Home რუბრიკები პოლიტიკა რამ გაახსენა სააკაშვილს ამინის სასახლის შტურმი?

რამ გაახსენა სააკაშვილს ამინის სასახლის შტურმი?

732

მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლებში გამოიკვეთა ორი თემა, რომლებიც მიანიშნებს, რომ ის საკმაოდ საშიშ სცენარებს განიხილავს. სააკაშვილი კვლავინდებურად უკავშირებს ერთმანეთს საპარლამენტო არჩევნებს და რუსეთიდან მომავალ საფრთხეს: «მათ მორიგ შემოტევას ოქტომბრის არჩევნებზე ველოდები», _ განაცხადა მან გასულ კვირას რიგაში, ხოლო ადრინდელ გამოსვლებში არაერთგზის აღნიშნა, რომ მოსკოვმა მასშტაბური სამხედრო სწავლება «კავკასია-2012» ქართულ არჩევნებს მიზანმიმართულად დაამთხვია. ამასთანავე, მან დაიწყო საუბარი მოსკოვის მოქმედებაზე უცხო ქვეყნების ლიდერების წინააღმდეგ; პრინსტონსა და რიგაში მან ერთი და იგივე ფრაზა თქვა: «ავღანეთის პრეზიდენტი ერთ საათში მოკლეს». 1956 წლის უნგრეთისა და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის მოვლენებზე მან (პრინსტონში) ამავე კონტექსტში ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთგან …პრეზიდენტი ოკუპანტებმა ჩამოახრჩეს», ხოლო მეორეგან «მთავრობა რამდენიმე საათში დაეცა და იძულებული გახდა, ხელი მოეწერა სამარცხვინო კაპიტულაციაზე». მთელი ეს ვარიაციები რიგაში გაკეთებულმა განცხადებამ დააგვირგვინა: «საქართველოში იმისთვის შემოიჭრნენ, რომ მე მოვეკალი და მთავრობა დაემხოთ».  საინტერესოა, რატომ მოუხშირა სააკაშვილმა საუბარს ამ თემებზე.

 

ისევ დათვები პარაშუტებით

ყურადღება მივაქციოთ ერთ ნიუანსს, სააკაშვილი საუბრობს არა ხელისუფლების პირველი პირების ნეიტრალიზაციაზე ზოგადად, არამედ იმ ეპიზოდებზე, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში ჯარების შეყვანას უკავშირდება. ეს, ალბათ, პირველი მინიშნებაა, რომელიც რებუსის ამოხსნაში დაგვეხმარება.

სპეციალური ოპერაციების ჩატარება რუსებს ნამდვილად ეხერხებათ და მსოფლიოში ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. დღევანდელი რუსული სპეცნაზი იმ საბჭოთა ქვედანაყოფების მემკვიდრეა, რომლებმაც 1979-ში ჰაფიზულა ამინის  სასახლე აიღეს, ხოლო 1968-ში მცირე ძალებით, ელვისებურად დაამყარეს კონტროლი პრაღის საკვანძო წერტილებზე და ჩეხოსლოვაკიის პირველი პირები დააკავეს. საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომის ლეგენდარულმა დივერსანტმა ოტო სკორცენიმ, რომელიც სსრკ-ის თაყვანისმცემელთა რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა, ამ ოპერაციას «ბრწყინვალე» უწოდა. გრუ-ქვედანაყოფებმა, რომლებიც ნატოს ძალების ზურგში მოქმედებისთვის მოამზადეს, ისეთ სუსტ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შეიძლება ნამდვილი არმაგედონი მოაწყონ.

საინტერესოა, რომ სააკაშვილმა თავის განცხადებებში უნგრეთის ყოფილი ხელმძღვანელი იმრე ნადიც გაიხსენა. მის შემთხვევაში კი, 1956-ში, სპეციალური დანიშნულების ძალების ბენეფისს ადგილი არ ჰქონია. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ სააკაშვილის მშფოთვარე წარმოსახვაზე ქვეყნის ყოფილი მეთაურის ჩამოხრჩობის სცენამ იმოქმედა, თუმცა აქ ყურადღება ერთ გარემოებას უნდა მივაქციოთ: იმრე ნადმა თავშესაფრისთვის იუგოსლავიის საელჩოს მიაშურა, ისევე, როგორც 1989-ში პანამის მმართველმა გენერალმა ნორიეგამ ვატიკანის წარმომადგენლობას, და იქიდან მის გამოყვანას მოლაპარაკების გამართვა დასჭირდა. ნადის და ნორიეგას ისტორია ცხადყოფს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უცხო ქვეყნის საელჩოში შევარდნა თავის გადასარჩენად საკმარისი არ არის და გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილის ყურადღება ყველაზე მეტად ამ გარემოებამ მიიზიდა.

რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ რუსებმა თბილისში ამინის სასახლის შტურმის მსგავსი ამბები დაატრიალონ, მაშინ, როდესაც ამის გაკეთება 2008-ში არ უცდიათ? მართალია, რუსული მედიის ცნობით, გრუ-ს და სადესანტო ჯარების სპეციალური პოლკის რამდენიმე ჯგუფი თბილისის გარეუბანში იმყოფებოდა, სააკაშვილის გადაადგილებას აკვირდებოდა და ელოდა ბრძანებას მისი დაკავების ან ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა, საბოლოოდ, მათ თბილისიდან გასვლა უბრძანეს («არგუმენტი ნედელი» 11.08.10).

დაუჯერებელი ამ ისტორიაში არაფერია, ომის დროს მსგავსი ოპერაციები მზადდება და ხანდახან ტარდება კიდეც, ზოგჯერ _ წარმატებით, ზოგჯერ კი _ წარუმატებლად; თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს _ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელის ლიკვიდაციას საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური და საიმიჯო გართულებები მოსდევს. მსგავსი ოპერაციების ჩატარებას, როგორც წესი, მაშინ ცდილობენ, როდესაც ლიდერი «წინააღმდეგობის ღერძს» წარმოადგენს და მის ნეიტრალიზებას სიტუაციაში გარდატეხის შეტანა შეუძლია, 2008-ში კი, საქმე ეხებოდა წელში გატეხილ, შეშინებულ სააკაშვილს (გაქცევა გორში, ჰალსტუხის ეპიზოდი და ა. შ.), რომელიც კი არ აძლიერებდა წინააღმდეგობას, არამედ თავისი ქაოტური ჩარევით შეიარაღებული ძალების მართვაში, წაშლილი სახით და ერთობ ისტერიული განცხადებებით ძირს უთხრიდა მას.

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილზე ვსაუბრობთ, პრობლემის სამხედრო და პოლიტიკურ ასპექტებთან ერთად, გვერდს ვერც ფსიქოლოგიურ შემადგენელს ავუვლით. არაერთი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ომთან დაკავშირებით სააკაშვილმა უმძიმესი სტრესი გადაიტანა და შიში, რომელიც მაშინ განიცადა, დღემდე ვერ დაძლია. ავიღოთ თუნდაც მისი მონოლოგები «სხეულის გარკვეულ ნაწილებზე», რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის ცნობილი მუქარის შესახებ. სააკაშვილმა მუდმივი საუბრით ამ თემაზე, დიდი ხანია, ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. ეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ძალიან ცუდად აღიქმება და შეუძლებელია ამის შესახებ არ იცოდეს, თუმცა მაინც არ (ვერ?) ჩერდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის უბრალოდ «დაიციკლა», ეს კი ხშირ შემთხვევაში მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი წარმოსახვით საფრთხეს სავსებით რეალურად, ხელშესახებად აღიქვამს. შედეგად ჩვენ მივიღეთ ფენომენი, რომელსაც კახა კალაძემ ენამოსწრებულად «კასტრირების შიშის ქვეშ მყოფი მთავარსარდალი» უწოდა. 

გამორიცხული არაა, რომ ამჯერად სააკაშვილი ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხეზე «დაიციკლა» და თვალწინ ამინის სასახლის დერეფნები უდგას. საინტერესოა, რამ გახადა ეს თემა მისთვის ესოდენ აქტუალური? ეს ცარიელი სიტყვებია, თუ მართლაც შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც ვლადიმერ პუტინს შესაბამისი ბრძანების გაცემისკენ უბიძგებს, მიუხედავად იმისა, რომ არც 2008-ში და არც მოგვიანებით მას (და დიმიტრი მედვედევს) ეს არ გაუკეთებია?

ან რატომ უნდა გაეკეთებია? აგვისტოს ომის დასკვნით ეტაპზე, მაშინ, როდესაც საქმეში შუამავლები ჩაერთნენ და ცეცხლის შეწყვეტამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ბრძოლის გარეშე ჩააბარა პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით საკვანძო ტერიტორიები _ ქსნის ხეობა და კოდორის ხეობა (ამის გარეშე რუსების დღევანდელი პოზიციები ასეთი დამაჯერებელი არ იქნებოდა), ყველაფერზე ხელი მოაწერა და, ომს თავი რომ დავანებოთ, ეკონომიკის ყველაზე «გემრიელი ლუკმები» რუსულ კაპიტალს დაუთმო. დღეს, ღირსებააყრილი, მეტად უცნაურ მენტალურ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი სათავეში დანაწევრებულ, მიწასთან გასწორებულ ქვეყანას უდგას და წარმოადგენს თვითმავალ ილუსტრაციას თემაზე «არასწორი პოლიტიკა რუსეთის მიმართ». გაუგებარია, რატომ უნდა ჩაატაროს მოსკოვმა სპეცოპერაცია ასეთ ვითარებაში.

      

შიში ვერ იხსნის სიკვდილსა

დღეს სააკაშვილი მოწადინებულია, წინასაარჩევნო სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, თითქოსდა მას არა ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი, არამედ ვლადიმერ პუტინი და უზარმაზარი რუსეთი ებრძვის. მისი გათვლა გასაგებია: ერთია, მსოფლიოს წინაშე წარსდგე როგორც წვრილფეხა დიქტატორი («დიქტატორუკა», როგორც მათ ხულიო კორტასარი უწოდებდა), რომელიც მისი უგემოვნო სასახლიდან საკუთარმა ხალხმა გააპანღურა და სულ სხვაა წარმოჩინდე რაინდად, რომელიც «ბოროტების იმპერიის» და სრულიად მორდორის უთვალავ ლეგიონებთან ბრძოლაში დამარცხდა.

ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა არაერთგზის განიხილეს სცენარი, რომლის ფარგლებში სააკაშვილი ახალი ომის პროვოცირებას მოახდენს, შემდეგ კი «დევნილი პრეზიდენტის» სტატუსით დასავლეთში გაიქცევა.

თუმცა მათ ერთი გარემოება ავიწყდებოდათ: 100%-ით უსაფრთხო გაქცევის გარანტია არ არსებობს, რადგან საქმეში შეიძლება მშიერი მგლების ხროვასავით საშიში რუსული სპეცნაზი ჩაერთოს.

ვინ იცის, იქნებ ამ გარემოებიდან იღებს სათავეს ბელადის ბოლოდროინდელი სევდიანი ფიქრები ჰაფიზულა ამინის სასახლეზე?

რა თქმა უნდა, არის ამქვეყნად სიტუაციები, როდესაც ვაშინგტონის ჩარევამ შეიძლება გადაგარჩინოს, თუმცა არც იმის გარანტია არსებობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკელები ამის გაკეთებას მოისურვებენ. მეტიც, თუ სააკაშვილი საომარ თამაშს დაიწყებს, რუსულ სპეცნაზამდე საქმე შეიძლება არც მივიდეს, რადგან ძია სემის რქებიც, საჭიროების შემთხვევაშიც, ძალიან კარგად ხნავს; დეტალების დაზუსტება ლათინურ ამერიკაში შეიძლება, სადაც ამ პროცესს გამორჩეულად ხატოვნად აღწერენ. იმის განცდა, რომ ბუშის მმართველობის წლებისგან განსხვავებით, სააკაშვილს ამერიკული გარანტიები არ აქვს, რამაც, შესაძლოა, იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა მასზე, რომ საკუთარ ხვედრზე გაფაციცებული ფიქრი და შემზარავი სურათების წარმოდგენა დაიწყო.

გამორიცხული არაა, რომ ვაშინგტონმა და, შესაძლოა, მოსკოვმაც  გააფრთხილეს სააკაშვილი, რომ, თუ გარკვეული სცენარის კალაპოტში ამოქმედდება, ეს დღის წესრიგში მისი «პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს» დააყენებს. ეს ჰიპოთეტური სცენარი შეიძლება გულისხმობდეს რუსეთ-საქართველოს ახალი ომის პროვოცირებას, საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებას, სისხლიანი დიქტატურის დამყარებას, ოპონენტების ფიზიკურ განადგურებას ან რაიმე მსგავს უბედურებას. მნიშვნელობა არ აქვს, რა ვარიანტზე ვსაუბრობთ; ამ კონტექსტში მთავარია, გააფრთხილეს თუ არა სააკაშვილი, თანაც ისე დამაჯერებლად, რომ თავის გამოსვლებში ერთი და იმავე თემის განვითარება დაეწყო: «სულ რაღაც ერთ საათში… ერთ საათში» (ცნობისთვის, ამინის სასახლის, «ტაჯ-ბეკის», შტურმი 43 წუთს გაგრძელდა). ძალზე საგულისხმოა, რომ სააკაშვილი იმაზე კი არ საუბრობს, რომ უცხო ქვეყანაში შეჭრილმა ჯარმა ხალხი დახოცა, დასახლებები მიწასთან გაასწორა და (სიტყვაზე) ბიბლიოთეკები გადაწვა, არამედ აქცენტი ხელისუფალთა საბოლოო ხვედრზე გადააქვს.

 ალბათ, მას არ ანაღვლებს, რომ ამ დროს შეიძლება ბანალურ მშიშარად აღიქვან, თუმცა, პრინციპში, რატომ უნდა ანაღვლებდეს, მას შემდეგ, რაც ომის დროს გორში გააკეთა. 

«ნაცმოძრაობის» ბელადის პრობლემა ისაა, რომ «მგელი, მგელი!»-ძახილი აღარ შველის. მას არ აქვს ფაქტები, რომლებიც დაამტკიცებს ოპოზიციის კავშირს მოსკოვთან და არ აქვს საბაბი იმისთვის, რომ, გარე საფრთხიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, არჩევნები გადადოს (გააუქმოს, ტოტალურად გააყალბოს და ა. შ.) და ოპოზიციას გაუსწორდეს. არჩევნები კი, პირველი ღამის არ იყოს, ახლოვდება.

მიხეილ სააკაშვილი არ არის მამაცი ოფიცერი, კლასიკური თავზეხელაღებული პოლკოვნიკი, რომელმაც შეიძლება დაცლილი ჭიქა ძირს დაანარცხოს და საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდოს. მას, როგორც სუსტ მოთამაშეს, მარტივად რომ ვთქვათ, «დედიკოს ბიჭს», «დიდი ბიძიებისგან» მყარი გარანტიები სჭირდება. რამდენადმე ღირებულ გარანტიებს კი ამ შემთხვევაში (უკაცრავად, მაგრამ) არავინ მისცემს. ასეთ პირობებში რისკზე წასვლას მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დიდი ალბათობით, ვერ გაბედავს.

 

წაგვიგია და ვერ გაგვიგია

სააკაშვილის პროპაგანდამ ერთი პრინციპული ხასიათის შეცდომა დაუშვა, მან ბოლო დროს იმდენი ისაუბრა მოსალოდნელ ომზე, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში ფატალისტური, ერთობ ფლეგმატური განწყობა გააღვივა, რომლის მოკლე შინაარსი შეიძლება დაახლოებით ასე ჩამოვაყალიბოთ: «თუ იქნება ომი, ესე იგი იქნება. ერთხელ ვცოცხლობთ, ერთხელ მოვკვდებით. მოდით ახლა სხვა რამეზე ვისაუბროთ». მანიპულირება ამ თემით ხელისუფლებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მეტიც, მსგავსი საუბრები დღეს აძლიერებს გაღიზიანებას იმ ლიდერის მიმართ, რომელსაც არ შეუძლია საქართველოს, თუნდაც დროებით, რამდენადმე მყარი მშვიდობა მოუტანოს.

ზოგადად, საუბარი მოსალოდნელ ომზე, ხელისუფლებას, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მიზნისთვის სჭირდება, კერძოდ იმისთვის, რომ საზოგადოებამ 2008 წლის კატასტროფის შედეგები სრულად არ გაიაზროს, მხოლოდ მომავალზე იფიქროს და ნაკლები ყურადღება მიაქციოს უახლოეს წარსულს (აგვისტოს ომს) და აწმყოს (რომელიც ამ ომის გამანადგურებელი შედეგებიდან იშვა).

სხვათა შორის, ამ მოწადინებამ გარკვეული შედეგი გამოიღო, რადგან ყველას როდი ეყო ვაჟკაცობა იმისთვის, რომ აგვისტოს ომის შედეგებისთვის თვალი გაესწორებია და დღესაც იმ რეალობაში ცხოვრობს, რომელშიც «ომი არ წაგვიგია» ან «ისე არ წაგვიგია, როგორც ზოგს ჰგონია» და, საერთოდ, «მათ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიეს». ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთები «ქაუნთერ სტრაიკის» რაუნდზე საუბრობენ, რომელიც შეიძლება უპრობლემოდ თავიდან გადაათამაშო. საინტერესოა, საქართველოსგან მხოლოდ თბილისი თუ დარჩება, მაშინაც იტყვიან «მათ საწადელს ვერ მიაღწიესო»?

მარცხის გააზრება მომავალი გამარჯვების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რაც კაცობრიობის ისტორიამ არაერთგზის დაადასტურა. ეს მხოლოდ სამხედროებს როდი ეხებათ, არამედ ყველა მოქალაქეს _ ხელოვანი იქნება ის, ეკონომისტი თუ პედაგოგი, ეს საერთო-ეროვნული გამოცდილებაა, რომლის ამოგდება ქვეყნის ისტორიიდან არც შეიძლება და ვერც მოხერხდება. ამიტომ, როდესაც სააკაშვილი მომავლის წარმოსახვით ომზე საუბარს დაიწყებს, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, ვუთხრათ: «მოდი ამ, რეალურ ომზე ვისაუბროთ», რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მასთან დისკუსიის გამართვის სურვილი გვექნება, რომელიც საზოგადოებაში ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად ფიქსირდება; კომუნიკაცია პრაქტიკულად სრულად მოიშალა, მხარეებმა ერთმანეთს, დიდი ხანია, ყველაფერი უთხრეს.

ისე კი, ომისა და მშვიდობის საკითხებზე სერიოზული საუბრის დაწყებას, ალბათ, მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, როდესაც სეზონური გამწვავება ერთ ცალკე აღებულ თავში ქართულ პოლიტიკაში განმსაზღვრელი ფაქტორის როლს აღარ შეასრულებს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here