Home რუბრიკები პოლიტიკა ვის გაჰყვებიან ნატოს მოწინააღმდეგეები?

ვის გაჰყვებიან ნატოს მოწინააღმდეგეები?

638

ნატოს ჩიკაგოს სამიტი დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, რაიმე ღირშესანიშნავი შედეგი საქართველოსთვის მას არ მოუტანია. ნატოს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს საქართველოში ტრადიციული მწვავე დისკუსია ამჯერად არ გაუმართავთ; მათ, დიდი ხანია, გაახმოვანეს თავიანთი არგუმენტები და მათი გამეორებით თავი არ მოუკლავთ. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარე გადაღლილია და ამ თემაზე ახალი საუბრის დაწყება არ სურს, მითუმეტეს, რომ ქართული საზოგადოება დღეს კონცენტრირებულია შიდაპოლიტიკურ პრობლემებზე და ისეთ  ფორმულებს, რომელიც ნატოსა და აშშის წარმომადგენლებმა უკვე არაერთგზის გააჟღერეს და სამიტის დეკლარაციაში დააფიქსირეს, ყურადღებას ნაკლებად აქცევს. ამიტომ დღეს არა ჩიკაგოს სამიტზე, არამედ ამ ორიდან ერთერთ ჯგუფზე, ნატოს მოწინააღმდეგეებზე ვისაუბრებთ, რომლებიც მათდა უნებურად არჩევნების წინ ელექტორატის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტად იქცნენ.

მესამედი თუ მეოთხედი?

2008 წლის 5 იანვრის პლებისციტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარი ამომრჩეველთა 77%-მა დაუჭირა. იმ გამოკითხვების შედეგებში, რომელსაც მსხვილი ამერიკული ორგანიზაციები მომდევნო წლებში აქვეყნებდნენ, ნატოში ინტეგრაციას საშუალოდ რესპონდენტების 70-75% ემხრობოდა. ქართველი სოციოლოგებისა და მასობრივი ინფორმაციის  ავტორიტეტული საშუალებების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში, დროდადრო შედარებით მოკრძალებული მაჩვენებლები ფიქსირდებოდა, თუმცა 60%-ის ქვემოთ ვარდნას, როგორც წესი, ადგილი არ ჰქონია. მართალია, არაერთმა ქართველმა ექსპერტმა დააფიქსირა, რომ ომის შემდეგ ანტიამერიკული განწყობა გაიზარდა და ნატოს მიმართ კეთილგანწყობა შემცირდა, თუმცა ეს საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრება, კონკრეტული სოციოლოგიური მონაცემებით, უმეტესწილად გამყარებული არ იყო.

ამ ფონზე მოულოდნელად გავარდნილი მეხის ეფექტი მოახდინეს «საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის» მიერ ფონდ «ღია საზოგადოებასაქართველოს”« თანადაფინანსებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა (ის გასული წლის მიწურულს ჩატარდა). რესპონდენტების 47,7%-მა გაიზიარა მოსაზრება, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის საქართველომ ყველაფერი უნდა გაკეთოს, თუნდაც აშშთან თანამშრომლობაზე უარი თქვას. მართალია, ამ შემთხვევაში საუბარია ურთიერთობაზე შეერთებულ შტატებთან და არა ნატოსთან, თუმცა ეს ორი თემა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში, ისე ქართველი ამომრჩევლის აღქმაში, ერთმანეთზე მჭიდროდ არის მიბმული.  

თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ომის შემდეგ მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოს მიმართ არ შეცვლილა (არადა, საექსპერტო საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ის მნიშვნელოვნად გაუარესდა) და დღეს ისეთივე სიტუაცია გვაქვს, როგორიც პლებისციტის გამართვის დღეს, ჩვენ საუბარი, როგორც მინიმუმ, ამომრჩეველთა 20-25%-ზე მოგვიწევს. არსებობს ბირთვი, რომელსაც ნატოს თანმიმდევრული, იდეური მოწინააღმდეგეები შეადგენენ, და გარკვეული სივრცე მის გარშემო, რომელიც ანტიამერიკული განწყობის ზრდის პარალელურად ივსება.

პრიმიტიული სახელისუფლო პროპაგანდა ამ ადამიანებს ჩვეულებრივ «პრორუსებად» იხსენიებს, რაც არასწორია. ნატოს მოწინააღმდეგე შეიძლება არ იყოს რუსეთთან (ოდკბ-სთან) ინტეგრაციის მომხრე, არამედ მხარს ნეიტრალიტეტს უჭერდეს. მათი იდეალია საქართველო, რომელიც თანაბრად დისტანცირებულია აშშ-ისა და რუსეთისგან და ორივესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. ისინი სამართლიანად მიუთითებენ, რომ შეუძლებელია ფინეთს, ავსტრიას, ირლანდიასა და ნატოს სხვა არაწევრ ქვეყნებს «პრორუსული» ეწოდოს. შეიძლება დავა იმაზე, რამდენად რეალისტურია მათი ოცნებები, თუმცა ამ საკითხს ამჯერად არ განვიხილავთ. ძნელი სათქმელია, რა ხვედრითი წილი აქვთ ნატოს მოწინააღმდეგეთა რიგებში, ერთის მხრივ, «ნეიტრალისტებს», მეორე მხრივ, რუსეთთან «ჩახუტების», «ევრაზიის კავშირში» გაწევრიანების მომხრეებს; სპეციალურად ეს საკითხი არავის შეუსწავლია, ხოლო იმ გამოკითხვების შედეგები, რომლებიც ამ თემას ირიბად ეხება, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

ამავე დროს, ამ ბანაკში უხვად არიან წარმოდგენილნი ამომრჩევლები, რომელთაც საკუთარი ხედვა მკაფიოდ არ ჩამოუყალიბებიათ და, უბრალოდ, რამდენიმე ფუნდამენტურ იდეას იზიარებენ, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ შემდგომი დაახლოება ნატოსთან გააღრმავებს კონფრონტაციას რუსეთთან, რაც შეიძლება საქართველოსთვის კატასტროფით დასრულდეს, ან იმის თაობაზე, რომ წარმოუდგენელია ფიქრი ტერიტორიულ გამთლიანებაზე რუსეთთან დარეგულირების გარეშე, რაც, თავის მხრივ, გამორიცხულია ნატოს კარზე კაკუნის პარალელურად და ა.შ. ფორმულირება და იდეა ბევრია, ზოგი მათგანი პრაგმატული და რეალისტურია, ზოგი კი _ ნაკლებად, თუმცა ამ კონტექსტში მთავარია ის, რომ ყველა ეს ადამიანი ამა თუ იმ გზით ნატოს უარყოფამდე მივიდა და საქართველო-აშშ-ის დღევანდელ ურთიერთობას, როგორც მინიმუმი, ეჭვის თვალით უყურებს. რას სთავაზობენ ამ ფრიად მოცულობით ჯგუფს (ამომრჩეველთა მეოთხედია? მესამედი? მეტი ხომ არა?) პოლიტიკოსები და როგორ მოიქცევიან მისი წარმომადგენლები არჩევნების დღეს?

ორ ცეცხლს შუა

ნატოს მოწინააღმდეგე, ანტიამერიკულად განწყობილი მოქალაქე, როგორც წესი, ოპოზიციონერია, ხშირ შემთხვევაში აქტიური და რადიკალური მოქმედების მომხრე; ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთმა ადამიანმა მხარი სააკაშვილს დაუჭიროს. მათი დიდი ნაწილი, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მას მიემხრო, რადგან მიაჩნია, რომ სააკაშვილის დამარცხება რეალურად შეუძლია. მათ საკუთარ თავთან გარკვეულ კომპრომისზე წასვლა დასჭირდათ, რადგან «პარალელურ რეჟიმში» ივანიშვილის მოკავშირე «რესპუბლიკელების» და ალასანიას ჯგუფის მხარდაჭერა მოუხდათ, რომლებიც თავგამოდებული პროამერიკელები და ნატოში შესვლის მომხრეები არიან. ეს გარემოება სერიოზულად აღიზიანებდა ამ ადამიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ივანიშვილის კოალიციამ მკაფიოდ დააფიქსირა ნატოში გაწევრიანების პრიორიტეტულობა და ის, რომ ავღანეთიდან ჩვენ კონტიგენტს არ გამოიყვანს, უკმაყოფილება თვალშისაცემი გახდა

მათ გაუჩნდათ კითხვა: რა არის უფრო მნიშვნელოვანი _ საკუთარი პრინციპები თუ სააკაშვილის დამარცხება ნებისმიერ ფასად? მათ დაიწყეს ჰორიზონტის შეთვალიერება და, შესაძლოა, ფიქრი ლიდერზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, ერთის მხრივ, პრინციპების ერთგულნი დარჩნენ, მეორე მხრივ, აქტიურად იბრძოლონ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, კოალიციაში არიან გოგი თოფაძე და «მრეწველები», რომლებმაც მომავალ პარლამენტში შეიძლება ნატოს მოწინააღმდეგეთა  პოზიცია გაახმოვანონ (მიუხედავად იმისა, რომ თოფაძემ ხელი მოაწერა კოალიციის დეკლარაციას, რომელშიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი დაფიქსირდა), იქვე არიან «ეროვნული ფორუმის» წარმომადგენლები, რომლებიც, მათი დღევანდელი განცხადებების მიუხედავად, თავგამოდებულ «ნატოისტებად”« მაინც არ აღიქმებიან და, იდეაში, შეიძლება «ახალ ფინეთზე» საუბარი დაიწყონ (ვინ იცის, რა მოხდება მომავალში). მაგრამ იქნება თუ არა ასეთი წარმომადგენლობა პარლამენტში იმ მასის თანაფარდი, რომელიც ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს? რამდენად თავისუფალნი იქნებიან ეს დეპუტატები თავიანთ მოქმედებაში?

ასეთი კონფიგურაციის პირობებში ამომრჩევლების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი (ნატოს მოწინაღმდეგეები) ვერ მიიღებს ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში და ეს ამ ჯგუფის წარმომადგენლებს, როგორც წესი, მშვენივრად ესმით. სხვათა შორის, ამ სიტუაციის მიღმა ამერიკელების ძალიან ეფექტური მოქმედების კვალის დანახვა შეიძლება. პარადოქსული სიტუაციაა: ერთის მხრივ, «შუა გაიკრიფა», თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხული არაა, რომ ამ, ერთი შეხედვით, დაცარიელებულ სივრცეში «ნაციონალებმა» ახალი თამაში დაიწყონ, რომლის დროს შეეცდებიან, «ქართულ ოცნებას» ამომრჩეველთა ეს ჯგუფი წაართვან, ხოლო ივანიშვილი გარკვეულ კონტრზომებს დაუპირისპირებს.

ლიდერი, რომელსაც ელექტორატის ამ ნაწილთან მიესვლება, დეკლარაციის დონეზე მაინც ხელისუფლების თანმიმდევრული მოწინააღმდეგე უნდა იყოს და მის მიერ ძია სემის უნებისყოფო მარიონეტად არ აღიქმებოდეს. პირველი, ვინც ამ კონტექსტში შეიძლება გაგვახსენდეს, ნინო ბურჯანაძე და შალვა ნათელაშვილია, რაც შეეხება კახა კუკავას, მას, ალბათ, მალე ბურჯანაძის გვერდით ვიხილავთ. ასპარეზზე ახლახან გამოჩენილი მინდია გულუას შესახებ ვერაფერს ვიტყვით, საზოგადოების დიდი ნაწილი მას ჯერჯერობით ძალიან ცუდად იცნობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ ფლანგზე შეიძლება გამოჩნდეს კიდევ ერთი ლიდერი, რომელსაც პირობითად შეიძლება «მისტერ იქსი» ვუწოდოთ. გამორიცხული არაა, რომ ის ავანსცენაზე სრულიად მოულოდნელად გამოვარდეს.

ნინო ბურჯანაძის გაწევრიანება ივანიშვილის კოალიციაში გამორიცხულია, თუმცა, თუ თანაპარტიელებთან ერთად მომავალ პარლამენტში მოხვდება, ის, ძალიან დიდი ალბათობით, «ქართულ ოცნებასთან» თემატურად ითანამშრომლებს, კერძოდ, სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საქმეში. ეს ძნელად წარმოსადგენია შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში, რომელიც ივანიშვილს მკვეთრად უპირისპირდება. ერთი შეხედვით, «ნაციონალებმა» ხელი უნდა შეუწყონ იმას, რომ ნათელაშვილმა ანტიამერიკული რიტორიკის გამოყენებით «ქართულ ოცნებას» რაც შეიძლება მეტი ხმა წაართვას, თუმცა მათი პრობლემა ისაა, რომ დღეს სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან, არავის ენდობიან და არ შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ «ოცნება» და ლეიბორისტები მომავალ პარლამენტში მოულოდნელად საერთო ენას არ გამონახავენ და ერთად არ მისცემენ ხმას, მაგალითად, სააკაშვილის იმპიჩმენტს.

სხვათა შორის, ხელისუფლება დღეს ეჭვის თვალით ნებისმიერ პოტენციურ მოკავშირეს უყურებს, თუნდაც საუბარი «ქრისტიან-დემოკრატებსა» და ედპ-ს ეხებოდეს. ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ «ნაცმოძრაობის» ლიდერები საკუთარი პარტიის წევრებსაც კი ვერ ენდობიან, ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ ისინი კონკურენტი პარტიების მიერ ელექტორატის განხილული ნაწილის «დაგლეჯას» მიემხრობიან, რათა პარლამენტში არ მოხვდეს არც ერთი მათგანი, ან კიდევ ერთ-ერთი მიკროსკოპული წარმომადგენლობით; «ნაციონალური მოძრაობა» ამ ხმებს ნებისმიერ შემთხვევაში ვერ მოიპოვებს, მაგრამ ამ სცენარის ფარგლებში შეიძლება სცადოს, რომ ისინი ივანიშვილს დააკარგვინოს. 

ბიძინა ივანიშვილი კი, თავის მხრივ, სავარაუდოდ, მიზნად დაისახავს ამ ამომრჩევლების შენარჩუნებას, მათ დარწმუნებას იმაში, რომ დღეს უმთავრესი ამოცანა სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟია, თუმცა, თუ ის დაინახავს, რომ მათი გადინება «ქართული ოცნების» მხარდამჭერთა რიგებიდან მასშტაბური გახდა, ალბათ, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მათი ხმებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი პარტიის გაძლიერებას, რომელთანაც მომავალ პარლამენტში თემატურად ითანამშრომლებს. დღევანდელ სიტუაციაში ასეთ საიდუმლო პარტნიორად, ალბათ, ნინო ბურჯანაძე უნდა განვიხილოთ, თუმცა «მისტერ იქსის» გამოჩენამ დისპოზიციაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები შეიტანოს. ასეა თუ ისე, ფრონტის ამ მონაკვეთზე საინტერესო ბრძოლა გაჩაღდება.

ოცნებას კაცი არ მოუკლავს  

ვიდრე თითოეულ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ჯგუფს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს მისი იდეები თუ არა, არ ეყოლება მისი რიცხოვნობისა და პოლიტიკური წონის პროპორციული წარმომადგენლობა პარლამენტში, სიმშვიდე და სტაბილურობა ამ ქვეყანას, ძალიან დიდი ალბათობით, ვერ ეღირსება. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ჩვენ ნატოს მომხრეები ან მოწინააღმდეგეები, პროამერიკელები და პრორუსები, ლიბერალები და კონსერვატორები, ნაციონალისტები, სოციალისტები და .. ფაქტია, რომ ისინი არსებობენ და უფლება აქვთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეთ. ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ამა თუ იმ ჯგუფის ხელოვნურ შეზღუდვას და მარგინალიზებას, რასაც ადგილი ბოლო წლებში ჰქონდა, ადრე თუ გვიან მწვავე პოლიტიკური კრიზისით დასრულდება. მნიშვნელობა არ აქვს, აკეთებს თუ არა ამას მმართველი ჯგუფი დამოუკიდებლად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ უცხოელი პარტნიორების კარნახით, ეს პრაქტიკა ქართულ სახელმწიფოს ღუპავს.

სხვათა შორის, იმ შემთხვევაში, თუ «ქართული ოცნება» არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ხოლო «ნაციონალური მოძრაობა» დაიშლება, დღის წესრიგში საკმაოდ მალე (შესაძლოა, ერთობ პარადოქსულად) ახალი არჩევნების გამართვის საკითხი დადგება, რადგან, სავარაუდოდ, მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის, ღია ეთერის და თანაბარი შესაძლებლობების პირობებში არჩეული პარლამენტი დააკმაყოფილებს და დაამშვიდებს სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებულ ქვეყანას; არის პრობლემები, რომელსაც გამარჯვებული კოალიციის ცალკეულ ფრაქციებად დაშლა ვერ მოხსნის. შესაბამისი მოთხოვნა საზოგადოებაში აუცილებლად გაჩნდება და წინდახედულმა პოლიტიკოსებმა თავიანთი მოქმედება, ალბათ, ამ პერსპექტივის გათვალისწინებითაც უნდა დაგეგმონ.

კრიზისული პერიოდი ქართულ პოლიტიკაში, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდება შეგრძნება, რომ მის მიერ არჩეულ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს და აღარ იფიქრებს იმაზე, რომ იქ შეშლილი ვამპირების ხროვა ბუდობს. დღეს საუბარი ამაზე, ალბათ, ღიმისმომგვრელია და ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება, თუმცა იმედია, ადრე თუ გვიან ამ მიზნის მიღწევას შევძლებთ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here