ალექსანდრ შჩერბაკოვი
შჩერბაკოვი _ «კადრის აპარატის მუშაკი». კარიერის პიკზე არჩეული იყო მოსკოვის საქალაქო და საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად, პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად, პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატად. ლოთობდა, გადაჰყვა ამ «საქმეს» _ გარდაიცვალა. ხრუშჩოვს განსაკუთრებით არ უყვარდა: «შხამიანი და გველური» ხასიათის მქონედ მიიჩნევდა. «ბერია მაშინ მართალს ამბობდა, _ იხსენებდა შემდგომ ნიკიტა, _ შჩერბაკოვი მოკვდა იმიტომ, რომ საშინლად ბევრს სვამდა».
1938 წლის იანვარში ხრუშჩოვი მოხსნეს საკ. კპ(ბ) მოსკოვის საქალაქო და საოლქო კომიტეტების პირველი მდივნობიდან და დანიშნეს უკრაინის ცკ-ის პირველ მდივნად. გათავისუფლებული ადგილი გარკვეული დროის შემდეგ დაიკავა ალექსანდრ შჩერბაკოვმა.
მისდამი ხრუშჩოვის ავგული დამოკიდებულების მიზეზები უცნობია.
ახლახან გამოცემულ მის ბიოგრაფიაში, რომლის ავტორი ა. ნ. პონომარევია, მითითებულია, რომ შჩერბაკოვისადმი ნიკიტას ანტაგონისტური დამოკიდებულება შეიმჩნევა იმ პერიოდიდან, როცა მან, ხრუშჩოვის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, კატეგორიული უარი განაცხადა, გაებერა «რეკორდული» მოსავლის ციფრები (იმ პერიოდში ხრუშჩოვი უკრაინის პარტორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, შჩერბაკოვი კი დონეცკის (სტალინის) საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო).
უფრო მეტი უსიამოვნება იყო მოსალოდნელი, როცა მოსკოვში 1937-1938 წლებში პარტიიდან გარიცხულთა საჩივრებისა და აპელაციების შემოწმება დაიწყო, ანუ იმ პერიოდში მომხდარი დარღვევების, როცა მოსკოვის საქალაქო და საოლქო კომიტეტების სათავეში ხრუშჩოვი იდგა: 12 ათასი წერილობით შეტანილი საჩივრიდან 90 პროცენტი მომჩივანთა სასარგებლოდ გადაწყდა. ნიშანდობლივია, რომ პონომარიოვი (შჩერბაკოვის ბიოგრაფიის ავტორი) რატომღაც არაფერს ამბობს იმაზე, რომ პარტიიდან გარიცხულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა დახვრეტილი იყო, ხოლო აპელაციები მათი ოჯახების წევრთა მიერ იყო შეტანილი. ბევრისმთქმელია იმავე წიგნში განხილული ასეთი სტატისტიკა: ხრუშჩოვის «ტროიკის» მიერ გამოტანილი განაჩენების წინააღმდეგ 1939 წლის აპრილისთვის პროკურატურის მიერ გამოტანილი 690 პროტესტიდან სასამართლოებმა მოასწრეს 130-ის განხილვა და უარი თქვეს მხოლოდ 14-ის დაკმაყოფილებაზე.
(ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რეაბილიტაციის ინიციატივა სულაც არ არის ხრუშჩოვის მიერ დაწყებული «დემოკრატიზაცია», არამედ პარტიული ცხოვრების თანმდევი პროცესია, რომელიც ნეგატივიზმის, გადახრების წინააღმდეგ მუდმივად მოქმედებდა. თუ ლოგიკურ ხაზს მივყვებით, მაშინ გამოვა, რომ სწორედ ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, როგორც ითქვა, რეპრესიების «აქტიური არქიტექტორი». ეს დადასტურდება თუნდაც შჩერბაკოვ–ხრუშჩოვის დაპირისპირებიდან. მკითხველები თავად დარწმუნდებიან ამ დასკვნის სისწორეში, თუ გადახედავენ წიგნის А.Н. Пономарев. Александр Щербаков. Страницы биографии 49-ე გვერდს და თანდართულ შენიშვნებს _ გვ. 66).
