Home რუბრიკები პოლიტიკა ვისი ხელი ვის ჯიბეშია, ანუ ვამპირების კორპორაცია

ვისი ხელი ვის ჯიბეშია, ანუ ვამპირების კორპორაცია

582

_ ვერა, სადაა ჩვენი ფული?!

უკაცრავად, ნერვების ბრალია, ეს სევდიანი დიალოგი, ალბათ, სხვაგვარად უნდა დაგვეწყო, დაახლოებით ასე:  დღეა, წვიმს და გარდასულ დღეთა მოგონებებივით მძიმე წვეთები ულმობლად ეცემა ბაღში ბამბუკის ძველ მაგიდაზე დარჩენილი წიგნის ფურცლებზე, ქალბატონო ვერონიკა, სახელდობრ იქ, სადაც მოუსვენარი ჟან-ჟაკის კალამმა დაწერა «ფული, რომელსაც ხალხი საკუთარი თავისუფლების შენარჩუნებისთვის გასცემს, მხოლოდ მისი დამონების იარაღად გადაიქცევა იქ, სადაც ფული მეფობს. ის, რასაც ხალხი დღეს ნებაყოფლობით იხდის, გამოიყენება იმისთვის, რომ ხვალ იგი იძულებული გახადონ, გადაიხადოს». და აი, აქ, სველი ბამბუკის ინდოჩინური სურნელით გაჟღენთილ ბაღში, ამ კურტუაზული შესავლის შემდეგ მინდა, გავიმეორო კითხვა, რომელზეც დგას ფრანგული ლიტერატურის ნახევარი და ქართული ყოფიერების ოთხი მეხუთედი: «სადაა, ბოლოს და ბოლოს, ფული, მადამ?!»

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ქურდივით გვიძვრება ჯიბეში და ყოველდღე ახალი ჯარიმების, სანქციების, უხეშად რომ ვთქვათ, ათასი მაიმუნობის შესახებ ვიგებთ, რაც მალე კიდევ უფრო გაგვაღატაკებს და, თუ ცნობილი მეტაფორის ფარგლებში ფულს სისხლს შევადარებთ, სისხლისგან დაგვცლის. როდის დაიწყო ეს პროცესი? ნაგვის გადასახადის დენზე მიბმიდან? «მარშრუტკების» აფერიდან? მონოპოლიების ჩამოყალიბებიდან? ბენზინისა და ხორცის ფასებით მანიპულაციებიდან? ალბათ, გაცილებით ადრე, მაშინ როდესაც, ჟან-ჟაკ რუსოს თქმის არ იყოს, ჩვენ ჩავთვალეთ (რატომ?), რომ ჩვენი გადასახადები კარგ საქმეს მოხმარდებოდა და სწორედ ამ ფულმა გაამყარა დათრგუნვის მექანიზმები, მთელი სისტემა, რომელსაც დღეს თამამად შეგვიძლია ვამპირების კორპორაცია ვუწოდოთ. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ქურდის ხელი ჩვენს ჯიბეშია და ვხედავთ, რომ მეორე ხელში დანა აქვს, რომელსაც ჩუმად გვიჩვენებს, რათა ხმაური არ ავტეხოთ.

