Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

888

ვალენტინ ბერეჟკოვის წიგნში «როგორ გავხვდი სტალინის თარჯიმანი» დაწვრილებითაა აღწერილი სტალინისა და ჩერჩილის საუბრები 1942 წელს მოსკოვში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ავტორი სტალინის მაქებართა ანტისტალინელების ბანაკში გადაბარგდა. ისტორიკოსები შენიშნავენ, რომ «პერესტროიკის» წლებში ბერეჟკოვი თავის ნაწერებში იწყებს ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელთა მიხედვით სტალინი სისხლიან დიქტატორად წარმოჩნდება.

ბერეჟკოვი თბილისშიც იყო ჩამოსული, რუბრიკის წამყვანს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა მას, იგი საქტელერადიოს ეთერშიც გამოვიდა თავისი საუბრებით. მაგრამ ქართულ ტელეეკრანზე მან ამგვარი გამოხდომებისგან თავი შეიკავა…

ასეა თუ ისე, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ბერეჟკოვის ფაქტობრივ თხრობას შეიძლება ვენდოთ. და მაინც, დღევანდელ პუბლიკაციაში ბერეჟკოვთან ერთად მაინც სხვა ავტორების მიერ გადმოცემულ და აღწერილ მოვლენაზე იქნება საუბარი.

ასე ვთქვათ, კოლექტიური მონათხრობია.

ჩერჩილი სტალინთან თავის გასამართლებლად მივიდა

როგორც ვთქვით, ჩერჩილი მოსკოვში 1942 წლის 12 აგვისტოს ჩამოფრინდა, დღისით, საღამოს უკვე კრემლში მიიღეს. მასთან ერთად იყვნენ პრეზიდენტ რუზველტის პირადი წარმომადგენელი ავერელ ჰარიმანი და დიდი ბრიტანეთის ელჩი სსრკ-ში. შეხვედრის წინ სტალინმა მოლოტოვს უთხრა:

_ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ…

ჩერჩილი შევიდა სტალინის არც თუ დიდ სამუშაო ოთახში, სტალინი მაგიდასთან იდგა, არ იღიმებოდა. შეეგება სტუმარს, გაუწოდა ხელი, რომელიც ინგლისის პრემიერმა ენერგიულად ჩამოართვა, და მშვიდად და უემოციოდ უთხრა:

_ მოგესალმებით მოსკოვში, ბატონო პრემიერ-მინისტრო.

ჩერჩილმა ნაძალადევად გაიღიმა და უპასუხა, რომ მოხარულია რუსეთში ყოფნითა და მის ხელმძღვანელებთან შეხვედრით. თავს აშკარად უხერხულად გრძნობდა. მაგიდას რომ მიუსხდნენ, სტალინმა ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს ხანგრძლივი გადაფრენის შემდეგ, კარგად მოეწყო თუ არა. შემდეგ მოკლედ მიმოიხილა ფრონტებზე არსებული ვითარება:

_ ცნობები მოქმედი არმიიდან უნუგეშოა. გერმანელები უზარმაზარ ძალ-ღონეს ხმარობენ ბაქოსა და სტალინგრადისკენ გზის გასაკვლევად. არ შეიძლება, გარანტირებული არ ვართ, რომ გავუძლებთ მათ შემოტევას. სამხრეთით მათი შეტევა გრძელდება.

ბრიტანეთის პრემიერს გასაგებად ეუბნებოდნენ, რამდენად აუცილებელია მეორე ფრონტის გახსნა. ჩერჩილმა გადაწყვიტა ეჩვენებინა, თუ როგორი გაუთვითცნობიერებულია და დამაჯერებლად განაცხადა, რომ გერმანელებს არ ჰყავთ საკმარისად ბევრი თვითმფრინავი და ამიტომ არ განახორციელებენ შეტევას ვორონეჟის რაიონში და _ უფრო ჩრდილოეთით.

