Home რუბრიკები პოლიტიკა მიშა, დოკუ და გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება

მიშა, დოკუ და გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება

924

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდება წაუყენა. ამ უწყების ცნობით, 4-5 მაისს რუსეთის სპეცსამსახურებმა, აფხაზი კოლეგების ხელშეწყობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოავლინეს 10 სამალავი, რომლებშიც დიდძალი შეიარაღება ინახებოდა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ტერორისტებს ეს იარაღი 2012-14 წლებში სოჭში უნდა გადაეტანათ და ოლიმპიადის წინ და მისი ჩატარების პერიოდში გამოეყენებიათ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამა წლის თებერვალში აფხაზეთში დააკავეს კურიერი, რომელსაც 300 დეტონატორი აღმოაჩნდა. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის მტკიცებით, «ისინი აფხაზეთში საქართველოდან ჩაიტანეს». იქვე ნათქვამია: «ოპერატიული მონაცემებით რუსეთში გადაგზავნაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ქართული სპეცსამსახურები და მათთან დაკავშირებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები თურქეთის ტერიტორიაზე». ამავე განცხადების თანახმად, მთელ ამ პროცესს «კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის «კავკასიის იმარათი» თავკაცი უმაროვი, რომელსაც საქართველოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი აქვს».  საინტერესოა, რა დგას ამ განცხადების მიღმა და რა პერსპექტივას მოასწავებს ეს საქართველოსთვის.

შარო, საიდან მოდიხარო?

ეს არ არის პირველი მსგავსი სულისკვეთების განცხადება, რომელიც მოსკოვიდან გაისმა, თუმცა, თუ თვალს ბოლო წლების პუბლიკაციებს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ბრალდებები დროთა განმავლობაში სულ უფრო მძიმდებოდა, ხოლო იმ პირების (ინსტანციების) სტატუსი, რომლებიც მათ აჟღერებდნენ, სულ უფრო მაღალი ხდებოდა. თავიდან საქართველოს ხელისუფლების კავშირზე უკანონონო შეიარაღებულ ფორმირებებთან რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ  ჟურნალისტები და მათი რესპონდენტი ექსპერტები საუბრობდნენ. შემდეგ მსგავს პუბლიკაციებში ავანსცენაზე გამოვიდნენ «ანონიმური წყაროები ძალოვანი სტრუქტურებიდან». 2010 წლის 22 ოქტომბერს საქმეში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ჩაერთო შემდეგი განცხადებით: «საქართველოს გავლით ჩეჩნეთში ბანდიტების მთელ ჯგუფებს აგზავნიდნენ. დღესაც, ოპერატიული მონაცემების თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ერთადერთ წყაროდ, რომელიც მათ დახმარებას უწევს, საქართველო რჩება» («ამერიკის ხმა»). თუმცა ერთგვარ წყალგამყოფად, ალბათ, უნდა ჩაითვალოს არა ეს განცხადება, არამედ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან დიმიტრი მედვედევის 2011 წლის 18 თებერვლის ოპერატიული თათბირი, რომელზეც სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხი განიხილებოდა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა შემდეგი რამ თქვა: «არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც ჩვენს მეზობელ საქართველოს უკავშირდება, ამიტომ ყველაფერი, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხაზით, უნდა გაკეთდეს. ნებისმიერი პროვოკაციის გზაზე სათანადო წინაღობა უნდა აღიმართოს». «საქართველო და მსოფლიო» მაშინ წერდა, რომ პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა: «მედვედევის განცხადება წარმოადგენდა არა შექმნილი ვითარების მისეულ აღწერას, არამედ შეიცავდა პირდაპირ მითითებას, რომლის შემდეგ შესაბამისმა სტრუქტურებმა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გაატარონ. ეს თვისობრივად სხვა საფეხურია; რუსეთის სახელმწიფო მანქანამ მთავარსარდლისგან მიიღო მითითება _ იმოქმედოს; ამ განცხადებამ მას «მწვანე აუნთო».