ერთი პატარა, საგულისხმო მაგალითი: საქმე ქვეყნის ან თუნდაც ოჯახის ბიუჯეტის საზომით სასაცილო თანხებს ეხება, მაგრამ თავხედობის მასშტაბი მართლაც რომ კოსმოსური ჩანს. როგორც ცნობილია, იანვრიდან ფიქსირებული და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ ფიზიკურ პირებს თვეში 20 თეთრის, ხოლო იურიდიულ პირებს 50 თეთრის ყოველთვიური სავალდებულო გადასახადის გადახდა უწევთ «112»-ის მომსახურების საფასურის სახით, იმისდა მიუხედავად ისარგებლეს მათ ამ მომსახურებით თუ არა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-დან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გვამცნო, რომ «112»-ის მომსახურებისთვის მიღებულმა შემოსავალმა იანვარ-თებერვალში 1 მილიონ 408 ათას 868 ლარი შეადგინა იმ პირობებში, როდესაც «112»-ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია. «მომსახურების საფასურის გადახდისა და ამოღების წესის ამოქმედება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მომსახურება არ ხორციელდება და მისი მიღება შეუძლებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და უხეშად ლახავს მოქალაქეთა და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს», _ ნათქვამია საია-განცხადებაში. აქ, ალბათ, ყველაფერი მარტივია: მან, ვინც ასე უპრობლემოდ ამოიღო ჩვენი ჯიბიდან 1,4 მილიონი, ხვალ 14-ს, ზეგ კი 140 მილიონს წაეპოტინება და ეს, სავარაუდოდ, გაგრძელდება მანამ, სანამ შეგვეშინდება იმ დანის, რომელსაც ჯიბის ქურდი გვიჩვენებს. მსგავსი მანიპულაციებისთვის ნორმალურ ქვეყნებში პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს სარზე სვამენ (დასაწყისისთვის გადატანითი მნიშვნელობით), ხოლო იმისთვის, რაც ნაგვის გადასახადს, ბენზინისა და ხორცის ფასს დაემართა, ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ, კოცონზე წვავენ და ისტორიის სანაგვეზე ისვრიან.

შეიძლება ოდნავ პათეტიკურად გაიჟღეროს, მაგრამ ჩვენ ვერ ვეღირსებით რამდენადმე ღირებულ სახელმწიფოს, ვიდრე ფულის დათვლას არ ვისწავლით. თავიდან შეგვიძლია არითმეტიკით დავიწყოთ, მაგალითად, იმით, რომ შარშან პენსიონერს, 2009 წლისგან განსხვავებით, არა 8, არამედ მხოლოდ 6 კილო ხორცის ყიდვა შეეძლო, ცხადია, თეორიული ხორცის, რადგან სხვა ხარჯების და კომუნალური გადასახადების გათვალისწინებით, ის ნახევარ კილოს თუ გასწვდება. შემდეგ შეგვიძლია, უფრო მასშტაბურ მონაცემებზე გადავიდეთ, მაგალითად, იმაზე, რომ იმპორტი ექსპორტს სამჯერ აღემატება (იანვარ-თებერვლის მონაცემებით, სხვაობა უფრო დიდია), ხოლო საგარეო ვალი იზრდება სწრაფად, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე. 2011 წელს მთლიან შიდა პროდუქტში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების წილმა 9,2% შეადგინა, მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა, რომელშიც მოსახლეობის ნახევარზე მეტია დასაქმებული _ 8,5%, ამავე დროს ისე უცნაურად ფუნქციონირებდა, რომ ბოსტნეულის იმპორტი შარშან 20%-ით გაიზარდა, ხორცის წარმოება კი 19,9%-ით შემცირდა, მრეწველობაზე საუბარი, ალბათ, საერთოდ არ ღირს. ბოლო წლებში საქართველოს დეინდუსტრიალიზაცია თავისი ტემპებით და დამანგრეველი შედეგებით ჩინგიზ-ყაენის ურდოს რეიდს მოაგონებდა. და აი აქ, ქალბატონო ვერონიკა (მოგმართავთ თქვენ, რადგან ჩვენი პრემიერი, ბატონი ნიკა გასულ კვირას ბრაზილიაში ბრძანდებოდა, იქ წარმოსახვითი ინვესტორების წინაშე ლამის მაგიდაზე ლამბადას ცეკვავდა და, ალბათ, ერთობ დაიღალა), ჩვენ უაღრესად საინტერესო მომენტს მივუახლოვდით.

21 აპრილი უდავოდ შევა სამამულო ფსიქიატრიის ისედაც მდიდარ ისტორიაში; პირადად მე მომეჩვენა, რომ საქართველოში ჩამოსული დონალდ ტრამპის წინაშე ჩვენი ხელისუფლება დახტოდა როგორც კარგო-კულტით შეპყრობილი პაპუასების თვითშემოქმედების ანსამბლი. ამერიკელ ბიზნესმენს, რომელსაც არც ერთი ცენტის ინვესტიცია არ ჩამოუტანია, მეტიც, მისი სახელის გამოყენებისთვის, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი თანხა მიიღო, სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენი გადასცა. სავარაუდოდ, იმ გარემოების გადასაფარად, რომ ტრამპს ინვესტიცია არ განუხორციელებია და ფართო მასებისთვის ერთობ გაუგებარი შეიქნა, საიდან მოდის ეს ფსიქოზი, ითქვა: «ტრამპის ჩამოსვლა მწვანე შუქია ყველა ინვესტორისთვის». კი, ბატონო, იყოს მწვანე, რა უჭირს, თუმცა არის წითელიც _ რუსული რაკეტების სამიზნეში, უსაფრთხოების გარანტიებისა და სამშვიდობო დარეგულირების გარეშე, საუბარი სერიოზულ ინვესტიციებზე ისეთივე ალალი იდიოტიზმია, როგორც ავღანეთის მთებში ალპინიადის მოწყობა. ალბათ, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ომის შემდეგ უცხოური ინვესტიციები თუნდაც ერთ მილიარდამდე ვერა და ვერ ავიდა.

იმავე 21 აპრილს, სახელისუფლო პროპაგანდა დაუცხრომლად, როგორც ანტიკური კატაპულტა, ესროდა ტალახს ბიძინა ივანიშვილს (იმ დღეს მან პარტია დააფუძნა). ივანიშვილს, რომელიც «ფორბსის» მონაცემებით ტრამპზე გაცილებით მდიდარია (6,4 მილიარდი 2,9 მილიარდის  წინააღმდეგ; რეალურად სხვაობა შეიძლება უფრო შთამბეჭდავი იყოს), რომელიც ტრამპისგან განსხვავებით არ გახვეულა არც ერთ მისი რეპუტაციისთვის გამანადგურებელ ბიზნეს-სკანდალში, რომელმაც საქართველოში საქველმოქმედო მიზნებზე უკვე დახარჯა მილიარდ ლარზე მეტი და ამბობს, რომ ამ ბედკრულ სოფლის მეურნეობაში მილიარდი დოლარის ჩადება სურს.

რას აკეთებს ასეთ სიტუაციაში ნორმალური ხელისუფლება? აღვიძებს ბრაზილიური ვოიაჟით გათანგულ პრემიერ-მინისტრს, აბანავებს მას აბაზანაში, უვარცხნის თმას და მილიარდერის რეზიდენციისკენ მიაქანებს (უკაცრავად, გამომრჩა პუნქტი «აცმევს კოსტიუმს», თუმცა არა უშავს, გზაში დააწევენ), სადაც ის დაახლოებით ასეთ ტექსტს წარმოთქვამს: «პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და, როგორც ორმა ქართველმა, ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ ჩავდოთ მილიარდი სოფლის მეურნეობაში». ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ დღეს ასეთი შეხვედრა წარმოუდგენელია. არადა, იდეაში სოფლის მეურნეობაში მილიარდის გონივრულ (!) დაბანდებას ისეთივე როლის შესრულება შეუძლია, როგორც ადრენალინის ნემსს გაჩერებული გულისთვის. მაგრამ არა! დონალდ ტრამპს _ ბრწყინვალების ორდენი «ს მეჩამი ი ს ბანტომ» (და, სხვათა შორის, ერთდროული ფულადი პრემია ჩვენი ბიუჯეტიდან 1000 ლარის ოდენობით… არადა, აიღებს, ეგ ეგეთია), ბიძინა ივანიშვილს კი _ უარი მოქალაქეობაზე.

 

ვისი ხელი ვის ჯიბეშია?

