Home რუბრიკები პოლიტიკა მანანა კობახიძე: მეცოდება «ნაციონალური მოძრაობა», ასეთი ლიდერი რომ ჰყავს

მანანა კობახიძე: მეცოდება «ნაციონალური მოძრაობა», ასეთი ლიდერი რომ ჰყავს

784

27 მაისს «ქართული ოცნების» ლიდერები ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ. საზოგადოების ინტერესი აღნიშნული აქციის მიმართ ძალიან მაღალია, რადგან ბევრი სწორედ ამ დღეს ელოდება პასუხს შეკითხვებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან, ზოგიერთ მის პარტნიორთან, საგარეოპოლიტიკურ ხედვასთან და პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკასა და სტრატეგიასთან დაკავშირებით გაჩნდა. ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით გაუგებარია, როგორია ქვეყნის ეროვნულსახელმწიფოებრივი განვითარების ივანიშვილისეული სტრატეგია და მთელი რიგი სხვა შენიშვნებიც გამოთქვა. ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» პარტია «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» ხელმძღვანელი მანანა კობახიძე ესაუბრა.

_ ქალბატონო მანანა, მიუხედავად იმისა, რომ დადიხართ რეგიონებში, ხსნით ოფისებს, მართავთ პრესკონფერენციებს, როგორ აპირებთ, აჯობოთ ხელისუფლებას, რომელიც, თუ ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებს გავითვალისწინებთ, დარწმუნებულია გამარჯვებაში და არსად წასვლას არ აპირებს. ამის დასადასტურებლად სააკაშვილის ერთერთი ბოლოდროინდელი გამოსვლის გახსენებაც საკმარისია, როცა მან ბრძანა, რომ, ვინც ხელისუფლებაში მოსვლას ეპოტინება, არანაირი შანსი არ აქვს, რადგან, «მთელი იმ ქვეყნის ფულიც რომ შეაგროვონ, რომელიც ამითაა დაინტერესებული, ხელისუფლებაში მოსვლას მაინც ვერ შეძლებენ». თქვენ რას აპირებთ?

 _ ბიძინა ივანიშვილის რუსული ფულის გარდა, ხელისუფლებას სხვა სალაპარაკო თემა აღარ დარჩა, მაგრამ ამ ყველაფერზე ჩვენი პასუხი მარტივია: როცა ბიძინა ივანიშვილი მრავალმილიონიან პროექტებს უანგაროდ აფინანსებდა, ეხმარებოდა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს, რომლებიც სახელმწიფოს დავიწყებული ჰყავდა, მაშინ ამ ხელისუფლებას რატომ არ ახსენდებოდა, რომ ეს ფული რუსული ბიზნესიდან იყო? ამას გარდა, როგორც ჩანს, ხელისუფლება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან, თუ ისინი ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას სერიოზულად განიხილავენ იმ ძალად, რომელიც სხვა ქვეყანასთან არის შეკრული და სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა, მაშინ რას აკეთებს ეს სახელმწიფო? სად არიან ძალოვანი სტრუქტურები? რატომ არ გვიჭერენ, თუ სხვა ქვეყნის ჯაშუშები ვართ?

ხელისუფლებას ახასიათებს მუდმივად მტრის ხატის შექმნა, რომელსაც, როგორც წესი, რუსეთს უკავშირებს. არადა, რუსეთის საქმეს, ჩვენ კი არა, სწორედ ხელისუფლება აკეთებს. ძალიან დაბნეულები არიან. დააკვირდით, სააკაშვილი ხელს იშვერს ჩვენკენ და ბიძინა ივანიშვილის სახელისა და გვარის ხსენების თავი და ვაჟკაცობაც არ აქვს.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ამ ხელისუფლების დამარცხებას ძალიან დიდი აქტიურობით ვაპირებთ. ჩვენი კოალიციის წარმომადგენლები ყოველდღიურად ხვდებიან რეგიონებში მოსახლეობას. ჩვენი სტრატეგია ძალიან კარგად გვაქვს გაწერილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებსა და ტაქტიკურ ნაბიჯებს ხელისუფლებას არ გავუმხელთ.

_ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით გამოწვეული მუხტიც შესუსტდა. არ ფიქრობთ, რომ საზოგადოება მეტს ელოდება თქვენგან?

_ ვერ დაგეთანხმებით, მუხტი არ შესუსტებულა. ბატონ ბიძინას შეეძლო, როგორც კი პოლიტიკაში მოვიდა, მისი მომხრეები ქუჩაში გამოეყვანა, მაგრამ ასე არ მოიქცა. 27 მაისს ოფიაციალურად ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას და თავისუფლების მოედანზე ძალიან ბევრ მხარდამჭერს ველოდებით. ყველა ის ადამიანი მოვა, რომელთაც მობეზრდათ ამ ხელისუფლების უსამართლო ქმედებები. ეს იქნება შეხვედრა ჩვენს ამომრჩეველთან, მაგრამ, ვინაიდან ამდენ ხალხს ვერც ერთი დარბაზი ვერ დაიტევდა, შეხვედრა ქუჩაში გადავწყვიტეთ.

_ რა არის ამ აქციის მიზანი, ეს არის მხოლოდ შეხვედრა ამომრჩეველთან? და რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, 100 ათასი კაცი გამოვა ქუჩაში?

_ 27 მაისი არის ამომრჩევლისთვის ჩვენი კონკრეტული გეგმის, საარჩევნო პროგრამის გაცნობის დღე. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და, ბუნებრივია, ასეთი ფართომასშტაბიანი შეხვედრები ხალხთან გაგრძელდება. ასეთივე შეხვედრები გაიმართება რეგიონებში, რათა ხალხს მივაწოდოთ ინფორმაცია, რას ვაპირებთ სოციალური პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლების, სამართლებრივ სფეროში, ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში. როცა პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ თურმე აფხაზეთი საქართველოსი არასდროს ყოფილა და თბილისის ისტორია ბერიათი და სტალინით იწყება და ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, რომ თბილისს ქუთაისს უპირისპირებს და ქუთაისს _ ზუგდიდს, მგონი, ამ ადამიანს მთელი საქართველოს დაშლა უნდა. სააკაშვილს თბილისი ეზიზღება, ვინაიდან აქ ქრონიკულად აგებს არჩევნებს. ვაკის მიმართ აქვს აგრესია და ხშირად მას სხვა უბნებს უპირისპირებს.

სააკაშვილი ამ ქვეყნის სირცხვილია და მე მეცოდება «ნაციონალური მოძრაობა», რომ ასეთი ლიდერი ჰყავს. არ მინდა, შალვა ნათელაშვილს დავემსგავსო და შეურაცხყოფაზე გადავიდე, მაგრამ ყველა მისი არაადეკვატური გამოსვლა ადასტურებს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

_ თუმცა აქციის 27 მაისს  გადატანა ბევრმა ხელისუფლებასთან დათმობაზე წასვლად შეაფასა

_ არაფერი არ დაგვითმია, რადგან ხელისუფლებამ ჩვენზე ადრე გამოაცხადა, რომ 26 მაისს აპირებდა აქციის გამართვას სახელწოდებით  «დამზადებულია საქართველოში» და რომ მთელი რუსთაველის პროსპექტი მათ სჭირდებოდათ გამოფენისთვის, ჩვენ ხელისუფლებას თავიდანვე ამიტომ შევთავაზეთ ორი თარიღი.

_ ქალბატონო მანანა, დამეთანხმებით, ალბათ, გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, თქვენი აქცია 26 მაისს გაგემართათ

_ გასაგებია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მაშინ ხელისუფლებას ექნებოდა სათქმელი,  თქვენზე ადრე გამოვაცხადეთ, რომ რუსთაველზე ღონისძიების ჩატარებას ვაპირებდითო. ამას გარდა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ ეს გამოფენა ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. გამოფენაში მონაწილე მეწარმეებიც ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან და მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

ჩვენ ხელისუფლება იმიტომ ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ 27 მაისს, შესაძლოა, გზის გადაკეტვაც მოგვიხდეს. ეს რომ მცირერიცხოვანი აქცია ყოფილიყო, გაფრთხილებაც არ იქნებოდა საჭირო. ვინ ვის რას დაუთმობს, ახლო მომავალში გამოჩნდება.

_ კოალიციის ლიდერები ყოველთვის აცხადებენ, რომ მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლით ხელისუფლებას. ამ პირობებში, როცა ხელისუფლებამ ოპოზიციისთვის არცთუ სახარბიელო საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელაროგორც იურისტი, რას ფიქრობთ, ხელისუფლებამ ოპოზიციას გამარჯვების შანსი საერთოდ დაუტოვა?

_ ზუსტად ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია. თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ერთი კაცისთვის ცვლის კონსტიტუციას, ვინ ვისთან მიდის დათმობაზე, უკვე კარგად მეტყველებს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან კარგად ვიცით, სააკაშვილს უკან დახევა არ სჩვევია. თუნდაც ძალიან აბსურდული რამ თქვას, ცდილობს, თავისი ბოლომდე გაიტანოს. ახლა კი უკან იხევს და ქვეყნის უზენაეს კანონს მხოლოდ იმიტომ ცვლის, რომ საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს.

 ვინაიდან სწორედ საზოგადოების დაკვეთა იყო, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიეღო და სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული საზოგადოების ზეგავლენით, ხელისუფლება მიდის იქამდე, რომ კონსტიტუციას ცვლის, რათა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა.

_ მაგრამ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს მაინც არ აძლევს მოქალაქეობას

_ ეს უკვე ხელისუფლების სირცხვილია, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას არ აძლევს. მთელი რიგი უკანონო გადაწყვეტილებებისა მიიღეს, მაგრამ ახლა ამ ყველაფრის გამოსწორებას ცდილობენ. აბა, რას ნიშნავს მათი საქციელი? ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც ერთი კაცის გამო კონსტიტუციას ცვლიდნენ და დიახ, მე ამაყი ვარ, რომ ამ ადამიანის გუნდში ვარ. რა თქმა უნდა, ცალკე საკითხია, რომ კონსტიტუციის ასეთი ცვლილებები არ არის მისასალმებელი, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას კანონიერებასთან საერთო არაფერი აქვს.

_ თუ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, როგორ მოიქცევით ამ შემთხვევაში?

_ ხელისუფლებამ არჩევნები ვერ უნდა გააყალბოს, რადგან საზოგადოება უნდა იყოს მზად და ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები. ეს არ უნდა დავუშვათ. საქართველოში უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა.

_ როგორ მოახერხებთ ამას?

_ ხალხმა შიშის სინდრომი დაამარცხა. ჩვენ მობილიზებულები ვართ, რომ ყველა უბანი და საარჩევნო ყუთი დავიცვათ და, თუ გაყალბება მაინც მოხდა, არსებობს საკუთარი ხმის დაცვის კონსტიტუციური უფლება და ჩვენ ამ უფლებას გამოვიყენებთ.

_ ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციამ, რომელიც «ქართული ოცნების» მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში, საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი პუნქტი შემაშფოთებლად მიიჩნია. რა შედეგს ელით ამ ვიზიტისგან?

_ საქართველოში არჩევნების პერიოდში, როგორც ეუთოს მანდატით, ასევე არასამთავრობოების მანდატით, ძალიან ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია განხორციელდება. საარჩევნო გარემოს ისინი გააკონტროლებენ არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ გრძელვადიან რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ დააკვირდებიან, როგორია ქვეყანაში არსებული მედიაგარემო, როგორ ექცევიან ჩვენს მხარდამჭერებს, როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ოპოზიციის მიმართ. თუ ასეთი დემოკრატიული ქვეყანა ვართ, რატომ ვერ იტანს ხელისუფლება ოპოზიციურ ძალებს და რატომ იწყება ყველა ნაციონალური ეთერი ოპოზიციის პირდაპირი დისკრედიტაციითა და ლანძღვით? ვინაიდან ნაციონალური არხები ხელისუფლებას მონოპოლიზებული აქვს, ჩვენ ძალიან დიდი დაბრკოლებების გადალახვით ვახერხებთ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას ამომრჩევლებისთვის.

ხელისუფლებამ შექმნა ტოტალიტარული რეჟიმი, რომელსაც გარედან  ვარდისფერი ფასადი შემოარტყა და ცდილობს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამით მოტყუებას, მაგრამ არ გამოუვათ, უკვე ყველა კარგად იცნობს ამ ხელისუფლებას და იცის, რომ ძალიან ცუდად აქვს საქმე.

_ თუმცა, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, სააკაშვილი საქართველოში კვლავ ყველაზე პოპულარულ ლიდერად რჩება და ბიძინა ივანიშვილი, გიორგი თარგამაძესთან შედარებით, სუსტი პოლიტიკოსია.

_ ვინ არის მეთიუ ბრაიზა? დღეს მას არანაირი პოლიტიკური სტატუსი და თანამდებობა არ გააჩნია და ყველამ კარგად იცის, რომ ის ამ ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულია; იმასაც კი ამბობენ, რომ ქორწილი სააკაშვილმა გადაუხადა.

_ რაც შეეხება ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსს, თქვენი კოალიციის ლიდერების იდეა, რომ რუსეთთანაც დაალაგებენ ურთიერთობას და ქვეყანა ნატოშიც გაწევრიანდება, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ?

_ აშშ, გერმანია და საფრანგეთი ვერ აგვარებენ ურთიერთობას რუსეთთან? ეს არის საკითხი, რომელსაც მოგვარება სჭირდება. ქვეყნები, რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ რუსეთთან, მათ დაალაგეს ურთიერთობა, რადგან მიხვდნენ, რომ არ შეიძლება მუდმივად კონფრონტაციის რეჟიმში ცხოვრება. ჩვენც მოვახერხებთ ამას, რადგან ურთიერთობის ნორმალიზება აუცილებელია. ეს ქვეყანა ჩვენს მეზობლადაა და ვერც ჩვენ გადავსახლდებით და ვერც რუსებს გადავასახლებთ სადმე.

_ მაგრამ არა ნატოზე უარის თქმის სანაცვლოდ? როგორ მოახერხებთ ურთიერთობის მოგვარებას? ცნობილია და რუსეთიც აღიარებს, რომ ნატოს საკითხი მას ძალიან აღიზიანებს.

_ ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა მშვენივრად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და, როცა ჩვენც ძლიერი ქვეყანა ვიქნებით, ასევე მოვიქცევით.  უამრავი ჩვენი თანამემამულე დღეს რუსეთში ცხოვრობს, იქ მუშაობს და ამით არჩენს სამშობლოში მიტოვებულ ოჯახს. რუსეთთან გვქონდა ეკონომიკური ურთიერთობები, გადიოდა ქართული პროდუქცია და ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზარი იყო რუსეთი. საქართველოს ჰყავდა ისტორიული მტრები, რომლებიც დღეს საქართველოს მეგობრები არიან. ქვეყნებს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება, მაგრამ გონიერი პოლიტიკის წყალობით ყველანაირი დაძაბული ურთიერთობა შეიძლება დარეგულირდეს.

რუსეთუმეობას რომ გვაბრალებენ, ნახონ ჩვენი დეკლარაცია, რომელშიც ცალსახად გვაქვს გაცხადებული საგარეო ვექტორი, ჩვენ დასავლური კურსი გვაქვს არჩეული, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების გარეშე დევნილების საკითხი ვერ გადაწყდება. დევნილები დასაბრუნებელია და ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი, რისთვისაც ამ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. მისგან ჯერჯერობით მარტო დაპირებები გვესმის.

არ უნდა დაჰპირდე შენს ხალხს, რომ შემდეგ ახალ წელს სოხუმში შეხვდები. ხალხს ანაბრების დაბრუნებას ჰპირდებოდნენ, ას დოლარამდე პენსიის გაზრდას, უმუშევრობის დაძლევას… რა შეასრულეს? შუქს და გაზს გვამადლიან, ამასაც ჩვენი ჯიბიდან ვყიდულობთ და რატომ გვამადლიან? საიდან ვყიდულობთ, მოდი, ესეც ვთქვათ: თუ მტერია რუსეთი და უვარგისია, მაშინ რატომ გვაქვს ეკონომიკური კავშირები და რატომ ჩავაბარეთ ჩვენი ენერგეტიკა?

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა გაერთიანდნენ და ქვეყანაში . . მესამე ოპოზიციური ცენტრი შეიქმნას. რატომ აღმოჩნდა მაინც და მაინც ეს ორი ძალა თქვენთვის მიუღებელი, როცა კოალიციაში არიან ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიები?

_ მინდა განვაცხადო, რომ პიროვნულად მათ არ ვუპირისპირდებით და ჩვენ არ ვებრძვით ოპოზიციურ ძალებს, მაგრამ გვაქვს მათგან განსხვავებული პოლიტიკური კურსი. როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, კახა კუკავა კი ამბობს, რომ ნეიტრალიტეტის მომხრეა, ცხადია, ვერ გავერთიანდებით. რაც შეეხება კოალიციის სხვა წევრების პოზიციას, გოგი თოფაძეს ან სხვებს არ მახსოვს, რომ ასე კატეგორიულად გამოეცხადებიოთ, რომ ნეიტრალიტეტის მომხრეები არიან. ამას გარდა, მანამდე რა იყო ერთია და დღეს, როცა ხელი მოეწერა პოლიტიკური კოალიციის დეკლარაციას, პარტიების ლიდერების ხელმოწერა ნიშნავს, რომ ისინი იზიარებენ  აღნიშნულ პოლიტიკურ კურსს.

_ იყო თუ არა გადამწყვეტი რესპუბლიკელების გადაწყვეტილება, ვინ მიეღოთ კოალიციაში?

_ არანაირად, ყველას თანაბარი უფლებები აქვს, ბატონი ბიძინას გარდა.

_ კოალიციის გარეთ დარჩენილ პარტიებთან რა სახის თანამშრომლობას აპირებთ?

_ ვიდრე მე გავხდებოდი ამ პარტიის თავმჯდომარე, ბატონმა ბიძინამ გასცა პასუხი უკვე, რომ შესაძლებელი იყო მაჟორიტარებთან ან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობა. სხვა სახის გაერთიანებაზე საუბარი აღარ განიხილება.

_ ლეიბორისტებმა საკმაოდ სერიოზული ბრალდება წაუყენეს ბიძინა ივანიშვილს და მას შალვა ნათელაშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის განზრახვაშიც დასდეს ბრალი.

_ არ ვაკეთებთ ამაზე კომენტარს, რადგან ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაც კი არასერიოზულად მიგვაჩნია. ცოტა არ იყოს, სასაცილოა და არ შეეფერება ბატონ შალვას ასეთი განცხადებები. ვერ გეტყვით, ასე რატომ მოიქცა, შეიძლება დიდი თანხა რომ მიეღო ივანიშვილისგან, ასეთი განცხადება აღარ გაეკეთებია.

_ მრავალი წელი უფლებადამცველად მუშაობდით, ყველაზე მეტად რა პრობლემებს აწყდებოდით ამ სფეროში და რას შეცვლიდით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?

_ ყველაზე მძიმე პრობლემად სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა რჩება. ძირეული ცვლილებებია გასატარებელი როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში. ძალიან მძიმე ვითარებაა სასჯელაღსრულების სისტემაში, უამრავი ადამიანი უკანონოდ იხდის სასჯელს. აუცილებელია ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდეს ნაკლებად მძიმე დანაშაულზე და აუცილებლად გადაიხედოს განაჩენები. აუცილებელია, ამოქმედდეს პირობითი მსჯავრის სისტემა, რომელიც დააკნინეს, და პატიმარს მხოლოდ საპროცესო გარიგების შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა, პირობითი მსჯავრით ისარგებლოს. ამას გარდა, სასჯელის ინდივიდუალიზაცია პრაქტიკულად წაშლილია და მოსამართლის როლი დაკნინებულია. ასევე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ინსტიტუტი სამართლებრივი კონტროლიდან გასულია და დამოკიდებულია ვიღაც ციხის უფროსის ნებაზე და კომისიის წევრ ჩინოვნიკებზე.

ძალიან ბევრ შემთხვევაში ირღვევა ადამიანის უფლებები. დღეს მარტო პატიმარი კი არა, მათი ოჯახებიც იხდიან სასჯელს. ეს ყველაფერი კარგად იცის საზოგადოებამ და, რაც ხალხს არ მოსწონს, ყველაფერი გამოსწორდება. დანაშაულთან ბრძოლა იქნება კანონის ფარგლებში და არა პოლიტიკური ნიშნით.

_ თქვენი დანიშვნა პარტიის «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო» ხელმძღვანელად  ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. რამდენად დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებებს?

_ ამ პარტიის ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ, ყველანი, მის გადაწყვეტილებებსა და არჩევანს პატივს ვცემთ. საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რომ ეს არ არის მანანა კობახიძის პარტია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პარტია და ხალხი, ვინც ჩვენთან მოდის, სწორედ მას უჭერს მხარს. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ამ ეტაპზე მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, პარტიას ჰყავს პოლიტსაბჭო, რომელიც აბსოლუტურად დემოკრატიულად, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებებს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here