ამ თათბირიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, 25 თებერვალს, რუსეთის მთავრობის ოფიციალურმა ბეჭდვითმა ორგანომ «როსიისკაია გაზეტამ» გამოაქვეყნა ინტერვიუ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის წევრთან _ ალექსანდრე ტორშინთან, რომელმაც განაცხადა, რომ ტერორისტული აქტი «დომოდედოვოს» აეროპორტში საზღვარგარეთიდან იყო ორგანიზებული და კონკრეტული ქვეყანაც დაასახელა: «ჩემი აზრით, ეს იყო საქართველო და მისი მმართველი რეჟიმი». ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მაშინ ტორშინის განცხადებას «ნაადრევი» უწოდა და დასძინა, რომ «გამოძიების დასრულებამდე, ნებისმიერი ვერსიაშეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ როგორც პირადი მოსაზრება». 2012 წლის 10 მაისს კი ამავე უწყებამ ქართულ მხარეს უმძიმესი ბრალდება წაუყენა.

ყოველივე ამის პარალელურად, რუსულ მედიაში მიმდინარეობდა საუბარი საქართველოს ხელისუფლებისა და დოკუ უმაროვის კავშირზე. 2010 წლის მარტის ბოლოს მოსკოვის მეტროში მომხდარი სისხლიანი ტერაქტების კვალობაზე (პასუხისმგებლობა მათზე უმაროვმა აიღო) რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა პატრუშევმა განაცხადა, რომ გამოძიების დროს შეიძლება «ქართული კვალი გამოიკვეთოს», ხოლო დიმიტრი როგოზინმა (მაშინ რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში) უმაროვის ქართულ ტელეეთერში გამოჩენა (უმაროვის განცხადების აუდიოჩანაწერი მაშინ «პიკმა» გაავრცელა) ასე შეაფასა: «უმაროვი არ მიმართავს «სიენენს» და «ბიბისის», რადგან მსოფლიოს უმსხვილესი სპეცსამსახურების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ის  ტერორისტია. ის, რომ მას მიეცა შესაძლებლობა, ერთერთი ქართული ტელეარხით გამოსულიყო, ადასტურებს პატრუშევის სიმართლეს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კავშირი ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტულ იატაკქვეშეთსა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის».

უმაროვის საქართველოში ყოფნის თემა განსაკუთრებით აქტუალური გასული წლის მაისში გახდა; რუსულ მედიაში მას უამრავი პუბლიკაცია  მიეძღვნა. ამ მომენტისთვის (2011 წლის 11 მარტიდან) გაეროს უშიშროების საბჭოს უმაროვი უკვე შეყვანილი ჰყავდა «ალ ქაიდასთან» დაკავშირებული ტერორისტების სიაში. შეერთებულმა შტატებმა ის საერთაშორისო ტერორისტების სიაში 2010 წლის 23 მარტს შეიყვანეს, ხოლო 2011 წლის 26 მაისს ინფორმაციისთვის მისი ადგილსამყოფელის შესახებ 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესეს. იმავე დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა «კავკასიის იმარათი» ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

მთელ ამ ისტორიაში არის კიდევ ერთი ხაზი, რომელსაც პირობითად შეიძლება «ოლიმპიური» ვუწოდოთ. საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. საუბარი ოლიმპიადის შესაძლო ჩაშლაზე თბილისში ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. თემურ იაკობაშვილმა (მაშინ ის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახლდათ) 2008 წლის 23 მაისს «ვრემია ნოვოსტეი»-სთან საუბარში განაცხადა: «მშვიდობა კავკასიაში არ იქნება, თუ საქართველო დანაწევრებული და მოწყვლადი დარჩება. მითუმეტეს ის ჩრდილოეთ კავკასიაში არ იქნება. და პრობლემატური გახდება 2014 წლის ოლიმპიადის ჩატარება სოჭში, გადაუჭრელი კონფლიქტიდან 30 კილომეტრში». 2008 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სთხოვა, სოჭში ოლიმპიადის ჩატარების გეგმებს გადახედოს. ამავე დროს სააკაშვილის ხელისუფლება მუდამ უარყოფდა მოსკოვის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიადის ჩაშლის მიმართულებით რაიმე ძალისმიერი საფრთხის შექმნას აპირებს. გასული წლის 25 თებერვალს «პიკთან» ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიადისთვის «ფიზიკური საფრთხის შექმნა არც ჩვენს გეგმებში შედის და არც ჩვენს შესაძლებლობებში».