ხელისუფლება ათასი ხრიკის გამოყენებით ცდილობს გადამხდელებისგან დამატებითი თანხები ამოიღოს, წინასაარჩევნოდ მათი აკუმულირება მოახდინოს, რათა მიწასთან გაასწოროს ადამიანი, რომელსაც საქართველოში ორ მილიარდამდე დოლარის (ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვა პროექტების გათვალისწინებით) დაბანდების პირობას დებს. თავი დავანებოთ ემოციებს, პოლიტიკურ სიმპათიებს და სიტუაციას  ჩვეულებრივი ლოგიკის გადასახედიდან შევხედოთ, რაციონალურად, კალკულატორით ხელში. ის ფული, რომელსაც ახლა ხელისუფლება გვართმევს, განახლებადი რესურსი არ არის, ის საარჩევნო კამპანიაში «დაიწვება» და რა მოხდება შემდეგ? ცხადია, ისევ ჩვენთან მოვლენ, ჩვენს მაღაზიებში, საცხობებში, მეურნობებში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენს ოჯახებში, ოღონდ ფულის ამოღება, ალბათ, უკვე არა ჯიბის ქურდობას, არამედ დაუფარავ ბანდიტიზმს დაემსგავსება; სხვა ვარიანტი მკვდარი ეკონომიკის პირობებში არ არსებობს.

როდესაც სააკაშვილმა ახალი საკანონმდებლო ნორმების შემოღებით სცადა, ივანიშვილისთვის საქართველოში ფულის ხარჯვა აეკრძალა, მან, შესაძლოა, ფატალური შეცდომა დაუშვა. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამის გაკეთება არაკეთილმოსურნემ, კონსპიროლოგები რომ იტყვიან, ჩანერგილმა აგენტმა ურჩია. თუ ეს არ მოხდებოდა, ივანიშვილის პარტიულ ოფისებს (ხელისუფლების ფარული წაქეზების პირობებში) ათი ათასობით გაჭირვებული ადამიანი მიაწყდებოდა. სახელისუფლო პროპაგანდას შესაძლებლობა მიეცემოდა, წარმოეჩინა ეს (და თანმდევი) პროცესები როგორც აღვირახსნილი პოლიტიკური კორუფცია და ამავე დროს გაევრცელებია ასობით მოდელირებული ისტორია იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი «ტყუის და სინამდვილეში არავის ეხმარება», გადაექცია მისი კამპანია სრულ აბსურდად და სერიოზული ზიანი მიეყენებია მისი იმიჯისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფაქტობრივად, ეს იყო ერთადერთი რეალური პრობლემა ივანიშვილის კამპანიისთვის, რომელიც სააკაშვილმა (უფრო ზუსტად კი მან, ვინც ამის გაკეთება ურჩია) დასაწყისშივე საკუთარი ხელით მოუხსნა, თანაც თანხები დაუზოგა (არა იმდენად მოცულობითი, რომ ამაზე ცალკე საუბარი ღირდეს, თუმცა მაინც). დგას ახლა ურჩხულის პოზაში ხალხსა და წყაროს შორის, თითქოს არ ესმოდეს, რომ რეალური ფულადი ნაკადები, რომლებიც არჩევნების ბედს გადაწყვეტს, ხატოვნად რომ ვთქვათ, მიწის ქვეშ მიედინება.

საქართველოში შექმნილი მდგომარეობა შეიძლება პარადოქსულად შევადაროთ პერიოდს ბურჟუაზიული რევოლუციის წინ, დეგრადირებული ფეოდალები ჩვენს ჯიბეში ხელს აფათურებენ, როდესაც მოეხასიათებათ და მორჩილებას მოითხოვენ. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ნორმალური პარლამენტი, გარანტირებული უფლებები და მყარი კანონმდებლობა გვჭირდება; ყოველივე დანარჩენს როგორმე მოევლება. მთავარი პრობლემა, შესაძლოა, გაცილებით დიდია, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვება (ეს არ ასცდება), ის ერისა და მისი ელიტის ურთიერთობის პრინციპებს ეხება.

თუ ფეოდალური უღლისგან თავის დაღწევას ამჯერადაც ვერ მოვახერხებთ, ადრე თუ გვიან ისევ იმ საწყის წერტილს დავუბრუნდებით, რომლიდანაც გაქცევას ასეთი ქაოტური მონდომებით ვცდილობთ, სასოწარკვეთილი შეძახილებით «თავისუფლება ისე არ მოდის» ან სულაც «ვერა, სადაა ჩვენი ფული?»… არადა, მართლა სადაა?

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here