Home რუბრიკები პოლიტიკა მიშაო ჩვენო, რომელი ხარ ჰავლაბარსა შინა…

მიშაო ჩვენო, რომელი ხარ ჰავლაბარსა შინა…

595

შარშანდელი შემოდგომის პირველმა ელდამ ამ გაზაფხულზე «ნაცებს» ლამის გაუარა, რადგან ბიძინა ივანიშვილის წარმოუდგენლად მაღალი რეიტინგი რამდენიმე თვის მანძილზე ბუნებრივად შემცირდა. ხალხი ელვისებურ ქმედებას და სწრაფ შედეგს ელოდა, მაგრამ «ქართული ოცნების» ლიდერმა «ნებიერი» მოქმედება ამჯობინა. სიქაგაცლილი ხალხი დაიბნა, ოპოზიციურ კოალიციაში გაერთიანებულ სუბიექტებსაც ეჭვის თვალით დაუწყო ყურება და «ნაცებმაც» იფიქრეს, რომ მოსახლეობა საბოლოოდ, სააკაშვილის საყვარელ ტერმინს თუ გავიხსენებთ, «დააჩმორეს», მაგრამ თავისუფლების მოედანზე გამართულმა აქციამ ნაცელიტას თავზარი დასცა.

27 მაისის აქციით დაფეთებული «მიშმადიდებლები» დღეს ყველაზე ერთგულებსაც კი ეჭვის თვალით უყურებენ; აინტერესებთ, კიდევ რამდენი გამოთქვამს მზაობას, შეუერთდეს საპროტესტო ტალღას, რომელიც წალეკვით ემუქრება «ნაცმოძრაობას» მისი ლიდერიანად. თუმცა სააკაშვილის გარემოცვაში ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში შესვლის დროსაც კი «მამაო ჩვენოს» ნაცვლად «მიშაო ჩვენოს» ბუტბუტებენ.

არც არის გასაკვირი, რადგან ზოგიერთი «ყოვლადუსამღვდელოესობა» «ჯიპ-ჯიპა» მეუფეც კი ლამის ეთაყვანება ეშმაკთან «ფიც-ვერცხლნაჭამ» ბელადს. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც მახათას მთაზე მისული არაადეკვატური პრეზიდენტის მიმართ გამოვლენილი სისათუთე და პირმოთნე ღიმილით გადაცემული საჩუქარი, რომლის ჯიბეში ჩატენვასაც ამაოდ ცდილობდა კოორდინაციადარღვეული. მათ არც სააკაშვილი ტოვებს უკმაყოფილოებს და საპასუხოდ სახელმწიფო ჯილდოებითაც ანებივრებს. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს «ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით» დაჯილდოება იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ უფასდებათ ფარისევლებს სააკაშვილის დიდების ხელაპყრობით აღვლენა.

«დაგჭირდეს?.. დაღვარე სისხლიც!» _ მიმართავს მეუფე კალისტრატე სააკაშვილს. მაგრამ «ნაციონალური მოძრაობის» მზე ჩასასვენებლად ემზადება. ხელისუფლების ვერტიკალი რღვევას იწყებს და სულ მალე ისეთი პროცესების მომსწრენი გავხდებით, არაერთხელ რომ გვიხილავს არცთუ დიდი პოლიტიკური გამოცდილების ქართველებს. მთავარია, საქართველოს ცა ქართველთა უგუნურებით კვლავაც სისხლისფრად არ შეიღებოს. არამხოლოდ ბუნებრივ, პოლიტიკურ დაისსაც ახლავს ხოლმე ასეთი «შეფერილობა» და ხალხის გონიერებასა და ხელისუფლების წევრების თვითგადარჩენის ინსტიქტზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

სააკაშვილისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ეტაპი დგება. ეს არამხოლოდ მისი, არამედ მისი გარემოცვისთვისაც გადამწყვეტი ბრძოლა იქნება, არა საქართველოსთვის, როგორც თავის დროზე შეატყუა შევარდნაძის მმართველობით თავმობეზრებულ საზოგადოებას. მისი «თხოვნა» მუბარაქის სტილში, «2-3-4 წელი კიდევ მაცადეთ», სწორედ იმის მანიშნებელია, რომ «ნაცების» ძალაუფლებით ტკბობის გარიჟრაჟზე გახმიანებული სურვილი, 30 წლით მოვედით ხელისუფლებაშიო, უკვე რეალიზების სტადიაში შევიდა. ასე სთხოვა მუბარაქმაც ეგვიპტელებს, ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა და მათ დაუჯერეს. აცადეს და შემდეგ 30 წელი უყურებდნენ. აცადეს, მაგრამ ცუდად დასცადეს და ბოლოს ტაჰრირის მოედანზე ხანგრძლივი და მომქანცველი პროტესტით გაისტუმრეს ჯერ სახლში, შემდეგ კი _ განსასჯელის სკამზე.

