Home რუბრიკები პოლიტიკა «მავრი» სოხუმისა და ცხინვალის აღიარების გარეშე არ წავა…

«მავრი» სოხუმისა და ცხინვალის აღიარების გარეშე არ წავა…

940

მიხეილ სააკაშვილის მიერ 2 მაისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გაკეთებულმა განცხადებამ შოკში ჩააგდო პატრიოტულად განწყობილი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. საქმე ეხება პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა აფხაზეთი არა თუ ახლა, არც მანამდე ყოფილიყო  საქართველოს შემადგენლობაში: «ჩვენ ილუზორულად ვაკონტროლებდით აფხაზეთს საბჭოთა პერიოდში, თორემ სოხუმში არ ისმოდა ქართული ენაარ იყოს ის საქართველოს შემადგენლობაში».  შეუძლებელია, ასეთი ტიპის განცხადება პრეზიდენტს შემთხვევით წამოსცდენოდა.

სააკაშვილის განცხადება, შეიძლება ორი კუთხით განვიხილოთ: პირველი ის, რომ იგი, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს და აქედან გამომდინარე, სურს, ამომრჩევლის თვალში ჩამოირეცხოს დანაშაული, რომელიც ძირძველი ქართული მიწების დაკარგვაში მიუძღვის. და მეორე, ეს არის გარე ძალების დავალებით გაკეთებული განცხადება, რათა გაეგოთ საზოგადოების რეაქცია და რამდენად მზად არის ქართული საზოგადოება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამუდამო დაკარგვასთან შესაგუებლად.

დღითიდღე იკვეთება, რომ სეპარატისტული რეგიონების დათმობის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანება ვერ მოხერხდება. ასევე ცხადი ხდება, რომ ხელისუფლების ბედი ქვეყნის შიგნით არ წყდება, ხოლო პოლიტიკური ელიტის ფორმირება და ხელისუფლებაში აღზევება ამერიკელების კომპეტენციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე კი მართებული იქნებოდა პრეზიდენტის განცხადება მეორე ფაქტორისთვის დაგვეკავშირებია. მაგრამ ამისთვის აუცილებელია რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ანალიზი გლობალური პოლიტიკის ჭრილში.

ორპოლუსიანი მსოფლიო პოლიტიკური სისტემის რღვევის შემდეგ, ამერიკულ გეოპოლიტიკურ სტრატეგიაში უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა, ევრაზიის კონტინენტზე არ დაეშვათ მძლავრი ევრაზიული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც მათ ხელს შეუშლიდა კონტინენტის ბუნებრივი რესურსების დაუფლებაში და ამავე დროს საწინდარი იქნებოდა გლობალური ამერიკული იმპერიის ფორმირებისა უნიპოლარულ საერთაშორისო სისტემაში. კავკასიაც, როგორც ნებისმიერი სხვა რეგიონი, ამერიკელი სტრატეგების თვალთახედვის არეში მოხვდა რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე.

ეს მიზეზებია:

1) კასპიის აუზის ენერგორესურსების დაუფლება და შუა აზიის თავიანთი გავლენის ქვეშ მოქცევა;

2) აღმოსავლეთდასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის გაკონტროლება;

3) რუსეთთან პირდაპირი საზღვარი, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებდნენ, როგორც პლაცდარმს რუსეთის წინააღმდეგ. კავკასია უნდა გამხდარიყო ატლანტისტური სამხრეთის რკალის უმნიშვნელოვანესი რგოლი

«დიდი საჭადრაკო დაფა. ამერიკის გეოსტრატეგული იმპერატივები» ბჟეზინსკის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, სტრატეგიული დატვირთვის მქონე ნაშრომია. კავკასიაზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ამ რეგიონის რუსეთის ერთპიროვნული გავლენის ქვეშ დატოვება. ბჟეზინსკის კონცეფციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აზერბაიჯანზე ამერიკული სტრატეგიული კონტროლის დაწესებას. იგი ამ ქვეყანას შემდეგნაირად ახასიათებს: «აზერბაიჯანს შეიძლება ვუწოდოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საცობი, რომელიც აკონტროლებს მისასვლელს ჭურჭელთან, რომელიც სავსეა კასპიის ზღვისა და შუა აზიის ბუნებრივი სიმდიდრეებით».  მართალია, აზერბაიჯანი მდიდარია ენერგორესურსებით, მაგრამ ამ სიმდიდრეებს დასავლეთისკენ ტრანსპორტირებისთვის გზები სჭირდება. ირანის გავლით ენერგორესურსების ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან 1995 წლიდან ემბარგო ჰქონდათ გამოცხადებული ამერიკელებს ამ სახელმწოფოსთვის. რუსეთიც გამოირიცხებოდა, როგორც ატლანტისტების ნომერ პირველი მოწინააღმდეგე ევრაზიული ქვეყანა, აქედან გამომდინარე, _ სომხეთიც, როგორც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე რეგიონში.

