Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოუტანს საქართველოს ყარაბაღის ახალი ომი?

რას მოუტანს საქართველოს ყარაბაღის ახალი ომი?

598

გასულ კვირას სომხურ და აზერბაიჯანულ ჯარებს შორის რამდენიმე სერიოზული შეტაკება მოხდა. მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავდება, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ამ შემთხვევაში საუბარი ათეულობით დაღუპულ და დაჭრილ სამხედროს ეხება. ექსპერტები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ.  რამდენად რეალურია ეს საფრთხე? რა შედეგები შეიძლება მოუტანოს  საქართველოს ამ ომმა?

ილჰამ ალიევის დილემა

მიხეილ სააკაშვილს ხელთ ის რესურსები რომ ჰქონოდა, რომელიც ილჰამ ალიევს აქვს, ალბათ, უკვე შვიდჯერ იშიშვლებდა ჰალსტუხს და ქვეყანას გამანადგურებელ ომში ჩააბამდა, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი იმ ლიდერების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ურჩევნიათ შვიდჯერ გაზომონ და მხოლოდ ერთხელ გაჭრან. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური წარმატებები და მისი შეიარაღებული ძალების პოტენციალის ზრდა მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება, არსებობს მთელი რიგი შემაკავებელი ფაქტორები, რომელთა უგულებელყოფა მას არ შეუძლია.

სომხური მხარის მიერ ფართომასშტაბიანი ომის პროვოცირება, ერთი შეხედვით, ალოგიკური ჩანს. წინა ომი მათთვის, ფაქტობრივად, კლაუზევიცის ცნობილი რეკომენდაციის ხორცშესხმით დაგვირგვინდა: თავდაცვაზე გადასვლა წინსვლის კულმინაციურ წერტილში და პრობლემის მოლაპარაკების სიბრტყეში გადაყვანა. ერევანმა მიიღო, პრაქტიკულად, ყველაფერი, რაც სურდა (აქ, ცხადია, იგულისხმება რეალური მიზნები და სურვილები) და ახალი ომის პროვოცირებაზე, თეორიულად, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდეს, თუ მივა დასკვნამდე, რომ მომავალში ბაქო ხარისხობრივ უპირატესობას გარანტირებულად მიაღწევს.

ომი ჩვენში ხშირად მხოლოდ შეიარაღებული ძალების დაპირისპირების სიბრტყეში განიხილება. იმას, რომ ომობენ არა არმიები, არამედ სახელმწიფოები, არცთუ იშვიათად ყურადღება არ ექცევა. არადა, თუ მეტი სიცხადისთვის ორი მოფარიკავის მეტაფორას გამოვიყენებთ, ვნახავთ, რომ ერთმანეთს ებრძვიან არა ხმლები (არმიები), არამედ ამ ხმლებით შეიარაღებული ადამიანები (სახელმწიფოები). ხმლის ზომასა და წონას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც მოხერხებულმა მებრძოლმა დაჟანგული ხანჯლით შეიძლება უკეთ აღჭურვილი, მაგრამ მოუქნელი გიგანტი დაამარცხოს. საქმე მხოლოდ «ხმლების» დატოლებაზე თუ მიდგებოდა, გერმანია, ალბათ, ორივე მსოფლიო ომს მოიგებდა, თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უამრავი სხვა ფაქტორიც _ ეკონომიკური, დიპლომატიური, დემოგრაფიული, კულტურული, ფსიქოლიგიური და ა.შ. აზერბაიჯანის არმიის «ხმალი» ბოლო დროს სულ უფრო მრისხანედ გამოიყურება; საინტერესოა, რამდენად თავდაჯერებულად გრძნობს თავს მოფარიკავე.

აზერბაიჯანის წინაშე რამდენიმე სერიოზული პრობლემა დგას. ნავთობმა და გაზმა მას დიდი შემოსავლები მოუტანა, თუმცა მათ ექსპორტზე კრიტიკულად დამოკიდებული გახადა. საბადოები ულევი არ არის; ექსპერტთა შეფასებით, მომავალ 20 წელიწადში მოპოვების კრიტიკულად მნიშვნელოვან ზრდას ადგილი არ ექნება, ხოლო მასთან დაკავშირებული ხარჯები გაიზრდება. ამ მხრივ, აზერბაიჯანი უკვე დგას «მწვერვალზე» ან (ოპტიმისტური პროგნოზების თანახმად) შეიძლება გადადგას კიდევ რამდენიმე ნაბიჯი «ზევით» და შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწევს, შემდეგ კი ნელი დაღმასვლა დაიწყება. ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ეკონომიკის სხვა დარგების განვითარება, ენერგომატარებლების ექსპორტიდან მიღებული ამონაგების კონვერტაცია სახელმწიფოს ძლიერებაში ბაქოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება.

ამის გაკეთება არც ისე მარტივია, ერთ-ერთ მთავარ წინაღობას სრულფასოვანი, ჯანსაღი ეკონომიკის შექმნის გზაზე აზერბაიჯანის კორუმპირებული, სხვადასხვა კლანისგან თუ ჩინოვნიკური დაჯგუფებისგან შემდგარი ელიტა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჰეიდარ ალიევის მმართველობის წლებში მძლავრი და სრულიად აღვირახსნილი რეგიონული კლანების თარეში მნიშვნელოვნად შეიზღუდა, მის შვილს მაინც უწევს ზრუნვა ბალანსზე სხვადასხვა ჯგუფებს შორის და მათი მერკანტილური ინტერესების  გათვალისწინება. ფიქრი ამ ელიტის «გაჯანსაღებაზე» ან იმაზე, რომ მას უცაბედად მომხდარი რევოლუცია «ჩარეცხავს», დღესდღეობით ნაკლებად რეალისტურია. ერთადერთი ვარიანტი, რომლის განხილვა ასე თუ ისე ღირს, არის თავად ილჰამ ალიევის მიერ ორგანიზებული «რევოლუცია ზემოდან», რაც ძველ ელიტასთან ბრძოლაში საზოგადოების შედარებით პროგრესულ ძალებზე დაყრდნობას გულისხმობს, თუმცა ეს მთელ რიგ საფრთხეებს უკავშირდება. «ჩასარეცხები» აუცილებლად გაწევენ გააფთრებულ წინააღმდეგობას, თანაც რეჟიმის (ფარდობითი) ლიბერალიზაცია, რომელიც ამ სცენარს უკავშირდება, ისლამისტების გარანტირებულ გააქტიურებას გამოიწვევს; დღეს ისინი ბოთლში გამოკეტილ ჯინს მოგვაგონებს, რომელიც მოთმინებით ელოდება ხუფის ახდას.

თუ ილჰამ ალიევი არ მოსპობს წინაღობებს, რომლებიც ხელს უშლის აზერბაიჯანის მომდევნო დინამიურ განვითარებას, ამ ქვეყნის ძლიერების ზრდა, რომელსაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვაკვირდებით, სავარაუდოდ, შეფერხდება. დღეისთვის მიღწეული შედეგი კი ყარაბაღის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტისთვის საკმარისი არ არის.

საერთოდ, ფსიქიკურად ჯანმრთელი ლიდერები (ილჰამ ალიევი კი, ზოგიერთისგან განსხვავებით, გონიერი და გაწონასწორებული ადამიანია) არ იწყებენ ომს, როდესაც ამოუცნობია, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას რუსეთის მხრიდან და არ აფუძნებენ თავიანთ გათვლებს იმაზე, რომ აშშ ან თურქეთი კრემლს გარანტირებულად შეაკავებენ. «ოდკბ»-ს ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები ავალდებულებს რუსეთს დაიცვას სომხეთი, თუ მესამე ქვეყანა მის ტერიტორიაზე შეიჭრება, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპერაციები მხოლოდ ყარაბაღში წარიმართება, რუსეთი, დიდი ალბათობით, ყველანაირად შეეცდება, რომ სომხურ მხარეს ფატალური შედეგები აარიდოს. დღეს აზერბაიჯანის პოტენციალი არ აძლევს მას შესაძლებლობას დასახულ მიზნებს სწრაფად, ერთი სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის მეშვეობით მიაღწიოს, სომხური მხარე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დააყენოს და წინააღმდეგობის შეწყვეტა აიძულოს. ამის ალტერნატივა კი ბრძოლის გაჭიანურება, თანდათანობითი გამოფიტვა და უცხო ქვეყნებზე დამოკიდებულების კრიტიკული ზრდაა. იმისთვის, რომ ყარაბაღი ომით დაიბრუნოს აზერბაიჯანი უფრო ძლიერი უნდა გახდეს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური, ეკონომიკური (და ა. შ.) თვალსაზრისით, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი ძლიერების ზრდის პარალელურად მოსკოვი სომხეთს გააძლიერებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყოვლისმომცველ უპირატესობას ბაქო ხელშესახებ პერსპექტივაში ვერ მიაღწევს.

არ ისროლოთ, ძმებო!

ყველაზე დიდი სისულელე, რომელიც შეიძლება ბაქომ და ერევანმა გააკეთონ, მოლაპარაკების შეწყვეტა და ახალი ომის დაწყებაა. ნაკლებად სავარაუდოა, ეს მოხდეს, თუ ამის მიზანმიმართულ პროვოცირებას  ზესახელმწიფოები არ მოახდენენ ან რეგიონში სწრაფად და დრამატულად არ შეიცვლება ძალთა ბალანსი (ერთიც და მეორეც, დღეს მეტად სათუოა). თუმცა ვინაიდან უარესისთვის მზადება გვმართებს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მოხდა რაღაც ძალიან ცუდი (მაგალითად, სომხეთში ან აზერბაიჯანში ხელისუფლებაში «იქაური სააკაშვილი» მოვიდა) და ომი მართლაც დაიწყო. რას უქადის ეს პერსპექტივა საქართველოს?

სომხეთაზერბაიჯანის ახალი ომის დაწყების შემთხვევაში საქართველოს საზღვრებს შეიძლება ასიათასობით დევნილი მოადგეს, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნიდან, რაც, ჩვენი სისუსტიდან გამომდინარე, დიდ პრობლემებს დაუკავშირდება, რომელთა გადაწყვეტას უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების გარეშე, სავარაუდოდ, ვერ მოვახერხებთ. აგრეთვე, გაიზრდება ჩვენს ტერიტორიაზე ორი ერის წარმომადგენელთა შეტაკების საფრთხე, რასაც, ცხადია, პრევენცია და მუდმივი ყურადღება დასჭირდება. თუმცა მთავარი პრობლემა ტვირთების ტრანზიტს დაუკავშირდება, რადგან ორივე ქვეყნისთვის საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დერეფანია, ეს უმოკლესი (და ერთადერთი, თუ სათვალავში ირანსომხეთის დამაკავშირებელ მონაკვეთს არ ჩავაგდებთ) სახმელეთო გზაა, რომლითაც ომის დროს რუსეთი სომხეთთან, ხოლო თურქეთი აზერბაიჯანთან დაკავშირებას შეძლებს.

ომის დაწყებისთანავე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ძალიან დიდი ალბათობით, დაიწყება ნამდვილი დივერსიული ომი, რომლის მიზანი მოწინააღდგე მხარისთვის ტვირთების მიღების შეფერხება იქნება. ხიდები, გვირაბები, პორტების ინფრასტრუქტურა (აგრეთვე, მილსადენები, რომლის მეშვეობით აზერბაიჯანული ენერგომატარებლები თურქეთში, ხოლო რუსული გაზი სომხეთში ხვდება) განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს. როგორც რუსეთმა, ისე თურქეთმა შეიძლება მოგვთხოვოს სამხედრო დანიშნულების ტვირთების ან, სულაც, შეიარაღების გატარება (ღიად თუ ფარულად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს). ეს საქართველოს ხელისუფლებას ორი მძლავრი სახელმწიფოს (ან თუნდაც ერთის, რაც ასევე ძალზე უსიამოვნოა) მუდმივი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს. კრიტიკულ სიტუაციაში საქმე შეიძლება მივიდეს საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო დერეფნის ძალისმიერ გაჭრამდე, რისთვისაც შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, ჩვენი მცირე შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იქნება. 

ჩვენ ვისაუბრეთ მხოლოდ იმაზე, რაც ზედაპირზე დევს, თორემ რეგიონის ტოტალური დესტაბილიზაცია უამრავ სხვა პრობლემასაც წარმოშობს და მათგან, სავარაუდოდ, გაცილებით დიდ ზარალს ვნახავთ, ვიდრე სარგებელს ფარდობითად სარფიანი ვაჭრობიდან მეომარ ქვეყნებთან ან (დიპლომატიის მიმართულებით) გადაბმული ყვირილიდან «შეჩერდით, ძმებო!».

ალბათ, არავინ იკამათებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მკაცრი ნეიტრალიტეტი დაიცვას, ესკალაციას ხელი არ შეუწყოს და სამშვიდობო პროცესის გაღრმავებას მხარი დაუჭიროს. ეს ზნეობრივად მართებული და ამავე დროს პრაგმატული პოზიციაა. მაგრამ ვინაიდან ხელისუფლების სათავეში ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი რჩება, ჩვენ არ ვართ დაზღვეულნი იმისგან, რომ ის განსხვავებულ პოზიციას არ დაიკავებს და კრიტიკულ სიტუაციაში ცდუნებას ვერ გაუძლებს.

მორიგი სისულელის მოლოდინში

აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება გაფაციცებით ეძებს სტრატეგიას, რომელიც დაასუსტებს რუსეთის პოზიციებს კავკასიაში და ამავე დროს საქართველოს უიმედო მდგომარეობიდან (დარღვეული მთლიანობა, ნატოში ინტეგრაციის ფაქტობრივი ბლოკირება, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა და ა. შ.) გამოიყვანს. ვინაიდან მას არ შეუძლია მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების გზას დაადგეს, ის გამოსავალს რეგიონში სხვა მოთამაშეების (განხილულ შემთხვევაში _ თურქეთის) გაძლიერებასა და მათ მიერ რუსეთის უკუგდებაში ხედავს.

ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანის ტრიუმფალური გამარჯვება ყარაბაღის ახალ ომში რეგიონში რუსეთის პოზიციებს მკვეთრად შეასუსტებს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის ხელისუფლებამ, ამ ჰიპოთეტურ ომის კონტექსტში, შეიძლება საქართველოს თურქეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის როლი დააკისროს, ხოლო კომუნიკაცია რუსეთსა და სომხეთს შორის დაბლოკოს (ამ იდეიდან, ფაქტობრივად, ავტომატურად გამომდინარეობს საქართველოს ახალი შეტაკება რუსეთთან). მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, არაერთგზის მოექცა ერევნის გავლენის ქვეშ, დღეს მის სტრატეგიულ ხედვებში (თუ ჰალუცინაციებში?) თურქეთის პატრონაჟის ქვეშ მყოფი, საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის კოშმარული აჩრდილი დომინირებს. ჩვენ, ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ სააკაშვილი სომხეთის მტერია, თუმცა მას არ სურს მეზობელი ქვეყანა კვლავინდებურად რუსეთის ფორპოსტად დარჩეს, ამიტომ მისი სიმპათიები ჰიპოთეტურ კონფლიქტში, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანის მხარეს იქნება, რამაც შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯები გადაადგმევინოს, თანაც მას დასაკარგი პრაქტიკულად არაფერი დარჩა, ეს კი დამატებითი ფაქტორია, რამაც შეიძლება ავანტურაზე წასვლისკენ უბიძგოს.

სომხეთაზერბაიჯანის ახალი ომი ახლო მომავალში, ძალიან დიდი ალბათობით, არ დაიწყება, რადგან შემაკავებელი ფაქტორების წონა ძალზე დიდია; ნაკლებად სავარაუდოა, ლოკალურმა შეტაკებებმა, რომლებიც ბოლო დღეებში მოხდა, დეტონატორის როლი შეასრულონ. თუმცა ფაქტია, ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია რეგიონში მუდამ დაგვაბრუნებს ერთსა და იმავე კითხვებთან: «რამდენად ადეკვატურია სააკაშვილის ხელისუფლება?», «შეძლებს თუ არა ის, მოსალოდნელი საფრთხე აგვარიდოს?». 2008 წელს მან ყველა შესაძლებელი შეცდომა დაუშვა და ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ამას მომავალშიც არ გააკეთებს. დღის წესრიგიდან ეს საკითხი, ისევე, როგორც ჩვენი მუდმივი წუხილი, ალბათ, მხოლოდ მაშინ მოიხსნება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას დატოვებს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here