თუმცა რად გვინდა მუბარაქის გახსენება. საქართველოში მაინც არავინ დააცდის სააკაშვილს არათუ 30, არამედ 2 წელიწადსაც კი, და თუ «ნებიერად» წასვლას არ ინებებს და კვლავაც შეეცდება «ლაზიკისა» და «დიდგორის» დემონსტრირებით (უპილოტო საფრენი აპარატები სათვალავში ჩასაგდები არ არის) ხალხის დაშინებას, ყველაფერი გაცილებით ადრე დასრულდება, ვიდრე წარმოუდგენია _ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

საზოგადოების პროტესტი უკვე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ეს კარგად ესმით გონიერ ადამიანებს ხელისუფლებაში. წარმოიდგინეთ, ასეთებიც არიან იქ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უგუნური გადაწყვეტილების შესრულება უწევდათ წლების მანძილზე. ხოლო «ქართული ოცნების» ორიოდ დღის წინანდელი საპროტესტო აქცია, რომელიც თავიდანვე დაანონსებული იყო, როგორც თვით ამ პარტიის და, საერთოდ, კოალიციაში გაწევრიანებული სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, სინამდვილეში დიდ ოპოზიციურ თავყრილობად გადაიქცა.

იქ ბევრი ისეთიც იყო, კოალიციაში გაწევრიანებული ცალკეული სუბიექტების მიმართ ანტიპათიას რომ არ მალავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის სურვილის გამო აგრესიული ფორმით გამოვლენას ერიდებოდა. გასაგებია, რომ ივანიშვილისგან შერისხული რამდენიმე ოპოზიციური პარტია იქ არ მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხის ოცნება (სააკაშვილის წასვლა რაც შეიძლება ჩქარა და რაც შეიძლება მშვიდობიანად) უკვე «შეკვეთილია» და ოქტომბრამდეც დიდი დრო აღარ დარჩა. ის პოლიტიკური სუბიექტები კი, რომლებიც ამ პროცესს ხელს შეუშლიან, ამ არჩვენების შემდეგ მალე მიეცემიან დავიწყებას.

სხვათა შორის «ქართული ოცნება» აქვთ «ნაცმოძრაობას» შეზრდილი სახელისუფლო ვერტიკალის საშუალო და დაბალ რგოლებსაც. ისინი შორიახლო უვლიან «მეოცნებეებს» და მათთან საერთო ენის გამონახვასაც ცდილობენ (რას ვიზამთ, საქართველოა და აქ პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიაზე მეტად ძმაკაცობა, ნათელ-მირონობა, უბნელობა და ნაცნობობა ჭრის). ამ «ნაცრონინის» შესახებ კარგად იციან «ნაცმოძრაობის» მამებმა (დედებმაც!), მაგრამ მოქმედების დახვეწილი ფორმულის შემუშავება ჯერ ვერ მოასწრეს და არც ამერიკელი პატრონ-მყვარებლები ეხმარებიან. ამიტომაც უხეშად მოქმედება დაიწყეს, მაგრამ მაია მიმინოშვილის გათავისუფლების მსგავსი «პირუეტი» უკვე მათსავე საწინააღმდეგო შედეგებს იძლევა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გათავისუფლებიდან მეორე დღესვე ბიძინა ივანიშვილმა ისტუმრა ბევრი «ნაცისთვის» საოცნებო შუშის სასახლეში და პირისპირ ესაუბრა. არ მინდა ერთხელ თქმული სიტყვების «ღალატის წახალისების» გამეორება, მაგრამ საზოგადოების ისედაც გაორებული დამოკიდებულება უფრო მეტად გამძაფრდა, რადგან ხალხს არ მოსწონს თანამდებობიდან გაგდებულის მოთქმა რეჟიმის უსამართლობაზე და მისი გმირად შერაცხვა. მით უმეტეს, თუკი მანამდე ეს უკანასკნელი სააკაშვილის მთავრობის მინისტრიც იყო და საზოგადოებას მისგან არასოდეს მოუსმენია ძვირი ამავე რეჟიმის სასტიკ ქმედებებზე და ერთგულადაც ემსახურებოდა წლების მანძილზე.

ამ ბოლო მაგალითმა, განსაკუთრებით კი გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების პროტესტმა (გახსოვთ, ბოლოს როდის მოისმინეთ სახელმწიფო სტრუქტურის ჩინოვნიკების უკმაყოფილო ბუზღუნი?) «ნაცები» დაარწმუნა, რომ, საქმე საქმეზე როცა მიდგება, ბევრი მოიძულებს მკვებავ პარტიას და ყველაზე დიდი «მეოცნებეებიც» გახდებიან. მით უფრო, რომ მისასვლელიც აქვთ _ «სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა»… ერთ დროს მონოლითურად შერაცხილი პარტია კი ძაღლის მიფსმული თოვლივით დადნება და მხოლოდ ყვითელ ლაქად დააჩნდება ამ 8 წლის მანძილზე «აღმა ხნულ და დაღმა ფარცხულ» მშობლიურ მიწას.

