Home რუბრიკები პოლიტიკა «ზარალას» ზარალი და «ივანიშვილის მომენტი»

«ზარალას» ზარალი და «ივანიშვილის მომენტი»

693

დონალდ აღმაშენებლის ჩამოყვანას «ქართული ოცნების» დამფუძნებელი ყრილობა უნდა გადაეფარა, თუმცა თავად აღმაშენებლის ბათუმში ჩასვლა ჯერ  «რადისონში» ამოხეთქილმა ფეკალურმა მასებმა, შემდეგ კი გამსახურდიას ქუჩაზე რესტავრაციისას სასტუმრო «ლონდონის» ჩამონგრევამ გადაფარა. «ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მშენებლობაზე დასაქმებული პირები ამბობენ, ნგრევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია», _ გვაუწყებს ინტერპრესნიუსი.

რა მოუვა ძლიერი ქარის პირობებში დონალდ აღმაშენებლის სახელზე ასაგებ 47-სართულიან ცათამბჯენს, არც სააგენტოები აზუსტებენ და არც სააკაშვილი. არადა, ქარს სულ რომ თავი დავანებოთ, 47 სართულზე განლაგებული ბიზნესცენტრი, სპა და ფიტნესკლუბები, ლაუნჯბარები და საცხოვრებელი ბინები გაცილებით მეტ ფეკალურ მასას წარმოშობს, ვიდრე 19-სართულიანი «რადისონ ბლუ».

«კანსა და ნიცაზე უკეთესი» ბათუმი, როგორც ცნობილია, კანალიზაციის პრობლემას პერმანენტულად განიცდის, მაგრამ ტრამპი ჯერ ისე არ გაგიჟებულა, საკუთარი მილიარდები კანალიზაციაში ჩადოს. ზარალი ისევ «ზარალამ» უნდა ნახოს. ამიტომაც არის, რომ ინვესტიციის ნაწილს ტრამპი გაიღებს, დანარჩენს კი _ გიორგი რამიშვილი («სილქ როუდ ჯგუფის» სახელით). სიტყვამ მოიტანა და ტრამპი თბილისშიც და ბათუმშიც თაუერებს აშენებს, თაუერი კი ციხეს ნიშნავს. ვის და რაში დასჭირდა ციხეების კიდევ ერთი აღმაშენებელი საქართველოში, უცნობია.

«პროზაული ბიზნესის მქონე მილიარდერთან» შეხვედრა რომ თავიდან აეცილებინა, ამერიკის ელჩმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბულაჩაურში წასვლა და გამწვანების აქციაში მონაწილეობა არჩია. მართლაც, სააკაშვილის აღტკინების მიუხედავად, ციფრები ჯიუტად მეტყველებს, რომ, «ფორბსის» მონაცემებით, მილიარდერი ტრამპი საგრძნობლად ჩამორჩება ივანიშვილს (შესაბამისად, 420- ადგილი 2,7 მილიარდით და 153- ადგილი 6,4 მილიარდი დოლარით).

ტრამპმა ბათუმში რაც უნდა დახარჯოს, იმდენი ივანიშვილს მარტო ჯარიმის სახით აქვს გადახდილი კონტროლის პალატის მისივე სახელობის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაუღალავი შრომის წყალობით. თუმცა სააკაშვილი ახალი დონორის მოლოდინში ლექსად გაიკრიფა და განაცხადა: «არსებობს დიდი სახელები, არსებობს პიარის პროდუქტები და არსებობენ დიდი პიროვნებები, რომლებიც შეესაბამებიან თავის სახელს. არსებობს ბევრი დიდი სახელი, თუმცა ტრამპი არის თითქმის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც მთლიანად შეესაბამება თავის სახელს და კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მისი სახელი, როგორც პიროვნება». შეძელით აზრის გამოტანა? საეჭვოა. სამაგიეროდ, ჩემი თაობის და მასზე უფროს მკითხველს ეს უშინაარსო დითირამბი მხოლოდ პროლეტარიატის ბელადის შესახებ არანაკლებ უაზრო გამონათქვამს მოაგონებს: «И ленин до сих пор живет всех живих«

