Home რუბრიკები საზოგადოება კონსტანტინე გამსახურდია: ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი

კონსტანტინე გამსახურდია: ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი

1632

15 მაისს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 119 წელი შესრულდა. ისტორიული რომანების, ესსეებისა და ნოველების გარდა, მის კალამს არაერთი პუბლიცისტური წერილი ეკუთვნის. «ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი» ერთ-ერთი მათგანია, რომელიც იმდენად თანამედროვეა, რომ მკითხველს უთუოდ საგანგებოდ გაზეთის ამ ნომრისთვის დაწერილი ეგონება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო გერბზე გამოხატულია მარჯვნისაკენ თავმიდრეკილი არწივი, ამ არწივს ცალ ფეხში ზეთისხილის შტო აქვს ჩაბღაუჭებული, ხოლო მეორეში _ ისრების კონა. ზეთისხილის შტო ძველთაგანვე მშვიდობის ემბლემად ჰქონდათ მიჩნეული ხალხებს, ისრების კონა კი _ ერთიანობისა.

საკმარისია თვალი გადავავლოთ აშშ-ის არც ისე ხანგრძლივი ისტორიის მთავარ ეტაპებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ სახელმწიფოს მესვეურთა მთელი პრაქტიკა ემსახურებოდა არა მშვიდობისა და ხალხთა სოლიდარობის მაღალ იდეალებს, არამედ ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატები იყო მუდამ ომისა და შფოთის ინიციატორი.

თვით ამერიკის აღმოჩენის პირველადი სტიმული იყო დასავლეთ-ევროპული იმპერიალიზმის დაუცხრომელი წყურვილი ახალ-ახალი ქვეყნების დაპყრობისა და ახალ სიმდიდრეთა მოხვეჭისა.

ქრისტეფორე კოლუმბზე ადრე, ოქროს მაძიებელთა ოცნებების მესიტყვედ გახდა ფლორენციელი გეოგრაფი და ვარსკვლავთმრიცხველი პაოლო ტოსკანელი, რომელსაც გუმანი ჰქონდა დასავლეთით მიმართული გეზით წაეყვანა თავისი გემი და ინდოეთს ჩასულიყო.

იგი ამ გზით იმედოვნებდა წაწყდომოდა «აზიის უკიდურეს ნაპირთან მდებარე ციპანგუს ქვეყანას». ეს მრავალნაცადი ფლორენციელი კუბლაი ხანთან მსახურებდა ოდესღაც თურმე და ჩინური წყაროებიდან ამოკითხული ჰქონია, ციპანგუს ქვეყანაში სასახლეებსა და ეკლესიებს ოქროთი ხურავენ, იატაკებზედაც «თითის სისხო» ოქროს ფენებია დაგებულიო. პაოლო ტოსკანელის ჩანაწერებით ისარგებლა გენუელმა მეზღვაურმა ქრისტეფორე კოლუმბმა და, როგორც ვიცით, მას ერგო წილად ინდოეთისა და «ციპანგუს მოოქროვილ ქვეყნის» ნაცვლად ამერიკის კონტინენტი აღმოეჩინა. კოლუმბს თან მოჰყვნენ მთელი ევროპის ავანტიურისტები, ოქროს მაძიებელნი, ციხეებიდან გაქცეული რეციდივისტები და უმცროსი შვილები ისეთი ოჯახებისაც, რომელთაც მემკვიდრეობის მაიორატული სისტემა ჰქონდათ შემოღებული. ამ ახალ ხმელეთზე ბედის საძიებლად რომანულ მოდგმის ხალხებმა, სახელდობრ, ესპანელებმა და პორტუგალელებმა დაასწრეს ინგლის-საქსებს ამ ხმელეთის დაპყრობა. ამერიკა ჯერაც მთლიანად აღმოჩენილი არ იყო, როცა დაფაცურდა რომის კურია. კათოლიკური ეკლესიის მამამთავრებისათვის მთლად სასიამოვნო ამბავი არ იყო ბიბლიური კოსმოგონიის დარღვევა. როგორც ცნობილია, ქრისტიან თეოლოგებს მიწა წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც ურმის თვალივით ბრტყელი და მრგვალი სივრცე, რომლის ცენტრში იერუსალიმი იგულისხმებოდა. რომის პაპისათვის ამ შემთხვევაში მთავარი იყო კათოლიკური ეკლესიის სუვერენობა განემტკიცებინა ახლადაღმოჩენილ ხმელეთზედაც, ამიტომაც გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ბულლა ალექსანდრე VII და კათოლიკურ ესპანეთს დაუმტკიცა «ყველა კუნძული, როგორც აღმოჩენილი, ისე მემრისშიაც აღმოსაჩენი».