სააკაშვილის არაადეკვატურობის ამპლიტუდა კი უკვე საგანგაშოა. სულ მალე, შესაძლოა, საერთოდაც დაირღვეს გრავიტაცია პრეზიდენტის სასახლეში და გამორიცხული არ არის, უავგუსტესმა «ღალატში» ეჭვმიტანილების თავები მოითხოვოს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც კი. სწორედ ეს აშინებთ სააკაშვილთან «განდობილებს» და ამიტომაც ცდილობენ, ხალხთან მისი ყოველი შეხვედრა «ავე მიშას» აკომპანიმენტით წარმართონ, ხოლო მკოცნელი მოხუცების რაზმეულებს ახლა ბავშვების ჩახუტება და კოცნაც დაემატა.

შიშს დიდი თვალები აქვს და ამ შემთხვევაში «ნაცმოძრაობის» დიდმოხელეები ცდილობენ, შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ გამოძვრნენ მდგომარეობიდან. ეს ადვილი საქმე არ იქნება, მაგრამ ადამიანი, მოგეხსენებათ, მოაზროვნე კი არის, მაგრამ მაინც ცხოველია და ინსტიქტები მასაც აქვს. ჩვენს  შემთხვევაში ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, თავისი პრიმატი წინაპრის მსგავსად, განსაკუთრებით გაუმძაფრდა ცხოველური ინსტიქტი და ეს ბუნებრივიცაა, _ მათ დაგროვილი ქონების, ზოგიერთებს თავისუფლების, ზოგიერთებს კი სიცოცხლის დაკარგვის საფრთხე აშინებთ. მართალია, «ქართული ოცნების» ლიდერები შიგადაშიგ საყოველთაო შენდობის «სეანსებს» უტარებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ეს გარანტიები ხალხის აღშფოთებას იწვევს და «დიდი მეოცნებეებიც» პატრუქს უწევენ, რადგან, შესაძლოა, ამან (შენდობით მოტყუების მცდელობამ) მათ მიმართ ხალხის ნდობის ვოტუმი სერიოზულად დააზარალოს.

მაგრამ, სანამ «ქართული ოცნების» განკითხვის დრო მოვა (ამ შემთხვევაში გაფრთხილებებით), «ნაცმოძრაობის» შიდა საფრთხე კიდევ უფრო რეალურ კონტურებს შეიძენს და შესაძლოა, გაუფრთხილებელ რისხვად დაატყდეთ თავს ცალკეულ ინდივიდებს. ყველას გვახსოვს, რომ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ სიღარიბეზე მოთქვამდნენ, როცა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სახელისუფლო ბლოკს ფული დასჭირდა, მაგრამ ე. წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასეულობით მილიონი მიართვეს სააკაშვილის ცერბერებს საკუთარი თავისუფლებისა თუ ხელშეუხებლობის სანაცვლოდ.

ეს ყველაფერი კარგად იციან სააკაშვილმაც და მისმა შპს «საქართველოს» სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმაც _ სულ რამდენიმე ადამიანმა, ვისთან ერთადაც პრეზიდენტს არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. ასე რომ, მალე დაიწყება «ნაცების» ფავორიტი ბიზნესმენების (აბა, ხალხს სულის იქით აღარაფერი აბადია!) გაყვლეფის მორიგი სეანსი. ხელისუფლებასთან შეზრდილი «ნაცებიც» იძულებულნი გახდებიან, გადანახული ქისები საერთო ყულაბაში ჩააპირქვაონ. სააკაშვილთან ნამდვილად არ გაუვათ წუწუნი და მოთქმა, რადგან მერაბიშვილისა და ადეიშვილის უწყებებმა ყველას შესახებ ყველაფერი იციან. მოგელაძე კი არამხოლოდ «მთავარი მეოცნებისთვის», არამედ მათთვისაც მოიცლის და ისევე არ შეუტოკდება შუბლის ძარღვი, როგორც ფონდ «ქომაგისთვის» ევროპიდან გადმორიცხული შემოწირულობის აწაპვნისას არ შეტოკებია.

ამიტომაც ცდილობენ «მთავარი ნაცები» ბელადის კეთილგანწყობის შენარჩუნებას და ამიტომ ძვრებიან ტყავიდან შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკები, როგორმე ასიამოვნონ მრისხანე პითონს; ამიტომაც ლოცულობენ მის მზეს და გალობენ «მიშაო ჩვენო, რომელი ხარ ჰავლაბარსა შინა», მაგრამ სააკაშვილიც კარგად იცნობს ამათ მოდგმას და ისიც იცის, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს ღალატისთვის. ეს ის ხალხია, რომელიც ხვალვე პირს იბრუნებს სოლოლაკისკენ და იქ აღავლენს «სადიდებელს».

ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here