ხრუშჩოვი «ტროიკის» შემადგენლობაში შედიოდა და მხოლოდ ზოგჯერ უთმობდა ადგილს თავის მოადგილეთაგან ერთ-ერთს. მოსკოვის «ტროიკის» ყველა სხვა წევრის მიმართ სასამართლომ გამოიტანა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა უკანონო რეპრესიების განხორციელებისთვის. ლოგიკური იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ ასეთი სერიოზული მაკომპრომენტირებელი ვითარების გამო ხრუშჩოვი თავს უაღრესად მოწყვლადად გრძნობდა. ბევრ პირველ მდივანს როდი ჰქონდა ხელები სისხლით გასვრილი ისე, როგორც ხრუშჩოვს.
შჩერბაკოვსაც გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა ხრუშჩოვისადმი. საკ.კპ(ბ) XVIII ყრილობაზე შჩერბაკოვი მოხსენებით გამოვიდა და არც ერთხელ არ უხსენებია თავისი წინამორბედი.
ბიოგრაფიის ავტორი იმოწმებს შჩერბაკოვის ოჯახის წევრების მონათხრობს, მოსკოვის მთავარარქივის დოკუმენტებს და აბათილებს ხრუშჩოვის მოგონებებში არსებულ ჭორებს, აგრეთვე, სხვა მოარულ ხმებს. მაგალითად, იმას, რომ «შჩერბაკოვს ლოთობის მანკიერება» ახასიათებდა. შვილებისა და თანამშრომლების მტკიცებით, შჩერბაკოვი საერთოდ არ ეკარებოდა სპირტიან სასმელებს.
პონომარევი ხრუშჩოვის ორპირობის ილუსტრაციასაც ახდენს: სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ნიკიტა შჩერბაკოვის დაობლებულ ოჯახზე იყო გადაყოლილი. მაგრამ როგორც კი თვითონ მოექცა ხელისუფლების სათავეში, მისი პირადი განკარგულებით, შჩერბაკოვებს ჩამოართვეს აგარაკი და სხვა პრივილეგიები, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ყველა ადრე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა. ვინმე სხვას კი არა, თავად ხრუშჩოვს ჰქონდა «შხამიანი, გველის ხასიათი». პოლიტიკური სიახლოვის მიუხედავად, ანასტას მიქოიანმა დაგმო ხრუშჩოვი ადამიანებისადმი მისი გულქვა და არალოიალური დამოკიდებულების, აგრეთვე, ისტორიული ფაქტების დამახინჯებისადმი მიდრეკილების გამო.
რატომ იყო ხრუშჩოვი ასე მტრულად განწყობილი შჩერბაკოვისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ? ასე აშკარად რატომ სძულდა პერსონალურად შჩერბაკოვი?
თავის მემუარებში ხრუშჩოვი რატომღაც დუმილით გვერდს უვლის შჩერბაკოვის მიერ სნეგოვის _ 1937 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილის მხილების საკითხს. 1950 წელს ხრუშჩოვი დაუახლოვდა სნეგოვს, გაათავისუფლა იგი პატიმრობიდან და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნა. შემდგომში არაერთხელ მიუმართავს მისთვის რჩევის საკითხავად, ხოლო 1956 წელს მისი წერილი წაიკითხა, რომელიც «დახურულ მოხსენებაში» იყო ციტირებული. ხრუშჩოვის სიძის _ აჯუბეის (გაზეთ «იზვესტიას» მთავარი რედაქტორი. _ ა.ს.) თქმით, სნეგოვი ხრუშჩოვის მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ხრუშჩოვი ცდილობდა, დაემალა მასობრივ რეპრესიებში თავისი მონაწილეობის ჭეშმარიტი მასშტაბი და ხასიათი. სტალინის დროს ასეთი დანაშაულის შემთხვევაში პარტიულ ხელმძღვანელებსა და სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებს პასუხისგებაში აძლევდნენ და უმკაცრესად სჯიდნენ. აქედან გამომდინარე: თითქმის ოცი წლის განმავლობაში ხრუშჩოვს ეშინოდა, რომ არ ემხილათ, მისი, როგორც მასობრივი არაკანონიერი რეპრესიების ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზატორის როლი. მისი შიში მით უფრო ძლიერი იყო, რომ იგი, როგორც ვარაუდობენ, მონაწილეობდა მემარჯვენე-ტროცკისტულ შეთქმულებაში და სასწაულებრივ გადაურჩა მხილებას.