_ ეს ასე არ არის, _ შეეპასუხა სტალინი, _ იმის გამო, რომ ფრონტის ხაზი ძალიან არის გაჭიმული, ჰიტლერს თავისუფლად შეუძლია გამოჰყოს 20 დივიზია და შექმნას ძლიერი შემტევი მუშტი. ამისთვის სავსებით საკმარისია ოცი ქვეითი დივიზია და ორი ან სამი ჯავშანსატანკო დივიზია. იმის გათვალისწინებით, რაც დღეს გააჩნია ჰიტლერს, მას არ გაუჭირდება ასეთი ძალების გამოყოფა. მე საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ გერმანელები ამდენ ჯარსა და ტანკს შეაგროვებდნენ მთელს ევროპაში…

მართლაც, გერმანელები აკონტროლებდნენ თითქმის მთელ დასავლეთ ევროპას, რომელიც ფრონტს აწვდიდა ტექნიკას, აღჭურვილობას. სსრ კავშირის მოსახლეობის მესამედზე მეტი და ბევრი ინდუსტრიული ცენტრი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მტრის შემოტევის შეჩერება უაღრესად ძნელი იყო. სტალინი მართალს ამბობდა. ჩერჩილსაც ასევე უნდა ემოქმედა. მან ჰკითხა:

_ ვფიქრობ, თქვენ გსურთ, რომ გადავიდე მეორე ფრონტის საკითხზე?

_ როგორც ამას პრემიერ-მინისტრი ისურვებს.

_ მე აქ მოვედი, რათა უაღრესად გულახდილად ვილაპარაკო რეალურ საგნებზე. მოდით, ვისაუბროთ როგორც მეგობრებმა.

და ჩერჩილმა დაიწყო ლაპარაკი მიზეზებზე, რომელთა გამოც საფრანგეთში გადმოსხმა მიმდინარე წელს მიზანშეწონილი არ იქნებოდა. სტალინი მოთმინებით უსმენდა, უფრო და უფრო იღუშებოდა, ბოლოს კი შეაწყვეტინა:

_ სწორად გავიგე თუ არა, რომ მეორე ფრონტი წლეულს არ იქნება?

ჩერჩილი ცოტა შეფერხდა და დაიწყო იმის ახსნა, რომ საფრანგეთის სანაპიროზე დესანტირებისთვის საჭიროა საფუძვლიანი მომზადება, რათა ეს ოპერაცია განხორციელდეს უფრო მასშტაბურად და წარმატებით მომავალ, 1943 წელს (ეს დაპირება, როგორც ცნობილია, ტყუილი აღმოჩნდა. _ ავტ.). უახლოეს პერიოდში არაფერი მსგავსის გაკეთება არ შეიძლება, ოპერაცია განწირული იქნება და არ დაეხმარება რუს მოკავშირეს. ჩერჩილის თხოვნით, ჰარიმანმა გააცნო სტალინს აშშ პრეზიდენტის მოსაზრება, რომელიც ადასტურებდა უწინდელ შეთანხმებებზე უარის თქმას, რადგან საფრანგეთში გადმოსხდომა უკიდურესად სარისკოა.

_ მე ომზე სხვა შეხედულება მაქვს, _ დინჯად თქვა სტალინმა, _ ის, ვისაც არ სურს გარისკვა, ბრძოლას ვერ იგებს. ინგლისელებს გერმანელების არ უნდა ეშინოდეთ. ისინი სულაც არ არიან ზეადამიანები. ასე რატომ გეშინიათ მათი? თუ გსურთ ნამდვილი ჯარი გყავდეთ, ის ცეცხლსა და სროლაში უნდა გაატაროთ. სანამ ჯარი ომით არ შემოწმდება, ვერავინ იტყვის, რა ფასი აქვთ მას. მეორე ფრონტის ამჟამად გახსნა საშუალებას მოგცემთ, ცეცხლში გამოსცადოთ იგი. თქვენს ადგილზე მე ასე მოვიქცეოდი, ოღონდ გერმანელების არ უნდა გეშინოდეთ

