Home რუბრიკები საზოგადოება მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი საქართველოს უტევს

მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი საქართველოს უტევს

1250

წერილი მეორე

მსოფლიოეკონომიკური კრიზისის მთავარი გაკვეთილი მსოფლიო გლობალური მეურნეობის სუბიექტთათვის, ანუ სახელმწიფოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ერთიან მსოფლიო წესრიგზე პასუხისმგებლობას იღებენ, არის იმის შეხსენება, რომ შიდა ბაზრის განვითარების გარეშე კრიზისიდან ვერ გამოვლენ; რომ კრიზისთან ბრძოლის გასაღები მათ ხელშია და მართებთ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ როლს ამ საერთო საკაცობრიო საქმეში. დევიზი «იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად» ახალ შინაარსს იძენს: იფიქრე მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში შენს როლსა და ადგილზე, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, აშენე საკუთარი ეკონომიკა.

ინტერესთა ჰარმონიზაცია თუ ყველა თავისთვის

შიდა ბაზრის განვითარებაზე ზრუნვა ნიშნავს, რომ,  განვითარების დონიდან გამომდინარე, თითოეული ცალკე აღებული ქვეყანა, მიუხედავად მსოფლიო ბაზარზე მისი ეკონომიკის ინტეგრირებულობის ხარისხისა, ვალდებული ხდება, საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის საფუძველზე მიაღწიოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას. მაშასადამე, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის უმთავრესი მიმართულება არის ძალთა პოლიტიკურ-ეკონომიკური კონცენტრაცია მაკროეკონომიკურ ამოცანათა რეალიზაციის მიზნით.

ეს ნიშნავს, რომ იზრდება დაინტერესება იმ რესურსების ასამოქმედებლად, რომლებიც არსებობს და სათანადოდ გამოყენებული არ არის. ამიტომ, როდესაც საუბრობენ ეკონომიკის მოდერნიზაციაზე, სულ უფრო ხშირად და ახალი შინაარსით გაისმის სიტყვა ინდუსტრიალიზაცია. შესაძლებლობის ფარგლებში ახალი ტექნოლოგიების ათვისება და მათ საფუძველზე ეკონომიკის ორგანიზაცია გახდა ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებელ პირთა თავსატეხი. როგორც ვხედავთ, მსოფლიო კრიზისის გაკვეთილებმა მსოფლიო ბაზრისა და გლობალური ეკონომიკური სივრცის მონაწილენი კვლავ დააბრუნა თავიანთ მთავარ საზრუნავთან, კერძოდ, ეკონომიკის რეალურ სექტორთან.

დღეისთვის ნათელი ხდება, რომ, ერთია, მსოფლიო საერთო კანონზომიერებათა მიხედვით სამეურნეო ცხოვრების ორგანიზაცია და, მეორეა, მისი საკუთარი შესაძლებლობების დამოუკიდებლად, შეფარდებით გამოცალკევებულად გამოყენება. ეს არ არის ერთმანეთის საწინააღმდეგო ტენდენციები, რადგან მხოლოდ მოცემული დროის პირობებში ეკონომიკურ-პოლიტიკური აქცენტების გამოხატვის შესაძლებლობას ქმნის. იგი მოითხოვს მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკისა და  მანევრირებისუნარიანი სამეურნეო მექანიზმების არსებობას. თუ საქართველო არ მიიღებდა გლობალიზებული მსოფლიოს მიერ შემოთავაზებულ სამეურნეო საქმიანობის გაძღოლის მექანიზმს. 1993-1994 წლებში იგი უბრალოდ დაიღუპებოდა, რადგან, იმ კონკრეტული ისტორიული პირობებიდან გამომდინარე, მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების მეხუთედი ძალით. მსოფლიო მონეტარულ სისტემაში გაერთიანებითა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის მთავრობის ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ გლობალიზაციის მოთხოვნების პოლიტიკური აღიარების საფუძველზე, საქართველომ დაძლია ურთულესი სტრუქტურული კრიზისი და შეძლო საკუთარი პოტენციალის გამოვლენა. შემდეგში, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება მსოფლიო ბაზარზე ისეთი ფორმებით განხორციელდა, რომ თანდათანობით უარი ვთქვით ეკონომიკის შეფარდებით გამოცალკევებულობაზე და მთლიანად მივენდეთ გლობალიზაციის რთულ და განუსაზღვრელ ტენდენციებს. 