ხრუშჩოვისეული რეპრესიების სავალალო შედეგები შჩერბაკოვისთვის სხვებზე უკეთ იყო ცნობილი. ამასთან, მის სიტყვას სტალინისთვის და პოლიტბიუროსთვის განსაკუთრებული ფასი ჰქონდა.
1941 წლის მაისში შჩერბაკოვი ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთ მდივნად დაამტკიცეს და ამით პარტიულ იერარქიაში მან ხრუშჩოვზე უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა.
შჩერბაკოვი 44 წლის ასაკში, 1945 წლის მაისში გარდაიცვალა. 1944 წლის დეკემბერში მან გულის შეტევა გადაიტანა და მას შემდეგ შინ მკურნალობდა. 1945 წლის 9 მაისს ექიმებმა ნება დართეს, ამდგარიყო და მოზეიმე მოსკოვში გაესეირნა. შედეგად მას გულის შეტევა გაუმეორდა და მეორე დღეს, 10 მაისს, გარდაიცვალა.
რატომ დართეს ნება გულით ავადმყოფ კაცს, ამდგარიყო, როცა მკურნალობის მაშინდელი მთავარი მეთოდი სწორედ წოლითი რეჟიმი იყო? შჩერბაკოვის ერთ-ერთმა მკურნალმა ექიმმა იაკობ ეტინგერმა აღიარა გამომძიებელ მ. თ. ლიხაჩოვის წინაშე, რომ ყველაფერს აკეთებდა, რაც მისგან იყო დამოკიდებული, შჩერბაკოვისთვის სიცოცხლე რომ მოესწრაფებინა, რადგან იგი ანტისემიტად მიაჩნდა (იხ. Я. Я. Эიმნგეპ. Эირ ნევრზსრდნრ ზთქძიტ. გვ. 87).
სახელმწიფო უშიშროების მინისტრ აბაკუმოვთან დაკითხვის დროს ეტინგერმა ჯერ უარყო თავისი ჩვენება, შემდეგ კვლავ აღიარა. ეტინგერი ამის შემდეგ ციხეში მოკვდა.
ეს ყველაფერი ე. წ. ექიმთა საქმის შემადგენელი ნაწილი გახდა. ამ საქმის მთელი რიგი გვერდები გამომძიებელთა ფალსიფიკაციის აშკარა ნიშნების მატარებელია. გამორიცხული არ არის, რომ ეტინგერის ჩვენება წამების გზით არის მიღებული, ხოლო მას თვითონ არავითარი შეცდომა არ დაუშვია შჩერბაკოვის მკურნალობის პროცესში. მაგრამ «ექიმთა საქმეში» მონაწილე ბრალდებულმა ექიმებმა, რომლებიც 1948 წელს ანდრეი ჟდანოვს მკურნალობდნენ, აღიარეს, რომ სამედიცინო დახმარება მას არასწორად უტარდებოდა, რასაც ბოლოს და ბოლოს პაციენტის ნაადრევად გარდაცვალება მოჰყვა… ობიექტურად თუ განვსჯით, ექიმთა მოქმედება სრულად ესადაგება «შეთქმულების» განსაზღვრას, გაურკვეველია მხოლოდ, მართლა აპირებდნენ შეთქმულების მონაწილენი პარტიული ხელმძღვანელების დახოცვას, რაშიც მათ ბრალი დასდეს, თუ მათი ბრალი განისაზღვრა თავდებობის მანკიერი სისტემის შექმნით?
გავიხსენოთ: ამგვარ მოვლენებს თავისი ისტორია აქვს. ბუხარინისა და რიკოვის სასამართლო პროცესზე (1938 წლის მარტი) მკურნალმა ექიმებმა პლეტნევმა და ლევინმა აღიარეს, რომ მონაწილეობდნენ შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მწერალ მაქსიმ გორკის, ცენტრალური კომიტეტის წევრ ვალერიან კუიბიშევისა და ოგეპეუს თავმჯდომარის ვიაჩესლავ მენჟინსკის ლიკვიდაცია იყო. ამ უკანასკნელის გზიდან ჩამოცილებაში დაინტერესებული იყო გენრიხ იაგოდა, რათა მოადგილის თანამდებობიდან სწრაფად გადამჯდარიყო თავმჯდომარის სავარძელში. ბრალდებები, რომლებიც პლეტნევსა და ლევინს ჰქონდათ წაყენებული, დასტურდება იაგოდას ადრე გამოუქვეყნებელი სასამართლომდელი დაკითხვების მასალებით და მისი პლეტნევთან, კრიუჩკოვთან და ლევინთან დაპირისპირების ოქმებით. არსებობს, აგრეთვე, წინასწარი გამოძიების დროს ენუქიძის დაკითხვის ორი სტენოგრამა. ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტით მტკიცდება იაგოდას ბრალეულობა.