სტალინი, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული, გაღიზიანებული იყო და შესანიშნავად ესმოდა, რომ ინგლისის მთავრობას ორსამ თვეში ვერ აიძულებდა მეორე ფრონტის გახსნას. აშკარა იყო, რომ მოკავშირეებს უკვე გამომუშავებული ჰქონდათ თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება. მაგრამ სტალინმა თავი ვერ შეიკავა და ჩერჩილი დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა. მას ჰქონდა ამის უფლება, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს იმ არმიებისა, რომლებიც მოცემულ მომენტში უმძიმეს და სისხლისმღვრელ ომში იყვნენ ჩაბმული, ამ დროს კი ისინი, ვინც მოკავშირის სახელი დაირქვა, ამჯობინებდა გვერდიდან თვალი ედევნებინა ამ შერკინებისთვის, დაეცვა თავისი ხალხი და დაეზოგა ძალები.

შეურაცხყოფილი ჩერჩილი აბოლებდა სიგარას და განაგრძობდა, რომ 1940 წელს ინგლისი მარტოდმარტო იდგა ჰიტლერელების პირისპირ, რუსეთს კი ბერლინთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ინგლისელები არ შედრკნენ, გაუძლეს, ჰიტლერმა კი ვერ გაბედა შეჭრილიყო ინგლისში, რადგან მას წინ აღუდგა სახელოვანი ბრიტანული ავიაცია.

პასუხად სტალინმა შეახსენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ, მართალია, ინგლისი მარტო წინ აღუდგა გერმანიას, მაგრამ უმოქმედობას აძლევდა უპირატესობას და ჰიტლერს ევროპის ქვეყნებს ერთიმეორის მიყოლებით აბარებდა. დიახ, ბრიტანეთის ავიაციამ აქტიურად იმოქმედა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ჩერჩილი შეეპასუხა: ჰიტლერს ლა-მანშის ფორსირების შეეშინდა. ეს ოპერაცია არც ისე მარტივია, როგორც შეიძლება ჩანდეს. მისთვის სერიოზულად მომზადებაა საჭირო.

სტალინმა უპასუხა, რომ ანალოგია აქ არ არის. ჰიტლერის ინგლისში გადასხდომა ხალხის წინააღმდეგობას შეხვდებოდა, ხოლო ინგლისის საფრანგეთში გადასხდომის შემთხვევაში ხალხი ინგლისელების მხარეს დაიჭერს.

ჩერჩილი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში, ჰიტლერი მოსახლეობაზე იყრიდა ჯავრს და მოკავშირეები დაკარგავდნენ ცოცხალ ძალას, რომელიც 1943 წლის დიდი ოპერაციისთვის დასჭირდებოდათ.

კარგა ხნით ჩამოვარდა სიჩუმე…

«ტორჩი» ევროპაში მეორე ფრონტის ნაცვლად

სტალინს ესმოდა, რომ იგი ვერ აიძულებდა დასავლეთელ მოკავშირეებს, ჩართულიყვნენ გერმანელების წინააღმდეგ ომში. ასეც თქვა და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის არგუმენტებმა იგი ვერ დაარწმუნა. ჩერჩილი მიხვდა, რომ მისი მისიის ყველაზე უსიამოვნო ნაწილი დასრულდა და დაიწყო ლაპარაკი გერმანიაზე ავიათავდასხმების შესახებ, რომლებიც გრძელდება. სტალინმა კმაყოფილება გამოთქვა ამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გერმანელი ხალხის მორალურ მდგომარეობაზე გავლენის მოსახდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინგლისურ ავიადარტყმებს.

«საუბრის დროს, _ იხსენედა შემდგომ ჩერჩილი, _ ბატონობდა ზრდილობისა და ღირსების ატმოსფერო». და მაშინ გადაწყვიტა გადასულიყო ჩრდილოეთ აფრიკაში ოპერაცია «ტორჩის» («ჩირაღდანი») განხილვაზე, სწორედ იგი გახდება მეორე ფრონტი. ჩერჩილმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ცნობები სრულიად საიდუმლოა. სტალინს ამაზე გაეღიმა:

_ ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხზე ინგლისურ პრესაში არავითარი ცნობა არ გაჩნდება.