იტალიელებსა და ესპანელებზე უფრო ადრე, მე-10 ს. ამერიკის ხმელეთს უწიეს ნორმანებმა, სახელდობრ გრენლანდს, ხოლო ამ კუნძულიდან მისწვდნენ ვინლანდს, სადაც ამერიკელთა ჯიშის მწარე ვაზი აღმოჩნდა (ეს ნორმანები იყვნენ ისევ და ის მეკობრეები, რომელნიც «ქართლის ცხოვრებაში» ცნობილნი არიან, როგორც «ვარანგები». ეს ახლადმოსულები ამოწყვიტეს ამ კუნძულზე მობინადრე ესკიმოსებმა).

ინგლის-საქსებმა და გერმანელმა პროტესტანტებმა რომის პაპის დაუხმარებლად ჩაიგდეს ხელში ჩრდილო-ამერიკის ტერიტორია. მათ თანმიმდევრულად გასწყვიტეს ამერიკის აბორიგენები, ადგილობრივი ტომები და დაეპატრონენ ჩრდილოეთს. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, იმ მომენტში, როცა რომანული და ინგლის-საქსური მოდგმის ხალხები დაეპატრონენ ამერიკის ხმელეთს, აბორიგენების რიცხვი 100 მილიონს აღემატებოდა, მაგრამ ოთხი საუკუნის მანძილზე დაუცხრომელი ჟლეტისა და დევნის შედეგად დღევანდელ ამერიკაში აბორიგენი ხალხების რიცხვი ოცდახუთ მილიონს არ აღემატება, სახელდობრ, ჩრდილო ამერიკაში აბორიგენების სულადობა 300.000-მდე დაიყვანეს. ძირითადი მოსახლეობის ამოწყვეტის საკმაოდ ბნელ საქმეში განსაკუთრებით თავი ისახელეს ჩრდილო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. თავის დროზე ინგლისს ეწადა ფეოდალური სახელმწიფო დაეარსებინა ამერიკის ჩრდილოეთში. ამ სახელმწიფოს კონსტიტუციის პროექტის შედგენა კიდევაც დააკისრეს ცნობილ ფილოსოფოსს ლოკს, მაგრამ ეს პროექტი ქაღალდზე დარჩა.

მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ერთმა ინგლისურმა საზოგადოებამ ზანგებით ვაჭრობის პრივილეგიები მიიღო ინგლისის მთავრობისაგან, რათა ამ მუქთი მუშახელის მეშვეობით დაემუშავებინა თვალუწვდენელი პლანტაციები.

რომანულ და ინგლის-საქსურ ხალხთა შორის ატეხილ ინტერესთა ცილობაში ამერიკის კონტიგენტის ათვისების პირველ პერიოდიდანვე ჩაება ეკლესია. ერთ მხარეზე რომის პაპის კურია იბრძოდა თავისი ზეგავლენის სფეროს განსავრცობად, ხოლო მეორე მხრით ინგლისური პროტესტანტული ეკლესიები.

ეს ბრძოლა, როგორც ცნობილია, ჩრდილო ამერიკაში ამ უკანასკნელი ეკლესიების გამარჯვებით დასრულდა.

