Home რუბრიკები ეკონომიკა სასურსათო გენოციდი

სასურსათო გენოციდი

დიდი ხანია, მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის ახირებად აღარ ითვლება ის აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფალნი ყველაფერს აკეთებენ, თანაც მიზანმიმართულად, საქართველოს მოსახლეობის გასანადგურებლად. მასობრივი უმუშევრობა, პირველადი მოთხოვნილების საშუალებებზე, მათ შორის _ სურსათზე, კატასტროფულად მაღალი ფასები, საარსებო მინიმუმით განსაზღვრულ თანხაზე ბევრად დაბალი პენსია, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა, ეტყობა, ის იარაღებია, რომლითაც სააკაშვილის გუნდი ხალხის გენოციდს ეწევა. მკითხველს ვთავაზობთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, კვების მრეწველობისა და აგროტექნოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრისა და  სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო დონის ექსპერტის, ბატონ შოთა ჩხეიძის ინტერვიუს, რომელშიც საუბარია «სასურსათო გენოციდზე», რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პრეზიდენტი და «ნაციონალური მოძრაობა» ეფექტურად ანხორციელებენ.

_ ბატონო შოთა, თქვენ 1999-2005 წლებში ნატოში საქართველოს წარმომადგენელი იყავით, როგორც სოფლის მეურნეობის დაგეგმვისა და სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის ექსპერტი. საუბარი იმით დავიწყოთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს დასკვნას, რომ . . სასურსათო კალათა, ანუ საარსებო მინიმუმი საქართველოს მოქალაქისთვის 156 ლარი და 10 თეთრია, პენსია _ 100 ლარი. სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მყოფნი კი, რომელთაც აპრიორი არანაირი სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან _ სახელმწიფო ამ ადამიანებს თვეში ერთ სულზე 34 ლარს აძლევს.

_ არსებობს სასურსათო უსაფრთხოების კრიტერიუმები. სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კომპლექსურია და ოთხ კომპონენტს მოიცავს:

1. მოსახლეობის საჭირო რაოდენობის სურსათით უზრუნველყოფა;

2. დაბალანსებული კვება;

3. სურსათის უვნებლობა;

4. საკვების როგორც მატერიალური, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

_ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა რას ნიშნავს?

_ ვთქვათ, რომელიმე პროდუქტს იწევენ კახეთში, მაგრამ აჭარაში არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ, რომ სურსათი თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა რეგიონისთვის.

ნატოს თავის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან გარკვეული ვალდებულებები აქვს. ნატო აანალიზებს, რა მდგომარეობაა მის პარტნიორ ქვეყნებში, განსაზღვრავს, არის თუ არა მდგომარეობა საგანგაშო. თუ საგანგაშოა, შესაბამის ზომებს იღებს. სწორედ ნატოს რეკომენდაციებით გვეხმარებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა ადრეც საგანგაშო იყო, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ კი უფრო მეტად გაუარესდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმი 156,10 ლარს შეადგენს. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, ამ 156,10 ლარის 70% კვებაზე იხარჯება. შრომისუნარიანი მამაკაცის გამოსაკვებად კი 109 ლარია საკმარისად მიჩნეული. ცხადია, ეს სასურსათო უსაფრთხოების უხეში დარღვევაა. საქართველოში საარსებო მინიმუმი სასურსათო უსაფრთხოების დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს უხეშად უგულებელყოფს. ყოველდღიურ რაციონში ძალზე დაბალია იმ სურსათის ენერგეტიკული ღირებულება, რომელიც შრომისუნარიან მამაკაცს დღის განმავლობაში დაუდგინეს. დღიურად კი ეს 2300 კილოკალორიაა (კკალ), ჩვენთან, სამწუხაროდ, ამ ციფრის თითქმის ნახევარი (47%) პურსა და პურპროდუქტებზე მოდის. ორგანიზმისთვის აუცილებელია ხორცი და მისი პროდუქტები, მეტიც _ ისინი სასიცოცხლოდ აუცილებელია. დღევანდელ რაციონში ხორცი მხოლოდ 6,67%-ის ოდენობით, რძე და რძის პროდუქტები კი 8 პროცენტითაა განსაზღვრული. საბოლოოდ, ასეთი კვება ადამიანის ორგანიზმისთვის კატასტროფა და ნელი მოკვდინების წინაპირობაა. არაფერს ვაჭარბებ, მართლა ასეთი უმძიმესი ვითარებაა.

