Home რუბრიკები საზოგადოება სოფლის ვერგადარჩენის სტრატეგია

სოფლის ვერგადარჩენის სტრატეგია

667

გამოხმაურება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ  საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე (2012-2020..)

სასოფლოსამეურნეო პოლიტიკის ძირითადი იდეაა გლეხკაცის მოფრთხილება და საზოგადოების გამოსაკვებად მისი შრომის სტიმულირება (მიწასთან მარადიული ურთიერთობა),  ქვეყნის სურსათით  თვითუზრუნველყოფა, სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურკულტურული განსხვავებების შემცირება.

სოფლის მეურნეობისადმი  დიდი ყურადღება განვითარებულ ქვეყნებში რამდენიმე მოსაზრებითაა განპირობებული:

* სურსათით თვითუზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიაა. მსოფლიო მოსახლეობაში საშუალო ფენის მკვეთრი ზრდა იწვევს საკვებზე მოთხოვნასა და შესაბამისად მასზე ფასების განუხრელი ზრდის ტენდენციას, ამიტომ სასურსათო უშიშროება სახელმწიფოს სტრატეგიულ გათვლაში ერთერთ წამყვან ადგილს იკავებს;

* მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობა სოფლად ქვეყნის რეკრეაციული და სოციალური ფასეულობების შენარჩუნებას ნიშნავს;

* სასოფლოსამეურნეო წარმოება ეროვნული იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტია. კულტურულად სოფელი და ღონიერი გლეხკაცი ჩვენი ერის თვითმყოფადობის (ვინაობისა და რაობის) შენარჩუნების ერთერთი მძლავრი იარაღია;

* განვითარებული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობას აძლიერებს სურსათზე ფასების ზრდის პერსპექტივა.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს სოფლის მეურნეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, განვითარების საჭიროება. ამიტომ ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ერთად დასავლეთში მოქმედებს სოფლის განვითარების პოლიტიკა. სოფლის განვითარება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება. მისი მიზანია სოფლის მოსახლეობის სოციალური სტატუსის გათანაბრება ქალაქის მოსახლეობასთან, რასაც სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ეროვნული მეურნეობის ნებისმიერი დარგის განვითარების  სტრატეგიაში, როგორც წესი, იგულისხმება სრულყოფილი სამართლებრივ-საკანონმდებლო ბაზის შექმნა და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენების საფუძველზე იმ ძირითადი ჩარჩო პირობების ჩამოყალიბება, რომელთაც დროის გარკვეულ მონაკვეთში უნდა უზრუნველყონ დარგის მდგრადი ეკონომიკური განვითარება. ამ მიზნით მასში ასახული უნდა იქნეს როგორც ფუნქციონალური, ასევე დარგობრივი პრიორიტეტები და მათი რეალიზაციის საქმეში სახელმწიფოს ხელშემწყობი ძირითადი ღონისძიებები, როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეზე (მათ შორის _ ბაზრის სტრუქტურული სრულყოფა და მისი ნეგატიური შედეგების ნიველირება ფაქიზი კორექციის გზით).

თუ ამ მოთხოვნებით მივუდგებით წარმოდგენილ სტრატეგიას, ის ვერ უძლებს კრიტიკას. იგი გადატვირთულია ბევრი ისეთი საკითხით, რომელთა ადგილი სტრატეგიაში არ არის. მათ შორისაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება, მიზნები და ამოცანები, სსიპეროვნული სააგენტოების ფუნქციები და მოვალეობები (გვ. 16-21).

მელიორაციის დებულებაში (გვ. 44-47) დეტალებშია მოცემული ამ სტრუქტურის მონაცემთა ბაზის გრაფიკული  და ტექსტური ნაწილები, ცხრილური ინფორმაცია, ელექტრონული ნაწილი და სხვა, მაგრამ  კონკრეტული დრო ან სამელიორაციო სამუშაოთა მასშტაბი არსად არაა აღნიშნული. მითითებულია მხოლოდ «მელიორაციული სისტემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია».

სტრატეგიის შინაარსი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის დაიწერა ზემდგომი ორგანოს წინაშე თავის მოსაწონებლად.

