფხაზეთზე ხელი ჩაიქნიოს.

აბა, რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას უცხო შენაერთები გადაჰყავს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამით ხდება შეტაკებების პროვოცირება, ამასთანავე იცის, რომ ლტოლვილთა დიდი ნაწილი მზად არის, საომრად წავიდეს აფხაზეთში და ამასობაში თვით ხელისუფლება თავისი «განთქმული» ჯარით, შეიარაღებით არც აპირებს ამ პროცესებში მონაწილეობის მიღებას? რა მამაცი ბიჭებიც არ უნდა იყვნენ პარტიზანულ რაზმებში, ნუთუ მათი ძალით შესაძლებელია აფხაზეთის დაბრუნება? ჩვენ თუ ეს ვიცით, ხელისუფლებამ არ იცის? ე. ი. რა არის ამაში ჩადებული? მორიგი დამარცხება, ახალი მსხვერპლი, ახალი უბედურება და შედეგად საზოგადოებაში იმ უიმედობის ჩასახვა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.

თქვენ იცით, რომ მე აფხაზეთის მკვიდრი ვარ. მართალია, იქ აღარაფერი დამრჩა, ყველაფერი გადაწვეს და გადაბუგეს, მაგრამ მამაჩემისა და ბაბუაჩემის საფლავები იქ არის, ისევე, როგორც მთელი ჩემი ნათესაობის დიდი ნაწილისა. და იმ წმინდა მიწის დაბრუნება ჩემი არა მხოლოდ ოცნებაა, არამედ მტკიცე გადაწყვეტილება. როცა ეს მოხდება, მე ჩავთვლი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი მიღწეულია. მეტიც, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემი ბოლოდროინდელი ჩართვა სწორედ ამ მიზნითაა განპირობებული.

კარგად მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული კიდევ ერთი, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქვია. ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ, რომ მე რუსული ორიენტაცია მახასიათებს, რომ «კრემლის აგენტი» ვარ და ა. შ. აქ ჩვენ საერთოდ საოცარ პარადოქსთან გვაქვს საქმე. როგორც კი ვიწყებ ლაპარაკს ქართველი ერის შენარჩუნებაზე, საქართველოს რეალურ ეკონომიკურ განვითარებაზე, მართლმადიდებლობისა თუ ქართული ეროვნული თვითშეგნების გადარჩენაზე, მაშინვე «კრემლის აგენტობას» მაბრალებენ. მაბრალებენ ისინი, ვინც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად, დაუმალავად სპობენ ქართველობას, ღიად უპირისპირდებიან ქართულ მართლმადიდებლობას, უარყოფენ ქართულ ეროვნებას, ანადგურებენ ქართულ კულტურას და ცვლიან მას ამერიკული კულტურული სუროგატით.

რაც შეეხება ჩემს «პრორუსულობას», მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტერს შეუძლია ისურვოს რუსეთთან ჩვენი მტრული ურთიერთობა. მხოლოდ და მხოლოდ იდიოტს შეუძლია იმ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება, რომლის ბაზარს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვისზეც აბსოლუტურად არის დამოკიდებული ყველა ეკონომიკური მიმართულებით, და სადაც ჩვენი ერის ერთი მესამედი ნაწილი იძულებითაა გადასახლებული, იქ მუშაობს და იქ ნაშოვნი ფულით კიდევ ერთ მესამედს სამშობლოში ინახავს. რა არის ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის არსი? ლანძღვა, გინება, შეურიგებლობა, ხოლო კრიტიკულ მომენტში აბსოლუტურად ყველაფრის დაგმობა და ქვეყნის ჩაგდება კიდევ უფრო დიდ გასაჭირში. შეიძლება ეს პოლიტიკად ჩაითვალოს?

დამისახელეთ ერთი ფაქტი მაინც, როდესაც შევარდნაძემ და მისმა გაუნათლებელმა მოლაყბე გუნდმა რამეში რუსეთს მოუგო ან მცირეოდენი ზარალი მიაყენა მაინც, მიუხედავად იმ სისტემატიური მუქარისა, ლანძღვა-გინებისა, სასაცილო და სამარცხვინო ულტიმატუმებისა, რომლებიც მუდმივად ისმის მათი მხრიდან. ვის და რატომ აწყობს ასეთი ურთიერთობა რუსეთთან? რას გვაძლევს ასეთი ურთიერთობა? მითუმეტეს დღეს, როდესაც რუსეთში ახალი ხელმძღვანელობაა, რომელსაც, ელცინის დროინდელი ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, უფრო გაეგება რუსეთისა და რუსი ხალხის ეროვნული ინტერესებისა, რაც მეტწილად შეესაბამება საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ ბატონ ზვიად გამსახურდიას სიტყვებს: «მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავს მოხვეული. ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა, მე მუდამ მივესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლური მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ რუსეთის ხელისუფლებას».

არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ყოველგვარი ლანძღვა-გინების გარეშე, ნორმალური ურთიერთობების დამყარებას, შეძლებს დიდი ქვეყნების სამხედრო-სტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესების საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეკავშირებას. მხოლოდ ასე შეიძლება შენარჩუნდეს ქართველი ერი და ქართული სახელმწიფოებრიობა. ამის საშუალება საქართველოს გააჩნია, ვინაიდან უნიკალური და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვს. და აქვს იმიტომ, რომ ღმერთმა ეს მდგომარეობა გვიბოძა, ოღონდ ერთი პირობით: ქვეყნის ხელმძღვანელობას თავში ტვინი, ხოლო გულში სამშობლოს სიყვარული უნდა ჰქონდესო. არაერთხელ მითქვამს და დღესაც მინდა გავიმეორო, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ (რა თქმა უნდა, მომავალმა, ვინაიდან ახლანდელის იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს) დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში ურთიერთმეგობრობისა და მათი გეოსტრატეგიული ინტერესების გათვალისწინების პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს, მაგრამ ამასთანავე არასოდეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ გეოპოლიტიკური პროექტების რეალიზაციაში, რომელიც ქართველ ერს ზიანს მიაყენებს, თუნდაც ეს პროექტები ყველა დიდი ქვეყნის ურთიერთშეთანხმების შედეგი იყოს.

მოძრაობა «სამეგრელოს» როლისა და ფუნქციის თვალსაზრისით, დიდად მნიშვნელოვანია მისი შემადგენლობის საკითხი. ვინ უნდა იყოს მოძრაობის წევრი? მე მიმაჩნია, რომ ჩვენი კარი უნდა იყოს ღია ნებისმიერი პიროვნებისთვის, ვისაც სხვა პატრიოტებთან ერთად სამეგრელოს განვითარება, მისი ჩიხიდან გამოყვანა სურს; ვისთვისაც მეგრული კულტურა, ენა, ტრადიციები, თვითმყოფადობა, სპეციფიკა ძვირფას და სანუკვარ განძს წარმოადგენს, ვინც ყველაფერ ამას ზოგადქართული მნიშვნელობის ფასეულობად მიიჩნევს. ჩვენთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი პარტიის, სხვა ორგანიზაციის წევრი არის ესა თუ ის პიროვნება, რა პარტიული თუ იდეოლოგიური დოქტრინის მატარებელია იგი. სამშობლოს სიყვარულში, წარსულისა და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ. თუ ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ, მაშინ შესაბამისად დაცული იქნება ერის არსებობისა და განვითარების მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი _ მემკვიდრეობითობა.

მოგეხსენებათ, რომ ერი მარტო დღეს მცხოვრები ხალხი როდია. ერი წარსული, აწმყო და მომავალი თაობების ერთობლიობაა. ამ ისტორიული ჯაჭვიდან რომელიმე ერთი რგოლის ამოგდებაც კი მემკვიდრეობითობას სპობს და ისტორიის სვლას წყვეტს. როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ჩვენი ისტორიის რომელიმე პერიოდის კატეგორიულ უარყოფას, დავიწყებას ითხოვს, ამით ერის წინაშე დიდ დანაშაულს ჩადის. ერის ისტორიაში არ შეიძლება «შავი ხვრელის», სიცარიელის არსებობა. ერის არსებობის ნებისმიერი პერიოდი, რა ტრაგიკულიც და მიუღებელიც არ უნდა ჩანდეს ჩვენთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას განაპირობებს. ამიტომ, ვისაც რა სურვილი არ უნდა ჰქონდეს, ისტორიიდან ვერ ამოიღებ ვერც კომუნისტურ ეპოქას, ვერც ეროვნული ხელისუფლებისა და ვერც გაკოტრებული შევარდნაძისა და ანტიეროვნული «მოქალაქეთა კავშირის» მმართველობის პერიოდს. ამ სამ ისტორიულ მონაკვეთს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დღეს მცხოვრებ ქართველობას სწორედ ამ პერიოდებში მოუწია მოღვაწეობა. ამიტომ ჩვენთვის კატეგორიულად გამორიცხული უნდა იყოს პიროვნებისადმი მიდგომა იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენდა იგი ჩვენი უახლესი ისტორიის ამა თუ იმ წლებში, რაც ხანდახან გაისმის ჩვენს საზოგადოებაში. ზოგისთვის კომუნისტია მიუღებელი, მაგრამ ავიწყდება, რომ მისი მამა თუ ბაბუა, ბიძა თუ ძმა კომუნისტი იყო და როგორც შეეძლო, ისე შრომობდა ქვეყნის საკეთილდღეოდ. მათ, რაც იმ დროს შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. მოდით, ჩვენ უკეთესად გავაკეთოთ, თუმცა დღემდე მსგავსიც კი არაფერი გაკეთებულა.

