Home რუბრიკები პოლიტიკა მოხეტიალე აღლუმი

მოხეტიალე აღლუმი

1189

26 მაისს ქუთაისში გამართული აღლუმის სცენარი არაფრით გამოირჩეოდა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სხვა ღონისძიებების სცენარისგან; ამ აღლუმის მოტივიც ხელისუფლების ძალების დემონსტრირება და პიარი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის ქუჩებში ჯავშანტრასპორტიორ «ლაზიკის», «დიდგორის», «ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების» დემონსტრირებამ ქუთათურების ნანატრი გზები იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩააყენა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რის გამოც აღლუმზე მიმავალი საზოგადოება ხელისუფლებას (რა თქმა უნდა, პირად საუბრებში) წყევლითა და უშვერი სიტყვებით «ამკობდა». ქუთათურები გზადაგზა იმასაც ხუმრობდნენ: «ქარის მოტანილი ისევ ქარს მიაქვსო», გუშინ დაგებული გზები დღეს თვითონვე დაგვიჩეხესო.

ჯერ კიდევ აღლუმის ჩატარებამდე იყო მითქმა-მოთმა იმასთან დაკავშირებით, რომ, როგორც ყოველთვის, ამ აღლუმზეც დამსწრე საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების მიერ იქნებოდა მოსყიდული, ნაწილიც _  სახელმწიფო სამსახურებიდან იძულების წესით მიყვანილი.

ჩვენი გაზეთი ვარაუდებს არ დაეყრდნო და აღლუმზე მისულ მოქალაქეებს გაესაუბრა. ზემოთ გამოთქმული ვარაუდები, არცთუ უსაფუძვლო აღმოჩნდა.

თამრიკო ზოსიაშვილი, საფიჩხიის  უბნის კოორდინატორი: «აღლუმზე ჩემი უბნიდან უკლებლივ ყველა მოვიყვანე. საერთოდ ყველა კოორდინატორს ჩვენჩვენი უბანი გვყავს წამოყვანილი».

ეკა სირბილაძე, საფიჩხიაზე მცხოვრები: «აღლუმზე აბსოლუტურად მთელი უბანი მოვედით, რა თქმა უნდა, კოორდინატორის ხელმძღვანელობით».

ნანული ჯიშკარიანი: «ბავშვთა საავადმყოფოში ქირურგის დამხმარე ექთანი ვარ. აღლუმზე მთელი საავადმყოფო წამოვედით».

აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი  კომენტარების პარალელურად მოისმენდით ასეთ ფრაზებსაც:

«რა დადგება ამ სიცხეში პრეზიდენტის გამოსვლამდე», «ნეტა წყლის პრობლებას მოაგვარებდნენ  და ჭირსაც წაუღია ესენი», «ეს ასფალტი გუშინ რომ დააგეს, აქამდე რას გვერჩოდნენ?», «ხელმძღვანელობას დავენახოთ, რომ მოვედით და მერე წავიდეთ», «თითქოს ამ მთავრობის გულშემატკივარი ვიყო, ისე გამომჭიმეს ამ პარადზე».

ამ ფრაზების დიქტოფონთან გამეორება კი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა. მართალია, აღლუმზე მისული საზოგადოება საჯაროდ სულ სხვა პოზიციას აფიქსირებდა (გასაგები მიზეზების გამო), მაგრამ იმავევერ ვიტყვით ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებზე.

ომარ ნიშნიანიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:

«ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი, მასწავლებლები, აღლუმის წინა დღეს პირადობის მოწმობებით დაიბარეს სამსახურებში, ისე, რომ მათთვის შეკრების მოტივი არავის განუმარტავს. იქ მისულები, უკლებლივ ყველა, აღრიცხეს და თან დააშინეს, თუკი რომელიმე მათგანი აღლუმს არ დაესწრებოდა, პრეზიდენტს ტაშს არ დაუკრავდა და არ გაუღიმებდა, მეორე დღიდან სამსახურიდან მოხსნილი იქნებოდა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ინტელიგენციის უმეტესი ნაწილი იძულებით ესწრებოდა აღლუმს. რეალურად მათი დიდი უმრავლესობა ხელისუფლებისადმი უარყოფითადაა განწყობილი.

