Home რუბრიკები საზოგადოება მელაძეების ოჯახი ბიძინა ივანიშვილს ქონების წართმევაში ადანაშაულებს

მელაძეების ოჯახი ბიძინა ივანიშვილს ქონების წართმევაში ადანაშაულებს

956

«ქართუ ჯგუფი» მელაძეების პრეტენზიებს არ იზიარებს

ეს ამბავი ერთი ოჯახის პრობლემას ეხება, რომელსაც ქართულ კულტურაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს და რომელიც, ერთი ხანია, დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს.

ქეთი და ბადრი მელაძეების გამომცემლობა ტიპიური მცირე ბიზნესია, უნიკალური საქმის მკეთებელი _ მინიატურული წიგნების გამოშვებაზე სპეციალდება. სულ ახლახან პარიზის წიგნის 32-ე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა (პირველი შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის საგამომცემლო საქმის ისტორიაში) და წარმატებითაც: მათი გამოცემული პროდუქცია ყურადღების ცენტრში მოექცა. შედეგად _ მიწვევა ნიუ იორკის საერთაშორისო გამოფენაზე  «ამერიკენ ბუქს ექსპორტ».

მოკლედ, ამ მცირე ბიზნესის პატრონები კარგ და სასარგებლო საქმეს აკეთებენ საქართველოს კულტურული პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოსაჩენად.

მეორე მხარე, როგორც ვთქვით, ბიძინა ივანიშვილია, ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი. ამჯერად ოპოზიციური კოალიციის «ქართული ოცნება» ლიდერი, პარტიათა იმ გაერთიანებისა, რომელიც პოლიტიკურად და სულიერად დანაგვიანებული ქართული სივრცის ავგიას თავლების გაწმენდის საქმეს არის შეჭიდებული.

ესეც _ მოკლედ, რადგან ბიძინა ივანიშვილს წარდგენა არ სჭირდება.

ჩვენი გაზეთი ორივე მხარის პოზიციას წარმოგიდგენთ, ხოლო დასკვნას, ანუ სამართალს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იქმს, სადაც მელაძეებმა სარჩელი შეიტანეს საქართველოს ხელისუფლების, ქალაქის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ.

ამ კონფლიქტის შესახებ წერდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა; ვისაც ხელეწიფებოდა, ჟურნალისტური გამოძიებაც კი ჩაატარა.

ჩვენ რატომ ავიტკიეთ თავი, რა გვრჯიდა?

_ ორი რამ.

პირველი. როცა მკითხველი საქმეში გარკვევას გვთხოვს, თუ დემოკრატიის პრინციპების დაცვას ვჩემულობთ, არ ეგების წაყრუება, ვისაც გინდა ეხებოდეს პრობლემა, თუნდაც «ქართუ ჯგუფს», ბიძინა ივანიშვილს.

მეორე. ვინ და როგორ გამოიყენა რამდენიმე წლის წინათ ბიზნესის გოლიათის დაპირისპირება ბიზნესის შეუმჩნეველ დავითთან, გაიზიარეს ამ უკანასკნელის პოზიცია, «სიმართლის დროშა გაშალეს» და დღევანდელ დღეს ბიძინა ივანიშვილის გვერდით აღმოჩნდნენ არცთუ მეორეხარისხოვან როლში.

მკითხველი რომ არ დაიბნეს დახლართული კოლიზიის აბლაბუდაში, უამრავ დეტალს გვერდს ავუვლით და მხოლოდ პრინციპულ საკითხებზე შევჩერდებით.

რა მოხდა .. წყნეთის ხევში?

წყნეთის ხევში, ანუ მდინარე ვერეს ხევის ერთ მონაკვეთში, ვაკის «გამარჯვების პარკის» გასწვრივ, რომელსაც «ბანკი ქართუს» შენობა გადაჰყურებს, 1976 წლიდან, როცა არც ეს ბანკი და არც ეს შენობა არ არსებობდა, ერთ, 961 კვადრატული მეტრის ფართობს მელაძეების ოჯახი ფლობდა, მისდევდა საბაღე მეურნეობას და ედგა ფარდულის ტიპის ნაგებობა. 2003 წელს კი ამ ფარღალალა შენობის ადგილას ააგეს საცხოვრებელი სახლი (340 კვადრატული მეტრი ფართობის).

