Home რუბრიკები პოლიტიკა წყალწაღებულები

წყალწაღებულები

704

«ქვეყანა თუ იქცეოდა, შენ რა გიხაროდა, შე აბდალა!»

ოცდაათიოდ წლის წინათ თბილისში გამოდიოდა მოსახლეობის გარკვეულ ფენებში ფრიად პოპულარული გაზეთი «სოფლის ცხოვრება». ამ გამოცემას ჰქონდა რუბრიკა «ამას შენზე ამბობენ, ჩემო სამშობლოვ!». უცხოელების ნათქვამ ქებათაქებას ბეჭდავდნენ, ზოგჯერ _ ცოტა პროვინციულ აღტაცებას. თანდათან მივიწყებას მიეცა ეს გაზეთიც და მისი რუბრიკაც. მაგრამ ამოქმედდა პრინციპი «კარგად დავიწყებული ძველის» შესახებ, რისი მოწმეც გაგვხადა თბილისის მერიამ წინასაარჩევნო პრიალა მაკულატურის გამოცემით, რომელსაც ჟურნალის სახე მისცეს, ჩიხტიკობში გამოაწყვეს და ფერუმარილიც ბლომად წაუსვეს: «თბილისური ამბები. ასე აშენდა თბილისი».

უწინ ყველა ჟურნალისა თუ გაზეთისთვის აუცილებელი იყო ლოზუნგის მიწერა: «პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!». ამ საპატარძლო მზითევსაც რეფრენად გასდევს მერის უკვდავი ლოზუნგი: «გასაკეთებელი კიდევ ბევრია»… ესეც «კომუნისტიდან» მოპარული ფრაზაა.

მაგრამ ასეთ სიძველეზე არ ვლაპარაკობ, სხვა მაქვს მხედველობაში: ლენინთან სააკაშვილის ჩადრასტება, როცა მიხეილ ნიკოლაევიჩმა ვლადიმერ ილიჩისებურად ახალგაზრდების დამოძღვრა მოინდომა და მოწოდების «სწავლა, სწავლა და სწავლა»-ს ახალი, რეფორმირებული ვარიანტი შესთავაზა ბათუმის უნივერსიტეტის გაოგნებულ სტუდენტებს: «იკატავეთ, ისწავლეთ, იჭამეთ!»

რუბრიკის თემა რომ არ დაგვეკარგოს, ახლავე მივხედოთ: რას ამბობენ ჩვენს დედაქალაქზე უცხოელები?

უწინარეს ყოვლისა, იტალიელ დიზაინერს, არქიტექტორს, თბილისის საპატიო მოქალაქეს _ მიქელე დე ლუკის მივცეთ სიტყვა: «…მივხვდი, რომ ეს არის ქალაქი, რომელშიც ყველაფერი შესაძლებელია…» (გვერდი 10).

ბრავო, მიქელე, შენ არა მარტო მიხვდი, არამედ შეძელი კიდეც ყველაფერი: მათ შორის, მიითვისე ცნობილი ქართველი არქიტექტორის _ გიგა ბათიაშვილის იმ სასახლის პროექტი, რომელსაც ავლაბრის რეზიდენციად მოიხსენიებენ თბილისელები, და კარგა გვარიანი ჰონორარიც მოტეხე. ამას ხომ არ გულისხმობ, ძმაო, ქართული «რენესანსის სხვა გზაზე» რომ ლაპარაკობ, რომელიც «მომაჯადოებელი და პოტენციალით აღსავსეა»?

ამას შენზე ამბობენ, ჩემო თბილისო!

და კიდევ აი, რას: «თბილისსა და თბილისელებში იგრძნობა დიდი ტრადიცია… თბილისში არის დახვეწილი გემოვნება», _ ჯონ მალკოვიჩი, თეატრისა და კინოს მსახიობი (გვერდი 10).

შემდეგ?

შემდეგი მთქმელი შემოკლებიათ, უთუოდ იმიტომ, რომ დანარჩენი სისულელეები ვასიკო ოდიშვილს ან უკვე გამოყენებული აქვს, ან გამოიყენებს «აბების» კონკურსში გასაჟღერებლად _ «იცინიან და კისკისებენ პოლიტიკოსები».