საერთოდ, დასავლეთის რეგიონები ინფორმაციული ვაკუუმითა და ხელისუფლებისადმი შიშით გამოირჩევა. შესაბამისად, სააკაშვილის მცდელობა _ დასავლეთის რეგიონებს შეატყუოს თავი, ლოგიკურია, თუმცა მერწმუნეთ, ეს დიდხანს არ გასტანს, რადგან ქუთაისმაც და სხვა რეგიონებმაც ნელნელა დაიწყეს გამოფხიზლება.

სააკაშვილმა ძალიან კარგად უწყის, რომ ქვეყანა, რომელიც რეალურად ურიკებსაც კი ვერ აწარმოებს, ვერც ერთ ქვეყანას ვერ გააკვირვებს საკუთრად წარმოებული პრიმიტიული სამხედრო ტექნიკით. სასაცილოა, ბელორუსული კრაზებითა და  სათამაშო ტანკებით მსოფლიოს მოაწონო თავი. აღლუმზე დემონსტრირებული ჯავშანტექნიკის მიზანი მსოფლიოს გაკვირვება კი არ იყო, არამედ, ისევ და ისევ, ქართველი ერის დაშინება. თუმცა მცდელობა ერთია, შედეგი კი _ მეორე. ამ ფაქტში სამწუხარო ისაა, რომ მათ ასეთ გრანდიოზულ პიარს ჩვენი კუთვნილი თანხები ხმარდება. კონტროლის პალატის დღევანდელი ფუნქცია კი არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების, არამედ კერძო თანხების კონტროლია.

დაუნახავები ნამდვილად არ ვართ და ერთი შეხედვით სასიამოვნოც კი არის ქალაქის თუნდაც ფასადური ცვლილებები, მაგრამ აქ მთავარია, თუ რის  ხარჯზე კეთდება ყოველივე, რის ხარჯზე მართავს ხელისუფლება ამ ტაშ-ფანდურს, რის ხარჯზე «გულაობს» ეს 200-კაციანი ჯგუფი და რის ხარჯზე იგება ამდენი უხარისხო შენობა.

გოგორიშვილის «გარშოკად» წოდებული  დღევანდელი პარლამენტის  შენობა ოქტომბერში, ხელისუფლების შეცვლისთანავე, საკონცერტო დარბაზად გადაკეთდება (ხოლო თუ რეფერენდუმის გზით გადაწყდება, რომ საპარლამენტო ქალაქი ქუთაისი უნდა იყოს, კი, ბატონო, წინააღმდეგი არ ვიქნებით), სხვა რაში უნდა გამოიყენო, აბა, ეგ შენობა, რომელიც ისე ფარცხა-ფურცხით ააგეს, შესაძლებელია, თავზე ჩამოგვენგრეს. პრეზიდენტმა «ჭკუა ისწავლა» და პარლამენტის შენობაში, სავარაუდოდ, წყლის ჩამოსვლა თვითონვე გვაუწყა, ახალი შენობაა და წყლის ჩამოსვლა ნუ გაგიკვირდებათო. ახალ შენობაში არ უნდა ჩამოვიდეს წყალი, თორემ ძველში რა გასაკვირია, ასინეთასავით ყველაფერს უკუღმა ატრიალებს ეს კაცი».

ზვიად წაქაძე, «თავისუფალი საქართველოს» ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე:

«რა საზეიმო განწყობაზეა საუბარი, ხალხნო, როცა რამდენიმე წლის წინ სწორედ პარლამენტის მშენებლობას დედა-შვილი შეეწირა. ჩემი აზრით, 26 მაისისა და პარლამენტის შენობის გახსნის ასე პომპეზურად აღნიშვნა არამარტო დაღუპულთა ოჯახის წევრების, მთელი საქართველოს სულში ჩაფურთხება იყო. რა თქმა უნდა, ქართველებმა 26 მაისი უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, მსგავსი მნიშვნელობის საერო თუ რელიგიური დღესასწაულები სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა სათავისოდ გამოიყენონ.

