Home რუბრიკები პოლიტიკა სად მიფრინავენ რაკეტები და ვინ დაიჭერს ბირთვულ ჩიტს?

სად მიფრინავენ რაკეტები და ვინ დაიჭერს ბირთვულ ჩიტს?

719

მოსკოვი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებზე წინმსწრები დარტყმის შესახებ, _ განცხადება ამის თაობაზე რუსეთის გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა. გენერლის თქმით, «გადაწყვეტილებას განადგურების არსებული საშუალებების გამოყენებაზე ვითარების დაძაბვის პერიოდში მიიღებენ». მაკაროვმა ასევე თქვა, რომ «ახალი შეტევითი შეიარაღების განლაგება რუსეთის სამხრეთით და ჩრდილოაღმოსავლეთით, კალინინგრადის ოლქში, სარაკეტო კომპლექსის _ «ისკანდერის» გაშლის ჩათვლით, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინფრასტრუქტურის განადგურების ერთერთ შესაძლო ვარიანტს წარმოადგენს». საინტერესოა, ხომ არ მიანიშნებს მსგავსი განცხადებები იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი, რომლის ინაუგურაცია გუშინწინ მოსკოვში გაიმართა, დასავლეთთან საუბარში ახალ, ერთობ კონფრონტაციულ ტონალობს ირჩევს? რა გათვლა იმალება ამ განცხადებების მიღმა?

საუკეთესო თავდასხმა თავდაცვაა

გენერალ მაკაროვის მრისხანე განცხადება 3 მაისს მოსკოვში საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთდა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემატიკას მიეძღვნა. იქ რუსეთის გენშტაბმა (კერძოდ, კი ცენტრალური სამხედრო ოლქის ახალმა სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ვალერი გერასიმოვმა) წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც ნაჩვენები იყო, რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას რუსულ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს აშშ-ის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარებამ.

კონფერენციის ამერიკელმა მონაწილეებმა ეს მოსაზრებები ეჭვქვეშ დააყენეს. ნატოს გენმდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა, რომ რუსებს მაინც ძალიან ბევრი რაკეტა აქვთ, რომლებიც ამერიკულ დაცვას გარანტირებულად გაარღვევენ და დასძინა, რომ სისტემა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების მასირებულ გაშვებას ვერაფერს დაუპირისპირებს. მართალია, რუსები ამას არ ამტკიცებდნენ, მათ პრეზენტაციაში პრობლემა მხოლოდ გაშვებული რაკეტების ნაწილს შეექმნა, დანარჩენებმა კი აშშის ტერიტორიას გამანადგურებელი დარტყმა მაინც მიაყენეს, თუმცა ვერშბოუმ სცადა, საფრთხე, რომელსაც ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსულ კონტინენტთაშორის რაკეტებს მომავალში შეუქმნის, ძალიან უმნიშვნელოდ, თითქმის არარსებულად წარმოეჩინა. თავდაცვის მდივნის მოადგილემ მედელინ კრიდონმა კი თავის გამოსვლაში ხოტბა შეასხა რუსეთის სარაკეტო ძალების ძლიერებას და განაცხადა, რომ ისინი ამერიკულ სისტემას უპრობლემოდ მაშინაც კი გაარღვევენ, როდესაც ის ახალი, ჯერ კიდევ შექმნის სტადიაში მყოფი, რაკეტებითა და რადარებით აღიჭურვება.

ეს მეტად უცნაური სანახაობა იყო. ორი უძლიერესი სახელმწიფოს წარმომადგენლები დაუცხრომლად ამტკიცებდნენ, რამდენად დაუცველები არიან თვითონ და რამდენად ძლიერია ოპონენტი. კონფერენციის არც ერთ მონაწილეს აზრადაც არ მოსვლია, ტანზე მაისური შემოეხია და, როგორც სააკაშვილს, აგვისტოს ომამდე ხმის ჩახლეჩამდე ეყვირა: «დაგვბომბავენ და კაი ჩიტსაც დაიჭერენ და კარგადაც მოხვდებათ ცხვირში». სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მაგიდასთან სერიოზული ადამიანები ისხდნენ, რომელთაც მშვენივრად ესმოდათ: არის ამქვეყნად სახელმწიფოები, რომლებთანაც მუქარა არ ჭრის, თანაც ბირთვული აპოკალიფსის «ჩიტის» გალიიდან გაღწევის შემთხვევაში მას უკან ვეღარავინ შეაბრუნებს.

