Home რუბრიკები საზოგადოება ვიქტორ ცაავა: რატომ უნდა მივცე ივანიშვილს ხმა, როცა მის ათეულშიც იგივე ხალხია,...

ვიქტორ ცაავა: რატომ უნდა მივცე ივანიშვილს ხმა, როცა მის ათეულშიც იგივე ხალხია, რომელიც «ნაციონალებში» იყო?

790

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ვიქტორ ცაავა ესაუბრა.

_ ბატონო ვიქტორ, ჩვენს გაზეთთან ბოლო ინტერვიუში, როდესაც გლობალიზაციასა და დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტში საქართველოს როლზე ვსაუბრობდით, თქვენ განაცხადეთ, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს მართლმადიდებლურ რელიგიასთან დაპირისპირებაში ხედავთ. დღეს, როცა საზოგადოება საქართველოში მეჩეთების მშენებლობას ეწინააღმდეგება, პროტესტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ რელიგიისა და ეროვნულობისთვის შექმნილი საფრთხე სახელდება. ამ ყველაფერში თქვენ რა საფრთხეს ხედავთ?

_ დღეს აჭარას, ფაქტობრივად, თურქები განაგებენ. დღევანდელ მსოფლიოში გლობალური კოლონიზაციის შემთხვევები აღარ არსებობს, რადგან დიდ სახელმწიფოებს ეს, უბრალოდ, აღარ სჭირდებათ. დამპყრობლური, იარაღის პოლიტიკა ეკონომიკურმა კოლონიზაციამ შეცვალა. აჭარაშიც ანალოგიური ვითარებაა. აჭარის საკითხი, ამ შემთხვევაში, იმ გლობალური გეგმის პატარა დეტალია, რომელსაც ზოგიერთი მუსლიმანური ქვეყანა (თურქეთის ჩათვლით) საქართველოს მიმართ ახორციელებს. ნახეთ, რამდენი მეჩეთია მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და მუსლიმანებით დასახლებულ საქართველოს სხვა რაიონებში. რამდენადაც ვიცი, თითოეულ სოფელში ორი მეჩეთი მაინც არის აშენებული. წარმოიდგინეთ, მარტო მარნეულის რაიონში 47 მეჩეთია, გარდაბნის რაიონში კი _ 50-ზე მეტი…

მე სხვა საფრთხეს ვხედავ ამ ყველაფერში. ვფიქრობ, მართლმადიდებლობას გარკვეულწილად მუსლიმანების ხელით ებრძვიან, თურქეთი ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების სატელიტი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს, თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს მსოფლიოს ბუნებრივი რესურსები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ანალოგიური პროცესები მალე რუსეთშიც დაიწყება.

_ ბუნებრივია, ყველა ქვეყნის ხელისუფალი ცდილობს, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს, ალბათ, ამ შემთხვევაში მთავარია, როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება. მაგალითად, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში, რომელშიც ის ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე ყველა აქტუალურ მოვლენას ეხმაურება, განაცხადა, რომ «ჩვენი ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და არ შეუძლია ერისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები».

_  მაშინ, როცა კობა დავითაშვილი და ზოგ-ზოგიერთები ალექსანდრე ჭაჭიას აგენტს ეძახდნენ, დღეს იმავეს იმეორებენ, რასაც ბატონი ალექსანდრე წლების წინ ამბობდა. როცა ამტკიცებდა, რომ რუსეთის გარეშე აფხაზეთის დაბრუნება ვერ მოხერხდებაო, მაშინ ამის გამო მას აკრიტიკებდნენ, დღეს კი თავადაც იმავე აზრზე არიან.

მე გავეცანი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუს, რომელშიც ის კარგად აღნიშნავს, რომ ყველა პარტია, რომელთაც საზოგადოებაში გარკვეული ავტორიტეტი აქვთ, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად მაშინვე ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავენ ხოლმე, თითქოს ამერიკელები არიან მათი ბოსები. ასევე იქცევა ხელისუფლებაც. ეს ხელისუფლება, ერთადერთი, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გამო არსებობს, სხვანაირად ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა.

საპრეზიდენტო არჩევნები მინდა გაგახსენოთ, როცა მიხეილ სააკაშვილმა პირწმინდად წააგო ლევან გაჩეჩილაძესთან, მაგრამ აშშ-ისა და პირადად ბუშის მხარდაჭერა, რომელმაც წაგებული არჩევნები მიულოცა სააკაშვილს, გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამას დაეთანხმნენ ოპოზიციური პარტიებიც.

_ ბოლო დროს გახშირდა აშშის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკაც. ჯერ ელჩმა ჯონ ბასმა გააკრიტიკა ხელისუფლება, შემდეგ აშშის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მომავალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და სენატორმა ბინ კარდინმაც გააკრიტიკეს ხელისუფლების ქმედებები და აღნიშნეს, რომ საქართველოში შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს, ვინაიდან ოპოზიციურ კანდიდატებს არ აქვთ სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა.

_ ეს არის ლავირება. კონკრეტული მთავრობა როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარ თავს ამოწურავს, ამერიკის შეერთებული შტატები ახალ კანდიდატს ეძებს. ასე მოხდა ეგვიპტესა თუ სხვა ქვეყნებში, სადაც თავის დროზე აშშ დიქტატორების მხარდამჭერიც იყო, მაგრამ შემდგომში წარმატებით ცვლიდა საკუთარ პოზიციას და მხარს უჭერდა ახალი ძალების მოსვლას. ამ შემთხვევაშიც ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამერიკაში კარგად იციან ქართული საზოგადოების უარყოფითი განწყობა ხელისუფლებისადმი.

_ თქვენ ამბობთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გული აიცრუა  ამ ხელისუფლებაზე?

_ გული არ აუცრუებია, მაგრამ უკვე აქვთ შემუშავებული გარკვეული გეგმა და, თუ საჭირო გახდება, ახალ ლიდერს შემოგვთავაზებენ. ჩვენი ხელისუფლება იქეთ აძალებს საკუთარ თავს მათ, თორემ ამერიკას საქართველო არ სჭირდება. ამ შემთხვევაში, საქართველოს ერთადერთი დანიშნულება აქვს _ ამით აშშ რუსეთს აღიზიანებს, მეტი არაფერში ვჭირდებით.

_ საზოგადოებას რა როლის შესრულება შეუძლია ამ ყველაფერში? იმავე ინტერვიუში ალექსანდრე ჭაჭია ამბობს, რომ ხელისუფლებას საზოგადოების მოსამსახურე პერსონალად გადაქცევა აქვს განზრახულიო. სწორედ ამიტომ «თეატრებში სტრიპტიზი იდგმება, ტელევიზიით პორნოგრაფიას აჩვენებენ და .და ეს გასაგებიცაა: განათლება, მეცნიერება და კულტურა მოსამსახურე პერსონალს არ სჭირდება». რაში სჭირდება ხელისუფლებას ასეთი საზოგადოება?

_ აბსოლუტურად ვეთანმები. ვინაიდან, ეს ფაქტია და ამას ვერ გავექცევით. ამასწინათ სტატისტიკის დეპარტამენტში მქონდა შეხვედრა და იქ თანამშრომელს ვკითხე, რამდენი კაცია დღეს დასაქმებული ქვეყანაში-მეთქი და მიპასუხა, მილიონ შვიდასი ათასიო. მე ვუთხარი, თქვენ თავად თუ გჯერათ ამ ციფრების-მეთქი და არაო, მითხრა. რეალურად 630 ათასი კაცია დასაქმებული, რომელთაგან სახელმწიფო სამსახურში 290 ათასი კაცი მუშაობსო. გამოდის, რომ მოსახლეობის 70% უმუშევარია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყანაში ასეთი საზოგადოების განვითარება? რა თქმა უნდა, მხოლოდ «პური და სანახაობის» წყალობით, რომელიც, მართალია, უკვე გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ საქართველოს დღევანდელ ვითარებას საუკეთესოდ ერგება.

საზოგადოებაც რამდენიმე ნაწილად იყოფა. საზოგადოების ერთი ნაწილი სხვადასხვა მეთოდით «ტექნიკურად» გააჩუმა ხელისუფლებამ, მეორე ნაწილი ფულით გააჩერა, მესამე, საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი კი დააშინა და, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი ხელისუფლებას. დარჩენილია კიდევ ერთი სეგმენტი, რელიგია, თუმცა ეკლესია დღეს ერიდება პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას, მაგრამ, ალბათ, მოვა დრო, როცა ეკლესია გარკვეულ ნაბიჯებს მაინც გადადგამს.

_ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხალხში გაჩნდა ხელისუფლების დამარცხების იმედი, თუმცა ოპოზიცია დღეს კვლავ არ არის ერთიანი. რამდენად მოახერხებს ოპოზიცია არჩევნებამდე გაერთიანებას და წარმატების მიღწევას?

_ ნებისმიერმა ქართველმა, რომელსაც ქვეყნისთვის სიკეთე უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, რა თქმა უნდა, დადებითად შეაფასა და იმედი ჩაესახა. ის, რომ მან წლების განმავლობაში საქართველოსთვის ამდენი სიკეთე გააკეთა, ფაქტია, მაგრამ შეიძლება იყო ძალიან კეთილშობილი ადამიანი, მაგრამ პოლიტიკაში მართებული ნაბიჯები ვერ გადადგა. ის იმედი, რომელიც მისმა გამოჩენამ ხალხში გააჩინა, დღეს ცოტათი მინელდა.

ზემოთაც ვახსენეთ პური და სანახაობა, ამის წყალობით ხელისუფლებას  ხალხის გარკვეული მხარდაჭერა აქვს. რას დაუპირისპირებს მას ბატონი ბიძინა, არ ვიცი. ამას გარდა, ერთია ბიძინა ივანიშვილის პიროვნება და მეორეა მისი გუნდი, რომელიც დიდ სიმპათიას არ იმსახურებს.

მე პირადად წარმოუდგენლად მეჩვენება სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანების გაერთიანება. მაგალითად, როგორ შეიძლება სოციალისტი და კაპიტალისტი ერთ მაგიდასთან დასხდნენ?

«ვარდების რევოლუციის» შემდეგ, როცა მოქალაქეთა კავშირის მეორე ფრთა მოვიდა ხელისუფლებაში, მის პირველ ათეულში სწორედ დღევანდელი ივანიშვილის კოალიციის წევრები იყვნენ. მე ხმა სწორედ იმის გამო არ მივეცი მათ, რომ იქ იყვნენ რესპუბლიკელები, რომელთა იდეოლოგია ჩემთვის მიუღებელია. ასევე მიუღებელი იყო მათი სახელმწიფოებრივი განვითარების პროგრამა, ნატოში ინტეგრაცია, ვინაიდან აფხაზეთი და ნატო ერთად წარმოუდგენელია. ჩემთვის კი აფხაზეთის გარეშეა საქართველო წარმოუდგენელი. ასევე მიუღებელი იყო განათლების რეფორმა, რომელსაც რესპუბლიკელები ლობირებდნენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც კახა ლომაიას აქებდა, ლევან ბერძენიშვილი იყო. არაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიაზე, რომელსაც ჯერჯერობით ვერც უარყოფითი და ვერც დადებითი ვერაფერი შევამჩნიე. რატომ უნდა მივცე ივანიშვილს ხმა, როცა მის ათეულშიც იგივე ხალხია, რომელიც «ნაციონალებში» იყო?

ამას გარდა, როცა ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ ორი წელიწადი დარჩება, ჩნდება კითხვა: რა დაგვრჩება მისი წასვლის შემდეგ? გუნდი, რომელსაც ვერ ვიტანთ?

მე მაქვს ინფორმაცია, რომ, მაგალითად, სიღნაღის რაიონში «ქართული ოცნების» ხელმძღვანელად ეროვნული ფორუმის წევრი მიხეილ კუტივაშვილი უნდა დაენიშნათ, რომელიც მთელ რაიონს უყვარდა, კარგად იცნობდა იმ კუთხეს, მაგრამ რესპუბლიკელების, კერძოდ კი, დავით უსუფაშვილის მითითებით შეცვალეს და რესპუბლიკელების კანდიდატი ლაზარიაშვილი დანიშნეს, რამაც კახელების უკმაყოფილება გამოიწვია.   

_ თქვენ ნატო ახსენეთ. საზოგადოების ნაწილი ნატოს უსაფრთხოების მყარ გარანტად აღიქვამს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებით საქართველო საბოლოოდ დაკარგავს კუთვნილ ტერიტორიებს.

_ ნატო დღეს მკვდარი ორგანიზაციაა, რომლის ფაქტობრივი გამგებელიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და დღეს, როცა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, რა საჭიროა ნატო? 2008 წლის რეფერენდუმზე, ნატოში გაწევრიანების საკითხზე, საქართველოში მოქმედი ყველა პარტია მომხრე იყო ნატოში ინტეგრაციის. ამის მიუხედავად, მოსახლეობის 39%-მა უარყოფითი განწყობა დააფიქსირა. დღეს რომ გამოკითხვა ჩაატარო, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი იქნება წინააღმდეგი. მოსახლეობის 70% წინააღმდეგია ამ მკვდარ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა.

_ ბოლო რეფერენდუმის შედეგად უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების მომხრე გახლდათ. რატომ ფიქრობთ და რა მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ დღეს 70% იქნება მოწინააღმდეგე?

_  არაფერს ნიშნავს, როცა მოსახლეობის 39% ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია? 39% ცოტაა? დღეს უფრო მეტი იქნება წინააღმდეგი, ვინაიდან ყველამ კარგად დაინახა, რომ ნატომ ვერაფერიც ვერ გააკეთა და ვერც რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა. ვერც გადადგამდა, რადგან მკვდარი ორგანიზაციაა.

_ მართალია, ოპოზიცია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში იმიჯი შეელახა, მაგრამ ამ დღეებში საქართველოს საკმაოდ სერიოზული მიზნით  მილიარდერი დონალდ ტრამპი ეწვია.

_ საკუთარი პიარისთვის ხელისუფლება ძალიან დიდ თანხას ხარჯავს, რომელიც ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გასხვისების ხარჯზე აქვს მოპოვებული. მილიარდერის ვიზიტი არ უნდა გაგვიკვირდეს. სანამ სჭირდებოდათ, მუამარ კადაფისთან ჰქონდათ ურთიერთობა და სააკაშვილთან არ ექნებათ?

_ სააკაშვილი კიდევ სჭირდებათ, როგორ ფიქრობთ?

_ სანამ გეოპოლიტიკაში არ გადაწყდება გლობალური პრობლემები, მანამდე, ალბათ, სააკაშვილი მათთვის საჭირო პოლიტიკური ფიგურა იქნება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here