მიშაზე რას ამბობენ, მე ნუ მათქმევინებთ…

გადაშლი ამ «თბილისის მერიის 2011-2012 წლების ანგარიშის» საჟურნალო ბრწყინვალებას და, რა თქმა უნდა, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში უპირველესი პოლიტიკოსის (როგორადაც ოქროსთმიანმა ბიძია ტრამპმა მოიხსენია იგი აშშ-ში სტუმრობის დროს) _ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები გეცემა თვალში და აგიმღვრევს გონებას:

«ჩვენი პროგრამა ყოველთვის იყო ის, რომ გვეამაყა ჩვენი ქალაქით, ჩვენი თბილისით» (გვერდი 2).

დაპროგრამებული სიამაყე რა უბედურებაა, ანუ ამაყობთ თბილისით იმიტომ, რომ ასეთი იყო თქვენი პროგრამა?!

გინდა ასე ატრიალე, გინდა ისე, თბილისის სიამაყე სააკაშვილისთვის უკვე «წასული ნატურაა»: დღეს მისი დაპროგრამებული სიამაყის საგანი ბათუმია, რომელზეც ამოსდის მზე და მთვარე. თუმცა სინამდვილეში ჩადის, შავ ზღვაში ეშვება!

იმრე ორბანი, ბუდაპეშტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამ პროგრამას სხვა განზომილებაში აღიქვამს და წერს: «პრაქტიკულად, ეს მარშალის გეგმაა» (გვერდი 3).

ვისთვის _ მარშალის, ვისთვის _ მიშარის… მაგრამ უგულავა _ ქალაქის მერი, რა შუაშია?!

შუაში კი არა, სუფრის თავში ზის და ისეთ ბრტყელ-ბრტყელ დებულებებს გამოსცემს, დროა, მაო ძედუნის ციტატების წითელი წიგნაკივით უნდა აიკინძოს და ცალკე გამოიცეს, რისი პრიმიტიული, მაგრამ ამბიციური მცდელობაც ამ ჟურნალში აშკარად შეინიშნება.

აბა, ყური დაუგდეთ გაუმჯობესებულ მიშას: «ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებულია, ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ სჭირდება დასაქმება, მაგრამ ერთადერთი გზა უკეთესი მომავლისკენ, დასაქმებისკენ, ვითარების გაუმჯობესებისკენ, თითოეული ოჯახის შემოსავლის ზრდისკენ გადის ინვესტიციებზე, საკრედიტო რეიტინგზე, სტაბილურობაზე, რეფორმებზე, არაკორუმპირებულ და არაკრიმინალურ გარემოსა და ყოველივე იმაზე, რითაც ყველანი ერთად ვამაყობთ «ვარდების რევოლუციისა» და შემდგომი პერიოდის ცვლილებებისა და წინსვლის ფონზე» (გვერდი 5).

იამაყეთ, იამაყეთ! მით უფრო, რომ ეს სიამაყე აღმოცენებულია თქვენ მიერ დეკლარირებულ «სამოქმედო ფილოსოფიაზე»: «მოქალაქე უნდა აღწევდეს წარმატებას მხოლოდ იმით, რომ სწავლობს, შრომობს, არის კანონმორჩილი და არავითარი სხვა ფაქტორი მის წარმატებას არ უნდა განსაზღვრავდეს, მით უმეტეს, აფერხებდეს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისა და, დარწმუნებული ვარ, მთელი ჩვენი საზოგადოების იდეალი» (გვერდი 31).

ხოლო როცა ეს იდეალი მიღწეულია, «ჩემთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას მიღებული გამოცდილება და თბილისელების მოსაზრებების გაზიარება, რადგან ჩემი მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნაა. შესაბამისად, ყველა ქმედება და აქტივობა თბილისელების დასაქმებაზეა ორიენტირებული» (გვერდი 45).