ტექნიკურ დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ და უშუალოდ პრობლემის პოლიტიკურ ასპექტზე გადავიდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკელი და რუსი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს სისტემა, ვერც 2020 წელს, ვერც რამდენადმე ხელშესახებ პერსპექტივაში ვერ შეძლებს რუსული კონტინენტთაშორისი რაკეტების მასირებული იერიშისთვის რამდენადმე შესამჩნევი პრობლემების შექმნას, მათი დიდი უმრავლესობა აშშის ტერიტორიამდე გარანტირებულად ჩააღწევს. ისევე, როგორც რუსული საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ძალები (2020 წლამდე შეიარაღებაზე გამოყოფილი სახსრების 20% მათზე დაიხარჯება, დაგეგმილია 28 ახალი სარაკეტო-საზენიტო პოლკის შექმნა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის _ «ა-135»-ის მოდერნიზაცია და ა. შ.) ვერ შეაჩერებენ ამერიკელების მასირებულ ბირთვულ იერიშს. მარტივად რომ ვთქვათ, არც შტატებს, არც რუსეთს არ შეუძლია საკუთარი ტერიტორია ოპონენტის ყოვლისმომცველი ბირთვული დარტყმისგან დაიცვას. ეს ათწლეულების შემდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ერთი მხარე აქტიურად განავითარებს თავის შეტევით და თავდაცვით სისტემებს, ხოლო მეორე _ გულხელდაკრეფილი დაჯდება, რაც ძნელად წარმოსადგენია.

იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემაში, აუცილებლად უნდა შევეხოთ სტრატეგიული სტაბილურობის კონცეფციას, რომელიც შორეულ 1967-ში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რობერტ მაკნამარამ ჩამოაყალიბა. მისი ცენტრალური იდეა ისაა, რომ ორივე მხარის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება შესაძლებლობას აძლევს მოწინააღმდეგეს, გამანადგურებელი ზიანი იმ შემთხვევაშიც კი მიაყენოს, თუ ის იერიშს პირველი მიიტანს. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარება კი, მაკნამარას აზრით, ქმნის ილუზიას, რომ შესაძლებელია პირველი დარტყმით დასუსტებული მოწინააღმდეგის კონტრიერიშის მოგერიება, რაც შესაბამის ცდუნებას აჩენს და ბირთვული ომის დაწყების ალბათობას ზრდის. ამასთანავე, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განვითარება მხარეებს შეტევითი არსენალის გაზრდისკენ უბიძგებს, რაც გამალებულ შეიარაღებას უწყობს ხელს. 

მაკნამარას, ერთი შეხედვით, პარადოქსული და თავისი დროისთვის რევოლუციური იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ გლობალურ სტაბილურობას (და კაცობრიობის არსებობას) მთავარ საფრთხეს არა შეტევითი, არამედ უაღრესად თავდაცვითი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უქმნიან. ეს იდეები საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამაც გაიზიარა და 1972-ში დაიდო აშშ-სსრკ-ის ხელშეკრულება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ, რომელმაც შესაბამისი სისტემების განვითარება მკვეთრად შეზღუდა. მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ «რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეზღუდვაზე მიმართული ეფექტური ზომები გახდებოდა არსებითი მნიშვნელობის ფაქტორი, რომელიც ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს შეამცირებდა». 40 წლის განმავლობაში ეს მიდგომა დომინანტური იყო, თუმცა 2002 წელს შტატები ამ შეთანხმებიდან გამოვიდნენ და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების აქტიურ განვითარებას შეუდგნენ. საინტერესოა, რა იდგა ამ გადაწყვეტილების მიღმარატომ აღმოჩნდა მაკნამარას იდეები ნაკლებად აქტუალური XXI საუკუნეში?