ზოგისთვის ეროვნული ხელისუფლების ხანმოკლე, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდია მიუღებელი და არ ითვალისწინებს იმას, რომ სწორედ ამ პერიოდში ყველამ ერთად ვიგრძენით, რომ ერთიანი ორგანიზმი, ერთიანი ეროვნული სხეული ვართ, რომელსაც «ქართველობა» ჰქვია. ახლანდელ პერიოდშიც, როდესაც ქართველებისთვის ყველაზე ამაზრზენი, მიუღებელი, ანტიქართული ხელისუფლება გვყავს, უნდა გვახსოვდეს, რომ იმავე «მოქალაქეთა კავშირში» გაერთიანებულია ბევრი ნორმალური, წესიერი, შეიძლება მიამიტი, შეიძლება რაღაცით დაინტერესებული პიროვნება, მაგრამ ისინიც ჩვენი ერის ნაწილი არიან და მათი უარყოფა ასევე დაუშვებელია. ვიმეორებ, რა პოლიტიკური მრწამსის, რა მსოფლმხედველობითი პრინციპის მქონეც არ უნდა იყოს ესა თუ ის პიროვნება, თუ იგი პატრიოტია, თუ მას სამშობლო უყვარს, თუ მას ერის ნორმალური მომავალი სურს, მაშინ იგი ჩვენი თანამოაზრე, პარტნიორი, ჩვენი თანამებრძოლია.

მოძრაობის შექმნით, ჩვენ არ ვქმნიდით მორიგ პარტიას, «მემარჯვენე» თუ «მემარცხენე» ორიენტაციით, ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ ძალას, რომლის მიზანია ჩვენი სამშობლოს სოციალურეკონომიკური და კულტურული განვითარება, სამეგრელოს საზოგადოების რეალურ ძალად გადაქცევა. ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს არა ვიწროპარტიულმა ინტერესებმა, არა პარტიულმა მსოფლმხედველობამ, არა რომელიღაც უცხო იდეოლოგიურმა დოქტრინამ, არამედ ქართულმა ეროვნულსახელმწიფოებრივმა პოზიციამ, რომელიც ორი სიტყვით გამოიხატება _ «სამშობლოს გადარჩენა». თქვენ იცით, რომ ახლახან შეიქმნა სრულიად საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება «ერთობა», რომლის დამფუძნებელი ბატონ ჯუმბერ პატიაშვილთან ერთად მეც გახლავართ. რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის თანათავმჯდომარეს, მსურს, რომ ამ გაერთიანების ორგანიზაციები მთელ საქართველოში არსებობდეს, ძალას წარმოადგენდეს, ავტორიტეტით სარგებლობდეს. მაგრამ, მიუხედავად ამ ჩემი პარტიული კუთვნილებისა, ხმამაღლა ვაცხადებ: ყველაზე ძლიერი, ყველაზე ავტორიტეტული, ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა სამეგრელოში სწორედ სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» უნდა იყოს. ეს ისეთი ძალა უნდა იყოს, რომელიც მთელ მოსახლეობას გააერთიანებს, მთელი სამეგრელოს ინტერესების გამომხატველი იქნება, რომელიც იქნება ყველაზე ავტორიტეტული და ანგარიშგასაწევი ძალა ნებისმიერ პარტიასთან თუ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას. ეს უნდა იყოს ისეთი ძალა, რომელიც თვითონ, დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელ პარტიას დაუჭიროს მხარი საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელ კანდიდატურას დაუჭიროს მხარი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ანუ ეს უნდა იყოს ძალა, რომლის გადაწყვეტილება მთელი სამეგრელოს მხარდაჭერას ნიშნავს და იმ პარტიამ, იმ საარჩევნო ბლოკმა, პრეზიდენტობის იმ კანდიდატმა, რომელსაც სამეგრელოს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა დასჭირდება, სწორედ ამ სახალხო მოძრაობასთან უნდა დაამყაროს ურთიერთობა და სწორედ მას უნდა მისცეს შესაბამისი გარანტიები, იქნება ეს საარჩევნო სიაში ადგილების რაოდენობა თუ სამეგრელოში კონკრეტული ეკონომიკური პროექტების რეალიზება. ყველა სხვა შემთხვევაში, სამეგრელოს ხმებით მხოლოდ ისარგებლებენ და შემდეგ არჩევნებამდე ისევ დაივიწყებენ ჩვენს გასაჭირს, რაც უკვე არაერთხელ მომხდარა.