აი, ხედავთ, როგორი დამიწებულია თბილისის მერის ოცნება და იდეალი: ხალხზე ზრუნვა, დასაქმება და არავითარ შემთხვევაში საკუთარი მაღალი ხელფასი უფრო მაღალი პრემიალურებით და სხვა ნაკადები, რომლებიც ერთ დროს ოქროთი განთქმული სვანეთის ელდორადოს პატარა მდინარეებს მოჰქონდა და რისი დამტკიცებაც ჩვენს ძალას და შესაძლებლობას აღემატება.

მაშ, რატომ ვლაპარაკობთ? იმიტომ, რომ არ გვჯერა! იმიტომაც, სხვათა შორის, რომ, როგორც ბატონი მერი გვასწავლის, «სოლიდარული პასუხისმგებლობის გარეშე საბოლოო წარმატების მიღწევა მაინც შეუძლებელია» (გვერდი 47).

სოლიდარული პასუხისმგებლობა არავინ იკისრა.

დაბოლოს, თუ გსურთ, სამედიცინო ტურიზმზე მზრუნველი უგულავას დამადასტურებელი ფოტო იხილოთ, გადაფურცლეთ «თბილისური ამბების» 48-ე გვერდი.

ერთი შეხედვით, შეიძლება გეგონოთ, რომ აქ აღბეჭდილია ფსიქოთერაპიის სახელდახელო სეანსი, რომელსაც მხცოვანი მკურნალი უტარებს თვითკმაყოფილების ზენიტში მყოფ პაციენტს გამოკვეთილი ნარცისიზმის ნიშნებით, რაც აშკარად დასტურდება ამ ჟურნალის თითქმის ყველა გვერდზე (გარდა გულუხვად გაღებული სარეკლამო-კომერციული გვერდებისა).

შეიძლება.

მაგრამ სინამდვილეში ეს არის თავდაჯერებული კეკლუცობის კიდევ ერთი გამობრწყინების საილუსტრაციოდ გამოყენებული ფოტო _ «შეჩერდი, წამო, შენ მშვენიერი ხარ!»

მშვენიერმა წამმა კი აღბეჭდა ქალაქის თავის მორიგი სიბრძნე:

«ჯანდაცვის სფეროს განვითარება, სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გამართული სადაზღვევო სისტემის არსებობა, პროფესიონალიზმის ამაღლება და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია».

«ხუთვარსკვლავიან საავადმყოფოებში»?! მიშას რას ეუბნები, ქალაქის მერო?! ან საზეიმოდ მისი გახსნილი საავადმყოფოების ხუთვარსკვლავიანობაა ბლეფი, ან ხელმისაწვდომობის დაქადნებაა სიცრუე, როგორც ყველა წინასაარჩევნო დაპირება!

«დაჰკარ გრძნობით დაირასა

ფურცლა და ფურცლა, ათვალიერა და ათვალიერა კერძო კომპანიების მიერ სრულად დაფინანსებული თბილისის მერიის ანგარიში ჩვენმა კოლეგამ ლევან ზანგურაშვილმა, უყურა და უყურა ჭრელა-ჭრულა ფოტოსურათებს და ამოიოხრა: «მითხარით, თუ შეიძლება, სადაა ეს ქალაქი, იქ მინდა ვიცხოვროო»…

მე შემიძლია, ბატონო ლევან, მხოლოდ მიგანიშნო ამ გამოცემის პირველი გვერდი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ის ქალაქია, რომელიც «არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა», რომელიც საბურთალოს «ხრუშჩოვკების» შენი კვარტლიდან არ ჩანს და რომლის დანახვას, სამგანზომილებიანი ფილმის აღქმისა არ იყოს, სპეციალური სათვალე სჭირდება.

ამ სათვალის შესაძენად კი დიდი ფულია საჭირო ან ჭკუის სრული დაკარგვა.

ამნეზია _ საერთოდ.

«გიჟი ქალაქს მიდიოდა», გაჰყევი და მიგიყვანს!

* * *

ეს ჟურნალი მოსახლეობას შაბათ დღეს, 12 მაისს, ჩამოურიგეს და ორიოდ საათში დაიწყო წარღვნა თბილისში.

ხომ არ იდგა ამ, ერთი შეხედვით, მარტივი და უწყინარი მექანიკური ქმედების _ წინასაარჩევნო მაკულატურის დარიგების უკან ისეთი ძალა, რომლის შედეგად «იმატა უკეთურებამ ამქვეყნად», «წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით»?

