Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

675

ვინ არის უფრო სანდო პარტნიორი?

ძნელია იმის თქმა, როგორი შთაბეჭდილება დატოვა ჩერჩილმა სტალინზე. საეჭვოა, სასიამოვნო და იმედისმომცემი ყოფილიყო. ინგლისის პრემიერმა, ვისაც სტალინი პატივისცემით ეკიდებოდა, თვალსაჩინოდ გამოხატა, რომ იგი კარგად ფლობდა გამოთქმების ორმაგ გაგებას, რათა შემდგომში უარი ეთქვა თავისსავე დანაპირებზე. ჩერჩილმა იმის დემონსტრირებაც მოახერხა, რომ კარგად უძლებდა დარტყმებს, ამასთან, არ იყო ძაბუნი და შეეძლო მოტყუებულ პარტნიორთან ჩასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიზიტის დროს მოუხდებოდა საყვედურების და მწარე-მწარეების მოსმენა. ურთიერთობაში ჩერჩილი ერთგვარად გულწრფელიც კი აღმოჩნდა. თუმცა მასთან საუბარში პარტნიორი ყურადღებით უნდა ყოფილიყო, რათა არ წამოგებოდა მის გადმოგდებულ ანკესს.

გამოცდილ დიპლომატს, რომელიც მიჩვეული იყო საპარლამენტო დემაგოგიას, უპირატესობაც კი ჰქონდა სტალინთან ურთიერთობის დროს. მაგრამ ეს უპირატესობა სწრაფადვე ნიველირდებოდა, როცა საბჭოთა ბელადის სუფთა და პატიოსან პოზიციას უპირისპირდებოდა. გამორიცხული არ არის, რომ სტალინი საკუთარი ღირსების შეურაცხყოფად მიიჩნევდა ეშმაკობასა და პირმოთნეობაში შეჯიბრებოდა სტუმარს. ღია დიპლომატიურ ორთაბრძოლაში გამარჯვება მის მხარეს იყო, რადგან ამ შემთხვევაში იმარჯვებს სიმართლე.

შემდგომ და შემდგომ ჩერჩილი სულ უფრო და არაერთხელ რწმუნდებოდა, რომ სტალინი სანდო პარტნიორი იყო, მისი სიტყვა კი _ გაუტეხელი. სამწუხაროდ, ინგლისის პრემიერი ამ თვისებებით ყოველთვის არ გამოირჩეოდა. ასე იყო, მაგალითად, როცა სტალინს დაპირდა 1943 წლის გაზაფხულზე ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას. მაშინ მოიტყუა. არ გამართლდა მისი ზოგიერთი პროგნოზი, რის მიხედვითაც ჩრდილოეთ აფრიკაში შეჭრას სარგებლობა უნდა მოეტანა წითელი არმიისთვის. მაგალითად, ჩერჩილი სტალინს ოპერაცია «ტორჩის» გეგმებზე რომ მოუთხრობდა, ირწმუნებოდა, რომ ჰიტლერი ამ ფრონტზე გადაისროდა თავის სამხედრო-საჰაერო ძალებს, რათა გადაერჩინა იტალია. ეს საეჭვო პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა: ჰიტლერს ხმელთაშუაზღვაში არ გადაუსვრია «ლუფტვაფე». მას იმ მომენტისათვის იტალიის ბედი არ აწუხებდა, უფრო ნაკლებად _ ჩრდილოეთ აფრიკისა. გერინგის საჰაერო ესკადრები აღმოსავლეთ ფრონტზე რჩებოდა, იქ, სადაც ომის ბედი წყდებოდა. მაგრამ მაშინ სტალინმა, როგორც ჩანს, ჩერჩილის არგუმენტები სერიოზულად აღიქვა, ან, ყოველ შემთხვევაში, დაიჯერა მისი გულწრფელობა.

