Home რუბრიკები საზოგადოება მურმან დუმბაძე: თურქეთს არა მარტო აჭარაზე, არამედ მთლიანად საქართველოზე აქვს პრეტენზია

მურმან დუმბაძე: თურქეთს არა მარტო აჭარაზე, არამედ მთლიანად საქართველოზე აქვს პრეტენზია

779

მურმან დუმბაძის განცხადებით, ძველ ბათუმში თითქმის ყველა შენობის პირველი სართული თურქ ინვესტორებს ეკუთვნით. სუპერმარკეტების, კაფე-ბარების, რესტორნებისა და სხვადასხვა გასართობი ადგილების შემდეგ ისინი ახლა სასაფლაოებსაც ისაკუთრებენ. ამ ექსპანსიის შესაჩერებლად კი არა მარტო ბათუმელებმა, არამედ მთელმა საქართველომ უნდა ვიბრძოლოთ.

_ ბატონო მურმან, ბათუმში, იქ, სადაც აზიზის მეჩეთი უნდა აშენებულიყო, ტერიტორია შემოღობეს, რა ხდება ღობის მიღმა?

_ აზიზის მეჩეთის საკითხი თითქმის მოხსნილია. მარტში ჩატარებულმა მიტინგებმა შედეგი გამოიღო და არა მარტო ბათუმის საზოგადოებამ, არამედ საქართველოს მთელმა მოსახლეობამ დიდი ზეწოლა მოახდინეს ხელისუფლებაზე. მე მგონი, ხელისუფლება ამ განზრახვაზე ხელს აიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

დოკუმენტებით დასტურდება, რომ ეს ტერიტორია, სადაც მაზნიაშვილის ჯარისკაცებია დაკრძალული, სადაც დაახლოებით 3 ათასი მეტრი არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომელსაც თავისუფლების მოედანი ეწოდება, 1 ლარად თურქ ინვესტორს გადასცა აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ. ეს ტერიტორია უკვე მესრით შემოიღობა და დაგეგმილია მშენებლობა.

_ მაინც რა შენდება ამ ადგილას?

_ როგორც გავიგეთ, თურმე ამ ტერიტორიაზე თურქი ინვესტორი აპირებს 40-სართულიანი მრავალფუნქციური  შენობის აშენებას. ჩვენ საპროტესტო აქცია ჩავატარეთ, რომ არ შეიძლება მამულიშვილთა საფლავებიდან, რომლებმაც ბათუმი შეუნარჩუნეს საქართევლოს, 2 მეტრში აშენდეს შენობა. გამოდის, რომ იგი შენდება საფლავებზე. აჭარის მთავრობა ამბობს, რომ საფლავებს არ შევეხებით და ისე ავაშენებთო, მაგრამ ეს აბსურდია. აჭარის მთავრობამ არა მარტო სკვერი გაყიდა, არა მარტო ქუჩები, ბულვარი და მდინარეები, არამედ საფლავებიც. ბათუმში, თავისუფლების მოედანზე, მდებარე მამულიშვილთა საფლავი თურქ ინვესტორზე 1 ლარად არის მიყიდული. ჩვენ ამგვარი ხელშეკრულების კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ. ეს მშენებლობა უკანონოა და თქვენი გაზეთის მეშვეობით ვაფრთხილებ თურქ ინვესტორსხელი აიღოს ამ მშენებლობაზე. მალე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, დიდი ალბათობაა, რომ ხელისუფლება დამარცხდება, შეიცვლება და შემდეგ ჩვენ მოვითხოვთ უკანონო პრივატიზაციის დეპრივატიზაციას. ეს არის გაფრთხილება. რაც შეეხება ამ ტერიტორიის შემოღობვას, ეს მოხდა ღამით, რამდენიმე დღის წინ _ ღამით. უჩუმრად აშენებენ, პროექტი არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და აჭარის მთავრობას არ აინტერესებთ ბათუმელთა აზრი. ბათუმელები კი მოითხოვენ, ამ ადგილას მოეწყოს დაღუპულ მამულიშვილთა სკვერი. თუ თურქი ინვესტორი ჯიუტად გააგრძელებს 40-სართულიანი შენობის მშენებლობას, ვფიქრობ, ოქტომბრამდე ვერ დაასრულებს და მისი დეპრივატიზაცია გარდაუვალი იქნება.

თქვენი გაზეთის საშუალებით, მთელი ბათუმის მოსახლეობის სახელით მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ საკითხშიაჭარის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბულვარი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, მაღალი სასტუმროები, ინფრასტრუქტურული პროექტები პრაქტიკულად  თურქეთის ხელშია. ყველა სასტუმრო, რესტორანი, ძველი ბათუმის თითქმის ყველა შენობის პირველი სართული დაკავებული აქვთ თურქებს, იქ გახსნილი აქვთ სუპერმარკეტები, რესტორნები, კაფებარები და გასართობი ობიექტები.

საქართველო პატარა სახელმწიფოა, თურქეთი კი _ დიდი, ამას 10-15 წლის შემდეგ შეიძლება სერიოზული გართულება მოჰყვეს. მალე შესაძლებელია ამ პატარა ქალაქში სუბკულტურის ელემენტები შემოვიდეს, რაც ნიშნავს იმ ენაზე საუბარს, იმ მანერებით საუბარს (ვგულისხმობ თურქულს) და არის საფრთხე, რომ ქართული იდენტობა ბათუმის ტერიტორიაზე დაიკარგოს. აქ დგება საერთო-სახელმწიფოებრივი საკითხი. მთელმა საქართველომ უნდა  ვიბრძოლოთ, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს, ხოლო ამ ექსპანსიის შეწყვეტის უებარი საშუალება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

_ თურქი ინვესტორის ვინაობა თუ არის ცნობილი?

_ ეს არის თურქული კომპანია «სისტემ ინშაათი». ამ კომპანიის დირექტორი ვინმე ბაშკილარია.

_ აცხადებენ, რომ ძველ ბათუმში შენობების უმეტესობა თურქ ინვესტორებს ეკუთვნით

_ სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. ამ ობიექტების დაბრუნების უებარი წამალი ამ ხელისუფლების შეცვლა და თურქი ინვესტორების გაყრა კი არა,  ჩვენს ინვესტორებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებაა. თურქეთის მოქალაქეს აქვს ფული და მას აფინანსებს თურქეთის სახელმწიფო, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს არც ფული აქვთ და არც ბანკები აფინანსებენ. თურქეთის სახელმწიფო ზოგჯერ აქეზებს, ზოგჯერ ავალდებულებს და ზოგჯერაც ახალისებს მათ იმისთვის, რომ თურქულ ბანკებთან ურთიერთობა დაამყარონ და ამ ბანკების საშუალებით შემოვიდეს თურქული ფული საქართველოში. ეს არის ძალიან სახიფათო და ნომერ პირველი პრობლემა. მე ვიცი, რომ ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა და, როდესაც ბათუმელებს დაუსვეს შეკითხვა, თუ რა იყო მათი პრობლემა, მათ სწორედ თურქული კაპიტალის შემოდინება დაასახელეს.

_ თქვენ საუბრობდით რუკაზე, რომელზეც აჭარა და თურქეთი ერთ ფერშია. სად ნახეთ ეს რუკა?

_ აჭარაში უამრავი მედრესეა გახსნილი და ერთერთში საკუთარი თვალით ვნახე რუკა, რომელზეც თურქული სახელმწიფო და აჭარა ერთ ფერშია წარმოდგენილი, და ამას ასე ხსნიან: ეს ორივე ქვეყანა ერთი და იმავე აღმსარებლობისააო. ეს არის ქართული სახელმწიფოსთვის სახიფათო პოლიტიკური რუკა.

_ თქვენ ფიქრობთ, თურქეთს აჭარაზე აქვს პრეტენზია?

_ თურქეთს არა მარტო აჭარაზე, არამედ  მთლიანად საქართველოზე აქვს პრეტენზია და ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული ერი, რომ ასეთი პრეტენზიები ძირშივე მოვსპოთ.

_ როგორ ფიქრობთ, დღეს თურქეთსა და საქართველოს შორის არის დაძაბული ურთიერთობა?

_ ვერ ვიტყვი, რომ დაძაბული ურთიერთობაა. თურქეთს კარგი მთავრობა ჰყავს და თავის ქვეყანას კარგად ავითარებს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს  ჩემი სახელმწიფოს ღირსების დაკნინების ხარჯზე. ბათუმში არსებული თითქმის ყველა ინვესტიცია არის თურქული. არ შეიძლება ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქეს ჩააბარო აეროპორტიც, პორტიც, სასტუმროებიც, სკვერებიც და ლამის სასაფლაოებიც. თურქული ინვესტიციები უნდა შეჩერდეს და, თუ არ შეჩერდება, ჩვენ შევაჩერებთ.

ესაუბრა ეთერ ბალაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here