ზემოთ აღნიშნულ სასამართლო პროცესზე ბუხარინმა დაადასტურა თავისი მონაწილეობა ტერორისტული აქტების მომზადებაში, თუმცა უარყოფდა, რომ ჯაშუშურ ცნობებს პირადად გადასცემდა, ამას იგი შეთქმულებაში მონაწილეთა მეშვეობით აკეთებდა. რიკოვმა კი უარყო ბრალდება ჯაშუშობაში და აღიარა ბრალდება მთავრობის დამხობის მცდელობაში. აი, რატომ გამოიტანა პოსპელოვმა საჯაროდ ის, რასაც ხრუშჩოვი მხოლოდ გულისხმობდა «დახურულ მოხსენებაში»: მოსკოვის პროცესები ნაყალბევია, შეთხზულია, ხოლო სამართალში მიცემულთა ჩვენებები არ შეესაბამება სინამდვილეს.
«დახურულ მოხსენებაში» ხრუშჩოვმა «მავნებელ ექიმთა საქმე» სიცრუედ გამოაცხადა. მან თავად იცრუა, როცა განაცხადა, რომ ეს საქმე ბერიას მიერ იყო შეთხზულ-შეკოწიწებული. სინამდვილეში კი სწორედ მან, ლავრენტი ბერიამ პირველმა აღმოაჩინა, რომ ამ საქმის ზოგიერთი მომენტი ფრიად საეჭვო იყო.
ყველა შემთხვევაში, შჩერბაკოვის სიკვდილმა ხრუშჩოვის წისქვილზე დაასხა წყალი. მაგრამ ამოუხსნელი რჩება, როგორ მოხდა, რომ მთელი დღის თუ უფრო მეტი ხნის განმავლობაში ავადმყოფ სტალინს არ აღმოუჩინეს არავითარი საექიმო დახმარება, სანამ ბოლოს და ბოლოს არ გაარკვიეს, რომ მას ინსულტი ჰქონდა? როგორიც გინდა იყოს მომხდარი ტრაგედიის დეტალები, ხრუშჩოვი იმ მოვლენათა მონაწილე რჩება.
გავლენა საბჭოთა საზოგადოებაზე
როგორი იყო «დახურული მოხსენების» შედეგები?
იმის გამო, რომ არა მხოლოდ ცალკეული დებულებები, არამედ მთელი «დახურული მოხსენება» თავიდან ბოლომდე სიცრუითაა შეკოწიწებული, ჩვენი ადრინდელი ისტორიული და პოლიტიკური წარმოდგენები საფუძვლიან გადახედვას მოითხოვს.
მაგალითად, ის ფაქტი, რომ «დახურულ მოხსენებას» საფუძვლად უდევს პოსპელოვის კომისიის მუშაობის შედეგები, რომელმაც აღმაშფოთებლად უნამუსო გამოკვლევა ჩაატარა, საეჭვოს ხდის ყველა იმ კომისიის საქმიანობას, ხრუშჩოვის დროს ისტორიის ამა თუ იმ საკითხის შესასწავლად რომ იყო შექმნილი.
კერძოდ, ლაპარაკია «სარეაბილიტაციო» კომისიებზე, რომლებიც ორგანიზებული იყო იმ პირთა საქმეების შესასწავლად (ძირითადად _ კომპარტიის წევრების), ვისაც სასამართლოს განაჩენით სიკვდილი, ან ხანგრძლივი დროით პატიმრობა მიესაჯა. ჩვენთვის ცნობილ თითქმის ყველა შემთხვევაში კომისიებმა გაამართლეს მსჯავრდებულები და ისინი «რეაბილიტირებულებად» გამოაცხადეს, ე.ი. _ უდანაშაულოდ მათთვის წაყენებულ ყველა ბრალდებებში. ყველა ისინი შემდგომ აღიარეს «სტალინური რეპრესიების უდანაშაულო მსხვერპლად».