თავისთავად იბადება პარალელები ბიბლიურ წარღვნასთან და უფლის რისხვის უკიდურეს გამოხატვასთან: «შვიდი დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყნად… ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.

აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე» (დაბადება, 6, 10-12).

ტრაგედიად დაგვატყდა თავს 12 მაისის ღამეს თბილისის წარღვნა…

«მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე» (დაბ. 6, 24).

თბილისურმა წარღვნამ ორიოდ საათში წალეკა ყველაფერი და ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

არ ღირს არავითარი მმართველობა ასეთ მსხვერპლად!

ხომ არ იყო სტიქიის ამ შემოტევაში რაღაც საკრალური ნიშანი?

არ ვიცი!

მაგრამ ხომ ვიცით ყველამ ის, რაშიც აქამდეც ეჭვი არ გვეპარებოდა: დედაქალაქი მიტოვებული იყო უპატრონოდ და იყო მიუხედავი, უთავო საკრებულოს და გაქსუებული მერის ანაბარა მიგდებული, რომელთა მოღვაწეობის აზრი და არსი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის გაპიარება, ხოტბა და განდიდება იყო.

…მატერიალური შეხიდებაც.

რისი ინფრასტრუქტურა, რა კეთილმოწყობა! რისი ლაზიკა და რა ევროპისთვის თვალის დამავსებელი წყალტუბო! კოლექტორები ვერ გაუწმენდიათ თბილისში!

არადა, აქვე ჰყავთ ამ საქმის დიდი სპეციალისტი და საერთაშორისო ავტორიტეტი ჯონ ბასი, რომელიც ერაყის დედაქალაქში კანალიზაციის სისტემას კურირებდა.

ამ საქმეში დახმარებაზე ვითომ უარს ეტყოდა?

არმაზ სანებლიძე

P.S. 10 მაისს «გერმანულ სახლში» ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე ბათუმში აზიზის მეჩეთის მშენებლობისა და ახალციხეში ახმედის კომპლექსის რესტავრაციის საკითხი განიხილეს, რაც გათვალისწინებულია საქართველოთურქეთის ხელშეკრულების პროექტით ოშკისა და იშხანის ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ.

სხდომას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების გარდა ესწრებოდნენ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, რომის კათოლიკე ეკლესიის, ევანგელისტურბაბტისტური ეკლესიის, ევანგელისტურლუთერანული ეკლესიის, ხსნის არმიის, მეშვიდე დღის ქრისტიანადვენტისტთა ეკლესიის, მუსლიმური თემის წარმომადგენლები.

საპატრიარქოს წარმომადგენელმა თეა გოგოტიშვილმა წარადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც საპატრიარქო მოითხოვს, რომ საჯარო გახდეს საქართველოთურქეთის ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ და უზრუნველყოფილი იყოს მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობა.

აღნიშნულ განცხადებას სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა, შეიხმა ვაგიკ აკბეროვმა კი პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. აკბეროვი გოგოტიშვილის განცხადებამ გააღიზიანა, რომელმაც აღნიშნა, რომ აზიზი ქრისტიანებს ხოცავდა და მისი მეჩეთის საქართველოში აღდგენა იგივეა, რაც ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლების დადგმა.

პარალელურად აზერბაიჯანელები დავით გარეჯს გვართმევენ:

6 მაისის შემდეგ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. ამის შესახებ «ინტერპრესიუნსს» დავით გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონმა კირიონმა უთხრა.

«აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის ინტერესებსა და პოლიტიკას ახორციელებენ. ჩვენ რას ვშვრებით, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენსას და არ ვდგავართ პრინციპულ პოზიციაზე?! ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას უწმინდესი ადგილი, ისტორიული მიწაწყალი, სადაც 6 ათასი გარეჯელი ბერი მოისრა», _ დასძინა მამა კირიონმა.

ესეც, დამატებით, საკითხისთვის თბილისური წარღვნის საკრალური მინიშნების შესახებ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here