მაშ, რომელ ქვეყანაზე უნდა გაეტარებიათ აღნიშნული ნავთობსადენი? _ რა თქმა უნდა, საქართველოზე. თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, ამერიკული გეოპოლიტიკისთვის მკაცრად გადაჯაჭვული ქვეყნებია.

 შეიძლება ითქვას, რომ ატლანტისტური სტრატეგიისთვის, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელიც ბჟეზინსკია, იმ პერიოდში უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა მერიდიანული გეოპოლიტიკური ღერძის საწინააღმდეგოდ, რომელიც რუსული გეოპოლიტიკის ამოსავალი წერტილია სამხრეთ მიმართულებით, ჰორიზონტალური ღერძის შექმნა ატლანტისტური ანკარის-თბილისის-ბაქოს მონაწილეობით, რომლის განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენდა კასპიური ენერგომატარებლების კონტროლი და ტრანსპორტირება დასავლეთისკენ.

თუ რამდენად წონადი და გავლენიანი გეოპოლიტიკოსია ზბიგნევ ბჟეზინსკი და რამდენად მონაწილეობს იგი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში, ამის საილუსტრაციოდ შეიძლება ძალიან საინტერესო ეპიზოდის მოყვანა, რომელიც მას თავის ერთ-ერთ წიგნში აქვს აღწერილი. იგი ამ წიგნში ეხება იმ მომენტს, თუ რა წვლილი მიუძღვის ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებაში: «1995 წლის ოქტომბერში კლინტონმა და მისმა მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მთხოვეს (ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე უფრო ადრე გამოვდიოდი ასეთი ამერიკული ინიციატივით), პრეზიდენტ კლინტონის პირადი წერილი გადამეცა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევისთვის და შევსულიყავი დიალოგში მასთან, ამეხსნა, თუ რა სარგებლის მოტანა შეეძლო ამ ნავთობსადენს (საუბარია ბაქოჯეიჰანზე) გრძელვადიან პერსპექტივაში აზერბაიჯანისთვის».  ამავე წიგნში აღნიშნავს, რომ ეს ნავთობსადენი უნდა გამხდარიყო რუსეთის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი სამხრეთში. 

ამერიკული გეოპოლიტიკური სტრატეგიის უმთავრეს ამოცანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოადგენდა რეგიონში გეოპოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფა, რათა რეგიონზე სრული კონტროლი ერთ რომელიმე გეოპოლიტიკურ მოთამაშეს არ დაეწესებია. რადგან ამერიკა შორს იყო და პირველ წლებში გაუჭირდებოდა თავისი დომინანტური მდგომარეობის უზრუნველყოფა, ისინი ცდილობდნენ, რეგიონულ თამაშებში მონაწილეობა მიეღო ნატოს წევრ და მათ მიერ  კონტროლირებად თურქეთს. ამის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყებოდა მათი შემოსვლა რეგიონში და ტოტალური კონტროლის დაწესება; მაშინ ხომ ამერიკელი სტრატეგები ერთპოლუსიანი მსოფლიო სისტემისთვის დამახასიათებელი კატეგორიებით აზროვნებდნენ. თუმცა დღეს მოღვაწე ზოგიერთ საკმაოდ გავლენიან გეოსტრატეგში იგივე პათოსი შენარჩუნებულია.

საერთოდ, ამერიკული საგარეო პოლიტიკა კავკასიაში და განსაკუთრებით რეგიონის საკვანძო ქვეყანაში, საქართველოში შეიძლება სამ ეტაპად დავყოთ:

პირველი ეტაპი მოიცავს პერიოდს, როდესაც ადგილი აქვს რუსეთის ექსკლუზიური მონოპოლიის შესუსტებას და მხარდაჭერა ხდება გეოპოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფისა რეგიონში, ძირითადად, მათ მიერ კონტროლირებადი მოთამაშის მეშვეობით.

