Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“

ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“

1231

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

 ბატონო ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში წავიკითხე თქვენი 2004 წლის გამოსვლა ევროპის პოლიტოლოგთა ფორუმზე, სადაც თქვენ ამტკიცებდით, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს, .. საქართველო ისწრაფვის იმ სტრუქტურაში, რომელიც სულ მალე აღარ იარსებებს?

_ ევროკავშირი კიდეც რომ იყოს მდგრადი, პერსპექტიული ორგანიზაცია, საქართველოსთვის მისი კარი მაინც დახურული იქნებოდა. ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი, ეს ყველა ადამიანს ესმის, ვინც გეოგრაფია იცის, გეოპოლიტიკაზე აღარაფერს ვამბობ. შევარდნაძისა და მისი მემკვიდრეების მიერ მოცემული პირობა, საქართველოს ევროკავშირში შეყვანის თაობაზე, თავიდანვე ბლეფი, მიმნდობი მოსახლეობის მოტყუება იყო. მაგრამ დღეს ეს იმდენად აბსურდულია, რომ მთავრობის ოდიოზური წარმომადგენლებიც კი ამჯობინებენ, არ განავრცონ ეს თემა – უკვე ძალიან სასაცილოდ ჟღერს.

ევროკავშირს, მხოლოდ «ძველ ევროპას» რომ მოიცავდეს,  შეეძლო საკმაოდ დიდხანს – კიდევ 20 წელი ეარსება და ეკონომიკურად განვითარებულიყო, მაგრამ ამერიკელებმა დაჟინებით მოითხოვეს ევროკავშირის შემადგენლობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეყვანა, რათა ისინი რუსეთისთვის მოეწყვიტათ და ამავე დროს, ევროკავშირი დაესუსტებიათ, ამან კი საერთო ვითარება ძირეულად შეცვალა.  დღეს კავშირის წამყვან წევრებს – გერმანიას, საფრანგეთს ამ ქვეყნების სუსტი ეკონომიკის მხარდაჭერა საკუთარი რესურსების ხარჯზე უწევთ. ის სახსრები, რომლებიც ტრადიციული, მაგრამ შედარებით ღარიბი ევროპული ქვეყნების (ესენია იტალია, საბერძნეთი ესპანეთი და სხვ.) ეკონომიკის მხარდასაჭერად იხარჯებოდა, ახლა კავშირის ათეულობით ახალ წევრ ქვეყანაზე იფანტება. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? გერმანელებს მობეზრდათ ევროპელი მუქთახორებისთვის მეწველი ძროხის როლში ყოფნა. ეკონომიკის არათანაბარი განვითარება შეუძლებელს ხდის ამ ქვეყნების თანაარსებობას საერთო სამართლებრივი სივრცის ჩარჩოებში. საბერძნეთის გაკოტრება მხოლოდ დასაწყისია. პორტუგალია, ირლანდია, ესპანეთი რიგში დგანან, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს იტალიას. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო ვალიც ყველა დასაშვებ ზღვარს აღემატება. საერთოდ, დროა, ვაღიაროთ, რომ ლიბერალური კაპიტალიზმის მოდელმა, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ბოლო 50 წლის განმავლობაში ვითარდება, საკუთარი თავი ამოწურა, ევროპის ქვეყნები ჩიხში შეიყვანა. ადრე თუ გვიან ევროპელებს და ამერიკელებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ ვალებში ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, საჭიროა მოხმარების მკვეთრი შემცირება, მეტი მუშაობა და რეალურად გამომუშავებული ფულის შესაბამისად ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას «ბერძნული ვარიანტი» ელის. და მაშინ ევროპის ეროვნული ეკონომიკებისა და ევროკავშირის კრახი მოხდება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უპერსპექტივოს ხდის ევროკავშირის არსებობას, ხალხთა ეროვნული თვითშეგნებაა. მიუხედავად ამერიკელების წარმოდგენისა, რომლებიც თვლიდნენ, რომ საერთო ეკონომიკური სივრცე თანდათან წაშლიდა ეროვნულ განსხვავებებს და ერები გადაიქცეოდნენ ერთიან უეროვნებო მასად, ევროპის ხალხების დიდ ნაწილს ეროვნული თვითშეგნება ეზრდება, ეროვნული თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს. ერთიანი ევროპის კონსტიტუცია, მიუხედავად კოლოსალური აგიტაციურპროპაგანდისტული მუშაობისა, მაინც ვერ მიიღეს. ევროკავშირი თანამედროვე მსოფლიოში ვერ გახდა და უკვე ვეღარ გახდება ერთიანი გეოპოლიტიკური სუბიექტი. რას წარმოადგენენ ევროკავშირის ოფიციალური ხელმძღვანელები, ვინ უწევს მათ მსოფლიოში ანგარიშს? ვინ მიიჩნევს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად ბაროზუს, ვინ აღიქვამს ეშტონს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრად? ეს სასაცილო, კარიკატურული ფიგურებია, რომლებიც იმას ასრულებენ, რაზეც გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელები (ჯერჯერობით ისევ) აშშის თანამონაწილეობით მოილაპარაკებენ.

ევროპის ერები ეროვნულ სახელმწიფოებრიობაზე უარის სათქმელად მზად არ აღმოჩნდნენ, მეტიც, აშშ-ისა და ზოგადევროპული სტრუქტურების მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ უკურეაქცია _ ნაციონალიზმის ზრდა გამოიწვია. დღეს სულ უფრო მეტი გერმანელი, ფრანგი, იტალიელი ითხოვს მიგრაციის შეზღუდვას, და არა მხოლოდ აფროაზიური, არამედ აღმოსავლეთ ევროპულისაც. მოითხოვენ ეროვნული ვალუტის დაბრუნებას, ევროპის შიგნით საბაჟოების აღდგენას, ეროვნული ბაზრების დაცვას, ეროვნული საქონლისა და ადგილობრივი მუშახელის მიმართ სახელმწიფო პროტექციონიზმს. მეტიც _ ევროპული ქვეყნების შიგნითაც ძლიერდება სეპარატისტული ტენდენციები:  იტალია ჩრდილოეთად და სამხრეთად გახლეჩის ზღვარზე დგას, ესპანეთში ისევ რამდენიმე სახელმწიფოდ დაყოფის საშიშროებაა. პატარა ბელგიაც კი – თავის დროზე ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო,  სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა და ყოველ წუთს დაშლა ემუქრება, ბრიუსელი კი ამ დროს ევროკავშირის დედაქალაქია!

თუ ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობა, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა არ მიაქცევენ სათანადო ყურადღებას საკუთარი ერების მზარდ უკმაყოფილებას, არ დააბრუნებენ თავიანთი ქვეყნების განვითარებას ეროვნულ კალაპოტში, მაშინ შედეგი უფრო სერიოზული იქნება ვიდრე, უბრალოდ, ევროკავშირის დაშლაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა ფაშიზმის სამშობლოა. ფაშისტური და ნახევრადფაშისტური რეჟიმები გასული საუკუნის 30-იან წლებში თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში იყო, სრულიად ევროპა დაავადდა ფაშიზმით. და დღეს დაუკმაყოფილებელი ეროვნული მოთხოვნები შეიძლება რეალურ ფაშისტურ განწყობილებებში გადაიზარდოს. ამ ტრანსფორმაციის პროვოცირება ნებისმიერ მსხვილ კატაკლიზმს ძალუძსფინანსურეკონომიკურ კრიზისს, ტექნოგენურ კატასტროფას, მსხვილ მოწინააღმდეგესთან, მაგალითად, ირანთან ომს.

_ საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებულ ბანალურ შეკითხვასაც დაგისვამთ, თუ თქვენ ამაზე პასუხის გაცემა არ მოგბეზრდათ.

_ ამ კითხვაზე იმ დროიდან ვცემ პასუხს, რაც შევარდნაძემ გაახმიანა ეს ქიმერა, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდა და ჯერ კიდევ უჯდება ჩვენს ხალხს. ეს საკუთარი ერის თავხედურად მოტყუების კლასიკური მაგალითია. არსებობს ტყუილი, რომელიც სიმართლეს ჰგავს და არის აბსურდული ტყუილიც. ჩვენი ქვეყნის მმართველებმა გამოაცხადეს და  ლამის ეროვნული იდეის რანგში აიყვანეს ნატოში შესვლისა და მისი დახმარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ანუ აბსურდული ტყუილი თქვეს. საკვირველია, მაგრამ მათ მოსახლეობის დიდ ნაწილს დააჯერეს ეს აბსურდი. მეტიც, რუსეთთან ყველა მოლაპარაკება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ შევარდნაძემ ფარსად აქცია, ის ხომ ფაქტობრივად რუსებს ეუბნებოდა: დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და საქართველო ერთიანად შევა ნატოშიო! თანაც ირწმუნებოდა, რომ რუსეთი ამაზე უნდა დათანხმებულიყო.

_ შევარდნაძის ბოლო ინტერვიუებით თუ ვიმსჯელებთ, ამ პერსპექტივის მას თვითონ არ სჯერა. პირიქით, მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვარონ ურთიერთობები რუსეთთან, დასავლეთის დახმარებას კი ტერიტორიების დაბრუნების საქმეში გამორიცხავს. ახლახან «ასავალდასავალისთვის» მიცემულ ინტერვიუში სიტყვასიტყვით ამბობს: «საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიები აქვს დასაბრუნებელი, ნატოში არავინ მიიღებს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების გზა კი მხოლოდ რუსეთზე გადის».

_ გადადგომის შემდეგ ხანდახან სიმართლესაც ამბობს. ვინ უშლიდა ამის გაკეთებას, როდესაც პრეზიდენტი იყო? 12 წელი ხალხს აბითურებდა, ქვეყანა დაანგრია და ძალაუფლება თავის მემკვიდრეებს გადასცა, რომლებიც ბევრად უფრო დახვეწილი მატყუარები არიან, ვიდრე მათი მასწავლებელი.

საქართველოს თეორიულად შეუძლია ნატოში შესვლა, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების და ამ ტერიტორიებზე ყველანაირ პრეტენზიაზე უარის თქმის შემდეგ. ქვეყნის ხელმძღვანელობას ეს მშვენივრად ესმის, დასავლეთთან კულუარულ საუბრებში ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნას გამოთქვამენ, მაგრამ არ იციან, როგორ მიაწოდონ ეს ქართველ ხალხს. აღიარების იდეა, როგორც ცნობილია, უკვე შემოგდებულია ქართულ საზოგადოებაში. ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდება და შეკვეთილი შედეგის მქონე  რომელიმე პლებისციტით დასრულდება. მაგრამ, როგორც კი გავხდებით ნატოს წევრი, ჩვენსა და მოწყვეტილ რესპუბლიკებს შორის ისეთ კედელს ავაშენებთ, რომლის  გადალახვაც უკვე შეუძლებელი გახდება.

ნატოს არასოდეს, არსად გაუერთიანებია ტერიტორიები. პირიქით, სადაც კი შევიდა, ყველგან ამას ქვეყნის რამდენიმე კვაზი, სახელმწიფოდ დაშლა მოჰყვა. მინდა, შევახსენო მათ, ვინც ოცნებობს საქართველოში ნატოს ბაზებზე, რომ იმავე ერაყში, რომელიც ამერიკელებმა «ტირანიისგან გაათავისუფლეს», მათი ჯარების გაყვანის დღე სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული, ხოლო იაპონელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იაპონიის ისტორიაში ყველაზე ბედნიერი დღე ოკინავიდან ამერიკული ბაზის გაყვანის დღე იქნება.