ჩერჩილს განსაკუთრებით აინტერესებდა, შეინარჩუნებდა თუ არა წითელი არმია კავკასიას. ბრიტანეთის იმპერიის ოდინდელი მისწრაფებიდან გამომდინარე, მან შესთავაზა სტალინს ინგლისის ჯარების შეყვანა ამიერკავკასიაში ნავთობის საბადოების დასაცავად. სტალინს არ გასჭირვებია მისი ჩანაფიქრის ამოცნობა, განკარგულება გასცა, მოეტანათ კავკასიონის ქედის მაკეტი. ინგლისელ სტუმარს ამ თვალსაჩინოების მოშველიებით დაანახა როგორი მტკიცეა საბჭოთა თავდაცვა ამ რაიონში. ჩერჩილი მოსკოვიდან გაემგზავრა მტკიცე რწმენით, რომ საბჭოთა კავშირი გაუძლებდა გერმანელების შემოტევას.

სტალინის სიმშვიდემ და თავდაჯერებამ ჩერჩილზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საბჭოთა ბელადმა განუცხადა:

_ ამბობენ, რომ თურქები თურქესტანში თავს დაგვესხმებიან. თუ ეს მართალია, მე შევძლებ, გავუსწორდე მათ.

ბრიტანეთის პრემიერმა მტკიცედ განაცხადა: ასეთი საშიშროება არ არსებობს. თურქებს განზრახული აქვთ, არ ჩაერიონ და, რა თქმა უნდა, არ მოუნდებათ წაეჩხუბონ ინგლისელებს. სტალინი, როგორც ჩანს, ამავე აზრისა იყო.

მან მიიპატიჟა ჩერჩილი კრემლის თავის ოთხოთახიან ბინაში. ოთახები, რომლებიც, როგორც ჩერჩილი წერდა, «საშუალო ზომისა იყო და უბრალოდ და ღირსეულად იყო მოწყობილი»… მიუხედავად იმისა, რომ სუფრასთან ისინი მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ, სტალინმა ამ მიწვევით აგრძნობინა, რომ სტუმრისადმი არა მარტო პატივისცემით, არამედ სიმპათიურადაც იყო განწყობილი. შეიძლება, ასეც იყო. გამორიცხული არ არის, რომ პატივისცემა და სიმპათია ორმხრივი იყო. თუმცა სტალინის ინტელექტმა და განსწავლულობამ ჩერჩილი აიძულა ფრთხილად ყოფილიყო ასეთ პარტნიორთან ურთიერთობისას.

როგორც ჩანს, ორივე ეს სახელმწიფო მოღვაწე შეგნებულად ცდილობდა დისკუსიის გამწვავებას, რათა დაკვირვებოდა პარტნიორის რეაქციას, როცა ეს უკანასკნელი ემოციის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ნერვები ორივეს მაგარი აღმოაჩნდა… სტალინს არ დაუმალავს თავისი კეთილგანწყობა გავლენიანი სტუმრის მიმართ და ერთგვარი კმაყოფილებაც კი მეორე ფრონტის ჩრდილოეთ აფრიკაში გადატანის გამო.

სტალინს უეჭველად ესმოდა: ინგლისი უწინდებურად დაინტერესებულია საბჭოთა კავშირის გერმანიასთან პირისპირ დატოვებით, რომელსაც კონტინენტური ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა უჭერდა მხარს. არადა, დადგა ომის გადამწყვეტი ფაზა, როცა ჰიტლერელებს შეეძლოთ გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინათ წითელი არმიისთვის. ლენინგრადისა და სტალინგრადის დამხობა სერიოზულად დასცემდა საბჭოთა ხალხის მორალურ სიმტკიცეს, რადგან ეს ეხებოდა ქალაქ-სიმბოლოებს. აი, რატომ იყო, რომ ჩერჩილის პოლიტიკური მანევრები აღაშფოთებდა საბჭოთა ლიდერს. მაგრამ იგი იძულებული იყო, თავი შეეკავებია. მას სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა იმისა, რომ განემტკიცებია პირადი მეგობრული ურთიერთობა ბრიტანეთის პრემიერთან. მთავარი იყო დარწმუნება, რომ სამი დიდი სახელმწიფოს კავშირი არ დაირღვეოდა და მომავალში შესაძლებელი იქნებოდა, მოკავშირეებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დამყარებულიყო.