ყველა ის პრობლემა, რომელზეც ჩემი მოსაზრება მოგახსენეთ, ზოგადქართული მნიშვნელობისაა. მაგრამ არის, რა თქმა უნდა, უამრავი ისეთი პრობლემაც, რომელიც დღევანდელ ჩემს გამოსვლაში არ აისახა და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მე გააზრებულად ავარიდე თავი იმ სავალალო მდგომარეობის აღწერას, რომელშიც დღეს იმყოფება საქართველო. ვინაიდან ვიცი, რომ დარბაზში განათლებული, პოლიტიკურად მომზადებული და საკმაოდ ინფორმირებული საზოგადოება ბრძანდება, ამიტომ ზედმეტად ჩავთვალე იმ კატასტროფის, იმ საყოველთაო სისტემური კრიზისის აღწერა, რომელმაც ამჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო საზოგადოების ფუნქციონირების ყველა სფერო მოიცვა. თუ რომელიმე კონკრეტული საკითხი გაინტერესებთ, გამოკვეთეთ ნებისმიერი ფორმით, წერილობით თუ სიტყვიერად და შევეცდები, პასუხი გაგცეთ. ერთი რამ მინდა მოგახსენოთ: იმ პოლიტიკური გაერთიანების ლოზუნგი, რომელიც ჩვენ ახლახან შევქმენით, არის _ «ერთობა _ საქართველოს გადასარჩენად!» ჩვენი დევიზი, დიდი ვაჟას გულისტკივილის გამომხატველი სულისშემძვრელი სიტყვებია, რომლებიც დღესაც, სამწუხაროდ, აქტუალურია: «ღმერთო, შეაყვარე ქართველებს საქართველო!».

ნებისმიერი მეგრელისთვის საქართველოს სიყვარული სამეგრელოს სიყვარულით იწყება. არ მწამს იმ ქართველისა, ვინც დიდ გეოპოლიტიკაზე მსჯელობს, ხოლო მშობლიური კუთხის ბედი არ აღელვებს.

დღეს საქართველოს და ქართველი ერის ისტორიაში საბედისწერო მომენტი დადგა. წყდება ერის არსებობის საკითხი. იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ქართველი ხალხი უახლოესი ერთიორი წლის განმავლობაში, დამოკიდებულია მისი მომავალი. იმისათვის, რომ ერს მომავალი ჰქონდეს, პირველ რიგში, აუცილებელია ქართველთა ერთობა _ ან ჩვენ გავერთიანდებით და ერთად დავდგებით იმ კატასტროფული საფრთხის წინაშე, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება, ანდა ფიზიკურად გადარჩენილი ჩვენი შვილები და შვილიშვილები მათხოვართა, მაწანწალათა ბრბოდ გადაიქცევიან და ხანდახან გაიხსენებენ, რომ ოდესღაც ღირსეულ ერს წარმოადგენენ და საკუთარ მიწაზე ცხოვრობდნენ.

მიუხედავად იმ სავალალო მდგომარეობისა, იმ კატასტროფული პირობებისა, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ შეუქმნა საკუთარ ხალხს, მე მაინც მწამს ჩვენი ერის სულიერი სიძლიერისა, შემართებისა, შენარჩუნებული ეროვნული ენერგიისა, გონიერებისა და სამშობლოს სიყვარულისა. დარწმუნებული ვარ და ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენს ხალხს შესწევს უნარი, შეწყვიტოს დამაქცეველთა ღრეობა, ეროვნულ სხეულს მოაშოროს უცხო, დამღუპველი ელემენტები, გათავისუფლდეს სატანური გავლენისაგან და დადგეს განვითარების ნათელ, სწორ გზაზე, რომელი გზითაც ერთად სვლა ღმერთის მფარველობას დაგვიბრუნებს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here