ვიდრე ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას შევეცდებით, კარგი იქნება, თუ შემდეგ სცენას წარმოვიდგენთ, მითუმეტეს, რომ ის ცხოვრებაში, ალბათ, არაერთგზის გვინახავს: ორ ადამიანს სადღაც მძიმე ტვირთი, როიალი ან თუნდაც ჩვეულებრივი მორი, მიაქვს, ისინი ჩხუბობენ და ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ პარტნიორს ტვირთი არასწორად უჭირავს, სხვა მიმართულებით მიდის და ა. შ. ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ტვირთისთვის ხელის გაშვება რომ შეეძლოთ, ისინი ერთმანეთს დახოცავდნენ. მათი ხმამაღალი კამათის ფონზე, ხშირად გვავიწყდება, რომ ისინი ამ დროს ერთ საქმეს აკეთებენ და ტვირთი, ყველაფრის მიუხედავად, დანიშნულების ადგილს უახლოვდება; არადა, მთავარი სწორედ ესაა, დანარჩენი კი ბელეტრისტიკაა. მიაქვს თუ არა ორ ბირთვულ ზესახელმწიფოს ეს ტვირთი დღეს? სად? აღმოსავლეთით ხომ არა?

მესამე სრულიად ზედმეტია

მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო (მათ შორის _ ირანი) მიუახლოვდა ერთგვარ «სარაკეტო-ბირთვულ ზღურბლს», რომლის მიღმა, 15-25 წლის პერსპექტივაში, ბირთვული ქობინებით აღჭურვილი კონტინენტთაშორისი რაკეტების წარმოებას შეძლებენ. არის თუ არა ეს საფრთხე, რომლის გამო აუცილებელია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ფორსირებული განვითარების და მაკნამარას სტრატეგიული სტაბილურობის კონცეფციის გადახედვა? ალბათ, არა, რადგან უკვე დღეს, მათ ხელთარსებული საშუალებებით შეუძლიათ შექმნან რაკეტსაწინაააღმდეგო თავდაცვის ისეთი კონფიგურაცია, რომელიც სრულად გაანეიტრალებს საფრთხეს, რომელიც ამ მხრივ ირანმა, ჩრდილოეთ კორეამ ან ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ შეიძლება ორი-სამი ათწლეულის შემდეგ შექმნას. ნებისმიერმა… ერთის გარდა.

ჩინეთმა სტრატეგიული ბირთვული ძალების ფორსირებული განვითარებისთვის ყველა წინაპირობა შექმნა. დღეს მას არ შეუძლია აშშსა და რუსეთს ბირთვული დარტყმით გარანტირებული გამანადგურებელი ზიანი მიაყენოს, მეტიც, მას, წისმწრები განმაიარაღებელი დარტყმის «გატარების» შემთხვევაში, პასუხის გაცემის შესაძლებლობა შეიძლება არ აღმოაჩნდეს. ასეა დღეს, მაგრამ ხვალ ეს სიტუაცია შეიცვლება. აშშ-ისა და რუსეთის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განვითარება, რომელსაც ისინი, ერთი შეხედვით, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართავენ, სინამდვილეში ყველაზე მეტად ჩინეთს აზარალებს, რადგან აშორებს მას დღეს, როდესაც ოპონენტების გარანტირებული განადგურება და, შესაბამისად, პირველი რანგის ზესახელმწიფოების კლუბში შეღწევა შეეძლება. ამით აშშ და რუსეთი იგებენ დროს, რომელიც, მათ შორის, სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად სჭირდებათ.

ახლა თვალი «ევროპულ ფლანგს» შევავლოთ. დავუშვათ, რომ რუსეთმა მართლაც გააძლიერა დაჯგუფება კალინინგრადში, ამერიკელებმა (საპასუხოდ) დამატებითი საშუალებები განალაგეს პოლონეთში, რუსებმა (საპასუხოდ) გაააძლიერეს დასავლეთის მიმართულება ზოგადად, წინ წაიწიეს ბელარუსში, რადგან ამის გარეშე კალინინგრადის გაძლიერებას, სტრატეგიული თავლსაზრისით, განსაკუთრებული აზრი არ აქვს, ამერიკელებმა (საპასუხოდ)… ალბათ, გასაგებია, სადამდე შეიძლება მივიდეს ყოველივე ეს საბოლოო ჯამში _ «ევროპის მოტაცებამდე», როდესაც ევროპა, რომელმაც «ცივი ომის» შემდეგ ჯერაც ნორმალურად ვერ ამოისუნთქა, კვლავ ორი გიგანტის მიერ გაჩაღებული თამაშის მძევალი აღმოჩნდება. იგივე სქემის პროეცირება «ჩვენს ფლანგზეც», ანუ სამხრეთით შეიძლება.

აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვები: რატომ არ შეიძლება «ორთა კლუბში» ჩინეთიც მიიღონ და 1972 წლის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპი მასზეც განავრცონ, ის ხომ ადრე თუ გვიან (თუ ძალისმიერად არ გააჩერებენ), მიუხედავად იმისა, რა შეფერხებები შეექმნება გზად, დიდი ალბათობით, მაინც დაეპატრონება ადეკვატურ ბირთვულ არსენალს? შესაძლებელია თუ არა გლობალური ბირთვული სტაბილურობა არა ორ, არამედ სამ საყრდენს დაეფუძნოს? პასუხი ამ კითხვებზე განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება მსოფლიო XXI საუკუნეში, თუმცა ასე შორს ნუ წავალთ. შემოვიფარგლოთ იმ ვარაუდით, რომ აშშ-ის და, აქედან გამომდინარე, რუსეთის შემობრუნება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისკენ, უპირველესად, ჩინეთის შეკავების საშუალებაა, და ჩვენთვის უფრო აქტუალურ საკითხზე გადავიდეთ, კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ აღიქმება მთელი ეს სიტუაცია ჩვენში.

ისევ ორ აქლემს შორის

საუბარი საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რომელიმე კომპონენტის განლაგებაზე დღეს უადგილოა, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაშინგტონი ამ შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. მთავარი პრობლემა, ალბათ, უფრო ზოგადია და უცნაურად ქრონიკულ ფსიქიკურ აშლილობას მოაგონებს. საქართველოში ერთგვარ ეროვნულ სპორტად იქცა გარესამყაროში ისეთი ფაქტების (უფრო ხშირად კი განცხადებებისა და ჟესტების) გამოძებნა, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ჩვენს სააზროვნო სტერეოტიპებს ამყარებს. კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი ეხება სააკაშვილის ხელისუფლების დიდი მოწადინების შედეგად ჩვენში ფართოდ გავრცელებულ რწმენა-წარმოდგენებს აშშ-რუსეთის სამკვდრო-სასიცოცხლო კონფრონტაციის შესახებ, რომლის გამოყენებით საქართველომ თითქოსდა საკუთარი საგარეო პოლიტიკა უნდა წარმართოს. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებული პოლემიკა, რომელიც მომავალში, სავარაუდოდ, სულ უფრო მწვავე გახდება, საქარველოში, ალბათ, სწორედ ასე იქნება აღქმული. ეს არც ისე სასურველი შედეგია, რადგან სიტუაცია ამ მიმართულებით, როგორც მინიმუმი, მეტად ორაზროვანი და საეჭვოა და მთელი ამ «სასცენო ფარიკაობის» მიღმა შეიძლება საპირისპირო ქვეტექსტი იდგეს, რომლის გაშიფრვას ან თუნდაც დაფიქრებას მასზე ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებთ.

ხანდახან სრულიად გაუგებარია უცნაური სიხარული და მოლოდინი «აი ახლა დასცხებენ», რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერების შეთხელებულ რიგებს პერიოდულად გადაუვლის ხოლმე (ეს გენერალ მაკაროვის განცხადების შემდეგაც შეიმჩნეოდა). ის გარემოება, რომ აქლემების ჩხუბში ყველაზე მეტად კოზაკი დაზარალდება (საქართველოს შემთხვევაში ეს პრაქტიკულად გარანტირებულია), რატომღაც მეორე, თუ არა მეშვიდე, პლანზე ექცევა. უცნაურია, მაგრამ საქართველო მსოფლიოში ერთერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელშიც «ცივი ომის» დროინდელი პოლიტიკური მითოლოგია კვლავინდებურად დომინანტურია. ის ფაქტი, რომ გლობუსზე რუსეთისა და აშშის გარეშე არსებობენ სხვა ქვეყნები და თანამედროვე გეოპოლიტიკურ თამაშში ორ მხარეზე მეტია ჩართული სათვალავში, როგორც წესი, არ მიიღება.

შეიძლება ყოველივე ეს არცთუ მნიშვნელოვან ფაქტორებად მოგვეჩვენოს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მთელი ის უბედურება, რომელიც დღეს ჩვენს თავს ტრიალებს, ამ უცნაური წარმოდგენების და ზოგადი სააზროვნო კრიზისის შედეგი იყოს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here