Home რუბრიკები საზოგადოება თამაზ როგავა: დარწმუნებული ვარ, ნანას გადარჩენა შეიძლებოდა…

თამაზ როგავა: დარწმუნებული ვარ, ნანას გადარჩენა შეიძლებოდა…

763

2010 წლის 27 ოქტომბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მომხდარი საშინელი ტრაგედია ყველას ახსოვს და, ბუნებრივია, არც არასდროს დაავიწყდება საზოგადოებას. აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქემ ნანა ფიფიამ, რომელმაც დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მის მიერ შესაბამისი უწყებებისთვის გადაცემული მოთხოვნების თუნდაც მინიმალურად დაკმაყოფილებასაც ვერ მიაღწია, უკიდურეს ზომას მიმართა და პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. შემზარავი  ფაქტი, რომელსაც, წესით, ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, არაფრად ჩააგდეს და შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, მიჩუმათდა. მეტიც, იყვნენ ისეთებიც, რომელთა განცხადებებში ცინიზმი და ირონია სჭარბობდა, სოციალურად გაჭირვებული თუ იყო, ბენზინის ფული ხომ იშოვაო

დღეს ნანა ფიფიას 48 წელი შეუსრულდებოდაეკონომიკის სამინისტროსთან მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე პირველადსაქართველო და მსოფლიოსესაუბრება მისი მეუღლე თამაზ როგავა.

_ 2010 წლის აპრილში, ანუ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში, ნანამ განცხადებით მიმართა რამდენიმე სახელმწიფო უწყებას და არამარტო მათ, კერძოდ, _ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, პატრიარქს, დევნილთა სამინისტროსა და თბილისის მერს. ყველა განცხადებაში ნათქვამი იყო ერთადერთი რამ: მოგეხსენებათ, დევნილებს 28-ლარიანი დახმარება ეძლევათ და როგორ უნდა გავანაწილოთ ეს ოცდარვა ლარი ისე, რომ რამეში გვეყოსო. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ნანა უარს იტყოდა საქართველოს მოქალაქეობაზე და გადავიდოდა აფხაზეთში. ეს უკვე ამათთვის იყო ნამდვილი შოკი, იმიტომ, რომ აქეთ გადმოჰყავდათ ვითომ რუსი ჯარისკაცები, გახსოვთ გლუხოის შემთხვევა და წარმოიდგინეთ, აქედან იქით რომ მოქალაქე გადასულიყო, ეს რა იქნებოდაშემდეგ, როცა უბედურება მოხდა, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თურმე ჩვენ ბინას ვითხოვდით და ამას მოჰყვა ყველაფერი. ხაზგასმით ვამბობ, არსად, არც ერთ განცხადებაში ბინის მოთხოვნაზე საუბარი არ ყოფილა, ლაპარაკი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზერულ დახმარებაზე, რომელიც, რბილად თუ ვიტყვით, სასაცილოა და შეურაცხმყოფელი, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში, როცა დღითიდღე ძვირდება ყველაფერი.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გითხარით, ჩემმა მეუღლემ თითქმის ყველა შესაბამის უწყებას და ორგანიზაციას მიმართა, არსაიდან რამე ადეკვატური რეაგირება არ ყოფილა. კი, სცემდნენ გარკვეულ წერილობით პასუხებს, მაგრამ იმდენად უაზროს და გაუგებარს, რომ სასაცილო იყო ეს ყველაფერი…

_ მაინც რა შინაარსის პასუხები მოდიოდა და კონკრეტულად რომელი უწყებიდან?

_ აი, მაგალითად, ერთ-ერთი პასუხი იყო ასეთი: ამ ეტაპზე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების პროგრამას ვახორციელებთ და სხვა მიმართულებებზე ვერ ვიმუშავებთო. ამ დროს კითხვა იყო სულ სხვა, ანუ ეს დაახლოებით ისეთი რაღაცაა, თქვენ რომ, სიტყვაზე, მედიცინაზე მკითხოთ და მე გიპასუხოთ, მაგალითად, ფილოსოფიაზე. ეს ხომ პასუხი არ იქნება?!

ამის შემდეგ ნანამ პრესის საშუალებით მიმართა ხელისუფლებას, რომ მიექციათ მისთვის ყურადღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აფრთხილებდა, რომ მიმართავდა პროტესტის უკიდურეს ფორმას, კერძოდ იმას, რაც შემდეგ გააკეთა. ეს იყო დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სანამ თავს დაიწვავდა, მაგრამ არავინ მის მიმართვაზე ყურიც არ შეიბერტყა, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და მოხდა ის, რაც მოხდა: ადამიანი იძულებული გახდა, საშინელება გაეკეთებია. უბედურება დატრიალდა.

_ როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე დაახლოებით სამი კვირა საავადმყოფოში იწვა. იქ რა პირობები იყო?

_ პირველივე დღეს, როცა საავადმყოფოში მიიყვანეს, მან თქვა: იცოდეთ, რომ მე ესენი მომკლავენო.

