Home რუბრიკები საზოგადოება დავით წიქარიშვილი: ირაკლი პეტრიაშვილის კაბინეტთან «რემინგტონით» შეიარაღებული ორი ჯეელი იდგა უშიშროებიდან და...

დავით წიქარიშვილი: ირაკლი პეტრიაშვილის კაბინეტთან «რემინგტონით» შეიარაღებული ორი ჯეელი იდგა უშიშროებიდან და მის უსაფრთხოებას იცავდა

909

 საქართველოს განათლების მუშაკთა პროფკავშირის _ «ერთობის» ერთ-ერთი ლიდერი დავით წიქარიშვილი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის _ ირაკლი პეტრიაშვილისა და ხელისუფლების ფარულ, საეჭვო კავშირებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ირაკლი პეტრიაშვილი «ნაციონალური მოძრაობის» ფავორიტია, ხოლო პროფკავშირები ხელისუფლებას ემორჩილება. დავით წიქარიშვილი «საქართველო და მსოფლიოს» მომავალ საპარლამენტო არჩევნებში «ნაცმოძრაობის» მიერ პროფკავშირების გამოყენების სქემასაც უშიფრავს.

_ ბატონო დავით, პირდაპირ გკითხავთ: რას ერჩით ირაკლი პეტრიაშვილს?

_ ირაკლი პეტრიაშვილი თავად ერჩის პროფკავშირებს, ატყუებს ხალხს. თავად ვარ პროფკავშირების წარმომადგენელი და თავი მოვალედ ჩავთვალე, ამ ყველაფერზე საქვეყნოდ ამომეღო ხმა. პიროვნულად არაფერს ვერჩი პეტრიაშვილს, მაგრამ, როცა ვხედავ, რომ ეს ადამიანი გარიგებულია ხელისუფლებასთან, ძნელია, გაჩუმდე და ამას შეეგუო.

მოდით, ცოტა შორიდან დავიწყებ, რათა უფრო თვალნათელი გახდეს ირაკლი პეტრიაშვილის კავშირები ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. «ვარდების რევოლუციამდე» საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებას ასი ათასობით წევრი ჰყავდა, ყველა დარგში იყო მეტ-ნაკლებად ძლიერი დარგობრივი პროფკავშირი, იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროფკავშირის ფუნქციას ასრულებდნენ. არსებობდა მრავალფეროვანი სპექტრი პროფკავშირული ორგანიზაციებისა და დამსაქმებელს შეეძლო არჩევანის გაკეთება: რომლის წევრი გამხდარიყო და რომელ ორგანიზაციასთან დაეჭირა საქმე. მოკლედ, ეს მიმართულება ნელ-ნელა ყალიბდებოდა  და ვითარდებოდა.

იმ დროს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი ტუღუში იყო. ირაკლი პეტრიაშვილს დღეს ამის გახსენება აღარ სიამოვნებს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, ირაკლი ტუღუში პეტრიაშვილს მაქსიმალურად რომ «ქაჩავდა» _ სისტემატიურად აგზავნიდა საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციების ეგიდით გამართულ სემინარებსა და სხვა ღონისძიებებზე, ხელს უწყობდა მის დაახლოებას საერთაშორისო ორგანიზაციების მესვეურებთან. ბოლოს ტუღუშმა პეტრიაშვილი თავის მოადგილედაც დანიშნა.

_ რატომ უწყობდა ირაკლი ტუღუში ირაკლი პეტრიაშვილის დაწინაურებას ასე ხელს? ყველამ კარგად იცის, ამ ხელისუფლებამ ტუღუშის წინააღმდეგ საბრძოლველად, როცა დასჭირდა, პეტრიაშვილიც გამოიყენა.

_ ეგ ირაკლი ტუღუშს უნდა ჰკითხოთ. შესაძლოა, მას პირადი ინტერესებიც ჰქონდა. 2001 წელს ირაკლი ტუღუშმა ძლივს მოიგო პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები, სულ რამდენიმე ხმით აჯობა კონკურენტს. მაშინ გავრცელდა ხმები, რომ ტუღუშს უთხრეს _ თუ პეტრიაშვილს დაინიშნავ მოადგილედ, გაიმარჯვებო. მაშინვე გამოიკვეთა ირაკლი პეტრიაშვილი, როგორც გარკვეული ინტერესჯგუფის წარმომადგენელი.