ახლაც, თუ დავაკვირდებით მსოფლიო პოლიტიკურ ძალთა შეჯიბრებითობის პროცესს, დავინახავთ, რომ ბევრ სახელმწიფოში მიმდინარეობს ბრძოლა გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციების ჰარმონიზაციის მიმართულებით, მის საფუძველზე პოლიტიკურ-ეკონომიკური პრიორიტეტების განსაზღვრისათვის.

საფრანგეთში ნიკოლა სარკოზის დამარცხება მის მიერ გლობალიზაციის ტენდენციებისთვის  უპირატესობის მინიჭების შედეგია. ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ფრანსუა ოლანდი წარმოადგენს, მოითხოვს, რომ საფრანგეთმა თავი დააღწიოს კრიზისს, უპირატესად, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით. ანალოგიური წინააღმდეგობრიობით ხასიათდება საბერძნეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიც. გლობალიზაციის ევროპულ ინტეგრაციის ეკონომიკურ ტენდენციებს მინდობილი საბერძნეთის წინაშეც დაისვა საკუთარი მაკროეკონომიკური პოტენციალის უფრო სრულად გამოყენების ამოცანა.

იგივე პრობლემა მთელი სიცხადით დგას საქართველოში. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, გამოძებნოს ეკონომიკის გამოცოცხლების შესაძლებლობები. მას თითქოს კიდეც «დაავიწყდა» ეკონომიკური «თავისუფლების აქტი»  და ყველანაირად ცდილობს, ეკონომიკაში შემოიტანოს უცხოური ინვესტიციები, შეძლოს ზრდის მიღწეული პარამეტრების შენარჩუნება. მაგრამ იმ მექანიზმების გარეშე, რომლებიც შეძლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებას, მისი ძალისხმევა მოკლებულია რეალურ შედეგებს.

 რეალური შედეგების მიღება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენს საქმიანობაში შემოვა მიზანდასახულობის ელემენტები, როდესაც მკაფიოდ გვეცოდინება, რას და რატომ ვაკეთებთ. ეს მექანიზმები კი ადეკვატური უნდა იყოს როგორც მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებისა, ასევე  უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რეალობებიდან. ამიტომ თითოეული ქვეყნის ძალისხმევა მიმართული უნდა იქნეს, პირველ რიგში, საკუთარი შესაძლებლობების ასამოქმედებლად ეკონომიკის იმ სფეროში, რომელიც მიღებული მეთოდოლოგიით ძირითადად პასუხისმგებელია შიდა ბაზრის ფორმირებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. როგორც ვიცით, მას  რეალურ სექტორს უწოდებენ და ეკონომიკაზე პასუხისმგებელი პოლიტიკოსების უმთავრესი ძალისხმევაც მისი მოდერნიზაციისა და შედეგიანობის ამაღლებისკენაა მიმართული.

წვრილი მეურნეობა თუ ეკონომიკის ფლაგმანები?

რას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი დღეს? ვის შეუძლია ამ საკითხზე პასუხის გაცემა? არსებობს კი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც ამ სფეროს მდგომარეობის ანალიზია ასახული და მისი განვითარების ტენდენციებზე საუბრობენ? ასეთი დოკუმენტის არსებობა მე არ ვიცი. ჩემი ვარაუდით, იგი უნდა არსებობდეს, რადგან სხვა შემთხვევაში მსოფლიოს ბანკი ჩვენთან აქტიურ პოზიციას ვერ დაიჭერდა.

შევეცდები, პასუხი გავცე ზოგიერთ კითხვას.

საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი შედგება კორპორაციული მსხვილი სამრეწველო წარმონაქმნებისგან და, აგრეთვე, ინდივიდუალიზებული, წვრილი, ცალკეულ შემთხვევაში, პარციალური _ კერძო, რაიმეს შემადგენელი ნაწილის საფუძველზე ორგანიზებული მეწარმეობისგან. თუ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ აქ წვრილი მეწარმეობა ბატონობს. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს ეკონომიკა არის სიღარიბის დაძლევის ისეთი მაკროსტრუქტურა, რომელიც ძირითადად ინდივიდუალურ და მცირე მოცულობის სამეურნეო აქტივობის საფუძველზე ვითარდება.

ეკონომიკაზე მსჯელობისას ლაპარაკობენ მცირე ბიზნესზე, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის მცირე, რადგან იგი ბედის ანაბარა მიტოვებულ პარციალურ _ კერძო სასოფლო სამეურნეო მეწარმეთა და ინდივიდუალურ, საოჯახო შრომით შესაძლებლობებზე დაფუძნებული სავაჭრო და ინფრასტრუქტურის მეურნეობათა სტიქიური კონგლომერატია. ეს საწარმოები, ნახევარ მილიონზე მეტი საგლეხო მეურნეობა, რომლებიც ერთ ჰა-ზე ნაკლებ მიწის ნაკვეთს განკარგავენ, და ასეთივე სიმძლავრის სავაჭრო და მომსახურების მიმართულების ბიზნეს-წამოწყებები მოკლებულია თანამედროვე ბაზრისთვის ადეკვატური მექანიზმების საფუძველზე მოქმედების შესაძლებლობას. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას მსოფლიო და შიდა ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე, ვერ სარგებლობენ საბანკო მომსახურებითა და სადაზღვევო სისტემით, უძლურნი არიან ბუნებრივი სტიქიის წინაშე, მხედველობაში მაქვს გლობალური დათბობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის  აგროვადებს კარდინალურად ცვლის. მეწარმეობის ამ სექტორზე არ და ვერ ვრცელდება სამეწარმეო კანონმდებლობა. ისინი მხოლოდ  შრომატევადი, პრიმიტიული ტექნოლოგიების ბაზაზე არსებობს. სამწუხაროდ, ბედის ანაბარა მიტოვებულ ამ სამეწარმეო პოტენციალის  იმედი შიდა ბაზრის გააქტიურებებისთვის აღარ უნდა გვქონდეს, რადგან თანდათან ღარიბდება და განიცდის ლუმპენიზაციას. ამიტომ მის შიგნით ამ ბოლო დროს გაჩნდა საზღვარგარეთ მიგრირების ძლიერი ტენდენცია. მეწარმეთა ეს სიმრავლე რეალურად არის ფარულ უმუშევართა არმია, რომელთაც პირადი და საკუთარი ოჯახის წევრების სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ძალები არ გააჩნია. ამიტომ, მეწარმეობის ამ სეგმენტის რადიკალური ტრანსფორმაციის გარეშე, შეუძლებელია რაციონალურ სამეურნეო პროგრამებში ჩართულობა.

ამ პრაქტიკულად ლუმპენიზირებული, წვრილი მეწარმეების გარდა, ჩვენს ქვეყანაში არსებობს მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოები. ამის დასტურია, ის პიარაქციები, რომლებითაც წარმოგვიდგენენ მათ მიღწევებს და გვპირდებიან უკეთეს შედეგებს. ამ საწარმოთა შორის მუდმივად არიან «მოწინავენი», რომელთა საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი. სახელმწიფო დაკვეთები (რომლის წილი 4 მილიარდ ლარს აღემატება, მათ შორის, მნიშვნელოვანია უცხოური გრძელვადიანი კრედიტების ათვისება), საკომუნიკაციო საქმიანობა და ა. შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ის მოთხოვნები, რასაც ბაზარს უყენებს ჩვენი მოსახლეობა, ძირითადად, ამ კომპანიების მეშვეობით არის რეალიზებული, იმდენად მაღალია, მისწრაფებები უცხოური იაფი ნაწარმისადმი.

ამგვარად, ჩვენი რეალური სექტორი სამი სეგმენტისაგან შედგება: ლუმპენიზირებული წვრილი მწარმოებლები, სამეწარმეო კანონმდებლობით დაცული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს ერთეულები _ სამეურნეო ელიტა. მათთან ერთად ბაზარს შეგუებული, ცოტა დაბნეული, მაგრამ მაინც მებრძოლი წვრილი მეწარმენი. ამათგან პირველი ორი, ჩვენი ხელისუფლების დასაყრდენია, რადგან ლუმპენები და ელიტა მუდმივად იმ ხელისუფლებას უკმევენ გუნდრუკს, რომელიც რეალურ დროში არსებობს. შესაბამისად, პოლიტიკოსებს, ძლიერ უჭირთ, გაერკვნენ, თუ რამდენად «რეალურია» ქვეყანაში არსებული სამეწარმეო სივრცე და განსაზღვრონ მისი განვითარების მიმართულებები. აბა, რით არის გამოწვეული ჩვენი პოლიტიკოსების მუდმივი აპელირება იმაზე, რომ «ჩვენ არც ნავთობი და არც სხვა რაიმე რესურსი არ გვაქვს», მაშინ, როდესაც პირველი ქართული რესპუბლიკის ეკონომისტ-პოლიტიკოსები: ზურაბ ავალიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და სხვები მსოფლიოს უმტკიცებდნენ, რომ ჭიათურის მარგანეცი და წყალტუბოს თერმული წყლები საქართველოს სამეურნეო თავისთავადობის სრულ გარანტიას იძლევაო. დავუმატოთ ამას ქვემო ქართლის სპილენძის საბადო, სასმელი და სამკურნალო წყალი და ასე შემდეგ… ამ სიმდიდრის პატრონები რატომ უნდა გავიძახოდეთ, რომ რესურსები არ გვაქვს?!