მეორე ეტაპს შეიძლება მივაკუთვნოთ პერიოდი, როდესაც ამერიკელები ააქტიურებენ თავიანთ საგარეო პოლიტიკას, რათა უშუალოდ მონაწილეობა მიიღონ რეგიონულ პოლიტიკაში და ამით სხვა გეოპოლიტიკურად აქტიური სუბიექტების ეტაპობრივი გამოდევნა მოხდეს კავკასიური პოლიტიკური პროცესებიდან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეორე პერიოდი დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე მომსწრე გავხდებით მესამე პერიოდის დაწყებისა.

ჯერ არ დამდგარი მესამე ეტაპი. იგი, სავარაუდოდ, მოიცავს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ამერიკელების ერთპიროვნული ჰეგემონობის დამკვიდრებას კავკასიაში სხვა მოთამაშეების გამოდევნის ხარჯზე. დღეს არსებული ტერიტორიული პრობლემებიდან გამომდინარე კი, საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია (ამაზე ქვემოთ).

 ამერიკული საგარეოპოლიტიკური ეტაპებიდან გამომდინარე, შეიძლება საქართველოს საგარეო პოლიტიკაც სამ ფაზად დავყოთ და დავაკვირდეთ, როგორ ხდება პროამერიკული კურსის ევოლუცია:

პირველი ფაზა მოიცავს ედუარდ შევარდნაძის პერიოდს, რომელიც ასევე შეიძლება დავყოთ ორ ეტაპად: პირველი ეტაპი იწყება შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებიდან და გრძელდება პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევამდე. ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა შევარდნაძის მხრიდან ორაზროვანი, დამაბნეველი საგარეო პოლიტიკის წარმოებას და რუსეთისგან ეტაპობრივ დისტანცირებას (თუმცა ამაში ლომის წილი რუსეთის მაშინდელ ხელისუფლებასაც მიუძღვის) და მეორე ეტაპი, როდესაც ნელნელა პროამერიკული გეზის აღებას იწყებს საგარეო პოლიტიკაში. რაც მთავარია, შევარდნაძის მმართველობის დროს დაკარგული ტერიტორიები, როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად, დაკონსერვებულ მდგომარეობაში იყო.

მეორე ფაზა იწყება 2003 წლის «ვარდების რევოლუციიდან», როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა მკვეთრად პროამერიკული, პრონატოური «ახალგაზრდა რეფორმატორთა» ჯგუფი სააკაშვილის ხელმძღვანელობით. არავისთვის საიდუმლოს არ უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ეს ახალგაზრდები პირდაპირ კონტროლდებოდნენ შესაბამისი ამერიკული სტრუქტურების მიერ. თუ პირველი ფაზის განხორციელებისას კონფლიქტები დაკონსერვებულ მდგომარეობაში იყო, მოხდა მისი გაღვივება ამ «ახალგაზრდა რეფორმატორების» მიერ, რაც საბოლოოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით და რუსეთის მხრიდან სეპარატისტული რეგიონების აღიარებით დაგვირგვინდა.

შეუძლებელია, მათ არ ცოდნოდათ, რომ, თუ საქართველო შეეცდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალისმიერი მეთოდებით და რუსეთის ინტერესების იგნორირებით, აუცილებლად ადგილი ექნებოდა ამ უკანასკნელის ჩართვას კონფლიქტში და საბოლოოდ მისი მხრიდან სეპარატისტული რეგიონების აღიარებას, რადგან, აღიარების გარეშე, რუსეთი ვერ უზრუნველყოფდა თავისი სამხედრო შენაერთების განთავსებას კავკასიის ქედს გადმოღმა, რაც რუსული გეოპოლიტიკის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლებას თუ არა, ამერიკელებს უნდა სცოდნოდათ, რომლებმაც არაფერი გააკეთეს არა თუ ომის თავიდან ასაცილებლად, არამედ უფრო მეტიც _ ისინი თავიანთი მოქმედებით ხელს უწყობდნენ აღნიშნული შედეგის დადგომას. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ 2008 წლის გაყალბებულ არჩევნებში ამერიკელთა როლიროდესაც ჯერ კიდევ არ იყო დადებული ცსკო საბოლოო მონაცემები, აშშის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ფაქტობრივად, პირველმა მოახდინა არალეგიტიმური სააკაშვილის ლეგიტიმაცია. ყველასთვის ცხადია, რომ 2008 წლის არჩევნებში სააკაშვილის რეჟიმი რომ შეცვლილიყო, არც ომი მოხდებოდა და არც აღიარებას ექნებოდა ადგილი რუსეთის მხრიდან. ალბათ, გარკვეულ ძალებს ხელს აძლევდა ეს ომი, უპირველესად, იმათ, ვის გარეშეც სააკაშვილი ერთ ნაბიჯსაც არ დგამს საგარეო პოლიტიკაში.