_ და ეს ჯგუფი იყო «ნაციონალური მოძრაობა» და მის უკან მდგარი ლობისტური ამერიკული ძალები?

_ გეტყვით მაგის შესახებაც. «ვარდების რევოლუციის» მერე ირაკლი ტუღუშმა ღიად განაცხადა, რომ მე მიტევს «ნაციონალური მოძრაობაო». გახსოვთ, ალბათ, მას ოფისში გიგი წერეთელი და სხვა სახელისუფლო ლიდერები მიუცვივდნენ, ლამის ქუჩური გარჩევა მოუწყვეს. მთავარი მიზეზი კი იყო პროფკავშირების ქონება, რომლის გადაცემასაც «ნაციონალები» ითხოვდნენ ტუღუშისგან. ეს ქონება სახელმწიფოს უნდა გადასცემოდა, მაგრამ სახელმწიფო და «ნაცმოძრაობა» რამ გაყო? ამ ფონზე სრულიად მოულოდნელად ირაკლი პეტრიაშვილი იწყებს მოძრაობას, აქტიურობას. მთელი სახელისუფლო პიარმანქანა მუშაობდა პეტრიაშვილზე, რომ ის იქნებოდა უკეთესი თავმჯდომარე და ა. შ. ამ დროს დარგობრივი პროფკავშირების 20 წარმომადგენელს მოაწერინეს ხელი, რომ პეტრიაშვილს უჭერდნენ მხარს თავმჯდომარის პოსტზე. ეს ხდება 2004 წელს. პეტრიაშვილი ახალი ჩამოსულია შვეიცარიიდან. სავარაუდოდ, მან სწორედ შვეიცარიიდან ჩამოიტანა 5-მილიონდოლარიანი ჩეკი და აჩვენა იმ ხალხს, რომელსაც პროფკავშირებში გავლენა ჰქონდა, და უთხრა: უნდა პროფკავშირს ეს 5 მილიონი? მაშინ ამირჩიეთ პრეზიდენტად! და აირჩიეს კიდეც, რაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა ხელისუფლებას. იმ მომენტში პეტრიაშვილი, პრაქტიკულად, უკვე განაგებდა პროფკავშირს, ამ არჩევნებით მას «გაუპრავეს» თავმჯდომარეობა.

_ ვინ მისცა ეს 5 მილიონი პეტრიაშვილს?

_ რომელიღაც დონორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობოებს, მათ შორის, პროფკავშირებს. ამხელა დაფინანსებას, ჯერ კიდევ თავმჯდომარის მოადგილის რანგში, პეტრიაშვილი ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე ვერ მიიღებდა, თუნდაც პროფკავშირების დასაფინანსებლად.

_ რამდენადაც ვიცი, ირაკლი ტუღუშს ძალზე ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკის იმჟამინდელი ხელისუფლებისა და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. რატომ არ დაუჭირეს მხარი ტუღუშს?

_ მეტიც, ირაკლი ტუღუში ამერიკელთა სტრატეგიულ პარტნიორად ითვლებოდა, მაგრამ ისე გაწირეს ამერიკელებმა, სინდისსაც კი არავინ შეუწუხებია. ეს ხომ მათი საქმიანობის ჩვეული სტილია. რა, იგივე არ გაუკეთეს მანანა ღურჭუმელიძეს, პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარეს? იგი ჰილარი კლინტონის წინაშე სიტყვით გამოვიდა, ილაპარაკა პროფკავშირების პრობლემებზე და რამდენიმე კვირაში სამსახურში კაბინეტის კარი აუჭედეს, იძულებული გახადეს, ემიგრაციაში წასულიყო. არავინ გამოჰქომაგებია ამერიკიდან, არც უკითხავს ვინმეს, რატომ დევნით იმ ადამიანს, რომელთანაც ამდენი წელი ვთანამშრომლობდითო. აქედანაც შეიძლება დასკვნის გაკეთება, რამდენად სანდონი არიან ამერიკელები და როგორ იცავენ თავიანთ პარტნიორებს. მანანა ღურჭუმელიძე გახდა ამერიკელებისა და ჩვენი ხელისუფლების ბინძური გარიგების მსხვერპლი.

