Home რუბრიკები საზოგადოება შოთა ბუაძე: 60 წელია, რაც სტალინი აღარაა, მაგრამ უყვართ და ახსოვთ! სააკაშვილს...

შოთა ბუაძე: 60 წელია, რაც სტალინი აღარაა, მაგრამ უყვართ და ახსოვთ! სააკაშვილს ვინ გაიხსენებს 60 წლის შემდეგ?

1180

_ გათახსირდა ხალხი! ახალი უნიტაზი 170 ლარი დამიჯდა, 30 ლარი მისი დაყენება და მაინც წყალს უშვებს! «ბრაკი» არაა, სანტექნიკოსია უვარგისი, მოუწესრიგებელი, როგორც ჩვენი ქვეყანა და მისი ხელისუფლება! რას აკეთებენ?! მხოლოდ ცოფიანი ძაღლებივით უყეფენ ივანიშვილს, კაცს, რომელიც სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს! _ შემომჩივის ერთდროულად უნამუსო, დაბალი კვალიფიკაციის სანტექნიკოსსა და არანაკლებ უნამუსო ხელისუფლებაზე დიდი სამამულო ომის მონაწილე, პროფესორი შოთა ბუაძე.

ვიბნევი კიდეც, რადგან საუბრის ასეთი დაწყება ჩემს გეგმაში არ შედის! ცოტაც და, ძირითად თემას _ სამამულო ომს _ გადავუხვევთ და ნაციონალების ლანძღვა-გინებაში უძვირფასეს დროს «სიცოცხლეს გამოვასალმებთ», რაც ნამდვილად არ ღირს.

_ ვხედავ, მშვენიერი ბიბლიოთეკა გაქვთ, ბატონო შოთა, _ ვამშვიდებ ვეტერანს და ვცდილობ, დაძაბული ვითარება განვმუხტო.

_ ორი «ოთახი» წიგნი წავიღე კათედრაზე, მაგრამ ამათ ფიზკულტურის აკადემია დაარბიეს, ხოლო უნიკალური წიგნები სანაგვეში გადაყარეს! ნეტავ, საკუთარ ოჯახებში წაეღოთ მაგ უგუნურებს, წაეკითხათ, ეგებ, შველებოდათ!.. რაღაც ფანტასმაგორიაა ამაში, აი, როგორც სალტიკოვ-შჩედრინის ზღაპარში «დათვი ვოევოდობაზე», რომელმაც ტიპოგრაფია დაარბია, შრიფტები არია, ადამიანის გონების ნაწარმოებები კი საჭირო ოთახში «დააბინავა»… თავს იმით ვინუგეშებ, რომ ეს ჩვენი განათლების სისტემის «რეფორმატორები» მაგ დათვივით ცუდად დაამთავრებენ!..

`И постигла его учесть всех пушных зверей~, _ თავის მხრივ, გამახსენდა განათლების მოძულე დათვის, მგონი, მესამე «ვოევოდის» ბოლო.

შოთა ბუაძე დაიბადა 1925 წლის 11 დეკემბერს ქალაქ ბათუმში.

_ ეს მეტრიკის მიხედვით ვარ 11 დეკემბერს  დაბადებული, _ მიხსნის ვეტერანი, _ სინამდვილეში, 27 იანვარს მოვევლინე წუთისოფელს. დღემდე არ ვიცი, ვინ ჩამიწერა მეტრიკაში ეს თარიღი, ვეჭვობ, _ საექიმო კომისიის რომელიღაც წევრმა. ალბათ, ტანად პატარა რომ ვიყავი, შევეცოდე, უნდოდა, ფრონტზე, რაც შეიძლება გვიან გავეწვიე.

მაგრამ ყმაწვილმა შოთამ დაიჩემა და 17 წლისა ფრონტზე აღმოჩნდა.