დოკუ უმაროვი სოჭში ოლიმპიადის ჩატარების თანმიმდევრული მოწინააღმდეგეა. 2010 წლის აპრილში «კავკასიის იმარათის» წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ოლიმპიადასთან დაკავშირებით ითქვა: «ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს არ მოხდეს». რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ბრძოლა სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ უმაროვმა უფრო ადრე დაიწყო და ბრძანება ტერორისტული აქტების განხორციელების შესახებ, «რათა ხელისუფლებამ ოლიმპიური თამაშების ჩატარების გადაწყვეტილებაზე უარი თქვას» მისმა ერთ-ერთმა ხელქვეითმა აბდულგანი განიშივმა 2008 წლის ივნისში მიიღო (გამოძიების ინფორმაცია, რომელიც განიშივის სასამართლო პროცესზე გაჟღერდა; «კომერსანტი» 30.09.09). 

საბოლოოდ ყველა ეს ხაზი რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში გადაიკვეთა. ეს არ არის «რიგითი» ან «მორიგი» ბრალდება; ეს არსებითად მნიშვნელოვანი, ძალზე ავისმომასწავებელი სიგნალია.

არც ისე ოლიმპიური თამაშები

იმისთვის, რომ მთელი ამ ისტორიის პოლიტიკური ქვეტექსტი გამოვკვეთოთ, ალბათ, რუკის აღება და 7-8 წლით უკან დაბრუნება დაგვჭირდება. სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც წესი, სოჭის ოლიმპიადას წარმოაჩენენ მხოლოდ როგორც რუსეთისთვის მნიშვნელოვან საიმიჯო პროექტს, თუმცა ამ საკითხს სხვა, შესაძლოა, გაცილებით მნიშვნელოვანი ასპექტებიც აქვს.

ამ თემაზე «საქართველო და მსოფლიოში» გასული წლის თებერვალში ვწერდი და თავს უფლებას მივცემ, იმ პუბლიკაციიდან ორიოდე ციტატა მოვიყვანო: «გადაწყვეტილება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებაზე სოჭის განაცხადის შეტანის შესახებ რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2005 წლის ივლისში მიიღო (კრემლმა, შესაბამისად, ამაზე ადრე). რა პერიოდია ეს? საქართველოსა და უკრაინაში «ფერადი რევოლუციები» მოხდა, ორივე ქვეყნის სათავეში ბუშის ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებადი ძალები მოექცნენ. სააკაშვილიც და იუშჩენკოც ნატოში სასწრაფო ინტეგრირების სურვილს გამოთქვამდნენ და ეს პერსპექტივა არცთუ უიმედო ჩანდა.

შევხედოთ რეგიონის რუკას და წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდნენ და რუსეთის გასასვლელი შავ ზღვაზე მარწუხებში მოექცა. ამ საფრთხემ რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, თავისი პოზიციები შავიზღვისპირეთში მაქსიმალურად გაემყარებია. სოჭის გადაქცევა ოლიმპიურ ქალაქად ამ ამოცანის გადაწყვეტის კარგი საშუალება იყო, რადგან მოსკოვს შესაძლებლობას აძლევდა, რეგიონის ინფრასტრუქტურის ფორსირებული განვითარება მოეხდინა და, ამასთანავე, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ყველა ზომა მიეღო ისე, რომ ეს ლოგიკურ ნაბიჯად წარმოჩენილიყო (ოლიმპიური ქალაქის უსაფრთხოების დაცვა). სავარაუდოდ, ამიტომ კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება, ოლიმპიადის ჩატარებაზე სწორედ სოჭის კანდიდატურა წარედგინა და არა რომელიმე სხვა ქალაქის, რომელშიც გაცილებით მეტი თოვლია და ინფრასტრუქტურაც უკეთაა განვითარებული.