საბჭოთა ხელმძღვანელმა ამის შემდგომ შეცვალა მოლაპარაკების ტაქტიკა. იგი დარწმუნდა, რომ მოკავშირეები არავითარ შემთხვევაში უარს არ იტყვიან თავიანთ გეგმებზე, შეწყვიტა თავისი უკმაყოფილების გამჟღავნება და მოთოკა ემოციები. ასე უნდა მოქცეულიყო, რათა საბაბი არ მიეცა გერმანელებისთვის, ეფიქრათ მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირების შესაძლებლობაზეც კი. გესლიანი მინიშნება ინგლისელების მისამართით, რომლებსაც ძალიან ეშინიათ გერმანელების, მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩერჩილი მდგომარეობიდან გამოსულიყო, გამოეწვია საპასუხო მკვეთრი რეაქცია, ჩაეყენებინა ისეთ ვითარებაში, როცა ადამიანს შეიძლება ბევრი რამ წამოსცდენოდა, გაემჟღავებინა თავისი გრძნობები, რომელთაც მანამდე მალავდა.

სტალინმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა, ზემოქმედება მოეხდინა მოკავშირეებზე, მხოლოდ მიანიშნა გერმანიასთან შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე. ასეთი დიპლომატიური ხრიკი ჩერჩილს ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. მაგრამ იოსებ სტალინმა ამჯობინა, ემოქმედა პატიოსნად, დაუფარავად. მან მოისმინა ინფორმაცია ოპერაცია «ტორჩის» შესახებ. ჩერჩილის თქმით, სტალინმა იმავე წამს ჩამოთვალა ამ ოპერაციის მხარდამჭერი ორი ძირითადი მოსაზრება.

«ამ შესანიშნავმა განცხადებამ, _ აღიარა ბრიტანეთის პრემიერმა, _ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან დამანახა, რომ რუსეთის დიქტატორმა სრულად და სწრაფად გაიაზრა პრობლემა, რომელიც მანამდე მისთვის უცნობი იყო. ცოცხალი ადამიანებიდან ძალიან ცოტანი თუ შეძლებდნენ რამდენიმე წუთში გაეგოთ მოსაზრებები, რომლებზეც თვეების განმავლობაში თავს ვიმტვრევდით, მან ეს ყველაფერი ელვისებრ სწრაფად შეაფასა.

მცირე გადახვევა. ჩერჩილის ასეთი გულწრფელი შეფასება სტალინის ყოფილი თარჯიმნისთვის _ ბერეჟკოვისთვის ცნობილი იყო, მაგრამ მან თავის წიგნში ამის შესახებ დუმილი ამჯობინა, რითაც კრემლის ახალი პატრონების გული მოინადირა…

მოლოტოვი: სტალინი ძალიან ბრძენი ადამიანია

ამრიგად, პირველი ოთხსაათიანი შეხვედრა მიუხედავად იმისა, რომ მაინც და მაინც თბილი ტონალობით არ გამოირჩეოდა, ზოგჯერ ემოციურიც კი იყო, კეთილი განწყობილებით დასრულდა. მაგრამ ბრიტანეთის პრემიერი დარწმუნებული არ იყო, რომ საბჭოთა ლიდერი, ფრონტზე შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, კვლავ არ დააყენებდა ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის საკითხს. ამიტომ მეორე დღეს, კრემლში მოლოტოვთან შეხვედრის დროს, მან ბევრი ილაპარაკა ოპერაცია «ტორჩის» ღირსებათა შესახებ.