…1942 წლის 30 ნოემბერს ჩერჩილმა კაბინეტის სხდომაზე წაიკითხა სტალინის წერილი მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობის შესახებ. იმ დღეს ბრიტანეთის პრემიერი 68 წლის გახდა. მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი საჩუქარივით იყო ცნობა სტალინგრადთან გერმანელების ალყაში მოქცევის შესახებ.

ცოტა მოგვიანებით ჩერჩილმა იდღესასწაულა ინგლისელთა დიდი გამარჯვება იტალიელებისა და გერმანელების წინააღმდეგ ეგვიპტეში, ელ-ალამეინთან. ჩერჩილმა განაცხადა, რომ ეს იყო «დიადი გამარჯვება», რომელმაც თითქოსდა, «ფაქტობრივად შემოაბრუნა ბედის ჩარხი» და წარმოდგა «ყველაზე უფრო გადამწყვეტ სახმელეთო ბრძოლად, მოკავშირეთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით».

რა შეიძლება ამაზე ითქვას? თუ მხედველობაში გვექნება ინგლისელების სამარცხვინო დამარცხება დიუნკერკთან 1940 წელს და შემდგომ გერმანელებთან შეჯახების თავიდან აცილების ტაქტიკა, მაშინ ელ-ალამეინი შეიძლება ჩაითვალოს დიდ წარმატებად. მაგრამ ჩერჩილის მიერ ამ წარმატების წარმოუდგენლად გაბერვას მიზნად მხოლოდ ინგლისელთა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება არ ჰქონია.

აქ ჩადებული იყო ცინიზმისა და უნამუსობის არცთუ მცირე ელემენტი. ამავე პერიოდში წითელმა არმიამ მოიპოვა მართლაც დიდი გამარჯვება სტალინგრადის ბრძოლაში, რომლითაც ბრიტანეთის პრემიერს ესოდენი აღფრთოვანება არ გამოუხატავს. მთავარი კი ისაა, რომ ცოტა ხნით ადრე ჩერჩილმა თავისი სამხედრო კაბინეტის წევრებს დაუგზავნა საიდუმლო მემორანდუმი, რომელშიც ნათქვამი იყო:

«ჩემი ყველა ფიქრი მიმართულია ევროპისკენ, როგორც თანამედროვე ერებისა და ცივილიზაციების წინაპარი დედისკენ. დიდი კატასტროფა მოხდებოდა, რუსულ ბარბაროსობას რომ გაენადგურებინა ევროპის უძველეს სახელმწიფოთა კულტურა და დამოუკიდებლობა…» არ გაგონებთ ეს გამონათქვამი ჰიტლერის ლოზუნგებს, რომლებითაც მან აღმოსავლეთისკენ ლაშქრობა განახორციელა?

მწერალი და ანალიტიკოსი ვ. კოჟინოვი, რომელიც სტალინგრადისა და ელ-ალამეინის ბრძოლებს ერთმანეთს ადარებს, წერს:

«დასავლურ ლიტერატურაში და ზოგჯერ, მისი გავლენით, რუსულშიც, ამ ორ მოვლენას განიხილავენ ლამის როგორც ერთნაირი მნიშვნელობის მქონეს, თუმცა საკითხის ამგვარი დაყენება სასაცილოა.

ელ-ალამეინთან ბრძოლაში იტალია-გერმანიის ჯარებში სულ 80 ათასი ადამიანი ითვლებოდა (უმეტესად _ იტალიელები), ისინი 60 კილომეტრის სიგრძის ფრონტს იცავდნენ, სტალინგრადის ბრძოლაში კი გერმანელთა და მისი მიკავშირეების მილიონზე მეტი ცოცხალი ძალისგან შემდგარი არმია მოქმედებდა 400 კილომეტრის სიგრძის ფრონტზე. მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ სტალინგრადის ბრძოლაში მთლიანად განადგურდა მოწინააღმდეგის მთელი მაშინდელი შეიარაღებული ძალების ერთი მეექვსედი _ 16,3 პროცენტი, ელ-ალამეინში კი ამ ძალების მხოლოდ 1,3 პროცენტი. უნდა ითქვას ისიც, რომ ელ-ალამეინთან ბრიტანელების რაოდენობა თითქმის სამჯერ სჭარბობდა მოწინააღმდეგეებისას _ 230 ათასი 80 ათასის წინააღმდეგ. დიდად მნიშვნელოვანია, რომ ჰიტლერი, რომელიც ჩვეულებრივ უმკაცრესად სჯიდა თავის გენერლებს დამარცხებისთვის, ამჯერად არა მარტო ასე არ მოქცეულა, არამედ «აფრიკული კორპუსის» სარდალი რომელი დააჯილდოვა «ბრილიანტებით რაინდის ორდენისათვის (1943 წლის 17 მარტს), ხოლო მას შემდეგ, რაც 1943 წლის 10 ივლისს ამერიკა-ინგლისის ჯარები სიცილიაში გადმოსხეს, დაავალა არმიების ჯგუფის სარდლობა იტალიაში».

გასაგებია, რომ თავისთავად ფაქტი, როცა სსრ კავშირის მოკავშირეები ფაშისტების წინააღმდეგ აქტიურად ამოქმედდნენ, მათი პირველი გამარჯვება საკმაოდ დიდი მნიშვნელობისა იყო, უფრო მეტად _ მორალური თვალსაზრისით. ელ-ალამეინს დიდად არ დაუზარალებია ვერმახტი და გერმანელთა ჯარები აღმოსავლეთის ფრონტიდან დასავლეთისკენ არ გადაუმისამართებიათ. მეორე ფრონტი დასავლეთში არ გახსნილა.

ჩერჩილი საბჭოთა კავშირის მტრად დარჩა მას შემდეგაც, რაც სტალინს «აღსარება» უთხრა. შესაძლებელია, რომ იმ მომენტში, როცა მან საბჭოთა ლიდერს პატიება სთხოვა უწინდელი შეცოდებისთვის, გულწრფელიც კი იყო. მაგრამ  ორპირ კაცად დარჩა: ჰიტლერი მას იმ მომენტში უფრო საშიშ მტრად მიაჩნდა. სტალინი მას დროებით მეგობრად სჭირდებოდა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

«პერესტროიკის» შემდგომ სამხედრო-პოლიტიკურ ლიტერატურაში შეხვდებით იმის მტკიცებას, რომ თითქოს სტალინგრადის ბრძოლაში წითელი არმიის გამარჯვებას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. და ამის მიზეზი თურმე საბჭოთა სარდლობის შეცდომები ყოფილა, რამაც საშუალება მისცა ფელდმარშალ მანშტეინს 1943 წლის გაზაფხულზე ხელმეორედ დაეპყრო უკვე გათავისუფლებული რამდენიმე დიდი ქალაქი. ჭეშმარიტი მიზეზების შესახებ, რომლებმაც ამ პერიოდში წითელი არმიის წარუმატებლობა გამოიწვია, ლაპარაკია სტალინის წერილში, რომელიც მან ჩერჩილს 1943 წლის 15 მარტს გაუგზავნა:

«თქვენი ცნობიდან ირკვევა, რომ ინგლის-ამერიკის ოპერაციები ჩრდილოეთ აფრიკაში არათუ ჩქარდება, არამედ გადაიდება უკვე აპრილის ბოლოსთვის. და ეს ვადაც კი საკმაოდ გაურკვევლადაა მინიშნებული. ამგვარად, ჰიტლერელთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლების ყველაზე დაძაბულ პერიოდში, თებერვალ-მარტის პერიოდში ინგლის-ამერიკის შეტევა ჩრდილოეთ აფრიკაში არა თუ არ დაჩქარებულა, არამედ საერთოდ არ ჩატარებულა, ხოლო თქვენს მიერ საამისოდ დანიშნული ვადა გადადებულია. ამასობაში გერმანიამ უკვე მოასწრო 36 დივიზიის გადმოყვანა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ, მათგან 6 დივიზია სატანკოა. ადვილი გასაგებია, თუ რა სიძნელეები შეუქმნა ამან საბჭოთა არმიას და როგორ შეუმსუბუქა გერმანელებს მდგომარეობა საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტზე.