ფლობით კი ფლობდნენ, მაგრამ არანაირი ნებართვა, საბუთი არ გააჩნდათ არც მიწით სარგელობის, არც სახლის ასაგებად.

იმ ხანად მიწების ასეთი მიტაცება საკმაოდ გავრცელებული იყო თბილისის თვალსმოფარებულ უბნებში: ნაძალადევში, ვერეს ხეობაში, «აფრიკაში», ორთაჭალის ბოლოში და ა. შ. უამრავი ამგვარი «მეურნეობა» ფუნქციონირებდა, და არც ქალაქის ხელმძღვანელობა იკლავდა თავს ასეთი კანონდარღვევების აღსაკვეთად _ მიწა უქმად არ ცდებოდა და გარკვეულ შეღავათსაც აძლევდა უმეტესად სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს.

ახლა დაედო ფასი და მაზანდამაც არნახულად აიწია.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2006 წლის 10 დეკემბერს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მელაძეების სახლი დაანგრია.

ახალგაზრდებმა ააშენეს დროებითი საცხოვრებელი, რომელიც მერიამ დაანგრია 2007 წლის 22 მაისს. მიწაც, ცხადია, ჩამოერთვათ. ეს მოხდა მაშინ, როცა სახელმწიფოში ამოქმედდა კანონი, რომლის ძალითაც 2007 წლის პირველ იანვრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები, ზედ მდებარე შენობა-ნაგებობები უკანონდებოდა ფაქტობრივ მფლობელებს.

2007 წლის 12 ოქტომბერს სს «იუნიონმა» მიმართა დედაქალაქის მერიას წყნეთის ხევის ქუჩაზე ტერიტორიის შეძენის თხოვნით.

იმავე წლის დეკემბერში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც «იუნიონმა» მერიისგან მიწა დაწესებულ ნორმატიულ ფასად შეიძინა. მელაძეების «მამულიც» «იუნონის» მფლობელობაში გადავიდა.

«იუნიონმა» მერიასთან დადებული ხელშეკრულებით იტვირთა ვალდებულება 100 მილიონი ინვესტიციის განხორციელების შესახებ, მასვე დაეკისრა შეძენილი მიწის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ზოლის გაშენება.

ასეთია მშრალი ფაქტები.

ახლა კი გავშიფროთ ეს ფაქტები მოდავეთა პოზიციებიდან.

მელაძეების აზრით, კონფლიქტი დაიწყო 2006 წლის ივნისიდან, როცა მათ «ინტენსიურად სტუმრობდა» «ბანკი ქართუს» ვიცეპრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილის სიძე (დის შვილის ქმარი) გია ჭანკვეტაძე და «რამდენიმე თვის განმავლობაში აიძულებდა 340 კვადრატული მეტრი ფართის ორსართულიანი სახლის და 961 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 10.000 დოლარად გაყიდვას».

მელაძეები გაყიდვას არ აპირებდნენ. «უკმაყოფილო გია ჭანკვეტაძე დაგვემუქრა, მაშინ ზედამხედველობას ელაპარაკეთ, იმათგან კაპიკს ვერ მიიღებთო. ბოლო საუბრიდან რამდენიმე დღეში მოდის ზედამხედველობის სამსახური და მიწასთან ასწორებს სახლს», _ აღნიშნავენ მელაძეები.

შემდეგ გია ჭანკვეტაძეს 15 ათასი შეუთავაზებია «და მორჩეს ლაპარაკიო».

კვლავ უარი მიიღო და «2008 წლის 10 მარტს ამათ სარგებლობაში არსებული მიწა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანიის სს «იუნიონის» საკუთრება გახდა.

ასეთია განმცხადებლის მიერ გადმოცემული კონფლიქტის ქრონიკა. ბარემ იმ ემოციურ ნაწილსაც გაეცანით, რომელიც ყოველთვის თან სდევს მსგავს მწვავე სიტუაციებს:

«ბატონო ბიძინა, _ წერდნენ ქეთი და ბადრი მელაძეები ბიძინა ივანიშვილს 2010 წლის 10 თებერვალს (მას შემდეგ ორ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ მათ პოზიციას ფაქტობრივად ცვლილება არ განუცდია. გთავაზობთ წერილის ფრაგმენტებს), _ სახლის ნგრევის პირველივე დღიდან არ დაგვიკლია მცდელობა თქვენთან შეხვედრისა, რადგან ვიცოდით, რომ თქვენს ინტერესს წარმოადგენდა ჩვენი მიწის ნაკვეთი. თავიდან ეს იყო ეჭვი, რაც წელიწად-ნახევრის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა…

თქვენი თანამშრომლების მხრიდან ჩვენი ოჯახის მიმართ, სამი წელია, მიმდინარეობს დაუფარავი ლანძღვაგინება. წინათ ეს ღიად არ ხდებოდა, ლანძღვაც და მუქარაც, ისიც, რომ თურმე თქვენ გიჟები გეგონეთ, ჭორი გვეგონა ან ვინმეს მეტიჩრობა და საკუთარ თავზე ზედმეტის აღება

ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ჩვენი ოჯახის ამორალურ ოჯახად მოხსენიება გახლავთ. ასევე ის, რომ თითქოს 300 000 შემოგვთავაზეთ, რაც, თქვენც იცით, რომ წმინდა წყლის სიცრუეა. ასეთ ბრალდებაზე ბრალმდებელს ან საბუთი უნდა ჰქონდეს, ან საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს

ბატონო ბიძინა, ჩვენი ოჯახი მორწმუნე ოჯახია. წლების მანძილზე აღფრთოვანებული ვიყავით თქვენი ღვაწლით, რისთვისაც, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ სამების აღმშენებლობაა საკმარისი. გვესმოდა ბევრი ცუდიც, როგორც ადრე, ისე ახლაერთს გეტყვით: ჩვენ, სხვა ოჯახების მიმართ როგორ მოიქეცით, არ გვაინტერესებს და არც ანალოგიებს ვეძებთ. ჩვენთვის საკმარისია, რაც ჩვენს ოჯახს დამართეთ. რომელი უფრო მეტი მადლია და ფარავს თუ არა ცოდვამადლი ერთმანეთს, ეს თავად განსაჯეთ.

დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თქვენ ეს ამბავი ძალიან გვიან გაიგეთ, როცა  გამოსწორება თითქმის აღარ შეიძლებოდა და თქვენმა ქვეშევრდომებმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საგულდაგულოდ დაგარწმუნეს, რომ ნამდვილად შემოგვთავაზეს ფული, ჩვენ კი გაუმაძღარი და ამორალური ხალხი ვართ, რის გამოც აღარაფერს არ ვიმსახურებთ თქვენგან.

თქვენგან გაქილიკებულები, რომ სტრასბურგი არ მიიღებდა ჩვენს საქმეს, დაველოდეთ გზავნილის პასუხს და მოხდა უპრეცენდენტო რამ _ 21 დღეში საქმე წარმოებაში მიიღო ევროსასამართლომ, ორ თვეში კი პრიორიტეტი მოგვანიჭა, სწრაფად განსახილველ საქმეთა შორის მოვხვდით

იკითხავთ, რას ვითხოვთ? _ გაგიკვირდებათ და _ არაფერს

ჩვენ არ ვიცით, თქვენ რად გიღირდათ ჩვენი მიწასთან გასწორება და ის 300 000-იანი ტყუილი, რომელიც არასოდეს არ შემოგითავაზებიათ. ჩვენ კი ეგ თანხა და ასჯერ მეტიც ვერ დაგვავიწყებს იმ ტკივილს, რაც თქვენ მოგვაყენეთსახლთან ერთად ღირსება არ დაგვიკარგავს.

ჩვენ ერთი თხოვნა გვაქვს და ერთი სურვილითხოვნა _ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მოგვაყენეთ, გაზეთის მეშვეობით ბოდიში მოგვიხადოთ.

სურვილი _ თქვენთან შეხვედრა, რაც გამორიცხულია, როგორც ვიცით

თუ ეს წერილი თქვენამდე მოვა და არ შეგვეხმიანებით, ესე იგი, ყველაფერი კარგად იცით, ესე იგი, თქვენი სახელით არ ჩაუდენია ვინმეს ეს სისასტიკე, ყველაფერი იცოდით და შეგნებულად აგვაწიოკეთ. ესე იგი, შეგძლებიათ ერთნაირად კარგად სიკეთის და ბოროტების კეთება.

თუ წერილი თქვენამდე ვერ მოაღწევს, გულწრფელად გითანაგრძნობთ, თქვენი თანამშრომლებისა და ხელქვეითების გამო, რომელთაც თქვენი სახელი არაფრად უღირთ».

მელაძეების ოჯახის მცდელობას, რომელიც მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა კომპლექსით იყო წარმოდგენილი _ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებთან შეხვედრები, საპროტესტო აქციები, მათ შორის, ჭავჭავაძის პროსპექტის ერთი საათით გადაკეტვა მეზობლებთან ერთად, სასამართლო, რომელსაც სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს 2009 წელს მიმართეს. 2010 წლის ოქტომბერში პროცედურული საკითხები დამთავრდა.

ამჟამად მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, რადგან მომჩივანთა რიგი გრძელია: მარტო საქართველოდან 7 ათასი საქმეა შესული.

«თქვენია, მაგრამ თქვენი არ არის»

ქალბატონი ქეთი მელაძე ყვება, რომ ნასახლარზე მათი ხელახლა აგებული ხუხულის დანგრევის შემდეგ, სხვა გზა რომ აღარ დარჩათ, მიმართეს მასმედიას და პოლიტიკურ პარტიებს.

მისულან: თინა ხიდაშელი, ჯონდი ბაღათურია, რეზო შავიშვილი, კოკო გამსახურდია, ლაშა ჩხარტიშვილი და სხვები. მათი პროტესტი საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერდა. აქციაზე გამოტანილი პლაკატები «ივანიშვილო, შენ ხარ მეცენატი?!», «მეცენატობა უბედურების ხარჯზე» შესაბამის გარემოს ქმნიდა.

«ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს, _ განაგრძობს ქალბატონი ქეთი, _ ქალბატონმა თინა ხიდაშელმა, მაშინ იგი თბილისის საკრებულოში იყრიდა კენჭს, ჩვენი სახლის ნანგრევებიდან მოაწყო საგანგებო ბრიფინგი, ამოგვიდგა მხარში, რითაც ოპონირება გაუწია თავის კონკურენტს საკრებულოში, სახელისუფლო კანდიდატს, ჩვენს მოგვარეს _ გიორგი მელაძეს».

ესე იგი, თინა ხიდაშელი იმ პერიოდში მელაძეების აქტიური მხარდამჭერი და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი იყო.

მას შემდეგ, რაც ბატონი ბიძინა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდა, მელაძეები ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებენ: ხვდებიან თინა ხიდაშელს, ზაქარია ქუცნაშვილს, ალა კახნიაურს, «უცნობს» _ «საკანში», ნოდარ ხადურს, თეა წულუკიანს, ნოდარ ჯავახიშვილს. ამ უკანასკნელის რეაქცია ასეთი იყოო: ბიძინა ისეთი კარგი კაცია, რომ არ არსებობს, ეს ამბავი სცოდნოდა და მაინც გაეკეთებიაო.

საკითხის დადებითად გადაწყვეტაში იგულისხმებოდა არა მიწის დაბრუნება, არამედ ფინანსური კომპენსაცია, დაგვიზუსტეს მელაძეებმა.

