Home რუბრიკები პოლიტიკა არა არს მეფე თვინიერ მიხეილისა და პატრულია მოციქული მისი

არა არს მეფე თვინიერ მიხეილისა და პატრულია მოციქული მისი

579

ხელოვნების ნაწარმოებებში ზოგჯერ წინასწარმეტყველური, თითქმის მისტიკური ეპიზოდები ჩნდება, რომელთა მნიშვნელობასაც იმ წუთში ვერავინ განჭვრეტს, მაგრამ გამოხდება ხანი და ეს ეპიზოდები სულ სხვა დატვირთვას იძენს. მაგალითად, რობერტ სტურუას «კავკასიური ცარცის წრეში» გრუშეს ცნობილმა ფრაზამ პატარა მიშიკო აბაიშვილის შესახებ 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ახალი შინაარსი შეიძინა: «ისევ ჩაიფსი, მიხეილ?»

გრუშე რომ მახათას მთაზე მიხეილის სირცხვილს შესწრებოდა, ალბათ, იგივე ფრაზა აღმოხდებოდა, თუმცა, ისევ «კავკასიურის» ფაბულას რომ მივყვეთ, გუბერნატორის მეუღლე, ქალბატონი ნათელა (იგულისხმეთ ღვიძლი დედა), როგორც ბრეხტის პიესაში, არც აქ იტკიებს თავს საკუთარი შვილის პრობლემებით. არ არის გამორიცხული, რომ შვილის იმპულსური ხასიათისა და ფეთქებადი ნირის გამო ოჯახის წევრებიც ერიდებიან მიხეილის შეგონებას და საყვედურს.

სააკაშვილის ფანები ხშირად ამბობენ არაფორმალურ საუბრებში, რომ მისი ხელისუფლების ეფექტიანობა მეფის მიმართ უზომო შიშს ეფუძნება. დავალებები (რაგინდ აბსურდულიც იყოს) უყოყმანოდ სრულდება, რადგან გარდაუვალი სასჯელის შიში კარნახობს მოხელეებს, ყოველგვარი კრიტიკისა და დაეჭვების გარეშე აღასრულონ ის, რაც მიხეილმა ბრძანა.

როდესაც ამბობენ (სხვათა შორის, ყველაზე ხშირად _ რუსეთში), რომ საქართველოში ყველაზე ეფექტიანი სტრუქტურა პოლიციაა, იმას კი აღარ ამბობენ, რომ შიშით ნაკარნახევი ეფექტიანობა ხშირად სწორედ ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე მიიღწევა.

თუ რამდენიმე წლის წინანდელ სატელევიზიო პროექტს დავესესხებით და გავიხსენებთ, როგორი მონდომებით უხდიდნენ მოქალაქეები პატრულს მადლობას, განვლილი დროის გამოცდილებით შეგვიძლია ეს ფრაზა კონკრეტიკით დავტვირთოთ:

_ მადლობა პატრულს გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის (სიამ ასეულს, კარგა ხანია, გადააჭარბა) მკვლელობისთვის!

_ მადლობა პატრულს, 7 ნოემბერს და 26 მაისს თავები რომ დაგვიხეთქა და მიცვალებულები მაღაზიის სახურავზე შეაწყო!

_ მადლობა პატრულს, რომ წინასწარ იცის, ვინ არის დამნაშავე, და შუშის შენობებიდან მათ გადმოვარდნას ხელს არ უშლის!

_ მადლობა პატრულს, რომ პოლიციის დღედ 6 მაისის გამოცხადებისთანავე აქციის მონაწილეები ეფექტიანად უკუაგდო (იგულისხმე ისევ ხელკეტები და თავების დახეთქვა), ხოლო 7 მაისის დღის ტოპ-ნიუსად მართლმადიდებლების დაპატიმრება აქცია!

_ მადლობა, მადლობა, მადლობა!

რეზინის ხელკეტი, აზიზ ნესინის დაუვიწყარი ესეის გმირი, ისე შეუმჩნევლად დამკვიდრდა ქართულ სინამდვილეში, რომ არც არავის დაუფარავს მისი ამერიკული წარმომავლობა. ხელკეტს იმავე რეზინის ტყვიები და აკუსტიკური იარაღიც დაემატა, რომელიც მომწამლავი აირის გაშვების შემდეგ «მასების სწრაფ მობილიზაციას» იწვევს. მობილიზებულ მასებს კი წყლის მძლავრი ჭავლი უხდება.

_ მადლობა პატრულს!

რეზინი ძვირია, ამიტომ ხელბორკილები პლასტმასის ვიწრო ზოლისა სჯობს _ რაც მეტს იწრიალებ, მით უფრო ღრმად ჩაგიჭრის ხელებს. ასფალტზე პირდაღმა გდება ხელკეტთან ერთად იმპორტირებული დემოკრატიის სიკეთეებზე გაფიქრებს. «ეფექტიან» კოვბოებს ჯინსები აცვიათ, პატრულს არ წარმოადგენენ, მაგრამ მაინც _ მადლობა პატრულს!