არც პროტესტანტული და არც კათოლიკური ეკლესიები თავს არ იტკივებდნენ ფერადკანიანი ხალხების არაადამიანური ჟლეტისა და აბსორბირების გამო, რამდენადაც დასავლეთის ქრისტიანებს მუდამ სჯეროდათ, თითქოს შავკანიანები წარმოშობილნი იყვნენ ბიბლიური ევასა და ეშმაკის შეუღლებისაგან. ოდესღაც ამერიკა დიდ სიმპათიებს აღუძრავდა ასე თუ ისე რადიკალურად მოაზროვნე ევროპელებს. 1766 წელს, როცა ინგლის-ამერიკის ომი ატყდა, ლაფაიეტმა საფრანგეთიდან თან წაიყვანა მოხალისეების კორპუსი «აჯანყებული კალონიების» მისაშველებლად, როცა გენერალი ლაფაიეტი თავის ლაშქრიანად პარიზს მიბრუნდა, პარიზული რადიკალური გაზეთები ხოტბას ასხამდნენ «სციპიო ამერიკანუსს» _ ამერიკელ სციპიონს. არა მარტო იმათ, ვინც პირველად გააკეთებინეს ამერიკული სახელმწიფო გერბი ზეთისხილის შტოთი და ისრების ბღუჯით დამშვენებული, ევროპული ინტელიგენციის რადიკალურად მოაზროვნე წრეებში დიდხანს გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ ამერიკა იქნებოდა ის ბედნიერი და თავისუფალი ქვეყანა, რომლისთვისაც უცნობი იქნებოდა ევროპის დასავლეთისა და აღმოსავლეთის აბსოლუტური მონარქიებისათვის თანდაყოლილი ტირანია. აშშ-ის პრეზიდენტებმა, რომელნიც პირველი პრეზიდენტის, შესანიშნავი მებრძოლის და სახელმწიფო ტრიბუნის _ გეორგ ვაშინგტონის შემდეგ საჭეთმპყრობელნი გახდნენ, თვალნათლივ დაუმტკიცეს მთელს მსოფლიოს, რომ ჩრდილო ამერიკა ეს «ნოვუს ორბის», «მონდო სუოვო», თავისუფლების ნავთსაყუდელი როდია, არამედ სიმდიდრის ღვთაების, გაუმაძღარი პლუტუსის ქვეყანაა. თანამედროვე აშშ-ის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს წარამარა პირზე აკერიათ ე. წ. მონროეს დოქტრინა. ეს დოქტრინა ეკუთვნის ერთ-ერთ პრეზიდენტს ჯემს მონროეს. მონროეს დოქტრინა დღესაც მიჩნეულია, როგორც ათი მცნება ჩრდილო ამერიკის პოლიტიკისა. პირველი მუხლი მონროეს დოქტრინისა ასეთია: ევროპულ სახელმწიფოებს არავითარი უფლება არ აქვთ, ჩაერიონ ამერიკის საქმეებში, იქვე წერია: ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მართებთ თავი შეიკავონ ევროპულ სახელმწიფოთა საქმეებში ჩარევისაგან. შემდეგი მუხლი მონროეს დოქტრინისა ასეთია: აღეკვეთოს ევროპის სახელმწიფოებს ამერიკული მიწებისა და კოლონიების მიტაცება, სულ ერთია, შესყიდვის სახით იქნება ეს, თუ ანექსიის ძალით.

მონროეს დოქტრინის მოგვიანებით დამატებულ მუხლში ვკითხულობთ: ჩრდილო-ამერიკის შეერთებულ შტატებს მიეკუთვნოს მფარველობა როგორც შუა ამერიკის, ისე სამხრეთ ამერიკის მიმართ.

ამერიკა _ ამერიკელებს

მონროეს დოქტრინის ამ მუხლს ჩრდილო ამერიკის ახალმა მესვეურებმა კორექტივი უნდა გაუკეთონ და ამ მუხლს უნდა მიაწერონ: არა მარტო ამერიკა, ევროპაც ამერიკელებს, მთელი მსოფლიო ამერიკელებს. ყოველ შემთხვევაში ატლანტიკის პაქტის ინიციატორები ამას უმიზნებენ, ასე რომ, მონროეს დოქტრინა უკვე მოძველებული ფორმულაა ამერიკული იმპერიალიზმისათვის.

აშშ მუდამ იმის ცდაში არიან, თავისი ჰეგემონია განამტკიცონ ამერიკის მთელ კონტინენტზე. ჩრდილო ამერიკის ადგილობრივ მკვიდრთა თანმიმდევრულ გაჟლეტისა და აბსორბირების შემდეგ იგი მოწადინებულია როგორც შუა ამერიკის, ისე სამხრეთ ამერიკის შტატებში დასახლებული ესპანელების, პორტუგალელებისა და ფრანგების დაქვემდებარებისა.

გასული საუკუნის მიწურულში აშშ-ის პოლიტიკური მესვეურების ინიციატივით გაიმართა პანამერიკული კონგრესი ვაშინგტონში. ამ კონგრესის მიზანი იყო სამი ამერიკის, ე. ი. ჩრდილო ამერიკის, შუა ამერიკის და სამხრეთ ამერიკის გაერთიანება. კონგრესის შეფარვული მიზანი უნდა ყოფილიყო ჩრდილო შტატების მიერ მთელი ამერიკის ნედლეულის ხელში ჩაგდება. მაგრამ ამ ღონისძიებას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

ჩრდილო შტატებმა მიისაკუთრეს ლუიზიანა და ფლორიდა, მექსიკას წაჰგლიჯეს ტექსასი და კალიფორნია, ანექსია უყვეს ჰავაის კუნძულებს, მიიტაცეს კუბა და პუერტო-რიკო.

ჩრდილო ამერიკული კაპიტალი უპირატესობას ღებულობს ბრიტანული კანადისა და სამხრეთ ამერიკის უმეტეს შტატებში.

ჩრდილო ამერიკის ფლოტი როგორც რიცხობრივად, ისე შეჭურვილობის მხრითაც უთანაბრდება დიდი ბრიტანეთის ფლოტს. ასე რომ, ბრიტანულ ლომს ეს პირველად გაუჩნდა მეტოქე ზღვაზე.