აღნიშნულ კომისიებს იშვიათად თუ აწვდიდნენ რაიმე მტკიცებულებას, რომლებსაც ისინი საკმარისად მიიჩნევდნენ «სარეაბილიტაციოდ». რიგ შემთხვევაში, პირიქით, ჩნდება ეჭვი, რომ რეაბილიტირებულები სულაც არ იყვნენ უდანაშაულონი.
მაგალითად, 1957 წლის ივნისის პლენუმზე, რომელიც «სტალინისტების» მალენკოვის, მოლოტოვისა და კაგანოვიჩის სასამართლოდ აქცია ხრუშჩოვმა, მარშალმა ჟუკოვმა წაიკითხა უხეშად დამახინჯებული იონა იაკირის წერილი (შეგახსენებთ, რომ 1937 წლის ივნისში იაკირი სასამართლოს წინაშე წარსდგა და მას, მარშალ ტუხაჩევსკისთან ერთად მიესაჯა დახვრეტა სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობის გამო).
მარშალმა ჟუკოვმა წარმოთქვა: «1937 წლის 29 ივნისს სიკვდილის წინ მან (იაკირმა) მისწერა წერილი სტალინს, რომელშიც მიმართავს: «მშობლიურო, ახლობელო ამხანაგო სტალინ! ვბედავ ასე მოგმართოო, რადგან ვთქვი ყველაფერი, და ვფიქრობ, რომ ვარ პარტიის, სახელმწიფოს, ხალხის ერთგული მებრძოლი, როგორიც მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება განვვლე თავდადებულ, პატიოსან შრომაში პარტიისა და მისი ხელმძღვანელების თვალწინ. მე ვკვდები თქვენდამი, პარტიისადმი, ქვეყნისადმი სიყვარულის სიტყვებით, მხურვალე რწმენით, რომ კომუნიზმი გაიმარჯვებს».
ამ განცხადებას ასეთი რეზოლუცია ადევს: «ჩემს არქივში. სტ. არამზადა და მეძავი სტალინი. სავსებით ზუსტი განსაზღვრაა. მოლოტოვი. არამზადას, ვიგინდარას და ბ. _ ერთი სასჯელი _ სიკვდილი. კაგანოვიჩი».
ციტირებული ფრაგმენტი ერთ-ერთი აშკარა მაგალითია სიყალბის, რადგან თავის წერილში იაკირი იმდენად თავის შეუბღალავ რეპუტაციას კი არ გადმოგვცემს, არამედ, პირიქით, აღიარებს დანაშაულს და ინანიებს მას. აი, როგორია სრული ტექსტი ამ წერილისა, რომელიც თავის დროზე შეტანილი იყო ნ. მ. შვერნიკის კომისიის მოხსენებაში «წითელ არმიაში შეთქმულების საქმის» შესახებ, რომელიც ხრუშჩოვს 1964 წელს, მის გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე წარუდგინეს და რომელიც მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ გამოქვეყნდა: «მშობლიურო, ახლობელო ამხ. სტალინ, ვბედავ მოგმართოთ თქვენ, რადგან მე ყველაფერი ვთქვი, ყველაფერი გავეცი და მეჩვენება, რომ კვლავ ვარ პატიოსანი, პარტიის, სახელმწიფოს, ხალხის ერთგული მებრძოლი, როგორიც მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება განვვლე თავდადებულ, პატიოსან შრომაში პარტიის, მისი ხელმძღვანელების თვალწინ _ შემდეგ ჩავარდნა კოშმარში, მოღალატეობის გამოუსწორებელ საშინელებაში… გამოძიება დამთავრებულია. მე წარმედგინა ბრალდება სახელმწიფო ღალატში, მე ვაღიარე დანაშაული, სრულად მოვინანიე. უსაზღვროდ მწამს სასამართლოსა და მთავრობის გადაწყვეტილების სიმართლე და მიზანშეწონილობა… ამიერიდან ყოველი ჩემი სიტყვით პატიოსანი ვარ, მე მოვკვდები თქვენდამი, პარტიისა და ქვეყნისადმი სიყვარულის სიტყვებით, უსაზღვრო რწმენით, რომ კომუნიზმი გაიმარჯვებს».
