Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: თუ ჩვენ ნატოს საფასურად დავთმობთ სოხუმს და ცხინვალს, ეს «დათმობები»...

აკაკი ასათიანი: თუ ჩვენ ნატოს საფასურად დავთმობთ სოხუმს და ცხინვალს, ეს «დათმობები» ამით არ დამთავრდება

1329

«ტრადიციონალისტები» და «თავისუფალი საქართველო» გაერთიანდნენ. რას გეგმავენ «ქართული ოცნების» კოალიციის გარეთ დარჩენილი პარტიები და როგორ აპირებენ ხელისუფლების დამარცხებას არჩევნებში, «საქართველო და მსოფლიოს» ტრადიციონალისტების ლიდერი აკაკი ასათიანი ესაუბრა.

_ ბატონო აკაკი, რატომ აირჩიეთ პოლიტიკურ პარტნიორად კახა კუკავა და რას ელოდებით მომავალი საპარლამენტო რჩევნებისგან?

_ ჩვენ გვინდა, შევქმნათ ალტერნატიული პოლიტიკური გაერთიანება. მაშინ, როცა ყველა პოლიტიკური პარტია ერთხმად ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი, მაგრამ არავინ აკონკრეტებს, როგორ და როდის უნდა მოხდეს ეს. ასევე ყველა ამბობს, რომ რუსეთთან უნდა მოგვარდეს ურთიერთობა, მაგრამ დაზუსტებით ვერ ამბობენ, როდის და რა ფორმით უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი. ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ და მარტივად: გადავდოთ ნატოში გაწევრიანების საკითხი და ჯერ რუსეთთან მოვაგვაროთ ურთიერთობა. ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს.

ამას გარდა, ბოლო დროს ჩატარებული ყველა გამოკითხვის, მათ შორის ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოკითხვების, შედეგადაც კი, საზოგადოების 70% რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრეა. საერთოდ, რამდენად ჯანმრთელი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ჩათვლის, რომ ამხელა მეზობელთან დაძაბული ურთიერთობა უნდა გვქონდეს? თუ ადამიანს თავისი ქვეყანა რამედ უღირს, ის რეალურად აფასებს ვითარებას და იმის მიხედვით მოქმედებს.

გულწრფელად გეტყვით: სწორედ იმიტომ გადავწყვიტე კახა კუკავასთან თანამშრომლობა, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსებში ის ფართო თვალსაწიერით გამოირჩევა, რასაც ფიქრობს, ამბობს და დამაჯერებლად ასაბუთებს საკუთარ სიმართლეს.

საქართველოში მეორე სერიოზული პოლიტიკური ძალის _ «ქართული ოცნების» წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ მოაგვარებენ რუსეთთან ურთიერთობას, მაგრამ როგორ იზამენ ამას, აღარ აკონკრეტებენ და ისევ ნატოში გაერთიანებაზე ლაპარაკობენ. ნატო აცხადებს, რომ მისი კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ სად არის ეს კარი და როდის ვართ დაპატიჟებულები მის შესაღებად, არავინ იცის. ვინ მიიღებს ნატოში ქვეყანას, რომელსაც სერიოზული კონფლიქტები აქვს მოუგვარებელი და ასეთი დაძაბული ურთიერთობა აქვს მსოფლიოში სერიოზულ სამხედრო ძალასთან? ეს კონფლიქტები და ტერიტორიების დაბრუნების საკითხი რუსეთთან შეთანხმების გარეშე ვერ გადაწყდება და ამას დასავლეთიც ღიად ამბობს. ვინაიდან, რაც არ უნდა კეკლუცობდეს ევროპა და დასავლეთი, რომ რუსეთს ანგარიშს არ უწევენ, ფაქტია, რომ ასე არ არის.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ არაფერი გაქვთ ევროკავშირის საწინააღმდეგო, მაგრამ რეალისტურად უნდა მივუახლოვდეთ რუსეთს. როგორ გესახებათ ეს გზა?