ჩრდილო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფილიპინების კუნძული მიიტაცა, მრავალი წლის განმავლობაში სისხლში ახრჩობდა თავისუფლების მოყვარულ ფილიპინელებს.

შეერთებული შტატების ფულით მოეწყო აჯანყებები კუბაში, როცა ამ აჯანყებამ გრანდიოზულ მასშტაბებს მიაღწია, ჩრდილო ამერიკის მთავრობა საკმაოდ ცინიკურად მოიქცა: წინადადება მისცა ესპანეთს, დაუყოვნებლივ აელაგმა აჯანყებანი. როცა ესპანეთმა ეს ვერ შეძლო, დრედნოუტი წარგზავნა ჰავანას, აჯანყებულებმა ამერიკული სამხედრო გემი ააფეთქეს, რის გამოც ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს ესპანელებს. 1901 წელს ტერორისტებმა მოჰკლეს პრეზიდენტი მაკ კინლეი. მისი შემცვლელი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი თუმცა შინაგან საქმეებში შედარებით ჰუმანური სახელმწიფო მოღვაწე იყო, მაგრამ საგარეო საქმეებში განაგრძობდა თავის წინამორბედების იმპერიალისტურ კურსს. ფილიპინების პერმანენტულ აჯანყებებს ბოლო მოუღო რუზველტმა. 1903 წელს ამერიკას დასჭირდა კონცესიები პანამის არხის გასაყვანად. ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატების აგენტებმა აჯანყება მოაწყეს კოლუმბიის მთავრობის წინააღმდეგ. ბოლოს, როგორც იქნა, თავისი გაიტანეს, საგანგებოდ დააარსეს პანამის მარიონეტული რესპუბლიკა.

ამერიკულმა დიპლომატიამ ალიასკა და ალეუტის კუნძულები 7 მილიონ დოლარად გამოსტყუა რუსეთის მეფეს.

პირველ იმპერიალისტურ ომში, ჩვენი თაობის თვალწინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ვილსონმა ჯვაროსნული ომი გამოაცხადა დემოკრატიის, ერების თავისუფლების, კულტურისა და ცივილიზაციის სახელით.

ასეთი უებარი ცინიზმით სავსე ყომარბაზობა ჯერაც არც ერთ სახელმწიფოს მესაჭეს არ უკადრებია.

პრეზიდენტი ისეთი სახელმწიფოსი, სადაც ჯერ არ მოშლილა ზანგების დისკრიმინაცია, ისეთი სახელმწიფოსი, რომელიც უმწეო და უიარაღო ერების ძვლებზეა აგებული, ერთი დაკვრით მოევლინა კაცობრიობას, როგორც მორალის მასწავლებელი და ახალი წესრიგის დამამყარებელი, როგორც ხალხთა დიდი არეოპაგის თავკაცი და სჯულმდებელი. ანალოგიურ გრიმასებს გვიჩვენებდა ექსპრეზიდენტი ტრუმენი, რომელიც ხშირად მოიშველიებდა ხოლმე მართლმორწმუნე ქრისტიანის ნიღაბს, ღმერთსა და მის ანგელოზებს უხმობდა თავისი ბნელი საქმეებისათვის შუქის მოსაფენად. ეს ნიღაბი უთუოდ სჭიროდა ისეთ პრეზიდენტს, რომელმაც თავი ისახელა უბედური კორეელი ბავშვებისა და უმწეო მოხუცების გაჟლეტით.

პრეზიდენტ უილსონის 14 პუნქტი, მის მიერ განცხადებული კონგრესისადმი გაგზავნილ მორიგ ეპისტოლეში, წარმოადგენდა მონროეს დოქტრინის უხეშ დარღვევას.

ამერიკის მიერ ევროპულ საქმეებში ინტერვენციის შედეგი იყო არა დაჩაგრულთა და უფლებააყრილთა შევრდომება, არამედ მიტაცება იმ ოქროს მარაგისა, რომელიც ამ ომის შემდეგ ევროპიდან ამერიკაში გატანილ იქნა. ბოლოს უილსონის ამერიკამ მიისაკუთრა პირველობა მექსიკის ნავთის ექსპლოატაციის საქმეში, მიიღო პროტექტორატი ჰაიტის კუნძულისა და ნიკარაგუას მიმართ.

