Home რუბრიკები პოლიტიკა ერევნული მოძრაობა, ანუ ინჩუ ჰამარ, ჰააა?!

ერევნული მოძრაობა, ანუ ინჩუ ჰამარ, ჰააა?!

665

ეროვნული მოძრაობა საქართველოში ნელ-ნელა მიიცვალა და მისი ადგილი შეპარვით, ჩუმ-ჩუმად ერევნულმა მოძრაობამ დაიკავა. არ დაიწყოთ ახლა, ქსენოფობია და რამეო! ერევნული რომ არ იყოს, ჯონდი ბაღათურიამ რაც საქართველოს პარლამენტის ნაციონალურ უმრავლესობას ჰკადრა, ბარემ სომხების გენოციდი აღიარეთო, ის არ მოჰყვებოდა, რაც მოჰყვა.

აზერ სულეიმანოვმა ბაღათურიაზე გაიწია და ტუბი ესროლა. ჯონდიმ ჩაწოდება მოხსნა და მოწინააღმდეგის კარისკენ დააბრუნა. სულეიმანოვმა ჭიქის სროლა ვეღარ მოახერხა, მაგრამ საჯარიმოზე ციმციმ გამოჩნდა ერევნული მოძრაობის ფორვარდი აკაკი ბობოხიძე, თუმცა ჯონდი ბაღათურიას ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ აღმოაჩნდა და ბობოხიძეს ხურდაში კინაღამ ნომერ პირველი ქრისტიანი და დემოკრატი გიორგი თარგამაძე შემოეხარჯა. გოკა გაბაშვილმა გამშველებლის კეთილშობილური მანტია მოირგო და მათ შორის ჩადგა. ხუთიოდე წუთში ხელჩართული ბრძოლაც დამთავრდა.

არადა, რა თქვა ასეთი ბაღათურიამ? «გუშინ აქ იყვნენ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებისომხები, თბილისელები თუ რეგიონიდან ჩამოსულები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტისგან სომეხთა გენოციდის აღიარება და ჩვენი მხარდაჭერა მოითხოვეს. მე ხომ გეუბნებოდით, როცა ერთდღიან პიარაქციასსამასხარაო პიარაქციას აწყობდით და გინდოდათ ჩერქეზთა გენოციდი გეღიარებიათ, რომ არ გეღიარებიათ, რომ არ გაგეკეთებიათ ეგ საქმე, რადგან ხვალ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, სომხები მოვლენ და სათქმელი არ გვექნება არაფერი. მაინტერესებს, რა გინდათ, რომ ამ ხალხს უპასუხოთ»?

ეჰ, ჯონდი, ჯონდი! მაგ ადგილზე 100 ათასი ქართველიც მივიდა და 300 ათასი თანამოქალაქეც, _ სულ «წადი-წადი» უძახეს და ყური არავის გაუბერტყია. მაინცდამაინც სომხებზე დაგეწვა გულ-მუცელი? თუმცა ყოფილი ეროვნული, აწ კი ერევნული მოძრაობა, ქართული სახელმწიფოს შენების ნაცვლად, ხმების მონადირებისთვის არის აღძრული _ თუ ბოცო წიკლაური და ეკა ხერხეულიძე მიშას ფანები გახდნენ, შენ ვინ დაგიშლის სომხურ ხმებზე ნადირობას?! ასე რომ არ იყოს, განა ტოლერანტობის ცალმხრივ ზეიმს სომეხთა კათოლიკოსის ვიზიტს მიუძღვნიდა საქართველოს პარლამენტში ერევნული მოძრაობის ლობი?

სომხები არა, მაგრამ სულ მალე ამ ინციდენტიდან პარლამენტის შენობასთან აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის წევრები გამოჩნდნენ და ჯონდი ბაღათურიას ერევნული «დვიჟენიები» გააპროტესტეს. ვინ უხმო ასე სწრაფად და საიდან იცოდნენ, რის თქმას აპირებდა ბაღათურია, უცნობი დარჩა. ინციდენტამდე სულ ცოტა ხნით ადრე პარლამენტმა სახალხო დამცველის წლიური ანგარიში ცნობად მიიღო. კიდევ კარგი, ეს მაინც მოასწრეს, თორემ ტუღუშის მიერ აქციების დაშლისას არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჯონდი ბაღათურიას მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალაც დაემატებოდა და მერე გენახათ, ცნობად მიღება როგორ უნდა!