უწინდებურად მთავარ საკითხად ვთვლი საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნის დაჩქარებას».

აღშფოთებულ სტალინს თავდაჭერილობა არ დაუკარგავს, თუმცა შესანიშნავად ხვდებოდა თავისი მოკავშირეების ფლიდობასა და ვერაგობას. 1943 წლის 29 მარტს ჩერჩილისთვის გაგზავნილ წერილში საჭიროდ ჩათვალა ეთქვა: «გუშინ კოლეგებთან ერთად ვნახე თქვენი გამოგზავნილი ფილმი «გამარჯვება უდაბნოში»… ფილმში შესანიშნავადაა ნაჩვენები, როგორ წარმართავენ ბრძოლას ინგლისელები, და ზუსტადაა მხილებული ის სალახანები, ასეთები ჩვენს ქვეყანაშიც არიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თითქოს ინგლისი არ ომობს და  განზე გამდგარი მხოლოდ თვალს ადევნებს ომის მიმდინარეობას».

ძნელი არ არის ამ წერილის ქვეტექსტის ამოკითხვა: «სალახანებისთვის» დაბრალებული ინგლისელების უმოქმედება სიმართლესთან ახლოსაა და მიგვითითებს, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე მიმდინარე უმძიმეს ბრძოლებთან შედარებით, ბრიტანელთა მთავრობის აქციები გერმანელთა წინააღმდეგ კოღოს კბენის ეფექტის მქონე იყო. ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსი ტეილორი წერდა: «1942 წლამდე იმის ალბათობა, რომ არმიაში მებრძოლი ჯარისკაცი მიიღებდა შეტყობინებას დაბომბვისგან ცოლის დაღუპვის შესახებ, აღემატებოდა იმის ალბათობას, რომ ცოლი მიიღებდა ომში ქმრის დაღუპვის შესახებ ცნობას».

ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სსრკ არავითარ დახმარებას არ იღებდა მოკავშირეებისგან. უეჭველია, რომ დახმარება იყო და მას, როგორც ინგლისის პასიურ დახმარებას, რაღაც სარგებლობა მოჰქონდა წითელი არმიისთვის. საქმე ის არის, რომ ასეთი დახმარება შედარებით ნაკლები იყო. ხოლო ცრუ დაპირებები ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ ჯერ 1942 წლისთვის, შემდეგ 1943 წლისთვის, საბჭოთა სარდლობას მხოლოდ ურევდა გეგმებს და ნეგატიურად აისახებოდა საბჭოთა ჯარების მოქმედებაზე.

თავის მემუარებში ჩერჩილმა ცინიკურად აღიარა, რომ მარტი «მიიჩნია შესაფერის მომენტად, რათა მისთვის (ანუ სტალინისთვის. _ ავტ.) ეცნობებინა უსიამოვნო სიახლე ქარავნების შესახებ. საქმე ის არის, რომ მარტის ქარავანი გადაიდო, ხოლო ჩრდილოეთის გზით ქარავნის გაგზავნა სექტემბრისთვის გადაიდო. ეს უსიამოვნო ამბავი იყო. მწარე აბი რომ გაეტკბილებინა, ჩერჩილი უხვსიტყვაობდა სამხრეთის გზით, ირანის გავლით სამხედრო აღჭურვილობის ნაკადის გაძლიერების თაობაზე.

სტალინმა 1943 წლის 2 აპრილს ასე უპასუხა:

«მივიღე თქვენი 30 მარტის წერილი ცნობით იმის შესახებ, რომ გაჭირვება გაიძულებთ თქვენ და ბ-ნ რუზველტს სექტემბრამდე გადადოთ ბადრაგების (სატვირთო ხომალდების ქარავანს სამხედრო გემები იცავდა, ექსკორტირებდა. _  ა.ს.) გამოგზავნას სსრ კავშირში. ეს მოულოდნელი აქტი მიმაჩნია დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ საბჭოთა კავშირისთვის სამხედრო ნედლეულისა და შეიარაღების მიწოდებათა კატასტროფულ შემცირებად, რადგან დიდი ოკეანის გზით ტონაჟი შეზღუდულია და ნაკლებ საიმედო, ხოლო სამხრეთის გზა ნაკლებ გამტარუნარიანია, რის გამოც ამ ორივე გზას არ შეუძლია აანაზღაუროს ჩრდილოეთის გზით მიწოდების შეწყვეტა. გასაგებია, რომ ამ გარემოებამ არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს საბჭოთა ჯარების მდგომარეობაზე».