საინტერესოა, ვის უტარებს ამ აღლუმებს სააკაშვილი. მიშამ ეს აღლუმი ქართველი ხალხის დასაშინებლად ჩაატარა, სწორედ ამიტომ მოახდინა მისი საამაყო ჯავშანტექნიკისა და ჯარის დემონსტრირება, თორემ ვერც დასავლეთს და ვერც დანარჩენ ქვეყნებს ამგვარი სამხედრო ტექნიკით ვერ გავაკვირვებთ. მითუმეტეს, რომ რეგიონში ყველაზე დაბალი სამხედრო პოტენციალით ჩვენ გამოვირჩევით.

რა დროს გრანდიოზულ კონცერტებსა და ფოიერვერკებში თანხების ფლანგვაა, როცა ქალაქში მოსახლეობის 80% სიღარიბის ზღვარზეა, როცა ხალხი ნაგვის ბუნკერში ეძებს საკვებს, როცა უწამლობით თანაქალაქელები გვეხოცება, როცა ქალაქს წყლის, კანალიზაციის პრობლემები აწუხებს და ამის გამო საზოგადოება იწამლება. რომელი ერთი პრობლემა დავასახელო იმ ქალაქისა, რომელსაც საპარლამენტო დედაქალაქი უწოდეს. დამოუკიდებლობისა და ნებისმიერი დღესასწაულის აღნიშვნის განწყობა მაშინ აქვს საზოგადოებას, როცა სოციალური პრობლემები შედარებით მოგვარებულია. ღმერთმა იცის, რეალურად რამდენი ათასი დახარჯა ამ აღლუმზე ხელისუფლებამ. დარწმუნებული ვარ, ამ თანხის თუნდაც ნაწილი ქალაქის მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დაფინანსებას რომ მოხმარებოდა, ქალაქი ოდნავ ამოისუნთქავდა. სააკაშვილს აღლუმზე მოსული საზოგადოების მოსყიდვაც არ დასჭირდებოდა.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთ ხელისუფლებამ 30-30 ლარი გადაუხადა, რომ ფანჯრებიდან და აივნებიდან «მიშა, მიშა» ეყვირათ. იმავე ოდენობის თანხას არიგებდნენ მაისურებთან ერთად. ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოჰყავდათ ხალხი ავტობუსებით ბაღდათის რაიონიდან, რაც ადგილობრივი გამგეობების წარმომაგდგენლებს ჰქონდათ დავალებული. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი აღლუმის მასშტაბურობით მაინც ვერ დაიკვეხნის. მიშამ აღლუმზე მისასვლელად უმუშევართა 80%-ის 30 ლარით მოსყიდვა ვერ შეძლო.

პრეზიდეტმა აღლუმზე ქუთაისის ველობილიკით მოიწონა თავი, ქუთათურებმა კი ამ 2-მილიონიანი ველობილიკის ფუნქცია დღემდე ვერ გაარკვიეს. აქ მოსეირნე ერთი ველოსიპედისტიც კი არ მინახავს დღემდე. თავდაპირველად იგი კაუჩუკით უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ბოლოს ბეტონი დააგეს და წითლად შეღებეს, კაუჩუკის იმიტაციისთვის. ამ ველობილიკის გაკეთებისას კი აღმაშენებლის გამზირზე კაკლის ხეები გაჩეხეს და მის ნაცვლად პალმები დარგეს. ეს ბილიკი სამტრედიასა და აბაშაში რომ გაეკეთებია ხელისუფლებას, ფუნქცია ექნებოდა. თუმცა, ისევე, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ქალაქის ბიუჯეტიც მხოლოდ «ნაციონალების» პიარზეა გათვლილი და არა საზოგადოების კეთილდღეობაზე».

მოამზადა

ეკა რობაქიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here