Home რუბრიკები პოლიტიკა «ბალადა «ნასუკარზე»

«ბალადა «ნასუკარზე»

864

გაზეთ «ჯორჯიან თაიმსის» 2008 წლის 17 აპრილის ნომერში დასტამბული იყო სტატია სათაურით «ვინ და რატომ «ჩაუშვა» ლევან ბერძენიშვილმა «სუკ»-ის იზოლატორში». უფრო სწორად ეს იყო «სუკ»-ის განსაიდუმლოებული დოკუმენტების ქსეროასლები. რის საფუძველზეც  «საქართველო და მსოფლიოში» (2010 წ. 17-23 მარტი)  დაიბეჭდა ჩემი წერილი სათაურით «როგორ იქცა სპილო კურდღლად» და სანამ წინამდებარე წერილის შექმნის დღევანდელ მიზეზებზე ვისაუბრებ, თხრობას სწორედ იმ, 2 წლის წინანდელი სტატიიდან ამონარიდით დავიწყებ: «როგორც ცნობილია, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის სიმბოლო სპილოა. რაც შეეხებათ ქართველ რესპუბლიკელებს, მათი სიმბოლიკით არასოდეს დავინტერესებულვარ, მაგრამ, სავარაუდოდ, და, გნებავთ, ლოგიკურადაც მათი, როგორც საქართველოში აშშ-ის წამყვანი პარტიის ფილიალის, სიმბოლო სპილო თუ არა, სპლიყვი, ანუ პატარა სპილუკა უნდა იყოს».

 როგორც იმ დოკუმენტებიდან ირკვევა, სინანულში ჩავარდნილ ლევან ბერძენიშვილისთვის თხოვნა შეუსრულებიათ და საკანში საწერი მოწყობილობა მიურთმევიათ. ჰოდა, მას შემდეგ კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან _ 1984 წლის 6 იანვარს დაიწყო და წავიდა აღიარება-მონანიება-ჩაშვების კასკადები.

მაშ ასე, პიკანტური ამონარიდები ლევან ბერძენიშვილის აღიარებითი ჩვენებიდან:

«თვითნაბეჭდი (ე. წ. სამიზდატი. _ დ.მ.) ჟურნალი «სამრეკლო», მეტი სოლიდურობისთვის გამოცხადდა არარსებული პარტიის (ესეც თქვენი უძველესი პარტია. _ დ.მ.) ორგანოდ, ხოლო «პარტიას» (სტილი აქაც და ყველგან დაცულია. _ დ.მ.) მოეძებნა პომპეზური და პრეტენზიული სახელი: საქართველოს რესპუბლიკური პარტია.

და იქვე _ «ჩვენი უსუსურობის კიდევ უფრო შესანიღბად ჟურნალის პირველსავე ნომერს დაერთო «რესპუბლიკური პარტიის (არარსებულის. _ დ.მ.) წესდება, რომელიც ჩემი რედაქციით მომზადდა».

და კიდევ _ «გადაწყდა, რომ სტატიები მოგვემზადებია მე, ვ. ძაბირაძესა და ვ. შონიას, ჟურნალის გავრცელება კი, ჩემი წინადადებით, ეს «საქმე» დაევალა ჩემს უმცროს ძმას, დავით ვალერიანის ძე ბერძენიშვილს».

რა ჰქვია ამას, თუ არა ელემენტალურად «ჩაშვება»?

ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილი მაგრად «შაშინებულა» და  «სიხარულით მივიღე აფხაზეთის უნივერსიტეტის მოწვევა. სწორედ აქ, სოხუმში ჩვენი (ჩემი და ჩემი მეუღლის) ცხოვრების პირველსავე დღეებში მოვიდა გამოფხიზლება და არ ვმალავ, რომ აფაზეთში წასვლა იყო ფაქტიური გაქცევა არალეგალური საქმიანობისგან ნამდვილი და საჭირო  საქმიანობისკენ. მე ფაქტობრივად გავწყვიტე კავშირი «სამრეკლოსთან» და «რესპუბლიკურ პარტიასთან», «სამრეკლოს» მეორე ნომერი ჩემი მონაწილეობის გარეშე გამოვიდა».

ჰა, როგორია? მაგრამ ჯერ სადა ხართ… დღეს, ვისაც არ ეზარება, სააკაშვილის სიმხდალეზე ლაპარაკობს მათ შორის, ლევან ბერძენიშვილიც, რომელიც აი რას წერს: «ჩემი დაშინებული და კურდღლადქცეული პიროვნება შვებას პოულობდა მხოლოდ მუშაობაში».

