Home რუბრიკები საზოგადოება ძაღლი არ ჰყეფდეს, მამალი აღარ ყიოდეს, ანუ უსისხლო «დიდი თურქობა»…

ძაღლი არ ჰყეფდეს, მამალი აღარ ყიოდეს, ანუ უსისხლო «დიდი თურქობა»…

1154

ამა წლის 31 მარტს ბათუმში გახლდით აზიზის მეჩეთის აშენების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე. ქალაქი, რომელთანაც ჩემი სიყრმის სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს და სადაც, 20 წელიწადია, აღარ ვყოფილვარ, ისეთი ცივი თავსხმა წვიმით დამხვდა, რომ ძვალ-რბილში გამატანა, რითაც თითქოს საკადრისი მომიზღო ამდენი ხნის უნახაობის გამო.

საღამოს კი ყოფილი რესპუბლიკელის (რომელიც სწორედ აზიზის მეჩეთის გამო გარიცხეს რესპუბლიკელებმა საქართველოს ყველაზე «მაღალრეიტინგული» პარტიიდან) და ახლა მოძრაობა «ემსახურე საქართველოს» ლიდერის, მურმან დუმბაძის  ოჯახში გამართულ ვახშამზე ბევრი ისეთი რამ შევიტყვე, რაზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა.

 კერძოდ ის, რომ ასლან აბაშიძის დროინდელ აჭარაში არც ერთი თურქული ბიზნესი არ არსებობდა. უფრო მეტიც, არა თუ ბიზნესი, აჭარის შვიდივე რაიონის საპასპორტო განყოფილებების უფროსები დაუბარებია «ასლან ბაბუს» და უბრძანებია: _ კაი დედის შვილები ხართ და ვინმემ გაბედეთ თურქების აჭარაში ჩაწერა, მხრებზე თავები არ შეგრჩებათო!

ახალი მეჩეთების მშენებლობა კი არა, ვიღაც თურქს დიდძალი თანხა შეუძლევია «აჭარის ლომისთვის», ბათუმში მოქმედ მეჩეთს მინარეთს მივაშენებო და ასლან აბაშიძეს ცივი და მკაცრი უარით გაუსტუმრებია!

უკვე ჩამესმის ამ სტრიქონების გამო აღშფოთებული არასამთავრობო თუ სამთავრობო ლიბერალების სისინი: _ აი, როგორი ფაშისტი ყოფილა აჭარის დიქტატორიო, მაგრამ ეგ არაფერი, ქართველობისთვის ლანძღვა-თათხვა ვის გაუკვირდება ჩვენში? მიუხედავად იმისა, რომ ასლან აბაშიძე ფრთიანი ანგელოზი არ იყო და მისი ადვოკატი სულაც არა ვარ, სულის ცხონებად ზემოთ თქმული ეყოფა და ისიც, რომ მის დროს ერთი გოჯი ქართული მიწა არ გასხვისებულა უცხოტომელზე…

 ახლა ისიც ვნახოთ, თუ როგორია ვითარება «ვარდების რევოლუციით» განთავისუფლებულ «ზურიკელა ვაშალომიძის» აჭარაში.

 თუ სადმე «ფული იჭრება», როგორც წესი, თურქები ჭრიან; «არნახული აღმშენებლობის» ფონზე, აჭარაში 20 ათასზე მეტი თურქია  მუდმივად მაცხოვრებელი, რა თქმა უნდა, საკუთარი წვრილმსხვილი ბიზნესებითურთ; იქამდეც კი, რომ ბათუმის პირველ სართულებზე, ანუ მაღაზიაბუტიკებკაფეებში ძირითადად თურქული, ხოლო შიგადაშიგ სომხური საუბარი ისმის.

ასეთი რამ აჭარას მაშინაც კი არ ახსოვს, როდესაც ეს ულამაზესი ნაწილი საქართველოსი, ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი, გურჯისტანის ვილაიეთი იყო! სახეზეა ეკონომიკურ-იდეოლოგიური ექსპანსია.

და ყველაზე მთავარი თუ სამწუხარო _ ეს ყველაფერი მიდის თურქეთთან «მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობის» და ანტირუსული ისტერიის ფონზე.

გახსოვთ, ალბათ, საქართველოს პრეზიდენტის შოკისმომგვრელი განცხადება, რომელიც მან ბათუმში გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტისას, როდესაც  თურქეთს ისტორიული და მრავალსაუკუნოვანი მეგობარი უწოდა.

დიპლომატიაც გამიგია და აქედან გამომდინარე პრაგმატულობაც, მაგრამ მსგავსი განცხადება, არა მგონია, რომელიმე მათგანის ჩარჩოებში ჯდებოდეს, რადგან ეს იყო, უკეთეს შემთხვევაში, უმეცრება, რეალურად კი გულისამრევი მაამებლობა. საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი  ვიზიტისას თურქეთის თავკაცს ისიც უთხრა, _ თქვენ საკუთარ სახლში ჩამოხვედითო…

 ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ რუსეთის ისტორიულ მტრად შერაცხვა,  როგორც მინიმუმ, ისტორიული უმადურობაა რუსეთის მიმართ, თუნდაც იმიტომ, რომ ის «საკუთარი სახლი», ჩვენი აჭარა, რომელში დაბრუნებაც მიულოცა სააკაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს, 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად სწორედ რუსული სისხლითა და ხიშტით დაუბრუნდა  დედასაქართველოს.

ეგეც არ იყოს, ისიც კარგად გვახსოვს, რომ აგვისტოს ომის დროს ჩვენმა «ისტორიულმა მეგობარმა» თურქეთმა ჯერ ბოსფორის სრუტე დაუბლოკა ჩვენი «სტარეეგიული პარტნიორი» აშშ-ის სამხედრო გემებს, რომლებიც ქართველების «დასახმარებლად» სასმელი წყლით იყო დატვირთული, პარალელურად კი «ისტორიული მეგობარი» თურქეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩაფრინდა იმის იმედად, რომ ეგებ რუსეთთან მოეხდინა შეთანხმება და ყარსის ხელშეკრულების ის მუხლი აემოქმედებიათ, რომელიც თურქეთს ბათუმის ოლქის ოკუპაციაზე მწვანე შუქს აუნთებდა.

(სხვათა შორის, დიდი იყო ალბათობა, გასული საუკუნის 20-იანი წლების სცენარის განმეორებისა, როდესაც ერთი მხრიდან ბოლშევიკური მე-11 არმია შემოდიოდა საქართველოში, ხოლო მეორე მხრიდან _ თურქეთი, რომლის ჯარებმაც გურიამდე უწიეს და, რომ არა გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა და მოხალისე ქართველთა გმირობა, ვინძლო დღეს აჭარა ისევ გურჯისტანის ვილაიეთი ყოფილიყო).

მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენმა «ისტორიულმა მტერმა» _ რუსეთმა ჩვენს «ისტორიულ მეგობარ» თურქეთს 2008 წლის აგვისტოში მწვანე შუქი არ აუნთო ბათუმის ოლქის ოკუპაციაზე…

 «საქართველო და მსოფლიოში»  დაიბეჭდა ინტერვიუების ციკლი ბატონ  ალექსანდრე ჭაჭიასთან, რომელიც სცდება ინტერვიუს, როგორც  ჟანრს და  უფრო პოლიტიკურეკონომიკურკულტურული, გნებავთ, ზნეობრივი დოკუმენტის საფუძვლიანი პრეტენზია გააჩნია. ბატონი ალექსანდრე აღნიშნავს, რომ «თურქული ეროვნული ელიტა (პოლიტიკური, ინტელექტუალური, სამხედრო) ყოველთვის მიიჩნევდა აჭარას თავის ისტორიულ ტერიტორიად, ხოლო მთელ დასავლეთ საქართველოსსაკუთარი გავლენის ბუნებრივ ზონად»  და იქვე დასძენს: «თურქები თვლიან, რომ აჭარა მათ ძალით, ომის შედეგად წაართვა რუსეთმა და არა საქართველომ».

 ამის გათვალისწინებით ყველა საღად მოაზროვნე ქართველისთვის ცხადი უნდა იყოს ერთი რეალური და არც თუ შორეული საფრთხე, რომელზეც ბატონი ალექსანდრე ასევე საუბრობს: «ერთის მხრივ, რუსულ-ქართულმა მტრულმა ურთიერთობებმა და მეორე მხრივ, თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან აქტიურმა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ შეიძლება საქმე მიიყვანოს რუსეთის მიერ აჭარის ავტონომიის გარანტის როლზე უარის თქმამდე და ყარსის ხელშეკრულებიდან გამოსვლამდე».

 ჩემის აზრით, ერთობ საყურადღებო და გასათვალისწინებელი მოსაზრებებია… ვფიქრობ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ, თუკი აზიზის მეჩეთის გამო ხელისუფლებამ პოზიცია არ შეიცვალა, მისი სიჯიუტე, შესაძლოა,  მნიშვნელოვან საპროტესტო აქციებში გადაიზარდოს, თურქეთი კი ყველანაირად ეცდება, ამ პროტესტს  ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების ელფერი შესძინოს, იმ იმედით, რომ მოსკოვში ჩაფრენილ ერდოღანს, 2008 წლისგან განსხვავებით, ამჯერად აჭარის მიტაცებაზე უარს არავინ ეტყვის.

 ესეც რომ არ იყოს, აჭარის დამპყრობელი სულთან აზიზის სახელობის მეჩეთისა თუ სხვა სახის «კულტურული კერის» აშენება-არაშენებას სხვა ყველაფერთან ერთად ზნეობრივი, პრინციპული დატვითვაც აქვს, რადგან მეჩეთის აშენება ასე, რომ იტყვიან, ხელების გადაგრეხვით (თანაც სად? იმ ადგილას, სადაც გიორგი მაზნიაშვილთან ერთად მისი თანამებრძოლი გმირები განისვენებენ),  იმის სიმბოლიზაცია იქნება, რომ საკუთარ სახლში არაფერს გვეკითხებიან, ანუ უსისხლო დიდი თურქობა დაიწყო!

 საქართველოს ისტორიამ სისხლიანი დიდი თურქობებიც იცის _ თითქმის მთელი XI საუკუნე გვარბევდნენ და გვაწიოკებდნენ ჩვენი «ისტორიული მეგობრები»: ჯერ სულთან ალფარსლანმა დაიწყო, შემდეგ ესტაფეტა მალიქშამ გადაიბარა, რომელთაც ამაოდ შეალეწეს ფარ-ხმალი ბაგრატ მეოთხემ და გიორგი მეორემ. საქართველოს საბოლოოდ მოთხრა კი, სადაც, მემატიანეს თქმით, უკვე სოფელში ძაღლი არ ყეფდა და მამალი აღარ ჰყიოდა, მომდევნო სულთან ბარქიაროკს უნდა დაესრულებია, რასაც დავით აღმაშენებლის გენიამ შეუშალა ხელი.

დღეს უსისხლო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არანაკლებად საშიში «დიდი თურქობის» ჟამია. დღეს ხომ დავით აღმაშენებლის ტახტზე მიხეილ მაღალი დაბრძანებულა.  ღმერთო, შენ უშველე საქართველოს!..

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here