მეორე ფაზის დასასრული და ჯერარდამდგარი მესამის დასაწყისად უნდა იქნეს მიჩნეული სააკაშვილის მიერ ქუთაისში გაკეთებული განცხადება. სავარაუდოდ, ამერიკელთა დახმარებით «ნაციონალური მოძრაობა» გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას მანამ, სანამ მათზე დაკისრებულ გეოპოლიტიკურ მისიას ბოლომდე არ მიიყვანს. ამერიკელებს რომ ამ ხელისუფლების დარჩენა აწყობთ, ამაზე მეტყველებს IღI-სა და NDI-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, რომლითაც ორივე კვლევითმა ორგანიზაციამ თითქმის იდენტური შედეგები შემოგვთავაზა და რომელთა მიხედვითაც ლიდერობს «ნაციონალური მოძრაობა».

ხელისუფლების შენარჩუნების შემდეგ,  მმართველი ელიტა შეეცდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების მიმართულებით მუშაობას, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ. ეს ორი ფენომენი დღევანდელ სიტუაციაში  ურთიერთგამომრიცხავია და, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას ამ მიმართულებით არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ამიტომ ისინი დაჰყვებიან ამერიკელთა ნებას, როგორც ყოველთვის, და აღიარებენ ამ პოლიტიკური სუბიექტების დამოუკიდებლობას საქართველოს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაც შედის ამერიკელების ინტერესებში.

სხვათა შორის, ამ საფრთხეზე პირველად ყურადღება გაამახვილა ცნობილმა პოლიტოლოგმა, ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ:

«საქართველოს თეორიულად შეუძლია ნატოში შესვლა, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების და ამ ტერიტორიებზე ყველანაირ პრეტენზიაზე უარის თქმის შემდეგ. ქვეყნის ხელმძღვანელობას ეს მშვენივრად ესმის, დასავლეთთან კულუარულ საუბრებში ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნას გამოთქვამენ, მაგრამ არ იციან, როგორ მიაწოდონ ეს ქართველ ხალხს. აღიარების იდეა, როგორც ცნობილია, უკვე შემოგდებულია ქართულ საზოგადოებაში. ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდება და შეკვეთილი პლებისციტით დასრულდება. მაგრამ, როგორც კი გავხდებით ნატოს წევრი, ჩვენსა და მოწყვეტილ რესპუბლიკებს შორის ისეთ კედელს ავაშენებთ, რომლის გადალახვაც უკვე შეუძლებელი გახდება».

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ, ასეთი დაინტერესება ამერიკელების მხრიდან, შეიძლება დავუკავშიროთ ამერიკელი სტრატეგების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, რომელიც ცნობილია «დიდი ახლო აღმოსავლეთის» სახელწოდებით (Greater Midle East Project). ამ კონცეფციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს შუა აზიის, რომელსაც გეოპოლიტიკაში უწოდებენ «ევრაზიის გულს», ხელში ჩაგდება თავისი ბუნებრივი რესურსებით და, აგრეთვე, მისი გამოყენება, როგორც სამხედრო პლაცდარმი პოტენციური  მოწინააღმდეგეების მიმართ ევრაზიის კონტინენტზე. ეს სტრატეგია მიმართულია ევრაზიის კონტროლისკენ, ხოლო გეოპოლიტიკაში ევრაზიის კონტინენტის კონტროლი მსოფლიო ბატონობის საწინდარია. 

საქართველოს ნატოში ინტეგრირებისა და ამერიკული სამხედრო სტრატეგიისთვის პირდაპირ მიბმის შემთხვევაში, ერთის მხრივ, სომხეთი სრულ იზოლაციაში ექცევა და იძულებული იქნება, გაწყვიტოს კავშირი თავის სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთან, ამერიკისკენ შემობრუნდეს და პროამერიკული კურსი გაატაროს რეგიონში. ამ შემთხვევაში, რუსეთი დაკარგავს  თავის დასაყრდენს სამხრეთ კავკასიაში და მთლიანობაში მისი გავლენა ნულს გაუტოლდება. მეორე მხრივ, საქართველო-სომხეთის რკალი შუა აზიისკენ გზას გადაუღობავს მუდამ ამბიციურ და შუა აზიის რეგიონით დაინტერესებულ თურქეთს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნელ-ნელა ცდილობდა ამერიკის გავლენისგან თავის დაღწევას და დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის გატარებას. ამ სტრატეგიის განხორციელების შემთხვევაში თურქეთი მთლიანად ექცევა მკაცრად პროამერიკული სახელმწიფოების ალყაში, რაც იძულებულს გახდის თურქეთს, სრული ამერიკული გავლენის ქვეშ მოექცეს და რეგიონული ამბიციები მოთოკოს, რა თქმა უნდა, თუ ამერიკელებმა იგი არ დაშალეს. სხვათა შორის, პროექტი «დიდი ახლო აღმოსავლეთი» ქურთული სახელმწიფოს შექმნასაც ითვალისწინებს.

ზემოთ აღნიშნული გეოპოლიტიკური ამოცანის განსახორციელებლად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მის ფარგლებში ვერ ხვდება. დღეს არსებულ საზღვრებში მოქცეული საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამერიკულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს, ამიტომ აუცილებელია ამ ორი სეპარატისტული ტერიტორიის ეტაპობრივი მოცილება შემდგომში საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის. დასავლეთში ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გაურკვეველი სტატუსი. ამაზე მიუთითებს ამერიკაში საკმაოდ გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის _ Heritage Foundation-ს ანალიტიკოსი ლიუკ კოფი: «საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მთავარი დაბრკოლება, დასავლეთის აზრით, რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდინარე ოკუპაციაა».

საინტერესოა, როგორ უნდა მიიღონ ქვეყანა აღნიშნულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში, რომლის საზღვრები, ფაქტობრივად, დაუდგენელია დღეის მდგომარეობით. იურიდიული აღიარება იმისა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი პოლიტიკური სუბიექტებია, რეალურ პოლიტიკაში დიდად არაფერს ცვლის, ე. ი. დღევანდელ პირობებში შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ძალიან უნდა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია თავისი გეოპოლიტიკური ამოცანების განსხორციელებლად, რათა საქართველოც მიაბას თავის პირდაპირი სამხედრო გავლენის სფეროს, რასაც კონტინენტური ევროპის  ქვეყნები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ამისათვის მიზეზიც აქვთ. დიდ ევროპულ სახელმწიფოებს არ სურთ ამერიკის სამხედრო გავლენის გაფართოება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მათ სუვერენიტეტზე. კერძოდ, იგი გამოიწვევს მათი სუვერენიტეტის შეზღუდვას. წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს კარგად ახსოვთ ბიპოლარიზმის დროს, თუ როგორ ილახებოდა მათი სუვერენიტეტი ამერიკის მხრიდან, რომელიც, ფაქტობრივად, ამერიკელთა პროტექტორატს წარმოადგენდა: «სიმართლე მდგომარებს იმაში, რომ მთელი ცივი ომის განმავლობაში ევროპა დე ფაქტო წარმოადგენდა ამერიკის პროტექტორატს» (ზბიგნევ ბჟეზინსკი). ეს _ იმ მიამიტი ქართველებისთვის, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობისა სჯერათ. ამიტომაც ევროპელები ყველანაირ მიზეზს ეძებდნენ, დაებლოკათ საქართველოს ნატოში გაწევრიანება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით კი მათ ამერიკელები ყოველგვარ საბაბს გამოაცლიან.

