Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

805

ბრძოლა გავლენის სფეროების მოსაპოვებლად

თეირანის კონფერენციის დამთავრებისთანავე ჩერჩილი მისი გადაწყვეტილებების რევიზიას შეეცადა.

1943 წლის 4 დეკემბერს კაიროში პრეზიდენტ რუზველტთან შეხვედრისას ოპერაცია «ოვერლორდის» განხორციელების სიძნელეებზე დაიწყო ლაპარაკი და  კვლავ დაჟინებით იმეორებდა, რომ პარალელურად აუცილებელია დესანტის გადასხმა საბერძნეთის კუნძულ როდოსზე. ამ კუნძულის დაპყრობას იგი უკავშირებდა თურქეთის გერმანიასთან ომში ჩაბმის საკითხს, რაც ჩერჩილის ბალკანური სტრატეგიის მნიშვნელოვანი რგოლი იყო.

თურქეთს დიდი არმია ჰყავდა. ბრიტანეთის პრემიერი იმედოვნებდა, რომ ბულგარეთში შეჭრის შემდეგ თურქები ინგლისელთა მხარდაჭერით საბერძნეთისა და ალბანეთისკენ, შემდეგ _ იუგოსლავიისკენ და მისგან ჩრდილოეთშიც გადავიდოდნენ. ამრიგად, წითელ არმიას ბალკანეთში და, შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპაში შესასვლელი გზა გადაეკეტებოდა.

მაგრამ რუზველტმა ჩერჩილს თეირანის კონფერენციის შეთანხმებათა რევიზიაზე ხელი ააღებინა. კვლავ გაამართლა სტალინის ნაბიჯმა _ მისმა დაპირებამ იაპონიის წინააღმდეგ ომში საბჭოთა კავშირის ჩაბმის შესახებ, რაშიც სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული აშშ.

ჩერჩილი იმასაც ითვალისწინებდა, რომ მეორე ფრონტის გაუხსნელობით საფრანგეთში იქმნებოდა რეალური საფრთხე იმისა, რომ წითელი არმია დაიპყრობდა მთელ გერმანიას, გაათავისუფლებდა ბელგიასა და საფრანგეთს. იტალიაში გამართულმა ბრძოლებმა ცხადყო, რომ ვერმახტის ძალებთან შეტაკებისას მოკავშირეებს, მაშინაც კი, როცა მათი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გერმანელებისას სჭარბობდა, ძალიან უჭირდა. თურქეთის არმიის ბრძოლისუნარიანობაში დარწმუნებული არავინ იყო, უფრო _ პირიქით. ამიტომ ვერავინ დარჩებოდა იმის იმედად და ბალკანეთისა და უფრო ჩრდილოეთის ტერიტორიების თურქების მიერ სწრაფად ხელში ჩაგდება ილუზორული ხასიათის შეიძლება აღმოჩენილიყო. მით უფრო, რომ მოკავშირეთა ოპერაციების შესაძლო წარუმატებლობა ინგლისსა და აშშ-ს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა აღმოსავლეთის ფრონტზე წითელი არმიის წარმატებათა ფონზე.

დგებოდა 1944 წელი. ბრიტანეთის პრემიერს ესმოდა, რომ აზიაში განცდილი კატასტროფული დამარცხებების შემდეგ განუხრელად გრძელდებოდა საერთაშორისო საქმეებში ინგლისის როლის დაცემის პროცესი. საჭირო იყო მისი შეჩერება მოქნილი დიპლომატიის მეშვეობით, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ბალანსირების გზით, მაგრამ საამისოდ მას არც ძალა, არც შესაძლებლობა აღარ გააჩნდა.

იაპონელებმა ინგლისს მისი აზიური კოლონიების უმეტესობა წაართვეს. დიდი ბრიტანეთის ხელში რჩებოდა ინდოეთი, რომლის შემადგენლობაში მაშინ პაკისტანიც შედიოდა, და ცეილონი. ჩინეთიდან იგი გამოაძევა აშშ-მ, რომელიც იყენებდა მასზე ორიენტირებულ ჩან კაიშის. იგივე ხდებოდა ლათინურ ამერიკაში,  ინგლისის დომინიონებში: ავსტრალიაში (რომელიც იაპონელების ოკუპაციისგან ამერიკელების ჯარებმა იხსნა), ახალ ზელანდიასა და, განსაკუთრებით, _ აშშ-ს მეზობელ კანადაში. ბრიტანეთის უზარმაზარი სამფლობელოები აფრიკაში ეკონომიკურად უაღრესად სუსტი იყო (სამხრეთ აფრიკის კავშირის გარდა) საიმისოდ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათზე დაყრდნობა.

