Home რუბრიკები საზოგადოება ხათუნა საგინაშვილი: თუ ეკლესიისა და მრევლის ინტერესები ისევ ისე იქნება «გათვალისწინებული», როგორც...

ხათუნა საგინაშვილი: თუ ეკლესიისა და მრევლის ინტერესები ისევ ისე იქნება «გათვალისწინებული», როგორც დღეს, მაშ, რატომ უნდა გვინდოდეს ივანიშვილის გუნდით «ნაციონალების» ჩანაცვლება?!

874

ერთ-ერთი იერარქის ლოცვა-კურთხევით, მორწმუნე ადამიანების ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილს დახმარება აღუთქვა, თუკი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში «ოცნება» მართლმადიდებელი ეკლესიისა და მრევლის ინტერესებს გაითვალისწინებდა და ბიომეტრიული და ელექტრონული საბუთების აღებას ნებაყოფლობითს გახდიდა. თუ რა პასუხი მიიღეს «ქართული ოცნებისაგან», ამის შესახებ მართლმადიდებლური ხასიათის ჟურნალ «ქვაკუთხედის» რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი გვესაუბრა, რომელსაც მიაჩნია, რომ «ივანიშვილის ეპოქა» მხოლოდ გარდამავალი ეტაპია და იგი ვერ შეძლებს «ქართული ოცნების» ახდენას.

_ ჯერ ის დავაკონკრეტოთ, რომ ზოგადად ოცნება, ქრისტიანული თვალსაზრისით, ცოდვაა და ბატონმა ბიძინამ ძალიან უხეიროდ შეურჩია სახელი თავის მოძრაობას. პრაგმატულადაც ოცნება, როგორც წესი, გადაჭარბებულ მოლოდინებს, რეალობიდან მოწყვეტას და დიდ ფლუსტრაციას იწვევს ხოლმე, ჩვენი მრავალტანჯული, მრავალგზის იმედგაცრუებული ქვეყნისთვის კი ეს დიდი დარტყმა იქნება, ხოლო ივანიშვილის გზაც რომ მთლად «ტაძრამდე არ მიდის», ამ დასკვნის კეთების უფლებას ზოგადი ანალიზი და გარკვეული პირადი გამოცდილება მაძლევს.

დასაწყისში მინდა დავაკონკრეტო ჩემი პირადი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ჩემი ხედვით, ბ-ნი ბიძინა ბავშვობიდან ისეთ გარემოში გაიზარდა, რომ მოწყალე, კაცთმოყვარე გული სამუდამოდ შეიძინა და ამიტომ მისი მრავალმხრივი მეცენატობა სრულიად გულწრფელია _ ეს მისი ბუნებიდან მომდინარეობს. ჩემი აზრით, ამითვეა ნასაზრდოები მისი გულწრფელი პატრიოტიზმიც, თუმცა ის, როგორც ეკლესიის მადლმოსილი მადლის წყაროს მოკლებული ადამიანი, სულიერი ხედვის დეფიციტს განიცდის. ამით აიხსნება ის, რომ ვარდების ავანტიურისას მან ვერ განჭვრიტა მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი არსი, წლების მანძილზე კვლავ მის დასაყრდენად რჩებოდა, «რუსთავი 2» კი თურმე ისე კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, რომ, მისთვის ხელი რომ არ შეეშალა, «მე-9  არხიც» კი დახურა. ეს გამოცდილება ბუნებრივად მაფიქრებინებს, რომ, კარგი მენეჯერობისა და შესანიშნავი ბიზნეს-ალღოს მიუხედავად, იგი, სამწუხაროდ, არც ახლაა დაზღვეული შეცდომებისგან.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ ივანიშვილის შესაძლო შეცდომებში?

