Home რუბრიკები პოლიტიკა Classic Bullshit story ანუ სააკაშვილი პრინსტონში

Classic Bullshit story ანუ სააკაშვილი პრინსტონში

732

მიხეილ სააკაშვილის ხანგრძლივი, თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა ერთი სამარცხვინო ბოძიდან მეორემდე გრძელდება. მორიგ სირცხვილსა და თავის მოჭრას შეერთებულ შტატებში, პრინსტონის უნივერსიტეტში, ჰქონდა ადგილი. ამ ღრმადპატივცემული სასწავლების აუდიტორიაში სააკაშვილი უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად დაუკრეფავში გადავიდა, რამაც წყალში ჩაუყარა ხანგრძლივი მომზადება გამოსვლისათვის და შთაბეჭდილება, რომლის მოხდენასაც მისი მეშვეობით ლამობდა. შეხვედრის ამერიკელმა მონაწილეებმა თვალნათლივ დაინახეს, ვისთან აქვთ საქმე: «იდეალისტი დემოკრატის» ნიღაბმა იმ მომენტში აშკარად ვერ დაფარა მენტალურად ფრიად არასტაბილური, წვრილფეხა დიქტატორის სახე, რომლის მსგავსი მის მასპინძლებს თავიანთ ლათინოამერიკულ სამეზობლოში არაერთი უნახავთ. რამდენიმე რეპლიკამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

 

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა, გიორგი სიგუამ, სააკაშვილს სამი კითხვა დაუსვა: «ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სასამართლო პროცესების 99,7% ბრალდების სასარგებლოდ მთავრდება. რატომ არის ასე, რომ ყველა დაპატიმრებული დამნაშავეა? გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრები მამაკაცების ნახევარზე მეტს აპატიმრებენ და მხოლოდ ბიუჯეტში ფულის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ? შემდეგი შეკითხვა რუსეთის შესახებ მაქვს: გეთანხმებით, რომ რუსეთთან ომი საშინელება იყო, მაგრამ რატომ ხდება, რომ, როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, თქვენ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მხარი დაუჭირეთ? და მესამე, სამი დღის წინ საქართველოში მოხდა სტიქიური უბედურება, დაიტბორა ქუჩები, დაიღუპა 5 ადამიანი, მართალია, რომ მეორე დღეს თქვენ სლოვენიაში საფეხბურთო მატჩს დაესწარით, მომდევნო დღეს კი მილანის მაღაზიაში ძვირფასი საათი იყიდეთ?».