2005-ში ნათელი როდი იყო, რით დასრულდებოდა «ფერადი რევოლუციების» მარში და სავსებით შესაძლებელი იყო, რომ რუსეთის გასასვლელი შავ ზღვაზე ალყაში მოქცეულიყო; უხეშად რომ ვთქვათ, მარჯვნივ და მარცხნივ _ ნატოს წევრი უკრაინა და საქართველო, წინ _ ნატოს სამხედრო ხომალდები, ზურგს უკან კი _ ალმოდებული ჩრდილოეთ კავკასია. ეს შავი (და, შესაბამისად, ხმელთაშუა) ზღვის აუზში გასასვლელის დაკარგვის რეალურ საფრთხეს უკავშირდებოდა, რაც რუსეთისთვის სასიკვდილო დარტყმის ტოლფასია».

«როდესაც სავარაუდო ანგლოამერიკულ სტრატეგიებს განვიხილავთ, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ საზღვაო ცივილიზაციების (და შესაბამისი გეოპოლიტიკური სკოლების) წარმომადგენლები ათვლის წერტილად და წინსვლის მთავარ სამიზნედ ყოველთვის ზღვასა და სანაპირო ზოლს განიხილავენ. შესაბამისად, კავკასიიდან განხორციელებული ზეწოლის ძირითადი ვექტორი მათ გეგმებში, სავარაუდოდ, მიმართულია არა უშუალოდ ჩრდილოეთით, ანუ ცენტრალური რუსეთის უზარმაზარი სახმელეთო მასივისკენ, არამედ იმ ვიწრო ზოლებისკენ, რომლებიც მას სამხრეთის ზღვებთან აკავშირებს.

პირველი რაუნდი კრემლმა მოიგო. უკრაინაში «ნარინჯისფერები» დამარცხდნენ, ამ მხრიდან საფრთხე რუსეთისთვის განეიტრალდა (თუმცა არ აღმოფხვრილა). ამასთანავე, სააკაშვილის პოლიტიკამ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვს შესაძლებლობა მისცა, გაეფართოებია კონტროლის ზონა შავი ზღვის სანაპირო ზოლში (აფხაზეთი), სავარაუდოდ, სწორედ ამას ვერ პატიობენ დღემდე სააკაშვილს მთელი რიგი მოღვაწეებისა ვაშინგტონში. შესაძლოა, სააკაშვილის ხელისუფლების ახალი კავკასიური პოლიტიკა ამ მხრივ ერთგვარი რეაბილიტაციის მცდელობაა და სურვილი, შეცვლილ პირობებშიც კი გააგრძელოს აქტიური მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა დღეს ის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანს. ობამას ადმინისტრაციამ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები შეცვალა» (ციტატის დასასრული).

რა მოხდა ამ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში? 2007 წლის ოქტომბერში დოკუ უმაროვმა გააკეთა განცხადება «კავკასიის იმარათის» შექმნის შესახებ. მის ვიდეოდეკლარაციაში შემდეგი სიტყვები იყო: «ვინც თავს დაესხა მუსლიმებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩვენი საერთო მტრები არიან. ჩვენი მტერია არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ამერიკა, ინგლისი, ისრაელი, ყველა ვინც აწარმოებს ომს ისლამისა და მუსლიმების წინააღმდეგ». ამ განცხადებამ გამოიწვია ძალიან სერიოზული კონფლიქტი ჯოხარ დუდაევის ყოფილ თანამებრძოლებს შორის. მაგალითად, აჰმედ ზაკაევმა განაცხადა, რომ «კავკასიის იმარათის» გამოცხადებას «ჩეჩენი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საერთაშორისო ტერორიზმის ჭრილში გადაჰყავს, რასაც ჩეჩენი ხალხის ინტერესებთან და ისლამურ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს».

აქ, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 1995 წლის მაისში, ცნობილი უკრაინელი ექსპერტის _ გიორგი პოჩეპცოვის ცნობით, რუსეთის მთავრობის სპეციალურმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა კომისიამ მოამზადა დოკუმენტი, «ჩეჩნური კრიზისის მითოლოგია, როგორც რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების ინდიკატორი». მასში სხვა ყველაფერთან ერთად აღნიშნული იყო, რომ საჭიროა «ჩეჩნური კრიზისის კონკურენტუნარიანი საინფორმაციო მოდელის შექმნა», რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთის ლიდერებს უბიძგებდა კონფლიქტის ორ მხარეს შორის უფრო ახლობლად, «თავისიანად» მოსკოვი აღექვათ. იმ პერიოდში დასავლეთი დუდაევისა და მისი საქმისადმი საკმაოდ სიმპათიით იყო განწყობილი და ეს რუსეთს პრობლემებს უქმნიდა. დღეს სიტუაცია აშკარად შეცვლილია, «კავკასიის იმარათი» ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება და დასავლეთში არავის მოუვა აზრად, მას სოლიდარობა გამოუცხადოს. ამ მხრივ მოსკოვმა სტრატეგიულ წარმატებას მიაღწია.

იმავე მიდგომის პროეცირება შეგვიძლია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზეც მოვახდინოთ. ერთის მხრივ, არის მოდელი «იმპერია _ პატარა დემოკრატიის წინააღმდეგ», რომელმაც ომის დროს დასავლეთის საინფორმაციო-პოლიტიკურ სივრცეში, რიგი პრობლემების მიუხედავად, ასე თუ ისე იმუშავა. დღეს სააკაშვილის რეჟიმი ყველაზე ნაკლებად დემოკრატიას ჰგავს და მისი დაცვა დასავლეთში საკმაოდ არაპოპულარული გახდა, თუმცა ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, ამ მოდელის რეანიმირება, საკმაო ალბათობით, მაინც მოხდება. მაგრამ, თუ მოსკოვი მოახერხებს და ფართოდ გაავრცელებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი საერთაშორისო ტერორისტებთან თანამშრომლობს, მას სულ სხვა მოდელი ჩაენაცვლება, რომელსაც პირობითად, შეიძლება ვუწოდოთ «პროგრესული კაცობრიობა ნაგიჟარი დიქტატორის წინააღმდეგ»; ვაშინგტონისთვის ასეთი პარტნიორი ყოვლად უსარგებლო, დისკრედიტირებული გახდება და მას სკამიდან საკუთარი ხელით «მოაძრობს», მითუმეტეს, რომ მსჯელობა ამ თემაზე დასავლეთში, დიდი ხანია, დაიწყო.

ჭერში დაწყობილი კომბლები

ჩვენ მტკიცებულებების საკითხს მივუახლოვდით. «აიფ»-თან საუბარში ფსბ-ს პოლკოვნიკმა, ანტიტერორისტული ქვედანაყოფის _ «ალფას” ვეტერანების ასოციაციის პრეზიდენტმა სერგეი გონჩაროვმა თქვა, რომ შესაბამისი დადასტურების გამოქვეყნებამდე ქართული მხარის დადანაშაულება არ ღირს. მან აღნიშნა, რომ «მოსკოვი და თბილისი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს მომიჯნავე ტერიტორიებზე ტერაქტების მომზადებაში, მაგრამ დამტკიცების გარეშე ეს ბრალდებები მხოლოდ ცარიელი სიტყვები და საინფორმაციო ომის ნაწილია». რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა ნიკოლაი მაკაროვმა კი თქვა (ზოგიერთ ქართველ კომენტატორს ის რუსეთის გენშტაბის უფროსში აერია): «განცხადებები, რომელსაც კომიტეტი აკეთებს, სპეცსამსახურების მონაცემებს ეფუძნება და მტკიცებულებებით დასტურდება».

საქართველოში ხშირად მიიჩნევენ, რომ კრემლი მსგავსი განცხადებებით, უბრალოდ, «კომბლებს თლის და ჭერში აწყობს» და ამას იმიტომ აკეთებს, რომ, როდესაც რუსეთში (თუნდაც სოჭში) ტერაქტი მოხდება, განაცხადოს «ხომ ვამბობდით» და საქართველოს სრული ძალით შეუტიოს, თუმცა ჩანაფიქრი ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო ნატიფი იყოს.

პაუზა ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადების შემდეგ, შესაძლოა, იმას ნიშნავს, რომ რუსული მხარე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელ პარტნიორებს მიაწვდის. რა შეიძლება ჰქონდეთ მათ? აფხაზეთში დაკავებული პირების აღიარებები? რაიმე საეჭვო დოკუმენტები ან ჩანაწერები? ჰიპოთეტური ჩანაფიქრის ფარგლებში, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მათ შეიძლება ისეთი ტიპის ინფორმაცია გამოაჩინონ, რომელიც ამერიკელებს იძულებულს გახდის, ის საქართველოში გადაამოწმონ.

მეორე ეტაპი: წარმოვიდგინოთ, რომ ამის შემდეგ ამერიკელმა მზვერავებმა, სააკაშვილის ხელისუფლების «შიგნიდან» მიიღეს ინფორმაცია უმაროვთან საეჭვო კავშირების შესახებ. შეუძლებელი ამაში არაფერია, 2010 წლის 14 ოქტომბერს ირაკლი ოქრუაშვილი ადგა და ტელეკომპანია «მაესტროს» ეთერში განაცხადა: «ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი ჩეჩნებისათვის ტრანზიტისა და კორიდორების მიცემისა; ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი იმისა, რომ ინგუშები მომზადებულიყვნენ ჩვენს სამხედრო ბაზებზე; ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, რომ ჩვენი ბანკების მეშვეობით გატარებულიყო ჩეჩნეთში შესაგზავნი ფული». ამ შემთხვევაშიც შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რომელიმე მაღალჩინოსანი, რომელიც სააკაშვილის გემიდან გაქცევას ლამობს და დამატებითი მოტივებიც აქვს (ასეთი კი, სავარაუდოდ, არც ისე ცოტაა), მსგავსი შინაარსის საბუთებს ამერიკელებს დიდი სიამოვნებით გადასცემს (ნამდვილს თუ ზომიერად ყალბს ან კონტექსტში მნიშვნელობა არ აქვს, თუ რატომ, ამაზე ქვემოთ).

თუ ჩვენ გავიხსენებთ საინფორმაციო მოდელებთან დაკავშირებულ მონაკვეთს, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ რუსებისთვის სასურველია, ამერიკელებმა დამოუკიდებლად (ან თითქმის დამოუკიდებლად) მოიპოვონ ქართული წყაროებიდან ინფორმაცია, რომელიც მათ სოლიდარობას სააკაშვილთან შეუძლებელს გახდის. რუსეთში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ასეთი ხანგრძლივი, რთული და, სავარაუდოდ, მიზანმიმართული მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება საჭირო არ არის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სააკაშვილთან დაკავშირებით ის რუსეთში, დიდი ხანია, ჩამოყალიბებულია. ამისთვის ასეთი კოზირის («კავშირი უმაროვთან») «დახურდავება» რაციონალური ნამდვილად არ არის, ისევე, როგორც ანტიტერორისტული კომიტეტის, საინფორმაციო თვალსაზრისით, «ნედლი» განცხადების მეშვეობით დასავლეთის საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების მოხდენის მცდელობა. კრემლი, დიდი ალბათობით, ამ კარტის გათამაშებას ცოტა უფრო ეფექტური კომბინაციის ფარგლებში შეეცდება.

მესამე ეტაპი: ქართული არჩევნების წინ ბარაკ ობამას კაბინეტში (ცხადია, ეს უტრირებაა) შევარდებიან აშშის სადაზვერვო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები შეძახილებით «გამორიცხული არაა, რომ მას უმაროვთან კავშირი აქვს». საერთოდ, დაზვერვამ მმართველს სიმართლე უნდა უთხრას, თუმცა დროდადრო მას იმის თქმაც უწევს, რის გაგონებაც მმართველს სურს (შესაძლოა, ქვეცნობიერად, და ამას ამოცნობა უნდა). ცხადია, ამ მომენტში დასრულდება ყოველგვარი ორჭოფობა სააკაშვილის შესაძლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ასეთ ვითარებაში მისი მეგობრები ვაშინგტონში ხმის ამოღებას ვერ გაბედავენ. შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტი, დაახლოებით ისე, როგორც ამას თავის რომანებში ტომ კლენსი აღწერს, ხელში ტელეფონის ყურმილს აიღებს, შემდეგ… თუმცა ამის შემდეგ არანაირი «შემდეგ» არ იქნება.

ტანკი, ზოგადად, ძალიან სერიოზული რამ არის, თუმცა სუნ ძი ამბობდა, რომ გაცილებით გონივრულია მოწინააღმდეგის დამარცხება ქარქაშიდან ხმლის ამოღების გარეშე. 

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადება ხმლის ტარზე დადებული ხელია და იმ მომენტში, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება ამ ხელს უყურებს და ფიქრობს იმაზე, თუ როდის ამოიღებს ის ხმალს, ფატალური საფრთხე შეიძლება სულ სხვა მხრიდან დაემუქროს. მსგავსი კომბინაცია მაშინ, როდესაც ვაშინგტონი «ვარდოსან ხელისუფლებას» კბილებით იცავდა, ნაკლებად სავარაუდო იყო, თუმცა დღეს, როდესაც სააკაშვილის პოზიციები დასავლეთში მნიშვნელოვნად შესუსტდა, მანევრისთვის საკმაო სივრცე გაჩნდა.

ცხადია, თუ ჰიპოთეტური საიდუმლო ოპერაციის მეორე ეტაპზე გამოჩნდება ასე თუ ისე დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც საეჭვო კავშირებზე მიუთითებენ, ამერიკელებს სხვა გზა, მესამე ეტაპზე გადასვლის გარდა, პრაქტიკულად, არ დარჩებათ.

შეიძლება განვიხილოთ სცენარები, რომელთა ფარგლებში მსგავსი ინფორმაცია არჩევნების წინ საჯარო გახდება, მაგრამ ეს ტაქტიკური დეტალებია. ამასთანავე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა სააკაშვილის დაცვით თავი მოიკლან, მითუმეტეს, თუ დასკვნების გამოტანა და მოქმედება შეზღუდულ დროში მოუწევთ.

ეს ერთობ კონსპიროლოგიური კონსტრუქცია, ცხადია, არ გამორიცხავს, რომ საქმე პირველ ვარიანტთან, ანუ, უბრალოდ, «კომბლების მომარაგებასთან» გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ისეთ განცხადებებს, როგორიც მოსკოვში 10 მაისს გაკეთდა, ყოველთვის ისტორიის გაგრძელება მოსდევს.

ვერაფერს ვიზამთ, არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს პირველი სტადია აშკარად არ დაუსრულებია, მეორე შეიძლება ძალიან მალე დაუდგეს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. Жаль, что нет перевода статьи "მიშა, დოკუ და გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" ни на Русский, ни на Английский.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here