_ არა მგონია, ეს ხელს უშლიდეს ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დიდი შეთანხმების შედეგად მოხდება. ტერიტორიების საკითხი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის გარეშე ვერ მოგვარდება, მაგრამ ამ ტერიტორიული პრობლემების თუ სხვა ურთიერთობების გასაღები რუსეთშია. მთავარია, გაჩნდეს რუსეთთან მოლაპარაკების საშუალება და იქ გამოჩნდება მერე, რაზე შეიძლება მოვილაპარაკოთ და რაზე _ არა. რუსეთისთვის ერთი რამ არის მნიშვნელოვანი _ საქართველოში არ დადგეს მათთან დაპირისპირებული სამხედრო ძალები. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რუსეთთან შედგეს გულწრფელი, ღია საუბარი, თორემ დარწმუნებული ვარ, პრობლემა მოგვარებადია, რადგან ჩვენი და რუსეთის ინტერესები ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს.

საერთოდაც, არა მგონია, რომ საქართველოში რუსეთის საწინააღმდეგო ჯარი უნდა ჩადგეს და ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ქვეყნის საწინააღმდეგო პლაცდარმად უნდა ვიქცეთ.

_ არსებული ხელისუფლება შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას?

_ გამორიცხულია. ამ ხელისუფლებას ამის რესურსი არც ჰქონია. არადა, თუ ჩვენ არ მოვაგვარებთ ჩვენს ტერიტორიულ პრობლემებს, მაშინ სხვა მოაგვარებს და არა ჩვენს სასარგებლოდ. მაგალითად, აშშ-ში თუ მოვა ისეთი ძალა ხელისუფლებაში, რომელიც პირდაპირ დასვამს საკითხს, რომ ნატოში მიღების სანაცვლოდ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ვინმეს სჯერა, რომ ეს ხელისუფლება უარს იტყვის ამ წინადადებაზე?

_ პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს თეორიულად შეუძლია ნატოში შესვლა, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ამ ტერიოტორიებზე უარის თქმის შემდეგ

_ როგორც ძალიან ხშირად, ალექსანდრე ჭაჭია ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად მართალია, ვინაიდან ის პატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარე ლაპარაკობს. სხვანაირად ვერ მიგვიღებენ ნატოში და, თუ ასე გვიღირს ნატოში გაწევრიანება, კი, ბატონო. სხვათა შორის, თუ ჩვენ ასე ადვილად, ნატოს საფასურად, დავთმობთ სოხუმსა და ცხინვალს, ეს «დათმობები» ამით არ დამთავრდება. გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ ნატოში და ეს გასაგებიცაა _ დასავლეთი ჩვენით ევაჭრება რუსეთს, მაგრამ ჩვენ რას ვიგებთ ამით? ჩვენზე ნატო პასუხისმგებლობას არ იღებს, ჩვენ კი მისთვის თავს ვიკლავთ. საქართველოს ხელისუფლება ისეთია, ოღონდ თავად იყოს კარგად და, ავღანეთში ნატოს წევრებზე მეტ ჯარს გაგზავნის.

_ სააკაშვილის განცხადებით, ის რუსეთისგან მორიგ პროვოკაციას ელის.

_ თუ ხელისუფლება სისულელეს არ ჩაიდენს და საბაბს არ მისცემს, ასეთი საფრთხე არ არსებობს. გამორიცხულია, რუსეთი უმიზეზოდ თავს დაგვესხას. დღეს ჩვენ ერთი საფრთხის წინაშე ვდგავართ _ ეს არის ძალაუფლების დაკარგვის შიში, რომელიც ხელისუფლებას აქვს, და აქედან გამომდინარე, რას მოიმოქმედებს, არავინ იცის, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ ნორმალური არჩევნების პირობებში სააკაშვილი წააგებს.

_ დიდი ხანია, საუბრობენ ოპოზიციური . . მესამე ცენტრის შექმნაზე. მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ერთიანი ძალებით ოპოზიცია უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს?

_ ჩვენ მზად ვართ, შევათანხმოთ ოპოზიციასთან თუნდაც მაჟორიტარების საკითხი. შევთანხმდით მე და კახა კუკავა და მეტი რა ვქნათ? დევნას ვერავის დავუწყებთ.

_ საუბარი იყო, რომ ნინო ბურჯანაძეც თქვენთან გაერთიანდებოდა, რატომ იკავებს თავს?

_ არ ვიცი, ეს, ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ. ალბათ, ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა.

_ ტრადიციონალისტები «ეროვნულ ფორუმთან» ალიანსში იყავით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში გაერთიანდნენ, თქვენ «აბსაიდში» აღმოჩნდით. რატომ აღმოჩნდნენ ტრადიციონალისტები მიუღებელი კოალიციისთვის?

_ სიმართლე გითხრათ, არც გვითხოვია, რომ კოალიციაში მივეღეთ. ივანიშვილი როცა გამოჩნდა ასპარეზზე, პირიქით, ბლოკი გავყავით, რომ ყველას დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება. მე მირჩევნია, ქვეყანაში განსხვავებული პოზიცია იყოს, როცა, რასაც ფიქრობ, იმას ამბობ.

_ მაგრამ კოალიციაშიც ხომ არიან პარტიები, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თუნდაც საგარეოპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით? რატომ აღმოჩნდით მაინცდამაინც თქვენ მიუღებელი?

_ არ ვიცი, აქვთ თუ არა. ბოლო დროს მოგისმენიათ კოალიციაში შემავალი პარტიებისგან განსხვავებული აზრი? მე არ მომისმენია. ერთნაირი აზრი აქვთ ყველა საკითხზე, თუ არ ან ვერ ამბობენ, არ ვიცი. მაგალითად, მახსოვს, ანალოგიურად შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირი» იქცეოდა. 1992 წლის არჩევნებში ჰქონდათ ბლოკი «მშვიდობა» და რა უნდოდათ, არაფერს არავინ არ ამბობდა. უბრალოდ, შევარდნაძის მხარდამჭერი ბლოკი არსებობდა.

_ ანუ ფიქრობთ, რომ კონკრეტიკა აკლიათ?

_ მე არ ვფიქრობ, ფაქტია, რომ ასეა. ბოლო დროს, ნელ-ნელა სოციალურ თემებზეც დაიწყეს საუბარი, რადგან აქტუალური თემაა და ივანიშვილისგან ძირითადად ამას ელის ხალხი. ასევე საზოგადებას მიაჩნია, რომ, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობის მოწესიგების მეტი შანსია, თუმცა აცხადებენ, რომ მათი საგარეოპოლიტიკური კურსიც ნატოში გაწევრიანება და დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებაა. ევროპა ჩვენი გულისთვის პრობლემებს არ შეიქმნის. მას თავისი პრობლემები ეყოფა. ეს უნდა ვიცოდეთ. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოც და რუსეთიც ევროპული სამყაროს ნაწილია, ევროკავშირშიც ბევრი რამ არის ისეთი, რაც ამ ეტაპზე, მეეჭვება, ჩვენთვის მისაღები იყოს. ჩვენზე უკეთესი სავიზო რეჟიმი აქვს რუსეთთან ევროკავშირს.

_ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგი ოფიციალურად გაიხსნა.

_ უახლოეს მომავალში არ ველი სიახლეებს ამ მიმართულებით, ვინაიდან გამუდმებით პრობლემებია ჩვენს მიგრანტებთან დაკავშირებით. ეს იმ ხალხის ბრალი კი არა, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულია. საქართველოში რომ ნორმალური პირობები იყოს, უცხოეთში არავინ წავა და იქურდებს.

_ ბიძინა ივანიშვილის განცხადებითჰილარი კლინტონმა სააკაშვილი გასაცილებლად მოამზადა, თუმცა ბევრი სხვანაირად ფიქრობს.

_ აშშ-ისთვის პრინციპულია სააკაშვილის წასვლა. პრემიერადაც არ სურთ, დარჩეს, რისი უფლებაც კანონით მას, პრინციპში, აქვს. ეს კონკრეტული ვიზიტი არა, მაგრამ საერთოდ ამერიკის პოზიცია, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე ზეგავლენას მოახდენს, დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული.

_ ახლახან მოძრაობა «ეროვნულები» დაარსდა, მასში ეროვნული მოძრაობის ბევრი ცნობილი სახე გამოჩნდა. თქვენ იქ არ გამოჩენილხართ, რატომ?

_ მივესალმები ახალი მოძრაობის დაარსებას, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ჩვენი მიმართულება გვაქვს. ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა. არადა, «ქართული ოცნების» კოალიციას რომ ჰქონდეს მკაფიო პროგრამა ამა თუ იმ საკითხზე, თავად ვთხოვდი, მიმიღეთ-თქო. მომავალში კი «ეროვნულებთან» თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ, თუ ისინიც გამოთქვამენ სურვილს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here