_ ანუ ვის გულისხმობდა, ვის შეიძლებოდა მოეკლა?

_ ხელისუფლებას. ის იყო უაღრესად მედგარი, რევოლუციური სულის ადამიანი და იცოდნენ, რომ გამჩერებელი არ იყო, ამიტომ, ალბათ, იფიქრეს, ეს რომ გამოვა საავადმყოფოდან, შავ დღეს დაგვაყრისო…

_ თქვენი აზრით, მას ექიმებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი?

_ ერთი რამის თქმა შემიძლია: დარწმუნებული ვარ, რომ ნანას გადარჩენა შეიძლებოდა. მე ველაპარაკე სხვა ექიმებსაც მისი მდგომარეობის შესახებ და ყველა ამბობდა ერთსა და იმავეს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი მძიმე დამწვრობა, როგორი შედეგითაც დასრულდა ეს ყველაფერი. ის კი არა, მისი ანალიზის პასუხებიც წავიღე სხვა საავადმყოფოში და, რამდენიმე ექიმს რომ ვაჩვენე, მათაც მითხრეს, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო. მერე რა მოხდა, ჩემთვის გაუგებარია, ასე უცბად რამ გამოიწვია გაუარესება…

_ მაინც რა დააკლეს თქვენს მეუღლეს, როგორ ფიქრობთ?

_ ჯერ ერთი, არანაირი პირობები იმ საავადმყოფოში არ იყო: ლოგინი რომ ლოგინია, ისიც არ ვარგოდა. რაც შეეხება მკურნალობას, მედიცინაში მეტ-ნაკლებად მეც ვარ გარკვეული და, რასაც იქ ვხედავდი, ფიზიოლოგიური ხსნარის გარდა, მას არაფერი უკეთდებოდა. შეიძლება რამე სხვა საშუალებებიც იყო, მაგრამ, საერთო ჯამში, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მეუღლეს სათანადო მკურნალობა არ უტარდებოდა. ამას, რა თქმა უნდა, თვითონაც ხედავდა და ხვდებოდა, ამიტომ პირველივე დღეს, როცა საავადმყოფოში მივიყვანეთ, მაშინვე მითხრა, მე ესენი მომკლავენო.

_ იმ ხნის განმავლობაში, რაც თქვენი მეუღლე საავადმყოფოში იწვა ან მისი გარდაცვალების შემდეგ თუ გამოგეხმაურნენ რომელიმე უწყებიდან?

_ კი, იყვნენ ვიღაც-ვიღაცები მოსულები, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია. რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს, იმ სამი კვირის განმავლობაში მისი წარმომადგენლები 24 საათი მორიგეობდნენ საავადმყოფოში. არანაირი კონტაქტი მათ ჩემთან არ ჰქონდათ, უბრალოდ, იყვნენ და მორჩა. რატომ, რა მიზნით, არ ვიცი, ეჭვი მაქვს, ინფორმაციას აწვდიდნენ სამინისტროს, რომ ვინიცობაა და ვინმეს, ვთქვათ, აქციის ან რაიმე მსგავსის მოწყობა დაეპირებია, უცებ რეაგირება მოეხდინათ.

_ ოპოზიციის წარმომადგენლებიდან თუ  მოვიდა ვინმე?

_ კი, მოდიოდნენ და ძალიან მწვავე განცხადებებიც კეთდებოდა, მაგრამ მოკვდა თუ არა ჩემი მეუღლე, იმ დღიდან, ფაქტობრივად, არც ერთი აღარ მინახავს, ანუ მათთვის ეს იყო მხოლოდ რაღაც პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება. ამიტომ, ბუნებრივია, ამ ხალხის იმედი მე თავიდანვე არ მქონდა. ის კი არა, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც ყველაზე ანტისახელისუფლო ძალად თვლიდა საკუთარ თავს, იმასაც კი ცდილობდა, რომ როგორმე მიეჩუმათებია ეს ამბავი…

_ დასაწყისში თქვენ თქვით, რომ თქვენმა მეუღლემ განცხადებით საპატრიარქოსაც მიმართა. არც მათი მხრიდან არ იყო გამოხმაურება?

_ არ მინდოდა ამაზე მესაუბრა, მაგრამ, რადგან მკითხეთ, ვიტყვი, რომ არანაირი ყურადღება საპატრიარქოდან არ ყოფილა და სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად სწორედ ეს მიკვირდა. არა თუ ვინმე არ მოსულა, წერილობითი პასუხიც არ მიგვიღია. არადა, თუნდაც მცირე ყურადღება მაინც რომ ყოფილიყო საპატრიარქოს მხრიდან, დარწმუნებული ვარ, ეს უბედურება არ მოხდებოდა.

_ მუდმივად  საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ დევნილებს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა აკლიათ. თქვენს შემთხვევაში იყო აქციის, მიტინგის ან რაიმე მსგავსი ღონისძიების ჩატარების მცდელობა? ბოლოსდაბოლოს სამასი ათასი დევნილია დღეს საქართველოში.