მასში ხშირად შეხვდებით საქებარ სიტყვებსა და წინადადებებს ქვეყანაში გატარებული რეფორმების მნიშვნელობაზე, რა გაკეთდა კარგი ძველთან შედარებით, როგორ დამარცხდა კორუფცია (გვ. 7) და ა.შ. ქართველ გლეხკაცს სოფლად ყოფაცხოვრებისა და მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია ესაჭიროება და არა პიარპოლიტიკა.

სტრატეგიაში აღნიშნულია (გვ.12), რომ მისი მიზანია «სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის (?) განვითარება საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით»… «მთავრობა ამბობს რა შეგნებულად უარს სახელმწიფო სუბსიდირებაზე, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის გრძელვადიან განვითარებას ინვესტიციების მოზიდვის გზით». ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ასეთი «მიდგომის» მიზანშეწონილობას ადასტურებს, ავტორების აზრით, ისაა, რომ  (გვ. 10) «ბაზარი თავად გამოკვეთავს კონკურენტულ  დარგებს და სექტორებს» (ასე დღეს მსოფლიოში აღარავინ აზროვნებს. ულტრალიბერალიზმმა კრახი განიცადა. სახელმწიფოს როლი საზოგადოების მართვაში იზრდება). თეორიულად ეს შეიძლება ასეც იყოს ყოველმხრივ მოწესრიგებულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს რეალურ სინამდვილეში რომელი ბაზარი მოახდენს ასეთ სელექციას? ადგილობრივმა ბაზარმა, რომელშიც ადგილობრივი აგრომეწარმე სანთლით საძებარია, საეჭვოა, ასეთი ფუნქცია შეასრულოს და დასმულ ამოცანას ობიექტურად უპასუხოს.    

თანამედროვე სახელმწიფო საკუთარი სოფლის მეურნეობის განვითარებას მხოლოდ თავისუფალი ბაზრის ამარა არ ტოვებს. იგი აყალიბებს მკაფიო პრიორიტეტებს და შემდეგ საზოგადოებრივი და კერძო სექტორის პარტნიორობის ფონზე ახორციელებს მის აღსრულებას. საქართველომ, სხვა ცივილიზებულ ერთა მსგავსად, უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტები სოფლის მეურნეობაში. ჩემი აზრით, პრიორიტეტები ამ სფეროში ორი მიმართულებითაა. პირველი, სოფლის როგორც ყოფის შენარჩუნება და მეორე, სასურსათო უშიშროების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის სტრუქტურის ჩამოყალიბება.

სოფლის მოდერნიზაციაში (გვ. 10) ასევე თეორიული მსჯელობაა იმის თაობაზე, რომ ინვესტიციების მოზიდვა მოკლე გზაა ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და წარმოების მაღალ დონეზე განვითარებისთვის, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვას ხომ სათანადო ბაზა ესაჭიროება. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სულ შეადგინა მხოლიდ 45,5 მილიონი აშშ დოლარი. ინვესტიციების სწორედ ასეთი სიმწირის შედეგია ის, რომ სოფლად  პრაქტიკულად  არ არსებობს მათი ათვისების შესაბამისი პირობები (საჭირო კომუნიკაციები, მათ შორის გზები, შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდობა, უკიდურესად დანაწევრებული ფართობები, რომლებზეც რაიმე პროგრესული ტექნოლოგიის დანერგვა პრაქტიკულად შეუძლებელია, შიდა ინვესტიციების ნულოვანი დონე  და ა. შ.), რასაც თითქმის არავითარი ყურადღება არ ექცევა.

სტრატეგიის ავტორებს თუ დავუჯერებთ, აგროსექტორში კვლევებს მხოლოდ ორი მიზანი ჰქონია (გვ. 22). პირველია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა და მეორე _ უცხო სახელმწიფოებში არსებული პროგრესული ტექნოლოგიების შესწავლა და საქართველოში შემოტანა. პირველ ამოცანას (რომელიც უნდა ვივარაუდო, რომ დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრას გულისხმობს), რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ ვინ ან როდის უნდა განსაზღვროს ეს პრიორიტეტები? იქნებ ჯობდა, ეს პრიორიტეტები განსაზღვრულიყო და წინამდებარე სტრატეგიაში ასახულიყო (ამით სტრატეგიის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც დაკონკრეტდებოდა)?