ჩვენთან უყვართ მოყოლა, თუ როგორ გაბედნიერდნენ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მაგრამ, თუ სტატისტიკას მივმართავთ, აღმოვაჩენთ, რომ ლიტვის მოსახლეობა 10 წლის მანძილზე მესამედით შემცირდა, ლატვიიდან 300 000 ადამიანი წავიდა და იქ ახლა მოსახლეობა 2 მილიონიც არ არის. პატარა ესტონეთში რეალური უმუშევრობა 25-დან 30 პროცენტამდე მერყეობს, ხოლო 63 ათას ესტონელ ბავშვს სისტემატურად არ ჰყოფნის საკვები. აი, ასე «გაბედნიერდნენ» ეს ქვეყნები.

იცით, ვინაა ყველაზე მეტად, აშშის გარდა, საქართველოს ნატოში შესვლით დაინტერესებული? თურქეთი და აფხაზეთისა და ოსეთის პოლიტიკური წრეები. თურქეთს ეს მისცემს საშუალებას, რუსეთს არც შეხედოს, ნატოს ბაზების ეგიდით შეიყვანოს თავისი ჯარები საქართველოში, საიდანაც 200 წლის წინ ისინი რუსებმა გაყარეს. ხოლო ძველი ურთიერთობების აღდგენის მოწინააღმდეგეებს აფხაზეთსა და ოსეთში ეს იმის გარანტიას აძლევს, რომ არანაირ რეინტეგრაციულ პროექტებზე საქართველოსთან აღარასოდეს იქნება  საუბარი. რა ინტეგრაცია უნდა იყოს მაშინ, როდესაც საზღვრის ერთ მხარეს ნატოს თურქული ჯარები დგას, მეორე მხარეს კირუსეთის ჯარები?

გარდა ამისა, ნატო არის ორგანიზაცია, რომელმაც საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. იმავე ევროპაში მილიონობით ადამიანი მოითხოვს საკუთარი მთავრობებისგან ნატოდან გამოსვლას, რადგან მიაჩნიათ, რომ ამორალურია ყოფნა ისეთ აგრესიულ ორგანიზაციაში, რომელიც მთელ მსოფლიოში სისხლს ღვრის. ევროპელებს ესმით, რომ ნატო  მხოლოდ ამერიკული ინტერესების რეალიზაციის ინსტრუმენტი გახდა, ხოლო ამ ინტერესებისთვის ბრძოლა და სიკვდილი ევროპელებს უწევთ. ამიტომაა, რომ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც საკუთარ თავს პატივს სცემენ, ავღანეთიდან თავიანთი სამხედრო კონტინგენტი გამოიყვანეს, ქართველები კი, გაუგებარია, რატომ დარჩნენ იქ საზარბაზნე ხორცად.

საინტერესოა, რომ საქართველოში უბრალო ხალხიც კი, რაც არ უნდა თქვან გაყალბებული პლებისციტის შედეგებზე, ნატოში შესვლის პერსპექტივის  მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. ხალხის ეს დამოკიდებულება იგრძნეს ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ნატოს მგზნებარე აგიტატორები იყვნენ, ბოლო დროს კი ამ საკითხზე ძალიან თავშეკავებული პოზიცია დაიკავეს. ამერიკელების ღიად წყენინების ჯერ კიდევ ეშინიათ, მაგრამ ნატოს ქება-დიდებასაც ვეღარ ბედავენ.

_ რით არის განპირობებული მსოფლიოში აშშის ასეთი აგრესიული პოლიტიკა? ნუთუ მხოლოდ ნავთობის მსოფლიო მარაგებზე კონტროლის სურვილით? აშშის ეკონომიკური მდგომარეობა ხომ კატასტროფას უახლოვდება _ მხოლოდ საგარეო ვალმა 13 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ასეთი გიგანტური თანხის წარმოდგენაც კი რთულია

_ საქმე უბრალო არითმეტიკაშია. აშშ-ის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 4 პროცენტს შეადგენს, მაგრამ მსოფლიო რესურსების 40 პროცენტს მოიხმარს. ერთი ამერიკელი 10-ჯერ მეტს მოიხმარს, ვიდრე დედამიწის საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებელი, ევროპელების ჩათვლით. თვითონ აშშ მოხმარებული პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილს აწარმოებს. ძირითადი მოხმარება დანარჩენი მსოფლიოს ექსპლუატაციის, უფრო სწორად, ძარცვის ხარჯზე ხორციელდება. ამ  მიზნისთვის არსებობს დოლარი, როგორც მსოფლიო ვალუტა, რომელზეც ქვეყნების უმრავლესობის ვალუტებია მიბმული. რატომ სძულთ ასე ძალიან ამერიკელებს სტალინი? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა სტალინის მმართველობის პერიოდში უარი თქვა რუბლის დოლართან მიბმაზე და უარი თქვა საგარეოსავაჭრო ოპერაციებში მის გამოყენებაზე. სტალინმა ამ მიზნისთვის ოქროს რუბლი შემოიღო, რომელიც რეალური ოქროთი იყო უზრუნველყოფილი. ზუსტად იმის გამო შეიძულა ამერიკულმა მმართველმა კლასმა სტალინი, რომ სტალინმა მათ მთავარ იარაღს _ დოლარს სსრკის რესურსებისკენ გზა გადაუკეტა. პირველი, რაც გააკეთეს «რეფორმატორებმა» სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ვალუტა მიაბეს დოლარს. აშშ, როგორც მსოფლიო ვალუტის ემისიური ცენტრი, ბეჭდავს დოლარებს და მათ სანაცვლოდ მსოფლიო რესურსებს თავის სასარგებლოდ ქაჩავს. მთლიანობაში დაბეჭდილია კატასტროფული თანხა _ 1 კვადრილიონ 420 ტრილიონი დოლარი; ეს მეტია, ვიდრე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი!

იმისთვის, რომ გავიგოთ, რას წარმოადგენს ეს დოლარი, შარლ დე გოლთან დაკავშირებულ კლასიკურ ისტორიას მოვიყვან. იგი პროფესიონალი სამხედრო იყო და ეკონომიკაში ცუდად ერკვეოდა, მაგრამ საფრანგეთის პატრიოტი იყო და, როცა პრეზიდენტი გახდა, ყურადღება მიაქცია იმას, რომ დოლარი ქვეყანაში პარალელურ ვალუტას წარმოადგენდა, რომლითაც ყიდულობდნენ და გაჰქონდათ როგორც რესურსები, ისე მხატვრული ღირებულებები. იგი დაინტერესდა ამ საკითხით და ამ ფინანსური ოპერაციების ბუნების შესახებ ერთ ძველ ფინანსისტს ჰკითხა. ფინანსისტის პასუხი ასეთი იყო: წარმოიდგინეთ, რომ საფრანგეთი ყიდის და ვინჩის «მონა ლიზას»; რუსი მის სანაცვლოდ გვთავაზობს 100 ათას რუბლს, რომლის უკანაც დგას ოქრო, ალმასები, ნავთობი; ჩინელი გვთავაზობს 100 ათას იუანს, რომლის უკანაცაა აბრეშუმი, ოქრო, მადანი; ხოლო ამერიკელი გვაძლევს 200 ათას დოლარს და მიაქვს სურათი. «და ფოკუსი რაშია?» _ იკითხა პრეზიდენტმა. ფოკუსი კი იმაშია, _ უპასუხა ფინანსისტმა, _ რომ ამ 200 ათასის ფასი იმ ქაღალდისა და საღებავების ტოლია, რომლებიც მის დაბეჭდვაში დაიხარჯა. ერთი 100-დოლარიანი კუპიურა აშშ-ს 0,3 ცენტი უჯდება. ამის შემდეგ დე გოლმა მოუწოდა ფრანგებს, გამოეჩინათ პატრიოტიზმი, მხარი დაეჭირათ ეროვნული ვალუტისთვის და მათ ხელთ არსებული დოლარები ფრანკებზე გადაეცვალათ. შეგროვებული დოლარები მან აშშში გადააგზავნა და თავისი ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას მოითხოვა, გადაეცვალათ ოქროზე, რომლითაც ისინი უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამერიკელები, სკანდალისთვის თავი რომ აერიდებინათ, დათანხმდნენ, მაგრამ ამის შემდეგ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, აშშის საზღრებს გარეთ ბრუნვაში არსებული დოლარის კუპიურების ოქროთი უზრუნველყოფა არ მოხდებოდა, ანუ ოფიციალურად დააფიქსირეს, რომ ეს მხოლოდ მწვანე ქაღალდებია მასონური სიმბოლიკით.

მაგრამ იმისთვის, რომ მსოფლიოს ქვეყნები დათანხმდნენ, მიიღონ ეს ქაღალდები, როგორც ვალუტა და მათ სანაცვლოდ ეროვნული სიმდიდრეები გასცენ, საჭიროა დამაჯერებელი არგუმენტი – სამხედრო ძალა. ამიტომაც აქვს აშშ-ს მსოფლიოს ყველა კუთხეში 136 სამხედრო ბაზა.

ბოლო ათწლეულში სიტუაცია შეიცვალა. პირველ რიგში, ცუდად თუ კარგად, ევრო ჯერ კიდევ მუშაობს, ჩინელები ოქროს იუანის შემოღებას აპირებენ, არაბები ოქროს დინარის შემოღებაზე საუბრობენ, რუსეთი საგარეო სავაჭრო ოპერაციების რუბლზე გადაყვანას იწყებს. მეორეც, რიგი ქვეყნებისა   უარს ამბობს ამერიკისთვის სანედლეულო დანამატის როლზე, თავისი რესურსების საკუთარი სახელმწიფოს განვითარებისთვის გამოყენება სურთ. რა ქნან ამერიკელებმა? უნდა გამოიყენონ სამხედრო ძალა. მათ ერაყი დაბომბეს და ოკუპაცია მოახდინეს, რომლის დროსაც მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს, დაბომბეს ლიბია _ მოსახლეობის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყანა. ერაყიც და ლიბიაც რამდენიმე კვაზისახელმწიფოდ დაიყოფა და უკვე ვეღარასოდეს დადგება ფეხზე, მათი რესურსები კი «ოქროს მილიარდის» სასარგებლოდ გაიწოვება. იგივე ბედი ელის იემენს, იმავეს გაკეთება უნდათ სირიასა და ირანში.

არის ერთი აქსიომა, რომელიც აშშ-ისა და ზოგადად დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური კურსის საფუძველში დევს: იმისთვის, რომ «ოქროს მილიარდის» ქვეყნებში ახლანდელი მოხმარების მაღალი დონე შეინარჩუნონ, დანარჩენი კაცობრიობა სიღატაკეში უნდა ამყოფონ. პლანეტის რესურსები შეზღუდულია, ყველას კარგი ცხოვრებისთვის არ ეყოფა. დასავლეთს მოხმარების შემცირება არ უნდა. სცადეთ, ამერიკელებს შესთავაზოთ, მოიხმარონ იმაზე ნაკლები, ვიდრე ისინი მიეჩვიენ, _ ისინი ნებისმიერ მთავრობას წალეკავენ. რა გამოსავალი აქვს ამერიკის მმართველ ელიტას? _ ომი, დიდი ომი, რა თქმა უნდა, ამერიკის ფარგლებს გარეთ. ომი, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს გამოფიტავს, ხოლო შემდეგ იქ მივლენ ამერიკელები თავიანთი დოლარით და ისევ ჩვეულ და ძალიან სარფიან საქმეს მიჰყოფენ ხელს _ დოლარების გაყიდვას. ასე გამოვიდნენ ისინი კრიზისიდან მეორე მსოფლიო ომის წყალობით, ასე მოვიდნენ ისინი გამოფიტულ ევროპაში ომის შემდეგ.