ჩერჩილის პასუხი: «ვაღიარებ ყველაფერს, რაც ბადრაგების თაობაზე თქვენს დეპეშაში თქვით. გარწმუნებთ, რომ ვაკეთებ ყველაფერს, რაც ძალმიძს, რათა შესაძლო ზომები მივიღო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ღრმად მაქვს შეგნებული ის გიგანტური ტვირთი, რომელსაც ეწევიან რუსეთის არმიები, და, აგრეთვე, მათი უბადლო წვლილი საერთო საქმეში».

შეგნებული აქვს, მაგრამ მეორე ფრონტი არა და არ იხსნება! ტკბილ-ტკბილი სიტყვებით ცდილობდა ჩერჩილი თავისი უგვანო საქციელის გადაფარვას. იგი კვლავ და კვლავ ღალატობდა მოკავშირეს უძნელეს მომენტში, როცა დახმარება განსაკუთრებით საჭირო იყო. მას ხელს აძლევდა სისხლისმღვრელი შეტაკებები აღმოსავლეთის ფრონტზე.

სტალინი თავის პოლიტიკას პატიოსნად და განუხრელად განახორციელებდა, არასოდეს ღალატობდა მოკავშირეებს და ეხმარებოდა ურთულეს მომენტებში, არასოდეს უფიქრია მათთვის სამაგიეროს გადახდაზე უმოქმედობისა გამო ჰიტლერელთა 1942 წლის ზაფხულის შეტევის უმძიმეს პერიოდშიც და მომდევნო წელსაც.

1943 წლის 14 თებერვალს სტალინმა მიიღო «პრემიერ-მინისტრ ბ-ნ უინსტონ ჩერჩილის პირადი და საიდუმლო წერილი»: «არაჩვეულებრივ გამარჯვებათა ჯაჭვმა, რომლის ერთ-ერთი რგოლია დონის როსტოვის გათავისუფლება, რის შესახებაც ცნობა ამ ღამით მივიღეთ, წამართვა შესაძლებლობა, სიტყვიერად გამოვთქვა ის აღტაცება და მადლიერება, რომელსაც განვიცდით რუსეთის იარაღის მიმართ. ჩემი ყველაზე გულწრფელი სურვილია, რაც შეიძლება მეტი გავაკეთო თქვენს დასახმარებლად».

უეჭველია, წითელ არმიას დიდად დაეხმარებოდა ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა. მაგრამ ამის თაობაზე ჩერჩილი თავის წინამორბედ წერილში ყრუდ ამბობდა: «ასევე ენერგიულად ვემზადებით ჩვენს ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში განვახორციელოთ არხის (ლა მანშის სრუტეზეა ლაპარაკი. _ ა.ს.) ფორსირების ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ნაწილები. ტონაჟი და სადესანტო შეტევის საშუალებანი აქაც ასევე იქნება მალიმიტირებელი ფაქტორი. თუ ოპერაცია გადაიდება ამინდის გამო ან სხვა მიზეზით, მაშინ იგი მომზადდება სექტემბრისთვის უფრო მსხვილი ძალების მონაწილეობით. ამ შეტევის ვადები, რასაკვირველია, დამოკიდებული უნდა იყოს იმ შესაძლებლობათა მდგომარეობაზე, რაც გერმანელებს ამ დროისთვის სრუტის მეორე მხარეს ექნებათ».