რაც შეეხება მეორე ამოცანას, მას არა აგრარული კვლევა, არამედ ის სიძნელეები აფერხებს, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვასთან არის დაკავშირებული. აგროსექტორში კვლევა დღეს არა იმდენად ტექნოლოგიების მექანიკურ გადმოტანასა და დანერგვას სჭირდება, რამდენადაც კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებებისა და სხვა  გამოწვევების გათვალისწინებით ისეთი კვლევების ჩატარებას, რომლებიც მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციულ ღონისძიებებთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის, ტექნიკურ-ტექნოლიგიური საკითხები, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაადვილება და სპეციალიზაცია შეცვლილი გარემოს გათვალისწინებით და  ა.შ., რაც წარმოდგენილ სტრატეგიაში საერთოდ არ ჩანს.   

საქართველოს კვლევით სისტემას ევროპულისგან (და, საერთოდ, მსოფლიოსგან) ორი გარემოება ასხვავებს: ) სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ მონაწილეობს კვლევის დაგეგმვაში, დაფინანსებასა და შედეგების გამოყენებაში. მას არ გააჩნია არც ერთი კვლევითი ორგანიზაცია. ევროპული სტანდარტების თანახმად, ეს სრულყოფილი სამინისტრო არაასამინისტრო კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული; ) კვლევითი სისტემა არ შედგება იურიდიული პირებისგან. დასავლური პრაქტიკა ასეთ ვითარებას არ იცნობს, რადგან, მათი აზრით, «სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა».

სტრატეგიის მე-14 გვერდზე აღნიშნულია, რომ მიწის ბაზრის ფორმირებას ხელს უშლის ის, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაღალნაყოფიერი მიწა სახელმწიფოს საკუთრებაშია, რასაც ვერ გავიზიარებთ, რადგან ქვეყნის სოფლის მეურნეობაში დღეისათვის შექმნილ სიტუაციაში სახელმწიფომ ბაზარზე რამდენი მიწაც არ უნდა გამოიტანოს გასასყიდად, მასზე ადგილობრივი მეწარმის მოთხოვნა ნაკლებად იქნება. ამის მიზეზი ჩვენი არარეგულირებადი ოლიგოპოლური ბაზრის სტრუქტურაში უნდა ვეძიოთ. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე სოფლად საქონელმწარმოებელს მაშინ გაუჩნდება მოთხოვნა, როცა ამ მიწაზე წარმოებულ პროდუქციაზე გაჩნდება შესაბამისი მოთხოვნა, რაც დღეისათვის ქვეყანაში დამკვიდრებული მახინჯი საბაზრო სტრუქტურის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია.

დანგრევის პირას მისული ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხაზი რომ  კოოპერაციაზე გადის, ამის თაობაზე დღეს თითქმის აღარ კამათობენ, რადგან ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ფერმერთა  კონსოლიდაციას შეუძლია შედარებით მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა. წარმოდგენილ სტრატეგიაში ამ მიმართულებით ნათქვამია (გვ. 26), რომ კოოპერაციულ მოძრაობასთან დაკავშირებით საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რათა არ მოხდეს რესურსების არარაციონალური გამოყენება (?) და შემდეგ… სოფლად კოოპერაციის განვითარების მიზნით, «მთავრობა პოპულარიზაციას გაუწევს კოოპერაციის იდეას, მოამზადებს ინიციატივებს კოოპერაციული გაერთიანებების  შექმნისა და განვითარების მიზნით და ითანამშრომლებს დონორებთან კოოპერატივების ხელშემწყობი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში», ანუ ითანამშრომლებს, პოპულარიზაციას გაუწევს, მოამზადებს ინიციატივებს და ა. შ. ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე.

სტრატეგიაში მიწის პოლიტიკა ცალკეა გამოყოფილი (გვ. 40) და მასში მიწის პოლიტიკის მხოლოდ ორ ამოცანაზეა აქცენტი გაკეთებული (მიწის ბანკის შექმნა და საკადასტრო რუქების მომზადება). აქ რატომღაც არაფერია ნათქვამი მიწის პოლიტიკის ისეთ კომპონენტზე, როგორიცაა მიწაზე  მონიტორინგი (რაც სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა), რომელმაც უნდა გასცეს პასუხი კითხვებს: რა არასასურველი ცვლილებებია მიწის ნაყოფიერებაში და როგორ უნდა აღიკვეთოს ის, როგორია წყლისმიერი თუ ქარისმიერი ეროზიის დინამიკა, როგორია ჰუმუსის ბალანსი ნიადაგში და სხვა. ამ საკითხებს მიწის ბანკის შექმნა და საკადასტრო რუქების შედგენა, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებს.

ასევე გაუგებარია, რატომ უნდა დაევალოს მიწის მესაკუთრეთა ასოციაციას (არასამთავრობო ორგანიზაციას) საკადასტრო რუკების შედგენა (რაც აგროსექტორში ერთ-ერთი სერიოზული კვლევის საგანი უნდა იყოს) და მიწის ბანკის შექმნა (გვ. 41).

სტრატეგიის 49-ე გვერდზე «ახსნილია» ქართველი ფერმერის დაბალი კონკურენტუნარიანობის მიზეზები, რომელთა შორის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად აღიარებულია მსოფლიო ბაზრების შესახებ მათი ინფორმირებულობის დაბალი დონე. აქ არაფერია ნათქვამი ისეთ რეალურ პრობლემებზე, როგორიცაა კრედიტის ხელმიუწვდომლობა, ცუდი მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება, სრული უყურადღებობა სახელმწიფოს მხრიდან და სხვ.          

იმისათვის, რომ თავისუფალმა ბაზარმა შექმნას ის, რასაც  ზედმიწევნით კარგად ასრულებს (პროდუქციის სიუხვე), აუცილებელია სახელმწიფოს მხრივ აქტიური სასოფლო პოლიტიკის განხორციელება აგრობიზნესის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. იგი, პირველყოვლისა, გამოიხატება სპეციალიზირებული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნით, რაც კრედიტს ხელმისაწვდომს გახდის და უზრუნველყოფს მოსავლის დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებას. ინფრასტრუქტურის აუცილებელი ნაწილი  უნდა გახდეს  აგროტექნიკის, ქიმიური საშუალებების, საწვავისა და . . უზრუნველყოფის ორგანიზება, წახალისდეს ერთგვაროვანი პროდუქციის სფეროში კოოპერირების გამოყენება, მარკეტინგული დახმარება და ასევე ერთერთ მთავარ კომპონენტად უნდა იქცეს აგრარულ რაიონებში სასოფლოსამეურნეო ტექნიკუმების ფართო ქსელის გამოყენება, რომელიც შეძლებს ფერმერების პრაქტიკული ცოდნითა და ჩვევებით აღჭურვას და გამუდმებით მათი გადამზადების გარემოს შექმნას.

სტრატეგიის 33-ე გვერდზე იმ სტრატეგიული პროდუქტების ჩამონათვალია მოცემული, რომლებიც თურმე აუცილებელია ადამიანის არსებობისთვის. მათ შორისაა ხორბალი (?), ხილი და სხვა, მაგრამ ამ «სიაში» რატომღაც არაა თევზი და თევზპროდუქტები, კვერცხი და პურპროდუქტები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

ვფიქრობ, სტრატეგიაში არა იმდენად პრიორიტეტულ პროდუქტებზე უნდა კეთდებოდეს აქცენტები, არამედ იმ პრიორიტეტულ დარგებზე, რომლებიც შიდა თუ გარე  ბაზარზე მოთხოვნად პროდუქტებს აწარმოებს და გარკვეული კონკურენტული უპირატესობით ხასიათდება. არგუმენტულად დასაბუთებული  ასეთი დარგები კი სტრატეგიაში არ ჩანს.

საინტერესოა სტრატეგიის ავტორების დამოკიდებულება  ექსპორტის პოლიტიკის მიმართ (გვ. 52). კერძოდ, მათი აზრით, საექსპორტო პოტენციალის შეფასებისთვის უნდა განისაზღვროს პროდუქტების სია, მათზე მოთხოვნის ტენდენციები, ფასების დონე, იმპორტის პროცედურების სიადვილე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება (?) და ტრანსპორტირების ხარჯები. რაც შეეხება კონკურენტულ უპირატესობას, როგორც აუცილებელს თანამედროვე მსოფლიო ბაზარზე, ეს, მათი აზრით, ალბათ, არაა საჭირო.