_ ეს მოვლენათა განვითარების ერთადერთი შესაძლო ვარიანტია თუ ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალიც არსებობს?

_ არის სხვა გზაც: დოლარის პირამიდის ნგრევა, მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, დოლარზე, როგორც მსოფლიო ვალუტაზე, უარის თქმა, რეალური რესურსებით უზრუნველყოფილი ნაციონალური და რეგიონული ვალუტების წარმოშობა. ამ შემთხვევაში ყველა ქვეყანას მოუწევს, რეალური პროდუქტი აწარმოოს, შიდა ბაზარი განავითაროს, ხოლო პროდუქტი რეალურ ფულად, და არა მწვანე ქაღალდის სანაცვლოდ, გაყიდოს. ამერიკელები იძულებულნი გახდებიან, უარი თქვან ჰაერის გაყიდვაზე, ვირტუალურ ბაზარზე, .. ფასიან ქაღალდებზე, ისევ განავითარონ რენტაბელური სამრეწველო და სასოფლოსამეურნეო წარმოება, რომელიც ახლა მათ არ გააჩნიათ.

_ ასეთი ვარიანტი ყველა ქვეყანას დარტყმას მიაყენებს, კრიზისი ყველას შეეხება

_ რა თქმა უნდა. ზუსტად ამიტომ ცდილობს ყველა ამ კრიზისის გადავადებას, საერთო ძალებით ცდილობენ დოლარის გადარჩენას. რომ არა ეს ძალისხმევა, დოლარი, დიდი ხანია, ჩამოიშლებოდა. საკმარისია, ჩინეთმა და რუსეთმა ბაზარზე გამოყარონ თავიანთი დოლარის მარაგები და დოლარი ყველასთვის გამოუსადეგარ ქაღალდად გადაიქცევა, მაგრამ რამდენ ხანს შეძლებენ ამის გადადებას? ფინანსურმა პირამიდამ, თუნდაც ის გლობალური იყოს, არ შეიძლება მუდმივად იარსებოს. საკითხავი ისაა, რა მოჰყვება დოლარის კრახს: მსოფლიო ომი თუ შევძლებთ მსოფლიო კრიზისით შემოვიფარგლოთ? პირველ შემთხვევაში მივიღებთ გამარჯვებულის მსოფლიო მბრძანებლობას ან გამარჯვებულთა შორის ახალ მსოფლიო გადანაწილებას; მეორე შემთხვევაში – იმ ქვეყანათა ლიდერობას, რომლებსაც გააჩნიათ რესურსები და შრომისმოყვარე მოსახლეობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, მოკლე ვადებში გამოვიდნენ კრიზისიდან და ეკონომიკა აღადგინონ.

_ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში?

_ პირველ რიგში, უნდა ეცადოს, არ გაიჩინოს მტრები, რომლებიც ომის შემთხვევაში მას გაანადგურებენ; მეორე _ არ დაუშვას ქვეყნის შემდგომი დაშლა უახლოეს წლებში; მესამე _ ააშენოს ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება: ა) შიდა ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე; ბ) იმ პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც შეიძლება გარე ბაზარზე მყარ ვალუტაზე გაიყიდოს ან იმ რესურსებზე გადაიცვალოს, რომელთა ნაკლებობასაც ქვეყანა განიცდის.

_ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ამტკიცებს, რომ აშშის დახმარებით განვითარებულ ეკონომიკას ვაშენებთ და უკვე მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე ღირსეული მოთამაშე გავხდით

_ ქვეყანას, რომლის იმპორტიც 4-ჯერ აღემატება ექსპორტს, არ აქვს უფლება, ჩათვალოს, რომ ეკონომიკა გააჩნია. ჩვენ ოთხჯერ ნაკლებს ვყიდით, ვიდრე ვყიდულობთ. მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს იმ ფულით, რომელსაც ნათესავები საზღვარგარეთიდან უგზავნიან, ძირითადად სწორედ ეს ნაღდი ვალუტა უზრუნველყოფს ფულის ბრუნვას ქვეყანაში. ამ ფულით ჩვენ ვფარავთ შემოტანილი პროდუქციის ღირებულებას, ფული კი ისევ საზღვარგარეთ გაედინება. სქემა ძალიან მარტივია: თქვენი ნათესავი გიგზავნით რუსეთიდან ფულს, თქვენ ამ ფულით თურქეთიდან შემოსულ საქონელს ყიდულობთ, ფული თურქეთში გაედინება, ნაწილი კი შუამავალს რჩება. ამ სქემაში ქართული ეკონომიკის ადგილი არაა. შემოსავლების მეორე ნაწილი ქართული რეალობის მცოდნე ერთ-ერთმა გერმანელმა ექსპერტმა სიტყვასიტყვით აღწერა: საქართველოში რეალური ეკონომიკა არ არსებობს; ქვეყანა უცხოურ გრანტებზე, კრედიტებზე ცხოვრობს, რომლებსაც იგი ღებულობს გარკვეული გეოპოლიტიკური ამოცანის შესრულების სანაცვლოდ, რაც რუსეთის სამხრეთის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში მდგომარეობს. თუ აშშში ამ ფუნქციაზე მოთხოვნა არ იქნება, სრული ეკონომიკური კოლაფსი დადგებაო. მანვე საქართველოს შეარქვა პიარის, ანტურაჟისა და გარეგნული ეფექტის ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია უცხოელების შექებაზე.

განვითარების ის მოდელი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, საქართველოს ბატისტასდროინდელ კუბად აქცევს. იქ  ამერიკელებისთვის ტურისტული სამოთხე იყო, შენდებოდა ფეშენებელური სასტუმროები, რესტორნები. ტურისტების მომსახურებით დაკავებული იყო ათასობით მზარეული, დამლაგებელი, მეძავი და მუსიკოსი. ათიათასობით კუბელი მუშაობდა აშშ-ში შავ სამუშაოზე და ნათესავებს ფულს უგზავნიდა. ის, ვისაც არ უნდოდა ან არ შეეძლო მზარეულობა თუ მეძავობა, შაქრის ლერწმის პლანტაციებში მონური შრომით იყო დაკავებული. განათლებაზე, მეცნიერებაზე, ჯანდაცვაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. ეს იყო ამერიკული კოლონია, რომელსაც ისინი იმ მიზნით იყენებდნენ, რათა მისცემოდნენ იმ ცოდვებს, რომლებიც ჯერ კიდევ განიკითხებოდა ამერიკულ საზოგადოებაში _  სექსი, ლოთობა, ბანქო, კაზინო, ჰომოსექსუალიზმი. კასტრომ, ჩე გევარამ, კუბელმა ხალხმა ბოლო მოუღეს ამ დამცირებას. ამის გამო აშშ-ს ისინი დღემდე სძულს, ნახევარი საუკუნე ამყოფებენ კუბას ეკონომიკურ ბლოკადაში. თვითონ აღიარეს, რომ 600-მდე თავდასხმა მოამზადეს კასტროს წინააღმდეგ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.

დღეს კუბაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის საშუალო და უმაღლესი განათლება და  საუკეთესო მედიცინაა. სხვათა შორის, ერთიც და მეორეც უფასოა. ცხოვრობენ მოკრძალებულად, მაგრამ ადამიანურ და ეროვნულ ღირსებას ინარჩუნებენ. მიუხედავად «კასტროს რეჟიმის საშინელებათა» შესახებ მსოფლიო პროპაგანდისა, მისი ავტორიტეტი ლათინური ამერიკის ქვეყნებში ყველა ადგილობრივი ლიდერის ავტორიტეტზე მაღალია.

საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის საქართველო ინდუსტრიული, კულტურული განვითარებითა და მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობით თანამედროვე კუბაზე ბევრად მაღლა იდგა, მაგრამ, ბოლო 20 წელია, ბატისტასდროინდელი კუბისკენ მიექანება.  ჩვენ ან შევაჩერებთ ამ დაცემას, ან როგორც ერი გადავგვარდებით.

ერის გახლეჩისა და ეროვნული თვითშეგნების დათრგუნვის ტექნოლოგიების შესახებ

_ ბატონო ალექსანდრე, ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ ბრძანეთ, რომ ქართული საზოგადოება ერთიანი ეროვნული ორგანიზმი აღარ არის და მისით მანიპულირება ადვილია. რა არის ერისთვის ამდენად საშიში პროცესის მიზეზი?

_ უკვე 20 წელიწადზე მეტია, ერი დამანგრეველ იდეოლოგიურ თავდასხმებს განიცდის, რომლის მასშტაბებსაც საქართველოს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ქართველები ტრადიციული, პატრიარქალური ერია. იგი საუკუნეების განმავლობაში იმ ტრადიციულ-ეროვნული ღირებულებების საფუძველზე ვითარდებოდა, რომლებიც ჩამოყალიბდა მართლმადიდებლობის, ნაწილობრივ ისლამის, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თემური ცხოვრების წესის ზემოქმედებით. ბიბლიური მცნებების დაცვა, ერთობლივი შრომითი საქმიანობა, თანაზიარობა, სირთულეების ერთობლივი დაძლევა, წინაპრების პატივისცემა, ისტორიის თაყვანისცემა _ ეს ყველაფერი იყო საფუძველი, რაზეც ერი იდგა. და ყველაფერი ეს უამრავი აკრძალვით იყო განმტკიცებული. ადამიანური მორალი აკრძალვების აღიარებაა. ადამიანი მას შემდეგ გახდა ადამიანი და შეძლო ადამიანური საზოგადოების ჩამოყალიბება, რაც ტაბუს, აკრძალვების სისტემა შექმნა და მათ დაემორჩილა, ცხოველური ინსტინქტების დათრგუნვა ისწავლა. ადამიანი ამით განსხვავდება ცხოველისგან, რომელიც მხოლოდ ინსტინქტებით ხელმძღვანელობს.

აი, ასეთ, ეროვნული მორალური კოდექსის მქონე ტრადიციულ საზოგადოებას ერთ წამში დაატყდა თავს მისთვის უცნობი ზნეობრივი შეფასებების, ქცევის ნორმების, მიზნობრივი განწყობების დამანგრეველი ტალღა. საზოგადოებას განუცხადეს, რომ ამიერიდან ადამიანი თავისუფალია, რომ ყველაფერი ნებადართულია, რომ მორალი, ზნეობრივი აკრძალვები კომუნისტური ბოდვაა. ამასთან ერთად, ინერგებოდა უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენი ერის წარსულისადმი, როგორც არასწორის, მცდარის, მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების კალაპოტიდან ამოვარდნილის მიმართ. დამცირებისა და დაცინვისთვის გაწირეს დიდი ისტორიული მოღვაწეები, მეცნიერები, მწერლები _ ის ადამიანები, რომლებიც ერის მამებად ითვლებოდნენ. განსაკუთრებით ეს საბჭოთა პერიოდის ისტორიას შეეხო: აღმოჩნდა, რომ ჩვენმა მამებმა და პაპებმა ამაოდ იცხოვრეს, არაფერი დადებითი საკუთარი ერისთვის არ გაუკეთებიათ, დიდ სამამულო ომშიც კი, გაუგებარია, რისთვის იბრძოლეს. მეტიც, ქარხნებიც და ფაბრიკებიც, რაკი საბჭოთა იყო, არასაჭიროდ, მავნედ, განადგურების ღირსად გამოაცხადეს.