თავის პასუხში სტალინმა აღნიშნა: «თქვენი ცნობიდან ჩანს, რომ თქვენს მიერ ტუნისში თებერვლისთვის დანიშნული სამხედრო ოპერაციების დამთავრების ვადა, ახლა აპრილისთვისაა გადადებული. ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმას, თუ რამდენად არასასურველია გერმანელებისა და იტალიელების წინააღმდეგ ოპერაციების ასეთი გაჭიანურება. სწორედ მოცემულ მომენტში, როცა საბჭოთა ჯარებს ჯერ კიდევ შეუძლიათ თავიანთი ფართო შეტევის გაგრძელება, ინგლის-ამერიკის ჯარების აქტიურობა ჩრდილოეთ აფრიკაში დაჟინებით აუცილებელია»…

ეს რა, გაუგებარი იყო ჩერჩილისთვის? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მას უთუოდ სურდა, მაქსიმალურად შეენარჩუნებინა ინგლისის სამხედრო ძალა, საბჭოთა არმია კი სისხლისგან დაცლილიყო.

მისი მიზანი, როგორც ნათქვამი გვაქვს, იყო ის, რომ ომის დასასრულს საბჭოთა კავშირი სრულიად გამოფიტული ყოფილიყო. მაშინ ინგლისს შეეძლებოდა ეკარნახებინა თავისი პირობები მთელი ევროპისთვისაც და საბჭოთა კავშირისთვისაც.

განვაგრძოთ სტალინის წერილის ციტირება:

«რაც შეეხება ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნას, ეს, როგორც თქვენი ცნობიდან ჩანს, დაგეგმილია მხოლოდ აგვისტო-სექტემბრისთვის. მე მგონია, ახლანდელი სიტუაცია მოითხოვს, რომ ეს ვადები მაქსიმალურად შემცირდეს და მეორე ფრონტი დასავლეთში გაიხსნას აღნიშნულ ვადაზე მნიშვნელოვნად ადრე. მტერს მოღონიერების საშუალება რომ არ მიეცეს, ჩემი აზრით, ფრიად მნიშვნელოვანია დასავლეთიდან შეტევა კი არ გადაიდოს წლის მეორე ნახევრისთვის, არამედ დაიწყოს ჯერ კიდევ გაზაფხულზე ან ზაფხულის დადგომისთანავე.

ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ცნობებით, გერმანელებმა დეკემბრის ბოლოდან, როცა ინგლის-ამერიკის ძალების მოქმედება ტუნისში რატომღაც შეჩერდა, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან და თვით გერმანიიდან საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტზე გადმოისროლეს 27 დივიზია, მათ შორის 5 სატანკო დივიზია. ამრიგად, საბჭოთა კავშირისთვის დახმარების ნაცვლად საბჭოთა-გერმანიის ფრონტიდან გერმანელთა ჯარების ჩამოცილების გზით, შეღავათი მიეცა ჰიტლერს, რომელმაც ტუნისში ინგლის-ამერიკის ოპერაციების შესუსტების გამო რუსეთის წინააღმდეგ თავისი დამატებითი ჯარების გადასროლის შესაძლებლობა მიიღო.

ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ, რაც უფრო ადრე გამოვიყენებთ ერთობლივად ჰიტლერულ ბანაკში შექმნილ სიძნელეებს, მით უფრო მეტი საფუძველი გვექნება, ვივარაუდოთ უახლოეს დროში ჰიტლერის განადგურება. თუ ყოველივე ამას არ გავითვალისწინებთ ამჟამად და ახალ მომენტს ჩვენი საერთო ინტერესებისთვის არ გამოვიყენებთ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გერმანელები, რომლებიც სულისმოთქმისა და ძალის მოკრების საშუალებას მიიღებენ, შეძლებენ წელში გამართვას. ჩვენთვის, თქვენთან ერთად, ცხადია, რომ ამგვარი არასასურველი რამ არ უნდა დავუშვათ.

აუცილებლად ჩავთვალე ეს პასუხი ბ-ნ რუზველტისთვისაც გამეგზავნა.

გმადლობთ თბილი მოლოცვისთვის როსტოვის გათავისუფლების გამო. ჩვენმა ჯარებმა დღეს დაიკავეს ქალაქი ხარკოვი.

1943 წლის 16 თებერვალი».