იაკირის განცხადებას შემდეგი რეზოლუციები ადევს: «ჩემი არქივი. სტ(ალინი)»; «არამზადა და მეძავი. ი. სტ(ალინი); «სავსებით ზუსტი განსაზღვრაა. კ. ვოროშილოვი”; «მოლოტოვი». «არამზადას, ვიგინდარას და ბოზს ერთი სასჯელი _ სიკვდილი. ლ. კაგანოვიჩი».
ზოგიერთი უმნიშვნელო შეცდომის გარდა (იაკირის წერილი, მაგალითად, დაწერილია 1937 წლის 9 ივნისს და არა 29 ივნისს), ჟუკოვის სიტყვაში რიგი არსებითი ხასიათის დამახინჯება შეინიშნება.
პირველი და მათ შორის მთავარი, რა თქმა უნდა ისაა, რომ იაკირმა რამდენიმეჯერ დაადასტურა მის მიერ დანაშაულის ჩადენა. სტალინთან, მოლოტოვთან და კაგანოვიჩთან ერთად წერილზე ვოროშილოვის რეზოლუციაც იყო, მაგრამ მისი გვარი ჟუკოვს საერთოდ არ დაუსახელებია. პლენუმის გახსნის წინა დღეს ვოროშილოვმა უკან დაიხია და ჩამოსცილდა მალენკოვს, მოლოტოვსა და კაგანოვიჩს, რომლებიც ხრუშჩოვის გადაყენებას ცდილობდნენ. ამ უკანასკნელმაც დაუფასა და აღარ მოითხოვა მისი დასჯა დარჩენილი «სამეულის» მსგავსად. იგივე წერილი, იმავენაირად დამახინჯებული და «დაკოდილი» წაიკითხა ალექსანდრ შელეპინმა _ სსრკ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ _ სკკპ XXII ყრილობაზე.
1957 წელს «ანტიპარტიული ჯგუფის» არც ერთ წევრს არ გაუპროტესტებია ჟუკოვის მიერ ჩადენილი სიყალბე. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ: არც მალენკოვს, არც მოლოტოვს, არც კაგანოვიჩს საშუალება არ ჰქონდათ, გასცნობოდნენ საარქივო წყაროებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი იყო. გამორიცხული არ არის, რომ თვით მარშალმაც არ იცოდა, რომ ნაყალბევ დოკუმენტს ციტირებდა. მაგრამ ხრუშჩოვის «მკვლევარებისთვის» ასეთი მანიპულაციები უცხო არ იყო, თუმცა მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ხრუშჩოვის ნებართვის გარეშე დამოუკიდებლად ვერც ერთი მათგანი ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა. მაშასადამე, ნიკიტა ამ მაქინაციის საქმის კურსში იყო.
იმავე მიზეზებით არ შეიძლება ვენდოთ არც ერთ სარეაბილიტაციო გადაწყვეტილებას, რომელთა საფუძველზე პარტიის მთელი რიგი წევრებისა უდანაშაულოდ იქნა შერაცხული.
ასეთ დოკუმენტთა შორის არის სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი სპეცგანყოფილების ცნობა, რომელსაც ხელს აწერს ვინმე «პოლკოვნიკი პავლოვი». პავლოვის დოკუმენტებში მოცემულია ცნობები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ 1930-იან წლებში დაპატიმრებულთა, მსჯავრდებულთა და დახვრეტილთა რაოდენობა. მაგრამ, რადგან ცნობები ხრუშჩოვისთვის მზადდებოდა, არ შეიძლება მათი ნდობა… თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ასეთი მასალა ნაყალბევია, არ გვაქვს არავითარი საფუძველი,ზემოთ ნახსენები პავლოვის მომზადებული ცნობები გამონაკლისად ჩავთვალოთ.