სახალხო დამცველი არც იმას შესწრებია, როგორ უძახა აზერ სულეიმანოვმა ჯონდის ბაღათურიანი და სიტყვაც კი მოითხოვა საგანგებოდ. «ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა», _ განაცხადა მარნეულის დეპუტატმა. აზრზე მოდი, ბიჭო! არნოლდ სტეპანიანი მურმან დუმბაძეს ახდევინებს ბოდიშებს და შენ თავი ვინა გგონია? არმენიკ ბაინდურიანიც ცდილობდა რაღაცის თქმას, მაგრამ პარლამენტის ერევნული მოძრაობის გამოცდილმა წევრებმა მიკროფონთან არ მიუშვეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ იქვე მოუწოდა თანამოქალაქეებსა და თანამოპარლამენტეებს: «ეს არის ტკივილი და ტრაგედია, რომელიც გავიარეთ და ამ ტრაგედიას არ სჭირდება პოლიტიკური გამოსვლები და ისეთი ფორმით სპეკულაცია, როგორც ეს ჩვენი ზოგიერთი გამომსვლელი კოლეგისგან მოვისმინეთ. ეს არის ტკივილი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და ეს არის ტკივილი, რომელიც საქართველომ განიცადა და განიცდის. ამიტომ მოდით, ნუ ავყვებით პროვოკაციულ განცხადებებს და გამოსვლებს. ყველაზე დიდი მტრობა ამ ქვეყნის არის ეთნიკური შუღლის დათესვის მცდელობა, ამიტომ მოგიწოდებთ, ნებით თუ უნებლიეთ ნუ გავხდებით იმ თამაშის მონაწილეები, რომელიც მხოლოდ ერთ მტერს აძლევს ხელს».

«ერთი მტერი» უთუოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მტერი სხვაც ბევრი გვყავს, მაგრამ, აბა, საკუთარ თავზე ხომ არ დაიწყებენ ლაპარაკს?! ის ერთი მტერი კი სადაც ეგულებათ ჩვენს «ხალხის რჩეულებს», ყველამ კარგად იცის. სამაგიეროდ, არ დაუზუსტებია, რომელი მხარის ტკივილზე აიჩუყა გული ბაქრაძემ _ გენოციდის მსხვერპლ სომხებზე თუ სომხების მიერ 1918 წელს დახოცილ 60 ათას აზერბაიჯანელზე (აზერ სულეიმანოვი ამ ამბავს აწვებოდა). ბაქრაძემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს პარლამენტში არასდროს არ იქნება ისეთი განცხადება, რომელიც ან სომეხ, ან აზერბაიჯანელ ხალხს შეურაცხყოფს. ოე, ბატონო თავმჯდომარევ! იქნებ ის გეცადათ, რომ საქართველოს პარლამენტში არასდროს ყოფილიყო ისეთი განცხადება, რომელიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფს?!

ჰო, ამას წინათ მახათას მთაზე მისული ჩვენი მაღალი და «ჩერესჩურ» ფხიზელი პრეზიდენტი ისეთი სათნო და მწყაზარი იყო, ყველას დაავიწყა, თუ რამ მანამდე მიუქარავს. ჩვენმა გამოუცდელმა ხალხმა კი არც ის იცის, რომ 20 აპრილი მარიხუანის თავისუფლების მსოფლიო დღეა. რა ქნას სააკაშვილმა, მარიხუანის ლეგალიზაციას ისევ ის ურჩევნია, თვითონ მოიხმაროს თავისუფლად და თვითონ დაიტანჯოს საკუთარი ხალხის მაგიერ, მაგრამ ამ ერევნულ მოძრაობას, რა გინდა, რომ უყო _ ტყვია მაგას არ კლავს, საწამლავი არ წამლავს და წყალში არ იძირება! დიდი-დიდი, დააპაკეტო და ბათუმის «რადისონის» უკან მცხოვრებთ ეზოში დაუწყო, ოღონდ ეგ არის, რომ აირწინაღებს მარტო მიშას ერთგულ პირებს ურიგებენ, დანარჩენებს კი დენზე მიბმული ნაგვის ქვითრები გაქვთ და მაგრად ჩასჭიდეთ ხელი!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here