ფაშიზმისა და რასიულ თეორიას გერმანულ ფაშისტებზე ადრე ჰყავდა თავისი აპოლოგეტები ამერიკაში. ოკეანეს გადაღმელ ინგლის-საქსების საარსებო საქმე იყო რუსული თეორიების არა მარტო ქადაგება, არამედ კონსექვენცური, თანამიმდევრული გატარება როგორც წარმოების, ინდუსტრიის, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ყოველ დარგში, რამდენადაც ამ თეორიების პრაქტიკულად განმამტკიცებლებს სერიოზულად სჯეროდათ, რომ, არა მარტო ამერიკული ხმელეთის აბორიგენები _ ინდიელები, ესკიმოსები და სხვანი, თვით აზიის უძველესი ხალხები _ ჩინელები, კორელეები და მალაელები თავს ვერ გაართმევენო ამერიკის მაშინერიის რთულ მექანიზმებს. მაშასადამე, ეს ხალხები, ამ პანამერიკანისტების აზრით, მოწოდებულნი იყვნენ მოეარათ ჩაის, შაქრის ლერწმის, ბრინჯის პლანტაციებისათვის; ისინი ამტკიცებდნენ, ამ ხალხებს დიახაც შეუძლიათ, თავი გაართვან იმ ელემენტარულ პროცესებს, რომელნიც საჭიროა გუმის, პარაგუმის და კაუჩუკის მისაღები საწარმოებისათვის, მაგრამ ამერიკულ მანქანათმშენებელ ქარხნებში ეს ხალხები ვერ გამოდგებიანო. ამიტომაც ამერიკაში ჩამოსულ ჩინელებს ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში იყენებდნენ, როგორც მრეცხავებს თავიანთ «სტიმლანდრებში» _ სამრეცხაოებში. მაშასადამე, პანამერიკელები ჩინეთისა და ინდოჩინეთის ძველი კულტურის ხალხებს, რომელთაც ევროპელებზე გაცილებით ადრე გააჩნდათ არა მარტო თავის დროზე მოწინავე კულტურა და დიდი ტექნიკური ცივილიზაცია, თვლიან ისეთ გონებაჩლუნგ ადამიანებად, რომელთაც თითქოს არ შეუძლიათ რომელიმე ავტოქარხნისათვის საჭირო დეტალის გამოჩარხვა.

ოდესღაც მთელი ქვეყანა იცინოდა იმის გამო, რომ ზოგიერთი ინგლისელი მეტიჩარა, სნობი ჟურნალისტი ყოველი ეროვნების კაცს, ლამანშს გადაღმა წარმოშობილს, უცქეროდა, როგორც უკულტუროსა და ვიგინდარას.

პირველი იმპერიალისტური ომის შემდეგ ასეთი სნობისტური ყოყოჩობა დასჩემდათ ამერიკელებს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპაში ჩამოსულ გაზეთის მჯღაბნელებს, დიპლომატებსა და ვითომდაც მწერლებს: ისინი ზევიდან დასცქერიან არა მარტო აზიელებს, არამედ თვით ევროპელებსაც.

ნურას ვიტყვით ჩინეთის უძველესი ფილოსოფიის, მწერლობის, მხატვრობის, პორცელანის ხელოვნების გამო. ამ დარგებში არამცთუ ამერიკა, დასავლეთი ევროპაც ვერ შეედრება ჩინეთს. ეს არის ოღონდ, ევროპელებს ჯერაც საკმაოდ არა აქვთ შესწავლილი არა მარტო შორეული აღმოსავლეთის, არამედ წინააზიის ხალხთა კულტურები და ენები. რაც შეეხება ამერიკელებს, ისინი ისეთ ქედმაღლურ პოზიციებზე შედგნენ, სხვა ხალხების შესწავლას მათთვის ბომბების თავზედაყრა არჩიეს.

შესაძლოა ბევრმა მათგანმა არც იცოდეს, რომ თვით დენთი, რომლის გამოჩენამ და გამოყენებამ უდიდესი ძვრები მოახდინა მთელი კაცობრიობის ისტორიაში, რამდენიმე საუკუნით ადრე ჩინეთში იყო ცნობილი. კაცობრიული კულტურის მეორე დიდზე დიდ ფაქტორს _ ქაღალდს ჩინელები აკეთებდნენ ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში. ცნობილია ჩინური სელის ქაღალდები, ბამბუკის ნორჩი ყლორტებისაგან გაკეთებული, ხის მერქნისაგან ნაკეთები ქაღალდი.

ლითონის მჭედლობის ხელოვნება ყველა ხალხზე ადრე ჩინელებს ემარჯვებოდათ, იგივე ითქმის ბრინჯაოს ჩამოსხმაში დახელოვნების შესახებ.