_ მოდით, ირაკლი პეტრიაშვილს დავუბრუნდეთ. ფაქტია, ეს კაცი გახდა პროფკავშირების თავმჯდომარე და არსებობს ეჭვი, რომ ის ხელისუფლების კანდიდატი იყო.

_ ეჭვი? ეჭვი კი არა, ფაქტები არსებობს. როცა ირაკლი ტუღუშს თავის კაბინეტში არ უშვებდა ეს ხელისუფლება, ამ დროს ირაკლი პეტრიაშვილის კაბინეტთან «რემინგტონით» შეიარაღებული ორი ჯეელი იდგა უშიშროებიდან და მის უსაფრთხოებას იცავდა. რა სჭირდა დასაცავი, ეს არ ვიცი, მაგრამ ეს რომ ასე იყო, ფაქტია.

_ და რა იცით, რომ ის ორნი, «რემინგტონით», უშიშროებიდან იყვნენ?

_ მე და თქვენ, ჩვენს სახელზე რეგისტრირებული იარაღითაც კი ქუჩაში რომ გავიაროთ, ხომ მაშინვე დაგვიჭერენ იარაღის უკანონო ტარებისთვის? ფაქტია, იმ ხალხს იარაღის ტარების ნებართვაც ჰქონდა და გამოყენებისაც. აბა, თუ საჭირო დროს არ გაისროდნენ, მაშინ თოხი დაეკავებიათ ხელში და ისე დაეცვათ პეტრიაშვილი. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები რომ იყვნენ, ამას წყალი არ გაუვა. კერძო დაცვის სამსახურიდან არ იყვნენ _ ეს დანამდვილებით ვიცი.

_ შესაძლოა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.

_ აგაშენათ ღმერთმა! მერე, სახელმწიფო დაცვის სამსახური ხომ სპეცსამსახურის კატეგორიაში შედის და უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი დანაყოფია? ახლა ირაკლი პეტრიაშვილმა განმარტოს, რატომ იცავდა მას უშიშროების ხალხი. თანაც, რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან არ ყოფილან ის ორნი, უშიშროების სხვა სამსახურიდან იყვნენ.

მოკლედ, აირჩიეს პეტრიაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარედ. მისი «მოღვაწეობის» შედეგი ის არის, რომ პროფკავშირების თითქმის მთელი ქონება სახელმწიფოს გადაეცა, პროფკავშირების შენობაში ახლა თბილისის მერიაა განთავსებული, 10 ათას წევრს ძლივს ითვლის ერთ დროს უძლიერესი და მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია და მისი თავკაცი ხელს არ ანძრევს, რომ დასაქმებულთა და სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილთა უფლებები დაიცვას.

_ თუ გაქვთ სხვა ფაქტები, რომ ირაკლი პეტრიაშვილი ხელისუფლებასთანაა გარიგებული?

_ მთელმა ქვეყანამ ნახა თავის დროზე ტელეკომპანია «მაესტროს» ეთერით სიუჟეტი, ირაკლი პეტრიაშვილის კუთვნილი მანქანით როგორ მიჰქონდათ «პერედაჩი» ციხეში სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის. ეს ძველია, მე ახალს გეტყვით, რაც დღემდე არ გახმაურებულა. გია ალანიას მამა ირაკლი პეტრიაშვილმა დანიშნა პროფკავშირების კულტურის სახლის დირექტორად, რათა ამ კაცს იქ ფული ეკეთებია. ეს, ალბათ, იმ კომპენსაციის ნაწილი იყო, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გია ალანიასა და მის ოჯახს გადაუხადა, რათა ის ციხეში ჩამჯდარიყო. გია ალანია ხომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მთავარი ფიგურა იყო. სხვას რას იფიქრებ კაცი! ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ამ კაცს შეეძლო ეს თანამდებობა მიეღო, ვანო მერაბიშვილისკენ მიდის. პეტრიაშვილმა შეასრულა მერაბიშვილის დავალება. შეიძლება ვინმემ იკითხოს: სასამართლოს მიერ განაჩენგამოტანილი მკვლელის მშობელი, რა მოხდა, თუ პროფკავშირებში დასაქმდაო? რა მოხდა და პროფკავშირი, არასამთავრობო სექტორი, უფრო მეტად უნდა უფრთხილდებოდეს თავის რეპუტაციას, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურა. თუ შენ პრეტენზია გაქვს, რომ სახელმწიფოზე მონიტორინგი განახორციელო, მისგან დაიცვა ადამიანები და მათი უფლებები, სხვაგვარად უნდა იმუშაო, სუფთად, და ასეთი ხალხი არ უნდა გააკარო თანამდებობებს. მითუფრო, ყველას კარგად გვახსოვს, რა რეზონანსი ჰქონდა გირგვლიანის მკვლელობას და ამ ამბავმა შემდეგში რა პროცესებს დაუდო სათავე.