ნეოკოლონიალიზმის ქართული სახე

მკითხველი, ალბათ, დამეთანხმება, რომ მასალა, რომელშიც ასახული იქნება: ფოთის ნავსადგურის, ჭიათურ მანგანუმის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, მადნეულის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის, რუსთავის აზოტის, რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნების, საქართველოს რკინიგზისა და სხვა კორპორირებულ საწარმოთა მდგომარეობა, ჩვენთვის უცნობია. რა ვიცით ჩვენ, ამ ერთ დროს, ჩვენი ეკონომიკის უდავო ფლაგმანების შესახებ? არც არაფერი, ამ საწარმოებს თუ დავუმატებთ ელექტრონული კომუნიკაციების, ენერგო გენერაციის, სამოქალაქო და საგზაო მშენებლობის სხვა საწარმოებს, დავინახავთ, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორი არც თუ მარტივ და იოლად ხელწამოსაკრავ განზომილებას წარმოადგენს. მაშ, რატომ ვამახვილებთ ყურადღებას წვრილ მწარმოებლებზე და ჩვენი მეურნეობის უმნიშვნელოვანესი ობიექტები საზოგადოების ინტერესის მიღმა გვრჩება? ეს, ჩემი აზრით, იმის გამო ხდება, რომ ქართული კორპორაციული კაპიტალი (ცალკეული გამონაკლისების გარდა), მიუხედავად მისი ისტორიული წარმოშობისა, საკუთრებითი ურთიერთობებისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით, სულაც არ არის ქართული, უცხოური საწარმოებია. ხოლო ჩვენს ქვეყანას მათი კონტროლის არც მექანიზმები გააჩნია და არც ეკონომიკის ინსტიტუციონალური სისტემა, რომელიც მათ ერთიან ქართულ სამეურნეო სივრცის წიაღში შეინარჩუნებდა.

გასული საუკუნის 50-იან წლებში  მოვლენას, როდესაც მსხვილი სამრეწველო ობიექტები ამ ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების პროცესში უშუალოდ არ მონაწილეობს, ე. ი. არ არის ეკონომიკური პოლიტიკის უშუალო სუბიექტები და ხელისუფლება მათზე ზეგავლენას არ ან ვერ ანხორციელებს, «ნეოკოლონიალური» ტიპის საწარმოები უწოდეს. ტერმინი «ნეოკოლონიალიზმი» სსრკ-ის კომუნისტების მოგონილი კი არა, ლათინურ-ამერიკული წარმოშობისაა და ნიშნავს სუვერენული სახელმწიფოს სხვა, უფრო ძლიერის მიერ ეკონომიკურ დაქვემდებარებას.

ამგვარი ეკონომიკური პროცესების რეგულირების მიზნით, XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით, ხორციელდებოდა საკუთრებრივად და მენეჯმენტით «გაუცხოებული» საწარმოების ეროვნულ-ეკონომიკურ სისტემაში ჩართვის მექანიზმების შემუშავება. ამ მიზნით, გაერომ 70-იან წლებში ცალკეულ საერთაშორისო საწარმო ერთეულებს «ტრანსეროვნული» ან «მულტიეროვნული» (ქართულად, ზეეროვნული) კორპორაციების სახელი მიანიჭა და შექმნა მათი საქმიანობის კონტროლის სპეციალური კომისია. საქართველოში შემოსულ იმ კაპიტალს, რომელიც ექსპლუატაციას უწევს «ჭიათურმანგანუმს», «მადნეულს» და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, არაფერი აქვს საერთო ტრანსეროვნულ კორპორაციებთან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ საწარმოებს ფლობენ «ობშორებში» მიმალული სათაო ოფისების პატრონები. ჩვენს ქვეყანაში მათ შეძლეს მუშაობის განსაკუთრებული პირობების მოპოვება _ რესურსების ექსპლოატაციის საუკეთესო შესაძლებლობებს მიაღწიეს. საერთაშორისო სამეურნეო ნორმებით, ასეთი ტიპის კომპანიები კვაზიკორპორაციებია, რადგანაც იგივე დამოკიდებულებაშია თავიანთ მაკონტროლებელ კაპიტალთან, როგორც ეს უკანასკნელი _ დამფუძნებლებთან (ასე განმარტავს კვაზიკორპორაციას გაეროს ეგიდით მოქმედი «თეთრი წიგნი», ეროვნულ ანგარიშთა სისტემა).

ქართული კორპორაციული კაპიტალი, მეურნეობრიობის რომელი მიმართულებითაც გინდა ფუნქციონირებდეს: მომპოვებელი მრეწველობა (ჭიათურა, მადნეული), გადამმუშავებელი მრეწველობა (ცემენტის ქარხნები, ზესტაფონი, რუსთავის აზოტი), სატრანსპორტო საწარმოები (ფოთის ნავსადგური, საქართველოს რკინიგზა), ელექტროგენერაციის საწარმოები (თბილსრესი, ენგურჰესი) და სხვები არ არის საქართველოს ეკონომიკური სისტემის ორგანული ელემენტები. არ ან ვერ ქმნის სამეურნეო კლასტერებს, არ განაპირობებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის უშუალო ამოცანებს. მათი საქმიანობა არ გამომდინარეობს საქართველოს მაკროეკონომიკური პრობლემატიკიდან.

ამას თავისი მიზეზები აქვს: პირველი, ეს არის ჩვენთან ეკონომიკურ პოლიტიკური ძალისხმევის არასაკმარისობა, რომელიც ამ საკითხით ხელისუფლების ინდიფერენტულობაში გამოიხატება, რის გამოც «დავკარგეთ» საკითხის მცოდნე ხალხი, ვინც შეძლებდა შეემუშავებია ისეთი სამეურნეო მექანიზმები, რომლებიც ამ კომპანიებს ჩვენი მეურნეობის ეკონომიკური პროცესების წარმმართველ ძალად აქცევდა. მეორე მიზეზი: რომ საკუთრებრივად ასეთი ტიპის (კვაზიკორპორაციები) საწარმოები, მათი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, არ გრძნობენ არავითარ პასუხისმგებლობას იმ საზოგადოების წინაშე, რომლის წიაღშიც ფუნქციონირებენ.

იმისათვის, რომ მკაფიოდ წარმოვიდგინოთ, რაზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს შევადაროთ ჩვენთან მოქმედი ორი კორპორაცია, რომელთა შორისაც ერთი ტრანსეროვნული კორპორაციის ნაწილია, მაგალითად, კომპანია «ჯეოსელი», ხოლო მეორე, მაგალითად «ჭიათურმანგანუმი», კვაზიკორპორაციას წარმოადგენს. რა ვიცით ამ საწარმოების შესახებ? ვიცით, რომ «ჯეოსელი», მიუხედავად იმისა, რომ თურქული კაპიტალის ბაზაზე მუშაობს, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს საქართველოს საზოგადოების წინაშე. იგი ახორციელებს საქველმოქმედო პროგრამებს, ზრუნავს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ადგილობრივი კადრების აღზრდაზე, პატივს სცემს ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობას და ა. შ. ასევე ვიცით, რომ «ჭიათურმარგანეცი», თავისი მართვის უკრაინული სისტემით, საერთოდ არ არის ჩართული საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მეტიც, იგი არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციისა და გარემოს დაბინძურების გამო იმ საზოგადოების წინაშე, რომლის წიაღშიც მოქმედებს. ანალოგიური მდგომარეობაა «მადნეულის» კომბინატშიც.

დაბოლოს, საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი, არსებული სამეურნეო პირობებით, თავს ვერ დააღწევს კრიზისულ სიტუაციას, მას ამის შინაგანი რესურსი არ გააჩნია. ერთადერთი გამოსავალია მისი  სერიოზული და საფუძვლიანი ტრანსფორმაცია, რაც ისევე, როგორც სხვა ეკონომიკური პრობლემები, უკავშირდება ეკონომიკის გაძღოლის სახელმწიფოებრივ ძალისხმევას, ეკონომიკურ პოლიტიკას. სწორი, მოქნილი და მრავალმხრივ ინტერესთა შეთანხმების ბაზაზე წარმართული ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენი განვითარების გარანტია. განვითარება კი მსგავსებას გულისხმობს. თუ ისე იზრდები, რომ  გავხარ საკუთარ თავს, ეს ნიშნავს, რომ ვითარდები. სხვაგვარი ზრდა შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. 

დავით იაკობიძე,

პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here