«სანამ ამ დახვეწილი, მკაცრი ოთახიდან გამოვიდოდი, _ წერდა ჩერჩილი, _ მივუბრუნდი მოლოტოვს და ვუთხარი: «სტალინი დიდ შეცდომას დაუშვებდა, ჩვენ მკაცრად რომ მოგვპყრობოდა მას შემდეგ, რაც ასე შორი გზა გამოვიარეთ. ასეთი საქმეები ორივე მხარის მიერ სწრაფად არ კეთდება». მოლოტოვმა პირველად მოიცილა ქედმაღლობა. «სტალინი, _ თქვა მან, _ ძალიან ბრძენი ადამიანია. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ როგორიც გინდა ყოფილიყო თქვენი არგუმენტები, იგი გაგიგებდათ. მე გადავცემ მას, რაც თქვენ თქვით».

მიუხედავად ამისა, იმ საღამოს სტალინმა წარუდგინა ჩერჩილს მემორანდუმი, რომელშიც გამოხატავდა მკვეთრ უკმაყოფილებას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციით. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამი იყო: «სრულიად გასაგებია, რომ საბჭოთა სარდლობა ზაფხულისა და შემოდგომის თავისი კამპანიების გეგმებს ადგენდა 1942 წელს ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის გათვალისწინებით».

გერმანელების წარმატებული შეტევა აიხსნებოდა იმითაც, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთ ძირითად და ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან ნაწილებისთვის თავი მოეყარათ აღმოსავლეთ ფრონტზე იმ მიზნით, რათა ერთი მძლავრი დარტყმით ბოლო მოეღოთ საბჭოთა კავშირისთვის, იძულებული გაეხადათ გამოეცხადებინა კაპიტულაცია. ამიტომ სტალინს ყველა საფუძველი ჰქონდა განეცხადებინა:

«ადვილი გასაგებია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 1942 წელს ევროპაში მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმა მორალურ დარტყმას აყენებს მთელს საბჭოთა საზოგადოებრიობას, რომელსაც მეორე ფრონტის გახსნის იმედი ჰქონდა, ართულებს წითელი არმიის მდგომარეობას ფრონტზე და ზიანს აყენებს საბჭოთა სარდლობის გეგმებს. უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წითელი არმიისთვის შექმნილი დაბრკოლებებიუეჭველად გააუარესებს ინგლისის და ყველა დანარჩენი მოკავშირის სამხედრო მდგომარეობას…»

ამ სიტყვებში შეიძლება შევნიშნოთ მითითება იმაზე, რომ ვერმახტის შემდგომი წარმატებების შემთხვევაში, რუსებმა შეიძლება ურალის იქით დაიხიონ, და მაშინ გერმანიის არმიები დასავლეთისკენ დაიძრებიან. საპასუხო ბარათში ჩერჩილმა, კერძოდ, შეახსენა თავისი, გაზაფხულზე განცხადებული, დათქმა: «ჩვენ არ შეგვიძლია არავითარი დაპირების მოცემა». მაშასადამე, ეს ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, იმის გამო, რომ მოკავშირეებმა არ გაიღეს დაპირებული დახმარება წითელი არმიისათვის ომის უმძიმეს პერიოდში. უფრო მეტიც, ჩერჩილმა თავის თავს უფლება მისცა, ესპეკულირა იმ სიძნელეებით, რომლებიც შეიქმნებოდა, თუ ბრიტანეთის მთავრობა საჯაროდ გამოიტანდა თავის უარს საფრანგეთში ჯარების გადმოსხმის თაობაზე, რის შედეგადაც გერმანელები თავიანთი ჯარების ნაწილს დასავლეთიდან აღმოსავლეთის ფრონტზე გადაიყვანდნენ.

როგორც ჩანს, ბრიტანეთის პრემიერი დარწმუნდა, რომ სტალინი არ გაურიგდებოდა ჰიტლერს, ამიტომ შეიძლებოდა თავისუფლად ამოესუნთქა და შეეღრინა კიდეც. ბრიტანეთისთვის მდგომარეობა კარგად ვითარდებოდა: გერმანია და სსრკ დაუნდობელ ომში იყვნენ ჩართულნი, რომელშიც, მას შემდეგ, რაც ისინი ერთმანეთს საბოლოოდ დაასუსტებენ, გამარჯვება ინგლისს დარჩება. იგი კვლავ დომინანტი სახელმწიფო გახდება მთელს ევროპაში, თანაც უმნიშვნელო დანაკარგებით.