რახან ნდობის ხარისხზე ჩამოვარდა სიტყვა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ პრინციპულ ვითარებას: ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში გამოქვეყნებული პრაქტიკულად ყველა გამოკვლევა, რომლებიც სტალინსა და მის ეპოქას ეძღვნება, მეტ-ნაკლებად ხრუშჩოვის დროინდელ საბჭოთა პუბლიკაციებზეა დაფუძნებული. ასეთ ნაშრომებში გამოყენებულია ბევრი ან უმეტესობა წყაროებისა, რომლებიც უხვადაა ციტირებული რობერტ კონკვესტის ნაწერებში, მათ შორის, მის სქელტანიან «დიდ ტერორში». მეორე მაგალითი: ბუხარინის ცნობილ ბიოგრაფიაში, რომელიც სტივენ კოენმა დაწერა. ამ წიგნის ბოლო თავში გადმოცემული 1930-იან წლებთან დაკავშირებული ყველა ფაქტი ამოკრეფილია ხრუშჩოვის დროინდელი წყაროებიდან, ზოგჯერ კი თვით «დახურული მოხსენებიდან»; მაშასადამე, ავტორის თითქმის ყველა დასკვნა ტყუილზეა აგებული, აშკარად ტენდენციურია. არც ერთი ასეთი კვლევა არ შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერულ ნაშრომად, თუ საშუალება არ არსებობს მათში მოცემული დასკვნების შემოწმების.
იგივე ითქმის პირველად წყაროებზეც: ხრუშჩოვმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ ყოვლად უსინდისოდ გამოიყენა ისინი საჯაროდ წარმოთქმულ თავიანთ სიტყვებსა და საქმიან მიმოწერაში. ამიტომ დედნისეული პირველწყაროების გარეშე შეუძლებელია დარწმუნებით ვთქვათ, რამდენად პატიოსნად არის ეს დოკუმენტები ციტირებული თვით ხრუშჩოვისა და იმ ავტორების მიერ, რომელთა წიგნები ე. წ. დათბობის წლებში გამოიცა.
პოლიტიკური შედეგები
«დახურულმა მოხსენებამ» მსოფლიო კომუნისტური მოძრაობა კრიზისში ჩააგდო. საპასუხოდ გაჩნდა კონტრარგუმენტი, რომლის თანახმად XX ყრილობა საჭირო იყო კომუნისტური მოძრაობის, საბჭოთა საზოგადოების გამოსაჯანმრთელებლად. აუცილებელია, საჯაროდ გამოვიტანოთ წარსულის ყველაზე უფრო შავბნელი ფურცლები, რომელთა შესახებ არაფერი იცოდა უცხოეთის კომპარტიებმა და ზოგიერთებმა სსრკ-ში; კიბოს სიმსივნე დაუნდობლად უნდა ამოგვეკვეთა, რათა გამოჯანსაღების შემდეგ ახალი ძალებით წავსულიყავით სანუკვარი მიზნისკენო.
მომდევნო წლებში სულ უფრო აშკარა გახდა, რომ სსრკ უკლასო საზოგადოებას კი არ უახლოვდებოდა, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა.
ბევრი კომუნისტური მოძრაობის ერთგული დარჩა, შეინარჩუნა კომუნისტური იდეალებისადმი რწმენა. მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში იმედი ჰქონდა და სჯეროდა, რომ საზოგადოებას, რომელმაც ასეთი დანაკარგები განიცადა, უმკაცრესი განაჩენი გამოუტანა ჩადენილ დანაშაულობებს, როგორც არაერთხელ უთქვამს ხრუშჩოვს, გააჩნია საკმარისი სულიერი ძალა, რათა გამოსწორდეს, ანგარიში არ გაუწიოს ნებისმიერ მოულოდნელ ცვლილებებს, თუ მათი განხორციელება აუცილებელი გახდება და განუხრელად იაროს წინ კომუნისტური ხვალისკენ.
ასეთი დასკვნების დღეს ნაკლებად სჯერათ.
დღეს გასაგებია, რომ ხრუშჩოვს აზრადაც არ ჰქონდა, «ემართა კომუნიზმის ხომალდი». სიმართლის იმგვარად წაბილწვა, როგორც მან «დახურულ მოხსენებაში» მოახერხა, შეუთავსებელია მარქსიზმთანაც და ნებისმიერ მაღალზნეობრივ მოძრაობასთან. ვერც ერთი აღმშენებლობითი, დემოკრატიული და თავისუფლების მქადაგებელი პრინციპი ვერ დაეფუძნება სიცრუეს… ხრუშჩოვი შეუდგა კომპარტიისა და კომუნისტური მოძრაობის განადგურებას. მან მოიხსნა პატიოსანი კომუნისტის ნიღაბი და წარმოგვიდგა როგორც ვაიხელმძღვანელი, რომელიც ესწრაფვოდა პირად მოგებას, მალავდა თავისი ნატურის სიყალბეს, იგნორირებული ჰქონდა მაღალი ზნეობრივი იდეალები. 1953 წელს ბერიას და მისი «ბანდის» წინააღმდეგ განხორციელებულმა უკანონობამ აშკარად დაგვანახა, რომ ეს შემთხვევითი პიროვნება კაცისმკვლელი არამზადა იყო. იგი იყო დამნაშავე ყველა იმ უკანონობაში, რომელთა ჩადენას სტალინს აბრალებდა XX ყრილობისთვის წარდგენილ მოხსენებაში.