სააკაშვილს ნერვებმა უმტყუნა: «ბოლო შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ იმიტომ, რომ ეს არის… total bullshit». ოქსფორდის ლექსიკონი bullshit-ს ერთმნიშვნელოვნად «ვულგარულ სლენგს» მიაკუთვნებს და ამ თემაზე საუბრის დასრულება, პრინციპში, აქვე შეიძლებოდა, თუმცა ურიგო არ იქნება, უფრო შორს, ეტიმოლოგიის მიმართულებით წავიდეთ. სიტყვასიტყვით, bullshit  «ხარის ფუნას» ნიშნავს, თუმცა არის ვერსია, რომ სიტყვის პირველი ნაწილი არა ხარისგან, არამედ ძველფრანგული boul-იდან მოდის, რომელიც თაღლითობას, მოტყუებას ნიშნავს. მონაჩმახის დატვირთვით ბულლ-ს ინგლისელები XVII საუკუნიდან იყენებდნენ. XX საუკუნის დასაწყისში ამერიკელებმა ეს სიტყვა შეძლებისდაგვარად გაამდიდრეს და შესაბამისი დაბოლოება დაუმატეს. მისი დატვირთვა დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იცვლებოდა, ხოლო დღევანდელი მნიშვნელობა ყველაზე კარგად ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჰარი ფრანკფურტმა აღწერა, რომელმაც bullshit-ს 1986-ში ბრწყინვალე ესე მიუძღვნა. ვინ თქვა, რომ ამერიკული ფილოსოფია ისეთივე ნონსენსია, როგორც გერმანული ჰოლივუდი? ეს ასე ნამდვილად არ არის. თავის ვრცელ ნაშრომში წარმოსახვითი ხარის დეფეკაციის პროდუქტზე ჭარმაგმა ფილოსოფოსმა დამაჯერებლად ახსნა, რომ ის ტყუილისგან უნდა განვასხვავოთ. იგი წერს, რომ მატყუარა ის არის, ვინც სიმართლე იცის და შეგნებულად  მალავს მას, ხოლო «ბულშითერი» საერთოდ არ არის დაინტერესებული ჭეშმარიტებით და მხოლოდ საკუთარი, შესაძლოა, მერკანტილური მიზნების მიღწევას ლამობს: «Bullshitშეიძლება სიმართლეც იყოს და სიცრუეც, მაგრამ «ბულშითერები» ძირითადად იმაზე არიან მიმართულნი, რომ აუდიტორიაზე შთაბეჭდილება მოახდინონ და დაარწმუნონ ის. მათ ზოგადად არ აინტერესებთ, სიმართლეა ის, რასაც ისინი ამბობენ, თუ სიცრუე», _ წერს ჰარი ფრანკფურტი, რომელიც, სხვათა შორის, იქვე პრინსტონში მოღვაწეობს. 2005-ში უნივერსიტეტმა მისი ფუნდამენტური ნაშრომი «ბულშითზე” ცალკე წიგნად გამოსცა. ასე რომ, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ განხილულ, უდავოდ რთულ და მრავალწახნაგოვან საკითხში ყველაზე კარგად დედამიწის ზურგზე სწორედ პრინსტონის უნივერსიტეტში ერკვევიან, რომლის ერთ-ერთ აუდიტორიაში გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილი ნერვულად სვამდა წყალს და ფიქრობდა, რა ეპასუხა გიორგი სიგუასათვის.

უარყოფა მას არ შეეძლო. მთელმა საქართველომ ნახა, თუ როგორ იჯდა ის სრულიად უდარდელი, მომღიმარი სახით საფეხბურთო მატჩზე სლოვენიაში, მაშინ, როდესაც თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან 24 საათიც არ იყო გასული; ერთ-ერთმა გერმანელმა კომენტატორმა გაიკვირვა კიდეც, ამას აქ რა უნდაო, თბილისში ხომ წყალდიდობაა. თუმცა იმ მოქალაქეებმა, რომლებიც სააკაშვილისგან იმ დღეებში თანაგრძნობისა და თანადგომის გამოხატვას მოითხოვდნენ, ალბათ, არ უნდა დაივიწყონ, რომ სააკაშვილის დამოკიდებულება თბილისის მიმართ  პათოლოგიურ სიძულვილთან ძალიან ახლოს დგას. საუბარში უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული ფედერაციის მდივან გლებ გოლოვჩენკოსთან მან ეს ისე დაუფარავად გამოხატა, რომ მის მიმართ ფრიად კეთილგანწყობილი სტუმარი საგონებელში ჩააგდო. «საქართველოს ყოველთვის მართავდნენ ადამიანები იქიდან!» _ პრეზიდენტმა ბრაზით მოიქნია ხელი უკვე განათებული თბილისის მიმართულებით. «იმ მხარეს, სადაც ის მიუთითებდა, გახედვაც კი არ მოგინდებოდა; ჩანდა, რომ წყენა «საქართველოს ამ ნაწილზე» წლების განმავლობაში გროვდებოდა, _ წერს გოლოვჩენკო. _ თბილისის ცენტრი აი აქედან იშლება ჩრდილოეთით და ჩრდილოეთიდან დასავლეთით. ერთი და იგივე ადამიანები. იქ 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ყოველთვის, ბოლო 100 წლის განმავლობაში მხოლოდ მათ ჰქონდათ ფული, მხოლოდ მათ ჰქონდათ ყველაფერი», _ თქვა სააკაშვილმა და გოლოვჩენკოს თქმით, «განაწყენებულმა გადახედა თბილისის იმ ნაწილს, რომელიც «ყოველთვის კარგად ცხოვრობდა»: «ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, არსად გადავასახლებთ, ჩვენ ციმბირი არ გვაქვს, რომ გადავასახლოთ და ბანაკებიც არ აგვიშენებია». ამის მთქმელისგან მოითხოვთ თანადგომას და თანაგრძნობას დაზარალებული თბილისელების მიმართ?

მილანში გადაღებული, «ალიაში» გამოქვეყნებული ფოტოები ასევე მთელმა ქვეყანამ იხილა და არც ამის უარყოფა გამოვიდოდა. ასე რომ, სააკაშვილმა მისთვის ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტი გამოიყენა და სიგუას ნათქვამი «ბულშითად» გამოაცხადა, რაც, ჰარი ფრანკფურტის განმარტებას თუ დავეყრდნობით, არ გამორიცხავს იმას, რომ ის სიმართლეს შეესაბამებოდა. შემდეგ «ნაცმოძრაობის» ბელადმა დასძინა: «რაც შეეხება ჩვენს სასამართლო სისტემას, ის ახლა ტრანსფორმაციას გადის. ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სისტემის ნდობა საქართველოში 10% იყო, ახლა კი 70%-ია და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ახლახან შემოვიღეთ ნაფიც მსაჯულთა სისტემა… ახლა არსებობს ხალხი, რომელიც  მთავრობაში მოსვლას აპირებს და შეკითხვების დასმისთვის ზოგიერთებს ფულს უხდის».

ამგვარად, სააკაშვილი თავს დაესხა კითხვის ავტორს და ის მოსყიდულად გამოაცხადა. ამ აურზაურში სადღაც დაიკარგა მეორე, პრინციპში, ყველაზე რთული კითხვა რუსეთზე. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აშკარაა, რომ სიგუამ ერთი იკითხა, ხოლო სააკაშვილმა სულ სხვა რამ «უპასუხა».

ამერიკელ მასპინძლებს ამ სცენამ, ძალიან დიდი ალბათობით, უკიდეგანო ველურობის, პოლიტიკური ბარბაროსობის შთაბეჭდილება დაუტოვა, რადგან შეერთებულ შტატებში ასე არა მხოლოდ პირველი რანგის პოლიტიკოსები, არამედ მიყრუებული ქალაქების მერობის კანდიდატებიც კი არ იქცევიან. აშკარა გახდა, რომ სააკაშვილს განსხვავებული კრიტიკული აზრის მოსმენა არ შეუძლია, უხერხულ კითხვებს გაურბის და თავს ვერ აკონტროლებს.

ამ ეპიზოდმა სრულიად დაჩრდილა პრინსტონის უნივერსიტეტში სააკაშვილის გამოსვლის ძირითადი ნაწილი, თუმცა ურიგო არ იქნება, თვალი მასაც გადავავლოთ. მაინც რა თქვა ასეთი «ბულშითთან» მებრძოლმა ბელადმა?

აი, მაგალითად, სააკაშვილის რეპლიკა: «მინდა ერთი ფრაზა გავიხსენო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის _ ლავროვის ნათქვამიდან: პოსტსაბჭოთა სივრცე ერთი დიდი სულიერი სივრცეა, რომელშიც მხოლოდ ერთი ანომალიაა _ საქართველოს მთავრობაო. მართლაც, ჩემი არსებობაც ანომალიაა და ჩემი ქვეყნისაც». ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ სიცრუეა, რადგან ლავროვმა სულ სხვა რამ თქვა: «სააკაშვილი, რა თქმა უნდა, მთელი ქართველი ხალხის ფონზე პათოლოგია და ანომალიაა, ამასთანავე, ცუდად აღზრდილი პერსონა, მაგრამ, როგორც თქვა პრეზიდენტმა მედვედევმა, ჩვენ არ ვახდენთ ქართველი ხალხის ასოცირებას ამ პერსონაჟთან» (ერთობლივი პრესკონფერენცია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან, 2011 წლის 8 აგვისტო, მოსკოვი). თუმცა შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ სააკაშვილს სულაც არ აინტერესებდა, რა თქვა ლავროვმა სინამდვილეში, არამედ, უპირველესად, აუდიტორიაზე შესაბამისი ეფექტის მოხდენა ანაღვლებდა, რამაც, ჰარი ფრანკფურტის განსაზღვრებას თუ დავუბრუნდებით, შეიძლება დაგვაფიქროს, რომ ამ შემთხვევაში სიცრუე «ბულშითის» ინტეგრირებულ ელემენტებს შეიცავდა.

საინტერესოა პარალელური ანალიზიც:

ა) სააკაშვილი (პრინსტონში): «ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ისტორია სასწაულის ტოლფასია. ვფიქრობ, ამას არ უნდა ვუმადლოდეთ არმიას და რომელიმე გმირ ლიდერს. ეს მოხდა იმ რადიკალური ტრანსფორმაციის, რადიკალური რეფორმებისა და რეალური ცვლილებების შედეგად, რომლებიც უკუსვლისა და ძველ წყობაში ჩარჩენისთვის განწირულ საზოგადოებაში განვახორციელეთ»;

ბ) სააკაშვილი (თბილისში, შეხვედრაზე სამხედროებთან): «ის ფაქტი, რომ საქართველო ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და რომ მას დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ჰყავს, ის ფაქტი, რომ ჩვენი ხალხი თავისუფალ არსებობას, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, ეს არის, უპირველესად, ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურება და არავის უნდა ჰქონდეს რაიმე ილუზიები ამის თაობაზე». ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგან სააკაშვილი სამხედროებს პირველ ადგილზე აყენებს, მეორეგან კი ამბობს: «არ უნდა ვუმადლოდეთ არმიას». ხომ არ გეჩვენებათ, რომ «გმირი ლიდერი» რაცხას თავდავიწყებით «ბულშითობს»?

«საქართველო წარმატებულია ეკონომიკის მხრივაც, ტრანსფორმირებულია ვიზუალურადაც და მენტალურადაც და ის წარმატების კაშკაშა მაგალითი გახდა, მინიმუმ ჩვენს რეგიონში», _ განაცხადა სააკაშვილმა. აქ, ალბათ, სხვა არაფერი დაგვრჩენია ჯოელ როზენბერგის ცნობილი ციტატის მოყვანის გარდა: «I find that we all get more legendary as time goes by. «Legend» means, basically, «bull­shit» (მე ვთვლი, რომ, რაც დრო გადის, ჩვენ ყველანი სულ უფრო ლეგენდარულები ვხდებით. «ლეგენდა», ძირითადად, «ბულშითს» ნიშნავს). სხვათა შორის, ამ შემთხვევაში მრავალტანჯული ტერმინის დატვირთვა მის პირდაპირ მნიშვნელობასთან ერთობ მიახლოებულია და აპელირება ჰარი ფრანკფურტის ნაშრომის მიმართ ამჯერად არ დაგვჭირდება.

ვერ გამოვრიცხავ, რომ ერთადერთი რამ, რასაც სააკაშვილი საქართველოს შეჰმატებს, ჩვენს სასაუბრო ენაში ამ სიტყვის დამკვიდრება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, ქართულის დაბინძურების წინააღმდეგი ვარ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დავუშვათ, რადგან, ალბათ, არც ერთი სიტყვა არ გადმოსცემს სააკაშვილის ეპოქის არსს ისე ზუსტად, როგორც ხმამაღლა, გამოთქმით წარმოთქმული Bull­shit!

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here