_ საშუალო სკოლა 1942 წელს ხონში დავამთავრე, სადაც ბათუმიდან 1928-ში გადავედით საცხოვრებლად, უფრო ზუსტად, გადავედით ხონის რაიონის სოფელ ქუტირში. თანაკლასელებს ერთი სული გვქონდა, მოხალისეებად წავსულიყავით ომში. ჩვენ, ბავშვებს, თავდადებულ პატრიოტებად გვზრდიდნენ. კი, ბატონო, იყო პიონერია, კომკავშირი, მაგრამ, ასევე იყვნენ სულხან-საბა, გრიგოლ ორბელიანი, ბარათაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, აკაკი, ილია, ვაჟა!.. საქართველოს სიყვარულით გვქონდა სული გაჟღენთილი! ფრონტზე საქართველოს დაცვის რწმენით მივდიოდით! ან კომკავშირში ცუდს რას გვასწავლიდნენ?! _ მეგობრობას, ძმობას, ურთიერთდახმარებას, მეგობრისთვის თავის გაწირვას! ახლა კი?! მოსწავლეს უჩიჩინებენ, რომ გვერდით მჯდომი არა შენი მეგობარი, არამედ შენი კონკურენტია, მოწინააღმდეგე, რომელიც ნებისმიერი ხერხით უნდა ჩამოიცილო გზიდან, რადგან შენს წინსვლასა და კეთილდღეობას უშლის ხელსო! რატომ ღუპავენ ბავშვს, რატომ აუბედურებენ, რატომ ზრდიან მას მარტოხელა დაუნდობელ მგლად?! ისიც ხომ გარშემორტყმული იქნება მისნაირი მგლებით!..

რიგითმა ბუაძემ ჯერ ადლერში გაიარა კარანტინი, სპეცწვრთნა, შემდეგ კი ლაზარევსკაიაში, საზენიტო ბატარეაში გაანაწილეს, რომელიც იქ მდებარე აეროდრომს იცავდა.

_ «მესერშმიტები», «ფოკე-ვულფები», «ხეინკელები», «იუნკერსები»  განუწყვეტლივ გვბომბავდნენ! ძილის დროც არ გვქონდა!

კრასნოდარი გერმანელებისგან რომ გაათავისუფლეს, ბუაძის პოლკს იქ მიუჩინეს ადგილი. კრასნოდარი ერთადერთი სარკინიგზო კვანძი იყო, რომელიც მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტს ამარაგებდა საბრძოლო მასალებით, საკვებით, მედიკამენტებით.

_ აქ ჩვენ ვიცავდით რკინიგზის სადგურს. თვითმფრინავები გამუდმებით გვიტევდნენ. პირველ ნაკადს მოჰყვებოდა მეორე, მეორეს _ მესამე. სულ ბრძოლაში ვიყავით! ვცხოვრობდით მიწურებში, მაგრამ, სანამ საცხოვრებელ მიწურებს ამოვთხრიდით, ქვემეხებს სპეციალურად მომზადებულ ორმოებში ვათავსებდით.

მაისში, ივნისსა და ივლისში უწყვეტლივ მიმდინარეობდა მტრის ავიაციის შეტევების მოგერიება. შემდეგ ბუაძის საზენიტო პოლკი  კრასნოდარიდან 45 კილომეტრში მდებარე სტანიცა ვასიურინსკაიაში გადაისროლეს.

_ იქ იყო უზარმაზარი წყალსაცავი, რომელსაც ჩიტსკოეს ეძახდნენ. ჩემი ბატარეა იცავდა საჰაერო თავდასხმებისგან მის სამხრეთის რაბს, მეორე ბატარეა კი _ ჩრდილოეთისას. ეს რაბები რომ დაებომბათ, კრასნოდარი წყლით დაიფარებოდა, ამიტომ ჭურვებზე ეკონომიას არ ვაკეთებდით და გერმანელ «ფასკუნჯებს» გადამღობი ცეცხლით «ვაფრთხობდით»! მთავარი ამოცანა შევასრულეთ _ არც ერთი ჭურვი ობიექტს არ დასცემია!

თავდაპირველად შოთა ბუაძე ქვემეხის მემიზნედ მსახურობდა, მერე მზვერავთა ათეულში გადაიყვანეს. მზვერავს ხმისა და ფიუზელაჟის სილუეტის მიხედვით უნდა გამოეცნო მტრის თვითმფრინავის სახეობა და რომელ სექტორზე მოფრინავდა ის იერიშის მისატანად. ეს ინფორმაცია გადაეცემოდა მანძილმზომავებს, რომლებიც სპეციალურ ხელსაწყოებზე ამუშავებდნენ მას და, მიღებული მონაცემების მიხედვით, ქვემეხების ლულებს იმ მიმართულებით აყენებდნენ, საიდანაც მოფრინავდა ბომბდამშენი, მოიერიშე ან გამანადგურებელი.

რიგითი ბუაძე მონაწილეობდა სახელგანთქმულ კორსუნ-შევჩენკოევსკოეს სამხედრო ოპერაციაში. მისი საზენიტო ბატარეა იცავდა სატანკო კორპუსის შტაბს.

_ 1945 წლის თებერვალ-მარტში გადავედით პოლონეთის ტერიტორიაზე, იქიდან კი _ გერმანიაში. სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება გერმანული ქალაქი ბრესლაუ, განსაკუთრებით _ მისი მცხოვრებლები… ეს ქალაქი ნახევარი წელი ჩვენს ალყაში იყო მოქცეული. მხოლოდ ბერლინის დაცემის შემდეგ ჩაბარდა მისი გარნიზონი. ბრესლაუს ქუჩებში ცოცხალი «ჩონჩხები» დადიოდნენ… აი, კანი ჩონჩხზე რომ გადაჭიმო…

ბატონ შოთას თვალებზე ცრემლი მოადგა.

_ სარდლობამ გვთხოვა, ჩვენი დღიური ულუფა ამ საცოდავებისთვის მიგვეცა. მეორე დღესვე, სტალინის პირადი განკარგულებით, ბრესლაუში შემოვიდა სურსათითა და მედიკამენტებით დატვირთული დიდი ავტოკოლონა; და ეს იმ დროს ხდებოდა, როცა ფაშისტების ოკუპაციისგან გათავისუფლებულ, გადაბუგულ ჩვენს ტერიტორიებზე მცხოვრებნი შიმშილობდნენ! ვიღაცას კი დღეს ენა უტრიალდება და სტალინს კაციჭამია ჰიტლერს ადარებს! იცით, მაგ ფსიქიკურად დაავადებულმა «ეფრეიტორმა» რა თქვა? რადგან გერმანულმა ნაციამ ვერ დაამარცხა განუვითარებელი სლავები, ის არ არის ჩემი ღირსიო… და საქმეც არ დააყოვნა _ ბრძანა, მდინარე შპრეეს რაბები გაეხსნათ, რათა ბერლინის მეტრო დაეტბორა, სადაც დაბომბვისგან თავდასაცავად ათასობით ბერლინელი იმყოფებოდა…

_ ჯერ სად ხართ, ბატონო შოთა! სულ მალე «ლიბერალდემოკრატები» თუ «დემოკრატლიბერალები» ჰიტლერს მითოლოგიურ გმირად გამოაცხადებენ, რომელიც, თურმე, მკერდით გადაეფარა ევროპულ ცივილიზაციას, რომ ის გადაერჩინა პირსისხლიანი სტალინის ველური ურდოსგან, რომლის წევრი, სხვათა შორის, თქვენც იყავით!

უცებ, თავს ვიჭერ აზრზე, რომ გადავაჭარბე, მაგრამ ბატონი შოთა  მოხუცის ყოვლისმიმტევებელი ბრძნული თვალებით მიყურებს!..

_ არც გამიკვირდება, _ მშვიდად ამბობს ვეტერანი.

_ 1945 წლის 9 მაისის შუაღამის სამ საათზე პოლკში გადმოსცეს ტელეფონოგრამა: გერმანიამ ხელი მოაწერა უპირობო კაპიტულაციას! ომი დამთავრდა!!!

კომბატის დაუკითხავად ცეცხლი გავხსენით! მას ეძინა. გრუხუნმა გამოაღვიძა, წამოხტა, ეგონა, ფაშისტები დაგვესხნენ თავს და, ომის დასრულების ამბავი რომ შეიტყო, თავად ბრძანა სროლა ყველა საზენიტო დანადგარიდან!

ომი კი დამთავრდა, მაგრამ რიგით ბუაძეს კიდევ სამი წელი მოუწია გერმანიაში ყოფნა.

_ კორპუსის მეთაურმა მითხრა, _ ვინაიდან სავალდებულო სამსახური გავლილი არ გაქვს, აქ დარჩებიო. ჯარი მაშინ სამწლიანი იყო და რა მექნა? არადა, ერთი სული მქონდა, საქართველოში, სამშობლოში დავბრუნებულიყავი!

გამოცხადდა დემობილიზაცია და არმიაში უამრავი ვაკანსია გაჩნდა. შოთა ბუაძემ აითვისა მძღოლისა და რადისტის პროფესიები.

_ სიმართლე გითხრათ, ბედს არ ვუჩიოდი! რადგან მანქანის ყველა ნიუანსი ბრწყინვალედ ვიცოდი, მომიწია პოლკის მეთაურის მძღოლობა. მოუგვარებლობის გამო, მანქანა გზაში არასდროს გამჩერებია.

ახალგაზრდა შოთას პატიოსნება და წესრიგიანობა თვალში მოუვიდა მეთაურს.

_ პოლკოვნიკი ალექსანდრე სუხარევი ძირძველი მოსკოველი, ნამდვილი რუსი ინტელიგენტი გახლდათ, ფლობდა რამდენიმე ენას და ჰქონდა მშვენიერი ბიბლიოთეკა. ალექსანდრე სერგეევიჩმა და მისმა მეუღლემ შვილივით მიმიღეს ოჯახში, ხოლო ჩემი დობილი _ სვეტლანა წიგნებით უხვად მამარაგებდა. ასე ვეზიარე დიდ რუსულ ლიტერატურას, რაც ძალიან გამომადგა პარტიაში მიღების დროს.

“В случае моей гибели, прошу считать меня коммунистом!”_ ეს ფრაზა ბავშვობიდან მესმოდა კინოფილმებიდან, მოგვიანებით კი ვკითხულობდი ომზე მიძღვნილ მოთხრობებში, პიესებსა თუ რომანებში. შეტევაზე გადასვლის წინ, ვისაც სურვილი ჰქონდა, განცხადებას წერდა პარტიაში მისაღებად და უარს არავის ეუბნებოდნენ. ომის დამთავრების შემდეგ კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა დირექტივა გაუგზავნა ყველა სამხედრო ნაწილს, რომელშიც არაორაზროვნად მიუთითა პოლიტმუშაკებს: პარტია დაინტერესებულია თავისი წევრების ხარისხით და არა რაოდენობითო!

_ პარტიაში 1947 წელს შევედი. იმ დროს ვმსახურობდი გერმანიის ქალაქ ოპელში. ექვს კანდიდატს შორის რიგითი მხოლოდ მე ვიყავი, დანარჩენები კი _ უფროსი ოფიცრები _ მაიორიდან დაწყებული, პოლკოვნიკით დამთავრებული. კომისია ულმობელი აღმოჩნდა; პარტიაში გაწევრიანების მსურველებს მკაცრი გამოცდა მოუწყო ისტორიაში, გეოგრაფიაში, ლიტერატურაში, მათემატიკასა და ასტრონომიაშიც კი! ხუთი კაცი ჩაიჭრა. დავრჩი მე, რიგითი. კომისიის თავმჯდომარემ, გენერალმა, მე რომ დამინახა, არც აცხელა, არც აცია, პირდაპირ შემეკითხა, _ ბოლო დროს რომელი წიგნი წაიკითხეთო. _ «ომი და მშვიდობა»-თქო, ვუპასუხე. ძალზე გაუკვირდა გენერალს, მაგრამ არ დაბნეულა! აბა, ჯარისკაცო, მარქსისტული ფილოსოფიის ხედვით, როგორ შეაფასებთ პიერ ბეზუხოვის რეფორმას, რომელიც თავისი ყმების ცხოვრების გასაუმჯობესებლად განახორციელაო. მეც არ დავიბენი: _ მართალია, პიერ ბეზუხოვმა გაათავისუფლა თავისი გლეხები, რითაც ისინი უფრო უარეს დღეში ჩააგდო, მაგრამ ეს იყო, მიუხედავად წარუმატებლობისა, პირველი პროგრესული, დემოკრატიული რეფორმა რუსეთის იმპერიაში-მეთქი! კომისიის თავმჯდომარემ მიმართა სხვა წევრებს: ამხანაგებო, ეს ახალგაზრდა ჯარისკაცი პარტიაში მისაღებიაო! აი, ასე გავხდი კომუნისტი!

შოთა ბუაძე სამშობლოში 1948 წელს დაბრუნდა.

_ პირველი, რაც გავაკეთე, შევიტანე საბუთები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიურ ფაკულტეტზე. სამწუხაროდ, დრო არ მეყო. ოც დღეში სათანადოდ ვერ მოვემზადე და ტრიგონომეტრიაში ჩავიჭერი, თუმცა დღემდე ვარ დარწმუნებული, რომ სამიანი მაინც მეკუთვნოდა, რადგან ოთხი კითხვიდან _ სამზე სწორი პასუხი გავეცი!..

ფიზკულტურის ინსტიტუტის არსებობა ბატონმა შოთამ თავისი მეგობრისგან გაიგო.

_ მისაღები გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებიდან ყველაზე ბოლოს აქ ტარდებოდა. არ მინდოდა ერთი წლის დაკარგვა და საბუთებიც აქ შევიტანე. ქართულ ენაში მივიღე ხუთიანი, ქიმიაშიც _ ხუთიანი. დადგა ფიზიკის ჩაბარების დროც. საგამოცდო კომისიაში იყო ვინმე სიმონიშვილი. დაინახა მან, რომ სამხედრო ფორმა მეცვა და შემომთავაზა: ხუთიანს დაგიწერ თუ სამიანს, რა მნიშვნელობა აქვს, მაინც, «ფრონტავიკებს» დიდი შეღავათი გაქვთო.

ამ კაცის ხრიკი ბატონმა შოთამ მოგვიანებით გაიგო, როცა სტიპენდიის გარეშე დარჩა!

_ მე სტალინის პერიოდს არ ვაიდეალებ. რა თქმა უნდა, მაშინაც იყვნენ უღირსი ადამიანები, მაგრამ მათ თითებზე ჩამოითვლიდი! გაათმაგებული ენერგიით შევუდექი სწავლას და მესამე კურსზე სტალინის სახელობის სტიპენდია დამენიშნა _ 70 მანეთი. ეს კარგი ფული იყო! ვიქირავე ბინა და მშობლებს განვუცხადე, რომ მათი დახმარება აღარ დამჭირდებოდა.

_ ბატონო შოთა, რა საგნებს სწავლობდით ფიზკულტურის ინსტიტუტში?

_ ანატომიას, ფიზიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკას, ფსიქოლოგიას, პედაგოგიკას…

აღსანიშნავია, რომ ბუაძეების ოჯახში სწავლას ძალზე აფასებდნენ. ბატონი შოთა ამაყობს თავისი ძმით _ ლეგენდარული მეზღვაურით, შორეული ზღვაოსნობის კაპიტნით, «ზღვის მგლად» წოდებული გიორგი ბუაძით, რომელზეც ცნობილმა ქართველმა კინოდოკუმენტალისტმა გია ჭუბაბრიამ ფილმი «ადამიანები და ხომალდები» გადაიღო.

_ გიორგი პირველი კლასიდან ფრიადოსანი იყო! ასევე ხუთებზე სწავლობდა უნივერსიტეტში ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, საიდანაც გაიწვიეს ფრონტზე, დაიჭრა, მკურნალობდა ბათუმის ჰოსპიტალში და უცებ გადაწყვიტა, რომ ზღვაა მისი სტიქია. ჩააბარა ბათუმის საზღვაო სასწავლებელში და დაიწყო მისი შემდგომი წინსვლა!

შოთა ბუაძემ წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი, მერე _ ასპირანტურა. ნიჭიერი ახალგაზრდა დატოვეს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიის კათედრაზე ასისტენტად. შემდეგ მუშაობდა დოცენტად, ბოლოს კი _ კათედრის გამგედ. თხუთმეტი წელი დაჰყო ამ თანამდებობაზე. გახდა პროფესორი.

1955 წელს იქორწინა ნელი წივწივაძეზე. შეეძინათ ორი ქალიშვილი _ რუსუდანი და ქეთევანი, ორივე პედაგოგია და, არ გაგიკვირდეთ, ორივე უმუშევარი!..

დღეს სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ადამიანი 139 ლარის პენსიის ანაბარადაა დარჩენილი. მართალია, ამ თანხას ემატება 44 ლარი _ გაზისა და შუქის ე. წ. კომპენსაცია, მაგრამ ეს ძალზე ცოტაა!

_ მთელი ზამთარი საწოლში გავატარე, არა იმიტომ, რომ შეუძლოდ ვიყავი, არამედ სიცივის გამო. მაქვს «ზეთის რადიატორი», რომელიც იმდენს წვავს, უკეთესია, არ გქონდეს! შარშან პენსია ათი ლარით გაგვიზარდეს, წელს წაგვართვეს და «გვანუგეშეს», სექტემბერში დაზღვევა გექნებათო. რა შუაშია დაზღვევა?! ან რისთვის გვიმატებ, ან მერე რისთვისღა გვართმევ?! ვერ გამიგია!

რა თქმა უნდა, ვეტერანს სტალინზეც ვესაუბრე.

_ ფრონტზე ორი სლოგანი იყო _ «სამშობლოსთვის» და «სტალინისთვის». ამ სიტყვებით ხალხი სიკვდილზე მიდიოდა!

_ რა ვიცი, ბატონო შოთა, დემოკრატები ამბობენ, აძალებდნენო.

ვეტერანის სახეზე სიმწრის ღიმილი იკვეთება.

_ როცა გამუდმებით იბომბება ლამის ყოველი კვადრატული მეტრი, მიწა იწვის, ვის აქვს იმის თავი ან დრო, რომ დაგაძალოს?! ორი წლის წინ ვიყავი მოსკოვში, სადაც «პოკლონაია გორაზე» მემორიალის გახსნას დავესწარი. ახალგაზრდები, ხაზს ვუსვამ, ახალგაზრდები მოდიოდნენ და მადლობას გვიხდიდნენ, რომ თქვენ სამშობლოც დაიცავით და ჩვენი მომავალიცო! ბევრ მათგანს ხელში სტალინის პორტრეტი ეკავა! დაიმახსოვრე, შვილო, ხალხის, მრავალი თაობის სიყვარულს ვერც მოტყუებით, ვერც სისასტიკით, ვერც დაშინებით ან, თუ გნებავთ, ვერც ფულით იყიდი, ისევე, როგორც კაცი _ ქალის სიყვარულს.

_ რატომ ვერ ვიყიდი, ბატონო შოთა?! დავუშვათ, დიდი ქონების, ფულის პატრონი ვარ!

_ მაგ შემთხვევაში იყიდი მარტო ქალის სხეულს და არა მის გულს, _ იღიმება ვეტერანი. _ დღეს რა ესმით ახალგაზრდებს, თუნდაც რუსეთში, ოფიციოზისგან სტალინზე? _ ლანძღვა-გინება! მიუხედავად ამისა, მაინც, უყვართ! აი, ამაზე უსკდებათ გული დემოკრატის ქურქში გახვეულ ახლანდელ ფაშისტებს! თითქმის 60 წელია, რაც სტალინი აღარაა, მაგრამ უყვართ და ახსოვთ! ერთი მითხარით, სააკაშვილს ვინ გაიხსენებს სამოცი წლის შემდეგ? და თუ გაიხსენებენ, აუცილებლად, სარკაზმითა და წყევლა-კრულვით! სტალინის დროს არა მარტო საბჭოთა კავშირი, მთელი მსოფლიო იყო მოწესრიგებული! ამჟამად კი…

ერთხელ შოლოხოვმა, ძალიან რომ შეაწუხეს, იყვირა: «Да, был культ, но была и личность!». გადახედეთ დღევანდელი მსოფლიოს ლიდერებს, რომელი მათგანია პიროვნება?!

თურმე მონები ვიყავით! ახლანდელი მოსახლეობა ვინღაა?! მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს სააკაშვილმა, ხალხი რომ გამოფხიზლდეს?!

როგორც ყველა ჩემი წინა რესპონდენტი, ბატონი შოთაც განიცდის ქვეყნის დღევანდელ უბედურებას, სამშობლოსადმი მომხმარებლური დამოკიდებულების მქონე ადამიანთა რაოდენობის ზრდასა და საქართველოს მიტოვებას ამ ძნელბედობისას.

_ როგორ შეიძლება, საქართველო არსებობდეს, იყო ქართველი და უკეთესი ცხოვრების საძებნელად სხვაგან გადაიხვეწო?!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here