გამოდის, რომ დიპლომატიური გამარჯვება ჩერჩილს დარჩა. თუმცა მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ სტალინს არავითარი შესაძლებლობა არ გააჩნდა მოკავშირეებზე ზეგავლენის, თუ არ ჩავთვლით ჰიტლერთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების საშიშროებას. ჩერჩილის «ეშმაკური» განცხადება, რომ იგი გამოაქვეყნებდა განცხადებას საფრანგეთში ჯარების გადმოსხმაზე უარის თქმის თაობაზე, მისთვის ფრიად დამამცირებელი აღმოჩნდებოდა. ამ მუქარის შესრულება სერიოზულად არც აღიქმებოდა. გერმანელებს მიეცემოდა საფუძველი განეცხადებიათ, რომ მოკავშირეთა მიერ საფრანგეთში შეჭრაზე უარის თქმა სამხედრო დეზინფორმაციაა.

ასე იყო თუ ისე, 13 აგვისტოს 23 საათზე კრემლში სტალინთან შეხვედრის დროს ჩერჩილმა კვლავ მოისმინა საყვედურები, ინგლისის უარის გამო აქტიურად ემოქმედა ევროპის ფრონტზე, აგრეთვე, იმის გამოც, რომ არ შეასრულა რუსეთისთვის მიწოდებათა დაპირება. შეიძლება ითქვას, რომ იგი ცდილობდა, თანამოსაუბრეში გაეღვიძებინა საკუთარი ბრალეულობის გრძნობა, და საბოლოოდ დამშვიდდა, როცა აფორიაქებულმა ჩერჩილმა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ აუცილებელია კარგი საქმიანი ურთიერთობის დამყარება სამ დიდ სახელმწიფოს შორის, რაც უზრუნველყოფს მათ გამარჯვებას საერთო მტერზე. სტალინმა ბოლომდე არც მოუსმინა ამ აბნეულ სიტყვას და შენიშნა, რომ მას მოსწონს წარმოთქმის ტონი.

«წარსული ღმერთს ეკუთვნის»

მოლაპარაკების შემდეგ კრემლში ოფიციალური სადილი გაიმართა. «სტალინმა და მოლოტოვმა გულითადად მიიღეს სტუმრები, _ იხსენებდა ჩერჩილი. _ ასეთი სადილები დიდხანს გრძელდება, დასაწყისიდანვე წარმოითქვა ბევრი ძალიან მოკლე სადღეგრძელო და საპასუხო სიტყვები. ვრცელდებოდა სულელური ისტორიები იმაზე, რომ ეს საბჭოთა სადილები ღრეობაში გადაიზრდებოდა. ამაში სიმართლის ნატამალიც არ არის. მარშალი და მისი კოლეგები ერთი ციცქნა სირჩებიდან ოდნავ, ერთ ყლუპს მოწრუპავდნენ. მე ხელგაშლით მიმასპინძლდებოდნენ

სადილის შემდეგ ისინი დიდხანს და გაცხოველებით საუბრობდნენ. სტალინმა გაიხსენა, რომ ლედი ასტორთან და ბერნარდ შოუსთან შეხვედრის დროს მან უარი თქვა მოსკოვში ლიოდ ჯორჯის მოწვევაზე, რომელიც სამოქალაქო ომში ინტერვენტებს მეთაურობდა. ლედი ასტორმა თქვა, რომ მაშინდელი პრემიერი ჩერჩილმა შეაცდინა.

_ ყოველ შემთხვევაში, _ უპასუხა სტალინმა, _ ლოიდ ჯორჯი მთავრობის მეთაური იყო და მემარცხენეებს ეკუთვნოდა. პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ჩვენ კი აშკარა მტრები მოჩვენებით მეგობრებს გვირჩევნია.

ბოლშევიკების ყოფილმა აშკარა მტერმა მოულოდნელად თვალებში ჩახედა თანამოსაუბრეს და ჰკითხა:

_ თქვენ მე მაპატიეთ?

_ პრემიერი სტალინი ამბობს, _ გადაუთარგმნა პავლოვმა, _ რომ ეს ყველაფერი წარსულში მოხდა, წარსული კი ღმერთს ეკუთვნის.

იდუმალი სიტყვებია. უწინარეს ყოვლისა, განგაცვიფრებთ ღმერთის ხსენება. რაც პირველად არ მომხდარა. ნათქვამი იყო ასე სტუმრისთვის რომ ესიამოვნებინა? არა, რა თქმა უნდა. შეგვიძლია დავასკვნათ, და არა მხოლოდ ამ კერძო შემთხვევისა გამო, რომ სტალინს, როგორც ყველა ჭკვიან და განათლებულ ადამიანს თავისი წარმოდგენა ჰქონდა ჩამოყალიბებული უზენაეს ძალებსა და მსოფლიო გონზე. კონკრეტულად როგორი? სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია და მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია. შეიძლება, მისთვის ახლობელი იყო ძველებური რუსული ანდაზა: ღმერთი ძალაში კი არა, სიმართლეშია. იგი სიცრუეს არ კადრულობდა და ვერ იტანდა, როცა ტყუილს ეუბნებოდნენ, სძულდა და ეჯავრებოდა პირმოთნეები და მედროვენი, რადგან მიაჩნდა, რომ ისინი ადვილად გარდაიქმნებიან მოღალატეებად…

ჩერჩილის შეკითხვაზე შეიძლებოდა მარტივი პასუხის გაცემა _ მიპატიებიაო… მაგრამ სტალინმა უფლება არ მისცა თავის თავს ქედმაღლური პატიებისა _ ყოფილმა აშკარა მტერმა გულწრფელად მოინანია მის წინაშე. ამ შემთხვევაში ღმერთია მტყუან-მართლის გამრიგე.

ჩერჩილი დარწმუნდა, რომ მისი თანამოსაუბრე და ამჟამინდელი მოკავშირე ურთიერთობაში უბრალოა, ბრძენი და მახვილგონიერი, შეუძლია სწრაფად იპოვოს რთული პრობლემების გადაწყვეტის სწორი გზა, არნახული ნებისყოფის პატრონია და მაქსიმალურად თავშეკავებულია, ლაპარაკობს სიმართლეს და დარწმუნებულია ფაშიზმზე გამარჯვებაში. სტალინმა აჩვენა, რომ შეუძლია იყოს მკაცრიც და დაუნდობელიც, მაგრამ არა გულღვარძლიანი. მისთვის მთავარი საქმის ინტერესებია. ასეთ მოკავშირესთან ურთიერთობა იოლი არ არის, მაგრამ მას შეიძლება ენდო.

17 აგვისტოს სტალინმა მიიღო წერილი ჩერჩილისგან, რომელიც წინა დღით მოსკოვიდან გაემგზავრა: «ძალიან კმაყოფილი ვარ, მოსკოვში რომ ვიყავი: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ვალდებული ვიყავი, გამომეთქვა ჩემი აზრი, და, მეორე, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა ჩვენი საქმისთვის იქნება სასარგებლო. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი მოკითხვა ბ-ნ მოლოტოვს».

ერთ-ერთი საუბრის დროს სტალინმა ჩერჩილს ხუმრობით უთხრა:

_ რატომ დაბომბეთ მაშინ ჩემი ვიაჩესლავი?

_ არასოდეს ხელიდან არ უნდა გაუშვა ბედნიერი შემთხვევა, _ უპასუხა პრემიერმა, უთუოდ იმიტომ, რომ მიენიშნებია: ინგლისური ავიაციის ბერლინზე თავდასხმა სპეციალურად იყო მისადაგებული ბერლინში მოლოტოვის ყოფნასთან.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here