კიდევ ერთი დიდი ფაქტორი, რომელმაც მთელი რევოლუცია მოახდინა კაცობრიული კულტურის ისტორიაში. ეს გახლავთ ბეჭდვისა და სტამბის გამოგონება, რასაც ამაოდ მიაწერდნენ გუტენბერგს. ტვიფარების ამომჭრელი საბეჭდი ხელსაწყონი ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში გამოიყენეს ჩინელებმა. X საუკუნეში ქვის საბეჭდავებს ხმარობდნენ უკვე, ხოლო ე.წ. «ლუტერებით» ბეჭდვა პრაქტიკულად აითვისეს მათვე.

პირველი თოფი კანტონში გააკეთეს და შეერთებულ შტატებში წააღებინეს ამერიკელებმა. ჩინელებივე იყვნენ უწარჩინებულესი ოსტატები ფაიფურის ფაბრიცირებისა. მათ იგავმიუწვდომელი შედევრები შექმნეს ხის, ნეფრიტის, ბროლის და ვერცხლის მასალებისაგან.

ამერიკელთა შორის უფრო საქმიანნი და სხვა ქვეყნების ვითარებათა მცოდნენი პირიქით ამტკიცებდნენ: აიის ხალხები უნდა გამოვიყენოთ არა მარტო ჩაის, შაქრის, ლერწმის, ბრინჯის პლანტაციების მოსავლელად, გუმისა და კაუჩუკის მრეწველობაში, არამედ ამერიკული მანქანების ფარეშებადაც გამოგვადგება ჩინელი ყული, მალაელი და მონღოლი გლეხი, რადგან ინგლის-საქსური რასა ერთხელაც იქნება მხოლოდ გამოგონებათა რთულ საქმეებზე გადავა და უსულო და წმინდა მექანიკური მომსახურებისათვის ჩინეთიდან, მონღოლეთიდან და ინდო-ჩინეთიდან ჩამორეკილი აურაცხელი მუშახელის რეზერვები უნდა გამოვიყენოთო. დღეს ეს ხალხები უკვე შესული არიან დემოკრატიული ქვეყნების ძლევამოსილ გაერთიანებაში. ასე რომ, ამერიკელ ნეოფაშისტ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

კანიბალიზმი, ე.ი. კაციჭამიობა, რომელსაც ძველი ბერძნები ანთროპოფაგიას უწოდებდნენ, ტაბუსა და ტოტემის ბნელი ეპოქების სამარცხვინო გადანაშთი, ჩვენს დღეებამდის მოჰყვა ავსტრალიის, მელანეზიისა და განსაკუთრებით ცენტრალური აფრიკის ზოგიერთ ჩამორჩენილ ტომებს. ეს საშინელი ჩვეულება არ აღმოიკვეთა ისევ და ისევ იმ ევროპელი ხალხების დაუდევრობით, რომელნიც ავსტრალიისა და აფრიკის ხალხებთან მიდიოდნენ არა როგორც ცივილიზატორები, არამედ როგორც მყვლეფელები და წამგლეჯები. ჩვენს საუკუნეში გრანდიოზული მასშტაბით გავრცელდა კანიბალიზმი ჩრდილო ამერიკაში არა ესკიმოსების ან ინდიელების წრეებში, არამედ ამერიკული მილიარდერების მთავრობის თეთრ სასახლეში, ამერიკული დიპლომატიის, მწერლობის, ჟურნალისტიკის «მაღალ» სფეროებში.

რენესანსის დროს ზოგიერთი ჰუმანისტი საქვეყნოდ ქადაგებდა ცხოველები და ფრინველები ჩვენი უმცროსი ძმები და დებია; ამიტომაც მათ გულმოწყალედ მოვექცეთო.

ეს ამბავი ჩვენს ეპოქაში ჟღერს როგორც ბალღის მიამიტური ტიტინი. ისეთ ეპოქაში, როცა ვითომდაც ცივილიზებული ქვეყანა, რომელსაც «ახალ სამყაროს», «თავისუფლების ნავსაყუდელს» უწოდებდნენ ოდესღაც, გეორგ ვაშინგტონისა და ბენიამინ ფრანკლინის ქვეყანა, კანიბალიზმის კლასიკურ ქვეყნად იქცა.

აშშ სატახტო ქალაქის _ ვაშინტონის ცენტრში, ცხენზე ამხედრებული გეორგ ვაშინგტონის მონუმენტის გავწვრივ აღმართულია ოთხი ქანდაკება _ მშვიდობისა, ომისა, კოლუმბისა და ცივილიზაციისა.

ინგლისელი ისტორიკოსი კარლაილი თავის ცნობილ შრომაში «საფრანგეთის რევოლუცია» მოგვითხრობს: «როცა ერთი იაკობინელი გილიოტინისკენ მიჰყავდათ, მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ნაღვლიანად ჩაუარა თურმე თავისუფლების ძეგლს, პარიზის ერთ-ერთ მოედანზე დადგმულს, და სასოწარკვეთილად წამოიძახა: «ჰოი, თავისუფლებავ, დახე, რას ჩადიან შენი სახელით». ჩვენ, თანდამსწრენი ამერიკული კანიბალიზმის გაუგონარი პრაქტიკისა, მაკარტურისა და რიჯუეის მიერ კორეაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისა, ისეთი ამაზრზენი ბარბაროსობისა, რომლის ასაწერად არც ერთ დიდოსტატს სიტყვისა და ფერწერის ძალა არ ეყოფა, უფრო მეტი აღშფოთებით შეგვიძლია წამოვიძახოთ:

ო, კეთილშობილო რაინდო და დიდო ტრიბუნო, გეორგ ვაშინგტონო, ცივილიზაციავ, კოლუმბო და თავისუფლებავ, დახეთ, რას ჩადიან თქვენი სახელით უოლ-სტრიტის განგსტერები, ცივილიზებული კანიბალები!

ჩვენ ყოველდღე ვათვალიერებდით გაზეთებს, ვკითხულობდით ამერიკელი ჰაერის მეგობრეების მიერ კორეაში ჩადენილი ამაზრზენი მხეცობის ამბებს. ვათვალიერებდით გასრესილი ბალღების, ქალებისა და მოხუცების ცხედრებს, დანგრეული სოფლებისა და ქალაქების სამწუხარო ფოტოსურათებს და თავს ვეკითხებოდით ხანდახან: ხომ არ მოსულა ისეთი დრო, როცა კაცობრიობამ დასწყევლოს ფლორენციელი ვარსკვლავთმრიცხველი და გეოგრაფი პაოლო ტოსკანელი და მამაცი მეზღვაური ქრისტეფორე კოლუმბი?

გასულ საუკუნეში, როცა ინგლისელები თავს დაესხნენ ბურებს, მთელი ევროპა აღშფოთდა ამ ძალადობისაგან, მრავალი ქვეყნიდან და მათ შორის საქართველოდანაც წავიდნენ ვაჟკაცები ბურების მისაშველებლად. ცივილიზებული ევროპა კი გულგრილად შესცქეროდა, თუ როგორ ანადგურებდა ამერიკის ავიაცია კორეის უბედურ ხალხს, ამას ხედავდა ვითომდაც ქრისტეს მოსაყდრე ამ მიწაზე რომის პაპი, დამშვიდებული განაგრძობდა თავის სანიადაგო ლოცვების ბუტბუტს წმინდა პეტრეს ეკლესიაში, რომში, და უნებურად პირზე მოადგებოდა ადამიანს ციცერონისეული სიტყვები: O tempora, o mores! ო, დრონო, ოი, ჩვევანო!

ინკვიზიციის ეპოქაში შუა საუკუნის ბნელმეტყველები ზანგებს თვლიდნენ ბიბლიური ქამის დაწყევლილ შვილად, სატანის ორეულად, რომელიც სამხრეთში ისევე გაშავდა, როგორც ზოგიერთი ნადირი, მაგალითად, დათვი ყინულისაგან ოკეანეში თეთრდება ხოლმე. ასეთი ობსკურანტიზმის შედეგია ზანგების დისკრიმინაცია ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ამბავი, რომ ვითომდაც ცივილიზებულ ქვეყანაში ზანგებს განცალკევებული სათავსოები აქვთ მიჩნეული რესტორანებში, სასტუმროებში, ტრამვაებში და თვით წყაროებზედაც, ასეთ წარწერას აკეთებენ: «The site for white only!» _ «ეს მხარე მხოლოდ თეთრებისათვისაა განკუთვნილი», სამარცხვინოა!

გერმანელი მწერალი ჰერდერი, რომელიც ჩვენი თანადროულობის თვალსაზრისით არცთუ რადიკალურ მოაზროვნედაა მიჩნეული, თავის შრომაში «იდეები კაცობრიობის ისტორიის ფილოსოფიისათვის» ასეთ მოსიყვარულე სიტყვებს მიუძღვნის ზანგს: «მე შავკანიანი ვარ, მხოლოდ და მხოლოდ პირველყოფილი კაცი. მე ძალოვანად დამდაღა სიცოცხლის პირველსათავემ _ მზემ, ყველაფერი, რაც მე გარს მარტყია, ასევე ძლიერად დაუტვიფრავს მას. დახეთ ჩემს მიწას, მოოქროვილი ნაყოფით აღვსილს, დახეთ ცამდის აწვდილ ჩემს ხეებს, ჩემს ძლიერ ცხოველებს. ყველა კავშირი ჭარბი სიცოცხლითაა აღვსილი ჩემს ქვეყანაში და მეც ამიტომ გავხდი სიცოცხლის ქმედობის ცენტრად».