_ საერთაშორისო ნორმებით, რამდენი კილოკალორია უნდა მიიღოს ადამიანმა?

_ მოგახსენეთ, რომ დღეს შრომისუნარიანი მამაკაცისთვის ნორმად 2300 კილოკალორიაა მიჩნეული. საერთაშორისო ნორმებით, მსუბუქი შრომით დაკავებულმა პირმა დღეში 2700-3000 კკალ უნდა მიიღოს, საშუალოდ მშრომელმა _ 2950-3200 კკალ. მათთვის კი, ვისაც მძიმე ფიზიკური შრომა უწევს, 3900-4500 კკალ-ის მიღებაა რეკომენდებული. განსხვავება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვითაც. ცხადია, ყველა ქვეყნის ხელისუფლება მოვალეა, ეს ნორმები დაიცვას. ჩვენთან კი მხოლოდ 2300 კკალ არის ნორმად დადგენილი. რბილი ნათქვამია, რომ ეს არის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა. ეს ნიშნავს მოსახლეობის არასრულფასოვნად კვებას, რაც, მინიმუმ, ამავე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ათასგვარი დაავადების გამომწვევი წინაპირობაა და ზოგჯერ უარესიც.

როგორც აღვნიშნე, სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი კრიტერიუმია ბალანსირებული კვება. ორგანიზმისთვის დიდი საფრთხეა, როცა ადამიანი ვერ ღებულობს იმ კკალ-ს, რაც მას სჭირდება. შესაძლოა, ადამიანმა დღეში მიიღოს 3000 კკალ, მაგრამ მისი ორგანიზმი მაინც გამოიფიტება და დაავადდება. ბანანიც საკმაოდ კალორიულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ყოველდღე შრომისუნარიანმა მამაკაცმა მხოლოდ ბანანი რომ ჭამოს და მეტი არაფერი, მას ენერგია რამდენ ხანს ეყოფა. ერთ მშვენიერ დღეს ის საწოლიდანაც ვერ წამოდგება, არათუ შრომას შეძლებს. მოკლედ, მარტო ნორმით განსაზღვრული კილოკალორია არ არის მთავარი.

 აუცილებელია ბალანსირებული კვება.

 საერთაშორისო ნორმებით, ზრდასრული ადამიანისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების დღიური ნორმა 200 გრამია, ხოლო ჩვენთვის 80 გრამია დადგენილი. პურისა და პურპროდუქტების ნორმაა 200 გრამი, ჩვენთან _ 380 გრამი. რეალური მოხმარება პურისა კი დღეში ერთ სულზე 700 გრამია. ყველა უბედურებასთან ერთად, პურის მოხმარების ასეთი მაღალი მაჩვენებელი სიღარიბის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

_ გეთანხმებით, გაღატაკებულია მოსახლეობა და ამიტომაც ბევრს მხოლოდ პურზე თუ მიუწვდება ხელი.

_ კი, პური აუცილებელია, რადგან ორგანიზმისთვის ნახშირწყლების უმთავრესი წყაროა, მაგრამ ამავე დროს ორგანიზმს სჭირდება ცილები, ცხიმები, ვიტამინები და სხვა მიკროელემენტები, რაც მხოლოდ ბალანსირებული კვებით მიიღწევა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ, საერთაშორისო ნორმებით, ხორცის მოხმარება 200 გრამია, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო კი გვიმტკიცებს, რომ 80 გრამი საკმარისია. 80 გრამი ხორცი დღიურ ნორმად, შეიძლება ითქვას, ეს ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვაა. ხორცი ცილების ძირითადი წყაროა ადამიანის ორგანიზმისთვის. ცილა მთლიანად მოხმარდება ენერგეტიკას. თუ რაციონი არასაკმარის ცილას შეიცავს, ორგანიზმს ექმნება ცილოვანი დეფიციტი. ეს კი ენდოკრინოლოგიური დაავადებების, ნერვული სისტემის მოშლისა და სხვა მრავალი ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ცილის ხანგრძლივ უკმარისობას შეუძლია ციროზი და ღვიძლის კიბო გამოიწვიოს.

აქვე ვიტყვი, რომ ჯანდაცვის მიერ შემოთავაზებულ ამ რეკომენდაციაში ეს 80 გრამი ხორცი, ცილების საერთო რაოდენობის მხოლოდ 18%-ია. გვიმტკიცებენ, რომ ცხოველური ცხიმების ჩანაცვლება შესაძლებელია მცენარეული ცხიმებით. მცენარეული ვერ ჩაანაცვლებს ცხოველურ ცხიმს და ეს ძალიან კარგად იციან ხელისუფლებაში, ვისაც ეს საკითხი ეხება. სინამდვილეში, ბალანსირებული კვების დროს, ცილების საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს დღიური რაციონის კალორიების 14-15%-ს, აქედან კი ცხოველური წარმოშობის ცხიმების წილი 60% მაინც უნდა იყოს, ხოლო ბავშვებისთვის _ მინიმუმ 70%. თუ ადამიანი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის ცილას, მას არ ექნება სათანადო ენერგია.

ჩვენთან ამჟამად დადგენილ 80 გრამ ხორცსაც ვერ იღებს ადამიანი, რეალური მოხმარება 40 გრამია, «ნორმის» ნახევარი, რადგან ხალხი ვერ ყიდულობს ხორცს. ეს არის მეხუთედი იმ 200 გრამისა, რაც საერთაშორისო ნორმებითაა გათვალისწინებული.

იმ დროს, როცა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დღეში 2 დოლარიც არ აქვს შემოსავალი და ამას პრეზიდენტიც აღიარებს, საშუალო დონის ჩინოვნიკებს, ხელფასებისა და პრემიების სახით, დღეში 400 დოლარი აქვთ, ზოგიერთებს _ 800 დოლარიც. საქართველოში საარსებო მინიმუმი 370-400 ლარი უნდა იყოს. ეს მონაცემები გამოთვლილია ნატოს სოფლის მეურნეობის დაგეგმარებისა და ჯანდაცვის კომიტეტისა და ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის 2011 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. გვიყვარს, როცა ნატოსა და ამერიკას რაიმეში ვედრებით და მოდით, ამაშიც შევედაროთ. ვინმე რომ არ შემედავოს, კიდევ განვმარტავ, რომ ნატოს შესაბამისი კომიტეტის მიერ დადგენილი ნორმები რეკომენდებულია მათი წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის. დიახ, საქართველოში საარსებო მინიმუმი 370-400 ლარის ფარგლებში უნდა იყოს, არადა, 156 ლარია, ანუ სამჯერ ნაკლები.

თითქოსდა ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს, მაგრამ არის! საერთაშორისო ნორმებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ «ნორმებს», 2-3-ჯერ აღემატება სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტები, მაგალითად, ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი. საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ნორმები, რომლებიც განკუთვნილია თითქოს შრომისუნარიანი მამაკაცისთვის (19-დან 50 წლამდე), ჩამორჩება 3,5 წლის ბავშვისთვის დადგენილ საერთაშორისო ნორმებსაც კი ხორცსა და ხორცპროდუქტებზე, რძესა და რძის პროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ხილზე. მოკლედ, გვიმტკიცებენ, რომ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქისთვის საკმარისია ის სასურსათო მინიმუმი, რაც ამერიკასა და ევროპაში სამ-ნახევარი წლის ბავშვისთვისაა საკმარისი.

მესმის, რომ რეალური საარსებო მინიმუმის დონის (370-400 ლარი) მიღწევა დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, მაგრამ ხელისუფლების უმაღლესი დონის ჩინოვნიკებმა, როცა ხალხი ასეთ დღეშია, თავი უნდა შეიკავონ გადამეტებული და დაუმსახურებელი პრემიების მიღებისგან, რომელთაც ხშირად თავადვე უწერენ საკუთარ თავს. ასევე უარი უნდა თქვან გადამეტებულ გასართობ ღონისძიებებსა და უცხოეთში კოლექტიურ სასეირნო მივლინებებზე.

_ ბატონო შოთა, შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმისა და სასურსათო კალათის ნორმები სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ნელი მოკვდინების დაკანონება?

_ რაც ზემოთ ვილაპარაკე, სამწუხაროდ, ამის დასტურია. როცა ადამიანს 100 ლარი აქვს პენსია, ხოლო, თქვენი თქმისა არ იყოს, მხოლოდ 34 ლარი აქვს შემწეობა და სხვა არანაირი შემოსავალი არ აქვს, ამ დროს 370-400 ლარია საჭირო საიმისოდ, რომ იარსებოს, ეს ნორმები, მართლაც, ადამიანების სასიკვდილოდ გამეტებაა.

_ არის თუ არა ხელისუფლების ეს ქმედება საქართველოს მოსახლეობის მიზანმიმართული «სასურსათო გენოციდი»?

_ მე სამართლებრივ შეფასებას ვერ მივცემ ხელისუფლების ქმედებას, მაგრამ, ვფიქრობ, რეალურად აფასებთ შექმნილ სიტუაციას.

_ თუ დაგიანგარიშებიათ, რა თანხაა საიმისოდ საჭირო, რომ საარსებო მინიმუმი თუნდაც 370 ლარი გახდეს?

_ ცხადია, ესეც ვიანგარიშე. 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი დასჭირდება დამატებით ბიუჯეტს, რომ არსებული პენსია რეალურ საარსებო მინიმუმს მიუახლოოს. ეს ის თანხაა, რომლის გაგონებაც არა მარტო ხელისუფლებას, ოპოზიციასაც აფრთხობს და აკრთობს. მე ეს მონაცემები, რაზეც ვისაუბრეთ, და კიდევ უამრავი რამ დაგვრჩა სათქმელი, ოპოზიციურ ძალებსაც მივაწოდე. კაცი არ გამომხმაურებია. ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ ოპოზიციონერებს მე მივეცი ამ ხელისუფლების, არ მოვერიდები და ვიტყვი, დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი სტატისტიკა და დოკუმენტური მტკიცებულებები. ამ დროს ოპოზიცია, რომელიც არც ერთ შეცდომას და დანაშაულს არ პატიობს ხელისუფლებას და მყისიერად აკრიტიკებს მას, ამ ყველაფერზე დუმს. ჩემი ინფორმაცია, ელემენტარულად, ხელისუფლების გასაკრიტიკებლადაც არ გამოიყენეს. ეს ის პრობლემა და თავის ტკივილია, რომელიც იმ ოპოზიციურ ძალასაც დახვდება წინ, რომელიც მოვა  ხელისუფლებაში.

_ ეს პრობლემაზე მეტია _ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი, სიკვდილსიცოცხლის საკითხია.

_ გეთანხმებით, სასწრაფოდ მოსაგვარებელია ეს საკითხი. მე რომ მოგახსენეთ, ის 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი 850 ათას პენსიონერს რომ დაუმატონ 100 ლარზე და გაუზარდონ საარსებო მინიმუმის შესატყვისად პენსია (ანუ 370 ლარი გაუხადონ), მხოლოდ ამისთვისაა საკმარისი. ამას დაუმატეთ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან პენსიონერები, მაგრამ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ. ასი ათასობით ასეთი ადამიანია და მათაც ხომ უნდა მისცე  ეს 370 ლარი _ რეალური საარსებო მინიმუმი? ესეც, ალბათ, რამდენიმე მილიარდია, რომელიც მომავალმა ხელისუფლებამ, დღეს რომ ოპოზიციაშია, აუცილებლად უნდა მოიძიოს. ნელ-ნელა, მაგრამ ეს აუცილებლად გასაკეთებელია. აი, რატომ დუმს ოპოზიცია. რა ვიცი, შესაძლოა, ფიქრობენ, გეგმავენ რაიმეს და კიდეც გააკეთებენ განცხადებას, რომ დღეს ხალხი სასიკვდილოდაა გამეტებული და ეს  დაკანონებულია. მაგრამ მათი დუმილი მაფიქრებინებს, რომ ისინი ხელისუფლებას არ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმს თავადაც ვერ გაზრდიან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე 370 ლარამდე.

ამ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, დანაშაულს, საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა _ «ვარდების რევოლუციამდე». მაშინ, მოგეხსენებათ, მძიმე სოციალური მდგომარეობა იყო ქვეყანაში. 2003 წელს და წინა წლებშიც მოსახლეობა, ძირითადად, პურით იკვებებოდა. ერთი სული მოსახლე დღიურად 650 გრ პურსა და პურპროდუქტებს იღებდა, 350 გრ-ის ნაცვლად. ხორცსა და ხორცპროდუქტებს მხოლოდ 80 გრ-ს მიირთმევდა, რაც საერთაშორისო ნორმის თითქმის მესამედი იყო, ე. ი. ეს პროდუქტი ყოველდღიურად 200 გრ მაინც უნდა მიეღო. რძე და რძის პროდუქტები დღიურ რაციონში 650 გრამს შეადგენდა, ნაცვლად აუცილებელი 960 გრამისა და ა. შ. და რა გააკეთეს, იცით, მაშინ? 2003 წლის 8 მაისს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანებულება და ნატოს მიერ საგანგაშოდ მიჩნეული მდგომარეობა საარსებო მინიმუმად მონათლეს _ ის მინიმუმი, რასაც ხალხი მოიხმარდა ერთ სულ მოსახლეზე, ნორმად დააკანონეს. მაგალითად, ის 80 გრამი ხორცი, რომელიც ნორმად იქცა, ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ხორცის მაჩვენებელია. მოკლედ, სასურსათო მინიმუმად გადაუქციეს მოხმარებული პროდუქტის ოდენობა.

***

სამწუხაროდ, ამ საგანგაშო მონაცემებს არც «ვარდების რევოლუციის» შემდგომ მოჰყვა სათანადო უწყების რეაგირება. რევოლუციის მერე ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა და ამ ბრძანებულების გადახედვა არც არავის გახსენებია. დღეს კი, ხომ ხედავთ, იმ 80 გრამ ხორცს, 650 გრამ რძესა და რძის პროდუქტსაც ვერ მოიხმარს დღიურად ადამიანი, ისევე, როგორც სასურსათო კალათაში არსებულ სხვა პროდუქტებს, პურის გამოკლებით.

მიხეილ სააკაშვილის და «ნაციონალური მოძრაობის» ნებისმიერი კრიტიკის გაბათილებას, დიდი ხანია, შეჩვეულნი ვართ, ამას ე. წ. სახელისუფლო ექსპერტები ცდილობენ. მართალია, ამ «ექსპერტებისა» ბევრს არაფერი სჯერა, მაგრამ მავანთა «დაბოლებას» მაინც ახერხებენ. ამიტომაც უპრიანია, თუ ხელისუფლებას ისეთ მყარ არგუმენტებსა და სტატისტიკას დაუდებენ წინ, როგორიც ბატონმა შოთა ჩხეიძემ მოგვაწოდა. ამ ციფრებს, რომლებიც მართლა რკინისებურ ლოგიკაზეა დაფუძნებული, ყველგან მძრომი ნაცექსპერტებიც კი ვერ წაუვლენ, ვერ გააბათილებენ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება სწორედ იმ ნატოს მიერ დადგენილ ნორმებს, უკაცრავად და, ფეხებზე იკიდებენ, რომელში შესვლის მცდელობასაც, ლამისაა მთელი ქვეყანა გადააყოლეს. «ნაციონალური» პოლიტიკა ასეთია _ ნატოს მიერ დადგენილი საერთაშორისო ნორმებიდან, რაც ხელს აძლევთ, მხოლოდ იმას გადმოიღებენ, რაც არა, იმას წაუყრუებენ. ხელისუფლებას ხელს არ აძლევს, ნატოს სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი საქართველოსთვისაც სავალდებულო გახადოს. აქ მხოლოდ ფულში არ არის საქმე, თუნდაც 2-3 თუ 4 მილიარდში. პრობლემის არსი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფულის არქონა და ხელისუფლების ყაირათიანობა საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე.

ხელისუფლებას სწორედაც მშიერი, დაგლახავებული, უენერგიო, 3,5 წლის ბავშვის მენიუზე მყოფი მოსახლეობა აწყობს. ამ ხალხის უდიდეს ნაწილს, ელემენტარულად, პროტესტის გამოხატვის უნარიც არ აქვს, ადამიანი, რომელიც სანახევროდ მშიერია და თავში ერთი აზრი უტრიალებს _ სახვალიოდ სად იშოვოს საარსებოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები, ხელისუფლებას არც დემოკრატიის დეფიციტზე შეედავება და არც საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე. ასეთ ადამიანს ნაკლებად აინტერესებს, რამდენი უდანაშაულო ადამიანია ციხეში, ანდა როგორი საარჩევნო გარემოა ქვეყანაში. პროტესტის გრძნობა მოსახლეობის ამ კატეგორიას, მის უდიდეს ნაწილს მაინც, ჩამცხრალ-ჩახშობილი აქვს. ამ ხალხს ერთადერთი საფიქრალი აქვს (თუკი აქვს ფიქრის თავი) _ რა ჭამოს და რა აჭამოს შვილებს. დიახ, «ნაციონალური მოძრაობა» სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ამყოფებს საკუთარი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს და თვლის (შესაძლოა, საფუძვლიანადაც), რომ მათგან საფრთხე არ ემუქრება, მათი მართვა იოლია. იოლია, თუნდაც იმიტომ, რომ 1 მილიონ 800 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, მათ თვეში მხოლოდ 34 ლარს უხდის ხელისუფლება და ამ ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს (თუ აფიქრებინებენ), რომ თუ ეს ხელისუფლება წავა, იმ 34 ლარს, ყოველთვიურად მხოლოდ პურის ფულად რომ ჰყოფნის, დაკარგავენ. ასეთი ადამიანების ნებისმიერ ანკესზე წამოგება იოლია, დიდი პიარ-ტექნოლოგიები არ არის საჭირო, ნებისმიერი ტყუილი დააჯერო. ცხადია, მათი დაპირისპირებით შეყოლიებაც იოლია და კაპიკებად მათი ხმების საარჩევნოდ ყიდვაც.

ახალს არაფერს ვიტყვი _ მშიერი ადამიანი მტერია დემოკრატიისა, მას არ აინტერესებს (სხვისას თავი დავანებოთ) საკუთარი უფლებებიც კი, რადგან მხოლოდ ერთს _ სიცოცხლეს ებღაუჭებაროცა სულს მოითქვამს, კუჭს ამოივსებს, მაშინ გაახსენდება, რომ საჭმლის გარდა სხვა რამეც სჭირდება. აი, სწორედ ეს სულმოთქმული, ფერზე მოსული ხალხია ხელისუფლების საფრთხე და, იმედია, ახალი შეთქმულების თეორიის ფუძემდებლობას არ დამაბრალებენ ნაცექსპერტები, თუ ვიტყვი _ ხელისუფლებას ხელს აძლევს უმძიმესი სოციალური ფონი, სახელმწიფოს მოწყალებაზე დამოკიდებული მართული მილიონები, რადგან მათგან საფრთხეს ვერ გრძნობს, მეტიც, 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერით (თითქმის ერთთვიანი შემწეობის დამატების საფასურად) ბევრი მათგანის ხმებს იყიდის.

შოთა ჩხეიძეს რომც არ ეთქვა, ისედაც ცნობილი იყო: ცილების დეფიციტი ჯერ ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს, მერე _ ათასგვარ პათოლოგიას.

დღეს საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჩ ჰეპატიტით 120 ათასი ადამიანია დაავადებული, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მონაცემებით კი _ ქვეყანაში ყოველწლიურად 7 ათასი ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დგინდება. ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ამ ადამიანთა შორის მრავლად არიან ისეთები, რომელნიც არასრულფასოვანი კვების «წყალობით» დაავადდნენ? პრინციპში, ამის გარკვევაც შეიძლება _ ეჭვი არ მეპარება, რომ C ჰეპატიტითა და კიბოთი დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა სიღარიბის პროგრამის წევრი იქნება და სწორედ იმ 34-ლარიან შემწეობაზე იქნება დამოკიდებული, უკვე არაერთხელ რომ ვახსენე. მათ შორის ასევე მრავლად იქნებიან ის პენსიონერები, რომელთაც 100 ლარით ძლივს გააქვთ თავი თვიდან თვემდე და ასარჩევად არ აქვთ საქმე, თუ რა სახის ვიტამინები, ცილები და ცხიმები მიიღონ, ოღონდ რიგიანად დაპურდნენ, შიმშილის გრძნობა მოიკლან და სხვას არას დაეძებენ.

იმაზე აღარაფერს ვიტყვი, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, საარსებო მინიმუმი 370-400 ლარი რომ უნდა იყოს. როცა საარსებო მინიმუმი 156,10 ლარია და 850 ათასი ადამიანს ხელისუფლება 100 ლარს, საარსებო მინიმუმზე 56,10 ლარით ნაკლებს, უხდის პენსიას, ხოლო 1 მილიონ 800 ათას ადამიანს 34-ლარიან შემწეობას აძლევს, ეს არ არის ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდება, ეს უკვე საკუთარი მოსახლეობის მიზანმიმართული გენოციდია.

გენოციდი გენოციდია _ გინდა, ატომური ბომბი ჩამოაგდე და გინდა, შიმშილით დახოცე ხალხი. ფორმა აქვს განსხვავებული, თორემ ერთ მიზანს ემსახურება _ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ამოწყვეტას.

მიხეილ სააკაშვილი და მისი «ნაცმო» პენსიონერებსა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ საქართველოს მოსახლეობას ამოწყვეტას უპირებს.

ამოიღეთ, ხალხო, ხმა და დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლე, თუ ამის ძალა კიდევ შეგრჩათ!

ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here