მოწინააღმდეგე მხარეს ამათი მეზობლებისთვის დაუფარავად უთქვამს: თუ მელაძეებს გვერდით არ დაუდგებით, მიწებს თქვენ გაგიფორმებთო.

«ეს ადამიანები, ვინც მაშინ ჩვენი მხარე დაიჭირა, _ ასკვნის ქეთი მელაძე, _ ვერ პოულობენ გამბედაობას, რომ პირში უთხრან ოლიგარქს მისი ჩადენილი დანაშაული. განსაკუთრებით თინა ხიდაშელი სარგებლობდა წლების წინ ჩვენი პრობლემით

ქალბატონ თინას რეაქცია ასეთი ყოფილა: სხვას ვინ რას ეკითხება და მე მომანდეთ ამ საქმის მოგვარებაო.

მიანდეს. მაგრამ ის დღე იყო და ის დღე: ქალბატონი ხიდაშელი ამათი ხელმისაწვდომობის არეალიდან გაქრა.

ჩვენი კორესპონდენტები შეეცადნენ, შეხვედროდნენ ქალბატონ თინას, აქ დასახელებულ პირებს, სამწუხაროდ, ამაოდ. და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით პოზიციაშეცვლილ ადამიანებთან საუბარი. არ ისურვეს.

«ქართუ ჯგუფი» უარყოფს

«ქართუ ჯგუფის» პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით დაფიქსირებულია გაზეთ «კვირის პალიტრის» 2009 წლის 5 აპრილის ნომერში. «ქართუ ჯგუფში» გვითხრეს, რომ მათი პოზიცია მას შემდეგ არ შეცვლილა და შეგვიძლია დღესაც გამოვიყენოთ, როგორც ოფიციალური პასუხი.

მოგვყავს მხოლოდ ამონარიდები ამ პუბლიკაციიდან, რომლებიც კონფლიქტის პრინციპულ მომენტებს ეხება.

წერილის სათაურია: «დაუნგრია თუ არა სახლები ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას».

ეს წერილი, ძირითადად, 2009 წლის 21-22 მარტს ტელეკომპანია «მაესტროს» მიერ დემონსტრირებულ სტუდია «მონიტორის» ფილმს განიხილავს და, ამასთან, აანალიზებს გადაცემას «პროფესია ჟურნალისტი», რომელშიც თავმოყრილი იყო ყველა ადრინდელ პუბლიკაციაში გამოთქმული შენიშვნები, მაშასადამე, სრულად მოიცავდა მელაძეების ოჯახის პრობლემას და მასთან დაპირისპირებულად მოაზრებული ბიძინა ივანიშვილის მოქმედებასაც.

«ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, _ ხაზგასმულია წერილში, _ რომ ივანიშვილი გადაცემაში კრიმინალად თუ არა, ისეთნაირად წარმოაჩინეს, რომ უკეთეს შემთხვევაში, კარგი კაცი ნამდვილად არ არის. გადაცემის მსვლელობისას ჩამოთვალეს მცირე ნაწილი იმ საქველმოქმედო პროექტებისა, რომლებსაც ივანიშვილი საქართველოში ახორციელებს. თუმცა ფილმისა და გადაცემის თემად შერჩეული ამბავი და ერთი ოჯახის თავს დამტყდარი უბედურება მისი ქველმოქმედების (თუნდაც ყველა პროექტი ჩამოეთვალათ) საპირწონედ ვერ გამოდგება: ჟურნალისტები ცდილობდნენ, ივანიშვილი წარმოეჩინათ ადამიანად, რომელიც ხალხს სახლებს უნგრევს და ამ ნანგრევებიდან ამოღებული ფულით საკუთარ ბიზნესს ეწევა, მსგავსი ბიზნესიდან ამონაგები ფულით თვითონ მდიდრდება, მცირე ნაწილს კი ქველმოქმედებას ახმარს…»

«ობიექტური დასკვნებისთვის, _ ნათქვამია შემდეგ წერილში, _ სავსებით საკმარისია ის, რაზეც მომჩივანმა მელაძემ ილაპარაკა. ამასთანავე, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციასაც, რაც უთუოდ დააფიქრებს ობიექტურობის მოსურნე დაინტერესებულ მკითხველს

როგორც ქალბატონი ქეთი მელაძე ყვება (და ჩვენი ინფორმაციითაც), მისი ოჯახი წყნეთის ხევში მდებარე მიწის ნაკვეთით 1976 წლიდან სარგებლობდა _ მიტაცებულ მიწაზე ჰქონდათ საბაღე მეურნეობა და ფარდულის ტიპის ნაგებობა, ხოლო 2003 წელს ააშენეს სახლი (საერთო ფართობი 340 კვ..), თუმცა არანაირი ნებართვასაბუთი არ გააჩნდათ არათუ მშენებლობისთვის, მიწით სარგებლობისთვისაც კი. ისე ააშენეს სახლი, რომ არც მიწის მესაკუთრენი გამხდარან, არც არქიტექტურული პროექტი ჰქონიათ და არც მშენებლობის ნებართვაზე უზრუნიათ(!).

გადაცემის მსვლელობისას არც ერთ ჟურნალისტს ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამს, რატომ გაბედეს და სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე, ანუ მიტაცებულ ნაკვეთში რატომ ააშენეს ნაგებობა, თანაც ასეთი სოლიდური ფართობით. დაკვირვებულ მაყურებელს გადაცემით შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ ამ ყველაფერზე ეთერს მიღმა მოილაპარაკეს, და ერთი შეკითხვაც კი კადრს გარეთ შეთანხმებულ სცენარს მთლიანად დაურღვევდა.

ქეთი მელაძე შეეცადა, მისი ოჯახის პრობლემების განსახილველად სხვადასხვა გაზეთი გამოეყენებია, მაგრამ, ერთადერთი გამოცემის გარდა, ყველამ უარით გამოისტუმრა, რადგან მას სწორედ ის შეკითხვები დაუსვეს, რაც ტელესტუდიაში ვერ მოვისმინეთ.

უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი რამენაირად დაკავშირებულია ქეთი მელაძის სახლის დანგრევასთან. შესაძლოა, არ ჰკითხეს, უკანონოდ სახლი რატომ ააშენეთო, მაგრამ იმას მაინც ხომ უნდა ჩასძიებოდნენ, სად გაქვთ საბუთი, რომ სახლი ივანიშვილმა დაგინგრიათო?! ამ კითხვებზე პასუხებით რომ დაინტერესებულიყვნენ, ბიძინა ივანიშვილის გვარი შემდეგ აღარც კი უნდა ეხსენებინათ.

ქეთი მელაძე იხსენებს, რომ შეხვდა ბიძინა ივანიშვილის ძმასაც, რომელმაც უთხრა, თქვენს მიწასთან არანაირი ინტერესი არა გვაქვსო. ეს ნათქვამიც არ იღეს ყურად ჟურნალისტებმა და ასეთი ქვეტექსტით «გაატარეს»: ბიძინა დიდი კრიმინალია, შესაბამისად _ ძმაც არანაკლები იქნება. ისე გამოჰყავთ, რომ კრიმინალი კრიმინალს იცავსმელაძე ამბობს, ბიძინას ძმამ მითხრა, არანაირი კავშირი არა გვაქვს ამ საქმესთანო და მათთვის ეს თურმე იმის მტკიცებულებაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც დაინტერესებულია ამ ტერიტორიით

ჟურნალისტებისთვის არ აღმოჩნდა საინტერესო, რომ მიწის პატარა ფართობზე 100 მილიონის (!) ინვესტიციის ჩადება გადაწყდა, ამაზე ყურადღება არ გაამახვილეს, თითქოს ასეთი პროექტი საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო. თანაც, ინვესტორს, დამატებით, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, ათეულობით ჰექტარზე, გამწვანების ზოლი უნდა გაეშენებია. აშკარა იყო, რომ მთავრობა ამ მიწის გასხვისებას აპირებდა და გამწვანების შემდეგ, ბუნებრივია, უფრო ძვირად გაიყიდებოდა. დარწმუნებული ვართ, არც ბურჯანაძეს მოუწერია მსგავსი პროექტისთვის ხელი, ჟურნალისტებმა კი ისე წარმოაჩინეს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც მას მიუღია, და რატომღაც ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულეს.

ქეთი მელაძე აცხადებს, რომ კომპანიებს «იუნიონსა» და «ინტერსერვისს» ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს და ამიტომაც ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებააო. თუნდაც ერთი დირექტორი ჰყოლოდა, რა შუაშია ივანიშვილი? სინამდვილეში, არც «იუნიონია» ივანიშვილის და არც «ინტერსერვისი». რატომ დაუჯერეს ჟურნალისტებმა ქეთი მელაძეს, რატომ ენდნენ მას სიტყვაზე, რატომ არ ჩაეძიენ, რატომ არ მოსთხოვეს საბუთი, რომელიც მის ნათქვამს დაადასტურებდა?..

აუდიტის დასკვნით, 2003 წელს 340 კვ. ფართის სახლის აშენებას 80-დან 100 ათას დოლარამდე დასჭირდებოდა. ჩვენ მინიმუმი ავიღოთ, 80 ათასი. ეს თანხა ცოტა როდია, 2003 წელსაც და დღესაც საქართველოს მოსახლეობის 99 პროცენტისთვის ამ რაოდენობის თანხის მოგროვება შეუძლებელია. ასე რომ, მელაძეების ოჯახი საქართველოს შეძლებული მოსახლეობის 1 პროცენტში ხვდება. ამიტომ ქეთი მელაძისა და მისი ოჯახის გათანაბრება დევნილებთან, მართლაც გაუბედურებული ადამიანების ტრაგედიასთან, ყოვლად წარმოუდგენელია

ნებისმიერი მიტაცება თავისთავად დაზარალებულსაც გულისხმობს. იტაცებენ იმას, რასაც პატრონი ჰყავს, ანუ დაზარალდა მიწის პატრონი. ქვეყანა დაზარალდა და ქალაქი. მაგრამ არც ქვეყანა და არც ქალაქი არაა აბსტრაქტული ცნებები, ერთსაც და მეორესაც მოქალაქეები ქმნიან, ანუ ჩვენ _ საზოგადოება. ჰოდა, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ ქეთი მელაძისგან ზუსტად ამ საზოგადოებისგან თანაგრძნობის გამოძალვა?! ჯერ საზოგადოება არაფრად ჩააგდო, მიწა მიიტაცა და დააზარალა, ახლა კი სწორედ ამ საზოგადოებას სთხოვს თანადგომას. ჩვენ ამას უცნაურობის ნაცვლად თავხედობას დავარქმევდით.

თავგასულობის გარდა რა უნდა ვუწოდოთ მის ქცევას, როცა ქვეყანა ააწრიალა, გაზეთები და ტელევიზია, ჭორვილაში სამჯერ ჩავიდა, «ქართუ ჯგუფის» სამსახურები დაატერორა, ნინო ბურჯანაძეს დასდევს, 100-მილიონიან ინვესტიციაზე ხელის მოწერა როგორ გაბედეო, არადა, ამ საბუთზე ხელის მოწერა მისი ერთადერთი თუ არა, ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

 …ხელისუფლებას კანონი მაშინ კი არ დაურღვევია, როცა ქეთი მელაძის უკანონო სახლი დაანგრია, არამედ მაშინ, როცა გაუგებარი და დღემდე გაუგონარი თეზისი მოიგონა და საჯაროდ გამოაცხადა, სასწრაფოდ მობრძანდით და, რაც კი უკანონოდ გქონდათ მითვისებული, ყველაფერი კანონიერად დაიმტკიცეთო. ხელისუფლებამ მანამდე ბევრი უკანონობა ჩაიდინა (თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლის დანგრევის მსგავსი) და როდესაც ხალხისგან აგრესია და ზიზღი იგრძნო, მიხვდა, რომ მისი რეიტინგი საშინლად დაეცა და სავარძლების დაკარგვის რეალური საფრთხე გაჩნდა. ამიტომ თავის გადასარჩენად მოიგონეს ეს აქცია. თანაც ამ ისედაც სულელურ აქციას ასევე ყოვლად სულელური სახელი მოუძებნეს _ «რაც შენია, შენიაო». თუმცა სინამდვილეში სულ სხვა რამ მივიღეთ _ რაც შენი არ არის და არც არასოდეს ყოფილა, ის შენია. მე თავი დამანებეთ, ოღონდ მე თავი დამანებეთ და საახალწლოდ ინდაურებს კიდევ დაგირიგებთ და . . ყველაფერ ამას, იცით, რა ჰქვია? საკუთარი გამწარებული, დევნილი, გაღატაკებული და «ჩარეცხილი» მოსახლეობის ტოტალური მოქრთამვა ხელისუფლების მიერ. ქრთამი გადაუხადეს საზოგადოების «აქტიურ» მცირე ნაწილს, მელაძეების მსგავსს და ვის ხარჯზე? ისევ კანონმორჩილი მოსახლეობის ხარჯზე

ახლა ვნახოთ, რა დანაშაული ჩაიდინა ივანიშვილმა: იურიდიული, ეკონომიკური თუ მორალური.

იურიდიული? ყველაფერი წესრიგშია. ნებისმიერ ადამიანს აქვს სახელმწიფოსგან მიწის ყიდვის უფლება, ოღონდ კანონიერად.

ეკონომიკური? იქნებ სახელმწიფო მოატყუა ამ მხრივ? ვერ ნახავთ საქართველოში ვერც ერთ პროექტს, რომ პატარა ფართობზე 100-მილიონიან ინვესტიციას დებდეს ვინმე და იმავე დროს მიმდებარე მიწის გაკეთილშობილებაზეც ზრუნავდეს (ტყის ზოლის გაშენება). ეკონომიკურად უაღრესად ხელსაყრელი გარიგებაა. ეს სახელმწიფოს რჩება, ქვეყნისთვის კეთდება. საქართველოში რჩება ინვესტიცია, რომლის მოზიდვაზე ამდენს ლაპარაკობენ და ვერ შემოაქვთ. ესე იგი, ეკონომიკურადაც ვერაფერში შეედავები. სანამ საზოგადოებაში ერთი ადამიანი მაინც იარსებებს ისეთი, რომელსაც კანონიერების აღდგენის მცდელობისთვის ადამიანის მორალზე კითხვები გაუჩნდება, მანამ ასეთ საზოგადოებას ყოველთვის მოექცევიან ისე, როგორც დღეს გვექცევა ჩვენი ხელისუფლება.

ყოველთვის ეყოლება ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც არასოდეს გაუაზრებია თავისი ვალდებულება და ქვეყნის უზენაეს კანონად საკუთარი განწყობა და ხასიათი გადაუქცევია

ყოველთვის ეყოლება ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლების თუ მავანის დაკვეთით მზად არიან, შავი თეთრად მოგვაჩვენონ და პირიქით

ყოველთვის ეყოლება ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც თავი მსაჯული კი არა, ორკესტრის მუსიკოსები ჰგონიათ და მხოლოდ სადირიჟორო ჯოხის აქნევადაქნევით ჭრიან და კერავენ ადამიანთა ბედს

ყოველთვის იქნება რიგები უცხო ქვეყნების საკონსულოებთან, რომ ტურისტად კი არა, საერთოდ წავიდნენ ამ ქვეყნიდან და თავი დააღწიონ ამ ჯოჯოხეთს.

ჩვენ კი ერთხელ ნათქვამს ცოტა სხვანაირად გავიმეორებთ: ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას ამდენ რამეს უბედავენ, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც უკანონობას თანაუგრძნობენ».

ამ ვრცელი წერილის ავტორები არიან ჟურნალისტები თემურ ჭკუასელი და ელზა ნაბახტეველი, «ქართულ ჯგუფის» პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here