დიდმა ლენინმა საკადრისი შეფასება მისცა ზანგების დისკრიმინაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში:

«საერთოდ, ზანგების მდგომარეობა ამერიკაში ცივილიზებულ ქვეყნისთვის შეუფერებელი რამ არის. სირცხვილი ამერიკას ზანგების ასეთი მდგომარეობისათვის!» (ვ. ლენინი, ტ. 18, გვ. 509).

ამერიკულ მაშინერიასა და მფრინავ ციხეებზე მეტ საფრთხეს უმზადებს კაცობრიობას ამერიკული ნეოფაშისტური იდეოლოგია, რომელიც წარმოადგენს ევროპული რეაქციის უკუფენას. ამ უკანასკნელის მთავარი შტაბი იყო ბისმარკისა და მოლტკეს მიერ შექმნილი პრუსიული პაოლიციური სახელმწიფო, რომელმაც შეაკოწიწა გერმანიის იმპერია. თავადმა ბისმარკმა თავი ისახელა პოლონეთისა და ელზასის ხალხთა ჩაგვრით, თავისი ცნობილი თეორიით _ «სისხლი და რკინა» და პანგერმანისტული ილუზიებით, რომელნიც ტრამპლინად გაიხადა მანიაკმა ადოლფ ჰიტლერმა.

იგივე ბისმარკი უნდა ჩაითვალოს ვანდალიზმის ფუძემდებლად; საფრანგეთ-გერმანიის ომის დროს ვილჰელმ პირველის სასახლის შიმუნვარები შემოესივნენ ბისმარკს და შეეკითხნენ: საქმე რომ მისჭირდეს, თავადო, ზარბაზნებს რაიმსის ტაძარს ხომ არ დაუშენთო? _ «ალა გერ, კომ ალა გერ, მედამმ». _ «ომში ისევე მოვიქცევით, როგორც ომი მოითხოვსო», _ მიუგო ბისმარკმა.

როგორც ვიცით, ბისმარკს არ დასცალდა რაიმსის დანგრევა, მაგრამ გაცოფებული ჰიტლერის შტურმბატალიონებმა არაერთი ბრწყინვალე ძეგლი დალეწეს საფრანგეთსა და ბელგიაში, მათვე შემუსრეს რუსული არქიტექტურის შედევრები ნოვგროდში, არც მათ დასცალდათ, თორემ იგივე ბედი მოელოდა მრავალ ბრწყინვალე ძეგლს მთელ ჩვენს კავშირში.

ბისმარკისა და მოლტკეს პანგერმანისტული იდეები ნაკარნახევია გერმანელი ნაციონალისტი ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების მიერ.

ფაშიზმი სწორედ იქ იწყება, სადაც რომელიმე წინამძღოლი რომელიმე ერისა სხვა ერების ძაგებას მოჰყვება და იმის მტკიცებას შეუდგება, ჩემი ხალხი ყველა ხალხზე უფრო მაღლა დგასო. აქვე იბადება ნიცშესეული «ნებისყოფა ბატონობისადმი» _ «დელ ვილლე ცურ მახტ», ე.ი. სხვაზე გაბატონებისაკენ მიდრეკილი ნებისყოფა, რომელიც თავისთავად თავკიდურია ყოველივე იმპერიალიზმისა და კანიბალიზმისა.

ამავე ნიადაგზე წარმოიშვა გერმანული რასიზმი _ «არიელებად და არაარიელებად» დაყოფა კაცობრიობისა. ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებას მწერლობაში დიდად შეუწყვეს ხელი ფრიდრიხ ნიცშემ, ჰუსტონ ჩემბერლენმა, გრაფ კაიზერლინგმა, ვენელმა «ფსიქოანალიტიკოსმა» ზიგმუნდ ფროიდმა. არ დაგვავიწყდეს დონატენ ალფონს ფრანსუა მარკიზ დე სად, რომელმაც სახელი გაითქვა არა თავისი უნიჭო რომანებით «ჟუსტინ», «ჟიულიენ» და სხვა, არამედ საკუთარი სხეულისა და თავისი ეროტიული ორგიების ობიექტების წვალებით, რისთვისაც ნაპოლეონ ბონაპარტემ საპყრობილეში ჩააგდო იგი. ამ მარკიზის სახელთან დაკავშირებულია სადიზმი. მისი ღირსეული ორეულია ებრაელი მწერალი ზახერ მაზოხ, რომელმაც თავი ისახელა ულტრა-პორნოგრაფიული მოთხრობებით. ამ უკანასკნელმა წარმოშვა მაზოხიზმი.

დასასრული

შემდეგ ნომერში

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here