_ პირველ რიგში, თანამებრძოლებისა და გარემოცვის შერჩევას. საიდუმლო არავისთვისაა, რომ თანამებრძოლების შერჩევისას მან აქცენტი მედასავლეთეებზე გააკეთა. ჩემთვის პირადად არც ერთი «პრო» არ არის მისაღები, გარდა პროქართულისა. თავიდან ჩავთვალე, რომ პროდასავლური ზღუდე მას ფასადურად, დიპლომატიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, სჭირდებოდა, მაგრამ ფასადის შელამაზებისას  ფუნდამენტი თუ დავანგრიეთრაღა ბედენაა?!  როცა პოლიტიკური ძალის იდეაფიქსი არის რომელიმე ქვეყნის ან ორგანიზაციის წინაშე კეკლუცობა და არა საკუთარი ეროვნული ინტერესების თავგანწირული ერთგულება და სამსახური, ყოველთვის არის მისით მანიპულირების შესაძლებლობა. ასეთ ხალხს კი, როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, დიდი გავლენა აქვთ მოპოვებული ივანიშვილის «კარზე» და «ბოროტი ხმები» იმასაც ამბობენ, ყველასი და ყველაფრის ცენზურაზე მონოპოლიას ფლობენ.

_ ქარაგმებით საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, იქნებ პირდაპირ გვითხრათ, ვის გულისხმობთ?

_ პირველ რიგში, რესპუბლიკურ პარტიას. მათ «რაფინირებულ ნაცებს» ვეძახი. მე ვთვლი, რომ ეს პარტია არაა დაკომპლექტებული იმ სულიერებისა და მსოფლმხედველობის ადამიანებით, ვისაც სხვისი ცენზურა უნდა მიანდო და, საერთოდ, ზედმეტი უფლებამოსილებით აღჭურვო, თუმცა გარკვეულწილად პატივს ვცემ როგორც საკუთარი სპეციალობის პროფესიონალებს. ჩემი პროფესიული საქმიანობის მანძილზე საუბარი მომიწია ამ პარტიის სამ ლიდერთან, რომელთაგან ერთს, ლევან ბერძენიშვილს ქრისტეს აღდგომა არ სწამს, მეორემ _ დავით ზურაბიშვილმა ლამის შავრაზმელად შემრაცხა, რაკი ვთქვი, – დავით აღმაშენებლის ეპოქის ოქროს ხანის გარანტი მართლმადიდებლობის სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში ყოფნა იყო-თქო, მესამემ _ დავით უსუფაშვილმა კი კითხვაზე, მომავალში პროსტიტუციის შესაძლო ლეგალიზებასთან  დაკავშირებით, არაორაზროვანი მინიშნებები გააკეთა საკუთარი «ლიბერალური» მრწამსის შესაბამისად. სხვათა შორის, ამ ინტერვიუს მეშვეობით მინდა ვკითხო ბატონ დავით უსუფაშვილს: ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო ინტერვიუში იგი ამბობს, რომ შვილებს, ვითომ «ლიბერალური» მსოფხედვის გამო, არ ზრდის სამშობლოსთვის თავგანწირვის სულისკვეთებით. საინტერესოა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანას თუ დასჭირდა, სხვის შვილებს როგორ უნდა მოუწოდოს სამშობლოსთვის თავგანწირვისკენ?! ესეც ხომ არ იქნება ღალატი მისი «ლიბერალური» მრწამსისა?! ან მისმა ვაჟმა გათხოვება რომ მოინდომოს, ეტყვის, რომ მთავარი შენი თავისუფალი, «ლიბერალური» არჩევანია და მშობლის კურთხევას გაძლევ გათხოვებაზეო?! აი, აკადემიური მაგალითი იმისა, თუ ჭეშმარიტების გზას აცდენის შემთხვევაში ადამიანს როგორ შეიძლება აერიოს ფასეულობები.

_ თქვენ ივანიშვილის პოლიტთანამებრძოლების გარდა, მგონი, ივანიშვილის სხვა გარემოცვაც იგულისხმეთ. კრიტიკული დამოკიდებულება არაპოლიტიკოს თანამებრძოლებზეც  ვრცელდება?

_ საერთოდ, არა მარტო მე, არამედ, მგონი, სრულიად მართლმადიდებელი საზოგადოება ისურვებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ბევრად უფრო სულიერი ადამიანებით იყოს წარმოდგენილი. მე ადრე ვთქვი და კვლავაც გავიმეორებ: _ მას რომ უფრო სულიერი და ეროვნული გარემოცვა ჰყავდეს, დიდი შანსი იქნებოდა, ივანიშვილი საქართველოს დიდ ბურჯად ქცეულიყო. ახლა კი, სამწუხაროდ, ერთს ვხედავთ _ ცენტრშიც და რეგიონებშიც ივნიშვილის გარემოცვას უფრო მეტად მედროვე ადამიანები ეტმასნებიან.

ბატონო ბიძინა, არაა აუცილებელი, რომ მოკავშირეები  გატელევიზორებულ «ფეისებში» ეძებოთ. უბრალო ხალხში, შესაძლოა, ბევრად უფრო მეტი სიბრძნე, თავდადება და ჭეშმარიტი პატრიოტიზმი იყოს დაუნჯებული. სამწუხაროდ, არც გამიკვირდება, რომ ხვალ ამავე მედროვე ადამიანებმა ადვილად უღალატონ თავის ფავორიტს, თუკი ამით რაიმე იხეირეს.

_ საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება. რას გულისხმობდით?

_ უშუალოდ ბატონ ივანიშვილთან ურთიერთობა არ მქონია მხედველობაში, თუმცა ხსენებული გარემოცვის მეშვეობით, უკვე თვეებია, ვცდილობთ, დავუკავშირდეთ მას ერთი კონკრეტული, ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებით, ვესაუბრე ზურაბ ბიგვავას, გია ხუხაშვილს, ნონა ყანდიაშვილს, მაგრამ «არსაიდან ხმა, არსით ძახილი…» მედროვე, არასულიერი ადამიანების გარემოცვაზე რომ ვსაუბრობდი, სწორედ პირად გამოცდილებასაც ვეყრდნობოდი.

_ კონკრეტულად რა წინადადებას სთავაზობდით ბატონ ბიძინას?

_ სანამ უშუალოდ ამაზე გიპასუხებთ, მინდა ვთქვა, რომ, მიუხედავად გამუდმებული მცდელობისა, მორწმუნე ადამიანები წარმოაჩინონ  ფანატიკოსების, ფუნდამენტალისტების თუ რეაქციონერების სახით, ნამდვილი ღვთისმოშიში ადამიანები წარმოადგენენ საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ნაწლის _ «მარილს ამა ქვეყანისას», რადგან ღვთის მცნებებით, ღვთის შიშით ცხოვრობენ და განსაკუთრებული შინაგანი ცენზურით გამოირჩევიან. ამას გარდა, მორწმუნე ადამიანებისთვის ყოველთვის ორი ხატება – ორი საფიცარი არსებობდა ამქვეყნად _ უფალი და სამშობლო, რომელთა შორისაც ფაქტობრივი ზღვარი წაშლილი იყო და ერთ მთლიანობად მოიაზრებოდა. თუ კარგად გავაანალიზებთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, დავინახავთ, რომ ჩვენი სამშობლოს ყველაზე დიდი პატრიოტები ღრმად მორწმუნე ადამიანები, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები იყვნენ, მომხვდური მტრის წინააღმდეგ ბრძოლას ლოცვით, ღვთისადმი სასოებითა და ქრისტეს საიდუმლოთა ზიარებით რომ ეგებებოდნენ. სწორედ ღრმა შეგნება იმისა, რომ უფლისა და სამშობლოსთვის სამსახური წმიდათა წმიდაა, რომ ეს სოფელი მხოლოდ კარიბჭეა მარადიულ ცხოვრებაში გადასასვლელად, ანიჭებდა ამ ადამიანებს უშრეტ სიყვარულს და, რაც მთავარია, თავგანწირვას ღვთისა და სამშობლოსათვის. განა ამის გარეშე შეძლებდა 200 თავგანწირული დიდგორელი მხედარი მტრის ბანაკში შეჭრას, რაც  პირდაპირ სიკვდილზე წასვლას ნიშნავდა?! ისინი მტრის ბანაკში, ფაქტობრივად, ქრისტესთან შესახვედრად მიდიოდნენ; ან რად ღირს კრწანისის გმირების მაგალითი, ბრძოლის წინ ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხილ მიწას, როგორც წმ. ზიარებას, ისე იხმევდნენ და მაღალი იდალებით შთაგონებულნი ეკვეთებოდნენ მტერს (სულ ჩვენს თანამედროვე პოლიტიკოსებს არ გვანან?!).

მარადიული თემაა _ პირადი და სახელმწიფო ინტერესების ურთიერთმიმართება და ყველა ჭეშმარიტი ლიდერი უნდა ცდილობდეს,  იმგვარი ადამიანების მაქსიმალურად შემოკრებას, ვისაც არა ამბიციები და ანგარება ამოძრავებს, არამედ საკუთარი ინტერესების მსხვერპლად გაღება შეუძლია მაღალი იდეალებისთვის. ამდენად, ჩვენს დროშიც მაქსიმალურად ბევრი ღრმად მორწმუნე და არა ფარისეველი ადამიანი რომ იყოს წარმოდგენილი საზოგადოებრივ ასპარეზზე და თუნდაც ხელისუფლების შტოებში, არ იქნებოდა ესოდენ გაუსაძლისი მდგომარეობა არც ერთ სფეროში.

ბატონ ბიძინასაც ვთავაზობდით თანამშრომლობას და მხარდაჭერას იმ პირობით, თუ მომავალში მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მრევლის ინტერესები თუნდაც ავადსახსენებელი ბიომეტრიული და ელექტრონული საბუთების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით.

ჰოდა, არ გაინტერესებთ, რა ცინიკური პასუხი მივიღეთ მისი პრესსამსახურის თანამშრომლის ანა გოჩაშვილისგან? _ შეგიძლიათ შექმნათ ბატონი ბიძინას მხარდამჭერი ჯგუფი. ეს თქვენი უფლებაა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევითო. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ბატონ ბიძინას პოზიცია კი არა, მხოლოდ მისი გარემოცვის ოინებია.

მე გეკითხებით: თუ ეკლესიისა და მრევლის ინტერესები ისევ ისე იქნება «გათვალისწინებული», როგორც დღეს, მაშ, რატომ უნდა გვინდოდეს ივანიშვილის გუნდით «ნაციონალების» ჩანაცვლება?! მარტო იმიტომ, რომ ახლა რესპუბლიკელებმა აიხდინონ ოცნებები?!

სხვათა შორის, «ქართული ოცნების» მოძრაობის პრეზენტაციის შემდეგ ივანიშვილისადმი არაკეთილმოსურნე, სახელისუფლო სააგენტოებმა დაბეჭდეს _ პრეზენტაციაზე არც ერთი სასულიერო პირი არ მიუწვევიათო, და, მართლაც, დიდ საკონცერტო დარბაზში მხოლოდ ერთ მონაზონს მოვკარი თვალი.

არ მინდა ვიფიქრო, რომ სასულიერო დასისა და მორწმუნე საზოგადოებისადმი ამგვარი მაიგნორირებელი დამოკიდებულება ივანიშვილის განცხადებულ პროდასავლურ კურსს უკავშირდება. აკი გამუდმებით გვიჩიჩინებენ ოკეანისგაღმელი «კეთილისმყოფელები» _ მართლმადიდებლური ეკლესია არის ჩამორჩენილი, ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი, კონსერვატიული ფაქტორიო. ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუციებში კი პირდაპირ ინსტრუქციებია _ შეზღუდეთ დომინანტი აღმსარებლობები, ანუ მართლმადიდებლური ეკლესიაო.

მე მაინც იმედი მაქვს, რომ იმ პატარა ადამიანებისგან მორწმუნე საზოგადოებისადმი გამოხატული არაჯანსაღი დამოკიდებულება მხოლოდ მათი და არა ბატონი ივანიშვილის პოზიციაა. თავად ბატონი ბიძინა კი სწორად გადააფასებს ყველაფერს, ყველას თავის ადგილს მიუჩენს, ნამდვილ პატრიოტ, თავგანწირულ, მორწმუნე და ეროვნულ ხალხს შემოიკრებს გარშემო, რათა «ქართული ოცნება» დიდ «ქართულ ფლუსტრაციად» არ იქცეს, როგორც ეს მოხდა 2003-ში და დღე იგი უკანასკნელი არ იქცეს ბევრად უფრო მძიმედ, ვიდრე იყო წინამორბედი.

ესაუბრა ეკატერინე დალაქიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here