საქართველოს ნატოში გაწევრიანებით კავკასიაში ძალთა ბალანსი საგრძნობლად შეიცვლება ამერიკელთა სასარგებლოდ, რაც რეგიონში არსებული პოლიტიკური წარმონაქმნების არსებობაზეც იმოქმედებს. კერძოდ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ წარმოადგენენ სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს; მათ არსებობას შედარებით დამოუკიდებელ მდგომარეობაში განაპირობებს დღეს არსებული ძალთა ბალანსი. რუსეთს ეს პოლიტიკური სუბიექტები სჭირდება, როგორც ბუფერული სახელმწიფოები დასავლური გეოპოლიტიკური ექსპანსიის წინააღმდეგ. მის საწინააღმდეგოდ ძალთა ბალანსის შეცვლის შემთხვევაში ამ წარმონაქმნებს პირდაპირი ფორმით შეიერთებს. «პატარა სახელმწიფოების არსებობა შესაძლებელია მაშინ, როცა დიდ სახელმწიფოს იგი სჭირდება როგორც ბუფერიროგორც კი იცვლება ძალთა ბალანსი, პატარა სახელმწიფო ქრება პოლიტიკური რუკიდან» (ნიკოლა სფიქმენი).

ბევრი საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირებს რუსეთის დაშლას, რა თქმა უნდა, ამერიკელების მეშვეობით. მაგრამ მინდა შევახსენო ყველას, რომ რუსეთის დაშლა მაინცდამაინც არც ატლანტისტური გეოპოლიტიკის ინტერესებში ჯდება. რუსეთი მათთვის უფრო მისაღებია ერთიანი, მაგრამ დასავლეთზე უფრო სუსტი და ატლანტისტური სამყაროს გავლენის ქვეშ მყოფი. ვინაიდან რუსეთის დაშლის შემთხვევაში მოხდება რუსეთის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რეგიონებისკენ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით აღმავლობის გზაზე მდგარი ჩინეთისგან ტერიტორიული ექსპანსია, რაც ამერიკელების ინტერესებში სულაც არ შედის. ამერიკელებს, როგორც უკვე აღვნიშნე, სჭირდებათ ერთიანი, მაგრამ მათზე გარკვეულწილად დამოკიდებული რუსეთი ჩინეთის შესაკავებლად. ამაზე პირველმა გაამახვილა ყურადღება გეოპოლიტიკის ფუძემდებლად აღიარებულმა ინგლისელმა მეცნიერმა ჰელფორდ მაკინდერმა: «თუნდაც ჩინელებმა რომ დაარბიონ რუსეთის იმპერია და დაიპყრონ მისი ტერიტორია, ისინი შექმნიან ყვითელ საშიშროებას მსოფლიო თავისუფლებისთვის იმით, რომ უდიდესი კონტინენტის რესურსებს მიამატებენ საოკეანო სივრცეებს და მოიპოვებენ ისეთ უპირატესობას, რომელიც აქამდე არ ჰქონდა ამ ღერძული რეგიონის რუს მეპატრონეს».

თუ პოლიტიკური პროცესები ისე განვითარდება, როგორც ამერიკულ სტრატეგიაშია გათვლილი და საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოხდება ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, მაშინ ქართველებს მოგვიწევს, სამუდამოდ დავემშვიდობოთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.

ცნობისათვის უნდა ითქვას, რომ ამერიკელებს საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ძალიან საინტერესო მიდგომა ახასიათებთ საკუთარი მარიონეტების მიმართ: როგორც კი ისინი მათზე დაკისრებულ მისიას პირნათლად შეასრულებენ, მათ, უბრალოდ, იშორებენ. აღიარების შემდეგ, დიდი ალბათობით, სააკაშვილის რეჟიმს მოუწევს წასვლა ხელისუფლებიდან, მაგრამ გამზადებული ეყოლებათ ახალი ძალა. როგორც ჩანს, ამისთვის ისინი «ქართული ოცნების» ქურქში გახვეულ რესპუბლიკელებს ან თარგამაძექრისტიანდემოკრატებს» ამზადებენ.

ახალი ხელისუფლება  სრულიად თავისუფალი  იქნება წინა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებისგან და აღებული ვალდებულებებისგან. პოსტსააკაშვილისეული ხელისუფლება კი თავისუფლად შეუდგება მკვეთრად პროამერიკული კურსის გატარებას, ოღონდ სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

ირაკლი უბილავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here