ამ ვითარებაში იძულებული ვხდებით, გადავხედოთ იმ «სტალინისტების» შეხედულებებსაც, რომლებიც 1957 წელს ხრუშჩოვის ხელმძღვანელობიდან მოცილებას შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს: პირიქით, ხრუშჩოვმა ისინი გააძევა ცენტრალური კომიტეტიდან, შემდეგ კი პარტიიდანაც გარიცხა.
ის გარემოება, რომ ხრუშჩოვის მიერ სტალინის გაკრიტიკების ძირითადი დებულებები მხარდაჭერილი იყო მოლოტოვისა და კაგანოვიჩის მიერ, გვაფიქრებინებს, რომ მათაც გარკვეულწილად ეჭვი ეპარებოდათ 1930-1940-იანი და 1950-იანი წლების დასაწყისის პოლიტიკის სისწორეში. ამასთან, 1930-იანი წლების რეპრესიების თაობაზე მათ არ ჰქონდათ საფუძვლიანი და სრული მოცულობით წარმოდგენა, ამიტომ მათ ვერ შეძლეს საკადრისი პასუხი გაეცათ ხრუშჩოვისა და მისი დამქაშებისთვის. ხოლო როცა ყველაფერი გაირკვა, უკვე გვიანი იყო.
შესაძლებელია, რომ ერთადერთი დადებითი ნაბიჯი, რომელიც პოსტსტალინურმა ხელმძღვანელობამ გადადგა, დაკავშირებული იყო «პიროვნების კულტის» დამხობასთან, რომელიც მათივე შექმნილი იყო. მაგრამ აქაც არ იმსახურებს ნდობას ნიკიტა ხრუშჩოვი, რადგან სწორედ იგი გამოვიდა «კულტის» კრიტიკის წინააღმდეგ სტალინის გარდაცვალების პირველ დღეებში, როცა გიორგი მალენკოვმა საჯაროდ გაილაშქრა კულტის წინააღმდეგ. ამასთან, მალენკოვი საკმაოდ პატიოსნად მოიქცა, რადგან გარდაცვლილი სტალინი კი არ დაადანაშაულა, არამედ მისი უახლოესი გარემოცვა (თავისი თავიც იგულისხმა), რომელსაც არ ეყო გამბედაობა და სიმტკიცე, ბოლო მოეღო «პიროვნების კულტისთვის», რასაც ბელადი ბოლოს და ბოლოს შეურიგდა, მაგრამ არასდროს წაუხალისებია და ყოველთვის კრიტიკულად ეკიდებოდა.
ხრუშჩოვს დიდი დრო არ დასჭირვებია, რათა თავისი პერსონის იმაზე უფრო დიდი კულტი შეექმნა, ვიდრე თავის დროზე სტალინისა იყო… ეს წარუდგინეს ნიკიტას ერთ-ერთ მთავარ დანაშაულად 1964 წლის ცენტრალური კომიტეტის ოქტომბრის პლენუმზე, როცა იგი ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
«დახურული მოხსენების» თაღლითური ბუნება საბჭოთა ისტორიის სტალინური პერიოდისა და თვით სტალინის პიროვნების გადაფასების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. მისი პიროვნება, რომელიც გათავისუფლებული იქნება როგორც კერპთაყვანისმცემლობის, ასევე ხრუშჩოვისეული ცილისწამებისგან, და პოლიტიკის ის მიმართულება, რომლის განხორციელებასაც იგი ცდილობდა, ღირსია, დაიკავოს ცენტრალური ადგილი სსრკ-სა და მთელი კომუნისტური მოძრაობის ისტორიაში.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე