ხრუშჩოვისეულ «მხილებათა» ქვენაგრძნობები
გროვერ ფერის წიგნში დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ «რეპრესირებული» პარტიული ხელმძღვანელები იმ დროის შესაფერი სასჯელის ზომით იყვნენ პასუხისგებაში მიცემული და შესაბამისად განსჯილი. წიგნში განხილული ფაქტების ნაწილს ჩვენი მკითხველი გაეცნო, ფაქტი სხვაც ბევრია და დაინტერესებულებს შეუძლიათ წაიკითხონ.
უტყუარად მტკიცდება, რომ ხრუშჩოვის მიერ «მხილებული» ნეგატივიზმი, უფრო ზუსტად, ბრალდებები, რომლებიც სტალინს წაუყენა, უნამუსო ტყუილი და ცილისწამებაა.
ლოგიკურად იბადება კითხვა: რატომ დასჭირდა ნიკიტას ასეთი არნახული სიცრუის აგორება?
ამ კითხვას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვაგვარად უპასუხებს. საკუთარი ანალიტიკური ხედვა აქვს გროვერ ფერისაც.
ათობით წლის განმავლობაში მიიჩნევდნენ: ხრუშჩოვმა სტალინის წინააღმდეგ მკვეთრი კრიტიკით გამოსვლა საკუთრივ «დახურულ მოხსენებაში» წარმოდგენილი მოტივების გამო გაბედა. მაგრამ ამჟამად საწინააღმდეგო, ამ დამკვიდრებული კლიშესგან განსხვავებული რამ მტკიცდება, კერძოდ, ხრუშჩოვისეული ყველა ბრალდება თუ «მხილება» სიცრუეა. ამიტომ შეკითხვა უფრო მწვავდება: რა გახდა ასეთი აღმაშფოთებელი ტყუილის თქმის მიზეზი?
რატომ გააკრიტიკა ხრუშჩოვმა სტალინი?
რატომ გამოვიდა ხრუშჩოვი «გამანადგურებელი» მოხსენებით? რა იყო მისი ჭეშმარიტი მოტივები? ხრუშჩოვის ბაგეთაგან გაჟღერებული დასაბუთება უკვე სერიოზულად არ აღიქმება. ისინი ისეთივე ყალბია, როგორც ხრუშჩოვისეული «მხილებანი», რომლებიც ცნობილი იყო მომხსენებლისადმი, მაგრამ მათ არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.
რაღაც ვითარება უბიძგებდა ნიკიტას, მაგრამ ამის თაობაზე ხმა არ გაუღია პარტიის XX ყრილობის დახურულ სხდომაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კარგად ნაცნობი «დახურული» გამოსვლის გარდა არსებობდა მეორე, ნამდვილად საიდუმლო მოხსენება, რომელიც წარმოუთქმელი და უცნობი დარჩა. გროვერ ფერი მკითხველს სთავაზობს ნარკვევს, რომლის მიზანი პასუხის ძებნა კი არ არის, არამედ თავად შეკითხვის ამ რაკურსით დაყენებაა. ამიტომ, როგორც ავტორი ამბობს, ქვემოთ განხილული იქნება აშკარა (და ზოგჯერ, არც თუ ბოლომდე ნათელი) ვარაუდები, აგრეთვე, თემები ისტორიის სამომავლო კვლევებისთვის.
აშკარაა: «რეაბილიტაციის» კამპანიას რომ იწყებდა და მთელი პასუხისმგებლობის სტალინზე გადატანას რომ აპირებდა, ხრუშჩოვი ისწრაფვოდა 1930-იანი წლების მასობრივ რეპრესიებში საკუთარი როლის ნეიტრალიზებას, მხილების თავიდან აცილებას, წინმსწრები პრინციპით მოქმედებდა.
მოსკოვსა და უკრაინაში, სადაც ხრუშჩოვმა დამსახურებულად მოიპოვა «ტერორის არქიტექტორის» რეპუტაცია, მისი მოქმედების ზემოთქმულ პრინციპს _ სიცრუეს შეეძლო შეერბილებია მოსახლეობის გამწარების დონე.
ამ ბოლო დრომდე ხრუშჩოვის მოხსენება ხალას სიმართლედ იყო მიჩნეული, მაგრამ ავტორის (გროვერ ფერის. _ ა.ს.) მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ასეთი მიდგომა უსაფუძვლოა. ასეთ დასკვნას უამრავი შეკითხვა მოჰყვება. მაგალითად: რატომ აიტეხა ხრუშჩოვმა «დახურული მოხსენებით» გამოსვლა? რისთვის დასჭირდა ამდენი ძალისხმევა (ფსევდოგამოკვლევების ფაბრიკაცია, დოკუმენტების განადგურება და დამალვა) და ამდენი პოლიტიკური მსხვერპლი? ნუთუ ერთი მოხსენებისთვის, რომელიც უტილიტარული თვალსაზრისით მთლიანად ტყუილზეა აგებული?
ერთ–ერთი პასუხი ამას ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გასცა. ჩინელი კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ ხრუშჩოვსა და მის მომხრეებს სურდათ, რადიკალურად შეეცვალათ პოლიტიკური კურსი, რომელსაც, ჩინეთის კომპარტიის აზრით, საბჭოთა კავშირი სტალინის დროს განახორციელებდა. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ხრუშჩოვისდროინდელ მთელ რიგ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს ჩინეთში აღიქვამდნენ როგორც მარქსისტულ–ლენინურ საფუძვლებზე უარის თქმას.
ასეთ ინტერპრეტაციაში არის ჭეშმარიტების მარცვალი. ამგვარი შეხედულებების ფესვები საბჭოთა სინამდვილეში იყო დამარხული. პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ამჟამად ხრუშჩოვის სახელთან ასოცირდება, სტალინის სიკვდილისთანავე დაიწყო, მანამდე, სანამ ხრუშჩოვი ძალაუფლების უზურპაციას მოახდენდა. ტენდენციებიდან კი ბევრი ჯერ კიდევ 1940-იანი წლების ბოლოდან და 1950-იანი წლების დასაწყისიდან შეინიშნებოდა, ე.წ. გვიანსტალინური პერიოდიდან. ძნელი სათქმელია, რა დოზით უჭერდა მხარს ან ეწინააღმდეგებოდა თვით სტალინი ამ ტენდენციებს. უკანასკნელ წლებში იგი სულ უფრო ნაკლებად იყო პოლიტიკურად აქტიური. თუ გადავხედავთ, მაგალითად, მის წიგნს «სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები სსრ კავშირში (1952) და სკკპ XIX ყრილობის დადგენილებებს, შეიძლება გვეჩვენოს, რომ მას სურდა კომუნიზმის მშენებლობის სხვა გზის ჩვენება. წლების შემდეგ მიქოიანმა სტალინის შეხედულებები შეაფასა როგორც «წარმოუდგენლად მემარცხენე გადახრა». სტალინის სიკვდილისთანავე «კოლექტიური ხელმძღვანელობა» შეთანხმდა: უარი თქვან, როგორც თვით წიგნის ხსენებაზე, ასევე სტალინურ გეგმებზე, რომლებიც სახელმწიფო მმართველობისგან პარტიის ჩამოცილებას გულისხმობდა.
მეორე ჰიპოთეზის მიხედვით, ხრუშჩოვმა სტალინის კრიტიკა სკკპ ცკ–ის პრეზიდიუმის სხვა წევრების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გამოიყენა, განსაკუთრებით _ მოლოტოვის, მალენკოვისა და კაგანოვიჩის წინააღმდეგ. ასეთი პოლიტიკური გეზი გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული: ხრუშჩოვს არ შეეძლო წინასწარ სცოდნოდა, გამოვიდოდნენ თუ არა ოპონენტები კონტრბრალდებებით და არ განახორციელებდნენ მის წინააღმდეგ უფრო მკაცრ ზომებს, შეიძლება აქ არის დამარხული პასუხი კითხვაზე, როგორ შეძლო, მიემხრო ისეთი უპრინციპო ადამიანები, როგორიც იყო პოსპელოვი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მასობრივი რეპრესიების ორგანიზებაში ხრუშჩოვის როლის დამადასტურებელი დოკუმენტებისგან არქივების «გაწმენდაში»?
შესაძლებელია, რომ ხრუშჩოვს თავადაც ესმოდა, რომ ბერიას ჩამოცილებით იგი რჩებოდა ერთადერთი, ვისაც გააჩნდა საკუთარი «პროგრამა» და პოლიტიკური ნება თავისი მისწრაფებების განსახორციელებლად. თუ იმ წლებს გადავხედავთ, აშკარად შევამჩნევთ, რამდენად პასიურები იყვნენ პრეზიდიუმის დანარჩენი წევრები. აშკარა იყო, რომ ყველა მათგანი ინიციატივას ყოველთვის სტალინს უთმობდა და სრულად მასზე იყო დამოკიდებული. არ გამოვრიცხავთ, რომ პასიურობა მოჩვენებითი იყო და მის მიღმა მიმდინარეობდა პოლიტიკური იდეების ბრძოლა საბჭოთა ხელმძღვანელობაში.
ისტორიკოსმა იური ჟუკოვმა მესამე ჰიპოთეზა შემოგვთავაზა. მისი აზრით, ხრუშჩოვის მიზანი იყო დემოკრატიული რეფორმების შეწყვეტა, რომლებიც მტკიცედ ასოცირდებოდა სტალინთან და მის უახლოეს თანამებრძოლებთან ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმში (1952 წლამდე _ პოლიტბიუროში), უწინარეს ყოვლისა, _ გიორგი მალენკოვთან. იგი ბელადის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა მათ განხორციელებას. გარდაქმნების არსი იყო ის, რომ პარტიისთვის ჩამოეშორებინათ მისთვის უჩვეულო ეკონომიკისა და კულტურის მართვის ფუნქცია და გადაეცათ ეს ყველაფერი არჩევნების გზით შექმნილი საბჭოებისთვის. განზრახული იყო, სახელმწიფოს მართვის «გარდაქმნა» და რესტრუქტურიზაცია» სოციალისტური სისტემის ჩარჩოებში განხორციელებულიყო.
ჟუკოვი დაწვრილებით აღწერს დაპირისპირების შემთხვევებს: ერთის მხრივ, სტალინისა და მისი მომხრეების, რომლებიც ცდილობდნენ, ჩამოეცილებიათ პარტია სახელმწიფოს მართვის ბერკეტებისთვის, და, მეორე მხრივ, პოლიტბიუროს დანარჩენი წევრებს შორის, რომლებიც რეფორმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. 1953 წლის მაისში, სტალინის გარდაცვალებიდან ორ თვეში, აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ _ სსრკ მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლითაც გამორჩეულ პარტიულ ხელმძღვანელებს გაუუქმდათ დამატებითი ფულადი ანაზღაურება, ანუ ე. წ. კონვერტები, რითაც იმავე რანგის სახელმწიფო აპარატის მომსახურებათა რეალური ხელფასების დონით ორჯერ უფრო დააკნინა. ჟუკოვი აღნიშნავს, რომ სწორედ მალენკოვი გამოვიდა ამ დადგენილების მიღების ინიციატივით. თავისი სულისკვეთებით ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა სახელმწიფოს მმართველობისგან პარტიის ჩამოცილებას და ამ უფლებამოსილების სამთავრობო ორგანოებისთვის გადაცემას. ნიშანდობლივია, რომ დადგენილება ძალაში შევიდა ბერიას თავსდამტყდარ უკანონო ძალადობამდე ცოტა ხნით ადრე. ლავრენტი ბერია, როგორც ვიცით, რეფორმებს ემხრობოდა. 1953 წლის ივნისში ბერია მოულოდნელად დააპატიმრეს და ციხის საკანში გამოკეტეს, სხვა ვერსიით, ცინიკურად დახვრიტეს ადგილზე (აეროპორტში, სადაც იგი ბერლინიდან ჩამოფრინდა. _ ა.ს.). აგვისტოში კი ხრუშჩოვმა შეძლო (გაუგებარია, როგორ) აღედგინა «კონვერტები» მაღალი თანამდებობის პარტიული ჩინოვნიკებისთვის, გაეზარდა პრემიების მოცულობა და გადაეხადა 3 თვის განაცდური. სამი კვირის შემდეგ გაიმართა ცენტრალური კომიტეტის პლენუმი და მისი მუშაობის ბუკვალურად ბოლო წუთებში აღადგინეს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა (1934 წლამდე _ გენერალური მდივნისა), რომელზეც, რა თქმა უნდა, ხრუშჩოვი აირჩიეს. აქ ძნელია, არ შევნიშნოთ, რით და როგორ გადაუხადა მადლობა პარტიულმა ნომენკლატურამ «თავის კაცს».
ჟუკოვი ასკვნის: «ხელისუფლებაში პარტაპარატის ამ დაბრუნებაში იმალება, ჩემი ღრმა რწმენით, XX ყრილობის ჭეშმარიტი არსი. ხოლო ამის დაფარვისთვის აუცილებელი გახდა არსებული მოვლენებიდან დახურული მოხსენების მეშვეობით ყურადღების წარსულზე გადატანა».
უეჭველია, რომ სიმართლის ელემენტები არის როგორც «ძალაუფლებისთვის ბრძოლის» ვერსიაში, ისე ჩინეთის კომუნისტების ანტირევიზიონისტულ არგუმენტებში, მაგრამ ჟუკოვის ვერსია, როგორც ჩანს, ყველაზე ახლოსაა ჭეშმარიტებასთან.
სტალინი და მისი მომხრეები საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაციის გეგმას უჭერდნენ მხარს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი უნდა ყოფილიყო საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნები ერთ ადგილზე არანაკლებ 2-3 კანდიდატის წარდგენით. გეგმა ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირში ძალაუფლების ისეთ გადანაწილებას, რომ ხრუშჩოვის მსგავსი პარტიული ხელმძღვანელების ადგილები დაეკავებიათ კომპეტენტურ და ალტერნატიულ საფუძველზე არჩეულ სახელმწიფოს მართვის მცოდნე პროფესიონალებს. პარტიაც მოგებული დარჩებოდა: უჩვეულო ფუნქციების მისთვის ჩამოცილება ხელს შეუწყობდა მის ხელახლა დაბადებას, ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას, რომელიც თავის რიგებში გააერთიანებდა კომუნიზმისთვის ერთგულ მებრძოლებს და არა გაუმაძღარ მომხვეჭელებს. ხრუშჩოვს მხარი დაუჭირეს პირველმა მდივნებმა, რომლებიც განწყობილნი იყვნენ ნებისმიერი ამგვარი გარდაქმნების წინააღმდეგ და თავიანთი პრივილეგიების შენარჩუნებისთვის.
თანამედროვე მიმომხილველები ხრუშჩოვის საშინაო და საგარეო პოლიტიკას აფასებენ როგორც მკვეთრ განდგომას იმ პოლიტიკისგან, რომელიც სტალინის სახელთან იყო დაკავშირებული. პოლიტიკური ცვლილებები სტალინის სიკვდილისთანავე დაიწყო, როცა ცენტრალური კომიტეტის მომავალ პირველ მდივანს არ ეკავა ყველაზე გავლენიანი მდგომარეობა პრეზიდიუმში. ფაქტობრივად, ე. წ. პოსტსტალინური დათბობა დაიწყო სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში, სულ ცოტა, საბჭოთა კულტურის სფეროში. ეს იდეა განვითარებულია ვადიმ კოჟინოვის ბოლო შრომებში . «რეფორმებს» შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა სტალინის მრავალწლიან პოლიტიკას, როგორც წესი, ასახელებენ:
_ შემობრუნებას საბაზროორიენტირებულ ეკონომიკისკენ;
_ ეკონომიკური აქცენტების გადანაცვლებას მძიმე მრეწველობიდან და წარმოების საშუალებათა წარმოებიდან სახალხო მოხმარების საქონლის წარმოებისკენ;
_ მარქსისტულ–ლენინური კლასიკური კონცეფციის უარყოფას, რომ, სანამ არსებობს იმპერიალიზმი, მასთან ომები გარდაუვალია; საერთაშორისო ურთიერთობაში იმპერიალისტურ სახელმწიფოებთან პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების ნებისმიერი საშუალებით თავიდან აცილების პოლიტიკის განხორციელებას;
_ სხვა კლასებთან კავშირის განსამტკიცებლად მუშათა კლასის ავანგარდულ როლზე უარის თქმას სოციალურ რევოლუციებში;
_ კაპიტალიზმზე «მშვიდობიანი შეჯიბრის» გზით გამარჯვებისთვის და პარლამენტური გზით სოციალიზმზე გადასვლის მისაღწევად ახალი თეზისების ხმარებაში შემოტანას;
_ სტალინური დებულების უარყოფას კომუნიზმისკენ მსვლელობის შესახებ სოციალიზმის უფრო მაღალი სტადიების გავლით.
საბჭოთა საზოგადოებაში და პარტიის შიგნით ძირფესვიანი ცვლილებების გარეშე ხრუშჩოვი ვერასოდეს მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში, ვერ ჩაიფიქრებდა «დახურულ მოხსენებას», ვერ წარუდგენდა მას პარტიის XX ყრილობას და ვერ მიაღწევდა წარმატებას.
ასეთ პრინციპულ დასკვნას გვთავაზობს ამერიკელი ანალიტიკოსი გროვერ ფერი.
ნუ გამოვრიცხავთ ველიკორუსულ შოვინიზმსაც, რომელიც ვერ შეეგუა სხვა ეროვნების წარმომადგენლის ბელადობას, ქართველის პირველკაცობას. ეს დასკვნა, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტურია, მაგრამ ალოგიკური არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, არც ერთ მკვლევარს არ დაუმოწმებია. მაგრამ რუსეთის ინტელიგენციის მიერ, რომლისთვისაც ველიკოდერჟავული სულისკვეთება ყოველთვის დამახასიათებელი იყო, ხრუშჩოვის «დათბობის» ერთსულოვანი მხარდაჭერა, მეტიც, გაკეთილშობილება, ეგებ ერთგვარი საბუთი იყოს ჩვენი მოსაზრების საფუძვლიანობის.
ამ გადახვევის შემდეგ კვლავ «ანტისტალინურ უნამუსობას» დავუბრუნდეთ.
ხრუშჩოვი _ შეთქმულების მონაწილე?
მთელი რიგი მკვლევარებისა (მათ შორის ზემოთ ნახსენები ჟუკოვიც) ამტკიცებს, რომ სწორედ პირველმა მდივნებმა, რობერტ ეიხეს (ესეც ნახსენებია ჩვენს წინა პუბლიკაციებში) მეთაურობით სათავე დაუდეს 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიებს. ხრუშჩოვიც პირველი მდივანი იყო და მონაწილეობდა ფართომასშტაბიანი რეპრესიების განხორციელებაში, ათიათასობით ადამიანის წამებასა და დახვრეტაში.
მდივნების უმეტესობა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა და სასჯელის უმაღლესი ზომა დაიმსახურა, მაგრამ ხრუშჩოვი არა მარტო სასწაულებრივად გადაურჩა სამართლის მსახვრალ ხელს, არამედ დააწინაურეს კიდეც პარტიული ხაზით.
შეიძლება, რომ ხრუშჩოვი ასევე ყოფილიყო შეთქმულების მონაწილე, მაგრამ უმაღლესი რანგის ერთ-ერთი თანამონაწილე ვერ ამხილეს? ამ ჰიპოთეზის დადასტურება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ სწორედ მას შეეძლო ყველაზე უკეთ აეხსნა და ლოგიკურად დაეკავშირებინა ყველა არსებული მტკიცებულება.
(ზოგიერთი მკვლევარი, მაგალითად, მუხინი თავის წიგნში «სტალინისა და ბერიას მკვლელობა» ცდილობს ამ ფაქტის ახსნას. დედააზრი ასეთია: როცა სტალინი მიადგა ამ ამოცანის ამოხსნის რეალურ პასუხს, იგიც და ბერიაც მოკლეს).
«დახურულ მოხსენებას» ხშირად წარმოგვიდგენენ, როგორც ბუხარინის სარეაბილიტაციოდ გადადგმულ მოსამზადებელ ნაბიჯს. და მართლაც «ბუხარინის პროცესის» (1938) ზოგიერთი მონაწილე XX ყრილობის კვალზე რეაბილიტირებულ იქნა. ლოგიკურად, ბუხარინიც მათ რიცხვში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით გამოვიდა. წლების შემდეგ ხრუშჩოვი თავის მოგონებებში წერდა, რომ, მიუხედავად მისი სურვილისა, ბუხარინის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა უცხოეთის კომპარტიების ზოგიერთი ხელმძღვანელის წინააღმდეგობის გამო. მიქოიანი აღნიშნავდა, რომ ბუხარინის სარეაბილიტაციო დოკუმენტი მომზადდა და ხელმოწერილ იქნა, მაგრამ ბოლო მომენტში ხრუშჩოვმა უკან დაიხია.
რატომ იყო ხრუშჩოვი ბუხარინის რეაბილიტაციით დაინტერესებული? ამის ახსნა შეიძლება იმ ერთგულებით, რომლითაც ხრუშჩოვი ბუხარინის მიმართ იყო განმსჭვალული. შეიძლება, რომ ამას საფუძვლად ედო ბუხარინიზმის იდეებისადმი ნიკიტას მიმდევრობა. მაგრამ ეს ერთადერთი პასუხი არ არის.
ხრუშჩოვის დროიდან მოყოლებული და განსაკუთრებით 1988 წელს გორბაჩოვის პერიოდში ბუხარინის უდანაშაულობა თავისთავად ცხადად იყო მიჩნეული… მაგრამ ამის საკმარისი საფუძველი არ. არსებული მასალები დამაჯერებლად გვარწმუნებს, რომ ბუხარინი ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო შეთქმულების თანამონაწილე იყო.
ამგვარი მიდგომა გულისხმობს ბუხარინის მიერ მიცემული ჩვენების გულწრფელობას 1938 წლის პროცესზე, მაგრამ ცნობილია, რომ სრული სიმართლე მას მაშინაც არ უთქვამს. როგორც ჯ. გეტიმ შენიშნა, ბუხარინი კატეგორიულად უარს ამბობდა რისამე აღიარებაზე, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ აღიარებითი ჩვენებების მიცემა არ დაიწყო დაპატიმრებულმა ტუხაჩევსკიმ. როგორც კი შეიტყო ბუხარინმა, რომ ტუხაჩევსკი ალაპარაკდა, მის ჩვენებებში მარშლის გვარიც დაუყოვნებლივ გაჩნდა.
არსებობს ჩვენებები, რომ ბუხარინმა სხვა შეთქმულთა გვარებიც იცოდა, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე არაფერი უთქვამს არც გამოძიების, არც სასამართლო პროცესის დროს. ფრინოვსკის განცხადებით, სხვებთან ერთად იქ ეჟოვიც ფიგურირებდა. ყველაფერი ეს სიმართლესთან ახლოს არის და ამას ადასტურებს ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ეჟოვის შესახებ. შეიძლებოდა თუ არა, რომ ბუხარინისთვის ცნობილ პირთა შორის ხრუშჩოვიც ყოფილიყო? თუ _ კი, მაშინ მხოლოდ იმ შემხთვევაში, თუ ნიკიტა შეთქმულების ხელმძღვანელთა შორის აღმოჩნდებოდა და ამიტომ ყველაზე უფრო კონსპირირებული იქნებოდა.
იქიდან, რაც დღეისთვის ცნობილია, გამომდინარეობს: ხრუშჩოვი მასობრივი რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, შესაძლებელია, ყველაზე მაღალი თანამდებობისაც კი, ეჟოვისა და, ალბათ, ეიხეს გამოკლებით. ერთ-ერთი ახსნა, როგორც ჩანს, არის ის, რომ 1937-1938 წლებში ხრუშჩოვი მოსკოვის საქალაქო და საოლქო კომიტეტების, შემდეგ კი უკრაინის კომპარტიის პირველი მდივნის თანამდებობებზე იმყოფებოდა. მოკლედ, ორივე შემთხვევაში იგი ხელმძღვანელობდა მჭიდროდ და მრავლად დასახლებული და მნიშვნელობით განსაკუთრებული რეგიონების პარტიულ-სამეურნეო საქმეებს. ჩვენ ვიცით, აგრეთვე, რომ ბუხარინის დახვრეტიდან 20 წლის შემდეგაც ხრუშჩოვი მისი ერთგული რჩებოდა.
ვერსია, რომლის მიხედვით ცკ-ის მომავალი პირველი მდივანი მრავალი წლის განმავლობაში მემარჯვენე ტროცკისტული შეთქმულების უაღრესად გასაიდუმლოებულ თანამონაწილედ რჩებოდა, უფრო და უფრო დამაჯერებელი ხდება. ამას ადასტურებს მისი როლიც სხვა ცნობილ შეთქმულებებში.
«ძველი გვარდია» ამოძრავდა
1953 წლის 5 მარტს, როცა სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (თუმცა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა), ყოფილი პოლიტბიუროს «ძველმა გვარდიამ» გააუქმა 1952 წლის ოქტომბრის პლენუმის დადგენილება სკკპ ცკ–ის პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობის გაზრდისა და სხვა ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებათა შესახებ. ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იყო რაიმე განხილვის და პრეზიდიუმის წევრთა სრული შემადგენლობის მიერ თანხმობის გარეშე (რომ არაფერი ვთქვათ ცენტრალური კომიტეტის ყველა წევრის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობაზე). ამრიგად, ძალაუფლება გადავიდა «კოლექტიური ხელმძღვანელობის» ხელში, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავდა, რომ ქვეყანაში პარტიულ–სახელმწიფოებრივი გადატრიალება მოხდა.
_ ხრუშჩოვი შეთქმულების მამოძრავებელი ძალა გახლდათ, რომლის მიზანი ლავრენტი ბერიას დაპატიმრება და, შესაძლოა, მკვლელობა იყო. ცნობილია, რომ თავიდან მის დაპატიმრებას არ აპირებდნენ _ ეს დაფიქსირებულია მალენკოვის გამოსვლის პროექტში (დედანში): ბერია უნდა გაეთავისუფლებიათ სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან და დაენიშნათ ნავთობის მრეწველობის მინისტრად.
_ გამომდინარე იქიდან, რომ ხრუშჩოვმა შეძლო ცკ-ის პრეზიდიუმის წევრებისთვის ხელმიუწვდომელი გაეხადა საარქივო მასალები, რომლებსაც სარეაბილიტაციო კომისიები იყენებდნენ, უფლება გვაქვს, განვაცხადოთ, რომ არსებობდა ფარული მოლაპარაკება მათ შორის, ვინც ნიკიტას საჭირო მასალებით ამარაგებდა, სხვებს კი ახლოსაც არ აკარებდა.
აშკარაა, რომ შეთანხმებაში მონაწილეობდა პოსპელოვი, რომელიც ხრუშჩოვის მოთხოვნით ხელმძღვანელობდა შექმნილ კომისიას. შეთქმულების კიდევ ერთი მონაწილეა სსრკ გენერალური პროკურორი, რომლის ხელმოწერილია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო ცნობები. სარეაბილიტაციო კომისიის სხვა მონაწილეები, პლიუს გამომძიებლები და არქივისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ პირველწყაროების მოძებნაში პოსპელოვის მოხსენებისთვის, როგორც ჩანს, დააფიცეს, ხმა არ ამოეღოთ და, მაშასადამე, ისინიც ითვლებიან შეთქმულების მონაწილეებად.
ცნობილია მხოლოდ ზოგიერთების გვარები, ვინც საარქივო-საგამოძიებო მასალებს შეისწავლიდა, მაგრამ რაიმე დამატებითი ცნობები თვით მკვლევართა შესახებ არ არსებობს, მაგალითად, ვინმე ბორის ვიქტოროვი, რომელიც, მისი სიტყვებით, შედიოდა რეაბილიტაციების მოსამზადებელ იურისტთა ჯგუფში. 1990 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი და რიგი სტატიებისა, რომელთაგან ერთ-ერთი დაიბეჭდა 1988 წლის 29 აპრილის გაზეთ «პრავდაში» და ერთხელ კიდევ მოგვითხრო მარშალ ტუხაჩევსკისა და სხვა სარდლების უდანაშაულობის შესახებ.
ეჭვგარეშეა, რომ აქ საქმე გვაქვს ერთ-ერთ თაღლითურ ხრიკთან. ვიქტოროვი აცხადებს, რომ წითელ არმიაში არსებული შეთქმულების მონაწილეები უდანაშაულონი არიან, მაგრამ თავის პოზიციას ვერაფრით ამტკიცებს. იგი ციტირებს რაღაც საეჭვო დოკუმენტს და უყურადღებოდ ტოვებს ჭეშმარიტად უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებსაც უეჭველად არის გაცნობილი. ეს დოკუმენტები მაშინაც იყო ცნობილი, როცა ვიქტოროვის ნაწარმოების ხელნაწერი დასაბეჭდად მზადდებოდა, თუმცა საჯაროდ არ გამოუტანიათ. ამით კი ვიქტოროვი გასცემს საკუთარ თავს, როგორც იმ «შეთქმულების» ერთ-ერთი მონაწილე, რომლის წევრებიც ხრუშჩოვს აწვდიდნენ ნაყალბევ მასალებს «დახურულ მოხსენებაში» დასახელებულ პირთა უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხელისუფლების სათავეში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ არქივები გულმოდგინედ «გაასუფთავეს», რის შედეგადაც ბევრი დოკუმენტი ამოიღეს და, უნდა ვივარაუდოთ, გაანადგურეს კიდეც. ისტორიკოსები თანხმდებიან: გამქრალი დოკუმენტები უთუოდ დაკავშირებული იყო ხრუშჩოვის მონაწილეობასთან 1930-იანი წლების ბოლოს განხორციელებულ რეპრესიებში. დღეს უკვე აშკარაა, რომ ხრუშჩოვის მოხსენების არც ერთი მტკიცებულება სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო პოსპელოვის სარეაბილიტაციო ცნობები და მოხსენება პირწმინდად ამახინჯებს წარსულის სინამდვილეს. სავსებით დასაშვებია, რომ გაანადგურეს უამრავი სხვა დოკუმენტიც.
განახორციელეს ჭეშმარიტად ტიტანური სამუშაო დიდი რაოდენობით არქივისტებისა და იმათი მონაწილეობით, ვინც სპეციალისტების საქმიანობას აკონტროლებდა. საფიქრალია, რომ კვლევის მასშტაბი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ საქმეს მხოლოდ რუდენკოსა და პოსპელოვის ძალები აშკარად ვერ აუდიოდა, ამიტომ სამუშაოდ მიწვეული იყვნენ არქივისტების მნიშვნელოვანი შტატი და თანამდებობის პირები, ვინც ხრუშჩოვს სრულად ენდობოდნენ. ბუნებრივია, ყველა მათგანისთვის ცნობილი იყო, კერძოდ რომელ მტკიცებულებათა დამალვა ან განადგურება სურდა ნიკიტას.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე