Home რუბრიკები პოლიტიკა ლოთი ქობალია: ივანიშვილის გარემოცვაში არიან შანტაჟისტები, ტერორისტები, რომლებმაც სამეგრელო ააოხრეს… რა გარანტიაა,...

ლოთი ქობალია: ივანიშვილის გარემოცვაში არიან შანტაჟისტები, ტერორისტები, რომლებმაც სამეგრელო ააოხრეს… რა გარანტიაა, რომ ისინი ივანიშვილსაც არ ესვრიან? გამსახურდიას ესროლეს და ივანიშვილს დაინდობენ?!

861

ლოთი ქობალია დღესდღეობით საქართველოში შექმნილ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, ამჟამად ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა არ არსებობს. ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის კოალიციაში არიან გაერთიანებულნი, ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანენ, უფრო მეტიც: შესაძლოა, საკუთარი ლიდერიც კი გასწირონ, ამაზე მათი წარსული მეტყველებს. რაც შეეხება «ტყის ძმების» მეთაურის _ დავით შენგელიას ციხიდან გათავისუფლებას, ქობალიას თქმით, ასეთი მძიმე მუხლით გასამართლებულ ადამიანს  ტყუილად არავინ შეიწყალებს…

_ სატუსაღოდან ვადაზე ადრე გათავისუფლებულ «ტყის ძმების» მეთაურს _ დავით შენგელიას 24-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს ასე ადვილად არ იწყალებენ, თქვენი აზრით, რას ემსახურება შენგელიას ციხიდან გამოშვება?

_ მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ციხიდან გაათავისუფლეს ისინი,  ვისი გათავისუფლებაც ამ ხელისუფლებას ხელს აძლევდა, ხოლო ის ადამიანები, ვინც შევარდნაძის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მოაწყვეს (მე არ ვთვლი, რომ ის ტერორისტული აქტი იყო), დღესაც იხდიან სასჯელს. უკვე ოცი წელი გავიდა, მაგრამ ისინი არავის გაუთავისუფლებია.

ამასთან, დღეს ციხეში სხედან ადამიანები, რომლებიც მტკიცედ იდგნენ ქვეყნის სადარაჯოზე  და საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანეს.

_ რა გავლენა აქვს «ტყის ძმების» მეთაურს გალსა და ზუგდიდში?

_ მე არ ვიცი დათოს გავლენასთან დაკავშირებით. შენგელია ჩვენთან არ იყო. ის მხედრიონის წევრი იყო, ახლა რეზერვისტებთან მივა თუ სხვაგან წავა,  ვერ გეტყვით, ის კი ვიცი, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები მაგას არ გაიკარებენ.

_ თუ ხელისუფლების ინტერესი არ არის, ასეთი მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანს  არ შეიწყალებენო, ამბობთ. ერთ დროს თქვენც ხომ შეგიწყალეს, როგორ ხდება ეს?

_ მე ჯერ ის ვერ გავიგე, რატომ დამაპატიმრეს _ საქართველოს რომ დამოუკიდებლობა მოვუტანე, ამისთვის ციხეში ჩამსვეს, მერე დამაბრალეს ათასნაირი უბედურობები. უნდოდათ, ჯაბა იოსელიანთან და კიტოვანთან ერთად გავესამართლებინე. მე მოვიპოვე თავისუფლება, მათ კი დანარჩენ საქართველოს ესროლეს ტყვია. სიკვდილით დასჯა მქონდა მისჯილი, მაგრამ ხელისუფლებამ განაჩენი შეცვალა, როგორც პოლიტპატიმარს, საერთაშორისო  ორგანიზაციების მითითებითა და შუამდგომლობით, განაჩენი შემიცვალეს და ვერ დამხვრიტეს. მე შევარდნაძემ კი არა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადამარჩინეს. არავისთვის არასდროს შეწყალება არ მითხოვია, ციხეში ჩემთან მოდიოდნენ პროკურატურის წარმომადგენლები და მთხოვდნენ, რომ დამეწერა შეწყალებაზე განცხადება, არც დამიწერია და არც დავწერ.

_ თქვენ თქვით, რომ ზუგდიდში არიან რეზერვისტები, არის იმის  ალბათობა, რომ ისინი საარჩევნო პროცესებში ჩაერთონ?

_ გეტყვით იმას, რომ, როგორ ხელისუფლებასაც ვიმსახურებთ, ისეთი ხელისუფლება გვყავს. მე მჯეროდა, რომ მოვიპოვებდით დამოუკიდებლობას, ვიბრძოლე და მივაღწიე კიდეც. ახლა  მე არ ვიცი, რა ხდება ზუგდიდში, მე არავის არ დავდევ კუდში, ახლა სოფლის მეურნეობით ვარ დაკავებული, ვხნავ და ვთესავ, შარშან სიმინდი ავიღე, მაგრამ არ გაამართლა, მომატყუა ხელისუფლებამ.

_ ალბათ, ამერიკულ ჰიბრიდულ სიმინდზე საუბრობთ

_ დიახ, ჰიბრიდულ სიმინდზე ვსაუბრობ, მითხრეს, _ თესლის ფულს გამოგიწერთო, და ისიც არ გამომიწერეს. ჰიბრიდული სიმინდი დავთესე და ვერაფერი მოვიწიე, არ გამოდგა ეს სიმინდი, სიმინდი კი არა ფუჩეჩი იყო და სხვა არაფერი, ბანკის ვალები დამედო. სახლი ჩავდე ბანკში და 20 ათასი ლარი სესხი გამოვიტანე, დღეს თუ არა ხვალ მომაკითხავენ და სახლს გამიყიდიან, როგორ გადავიხადო?! ქუჩაში ვრჩები.

_ გამოდის, რომ შევარდნაძის დროს დაგაპატიმრეს და სიკვდილი მოგისაჯეს, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი ჰიბრიდული სიმინდი შემოგასაღეს, რის გამოც ვალები დაგედო და სახლს გიყიდიან, ახლა ვისი იმედი გაქვთ, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას ხომ არ ელოდებით?

შევარდნაძეს ხელისუფლებაში ერთი ეროვნული სულის მატარებელი კაცი არ ჰყავდა და ამიტომ ეტირა დედაზვიად გამსახუდია მთლად ეროვნული რომ იყო, ამიტომ სხვებმა მოუღეს ბოლო. ამ ქვეყნისას ვერაფერს გაიგებ, ზოგი მასონია და ზოგიც   კი რა არის, არავინ  იცის.   მე ახლა დავბერდი და არ შემიძლია  ბრძოლა, იბრძოლონ სხვებმა, სიმართლე გითხრათ, არც ერთი ძალის არ მჯერა და არც ივანიშვილის. გუშინდელ მიტინგზე რატომ არ გამოვიდა 300 ათასი კაცი? . . ივანიშვილს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, არც ვიცი რა პრინციპით ხელმძღავანელობს. მე არ  ვიცნობ ივანიშვილს, არც  ივანიშვილის გარემოცვა მომწონს.

_ ვინ არ მოგწონს?

_ თუნდაც რესპუბლიკელები, ბერძენიშვილები და ბევრი სხვა.

_ ხელისუფლების შეცვლის იმედი არ გაქვთ?

_ ვერ გეტყვით, გააჩნია, როგორი არჩევნები ჩატარდება _ დემოკრატიული, სამართლიანი თუ უსამართლო,  დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლებებს ცვლიან, ერთმანეთს ულოცავენ ხელისუფლების გადაბარებას, ჩვენთან კი ასე არ ხდება. თუ ვართ ველურები, მაშინ დავტოვოთ მუდმივად ეს ხელისუფლება, ჩავარტყათ თავში და მოვერიოთ ოპოზიციას, მაშინ გვეყოლება სულ მიშა, მაგრამ ვიქნებით ველურები და არ ვიქნებით ქვეყანა, სახელმწიფო არ გვექნება…

თუკი არჩევნები კიდევ გაყალბდება და არ შეიცვლება ხელისუფლება, რა მოხდება ამ შემთხვევაში?

_  გააჩნია, ხალხს რა უნდა, რატომ არ გამოვიდა  თუნდაც ნახევარი მილიონი კაცი თბილისში? ჩემი აზრით, არ იყო საკმარისი 100 ათასი კაცის გამოსვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწონთ და უნდათ ეს ხელისუფლება. იცით, რას გეტყვით? ვინც გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას ებრძოდა, ვინც პრეზიდენტი დაამხო, ვინც დამოუკიდებელ საქართველოს ომი გამოუცხადა, ის ხალხია ივანიშვილთან. მე შეიძლება ივანიშვილის მჯეროდეს, მაგრამ იმ ხალხთან ვერ დავდგები. ივანიშვილის გარემოცვაში არიან შანტაჟისტები, ტერორისტები, ვინც სამეგრელო ააოხრა. რა გარანტიაა, რომ  ისინი ივანიშვილსაც არ ესვრიან? გამსახურდიას ესროლეს და ივანიშვილს დაინდობენ?!

_ დარწმუნებული ხართ, რომ ივანიშვილსაც გარემოცვა დაღუპავს? კერძოდ  ვის გულისხმობთ?

_ თუნდაც ყარყარაშვილს, რომელიც თბილისის გადაწვაში მონაწილეობდა. გარდა ამისა,  შევარდნაძის დროინდელი ფუნქციონერები ივანიშვილთან არიან.

ყარყარაშვილი ცუდი კაცია?

_ აბა, კარგი კაცია? ყარყარაშვილმა და მისმა ბანდამ  ესროლა დამოუკიდებელ საქართველოს.