მანამ არაფერი ეტკინოს ჩვენს მკითხველს, ვიდრე ლენინი ყველაზე ცოცხალი იქნება, ხოლო ტრამპი _ «კიდევ უფრო დიდი, ვიდრე მისი სახელი, როგორც პიროვნება»! ასეა თუ ისე, ტრამპის ქებაში სააკაშვილს სწორედ პასპორტი და ვიზა მოადგა ენაზე, რაც უთუოდ ისევ ივანიშვილის მომენტს, უფრო სწორად კი მის მოქალაქეობას უნდა უკავშირდებოდეს: «თუ ვინმეს ჩამოსვლა სადმე არის პასპორტი და ვიზა ქვეყნის წარმატების, თუ ვინმე ზუსტად შეესაბამება ჩემს ფილოსოფიას, ეს არის დონალდ ტრამპი». ამის შემდეგ სააკაშვილმა საკუთარი სატკივარი შეფარვით გამოთქვა: «ეს არის ადამიანი, რომელიც მიდის რისკზე, ბედავს, არ უჯერებს პესიმისტებს, ადამიანი, რომელსაც ბევრჯერ დასცინეს და გამოაცხადეს, რომ მისი საქმე დასრულებულია, ყოველთვის დაბრუნდა უკან». ერთი სიტყვით, მიშა საკუთარ თავს ტრამპს ადარებს, არ უჯერებს პესიმისტებს, რომ მისი საქმე დასრულებულია და, დაცინვის მიუხედავად, ლამობს, სხვა კარით «დაბრუნდეს უკან», ხელისუფლებაში.

ამასობაში კი ივანიშვილის პარტიის დიდი ხნის ნანატრი ყრილობაც გაიმართა და დიდი ხნით ადრე ანონსირებული თავმჯდომარეობის კანდიდატის – ივანიშვილის მეუღლის ნაცვლად ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად ადვოკატი მანანა კობახიძე დასახელდა. ყრილობამ იგი ერთხმად დაამტკიცა. ივანიშვილმა გაამართლა ხმები იმის შესახებ, რომ მას მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და არც პარტნიორებზეა ისე დამოკიდებული, როგორც ეს დღემდე მოჩანდა. მიუხედავად განცხადებებისა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე მანანა კობახიძე მხოლოდ ფორმალურად შეასრულებს ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას, ეს სულაც არ არის ფორმალური საკითხი. სიტყვა «ფორმალურის» დეფინიციაზე ბოლო დროს საქართველოში ბევრს კამათობენ ობამას მიერ სააკაშვილთან შეხვედრაზე «ხელისუფლების ფორმალური გადაბარების» შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, თუმცა ჩვენ ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით შემოვიფარგლოთ.

ვინც მანანა კობახიძის პროფესიულ საქმიანობას იცნობს, მან კარგად იცის, რომ იგი არასოდეს მოჰკიდებია საქმეს ფორმალურად. ამავე დროს, მას არასოდეს შეუგდია სასწორზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბედი საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ეს კი უაღრესად დასაფასებელია ქვეყანაში, სადაც ადვოკატები ხშირად საკუთარი პოპულარობისა და პიარის გამო პატიმრის ბედს არად დაგიდევენ. კულუარებიდან გამოსული ხმებით ისიც ითქვა, რომ მანანა კობახიძე ის იშვიათი პიროვნებაა, რომელიც შემდგომ უმტკივნეულოდ დაუთმობს თავმჯდომარის პოსტს ივანიშვილს. ესეც უთუოდ პოზიტივია, _ პიროვნული ამბიციების გამო რამდენი პარტია გაიხლიჩა და დაიშალა, ყველას გვახსოვს.