_ თქვენ წეღან მითხარით, რომ ხელისუფლება პროფკავშირების არჩევნებში გამოყენებასაც გეგმავსო. ამას როგორ შეძლებს?

_ მოგახსენებთ დეტალურად. ერთადერთი პედაგოგთა პროფკავშირიღა აქტიურობდა, როცა ღურჭუმელიძე ედგა მას სათავეში, მაგრამ მერე, ხელისუფლების ზეწოლით, პედაგოგთა ორი პროფკავშირული ორგანიზაცია გააერთიანეს და მაია კობახიძე დაუნიშნეს თავმჯდომარედ. ამ ქალბატონს არა აქვს დასაყრდენი პედაგოგებში, არა აქვს შესაბამისი რეპუტაცია. მაია კობახიძემ თავი ერთადერთი ფრაზით დაგვამახსოვრა არჩევნებამდე _ «მთელ პრობლემას შინ და გარეთ, მე და მიშა მოვაგვარებთ». კობახიძეს მართავს ხელისუფლება. თავის დროზე, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს აუკრძალა პროფკავშირის საწევროს გადახდა. როცა ღურჭუმელიძე მოიცილეს, ეს ორი პროფკავშირი გააერთიანეს და ხელში ჩაიგდეს, მერე უკვე ნება დართეს პედაგოგებს, საწევრო გადაეხადათ. ხომ ყველამ ვიცით, რომ სკოლის მასწავლებლებს აქტიურად იყენებენ «ნაციონალები» საარჩევნოდ? ამ საქმეში პროფკავშირებიცაა ჩართული. მას შემდეგ, რაც კანონით გამკაცრდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, ხელისუფლებას თავის მომხრეებისა და აქტივისტებისთვის ფულის გადახდის პრობლემა შეექმნა. მან ამ საქმეში ჩართო სხვა მექანიზმები. კი, ბევრს ბიუჯეტიდან გამოუწერეს პრემია, ვინც დასაქმებულია, მაგრამ ყველა პედაგოგს ყველა სკოლაში ხომ ვერ დაურიგებ პრემიას? ამიტომაა, პედაგოგთა ნაწილი პროფკავშირებიდან აიღებს იმ გასამრჯელოს, იმის საფასურს, რასაც ისინი გასწევენ «ნაცმოძრაობის» სასარგებლოდ აგიტაციით თუ სხვა სახით. ჩემი ინფორმაციით, ირაკლი პეტრიაშვილს დავალებული აქვს, ამ პედაგოგებს ღირსეული ანაზღაურება მისცეს. პროფკავშირები, არაპირდაპირ, «ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი საარჩევნო შტაბი იქნება და, ცხადია, ფორსირებულად, ფარულად გაკეთდება ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ.

ერთსაც გეტყვით და ამით დავასრულებ. ყველგან გაუქმდა დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციები, გარდა «თელასისა». ირაკლი პეტრიაშვილს «თელასიდან» აქვს შემოსავალი, ამიტომ იქ დატოვეს პროფკავშირი. მაგრამ რამდენს უხდიან «თელასში» პეტრიაშვილს, ამას ჩვენ ვინ გვეტყვის?!

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here