_ ძალიან ცუდ პროგნოზს აკეთებთ ივანიშვილზე, რატომ?

_ რა გარანტია მაქვს, რომ ისევ არ დამიწყებენ  სროლას.

_ ვინ დაგიწყებთ სროლას _ ივანიშვილის კოალიციის წევრები?

_ დიახ, როგორც გითხარით, ივანიშვილის გარემოცვაში არიან შანტაჟისტები, ტერორისტები, ქვეყნის დამაქცევარნი, სამეგრელო რომ ათასჯერ ააოხრეს.

_ ვინ ააოხრა?

_ ყარყარაშვილს თავი დავანებოთ, თუნდაც დავით თევზაძე იქ არ არის?

_ მერე თევზაძემ ააოხრა სამეგრელო?

_ ის არ გვებრძოდა?  გამოსულიყო ცალკე და იმათთან არ ყოფილიყო, თუ არ უნდოდა. ამხელა ქვეყანა დაინგრა, ერთი კაცი მითხარით, რომელიც გაასამართლეს.

_ რას იტყვით ახალი ქალაქის  _ ლაზიკის აშენების თაობაზე?

_ ხალხო, ამ პატარა საქართველოში 9 სახელმწიფო შეიძლება შეიქმნას?

მე არ ვიცი, რა მისია აქვს ლაზიკას. თუ სააკაშვილს უნდა, რომ ის გაჭირვებული ხალხი, ვინც ბარაკებში ცხოვრობს, იქ ჩაასახლოს, ვერ გეტყვით. თუ ლაზიკაში თურქი-მესხები, თურქები, გერმანელები ან ამერიკელები სურთ ჩაასახლონ, ვერც  ამას გეტყვით. მაგრამ მალე აზერბაიჯანელები ბორჩალოს, სომხები ჯავახეთს  მოგვთხოვენ. აფხაზეთის დაბრუნებამ ჩაილურის წყალი დალია, დაკარგულია და ვერასოდეს დავიბრუნებთ. ორი ოსეთი ხომ გვაქვს?  ჰოდა,  ლაზიკაც მეორე აფხაზეთი იქნება.

_ ოქტომბრამდე რამდენიმე თვე დარჩაროგორ ფიქრობთ, ჩატარდება სამართლიანი არჩევნები?

_ თუ ეროვნული ძალები არ დადგა ერთად, მე არაფრის იმედი არ მაქვს, ცარიელი თოხი მაქვს, ისიც თუ არ წამართვეს.

_ ყოველთვის სამეგრელოდან იწყებოდა ქვეყნის გაერთიანება, ფიქრობთ, რომ  ხელისუფლების შეცვლა  ამჯერად სამეგრელოდან დაიწყება?

_ არ ვიცი, დღეს ვის რა მიზანი აქვს და რისთვის ცხოვრობენ ადამიანები. ისეთ საზიზღრობებს ვხედავ, გული მერევა.

_ რას გულისხმობთ?

_ თბილისში რამდენიმე კვირის წინ ე.წ. პარადი რომ მოაწყვეს. აფთარი ხომ უბედური ცხოველია, ის თავის ნაშიერს ჭამს, მაგრამ ისიც კი არ იკადრებს იმას, რასაც ისინი კადრულობენ.

_ ვინ ისინი?

_ იცით, თქვენ, ვისზეც ვამბობ _ მამათმავლობაზე არც ერთი ცხოველი არ მიდის…  ამ «პიდარასტებს» ვინც მფარველობს, დამნაშავეები არიან. ყველაზე ცუდმა ცხოველმა _ აფთარმა როგორ უნდა აჯობოს ადამიანს? ზოგიერთი რომ აცხადებს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ნებადართულია ასეთი რამო, რაა დემოკრატია, ხალხო, მამაკაცის მამაკაცთან დაწოლაა დემოკრატია?! შევარცხვინე ასეთი დემოკრატია, სადაც მამათმავლობაა. თბილისში ჩამოსვლა უკვე არ მინდა _ ვინმე «პიდარასტმა» ხელი რომ არ ჩამომართვას და არ წამბილწოს. ციხეში ასეთ ადამიანებს სიგარეტს არ აწოდებენ ხელში. ძალიან იმედგაცრუებული ვარ ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც _ ასეთი საქართველო არ მინდა. მე რომ ხელახლა დავიბადო, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის კი არ ვიბრძოლებ, არამედ ერის სიწმინდისთვის, ან ბერი გავხდებოდი, ან _ მღვდელი. დემეტრე თავდადებულს თავის ცხოვრებაში დროსტარების მეტი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ კრიტიკულ მომენტში თავი გაწირა და საქართველოს რწმენა შეუნარჩუნა.  დღეს ისევ დადგა  თავგანწირვის დრო…

ესაუბრა ეთერ ბალაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here