 ხელკეტი, ხელკეტი, ხელკეტი… იგი მუნჯსაც აალაპარაკებს, ყვავს თუთიყუშად აქცევს, ენაბლუს ბულბულივით ააჭიკჭიკებს!

_ მადლობა პატრულს!

ხელკეტს აქვს სხეული, მაგრამ არა აქვს არც ყურები, არც თვალები, არც გული!

სიტყვა «ერთგული» დაცინვის ღირსი გახდა. საინტერესოა, რა უფრო უარესია _ ორგული თუ უგულო? მეფეს ვინ უფრო სჭირდება? მეფეს სჭირდება ხერხემალი (არც ყურები, არც თვალები, არც გული!), ხერხემალი კი უკვე იღიმება და ოპოზიციონერს ეანცება: «მე უფრო დიდხანს დავრჩები პოლიტიკაში»! შემდეგ ხერხემალი სხვა ორგანოების ფუნქციასაც იღებს საკუთარ თავზე და ენერგეტიკის დარგში არნახულად გაზრდილ ინვესტიციებზე მსჯელობს: «ფულს სუნი არ უდის. «ვითიბი ბანკი», «რაოეესი» დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ და ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს»! ჩვენი დროის ვესპასიანე არაფერს ამბობს იმაზე, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია, «დაჟანგული» რუსული ტანკები, სულ რაღაც 40 კილომეტრში დგას დედაქალაქიდან.

ხერხემალი სტატისტიკაზეც საუბრობს. მერე რა, რომ ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო ბევრის _ ოდენ სტატისტიკა! «ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში 40 ადამიანი დაკარგა პოლიციამ. 37 ეჭვმიტანილი გარდაიცვალა. მაშინ გავუძელით საერთაშორისო და მედია ზეწოლას და უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში არავინ გარდაცვლილა პოლიციის იარაღით და არ ყოფილა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის პრეცენდენტი. ასეთი რამ არსად არ ხდება».

ასეთი რამ მართლაც არსად ხდება, ასეულობით ადამიანი სწორედ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით რომ იხდის სასჯელს. გარდაცვლილებიც არა პოლიციის, არამედ დემოკრატიის იარაღით _ ხელკეტით არიან მკვდარი, ხელკეტით ან მისი შიშით.

 «თუ დღეს მე თქვენს მეზობელს ჩავარტყამ ზურგში და თქვენ ტკივილს არ იგრძნობთ, ხვალ თქვენი ჯერიც მოვა!»

პოლიციელი ადამიანია, ყველა დანარჩენი _ ეჭვმიტანილი. «გონივრული ეჭვის» თანახმად, 40 სამით კი არა, სამჯერ მეტია 37-ზე. ყველა პოლიციელის ოჯახის წევრი ადამიანია, დანარჩენები _ პოტენციური დამნაშავეები. ჩეკების ლატარიას პირველად სწორედ პატრულის თანამშრომელი იგებს, იმიტომ, რომ ადამიანია. სხვა დანარჩენი…

მეფე კმაყოფილია. მიქელ-გაბრიელის დღეს ძალაუფლების ხელში ჩამგდები მეორე დღეს _ 23 ნოემბრის გიორგობას ადიდებს. მეორე გიორგობას _ 6 მაისს ჯერ «აჭარას იბრუნებს», ხოლო შემდეგ «ხერხემლის დღეს» აწესებს. პოლიცია _ წმინდა გიორგის ნაცვლად, საქმე _ ლაპარაკის ნაცვლად, ხელკეტი _ დემოკრატიის ნაცვლად!

«მე რეზინის ხელკეტი ვარ! როცა თქვენ ალაჰს უხმობთ, მე თქვენს გმინვას არ შევისმენ»!

«მე მინდა, ვიყო პოლიციელი»! ბავშვმა არ იცის, რა უნდა. არა უშავს, აუხსნიან. «თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის ახალი შენობა პომპეზურად გაიხსნა. პირველად შენობაში თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები შევიდნენ. მათ შენობა დაათვალიერეს და სამუშაო კაბინეტებში მცირე დროც დაჰყვეს. ბავშვები პოლიციის ახალ შენობასთან ფეხით მსვლელობით ხილიანის ქუჩის მხრიდან მივიდნენ. საზეიმო მარში, რომელშიც სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, შსს-ს სარიტუალო ასეულმა შეასრულა. მოსწავლეებს თან ჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც ეწერა «მადლობა პატრულს», «მე მინდა ვიყო პოლიციელი», «ჩვენ გვიცავს პატრული», სკანდირებდნენ «პოლიცია მაგარია».

მეფე რომ ოდენ იუსტიციის მინისტრი იყო, ბავშვები ციხეებში დაჰყავდა ექსკურსიაზე, სამინისტროს წინ კი თეთრხელთათმანიანი საპატიო ყარაული ედგა. ახლა ყარაული ხელთათმანებიანად გმირთა მოედანზე, მემორიალთან დგას, ბავშვები კი პოლიციაში დაჰყავთ. არჩევანი ასეთია: ან პოლიცია, ან ციხე!

წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს «ვარდების რევოლუცია» დაუკავშირეს, მისი თავისკვეთის დღეს _ პოლიციის დღე და მას შემდეგ მოგორავს ეს ბორბალი. ბევრი უკვე მოიყოლა, ჯერ ისინი, ვინც უფრო ახლოს იყო, მერე და მერე გარჩევა აღარ უცდია. მეფე ავია, ბორბალმა კი სიჩქარე აკრიფა და მეფესაც შეიძლება მიეწიოს. ოღონდ მან ეს არ იცის, თავი მართლაც მეფე ჰგონია. აინუნშიც არ მოსდის, რომ რევოლუციური ბორბალი არც მეფეებს ზოგავს და არც მათ ხერხემლებს.

მართლმადიდებლობასთან მწყრალად მყოფმა დიდმა «რეფორმატორებმა» გამარჯვების ნიშნად მოოქროვილი მხედრის ბომონიც აღმართეს ვლადიმერ ლენინის კვარცხლბეკზე, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ქართველი მართლმადიდებლები წელიწადის ყოველ დღეს ადიდებენ წმინდა გიორგის. გადმოცემით, საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე 363 ტაძარი და სამლოცველო იყო. სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა.

საქართველოში გიორგობას ბევრი სახელი აქვს: გერისტობა, უსანეთობა, ალავერდობა, ილორობა, სუჯუნობა, აწყურის თეთრი გიორგობა, ატოცობა. რევოლუციური ხელისუფლება კი ატოცის გლახასავით იქცევა და წმინდა გიორგის ისევე იჩემებს, როგორც ვალების ხარჯზე ალაგ-ალაგ გაყვანილ გზებს. «კავკასიური ცარცის წრის» ჩაფსმული გმირი ახალ წრეს ხაზავს და, რაკი ყველაფერში პირველობას ეპოტინება, მასაც «პირველ კავკასიურს» არქმევს. ამ წრეში მადლობას ისევ პატრულს უხდიან და იმ ზღაპრებს, რომლებიც საქართველოში აღარ ჭრის, სრულიად კავკასიას მოუთხრობენ.

მეფე პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს იბარებს და მართლაც მეფურ სიტყვას ამბობს: «პოლიციის რეფორმა იყო პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ და ჯერჯერობით არის მთავარი სიმბოლო ჩვენი გარდაქმნის და ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის. საბჭოთა მილიციისგან მთავარი განსხვავება არის ის, რომ საბჭოთა მილიცია მიიჩნევდა, რომ ხალხი იყო მისი საკუთრება და დამცირების, გამოძალვის, წამების ობიექტი, დღევანდელი პოლიცია კი მიიჩნევს, რომ ის თავად ეკუთვნის ხალხს, წარმოადგენს, იცავს და ემსახურება ხალხს. ამიტომ ხალხი პასუხობს ამ ყველაფერს სიყვარულით. თქვენ ამას გრძნობთ თქვენს სამსახურში, თქვენი ოჯახის წევრები ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობენ».

დიახ, ისინი ამას სამსახურშიც გრძნობენ და ოჯახებშიც, რადგან «ხალხის» წოდებით მხოლოდ თავად სარგებლობენ. ეს სხვა ხალხია, რომელიც 6 მაისს გიორგობის მაგივრად პოლიციის დღეს ზეიმობს. წელს გორში იზეიმებენ, ადგილი თავისუფალია _ «ყველა ხალხის მამა» იქ აღარ დგას, ხოლო მისი სახლ-მუზეუმი სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთდება. იმდროინდელი ხერხემალი ამბობდა: «ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მესმის»… დღევანდელი ხერხემალი მეორე ხმას აძლევს: «საქართველოს პოლიცია ყველაზე მსუბუქად არის შეიარაღებული»!

მსუბუქად შეიარაღებული რომ ამდენს მოახერხებს, მძიმე შეიარაღებით რაღას იზამს! ამიტომაც შეუდგა მეფე ჯავშანტექნიკის შექმნას. ახლა მსუბუქ იარაღს სოფლებში არიგებენ, მეფის ხერხემალი კი «ლაზიკაზე» ამხედრებას და ახალი «დიდგორის» მოგებას უპირებს ქართველებს. ჩვენი დროის დიდგორის თარიღი უკვე განსაზღვრულია _ იგი ოქტომბრის არჩევნებს ემთხვევა. ოღონდ არც ხერხემალია წმინდა გიორგი და არც მიხეილი _ მეფე. ისინი ბჭობენ, ღმერთი კი იცინის.

წმინდა გიორგის მადლი გვფარავდეს, ხალხო!

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here