Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილისგან ელოდება პროვოკაციულ ქმედებას

გულბაათ რცხილაძე: რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილისგან ელოდება პროვოკაციულ ქმედებას

789

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე ესაუბრება.

_ საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ოქტომბრისთვის რუსეთის მორიგ შემოტევას ელოდება. რამდენად რეალურია საფრთხე და რა გამოუსწორებელი შეცდომები შეიძლება დაუშვას ხელისუფლებამ?

_ ხელისუფლებამ, რა ხანია, რუსეთისგან მტრის ხატი შექმნა და მისთვის რუსეთი ერთგვარი პოლიტიკური ინსტრუმენტია. ყოველთვის, როდესაც ხელისუფლებას საკუთარი უკანონობის გამართლება სურს, არჩევნების გაყალბების ჩათვლით, ეს გამოგონილი რუსეთის პრობლემის ფონზე ხდება.

რუსი კოლეგებისგან ვიცი, რომ რუსეთის ხელისუფლება პირიქით _ სააკაშვილისგან ელოდება პროვოკაციულ ქმედებას. სწორედ ამიტომ ატარებს რუსეთი სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, რათა ოქტომბერში 2008 წლის მსგავსი მოულოდნელობა გამოირიცხოს. მათ იციან, რომ, როცა სააკაშვილი აგონიაშია, მისგან ყოველგვარი სიგიჟეა მოსალოდნელი. ყველაზე საშიში შეშინებული სააკაშვილია.

სწორედ ის ფაქტი, რომ 27 მაისს, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, ხელისუფლებას უფრო ისტერიულსა და აგრესიულს ხდის და მისგან ათასგვარი პროვოკაციაა მოსალოდნელი, _ იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მიმართ განხორციელებული უკანონო და ძალისმიერი ნაბიჯები თუ რუსეთის მიმართ გამომწვევი ქმედებები, რათა შემდეგ ეს ყველაფერი გაფორმდეს, როგორც რუსეთსა და ოპოზიციას შორის არსებული შეთანხმება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ეს არის ხელისუფლების ნაცადი ხერხი და იმედი მაქვს, ეს აღარ გამოუვათ. თუმცა ქვეყანა განსაცდელის წინაშეა, ვინაიდან ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას ფლობს და ამას თავისი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს, საშიშია. აქედან გამომდინარე, საფრთხე ნამდვილად არსებობს…

_ როგორც თქვენ ახსენეთ, ხელისუფლება ფლობს ძალაუფლებას, მაგრამ რა გზა, რა ბერკეტები რჩება ოპოზიციას გასამარჯვებლად?

_ ოპოზიცია ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეს და დაიჯეროს, რომ ამდენი ხალხი ოპოზიციის დიდი სიყვარულისა და თაყვანისცემის გამო გამოვიდა. ეს არის იმის სიგნალი, რომ ხალხს რეალური ცვლილებებისა და ქმედებების დანახვა სურს.

იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ ჩაიდინოს უკანონო ქმედებები, აუცილებელია ოპოზიციის კონსოლიდაცია არა მხოლოდ არჩევნების წინ, არამედ შემდგომ პერიოდშიც, რათა არჩევნების გაყალბება თავიდან ავიცილოთ. თუ საჭირო გახდა, უნდა ჩატარდეს საყოველთაო გაფიცვები და დემონსტრაციები. მართალია, მოსალოდნელია, ამას მოჰყვეს ხელისუფლების ბრალდებები, რომ თურმე ოპოზიცია რუსეთთანაა შეკრული. ამას არ უნდა შეუშინდეს ოპოზიცია, არ უნდა გაჩერდეს და დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია საბოლოოდ დაიმარხავს თავს.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსს, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია, იქნება ეს კახა კუკავა თუ ნინო ბურჯანაძე, დანარჩენებიც უნდა შეუერთდნენ. ამას გარდა, უნდა გავითავისოთ, რომ არაფერს გვარგებს ნატოსთან ასეთი ზერელე ურთიერთობა, როგორიც დღეს გვაქვს. ნატო, ფაქტობრივად, ატყუებს ქართველ ხალხს, მარტო ჩვენგან იღებს მოგებას და თავად არანაირ ვალდებულებას არ კისრულობს ქართველი ხალხი წინაშე.

_ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული პოლიტიკოსები ყოველთვის იმედიანად საუბრობენ, რომ ამერიკა უკვე ეძებს ხელისუფლების შემცვლელს. რამდენად შესაძლებელია, რომ აშშ სააკაშვილის შემცვლელს განიხილავდეს?

_ თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკაში სხვადასხვა ინტერესი და მიმდინარეობაა, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმს ვაშინგტონში ძალიან სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს. მაგალითად, რამდენიმე სენატორი, მათ შორის მაკკეინი, ვინაიდან თავის დროზე მათი პროექტი იყო სააკაშვილი და ახლაც მათ იდეოლოგიას და მიზნებს ახორციელებს და მთლიანად მათი მორჩილია. ამას გარდა, დიდი ფულია დახარჯული. მართალია, ჩვენს პროვინციალურ ოპოზიციას ამაზე საუბარი უჭირს, მაგრამ ამერიკული პოლიტიკა რომ კორუფციაზეა აგებული და ამას მოკრძალებით «ლობიზმს» ეძახიან, ეს უკვე საიდუმლო აღარაა და საქართველოს მიმართაც ვრცელდება.

ნურავის ეგონება, რომ მაკკეინი, ლუგარი თუ სხვა ამერიკელი პოლიტიკოსი უარს იტყვიან სააკაშვილის ქრთამზე, ანუ ამ ყველაფერს ხშირად პირადი და პოლიტიკური სარგებელიც განაპირობებს და ეს ყოველთვის ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს არ ემთხვევა. იქ არიან სხვა ძალებიც, მაგალითად, ობამას ადმინისტრაციაში მყოფი პიროვნებები, რომლებიც უკვე კარგად ხვდებიან, რომ შეერთებული შტატების იმიჯმა საქართველოში მარცხი განიცადა. ამის პარალელურად ივანიშვილმაც დაიწყო ფულის ხარჯვა ამერიკაში. არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, მართლა დაუჭერს თუ არა აშშ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რეალურად ხელისუფლებაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ეს განპირობებული იქნება არა რაღაც დემოკრატიული პრინციპებისადმი ამერიკის ერთგულებით, არამედ ამ სახელმწიფოს რეალპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

_ 27 მაისს «ქართული ოცნების» მხარდასაჭერად ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. მოახდენს თუ არა ეს ფაქტი ხელისუფლების წინასაარჩევნო პოლიტიკურ კურსზე გავლენას?

_ ხელისუფლება არჩეულ კურსს აგრძელებს. ის ყოველგვარი საპროტესტო აქციის იგნორირებას ახდენს, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება, თუმცა ეს იგნორირება მხოლოდ გარეგნულია. ხელისუფლება შეიძლება არ ამჟღავნებდეს, მაგრამ მან კარგად დაინახა, რომ ხალხში მის მიმართ ნეგატიური განწყობაა. ეს აიძულებს ხელისუფლებას, იყოს უფრო ნევროზული და მეტი შეცდომები დაუშვას. მოგეხსენებათ, სწორედ ასეთ სტრესულ სიტუაციებში სააკაშვილის რეჟიმი უხეშ შეცდომებს უშვებს ხოლმე. ეს არის პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის დამახასიათებელი თვისებაც, ვინაიდან ის ძალიან მშიშარაა და, ამ შიშიდან გამომდინარე, ხშირად რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here