თუმცა ჩემთვის, როგორც პროცესის დამკვირვებლისთვის, ჩამოთვლილ პოზიტივზე მეტს ნიშნავს ის, თუ რა განზრახვა იკითხება ამ საკადრო გადაწყვეტილების მიღმა. მანანა კობახიძე იყო იმ მართლმადიდებელი ბიჭების ადვოკატი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ იხდიან სასჯელს, რომ ტელეკომპანია «კავკასიაში» იმყოფებოდნენ. მათ არავინ უცემიათ, სტუდიაში ისხდნენ და, თუმცა «კავკასიის» მესვეურებმა თავად მოითხოვეს მათი გათავისუფლება, დღემდე პატიმრობაში არიან. რაკი მათზე საუბრით თავს ჩვენი ერთიანად «მედასავლეთე» პოლიტიკოსები თავს არ იწუხებენ, სახელობით ჩამოვთვლი: ლევან ჩაჩუა, შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ჯაბა გურჩიანი, გიორგი გაბედავა, ავთანდილ ზუმბაძე, დავით შალამბერიძე და ზვიად ბლიაძე. მათგან ორს – რატი მაისურაძესა და ავთანდილ ზუმბაძეს დამატებით ხულიგნობის ბრალდებაც წაუყენეს და 4 წელსა და 6 თვეს კიდევ 2 წელი და 6 თვე დაუმატეს. მანანა კობახიძე კი სასამართლოს ისტორიაში, ალბათ, ერთადერთი ადვოკატია, რომელიც მოსამართლემ გაღიმების გამო დააჯარიმა!

ის, რომ სხვა შესაძლო ვარიანტებიდან პარტიის თავმჯდომარედ შერჩეულია სწორედ სინდისის პატიმრების, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლების ადვოკატი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოტივაცია. ეს ერთგვარი გზავნილია მათთვის, ვინც ეროვნულ და მართლმადიდებლურ პლატფორმას მოითხოვდა ივანიშვილისგან.

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც უთუოდ იქცევს ყურადღებას: უამრავი პრეტენზია გამოითქვა რესპუბლიკელების მიმართ, ხოლო ივანიშვილის გარემოცვაში მათ გავლენას მუდამ ბიძინას გვერდით მყოფი თინა ხიდაშელი განასახიერებდა. ამ თვალსაზრისითაც მანანა კობახიძე ნამდვილად არ არის შემთხვევითი კადრი. საქართველოს არასამთავრობო სექტორში იურიდიულ და უფლებადაცვით საქმიანობაში ორი ფლაგმანი იყო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და «კონსტიტუციის 42-ე მუხლი». თუ საია-ს ხელმძღვანელი ახლო წარსულში თინა ხიდაშელი იყო, «კონსტიტუციის 42-ე მუხლს» მანანა კობახიძე ხელმძღვანელობდა. ორივე ქალია, ორივე იურისტი, ორივე უფლებადაცვითი სფეროდან, ოღონდ ხიდაშელი და მისი თანაგუნდელები გლდანის ეკლესიის კარის შელეწვას ესალმებოდნენ, ხოლო მანანა კობახიძე უსამართლობის მსხვერპლ მართლმადიდებლებს იცავდა.

ივანიშვილის ეს, ერთი შეხედვით უბრალო, გადაწყვეტილება გაცილებით მეტს ამბობს მასზე, ვიდრე მისი ყველა ინტერვიუ თუ წერილი. შეიძლება  ითქვას, რომ ეს მისი პირველი პოლიტიკური ნაბიჯია და ამ ნაბიჯით იგი უკვე შედგა, როგორც პოლიტიკოსი.

თუმცა მას წინ უსწრებდა კიდევ ერთი _ აზიზის მეჩეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელმაც პოლიტიკურ პარტნიორებსაც დაახევინა უკან და მურმან დუმბაძის გახმაურებული საკითხიც დაძრა ადგილიდან. ათას პოლიტიკურ ინტრიგაზე გადამხტარ რესპუბლიკელებთან ეს ორი მოგება სულაც არ არის ხელწამოსაკრავი.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელებმა შიდაპარტიული დემოკრატიის სრული უგულებელყოფით მურმან დუმბაძე სწორედ აზიზის მეჩეთის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების გამო გარიცხეს და ბოლო დრომდე მის აშენებას ემხრობოდნენ. 29 მარტს კი «ქართულმა ოცნებამ» ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც კერძოდ ნათქვამია: «თურქეთთან შეთანხმების გაფორმება ისტორიული ტაოკლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების თაობაზე აუცილებელია, თუმცა ამავე დროს, კოალიცია მიუღებლად მიიჩნევს ისტორიულად არსებული და დროთა განმავლობაში განადგურებული ძეგლის ადგილას მსგავსი შენობების ხელახლა აშენებას, რადგან ეს იძენს უფრო პოლიტიკურ, ვიდრე კულტურულ დატვირთვას».

პოლიტიკურად სრულიად გამართლებული ნაბიჯი იყო ისიც, რომ «ქართულ ოცნებასთან» შეერთებაზე ორი მაჟორიტარის _ კარლო კოპალიანისა და რომან მარსაგიშვილის გადაწყვეტილება ყრილობაზე გამჟღავნდა. ამგვარად, ახლადდაფუძნებული პარტია უკვე საპარლამენტო გახდა. საინტერესოა დეკლარაციის ძირითად პრინციპებში ხაზგასმული აზრი იმის შესახებ, რომ პარტია ყოველმხრივ ხელს შეუწყობს ოპოზიციური ძალების ერთიანობის გამყარებას პოლიტიკურ კოალიცია «ქართული ოცნების» ფარგლებში და ინტენსიურად ითანამშრომლებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იზიარებენ კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ ხედვებს.

დეკლარაცია კი კვლავაც ზოგადია და, გარდა კარგად ნაცნობი აწმყოს ანალიზისა, ასევე კარგად ნაცნობ ორიენტირებს იხმობს: «საგარეო ურთიერთობების ორიენტირები მიმართული უნდა იყოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ». ერთგვარად დამაიმედებლად გამოიყურება გაგრძელება: «არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და ურთიერთობების ნორმალიზაცია რუსეთთან. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის საიმედო და პროგნოზირებად პარტნიორად უნდა იქცეს».

ერთი სიტყვით, ორიენტირი კვლავ იქ ძევს, სადაც არავის ვუნდივართ, ხოლო რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში განიხილება. არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა კიდევ ერთი მომენტი განგვაცდევინოს და, როგორც მანანა კობახიძის შემთხვევაში, ორიენტირებიც გადააჯგუფოს, მაგრამ ჯერჯერობით ზოგადი დასავლური რიტორიკა მაინც სჭარბობს. ყველას თავისი მომენტი აქვს; ზოგს _ ერთდროულად ტრამპ თაუერების და მეჩეთების, ზოგსაც – ფასადური დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის, მაგრამ სააკაშვილისთვის 7 ოქტომბრიდან ყოველი დღე რომ «ბიძინას მომენტია», ამაზე დავაც არ ღირს.

ჩვენ მიერ მოყვანილი პარალელი ორი მარინეს, ორივე გიორგის ასულის და ორივე ფერაძის შესახებ სახელისუფლო ტელეარხებმა სულ სხვაგვარად აღიქვეს: «ამგვარად, ნინო ბურჯანაძის გარდა, კიდევ ერთ პარტიას ქალი და თანაც იურისტი უხელმძღვანელებს». რა შუაში იყო აქ ბურჯანაძის ხსენება, ეს მხოლოდ «ნაციონალური მოძრაობის» ცეკას აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების მესვეურებმა იციან. სამაგიეროდ, ნამდვილად ვერ მოასწრეს მობილიზაცია მანანა კობახიძის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად, რადგან მისი კანდიდატურის შესახებ ყველაზე ვიწრო წრემაც კი მხოლოდ წინა ღამეს გაიგო.

რატომ დაიგვიანა ბიძინა ივანიშვილის პოზიტიურმა ნაბიჯებმა? ამაზე მრავალი პასუხი არსებობს, მაგრამ ივანიშვილი, როგორც ჩანს, აღმოსავლური სიბრძნით ხელმძღვანელობს, აღმოსავლეთში კი დროის მდინარებაც სხვაგვარია და ადამიანური არგუმენტებიც.

მოლა ნასრედინი ქლიავს მიირთმევდა. ნაცნობი მივიდა და ჰკითხა:

_ მოლა, რას მიირთმევ?

მოლამ მკვახედ მიუგო:

_ იმიტომ!

_ რა იმიტომ, მე გკითხე, რას მიირთმევმეთქი?

მოლამ აუხსნა: _ მე რომ გითხრა, ქლიავსმეთქი, მერე შენ უნდა მითხრა, ცოტა მეც მაჭამეო. მე უნდა გითხრა, არ მოგცემმეთქი. შენ შემეკითხები, რატომო. მე კიდევ უნდა გიპასუხო, იმიტომმეთქი. ჰოდა, პირდაპირ გეუბნები _ მიტომ!

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here