აი, ასე იქცა სპილო კურდღლად…

 და ბოლოს, «დედას ლევანას» დისიდენტობის აპოგეა, გნებავთ, კვინტესენცია _ «ჩვენ (ანუ ძმები. _ დ.მ.) დავუბრუნდით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვახარებს ჩვენი დიადი ქვეყნის წარმატებები და განსაკუთრებით ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს რესპუბლიკაში კეთდება ბოლო წლებში. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა «სუკ»-ის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სამძებრო განყოფილების გამგეს, პოლკოვნიკ ა. მირიანაშვილსა და გამომძიებელს, კაპიტან გ. ცინცაძეს, რომლებმაც მამაშვილური და მეგობრული (ავოეეე!!! _ დ.მ.), ჰუმანური დამოკიდებულებით საშუალება მომცეს, ამეხსნა ჩემი სულისთვის ეს მძიმე ტვირთი («საღოლ ლეოჯან», კარგი ხარ! _ დ.მ.) და მეღიარებინა ჩემი დანაშაული. ველოდები დამსახურებულ სასჯელს და იმედი მაქვს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ რაიმეთი მაინც გამოვადგები ჩემს ერს, ჩემს ქვეყანას, ჩვენს საბჭოთა ხალხსა და მის იდეალებს. როგორც იქნა, ჩემი სინდისი სუფთაა»…

უუუჰ, ფინალი რავარია? თუმცა არა, ამ სადღეგრძელოს ნაღდად მოუხდებოდა ძმების ორხმაში ნამღერი _ «სოიუზ ნერუშიმი რესპუბლიკ სვობოდნიხ»…

 სერიოზულად კი, ეს კაცი დღევანდელი რესპუბლიკური პარტიის საპატიო, ანუ სამუდამო თავმჯდომარეა და ნატო-ევროკავშირის ტრუბადური უპირველესი…

ახლა _ რესპების დღევანდელობასა და შედარებით ახლო წარსულზე:

დათა თუთაშხიასი არ იყოს, «ჯინჯოლიას გაზრდილები მამაზე უკეთესები ვითომ რატომ გამოვლენო» და მართლაც, რესპუბლიკელების დღევანდელი თავმჯდომარე, «დიდი ლევანას გაზრდილი» დავით უსუფაშვილი, სანამ რესპუბლიკურ პარტიაში ლიბერალური მწვერვალებისკენ მიმავალ აღმართებს შეუყვებოდა, 1989 წლის 13 აპრილს (!!!) სსრკ კომუნისტური პარტიის რიგებში გაწევრიანებულა. მართალია, ეს ის დრო იყო, როდესაც მთელი საქართველო კომუნისტებს დედ-მამის სულს უტრიალებდა და უფრო მეტიც, თბილისში ჯერ კიდევ ე. წ. კომენდატის საათი მოქმედებდა და ქუჩებშიც ტანკები იდგა, მაგრამ მაინც…

 ეს ისე, ცნობისათვის და იმის წარმოსადგენად, თუ რა «ნათელი ფიქრები» უტრიალებდა დავით უსუფას თავში სულ რაღაც ოციოდე წლის წინათ, როცა სასოებით ელოდა ლენინის პროფილიანი წითელი მანდატის გულში ჩახუტებას…

თუმცა შევეშვათ მის სიჭაბუკისდროინდელ კარიერისტულ ვნებებს და ვნახოთ, აგერ სულ ახლახან თუ რა წამოაცდენინა საკუთარმა შინაგანმა ხმამ დათუნას ერთ-ერთი ტელევიზიით (ე.წ. მეორე არხით) გამოსვლისას და მიხვდებით, თუ რის გამო ეძახიან რესპუბლიკელებს ჩვენში ლიბერასტებს:

«როდის გვექნება საარჩევნო წარმატება? მე ვთვლი, რომ რესპუბლიკური პარტია, რომელიც არის ლიბერალური მიმართულების პარტია, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი შეხედულება და ისეთი იდეა, რომელიც, შესაძლოა, ჩვენი თანამოქალაქეების ერთ ნაწილში ვერ არის ისეთი პოპულარული. მაგალითად, ჩვენ ჩვენ შვილებს არ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჩემო შვილო, შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს. მე ვეუბნები, რომ, შვილო, თქვენ დაიბადეთ და შეიქენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე, რომ იყოთ თავისუფალნი და ბედნიერნი და ყველა საკითხზე გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი და იყოთ ბედნიერნი. და თუ თქვენი არჩევანი იქნება, გინდ სამშომლოს შეეწირებით, გინდ თქვენს პროფესიას, რასაც გინდა. ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს არ ესმის ეს და მსაყვედურობს, რომ არ ხარ პატრიოტიო»…

აბა, რა კომენტარი უნდა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ამ «აღიარებით ჩვენებას» იმის გარდა, რომ რესპების მიერ დეკლარირებული ლიბერალური დემოკრატიის ამოსავალი წერტილი, მათი იდეოლოგია «ჩემს შემდეგ, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილას» ფილოსოფია ყოფილა. ჩვენს წინაპრებსაც მსგავსი ფილოსოფიით რომ ეზარდათ შვილები, მაშინ მართლაც ქვა ქვაზე აღარ იდებოდა საქართველოში.

 თუმცა არა, კიდევ ერთი რამის თქმა შეიძლება: ეტყობა, დაიჯერეს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ რესპუბლიკელების ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ხალხისთვის გასაგებ ენაზე ვერ ლაპარაკობენ და, აჰა, პირდაპირი ტექსტით გვეუბნებიან, რასაც ფიქრობენ. ეს რომ ასეა, გავიხსენოთ ისევ რესპების საპატიო თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი და ვნახოთ, მანაც როგორ გაითვალისწინა ბიძინას შეგონებანი და როგორი «აღიარებითი ჩვენებები» დაახვავა, როგორ აჭიკჭიკდა ხალხისთვის გასაგებ ენაზე. ოღონდაც ადრინდელივით არა, როგორც «სუკ»-ის იზოლატორში, არამედ ამჯერად «მაესტროს» კომფორტულ სტუდიაში, თამარ ჩიქოვანის საავტორო გადაცემაში, სადაც აქა-იქ «მიმობნეულ მარგალიტებს», რა თქმა უნდა, ციტირების სახით გაგაცნობთ:

«…პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიები ბევრად წინ არიან, ვიდრე საზოგადოება»;

«…საზოგადოების პრეტენზიები _ რატომ არ ამხობს აშშ ნაცების ხელისუფლებას, პოლიტუკულტურობაა», მაგრამ მთავარი, ანუ «საით უბერავდა» ყველაზე მძიმეწონიანი (პირდაპირიც და გადატანითი მნიშვნელობითაც) რესპუბლიკელი, გადაცემის ბოლოსკენ გამოჩნდა, და ამიტომ მეც ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი…

«ჩვენ ხომ საერთოდ არაფერი გაგვიკეთებია, მაპატიოს მსოფლიომ, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა, ჩვენთვის ვაკეთეთ, რაც ვაკეთეთ. მსოფლიოსთვის სტალინის მეტი არაფერი მიგვიცია და იმანაც გენოციდების, ეთნოციდების და უბედურობების მეტი, რა აჩუქა მსოფლიოს? ჩვენ სატრაბახო რაც გვქონდა, ლიტერატურა, პოეზია, მსოფლიომ ნუ, არ წაიღო, გაიარა მსოფლიოს მატარებელმა ჩვენს მიღმა. ჩვენ ხომ ერთადერთი ნაცია ვართ, რომელსაც ეტიმოლოგიური ლექსიკონი არ დაუწერია»;

საკუთარ ხალხზე, ქვეყანაზე ასეთი აგდებით, დაცინვით, ცუდად შეფარული სიძულვილით საუბარი გაგონილა?!

 ეტიმოლოგიის ლექსიკონი თუ ჯერ არ გვაქვს (როგორც ჩანს, ეს არის ლევანას აზრით ამა თუ იმ ერის პროგრესულობის მთავარი მაჩვენებელი), სამაგიეროდ შოთა, ტატო, ილია, აკაკი, ვაჟა, ნიკალა, გალაკტიონი, ჭაბუა გვყავს, რომელთა მსგავსი ეტიმოლოგიური ლექსიკონების მქონე ერების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც კი დაესიზმრება. ხოლო ეს გენიოსები თუ «ნუ არ წაიღო» მსოფლიომ, ეგ იმ მსოფლიოს პრობლემაა და არა საქართველოსი, რადგანაც მაგით არაფერი აკლდება ამ ტიტანების შემოქმედებას!

მაგრამ, ეს რომ გაიგო, უნდა გტკიოდეს, რომ გტკიოდეს, უნდა გიყვარდეს და, რომ გიყვარდეს, «გულქართლი» უნდა იყო და არა ლიბერასტი რესპუბლიკელი… რომელიც არა თუ «ბეჭებზე ვარდება», უფრო და უფრო უმატებს «აბაროტებს» და ბოლოს შეურაცხყოფასაც გვაყენებს მთელ საქართველოს:

«საქართველოში მოდაშია _ მოდი, შე ურეიტინგოვ! რესპუბლიკურ პარტიას უზომავენ რეიტინგს, როცა ის არ აპირებს არჩევნებში ცალკე გასვლას (როცა დააპირა და გავიდა, ხომ რას ამბობ, «კრამიტებს ლაწალუწი აუტეხა», _ ..). რეიტიგის გაზომვას რა აზრი აქვს, ვიცი _ არ ჰყავთ ბევრი მომხრე. ვენაცვალე იმ ადამიანს, ვისაც ჰგონია, რომ დიდი სიკეთეა, რესპუბლიკურ პარტიას არა აქვს მაღალი რეიტინგი. მე მიმაჩნია, რომ რესპუბლიკური პარტიის დაბალი რეიტინგი არის ამავე დროს საქართველოს დაბალი რეიტინგი. ეს ასეთი პარტიაა. როცა ამას მაღალი რეიტინგი ექნება, ჩემს ქვეყანასაც მაღალი რეიტინგი ექნება და აღარ იქნება 103- ადგილზე».

აი, თავხედობაც ასეთი უნდა, ანუ, აი, «საით უბერავდა» ზემოთ ჩვენი ლევანა: ჩვენ, ქართველი საზოგადოება სანამ არ ავმაღლდებით რესპუბლიკელების დონემდე, ვიქნებით მაჩანჩალები მსოფლიოში დემოკრატიულობის კუთხით! თუ ეს მართლა ასეა, მაშინ თანახმა ვარ, მარად მაჩანჩალები ვიყოთ! თქვენ, ჩემო მკითხველო?

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here