სტრატეგიაში არ ჩანს მისი რეალიზაციის მექანიზმი, ანუ როგორ დარეგულირდება ფასწარმოქმნის საკითხები აგროპროდუქციასა და მისი აღწარმოებისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკურ რესურსებზე, არაფერია ნათქვამი აგროწარმოებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ინტეგრაციის, კრედიტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და სხვა იმ საკითხების შესახებ, რომელთა დარეგულირების გარეშე დარგის დაძვრა «მკვდარი წერტილიდან» პრაქტიკულად შეუძლებელია.

დასკვნის მაგიერ: წარმოდგენილი სტრატეგია (მისი დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, საჯარო განხილვისთვის არ გამოუტანიათ) მოკლებულია ყოველგვარ კონკრეტიკას, მასში არაა მისი რეალიზაციისთვის საჭირო დანახარჯები, დასახული ღონისძიებების განხორციელების ვადები, ეტაპები და მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები.

ყოველივე ზემოაღნიშნული მაფიქრებინებს, რომ სტრატეგიის სათაურში გამოტანილი ვადები (2012-2020 წლები) და თვით სტრატეგია სხვა არაფერია, თუ არა ხანგრძლივვადიანი დაპირება სოფლის მეურნეობის განვითარების თაობაზე. სხვაგვარად არც იყო მოსალოდნელი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის დამუშავებული იქნა აგრარიკოს მეცნიერთა და პრაქტიკოს სპეციალისტებთან ყოველგვარი კონსულტაციებისა და განხილვის გარეშე.       

სამინისტრო აღიარებს, რომ მომავალში უნდა შეიმუშაოს ეროვნული მარკეტინგული პროგრამა. ამ მიზნით უნდა განსაზღვროს პერსპექტიული და პრიორიტეტული დარგები. გარდა ამისა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ «მომავალში შეიმუშავებს 3-4 წლიან პროგრამას, რომელშიც დეტალურად გაწერილი იქნება ყველაფერი». მაგრამ, როდის იქნება ეს «მომავალი»? ამ კითხვაზე პასუხი, ისევე როგორც სხვა ბევრ კითხვაზე, . . სტრატეგიაში არ მოიძებნა.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილ «სტრატეგიას» ისეთივე ბედი ელის, როგორიც  აგრარული პოლიტიკის კონცეფციას, რომელიც ასევე ხანგრძლივ პერიოდზე იყო გათვლილი (იგი თავისი ფორმითა და შინაარსით დიდად უკეთესი იყო წინამდებარე სტრატეგიასთან შედარებით), მაგრამ პრაქტიკულად მისი  არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა. დარგისადმი ასეთი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგები კი ძალზე სერიოზულად აისახება ქვეყნის სოციალურეკონომიკური განვითარების როგორც მიკრო, ასევე მაკრო ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა იმ პროდუქტების იმპორტიორი გახდა, რომელთა ექსპორტსაც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ თვითონ  ეწეოდა, ყოველწლიურად  უარესდება ექსპორტიმპორტის საბალანსო მაჩვენებელი.

 აქვე უნდა ითქვას სოფლად შექმნილი რეალური მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი ინდიკატორის შესახებაც. კერძოდ, დღეს აგრარულ წარმოებაში დასაქმებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 54%, რომლის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 8,3%-ს შეადგენს. ამით, ჩემი აზრით, ზოგადად ყველაფერია ნათქვამი, როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე აგროსექტორის ეკონომიკური განვითარების შესახებ.

დასასრულ, საქართველოს სოფლის აღორძინება უნდა მოხდეს ჩვენივე ძალებით და გადამთიელებზე იმედის დამყარება, მათი მოპატიჟება «გადასარჩენად» შეურაცხმყოფელი და ამასთანავე ფუჭი მცდელობა იქნება. დინამიკური სოფლის მეურნეობა ბურებისა და სხვათა ჩამოსახლებით კი არა, მოქნილი სამოქმედო გეგმით (სტრატეგიით) იქნება შესაძლებელი.                                

პაატა კოღუაშვილი,

აგრარიკოსი, პროფესორი

 

1 COMMENT

  1. სტრატეგიისგან რატომ მოითხოვთ კონკრეტულ ვადებს? სტრატეგია მხოლოდ მიმართულებას განსაზღვრავს და ზოგადი დოკუმენტია. კონკრეტული ვადები კი პროგრამაში უნდა ჩაიდოს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here