_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ ამბით, ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა. ერთადერთი, შარშან, 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა ჩაატარეს მცირე აქცია და მორჩა. სხვა არავის ეს უბედურება არ გახსენებია. თქვენ სოლიდარობაზე მკითხეთ და რომელ სოლიდარობაზეა საუბარი, როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში სასაფლაოზე ერთი ადამიანიც არ ამოსულა. რაც შეეხება დევნილებს, უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას: დღეს შეიძლება ზოგს სახლიც აქვს, კარიც და ყველაფერი, მაგრამ სხვისი ჭირი ღობის ჩხირად არ უნდა მიიჩნიოთ. იმის თქმა მინდა, რომ, როცა ადამიანს უჭირს, მითუმეტეს შენს თანამოძმეს, რომელსაც იცი, რომ იგივე უბედურება აქვს გამოვლილი, რაც შენ, ვალდებული ხარ, მხარში ამოუდგე. არავინ იცის, ხვალ და ზეგ ვის გაუჭირდება და ვის დასჭირდება თანადგომა, ამიტომ, მე მგონი, ჩვენ ეს არ უნდა გვესწავლებოდეს; ამდენი უბედურების მნახველ ერში, მით უფრო დევნილებში, ეს პრობლემა არ უნდა იყოს საერთოდ, მაგრამ ფაქტი ფაქტია _ სამწუხაროდ, ჩვენ სოლიდარობა და თანადგომა დღემდე ვერ ვისწავლეთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

შენსა სახელსა ამაყად

თითქმის წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ. 11 აპრილი შენი დაბადების დღეა, 48- გაზაფხულს რომ უნდა მოსწრებულიყავიერთად ყოფნისას, არც თუ ისე მოკლე დროში, ერთი კვირაც კი არ ვყოფილვართ ერთმანეთის გარეშე, ახლა კი მთელი წელიწადნახევარი, დაუსრულებელი და კოშმარული წყენისა და ტკივილის, სევდის ჭიდილი შენთვის უჩვევი ღალატის გამოიმ უმძიმეს წუთებშიც კი მე მიფრთხილდებოდი. მე კი, ჩემის მხრივ, შენს სულს ვფიცავ, რას არ ვიზამდი, ოღონდ კი შენი სიცოცხლე გადამერჩინა

ვერ შევძელი

არ ვიცი შენი ავბედითობის თუ რაღაც ჯოჯოხეთური ხელოვნური სიტუაციების გამო მოხდა ასე. სიმართლე მხოლოდ მაღალმა ღმერთმა იცის და ეს გაურკვევლობა უფრო მტანჯავსრა მოხდა ასეთი უსაშველო, აკი მოურჩენელი მძიმე დამწვრობა არ გქონდა

არც ერთხელ არ გითქვამს, არც კი გიხსენებია სიტყვა სიკვდილი. ქეიფით აპირებდი საავადმყოფოდან გასვლის აღნიშვნას, ამ დროს რაღაც საშინელი მოხდა, გამოუსწორებელიწერტილი დაესვა შენს მჩქეფარე სიცოცხლეს

ნანა, შენც ხომ იცი, თვითმკვლელობა, თუნდაც სამაგისოდ ნაბიჯის გადადგმა საზარელი რამ არის, მითუმეტეს ეკლესიურად, მაგრამ მედალს ხომ ორი მხარე აქვს: ცოდვა ცოდვად, ხოლო ქმედება, ეს ხომ ის ფაქტორია, რაც ყველას არ ძალუძს, რადგან ეს დიდ ვაჟკაცობასა და თავგანწირვას მოითხოვს, მითუფრო, თუ ამას მარტო შენთვის კი არ აკეთებ, სხვებისთვისაც, დაჩაგრული შენი ხალხისთვისშენთვის არასოდეს ყოფილა სხვისი ჭირი ღობის ჩხირი. ყოველივე ამას შენი აღსარებითი წერილიც ამტკიცებს, ამიტომ ამას თვითმკვლელობა კი არა, თავგანწირვა ჰქვია, თავგანწირვა შენი ხალხისთვის. ეგ გაღებული მსხვერპლია, შენ ცოტნეს, თევდორე მღვდელს და გია აბესაძეს გადარებენ

მაგრამ რატომ? ერთი სიტყვით მაინც რატომ არ მიმანიშნე შენს საბედისწერო ჩანაფიქრზე?.. არ დაგიმალავ, რაღაც უხერხულობასაც კი ვგრძნობ ამ მონოლოგის გამო, თითქოს ვაჟკაცს არ შვენოდეს, მაგრამ ხომ იცი, სიყვარული და დარდი არასოდეს ყოფილა საძრახი

ვერაფერი გითხარი, სათქმელი თუმცა ბევრი მაქვს

ალბათ, თავის დროზე შევხვდებით, მანამდე კი იყავი მარტო

მშვიდობით

შენი თამაზი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here