თაობებს შორის გაუცხოების პროცესი დაიწყო, ახალგაზრდობა დამცინავად აქილიკებდა უფროსებს, მათ დამსახურებებს, ჯილდოებს, ხოლო თვითონ იმ ახალი ცხოვრებისკენ სწრაფვა დაიწყო, რომელიც ამერიკულ ფილმებში ჰქონდა ნანახი, სადაც გმირები არსად მუშაობენ, მაგრამ ძალიან ლამაზად ცხოვრობენ. სიტყვები «თავისუფლება», «დემოკრატია», «საბაზრო ეკონომიკა», «კერძო საკუთრება» საკრალური გახდა. თუ ვინმე, ჩემსავით ეცდებოდა, შეეხსენებინა, რომ საბაზრო ეკონომიკა და კერძო საკუთრება ყველგანაა, მაგრამ ზიმბაბვეში რატომღაც ისე არ ცხოვრობენ, როგორც საფრანგეთში, მაშინვე «საქართველოს მტრად» და «კომუნისტად» აცხადებდნენ. თუ ვამბობდი, რომ ამერიკული მასობრივი კულტურა ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილებას ეფუძნება და იგი ეროვნული კულტურის გამოდევნას დაიწყებს, ჩვენი ერის სულიერებასა და ზნეობას აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს, მაშინვე «კრემლის აგენტი» ან «პროვინციელი ფაშისტი» ვხდებოდი. დაიწყო ჩვენს რეალობაში იმ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ინსტიტუტებისა და ზნეობრივი ნორმების ხელოვნური გადმოტანა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე სხვა საზოგადოებებში, ჩვენთვის უცხო ღირებულებების _ პროტესტანტიზმის, უკიდურესი ინდივიდუალიზმის, სოციალ-დარვინიზმის, სიმდიდრისა და ძალის კულტის ზემოქმედებით ყალიბდებოდა. თავის დროზე ეს ამერიკელი ერის ფორმირების საფუძველი და თანამედროვე ამერიკული მორალის ბაზისი გახდა, მაგრამ სრულიად მიუღებელი იყო ტრადიციული, მართლმადიდებელი, თემური ღირებულებების მქონე ქართველი ერისთვის.

უკვე შევარდნაძის დროს იგრძნეს «რეფორმატორებმა» ხალხის ყრუ წინააღმდეგობა, ეროვნული თვითშეგნებისთვის უცხო ნორმებისა და ინსტიტუტების მიუღებლობა. ეს წინააღმდეგობა მასშტაბურ ბუნტში გადაიზარდა, რომელსაც სხვადასხვა სახის მანიპულაციების გზით ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძის ტრიუმვირატი მოაჯდა ზურგზე. ეს «რევოლუციონერები» მიხვდნენ, რომ ქართველ ხალხს ასე მარტივად ვერ გააბითურებ, ამიტომ შემუშავდა ერის გახლეჩისა და დაუმორჩილებელი სულის დათრგუნვის ახალი ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიის ძირითად კომპონენტებად იქცა: ცხოვრების ყველა სოციალური სფეროდან 40 წელს გადაცილებული თაობის გაძევება; განათლების სისტემის გადაცემა ამერიკული უმაღლესი სასწავლებლების გაუნათლებელი კურსდამთავრებულებისთვის, უფროსი თაობის პროფესორმასწავლებლების განდევნა და, აქედან გამომდინარე, განათლების დეგრადაცია; მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების მონოპოლიზაცია და «თავისუფალი ცხოვრების» – სექსის, პორნოგრაფიის, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა; ტრადიციების, წესჩვეულებების, ეროვნული სპეციფიკის უარყოფა; მართლმადიდებლური ეკლესიისა და მართლმადიდებლური სულიერი ღირებულებების, როგორც «არქაულის», «ჩამორჩენილის» ყოველმხრივი დისკრედიტაცია; ყველა უცხო კონფესიისა და ფსევდორელიგიური სექტის მიმართ «ღია კარის» პოლიტიკა. ყველა ეს პროცესი ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს.

ერის ცნობიერებისთვის მიყენებული ასეთი ძლიერი დარტყმა უშედეგოდ ვერ ჩაივლიდა. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში ქართველი ერის გატეხვა ვერ მოხერხდა, მაგრამ ქართული საზოგადოება, სამწუხაროდ, რიგ სეგმენტებად გაიხლიჩა და გააზრებული, ერთსულოვანი ეროვნული მოქმედების უნარი დაკარგა. ადამიანების ცნობიერებით აქტიური მანიპულირება დაიწყეს, თავს მოახვიეს მთელი რიგი აბსურდული მითებისა, ხალხმა ლოგიკურად აზროვნების, სიტუაციის გაანალიზების, მოვლენათა სწორი შეფასების უნარი დაკარგა.

_ საბოლოო ჯამში, ჯერ ბრმად ენდობოდნენ შევარდნაძეს, შემდეგ ასევე ბრმად ენდნენ სააკაშვილის დაპირებებს, რომ ცოტა ხანში მიგვიღებენ ნატოში, ევროკავშირში, რომ შვეიცარია გავხდებით

_ დიახ, ეს ყველაფერი ცნობიერების მანიპულირების, სიცრუისაგან დაუცველობის შედეგია. ხომ არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ საკუთარი ხალხის მოტყუების მასშტაბურ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ჩვენი ხალხი კი ინტელიგენციისადმი ნდობას მიჩვეულია. თანდათან აბსურდი ნორმად იქცა. მახსოვს, 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აფხაზეთიდან დევნილების ნაწილმა ხმა მისცა შევარდნაძეს. ასეთი საოცარი გადაწყვეტილების მიზეზით დავინტერესდი. პასუხმა გამაოგნა: «აფხაზეთი ვინც დაგვაკარგვინა, იმან დაგვიბრუნოსო». ეს აბსურდული აზროვნების მაგალითია. ან საზოგადოებაში ინტელიგენციის მიერ შემოგდებული ასეთი პასაჟი გავიხსენოთ: «შევარდნაძე მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, მას ისეთი რამ აქვს ჩაფიქებული, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით». თანაც ამას აფხაზეთის დაკარგვის, ერის გაღატაკების შემდეგ უშუქო, გაყინულ ბინებში იმეორებდნენ. შევარდნაძე მასის გაბრიყვების ამ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებდა. როდესაც საქართველოში პუტჩის შემდეგ ჩამოვიდა, რიხიანად განაცხადა: «ორ წელიწადში საქართველო შვეიცარია გახდებაო». რამდენიმე წელიწადი ყველა ტრასაზე ეკიდა ბილბორდი: «2000 წელს საქართველო იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, აყვავებული ქვეყანა. ედუარდ შევარდნაძე». დღემდე ზეპირად მახსოვს. 2000 წელს ეს ბილბორდები ჩუმად ჩამოხსნეს, ხოლო მისი ფრაზა «ორ წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებთ», რომელსაც იგი 10 წლის მანძილზე იმეორებდა, სისტემატიური ტყუილის მაგალითად იქცა. ამ ყველაფერს (აფხაზეთის დაბრუნების, ორი წლის და შვეიცარიის შესახებ) შემდეგ სააკაშვილი იმეორებდა და მასაც დაუჯერეს!

ერთხელ, ტელევიზიით გამოსვლისას, შევარდნაძისა და სააკაშვილის შეუცვლელმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის დარგში ამერიკის შეერთებულ შტატებს «მსოფლიოში უძველესი დემოკრატია» უწოდა. ამ დროს იგი განათლებულ ადამიანად ითვლება. ეს ითქვა იმ ქვეყანაზე, რომელშიც სეგრეგაცია მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში გააუქმეს ოფიციალურად, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ წლების მანძილზე ზანგებისთვის ცალკე სკოლები, ავტობუსებში ცალკე ადგილები და პარკებში ცალკე სკამები იყო გამოყოფილი. პრეზიდენტ ობამას მეუღლეს – ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალს – ნეგროიდული წარმომავლობის გამო არ შეეძლო ესწავლა იმ სკოლასა და ინსტიტუტში, რომელშიც უნდოდა. მეტიც, ამერიკაში ქალებმა პირველად მხოლოდ 60-იან წლებში მიიღეს ხმის მიცემის უფლება, ანუ შემოღებული იქნა ელემენტარული დემოკრატიული ნორმა, რომელიც საქართველოში, სხვათა შორის, 1918 წლიდან არსებობს. სწორედ აშშ-ში მემარცხენეობის მიმართ უბრალო სიმპათიის ეჭვის გამო ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, რიცხავდნენ უნივერსიტეტებიდან, ასახლებდნენ ქვეყნიდან. ასე, თვით დიდი ჩარლი ჩაპლინი იძულებული გახდა, დაეტოვებინა აშშ. დღეს შეერთებულ შტატებში 10-ზე მეტი სხვადასხვა სპეცსამსახურია ასიათასობით თანამშრომლით, რომელთა ამოცანაა საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა სფეროზე ტოტალური კონტროლის დაწესება. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა ობამამ სულ ახლახან ოფიციალურად აკრძალა პატიმრების წამება. ეს გახლავთ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც არ არსებობს საყოველთაო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო პრეზიდენტი შესაძლებელია გახდეს ადამიანი, რომელმაც ამომრჩეველთა ნაკლები ხმა მიიღო, როგორც ბუშ-უმცროსის შემთხვევაში იყო. ძალიან ორიგინალური გონება უნდა გქონდეს, რომ ასეთ ქვეყანას «უძველესი დემოკრატია» უწოდო, თუმცა ზუსტად ასე ახვევენ თავს საზოგადოებას აბსურდულ სტერეოტიპებს.

_ ალბათ, ასეთივე აბსურდულ მტკიცებათა რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურქეთი, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს ისტორიული მეგობარია

_ დიახ, მაგრამ აქ უფრო ღრმა მიზეზებიცაა. თურქეთის ფინანსურეკონომიკურმა ექსპანსიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ უკვე პოლიტიკაშიც თვისებრივად ახალ ძვრებს მოითხოვს, ამისთვის კი ქართველი მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო. საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის, რომ აჭარის ახალი ობიექტები, რომლითაც ასე ამაყობს ჩვენი ხელისუფლება, თურქების აშენებულია და მათ საკუთრებას წარმოადგენს. ფეშენებელური სასტუმროების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა შეუძლებელია აჭარაში რენტაბელური იყოს: მისით სარგებლობისთვის ქართველებს ფული არ აქვთ, ხოლო სომხური ტურისტული ნაკადი ასეთი სიმძლავრეების ასათვისებლად საკმარისი არაა, საკურორტო სეზონიც აჭარაში ძალიან ხანმოკლეა. მიუხედავად ამისა, თურქები მაინც ყიდულობენ მიწას, აშენებენ თავიანთ ობიექტებს, შესაძლოა, იმის იმედად, რომ ცოტა ხანში შეძლებენ თანამემამულეებისთვის მათ საცხოვრებელ ბინებად რეალიზებას. მე მითხრეს, რომ დღეს ბათუმში 23 ათასი თურქია ჩაწერილი. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა. მთელ აჭარაში არასოდეს უცხოვრია ამდენ თურქს, მაშინაც კი, როდესაც იგი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. წლების წინ ვწერდი და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ თურქეთთან ურთიერთობებში ჩვენ შემდეგი გარემოებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ:

პირველი _ თურქული ეროვნული ელიტა (პოლიტიკური, ინტელექტუალური, სამხედრო) ყოველთვის მიიჩნევდა აჭარას თავის ისტორიულ ტერიტორიად, ხოლო მთელ დასავლეთ საქართველოსსაკუთარი გავლენის ბუნებრივ ზონად;

მეორე _ თურქები თვლიან, რომ აჭარა მათ ძალით, ომის შედეგად წაართვა რუსეთმა და არა საქართველომ;

მესამე _ თურქეთი ისლამურ სამყაროში აშშის ერთადერთი მსხვილი სამხედროპოლიტიკური მოკავშირეა და აშშ თურქეთს რეგიონულ ზესახელმწიფოდ აღიარებს, რომელსაც აქვს უფლება, თავისი ზეგავლენა კავკასიაზე გაავრცელოს;

მეოთხე _ ერთის მხრივ, რუსულქართულმა მტრულმა ურთიერთობებმა და მეორე მხრივ, თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან აქტიურმა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ შეიძლება საქმე მიიყვანოს რუსეთის მიერ აჭარის ავტონომიის გარანტის როლზე უარის თქმამდე და ყარსის ხელშეკრულებიდან გამოსვლამდე.

