Home რუბრიკები საზოგადოება სად _ ველოტრასა და სად… ბოტანიკური ბაღი?!

სად _ ველოტრასა და სად… ბოტანიკური ბაღი?!

639

რატომ იჩეხება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში უნიკალური ჯიშის ხეები?

საქართველოში რომ ხელისუფლება ცენტრალიზებულია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უძლური და უფუნქციო, ამის დადასტურებაა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული პროცესები.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დაანგრიეს ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი, ხოლო მის გვერდით არსებულ ბოტანიკურ ბაღში დაიწყო უნიკალური ჯიშის 100-150 წლის ხეების გაჩეხვა. დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის შესასვლელიდან პრეზიდენტის რეზიდენციამდე «მეგრული ოდა» ერთკილომეტრიანი 8 მეტრი სიგანის ველოტრასის გაკეთება.

სამუშაოები ისე დაიწყო, რომ არაფერი უკითხავთ არც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის, არც საკრებულოსთვის და არც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ სამეგრელო ზემო სავნეთის გუბერნატორად, ფაქტობრივად, ისევ რჩება სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გააშენა და სადაც უნიკალური ჯიშის ხეები ხარობს, ამჟამად განადგურებული და გაჩანაგებულია. რამდენიმე წელი ბაღს არ ჰყავდა პატრონი, ფორმალურ მფლობელად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითვლებოდა, რომელიც, მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, ჯიუტად არ თმობდა ბაღს და არ აძლევდა ადგილობრივ მმართველობას. სწორედ ამან მიიყვანა ბაღი გავერანებამდე. შარშან, დეკემბერში, ეკონომიკის სამინისტრომ «კეთილი ნება» გამოიჩინა და ბაღი ადგილობრივ მმართველობას გადასცა. გაიხარეს ზუგდიდელებმა: აწი მაინც ეშეველება უნიკალურ ბაღსო, მაგრამ ამ ქმედებაში მზაკვრული გეგმა იყო ჩადებული.

 ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ბაღი ფორმალურად გადაეცა და არც არანაირი კეთილმოწყობითი და აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მიაბეს ე. წ. ანაკლია-გამუხურის რესორტიას, ანუ ბოტანიკური ბაღი, ანაკლიისა და განმუხურის ინფრასტრუქტურა მოაქციეს ერთ სტრუქტურაში, ერთ დაქვემდებარებაში. რა სტუქტურაა ეს, სად მდებარეობს მისი ოფისი, ვინ არის მისი ხელმძღვანელი, გაურკვეველია. სწორედ ამ «ანაკლია-განმუხურის რესორტიას» დაკვეთით სამშენებლო ფირმა «სანი» ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შეუდგა ხეების გაჩეხვას და ველოტრასის მშენებლობას. გავრცელებული ვერსიით, ანაკლიის, განმუხურისა და ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ბოტანიკური ბაღის გაჩეხვასა და ველოტრასის მშენებლობას ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია ხელმძღვანელობს.

ვინაიდან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად ეკუთვნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს და არის მის დაქვემდებარებაში, «ეკოლოგიური სამართლის ცენტრი» სწორედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სრულიად სამართლიანად ადანაშაულებს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში. «ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მშენებლობის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან უნდა იყოს შეთანხმებული», _ ნათქვამია «ეკოლოგიური სამართლის ცენტრის» განცხადებაში. ეს ასეც უნდა კეთდებოდეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. ბოტანიკური ბაღი ხომ ფორმალურად ეკუთვნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ხოლო ვინც მართავს მას, ამის შესახებ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.

სად _ ველოტრასა და სად _ ბოტანიკური ბაღი?! _ კითხულობენ გაკვირვებული ზუგდიდელები. თუ მაინცდამაინც ჰოლანდიას გვინდა დავემსგავოთ, რა აუცილებელია მაინცდამაინც ბოტანიკური ბაღის გაჩეხვა და მის ტერიტორიაზე ველოტრასის გაკეთება, ნუთუ სხვაგან ადგილი ვერ გამოიძებნა?

ლადო ქირია, ზუგდიდი

P.Sზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის არც ქალაქის ცენტრში მილიონ ორასი ათას ლარად ღირებული შადრევნის გაკეთება უკითხავთ, რომელსაც ფონად საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ადევს. შადრევანი უმეტეს წილად არ მუშაობს და ხალხი ამ დროშასა და ჯვრებზე მიდიმოდის, რაც მკრეხელობაა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here