მსოფლიო კაპიტალიზმის ცენტრი უფრო და უფრო გადაადგილდებოდა ინგლისიდან ამერიკაში. ჩერჩილი ამას მტკივნეულად აღიქვამდა, მაგრამ იძულებული იყო ეღიარებინა ფაქტი. იგი თვითდამცირებასაც არ მოერიდა, როცა განაცხადა, რუზველტის «ლეიტენანტი» ვარო.

ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში სტალინი ამჯობინებდა, უფრო მეტად საქმე ჰქონოდა აშშ-თან, რომელიც საომარ მოქმედებათა კვალზე სწრაფად ძლიერდებოდა, ხოლო ინგლისი ასევე სწრაფად სუსტდებოდა. თავისი როლი ითამაშა იმანაც, რომ იმ დროს სსრკ-სა და აშშ-ს მსოფლიოში არ ჰქონდათ რეგიონები, სადაც მათი ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდებოდა, თუ არ ჩავთვლით რუმინეთს, ერთადერთ ნავთობმომპოვებელ ქვეყანას ევროპაში.

აშშ-ისგან განსხვავებით, ინგლისი დაინტერესებული იყო აღმოსავლეთ ევროპით _ ფინეთიდან საბერძნეთამდე, განსაკუთრებით კი _ პოლონეთით. სსრკ თვლიდა, რომ ეს რეგიონი მისი ინტერესებისა და გავლენის სფერო იყო.

ჩერჩილის პირადი და პოლიტიკური ტრაგედია, მიაჩნიათ მკვლევარებს, იყო ის, რომ იგი, მისი არაორდინალური გამჭრიახობის, დიდი გამოცდილების, სახელმწიფოს მართვის ნიჭის მიუხედავად, ვერაფრით შეაჩერებდა დიდი ბრიტანეთის იმპერიის მზის ჩასვენებას, თუმცა აცხადებდა, რომ იგი პრემიერი გახდა არა იმიტომ, რომ მისი დაშლის ჟამს ეთამადა.

1941 წელს ჩერჩილმა შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებია ინგლისის დამოკიდებულება ამერიკაზე, ამიტომ 1942 წელს რუზველტთან თანატოლად მიიჩნევდა თავს. მაგრამ სამხედრო კატასტროფებმა აზიაში იგი დამოკიდებულ მდგომარეობაში ჩააყენა, ამერიკის «უმცროსი პარტნიორი» გახადა.

ბრიტანეთის მმართველმა წრეებმა ჩერჩილი 11 წლის განმავლობაში საქმეს არ გააკარეს, უმთავრესად იმიტომ, რომ 30-იანი წლებში იგი მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირისა და ინგლისის დაახლოებას გერმანიისა და იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ… ჰიტლერმა ეშმაკობით აჯობა, რითაც შეიძლება აიხსნას ინგლისელების დამარცხებები მეორე მსოფლიო ომის საწყის ფაზაში.

გავიხსენოთ, რას წერდა ჩერჩილი პატარა ინგლისელ ვირუკაზე, რომელიც უზარმაზარ რუსულ დათვსა და ამერიკულ ბიზონს შორის იჯდა, მაგრამ ის იყო ერთადერთი, რომელმაც იცოდა სწორი გზა შინისკენ. სამწუხაროდ, დიდი ბრიტანული იმპერიისკენ დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო. ჩერჩილი იძულებული იყო, მიემართა ეშმაკური მანევრებისთვის, რათა შეენარჩუნებია ინგლისის თანაბარუფლებიანობა კავშირში, სადაც სრულიად აშკარა სამხედრო უპირატესობა ჰქონდა საბჭოთა კავშირს, ინდუსტრიული კი _ აშშ-ს.

ჩერჩილი, რა თქმა უნდა, შეეცადა, მოეძებნა ამ ორი ზესახელმწიფოს საპირწონე. მიაჩნდა, რომ იპოვა კიდეც მუდმივად გაძლიერებადი მოძრაობის «თავისუფალი საფრანგეთის» სახით. გენერალ დე გოლს იგულებდა მოკავშირედ სტალინთან და რუზველტთან დიპლომატიურ ურთიერთობაში.

მაგრამ მისი ეს განზრახვა ვერ შესრულდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ როლის შესასრულებლად დე გოლს არც ძალა, არც პოლიტიკური წონა არ გააჩნდა. საფრანგეთის ლიდერს შესანიშნავად ესმოდა, რომ ჩერჩილი მას უმზადებდა ისეთივე «ლეიტენანტის» როლს, ოღონდ რუზველტის კი არა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ლეიტენანტისას. გენერალი კი იბრძოდა საფრანგეთის დამოუკიდებლობის სრული აღდგენისთვის.

რუზველტთან დე გოლმა ურთიერთობა ვერ ააწყო იმის გამო, რომ ამერიკელებმა თავის დროზე მხარი დაუჭირეს ვიშის მოღალატურ რეჟიმს, ეს ერთი, და, მეორე, _ მის მეტოქეს გენერალ ჟიროს. დე გოლს რჩებოდა ერთი, ყველაზე მეტად მისაღები პოლიტიკური მოკავშირე _ საბჭოთა კავშირი.

თავის მხრივ, სტალინი დაინტერესებული იყო დასავლეთში მესამე ძალის შექმნით, რომელიც წინ აღუდგებოდა ინგლისსა და აშშ-ს. ამიტომ იყო, რომ საბჭოთა ლიდერმა დე გოლთან მტკიცე, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა.

ამ დიპლომატიურ ორთაბრძოლაშიც სტალინმა გაიმარჯვა.

1944 წლის ნოემბერში სტალინმა დე გოლი საბჭოთა კავშირში მიიწვია. 2 დეკემბერს გენერალი მოსკოვში ჩავიდა. მან სტალინს შესთავაზა დაედოთ პაქტი საბჭოთა კავშირ-საფრანგეთის ურთიერთდახმარების შესახებ. სტალინმა დაუყოვნებლივ საქმის კურსში ჩააყენა ჩერჩილი და რუზველტი. მიუთითა იმ საკითხებზეც, რომლებიც უნდა განეხილათ, კერძოდ, ორმხრივი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ.

ბრიტანეთის პრემიერმა, რომელსაც ხელს არ აძლევდა სსრკ-საფრანგეთის თანამშრომლობა, შესთავაზა, ორმხრივის ნაცვლად სამმხრივი ხელშეკრულება დაედოთ _ სსრკ-ს, ინგლისსა და საფრანგეთს შორის. სტალინი დათანხმდა. მას შესანიშნავად ესმოდა, რომ დე გოლი ამ შეთავაზებას შორს დაიჭერდა. ასეც გამოვიდა. სტალინმა ჩერჩილს აცნობა, რომ ორმხრივი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

საფრანგეთის ლიდერი შემდგომ აღიარებდა: «ანგლოსაქსები არასოდეს გვექცეოდნენ ისე, როგორც ნამდვილ მოკავშირეებს შეჰფერის». სწორედ ამ მიზეზით დაიჟინა მან ხელშეკრულების გაფორმება ინგლისის მონაწილეობის გარეშე, რითაც ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ასე განახორციელა სტალინმა კიდევ ერთი წარმატებული დიპლორმატიური მანევრი. ერთის მხრივ, ჩერჩილს ნება არ დართო, მის წინააღმდეგ ფრანგული კარტა  გამოეყენებია, მეორე მხრივ, არ გაიფუჭა მასთან ურთიერთობა _ ოპერატიურად საქმის კურსში ჩააყენა დე გოლთან მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ და რჩევასაც დაეკითხა, მიანიშნა, რომ მზად იყო მისი აზრის გასათვალისწინებლად.

მაშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა თამაშში მეორე, საფრანგეთზე უფრო სუსტი ფიგურის ჩართვა. ეს იყო იტალია, რომელსაც უწინ დიდ სახელმწიფოდ მიიჩნევდნენ. ჩერჩილს ეგონა, რომ ამ ქვეყანაში ინგლისისთვის კეთილსაიმედო სიტუაცია ყალიბდებოდა: ამერიკის ჯარები აქ ემორჩილებოდნენ ინგლისელ ფელდმარშალ ალექსანდრეს (საფრანგეთში _ პირიქით: ამერიკის ჯარები ემორჩილებოდნენ ამერიკელ გენერალ ეიზენჰაუერს, აზიაში კი ფორმალურად ჩან კაიშის, ფაქტობრივად, _ იმავე ამერიკელებს).

ჩერჩილი ცდილობდა მდგომარეობის გამოყენებას საიმისოდ, რომ იტალია მთლიანად დაექვემდებარებინა ინგლისელების კონტროლისთვის, მთავრობა კი მისი პოლიტიკის იარაღად ექცია.

მაგრამ სტალინმა შეძლო დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებია იტალიის პრემიერ-მინისტრ ბადოლიოსთან, რისთვისაც ჩერჩილის წინააღმდეგობის დაძლევა დასჭირდა. ამან ინგლისის პრემიერი, რა თქმა უნდა, გაანაწყენა, მაგრამ 5 აპრილს მასაც მოუწია ბადოლიოს მთავრობასთან ურთიერთობის დამყარება.

მოცემულ ეტაპზე სტალინმა შეძლო, მართალია, დროებით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად შეევიწროებია თავისი დასავლელი მოკავშირეების გავლენის სფეროები.

ამ ასპექტში ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩებოდა პოლონეთის პრობლემა. ჩერჩილი გაუთავებლად იმეორებდა, რომ ინგლისი სწორედ პოლონეთის გამო ჩაება გერმანიასთან ომში, და ლეგიტიმურია პოლონეთის ის მთავრობა, რომელიც ემიგრირებული იყო ლონდონში. ჩერჩილს არ სურდა ხელიდან გაეშვა ისეთი მსუყე ლუკმა, როგორიც პოლონეთი იყო.

ამის გაკეთება ორი გზით შეიძლებოდა: ერთი _ სწორხაზოვანი _ პოლონეთის, ან, თუნდაც, მისი ერთი ნაწილის, დედაქალაქის ჩათვლით, გათავისუფლება არა საბჭოთა ჯარების მიერ, არამედ ლონდონური ორიენტაციის პოლონური წინააღმდეგობის ძალების მიერ. ამის იმედი გაჩნდა 1944 წლის გაზაფხულზე საბჭოთა ჯარების პოლონეთზე სწრაფი შეტევის დროს, მაგრამ ისიც ჩაიფუშა.

მეორე გზას გონივრული დიპლომატიური მანევრების განხორციელება სჭირდებოდა, რომლებიც წარმატებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთის ლონდონში გახიზნული მთავრობა და მისი მომხრენი პოლონეთში დაამყარებდნენ მეგობრულ ურთიერთობას, თუნდაც პირფერულს, საბჭოთა კავშირთან. მაგრამ საბჭოთა კავშირისადმი სიძულვილის გამო ასეთი რამ არ განხორციელებულა. პირიქით, როგორც სტალინმა თეირანის კონფერენციაზე ნათელყო, პოლონეთის ლონდონური მთავრობა არც მალავდა თავის სიძულვილს საბჭოთა კავშირის მიმართ.

ძნელია, გავუგოთ ჩერჩილს, რომელმაც საჭიროდ მიიჩნია, გაერთულებია და გაეწყვიტა ურთიერთობა ძლევამოსილ მეზობელთან, თანაც იმ დროს, როცა პოლონეთი ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული, ხოლო ე. წ. პოლონეთის მთავრობა ქვეყნის მართვის ყოველგვარ შესაძლებლობას იყო მოკლებული და ლონდონს იყო შეფარებული. საოცარია, რატომ არ გაიაზრა ჩერჩილმა, რომ სტალინზე ძალდატანების პოლიტიკის განხორციელებით პოლონეთის საკითხის გადაწყვეტა უპერსპექტივო იყო?!

თავად განსაჯეთ.

პოლონეთის ყოფილმა მთავრობამ ვერ შეძლო სერიოზული წინააღმდეგობის ორგანიზება ჰიტლერელებისათვის, რომლებიც მათ ქვეყანაში შეიჭრნენ _ დაკარგა და გადასცა ჰიტლერს სრულ მფლობელობაში. ამ ტერიტორიას უმძიმესი ბრძოლებით ათავისუფლებდა წითელი არმია. იღვრებოდა ასიათასობით საბჭოთა ჯარისკაცის სისხლი. ნუთუ ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ლონდონელ მდგმურებს, რომლებიც მუდმივად შეურაცხყოფდნენ სტალინსა და სსრკ-ს, საზეიმოდ დაბრუნების შემდეგ ემართათ ქვეყანა?! ნუთუ საბჭოთა კავშირი ასე მტრულად განწყობილ მმართველებს ლანგარზე მიართმევდა პოლონეთს, თანაც იმ მიწებითურთ, რომლებიც კერზონის ხაზის აღმოსავლეთით მდებარეობდა?

საეჭვოა, რომელიმე სახელმწიფო მოღვაწეს, რომელიც იცავდა თავისი ქვეყნის ინტერესებს, სტალინის ადგილზე რომ ყოფილიყო, გაეთვალისწინებია პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის მოთხოვნები, რომელთაც ასეთი მონდომებით მხარს უჭერდა ჩერჩილი. ეტყობა, გულის სიღრმეში იგი გრძნობდა თავისი პოზიციის სისუსტეს და ამიტომაც აბრკოლებდა მეორე ფრონტის გახსნას.

ბრიტანეთის პრემიერს, რა თქმა უნდა, ესმოდა, რომ თავის პირობებს სტალინს ვერ უკარნახებდა, მაგრამ სულ ისწრაფოდა, მომრიგებელი მოსამართლის როლი ეთამაშა ტერიტორიულ საკითხებში. ამასთან, ყოველთვის იცავდა ინგლისის სახელმწიფო ინტერესებს და ყოველმხრივ მხარს უჭერდა პოლონეთის ლონდონურ მთავრობას. მან შენიშვნაც კი გააკეთა პოლონეთის მომავალი მთავრობის შემადგენლობის სტალინისეულ ხედვასთან დაკავშირებით, როცა განაცხადა, რომ უცხოეთის ქვეყნის მთავრობისათვის ცვლილების თაობაზე რეკომენდაციის მიცემა ნიშნავს «მიახლოებას შიდა სუვერენიტეტში ჩარევასთან…» ამასთან, ჩერჩილს არ დაუზუსტებია, ვის სუვერენიტეტს გულისხმობდა. მოცემულ მომენტში არ არსებობდა სუვერენული პოლონეთი, ხოლო მისი ყოფილი მთავრობა სრულად ემორჩილებოდა ინგლისელ «პატრონს».

უცნაური ლოგიკაა.

ამას ემატებოდა მუქარის ტონი: «ვარშავაში პოლონეთის სხვა მთავრობის შექმნა, ვიდრე ის, რომელსაც დღემდე ვაღიარებდით, პოლონეთში მღელვარების დაწყებასთან ერთად, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს დააყენებდა ისეთი  საკითხის წინაშე, რომელიც დიდად დააზარალებდა სამ დიდ სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთგაგებას…» და ამას მოსდევდა დარწმუნება იმაში, რომ ეს წერილი არ არის ჩარევა სსრ კავშირისა და პოლონეთის მთავრობათა ურთიერთობაში, რაც მთლიანად ეწინააღმდეგებოდა მანამდე თქმულს.

 სწორედ ამიტომ საპასუხო წერილი სტალინმა ირონიით დაიწყო: «ვხედავ, რომ თქვენ დიდ ყურადღებას უთმობთ საბჭოთა კავშირ-პოლონეთის ურთიერთობის საკითხს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ასეთ ძალისხმევას».

სტალინის პასუხები ჩერჩილის მრავალსიტყვიან წერილებზე ყოველთვის მოკლე იყო. საბჭოთა ბელადი იძულებული იყო, ზოგიერთი უტყუარი ფაქტი ხშირად შეეხსენებია ჩერჩილისთვის, მაგალითად, პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის მუდმივი თავდასხმების შესახებ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დროს. და ამასთან: «გაგახსენებთ, რომ შარშან, მაისში, თქვენ მწერდით, რომ შესაძლებელია პოლონეთის მთავრობის შემადგენლობის გაუმჯობესება და რომ თქვენ ამ მიმართულებით იმოქმედებდით. მაშინ თქვენ არ მიიჩნევდით, რომ ეს პოლონეთის შიდა სუვერენიტეტში ჩარევა იქნებოდა».

სხვათა შორის, თავის მომდევნო წერილში ბრიტანეთის პრემიერს სიტყვაც არ წამოსცდენია სტალინის რეპლიკების თაობაზე, მხოლოდ მადლობა მოახსენა პასუხისათვის და აცნობა, რომ გრძელდება მოლაპარაკება პოლონელებთან. მაგრამ მოგვიანებით კვლავ გაუგზავნა დიდი წერილი. შესაძლებელია, იგი ვარაუდობდა, რომ უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც მუდმივად დაკავებული იყო ფრონტისა და ზურგის უამრავი საქმით, ყურადღებას არ მიაქცევდა ზოგიერთ დიპლომატიურ ეშმაკობას. ყოველ შემთხვევაში, ჩერჩილმა საჭიროდ ჩათვალა, «დაევიწყებია» პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ მიღწეული შეთანხმება!

ეს საოცარი სიტუაცია განსაკუთრებულ ანალიზს საჭიროებს. ამჯერად ჩერჩილი სტალინს სთავაზობდა, დახმარებოდა ლონდონელ პოლონელებს _ «გათავისუფლებულ ტერიტორიაზე» დაბრუნებაში, რათა მათ, პოლონელ ხალხთან კონსულტაციის შემდეგ გადაეწყვიტათ ქვეყნის საზღვრების საკითხი. «ბუნებრივია, _ განმარტავდა იგი, _ რომ პოლონეთის მთავრობისთვის ფრიად სასურველია, რომ რაიონებში, რომლებიც გადაეცემა პოლონეთის სამოქალაქო ადმინისტრაციის განკარგულებაში, ჩართული იყოს ისეთი პუნქტები, როგორიცაა ვილნო და ლვოვი… და რომ სადემარკაციო ხაზის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები იმართებოდეს საბჭოთა სამხედრო ხელისუფლების მიერ გაეროს წარმომადგენლების დახმარებით». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მიწებიც კი, რომლებიც უწინ რუსეთსა და საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა, წითელი არმიის მიერ გათავისუფლების შემდგომ პოლონეთს უნდა გადასცემოდა, ან დარჩენილიყო საერთაშორისო კონტროლის ქვეშ!

ჩერჩილი დამატებით იტყობინებოდა, რომ, მისი ძალისხმევის მიუხედავად, მან ჯერჯერობით ვერ დაარწმუნა პოლონეთის ლონდონური მთავრობა, კენისბერგის რაიონი საბჭოთა კავშირს რომ უნდა მიკუთვნებოდა.

უცნაური ლოგიკაა: დაღვარეთ სისხლი პოლონეთის გასათავისუფლებლად, რაც შეიძლება სწრაფად მოაწყვეთ აქ პოლონელი ემიგრანტები, რომლებსაც თქვენ სძულხართ, გადაეცით მათ ყველაფერი, რაც უწინ თქვენი იყო, და შემდეგ უკვე დაიწყეთ მათთან მოლაპარაკება, როგორც დამოუკიდებელ (თქვენგან და არა ჩვენგან დამოუკიდებელ) სახელმწიფოს ხელმძღვანელებთან.

სტალინმა ლაკონურად უპასუხა:

«გავეცანი ემიგრანტული პოლონური მთავრობის მოღვაწეებთან თქვენი საუბრების დაწვრილებით ანგარიშს და კვლავ და კვლავ ვასკვნი, რომ ასეთ ადამიანებს უნარი არ შესწევთ, დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან. საკმარისია თუნდაც იმის აღნიშვნა, რომ მათ არა მარტო არ სურთ კერზონის ხაზის აღიარება, არამედ პრეტენზია აქვთ როგორც ლვოვზე, ასევე ვილნოზე. რაც შეეხება მისწრაფებას, რომ უცხოურ კონტროლს დაექვემდებაროს ზოგიერთი საბჭოთა ტერიტორია, ასეთ მცდელობას განსახილველადაც ვერ მივიღებთ, რადგან ამგვარი საკითხის დაყენებაც კი მიგვაჩნია საბჭოთა კავშირის შეურაცხყოფად»…

გასაკვირია, როგორ ვერ გათვალა ჩერჩილმა ასეთი საპასუხო დარტყმა, რომლის შესაძლებლობის ამოცნობა იოლი იყო. შესაძლებელია, რომ იგი კვლავ სათანადოდ ვერ აფასებდა მეტოქეს, რაც, როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, დამარცხების წინაპირობაა. იგი იძულებული გახდა, დაუყოვნებლივ უკან წაეღო ზოგიერთი თავისი წინადადება.

აქაც სტალინმა აჯობა.

შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ჩერჩილმა კიდევ ერთი საეჭვო ნაბიჯი გადადგა: ზოგიერთ ჟურნალისტს აცნობა იმ დაპირისპირებათა შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა აღნიშნულ მოლაპარაკებათა პროცესში. ინგლისურ და ამერიკულ პრესაში შესაბამისი წერილები გაჩნდა. ამის გამო სტალინმა კვლავ მკაცრად მიუთითა ჩერჩილს. საპასუხო წერილი ჩერჩილმა დაიწყო მილოცვით წითელი არმიის «ყველა შესანიშნავი გამარჯვების» გამო, რის შემდეგაც თავისი ბრალი ლონდონში საბჭოთა საელჩოს დააკისრა და კვლავ გაიმეორა, რომ საბჭოთა კავშირ-პოლონეთის საზღვრის საკითხი უნდა გადაიდოს «დაზავებამდე», ან გამარჯვებულ სახელმწიფოთა სამშვიდობო კონფერენციამდე».

განვიხილოთ.

სიცრუე, თითქოს საბჭოთა საელჩომ გაავრცელა საიდუმლო ინფორმაცია სტალინის მიმოწერის შესახებ, ადვილად უარსაყოფია. მაგრამ მთავარია, რომელ დაზავებაზე მიანიშნებს ჩერჩილი: სსრ კავშირსა და პოლონეთს შორის? მაგრამ ისინი ერთმანეთს არ ეომებიან, ომი მიმდინარეობდა გერმანიის წინააღმდეგ, რომელმაც დაიპყრო პოლონეთი. ეს, სტალინმა, რა თქმა უნდა, შეახსენა გულმავიწყ ოპონენტს. მეორე შეხსენება ასეთი იყო: «თეირანში თქვენ, პრეზიდენტი და მე შევთანხმდით კერზონის ხაზის მართლზომიერების საკითხზე. საბჭოთა მთავრობის პოზიციას თქვენ მაშინ სავსებით სწორად მიიჩნევდით, ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენლებს კი გიჟს უწოდებდით, თუ ისინი უარს იტყოდნენ კერზონის ხაზის აღიარებაზე. ამჟამად კი სრულიად საწინააღმდეგო პოზიციას იცავთ».

სტალინმა დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ჩერჩილს სურდა, საბჭოთა კავშირი პოლონეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ წარმოეჩინა და უარეყო «გერმანული აგრესიის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის ომის გამათავისუფლებელი ხასიათი. ეს ნიშნავს საბჭოთა კავშირისათვის იმის დაბრალებას, რაც სინამდვილეში არ არსებობს და ამით მის დისკრედიტაციას».

თითქოს ასეთ პასუხს უნდა აღეშფოთებია ჩერჩილი, მით უფრო, რომ სტალინმა საჭიროდ ჩათვალა გაემეორებია: «მაგრამ ვშიშობ, რომ დამუქრებისა და დისკრედიტაციის მეთოდი, თუ იგი კვლავაც გაგრძელდება, ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას».

რით უპასუხა ბრიტანეთის პრემიერმა?

არაფრით.

იგი იძულებული გახდა, ჩუმად მიეღო სტალინის მკაცრი პასუხი. ეს მის ღირსებაზე მიუთითებს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ სიმართლე სტალინის მხარეს იყო. წაგებულ პოზიციას ჩერჩილი ვერ დაიცავდა: აშკარა გახდა, რომ სრულიად უადგილო იყო მისი ჩარევა ორი მხარის ურთიერთობის საკითხში, როცა ერთს აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვის, მეორე კი ამ ქვეყანას აგრესორისგან ათავისუფლებს.

ბოლო მცდელობა პოლონეთის ხელისუფლების სათავეში ლონდონელი ხიზნების ჩაყენებისა იყო აჯანყება ვარშავაში, რომელიც მათმა მომხრეებმა მოაწყვეს. ამბოხი ცუდად იყო ორგანიზებული და არ იყო შეთანხმებული საბჭოთა სარდლობასთან. აჯანყებულთა მიზანი დედაქალაქის ხელში ჩაგდება და პოლონეთის დევნილი მთავრობის ქვეყნის სრულუფლებიან ბატონ-პატრონად გამოცხადება იყო. როცა აჯანყებულთა მდგომარეობა კრიტიკული გახდა, ჩერჩილმა სტალინს დახმარებისთვის მიმართა. მისი სურვილი გასაგები იყო, იგი ცდილობდა საბჭოთა კავშირი აქტიურად ჩაება ღონისძიებაში, რომელიც მიმართული იყო პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის ქვეყნის სათავეში მოსაყვანად.

სტალინმა უპასუხა, რომ ზოგიერთი ღონისძიება მიღებული იყო და დაამატა: «მას შემდეგ, რაც ახლოს გავეცანი ვარშავის საქმეს, დავრწმუნდი, რომ ვარშავის აქცია უაზრო, საშინელი ავანტიურაა, რომელიც მოსახლეობას დიდ მსხვერპლად დაუჯდა. ეს არ მოხდებოდა, საბჭოთა სარდლობა ვარშავის აქციის დაწყებამდე წინასწარ ინფორმირებული რომ ყოფილიყო და პოლონელებს ამ უკანასკნელთან კონტაქტი რომ დაემყარებინათ».

ჩერჩილი რუზველტთან ერთად დაჟინებით მოითხოვდა, ყველაფერი გაკეთებულიყო აჯანყებულთა დასახმარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ნეგატიური რეაქციით.

აჯანყებულთა გადარჩენა საბჭოთა ჯარის უსწრაფეს შეტევას შეეძლო, მაგრამ ამის განხორციელება წინასწარი მომზადების გარეშე უდიდეს მსხვერპლს გამოიწვევდა.

სტალინი არ შეეცადა სიმართლის დამალვას და ცრუ დაპირისპირებების მიცემას. მან ასე უპასუხა: «ადრე თუ გვიან, მაგრამ სიმართლე დამნაშავეთა ჯგუფის შესახებ, რომლებმაც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წამოიწყეს ვარშავის ავანტიურა, გაცხადდება. ამ ადამიანებმა გამოიყენეს ვარშაველების მიმნდობლობა და ბევრი, თითქმის უიარაღო ადამიანი, გერმანელთა ტყვიების, ტანკებისა და ავიაციის სამხვერპლოდ გაწირეს. ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, როცა ყოველი ახალი დღე პოლონელების მიერ ვარშავის გასათავისუფლებლად კი არ გამოიყენება, არამედ ჰიტლერელების სასარგებლოდ მუშაობს, რომლებიც არაადამიანურად ხოცავენ ვარშავის მოქალაქეებს…

…უეჭველია, რომ წითელი არმია ძალას არ დაიშურებს, ვარშავაში  გერმანელების გასანადგურებლად და ვარშავის პოლონელებისთვის გასათავისუფლებლად…»

ყველაფერი ნათელი იყო არა მარტო სტალინისთვის, არამედ ჩერჩილისთვისაც, რომელსაც შენიშვნებზე რეაქცია არ ჰქონია.

ვარშავის აჯანყება იმთავითვე განწირული იყო.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here