_ დღეს საზოგადოება ძალიან აღელვებულია ხელისუფლების მტკიცე გადაწყვეტილებით ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის გამო. რატომაა ხელისუფლება ასეთი ჯიუტი ამ გადაწყვეტილებაში?

_ იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებაზე აჭარაში აღარაფერია დამოკიდებული. თურქები ჩვენს ოფიციალურ დასტურს მხოლოდ ზრდილობის გამო ითხოვენ. დღეს მათ აჭარაში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ვერავინ შეუშლის ხელს. საქართველოს ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმოდა, რომ აჭარაზე კონტროლი ნელნელა გადადის თურქების ხელში, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგა. თურქებს რომ შეეწყვიტათ ობიექტების შენება აჭარასა და თბილისში, მაშინ რა წარმოედგინათ, როგორც საკუთარი მმართველობის შედეგი: ზუგდიდში შადრევანი? პლეხანოვზე გადაღებილი ფასადები? სად მიეყვანათ უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები?

ამ მეჩეთთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩემთვის ძვირფასი ბათუმელების საპროტესტო განწყობის შესახებ ვიცი, მიხარია, რომ ხალხი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისტორიულ მეხსიერებას ინარჩუნებს, მათ შორის იმ სულთნის შესახებაც, მაგრამ მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფრთხილად თავის ქმედებებში. თუ თურქებმა მეჩეთის აშენება გადაწყვიტეს, ისინი მას ააშენებენ, ხოლო, თუ საპროტესტო გამოსვლები ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თურქეთი ცერემონიებს არ დაიწყებს. ერდოღანი მოსკოვში ჩაფრინდება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, ხოლო მოსკოვს შემაფერხებელი ფაქტორის როლის თამაშის საფუძველი აღარ აქვს.

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ქვეყნის შემდგომი დაშლა, არ მივცეთ ხელისუფლებას ახალი ტერიტორიების დაკარგვის შესაძლებლობა. ამისთვის უახლოესი 5 წლის მანძილზე ბეწვის ხიდზე მოგვიწევს სიარული. თუ შევძლებთ, ვიქნებით ერი საკუთარი სახელმწიფოთი.

მთავარია, დარჩენილი ტერიტორია შევინარჩუნოთ, ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი კი მოსახლეობის მუსლიმანურ ნაწილთან ჩვენს ურთიერთობებს ეთმობა. უნდა გავიგოთ, რომ აჭარაში თურქების აქტიურობა, ისლამური ფაქტორის ზრდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში, ბორჩალოში საზოგადოებრივი პარლამენტის შექმნა, ბაქოდან საქართველოს მისამართით მკვეთრი განცხადებები _ ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია. ამასთან, გვახსოვდეს, რომ საქართველო ეკონომიკურად მთლიანად თურქეთსა და აზერბაიჯანზეა დამოკიდებული. თუ ადრე ჩვენს უკან რუსეთი იდგა და შეგვეძლო, დიდი ყურადღება არ მიგვექცია ისლამური ფაქტორისთვის, დღეს იგი ჩვენი არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობა გახდა. ჩვენ 200 წლის მანძილზე დაგვავიწყდა, მაგრამ თურქეთსა და ირანს მშვენივრად ახსოვთ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველო მათი ვასალური ტერიტორია იყო.

მუსლიმანურ მოსახლეობასთან ერთად მშვიდად ცხოვრება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ქართველთა ნაწილი მუსლიმანები არიან. მეტიც, რამდენადაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, ისლამი თავისი სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებით ბევრად უფრო ახლოა მართლმადიდებლობასთან, ვიდრე იგივე პროტესტანტიზმი და მის წიაღში აღმოცენებული კულტურა. მუსლიმანებს, ისევე, როგორც მართლმადიდებლებს, აღაშფოთებს საზოგადოებაში ზნეობის დაცემა, აღვირახსნილობის პროპაგანდა, ნიჰილიზმი, თაობათა გაუცხოება, ეროვნული ტრადიციების უარყოფა. ეს სერიოზული საფუძველია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისთვის საერთო სამშობლოს სასიკეთოდ.

_ თქვენ თქვით, რომ ხალხის მოტყუებაში დიდი როლი ქართულმა ინტელიგენციამ შეასრულა. მე მახსოვს თქვენი, თუ არ ვცდები, 1997 წელს დაწერილი სტატია «გეწყინათ? გეწყინოთ!», რომელშიც თქვენ ინტელიგენციას შევარდნაძის მხარდაჭერისთვის მძაფრად აკრიტიკებდით. როგორ აფასებთ ინტელიგენციის როლს დღეს?

_ მე მაშინ არა მთელ ინტელიგენციას, არამედ ე. წ. ელიტურ ინტელიგენციას ვაკრიტიკებდი. საქმე ისაა, რომ გვიანსაბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებში ინტელიგენციად მიიჩნიეს მხოლოდ ე. წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია _ მსახიობები, რეჟისორები, პოეტები, მწერლები, ხანდახან მათ აკადემიკოსებს და პროფესურას ამატებდნენ. სინამდვილეში კი ინტელიგენციის, როგორც სოციალური ფენის ძირითად ნაწილს, წარმოადგენდნენ მასწავლებლები, ექიმები, აგრონომები, ინჟინრები, სამეცნიერო მუშაკები, ანუ ის ხალხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში საშუალო კლასის როლს ასრულებდა. ეს საშუალო კლასი შევარდნაძის ეკონომიკურმა პოლიტიკამ გაანადგურა, მან საზოგადოებაში სოციალური როლის შესრულება შეწყვიტა. პარალელურად, შევარდნაძემ სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა საშუალო კლასის ამერიკულ ყაიდაზე – კერძო მესაკუთრეების კლასად ფორმირება, მაგრამ არ ესმოდა, რომ საშუალო კლასის ფორმირების ბუნება და პრინციპები შეიძლება განსხვავებული იყოს, მთავარია საშუალო კლასმა თავისი სოციალური ფუნქცია შეასრულოს.

 რაც შეეხება ელიტურ ინტელიგენციას, იგი წარმოადგენდა იმ ვიწრო წრეს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს დიდი ზეგავლენა ჰქონდა მოსახლეობაზე, მისი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ამ პატივისცემამ შეუქმნა მათ საკუთარი განსაკუთრებულობის გრძნობა, რწმენა, რომ აქვთ უნარი და ძალუძთ გადაწყვიტონ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ამოცანები, ამ რთულ საკითხებში ხალხს ჭკუა ასწავლონ, მაგრამ ამისთვის აუცილებელი ცოდნა არ აღმოაჩნდათ. მათ არაფერი ესმოდათ მსოფლიო პროცესების, მსოფლიო არენაზე ძალების განლაგების, გეოპოლიტიკის, ეკონომიკის შესახებ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ საკუთარი ხალხის მენტალობაშიც არც ისე კარგად ერკვევიან. ცოდნა არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ იყო აპლომბი. შევარდნაძემ ეს მათი თვისება კარგად იცოდა და ოსტატურად მანიპულირება დაიწყო. ისინი, თავის მხრივ, მასში გურუს ხედავდნენ, რომელსაც შეგიძლია ბრმად ენდო, ყველაფერში მხარი დაუჭირო, ხოლო როგორ მოიქცეს, მან თვითონ იცის.

ინტელიგენციის სრული მხარდაჭერით, შევარდნაძემ ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ქართველი ხალხის ცნობიერებას დამანგრეველი დარტყმები მიაყენა: აფხაზეთის ომი, სადამსჯელო ექსპედიციები სამეგრელოში, უმაღლესი განათლების სისტემის ნგრევა, აკადემიური მეცნიერების განადგურება, ეროვნული ღირებულებების საზიანოდ დასავლური ღირებულებების პროპაგანდა, საზოგადოებაში ნატოში სწრაფი გაწევრიანების შესახებ მითების დანერგვა, საზოგადოების დაყოფა «დასავლელ რეფორმატორებად», «კომუნისტებად» და «პროვინციელ ფაშისტებად» და სხვა მრავალი. შევარდნაძის, ძველი ინტელიგენციისა და «ახალგაზრდა რეფორმატორების» პოლიტიკური სიმბიოზი აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც დაანგრია სახელმწიფო, დაშალა ჩვენი საზოგადოება, ქვეყნის მოსახლეობას ორიენტაცია დაუკარგა.

შევარდნაძის დანაშაულში თანამონაწილეობით ამ ინტელიგენციამ მოსახლეობის თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, დაკარგა ავტორიტეტი, მეტიც, შევარდნაძის მიმართ სიძულვილი ხალხმა მათზეც გადაიტანა, ამიტომ «ახალგაზრდა რეფორმატორებმა» ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ისინი მოისროლეს, ზიზღით გამოაცხადეს «ჩარეცხილებად». სხვათა შორის, ამ ახალგაზრდა რეფორმატორებსაც შევარდნაძე იმავე ხერხებით ზრდიდა, რომლებითაც ინტელიგენციას არჯულებდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მათთვისაც «ბრძენი გურუ» იქნებოდა, რომელსაც ისინი უსიტყვოდ დაუჯერებდნენ, მაგრამ ეს ბიჭები ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ მათ წინაშე «ცარიელი ფუტლიარია», უშუალო კონტაქტზე გავიდნენ მის პატრონებთანამერიკელებთან, საქმიანად მოილაპარაკეს და მოხუცი ისტორიის სანაგვეზე გაისტუმრეს.

ინტელიგენციის პასუხისმგებლობა იმ კატასტროფის გამო, რომელიც ქვეყანას დაემართა, ძალიან დიდია. ზოგიერთი მათგანი მიხვდა, რამდენად უზნეო თამაშში გამოიყენეს და საკუთარ დანაშაულს გრძნობს. მათ გულწრფელად უყვართ სამშობლო, საკუთარი ხალხი, ხედავენ, როგორ იღუპება ერი და ინგრევა სახელმწიფო. მე თანაგრძნობით ვკითხულობ მათ სტატიებს, ინტერვიუებს, ვგრძნობ მათ ტკივილს, მათ სულიერ ტანჯვას, მაგრამ ჯერ არ მსმენია, მათგან ვინმეს ეღიარებინოს, რომ ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა შევარდნაძის პოლიტიკის კანონზომიერი შედეგია, რომელსაც ისინი ოდესღაც ასე მტკიცედ უჭერდნენ მხარს. ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი პოეტი აღშფოთებული იყო იმით, რომ ახლა ქართულ გრძელ გვარებს პასპორტში მოკლედ ჩაწერენ, რათა უცხოელებს მათი გამოთქმა არ გაუჭირდეთ. მაგრამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს პოეტი პარლამენტის წევრი იყო, აქტიურად უჭერდა მხარს შევარდნაძის გადაწყვეტილებას პასპორტებიდან ეროვნების ამოღების თაობაზე. მისი არგუმენტაცია ბრწყინვალე იყო: «მე ხომ ვიცი, რომ ქართველი ვარ! რად მინდა ამისთვის პასპორტში ჩანაწერიო?». და რად უნდა დღეს სრული გვარი პასპორტში? მან ხომ იცის თავისი გვარი, ეს საკმარისია.

იმ სტატიაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, ინტელიგენციას ვუთხარი: პოლიტიკა, რომელსაც თქვენ უჭერთ მხარს, მიგვიყვანს იქამდე, რომ თქვენს წიგნებს მკითხველი აღარ ეყოლება-თქო. ამის შემდეგ 15 წელიც კი არ გასულა და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

 ქართველ ხალხს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას

_ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე ვერა და ვერ ჩამოყალიბდა მდგრადი პოლიტიკური პარტიები კლასიკური სახით, _ თავისი იდეოლოგიით, ღირებულებათა ბაზით, ცვლადი ხელმძღვანელობით. რა არის მიზეზი? რატომ რჩება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამორფული, უშინაარსო?

_ საქმე ისაა, რომ ყველა ჩვენი პარტია ყალიბდებოდა «ზემოდან», ერთი კონკრეტული ლიდერისთვის, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში – თავის ოჯახში, ნათესავებში, თანამშრომლებში, უბნელებში სიმპათიით სარგებლობდა. არავინ დაინტერესებულა, როგორი იდეოლოგია აქვს ასეთ პარტიას – მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტული თუ რაიმე სხვა. პარტიებს შორის განსხვავებას ლიდერების პიროვნება განსაზღვრავდა, პარტიის  სახელსაც კი არ ჰქონდა არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა. მოეწონებოდათ სახელი და ისე დაირქმევდნენ, რომ მისი მნიშვნელობა გააზრებულიც კი არ ჰქონდათ. ბუნებრივია, ასეთი, ყურით მოთრეული პარტიები მასობრივი ვერ გახდებოდნენ. ასეთ ფონზე წამყვანი ძალა სახელისუფლო პარტია – შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირი ხდებოდა, რომლის ნაწილიც შემდგომ «ნაციონალურ მოძრაობად» გარდაისახა. სახელისუფლო პარტიასაც არანარი იდეოლოგია არ გააჩნდა, ჰქონდა ამოცანა – პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდაჭერა. ასეთ პარტიას არანაირი სტრატეგიული პერსპექტივა არ შეიძლება ჰქონდეს. თუ გაიხსენებთ, ჟვანია აცხადებდა, რომ მოქალაქეთა კავშირი ხელისუფლებაში დიდი ხნით – რამდენიმე ათეული წლით მოვიდა, მაგრამ, როგორც კი შევარდნაძე გადადგა, მოქალაქეთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. იგივე დაემართება მის ახალგაზრდულ ფრთასაც – «ნაციონალურ მოძრაობას», როგორც კი სააკაშვილი პოლიტიკური არენიდან წავა. ეს ყველა ქართული პოლიტიკური პარტიის წესია _ პარტიები იქმნება ლიდერის  და არა იდეოლოგიის გარშემო. მიდის დამფუძნებელი ლიდერი და კვდება პარტიაც. ასე, უკვე 20 წელიწადია, გრძელდება და ასე იქნება კიდევ დიდხანს, ალბათ, მანამ, ვიდრე საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის დასავლურ პრინციპზე – მის პარტიებად დაყოფაზე არ ვიტყვით უარს. მიაქციეთ ყურადღება: ყველა წუწუნებს იდეოლოგიის მქონე პარტიების არარსებობის გამო, მაგრამ, როგორც კი ივანიშვილმა განაცხადა თავისი პარტიის შექმნის თაობაზე, ათასობით ადამიანი მივარდა გასაწევრიანებლად, მაგრამ განა ვინმე დაინტერესდა, თუ როგორია ამ პარტიის იდეოლოგია, ქვეყნის განვითარების სტრატეგია, სოციალური პრიორიტეტები? ივანიშვილის გამოჩენამ გამოიწვია აღფრთოვანება, რომელიც კლასიკურ ფრაზაში გამოიხატა: «მხოლოდ თქვენ გადაარჩენთ საქართველოს!». როგორ, რა ხერხებით, როგორი საგარეო პოლიტიკით, ეკონომიკური მოდელით, როგორი სოციალური რეფორმებით, _ ამით არავინ დაინტერესებულა. თავის დროზე ასეთივე ეგზალტირებული მოწოდებით მიმართავდნენ შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც.

_ საზოგადოებაში ავტორიტეტული ლიდერების მწვავე დეფიციტია

_ დიახ, და ეს პარტიათა ფორმირების ფესვგადგმული პრაქტიკის შედეგია. პარტიული ლიდერები ვერ ახერხებენ სათანადო ავტორიტეტის მოპოვებას ან მალე კარგავენ მას. თუ ადამიანი პარტიას არა იდეოლოგიური პრიორიტეტების პრინციპით ქმნის, არამედ საკუთარ თავზე ირგებს, მაშ, რით მოიზიდოს მხარდამჭერები? იგი მათ ჰპირდება ადგილებს პარლამენტში, ფულიან თანამდებობებს, კარგ ბიზნესს. ამგვარად, პარტიები, პარტიული გუნდები ყალიბდება არა ქვეყნის განვითარების იდეების რეალიზაციისთვის, არამედ ადამიანთა ჯგუფის მომგებიანი დასაქმების მიზნით. პოლიტიკა ბიზნესი გახდა. ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვხედავთ გარიგებებს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის, განხეთქილებას პარტიებში, ერთი და იმავე სახეების გადასვლას პარტიიდან პარტიაში. ჩვენ ხომ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც უკვე ნამყოფი არიან აბსოლუტურად ერთმანეთის საწინააღმდეგო დასახელების მქონე ხუთ-ექვს პარტიაში. იდეოლოგიის, სტრატეგიული მიზნების არარსებობამ, პარტიული ლიდერების უპრინციპობამ მოსახლეობაში მათ მიმართ უნდობლობა გამოიწვია. ეს, სხვათა შორის, მათ ნაკლებად აღელვებთ. მათ იციან, რომ შეიძლება შეხვიდე პარლამენტში, თუ ამერიკელებს მოეწონები, და ისინი ხელისუფლებას მითითებას მისცემენ ამა თუ იმ პარტიის შეყვანის თაობაზე. ამიტომ ბოლო წლების მანძილზე ოპოზიციური პარტიების საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დაემტკიცებინათ ამერიკელებისთვის საკუთარი მზადყოფნა და უნარი, შეესრულებინათ მათი მითითებები უკეთ, ვიდრე ამას მოქმედი ხელისუფლება აკეთებს.

_ ბოლო ორისამი წელია, ზოგმა პოლიტიკურმა ლიდერმა დაიწყო სკეპსისის გამოხატვა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აშშის მხრიდან ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ გამოდიან, ეროვნული ღირებულებებისკენ, ეროვნული ღირსებისკენ მიბრუნებას მოგვიწოდებენ. დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოსვლას ვუსმენ და ხანდახან მეჩვენება, რომ ისინი თქვენი 10-15 წლის წინანდელი სტატიებიდან ამონარიდებს კითხულობენ

_ არიან ასეთებიც, მაგრამ ასეთები გახდნენ იმიტომ, რომ ამერიკელებმა თქვეს უარი მათი ამბიციების დაკმაყოფილებაზე, მიახვედრეს, რომ ქვეყნის ლიდერებად მათი კანდიდატურები არ განიხილება. გაიხსენეთ ამ პოლიტიკოსების ადრინდელი პოლიტიკური კარიერა. რომელი არ იყო მათ შორის ჯერ შევარდნაძესთან, შემდეგ კი სააკაშვილთან? რას ელაპარაკებოდნენ მაშინ ხალხს? ნატოში უმოკლეს ვადაში შესვლაზე, ევროკავშირზე, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, «დასავლური ღირებულებების» დანერგვაზე, «სამარცხვინო წარსულზე» უარის თქმაზე, მტერზე რუსეთის სახით. სხვათა შორის, ამერიკელებისგან უარის მიღების შემდეგ ზოგიერთმა მათგანმა მხარდაჭერისთვის სწორედ რუსეთს მიმართა, იქ კი კარგად ახსოვთ მათი პოლიტიკური წარსული, თუმცა ზრდილობიანად მიიღეს, გაუღიმეს კიდეც, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის მხარდაჭერის მოპოვება ურჩიეს. იქნებ ახლა მაინც, როდესაც «ძია სემის» და «ძია ვანიას» დახმარების იმედი დაეკარგათ, ამ პოლიტიკოსებმა მკაფიო იდეოლოგიური კონცეფციის შემუშავება დაიწყონ, რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებსა და სულიერ-ზნეობრივ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული და ამგვარად სცადონ ერის მხარდაჭერის მოპოვება, ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის ელჩის მისაღებში საკუთარ რიგს დაელოდონ.

პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, იდეების ბრძოლაა. პოლიტიკური ლიდერები იდეური ადამიანები უნდა იყვნენ, ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე საკუთარი ხედვაერისა და სახელმწიფოს განვითარებაზე საკუთარი კონცეფცია უნდა გააჩნდეთ. შეგიძლიათ დამისახელოთ თუნდაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი მოქმედ «მჭიდში», რომელიც იქნებოდა სახელმწიფოს მშენებლობის უმნიშვნელოვანესი თეორიული თუ პრაქტიკული საკითხების შესახებ პროგრამული სტატიის ავტორი? წიგნზე არ ვამბობ, თუნდაც ერთი უბრალო სტატიის ავტორი რომ იყოს? ისინი ურიცხვ ინტერვიუს აძლევენ, რომლებშიც სააკაშვილის სკანდალურ ქცევას განიხილავენ, ერთმანეთს პრეტენზიებს უყენებენ, საკუთარ თავს იქებენ, სხვებს კიცხავენ. განა შეიძლება ამ ინტერვიუებიდან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ მათი პოზიციის გაგება? პარტიული პროგრამები ერთნაირია, მათ კითხვას არანაირი აზრი არ აქვს, ისინი, უბრალოდ, დასავლური ნიმუშებიდანაა გადმოწერილი და ქართულ სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაშ, რის საფუძველზე უნდა მისცეს მათ ამომრჩეველმა ხმა? ყველა «საქართველოს აყვავებას» გვპირდება, მაგრამ როგორ გავიგოთ, თუ რა გზით უზრუნველყოფენ ისინი ამ «აყვავებას»? შევარდნაძეც გვპირდებოდა, სააკაშვილიც…

_ სააკაშვილმა გელათის ტაძარში ფიციც კი დადო

_ სააკაშვილს ფიცი არ დაუდვია. ფიცი ჰქვია ტექსტს, რომელშიც არის სიტყვა «ვფიცავ!» სააკაშვილს ეს სიტყვა ერთხელაც არ უთქვამს. ეს იყო გამოსვლა ეკლესიაში, ამერიკული სპიჩი მართლმადიდებლურ ტაძარში, რომელიც, გაუგებარია, რატომ დაუშვა ჩვენმა ეკლესიამ.

_ საზოგადოების პოლიტიკურ კულტურას აყალიბებს იდეების ბრძოლა, ანუ  იდეალშიპოლიტიკური პარტიების საქმიანობა. ჩვენს პარტიებს იდეების არქონის მიზეზით ასეთი კულტურის ფორმირება არ შეუძლიათ. მაგრამ პოლიტიკური კულტურის გარეშე ჩვენი საზოგადოება დაუცველია სხვადასხვაგვარი მანიპულაციებისგან. ეს ჩაკეტილი წრეა. როგორ გავარღვიოთ ეს წრე?

_ დიახ, ქვეყნის საზოგადოება, ერი დაუცველია და ამიტომაც ამდენი წლის მანძილზე ბინძური პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლს წარმოადგენს. ჯერჯერობით გამოსავალი მხოლოდ ერთია: აუცილებელია, ჩვენი საზოგადოების პატრიოტულმა, ეროვნულად ორიენტირებულმა წარმომადგენლებმა ფართო საგანმანათლებლო საქმიანობა გაშალონ _ აუხსნან ხალხს მსოფლიო განვითარების თანამედროვე ეტაპის თავისებურებანი, მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციები, რეგიონული პრობლემები, საქართველოს ისტორიული თავისებურება, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის სპეციფიკა. ხალხი არაა დამნაშავე იმაში, რომ ეს ყველაფერი არ იცის. სასწავლო დაწესებულებებში ამას არ ასწავლიან, ტელევიზია ამ პრობლემებს აყალბებს, პოლიტიკოსები ერს მითებს ახვევენ თავს. საჭიროა ილია ჭავჭავაძის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტიპის პოლიტიკური განათლების სისტემა.

_ წამიკითხავს, რომ თქვენი ბაბუა აფხაზეთში წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ედგა სათავეში

_ დიახ, ხსნიდა და ინახავდა სკოლებს. მაშინ შეძლებული ხალხი მეტს ფიქრობდა ერის მომავალზე, ვიდრე დღევანდელი მდიდრები.

ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, რომელიც პლანეტის საკმაოდ სახიფათო კუთხეში ვცხოვრობთ. ჩვენი ერის სიცოცხლესა და სახელმწიფოს არსებობაზე პასუხისმგებლობა ყველა ქართველმა უნდა იტვირთოს. ამისთვის იგი კომპეტენტური უნდა იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებში, რათა მოტყუებული არ დარჩეს როგორც გარე ძალების, ისე ადგილობრივი პოლიტიკური ავანტიურისტების მხრიდან. ცოდნა და დიპლომატია – ეს ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელთაც შეუძლია გადაარჩინოს ქართველი ერი ამ ვერაგ საუკუნეში. ჩვენმა ხელისუფლებამ კოლოსალურ საგარეო ვალში ჩააგდო ქვეყანა, მაგრამ ფული არც სახალხო მეურნეობის განვითარებაზე, არც განათლებასა და მეცნიერებაზე არ დახარჯულა, არამედ ჯარისა და სამართალდამცავი სისტემის შენახვასა და შეიარაღებაზე წავიდა. ვისთან ვაპირებთ ომს? თუ ვაპირებთ, რომ შეიარაღებული ძალები მეზობლებთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ, მაშინ ჩვენ შეიძლება სამი ჰიპოთეტური მოწინააღმდეგე გვყავდეს – რუსეთი, თურქეთი, ირანი (ყველა მეზობლის უკან სწორედ ეს სახელმწიფოები დგანან). როგორი უნდა იყოს ქართული ჯარი, რათა რომელიმე მათგანს შეებრძოლოს? თეორიულად მაინც შესაძლებელია კი ასეთი ჯარი გვყავდეს?

საქართველოში წამყვანი, ყველაზე მრავალრიცხოვანი და მაღალპროფესიული სახელმწიფო სტრუქტურა საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს. ქართველი დიპლომატები მიზანდასახულად უნდა მუშაობდნენ მთელ მსოფლიოში, ამყარებდნენ სარფიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტაქტებს, საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების პროპაგანდას ეწეოდნენ.  ასეთი საქმიანობა, განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან ერთად, უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის შედარებით უსაფრთხო არსებობას. საქართველო მსოფლიოში ცნობილი უნდა იყოს არა პრეზიდენტის ექსცენტრიულობით, ეთნოკონფლიქტებით და მძინარე მოსახლეობის დაბომბვით, არამედ მშვიდობიანი შემოქმედებითი საქმიანობით, გამორჩეული დიპლომატიით, მოსახლეობის განათლების მაღალი დონით, მეცნიერული და კულტურული მიღწევებით.

_ მივუბრუნდეთ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს. თქვენ უკვე გამოთქვით მოსაზრება «ქართული ოცნების» საქმიანობის შესახებ. არის კიდევ რამდენიმე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელთა შესახებაც საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი გაგვეგო. მაგალითად, «სახალხო კრება» ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით

_ მე, როგორც წესი, კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების შეფასებისგან თავს ვიკავებ, პირველ რიგში,  იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ამ პარტიებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ კიდეც. მეორეც, ამ პარტიების ლიდერთა უმრავლესობა შევარდნაძისა და სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრები არიან, ამ გუნდების მიმართ კი სიმპათიით განწყობილი არ ვარ. და მესამე, _ არ მინდა, ჩემი შეფასებებით მათ ოპოზიციურ საქმიანობას ხელი შევუშალო, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ ისინი ოდესმე ჩამოყალიბდებიან რეალურ ეროვნულ ძალად, რომელიც  ქართველი ხალხის ეროვნულ მისწრაფებებს გამოხატავს. რაც შეეხება «სახალხო კრებას», მასში გაერთიანებულია ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებსაც პატივს ვცემ მათი პატრიოტიზმისა და ეროვნული სულისკვეთების გამო და რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ მათ. ამასთან, ჩემთვის, როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის, სასურველი იქნებოდა, რომ ამ გაერთიანების ლიდერი ნაკლებად იყოს დაკავებული საკუთარი თავის ქებით, თვითტკბობით და  მეტად ეცადოს, დაანახოს მოსახლეობას, თუ რეალურად რით განსხვავდება ყოფილი თანაგუნდელებისგან. მგონი, ჰიპერტროფირებული წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე მას ხელს უშლის, რეალურად შეაფასოს საკუთარი ადგილი ქართულ პოლიტიკაში. ის საკუთარ თავზეც კი მხოლოდ მესამე პირში საუბრობს, როგორც ამას თურქეთის სულთნები და ინდიელთა ბელადები აკეთებდნენ. ეს ძალიან სასაცილოა და მას ავტორიტეტს არ ჰმატებს. მითუმეტეს, რომ მას, ჩემი აზრით, წარსულ პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით საამაყო არაფერი აქვს…

_ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მინდია გულუამ ასევე ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია და ძალაუფლებისთვის ბრძოლა წამოიწყო

_ მე მას არ ვიცნობ და არაფერი ვიცი პარტიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. რაღა დაგიმალოთ, მე ორადორი ლიდერი ვიცი, რომლებიც საზღვარგარეთიდან ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკურ ბრძოლას და ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში _ ვლადიმერ ლენინი და აიათოლა ჰომეინი, მაგრამ ლენინს ძლიერი იდეოლოგია და სტალინი ჰყავდა, ხოლო ჰომეინი შიიტური სამყაროს აღიარებული სულიერი ლიდერი იყო.

_ გულუასაც აქვს საქართველოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იდეა: იგი აფხაზეთის დაბრუნებას გვპირდება. პირდაპირ ასე აცხადებს: «მე დავაბრუნებ აფხაზეთს». იგი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონკრეტული პროგრამა აქვს.

_ თამამი განცხადებაა. ასეთი სითამამე ქართული პოლიტიკის ყველა პერსონაჟს ახასიათებს არჩევნების წინ, თუმცა, თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, ასეთი პროგრამა რეალური მხოლოდ იმ შემთხვევაში  შეიძლება იყოს,  თუ იგი აფხაზურ მხარესთან ერთობლივად იქნება შემუშავებული რუსეთის ფედერაციის შუამავლობით. მე კარგად ვიცნობ სიტუაციას აფხაზეთში, პირადი ურთიერთობა მაკავშირებს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან,  პოლიტიკურ და ინტელექტუალურ წრეებთან და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი, რომელთანაც აფხაზები რეინტეგრაციის პრობლემაზე სასაუბროდ მიუსხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას. მეტიც, არც ისეთი ლიდერი არსებობს, რომელსაც ასეთ მოლაპარაკებაში  პარტნიორად ჩართვაზე მოსკოვი აფხაზებთან რეკომენდაციას გაუწევდა.

შევარდნაძესა და სააკაშვილს არაერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, რეინტეგრაციული პროცესები დაეწყოთ, მაგრამ ამისთვის მათ უარი უნდა ეთქვათ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ბოდვით იდეაზე და სამხრეთ კავკასიაში ამერიკის მარიონეტის როლზე. ორივემ მარიონეტობა არჩია, ხოლო სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომით საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ საკითხს. თქვენ ხომ იცით, აფხაზურ რადიკალურ წრეებს ძალიან ეშინოდათ, რომ შევარდნაძის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდოდა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. ისინი პირდაპირ ამბობდნენ: «თუ საქართველოს მმართველი  რუსეთის მეგობარი იქნება, მაშინ რუსები ისევ გვაიძულებენ, გავერთიანდეთ ქართველებთან», მაგრამ სააკაშვილმა ისინი ძალიან გაახარა, როდესაც შევარდნაძის საგარეოპოლიტიკური კურსისადმი ერთგულება დაადასტურა და პირდაპირ გააბედნიერა, როდესაც ცხინვალის ომი დაიწყო. სოხუმში მაშინ უნდოდათ, ძეგლიც კი დაედგათ სააკაშვილისთვის, როგორც აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მამისთვის. მართალია, ძეგლი კარიკატურული უნდა ყოფილიყო.

დღეს პრაქტიკულად ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. თვისობრივად ახალი რეინტეგრაციული პროექტია საჭირო, რომელსაც წარადგენენ ახალი, სისხლითა და მტრობით გაუსვრელი პოლიტიკოსები. თანაც ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც როგორც აფხაზების, ასევე რუსული მხარის ნდობით სარგებლობენ. ამ თვალსაზრისით, მე ივანიშვილის იმედი მქონდა, მაგრამ მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ შევარდნაძესააკაშვილის საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს, ანუ იმთავითვე ხაზი გადაუსვა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში პოზიტიური ცვლილებების ყველა იმედს. დაიმახსოვრეთ: პოლიტიკოსი, რომელიც მიზნად ნატოში შესვლას ისახავს, ვერასოდეს გაამთლიანებს საქართველოს, უფრო კი სხვა რეგიონებს დაკარგავს.

_ პოლიტიკური პარტიების დაბალი ავტორიტეტის ფონზე, ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მკვეთრად გაიზარდა ნდობის რეიტინგი. ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, თავიანთ საქმიანობაში ეკლესიის მხარდაჭერა მოიპოვონ, მაგრამ, ჩემი აზრით, დღევანდელ პირობებში ეკლესია თვითონ საჭიროებს დაცვას. ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თქვენ ხშირად წერდით საფრთხეებზე, რომლებიც ემუქრება ქართულ მართლმადიდებლობას, გვთავაზობდით კიდეც, შექმნილიყო მართლმადიდებლობის დაცვის სამოქალაქო კავშირი. მგონი, ბოლო წლებში თქვენი შიში გამართლდაეკლესიაზე ზეწოლამ ტოტალური ხასიათი მიიღო. შეიძლება თუ არა ისე მოხდეს, რომ ეკლესიამ, საფრთხის გამო, რომელიც მის არსებობას ემუქრება, მყარი პოლიტიკური პოზიცია დაიკავოს?

_ საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ეკლესიას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მიმართ ინდიფერენტული პოზიცია ეკავა. ჩვენ არ გაგვიგია ეკლესიის პროტესტი ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ, ერისთვის დამღუპველ მომენტებში. ეკლესიამ არ დაგმო სახელმწიფო გადატრიალება და კანონიერი პრეზიდენტის დამხობა, რომელიც ხალხმა თითქმის ერთხმად აირჩია, თანაც ერთადერთ სამართლიან არჩევნებში  ჩვენს ისტორიაში. ამ დანაშაულმა საშინლად შეურაცხყო ქართველი ხალხი და იგი ეკლესიის რეაქციას, მის მხარდაჭერას ამაოდ ელოდა. ეკლესიამ არ აღიმაღლა ხმა, როდესაც შევარდნაძემ აფხაზეთში ომი დაიწყო, როდესაც სამეგრელოში დამსჯელი რაზმები გაუშვა საყაჩაღოდ და ერთმორწმუნე თანამემამულეების დასახოცად. საერთოდ, ეკლესიის ხელმძღვანელობა ყველაფერში მხარს უჭერდა შევარდნაძეს, თუნდაც იმ დასავლური «დემოკრატიული» ნორმების იძულებით დანერგვაში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლურ ღირებულებებს და თვითონ ეკლესიის მომავალს უქმნიდა საფრთხეს. ზუსტად ამის შესახებ ვწერდი მაშინ პრესაში და პირადად ვეუბნებოდი პატრიარქს. რაკი ეკლესიის მორჩილება და გულგრილობა დაინახეს, შევარდნაძის მემკვიდრეები მართლმადიდებლობის პრობლემის კარდინალურ გადაჭრას შეუდგნენ – მართლმადიდებლური სულიერი ღირებულებების ტოტალურ გამოდევნას, ეკლესიისა და მის მსახურთა დაცინვას, ეკლესიის უფლებების შეზღუდვას, რელიგიურ სექტებთან მის ფაქტობრივ გაიგივებას. ეს მარტივი მიზეზის გამო ხდება: მართლმადიდებლობა დასავლურ ღირებულებებთან, ზნეობრივ ნორმებთან, ამერიკული ცხოვრების წესთან შეუთავსებელია. ვერც ერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში დასავლეთი ვერ ახერხებს, დაუმორჩილოს ხალხი თავის ზნეობას,  ცხოვრების პრინციპებს. გაიხსენეთ, რას ამბობდა ამერიკელი იდეოლოგი ბჟეზინსკი: კომუნიზმის კრახის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა ერთი მტერი _ მართლმადიდებლობაო. ჩვენმა «რეფორმატორებმა» გადაწყვიტეს, აჩვენონ ამერიკელ პატრონებს, რომ მართლმადიდებლობის დისკრედიტირება, გამოდევნა, განადგურება შეიძლება და ამ გზით ერის გენეტიკური კოდის შეცვლაც შესაძლებელია. მე ვამაყობ იმით, რომ ქართველმა ხალხმა იგრძნო ეს საშიშროება და მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად დადგა, თუმცა თავად ეკლესიამ არ დაიცვა ხალხი მისთვის მძიმე მომენტებში. ხალხის სწორედ ამ პოზიციით აიხსნება ეკლესიის მაღალი რეიტინგი, მაგრამ ეს არ არის ეკლესიის დამსახურება. ეროვნული თვითგადარჩენის გრძნობამ შეკრიბა ხალხი ეკლესიის, როგორც ტრადიციული ღირებულებების ერთადერთი დარჩენილი ინსტიტუტის, გარშემო.   ცხადია, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ ცალკეული სასულიერო მოღვაწეების და თუნდაც ეკლესიის იერარქების საზოგადოებრივ აქტიურობას. მე ღრმა პატივისცემით ვეპყრობი ამ მამაც ადამიანებს, რომლებიც საქვეყნოდ კიცხავენ ხელისუფლების ცოდვას და დანაშაულს, მის მიერ  შექმნილ ეროვნული სულის ჩამხშობ სისტემას. ამ საეკლესიო მოღვაწეებს მიაქვთ ხალხთან მართალი სიტყვა, აიმედებენ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და ამ გზით აძლიერებენ ქართული ეკლესიის ავტორიტეტს. ბევრი მათგანი თქვენს გაზეთშიც იბეჭდება. ვფიქრობ, მათი აქტიური პოზიციისა და ქართულ მონასტრებში ბერების გარემოში დუღილის წყალობით კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც აძლევს თავს უფლებას, გამოვიდეს კრიტიკული შეფასებებით ხელისუფლების განსაკუთრებით მიუღებელი ქმედებების წინააღმდეგ. უფრო კატეგორიულ და პრინციპულ პოზიციას მისგან არ უნდა ველოდოთ. საქართველოს ისტორიაში იყვნენ კათოლიკოსები, რომლებიც ძალიან მკვეთრ პოზიციას იკავებდნენ ხელისუფლების მიმართ, თუ ხედავდნენ, რომ ხელისუფლება ვნებს ხალხს და სახელმწიფოს. ილია მეორე მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. იგი ძალიან წესიერი, ღირსეული ადამიანია, მაგრამ მებრძოლი არ არის. პირიქით, ჩვენ _ საზოგადოებამ, ხალხმა პატრიარქისადმი თაყვანისა და პატივისცემის გამოხატვით უნდა დავიცვათ იგი როგორც ხელისუფლებისგან, ასევე გადაგვარებული, უპრინციპო სასულიერო პირებისგან, მათ შორის წმინდა სინოდის გაყიდული წევრებისგან. ილია მეორე დღეს არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის გარანტი. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ადამიანი უკვდავი არ არის. პირადად პატრიარქი, მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები და მრევლიც უნდა დაფიქრდეს, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ეკლესიას ილია მეორეს შემდეგ. ხელისუფლება შეეცდება, წმინდა სინოდის მოსყიდული წევრების გამოყენებით «რეფორმატორი», ეკუმენისტი, «ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა» მიმდევარი დასვას პატრიარქის ტახტზე. ამ შემთხვევაში ეკლესიის გახლეჩას თავს ვერ ავარიდებთ, ეს კი საზოგადოების, ერის გაყოფას, ერთადერთი გამაერთიანებელი სულიერი ძალის ჩამორთმევას, ერის საყრდენის გამოცლას ნიშნავს. მაშინ ჩვენს ხელისუფლებას შეეძლება, ამერიკელებს პატაკი ჩააბაროს:  მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევისა და განადგურების ექსპერიმენტი წარმატებით დავასრულეთ და ამაშიც მაგალითი შეგვიძლია ვიყოთ სხვა ქვეყნებისთვისო.

_ მინდა, საქართველოში მომავალი პოლიტიკური პროცესების შესახებ თქვენგან რაიმე ოპტიმისტური გავიგო. ნუთუ ამ გაუგებრობის, გაურკვევლობის, საყოველთაო ტყუილისა და ღალატის პერიოდი არასოდეს დასრულდება?

_ საქართველოს თავის ისტორიაში მართლაც ყველაზე საშიში პერიოდი აქვს. მგონი, ხალხი სწორად ვერ აფასებს დღევანდელი მდგომარეობის კატასტროფულობას ჩვენი სამშობლოსთვის. ხშირად შეიძლება გავიგონოთ, რომ თურმე საშინელი არაფერი ხდება, საქართველოს გადაუტანია უფრო რთული პერიოდებიც. არა, არ გადაუტანია! დიახ, საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე იშვიათად ყოფილა ერთიანი სახელმწიფო, იყო რამდენიმე სამეფოდ  დაშლილიც, არ გააჩნდა დამოუკიდებლობა, იყო ღატაკიც და აოხრებულიც. თუ ყველა იმ წლებს შევაჯამებთ, როცა საქართველო ერთიანი იყო, ჯამში, საბჭოთა პერიოდის ჩათვლით, 200-250 წელიწადი დაგროვდება. მაგრამ დაყოფის პერიოდშიც კი ეს ჯუჯა სახელმწიფოები მაინც ქართული იყო: იქ ცხოვრობდნენ ქართველები, ჟღერდა და ვითარდებოდა ქართული ენა, მოქმედებდა ქართული ტაძრები, იქმნებოდა ქართული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები. შევარდნაძისა და სააკაშვილის მოღვაწეობის შედეგად კი, პირველად ისტორიაში, ძირძველ ქართულ მიწებზე არაქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები შეიქმნა, რომლებშიც ქართველებისთვის, ქართული ენისთვის, ქართული კულტურისთვის ადგილი არ არის, ანუ ქართველი ხალხის არეალი, სასიცოცხლო სივრცე მკვეთრად შემცირდა. მეტიც, ანალოგიური პროცესებისთვის ნიადაგი მზადდება სხვა ქართულ რეგიონებშიც. ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა ერისთვის ისეთი დამღუპველი მოვლენა, როგორიც ქართული მოსახლეობის მასიური ემიგრაციაა. ემიგრაციამ კატასტროფული მასშტაბები მიიღო. საბჭოთა პერიოდის ბოლოსკენ საქართველოს მოსახლეობა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენდა, დღეს ავტორიტეტული ექსპერტების შეფასებით – 3,6-3,8 მილიონი ადამიანია. რამდენია მათ შორის ქართველი?

_ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვართა ხუთეულში მესამე ადგილზეა გვარი მამედოვი, ხოლო მეხუთეზეალიევი

_ ეს ხელისუფლების პოლიტიკის ბუნებრივი შედეგია. და კიდევ რამდენ ქართველს უნდა ლუკმაპურის საძებნელად საქართველოდან წასვლა? ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ამას გარდა, არასოდეს ყოფილა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება, ქვეყნის ოფიციალური პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა თვითონ ცდილობდეს  ქართული საზოგადოების გახრწნასა და გარყვნას, ტრადიციული ზნეობის, ქცევის ნორმების, სულიერების, ეროვნული სპეციფიკის, სოციო-კულტურული თვითმყოფადობის, ანუ ყველაფერ იმის განადგურებას, რაც ქართველობას განსაზღვრავს. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ქართველ ხალხს თავისი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას და, სამწუხაროდ, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს რთული პერიოდი ჩვენთვის პოზიტიურად დამთავრდება.

_ ჩვენი საუბარი, საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ისეთ აქტუალურ თემებს შევეხეთ, რომელიც ბევრს აღელვებს და მიმდინარე მოვლენების თქვენეული შეფასება საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევს. დარწმუნებული ვარ, რომ რედაქცია ბევრ გამოხმაურებას მიიღებს ამ ინტერვიუს შემდეგ, მათ შორის იქნება შეკითხვები თქვენთანაც. წინადადება მაქვს, შევკრიბოთ ეს შეკითხვები და უკვე მკითხველის სახელით დაგისვათ.

_ ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, გავიგო მკითხველის აზრი იმ თემებზე, რომლებსაც შევეხეთ და ყველა ახალ შეკითხვას სიამოვნებით ვუპასუხებ.

ესაუბრა

ირაკლი თოდუა

 

 

1 COMMENT

  1. ძალიან საინტერესო სტატიაა და ვფიქრობ იგი ბროშურის სახით უნდა ედოს ქართველს მაგიდაზე. რატომ იკავებს ბატონი ალექსანდრე თავს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად ჩართვაზე?

  2. დზალიან კაი და საინტერესო სტატიაა,მრავლის მეტკველი,გმერტო შენ დაიფარე საკარტველო!!!ამინ!

  3. სულისშემძვრელი რეალობაა ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ,სამწუხაროდ ყველაფერი ნამდვილად ასეა…გეთანხმებით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here