წერილების გაცვლის შემდეგ სტალინი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მოკავშირეები არ აპირებენ ჩაერთონ ჰიტლერელებთან სერიოზულ ბრძოლაში. ამიტომ 13 მარტს მან გულახდილად მიწერა ჩერჩილს: «თქვენი განცხადებების გაურკვევლობა ინგლის-ამერიკის დასახული შეტევის შესახებ არხის მეორე მხარეს მაშფოთებს, რაც არ ვთქვა, არ შემიძლია».

მისი შიში სრულიად ბუნებრივი იყო.

განვლო 1943 წლის გაზაფხულმა და უცებ გაირკვა, რომ მოკავშირეები არ აპირებენ დაარტყან ჰიტლერელებს საფრანგეთში. 1943 წლის 19 ივნისს ჩერჩილმა სტალინს ვრცელი წერილი გაუგზავნა, სადაც კვლავ შეეცადა, გაემართლებინა მოკავშირის მორიგი ტყუილი დაპირება მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. საბჭოთა კავშირი კვლავ მარტო ებრძოდა ვერმახტს. პრემიერი ცდილობდა, დაერწმუნებინა სტალინი, რომ «ღერძის სახელმწიფოთა მოულოდნელად სწრაფმა დამარცხებამ ჩრდილოეთ აფრიკაში არია გერმანელების სტრატეგია და… სამხრეთ ევროპისთვის წარმოქმნილმა საფრთხემ აიძულა ჰიტლერი შეყოყმანებულიყო, გადაედო რუსეთის წინააღმდეგ დიდი შეტევა, რომელიც ამ ზაფხულისთვის ჰქონდა დაგეგმილი»…

უნდა ითქვას, რომ ვერსია აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანელების დიდი შეტევის გადადების შესახებ, როგორც შემდგომ გაირკვა, დეზინფორმაცია იყო.

ამ ღალატის დიპლომატიურ გამარჯვებად ჩათვლა მხოლოდ ცინიზმი და უნამუსობა იქნებოდა.

სტალინი სავსებით საფუძვლიანად მიიჩნევდა, რომ ფაშისტების საზაფხულო შეტევა გარდაუვალია, და მართალიც აღმოჩნდა. 24 ივნისის თავის წერილში მან გულახდილად და დამაჯერებლად უარჰყო ჩერჩილის მოსაზრებანი ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის შეუძლებლობის შესახებ. წერილი ასე მთავრდებოდა:

«თქვენ მე მწერთ, რომ მთლიანად გესმით ჩემი გულგატეხილობა».

თავის პასუხში ჩერჩილი არა მარტო ეშმაკობდა, არამედ დაშანტაჟებასაც ცდილობდა _ შემიძლიაო ჩვენი წინააღმდეგობანი საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვიტანო. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ჰიტლერი სრულიად თავისუფლად შეძლებდა თავისი ჯარების გაძლიერებას აღმოსავლეთ ფრონტზე… სხვათა შორის, იგი ასეც იქცეოდა, ჩერჩილი კი კვლავ ამტკიცებდა, რომ როცა მტერი დარწმუნებული არ იყო, სად და როდის დაარტყამდა მოწინააღმდეგე, როგორი იქნებოდა მისი შეტევის ძალა, ჰიტლერი იძულებული გახადა გადაევადებინა მესამე შეტევა რუსეთზე, რომლისთვისაც ექვსი თვის წინათ დიდი მზადება მიმდინარეობდა. «შეიძლება ისეც მოხდეს, _ წერდა იგი სტალინს, _ რომ თქვენს ქვეყანას ამ ზაფხულში არავინ ძლიერ არ შეუტევს»…

მაგრამ ასე არ მოხდა. ჰიტლერსაც კარგად ესმოდა ჩერჩილის ორპირული პოლიტიკა, რომელიც რუსებისა და გერმანელების ურთიერთგაჟლეტის წახალისებაში გამოიხატებოდა. ინგლისის ავიაცია მუდმივად ბომბავდა გერმანიის ქალაქებს, მაგრამ არა თავდაცვითს ობიექტებს საფრანგეთის სანაპიროზე.

ჰიტლერისთვის ცხადი იყო, რომ დასავლეთში მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here