Home რუბრიკები საზოგადოება დავით იაკობაშვილი: ჩვენ თავად ღარიბები ვართ და ეს მდიდარი დემოკრატიული ევროპა რას...

დავით იაკობაშვილი: ჩვენ თავად ღარიბები ვართ და ეს მდიდარი დემოკრატიული ევროპა რას გვიგზავნის ამ საცოდავებს?! წაიყვანოს და თავად გამოკვებოს!

853

_ არა, არა! არავითარი კავშირი არ მაქვს არც დიპლომატ თემურ იაკობაშვილთან და არც მოსკოველ მილიარდერ დავით იაკობაშვილთან. მე  ქართველი იაკობაშვილი ვარ! _ მიღიმის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 88 წლის დავით იაკობაშვილი.

ჩემი დღევანდელი მასპინძელი საჩხერის რაიონის სოფელ ჯიხაში 1923 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა კონსტანტინე იაკობაშვილის, მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. დედა _ მარიამი წარმოშობით აკაკის სოფლიდან _ სხვიტორიდან იყო და, რა თქმა უნდა, კარგად ახსოვდა დიდი პოეტი და ისიც, თუ როგორ შემოიკრეფდა გენიალური მოხუცი ბავშვებს და მოძღვრავდა: «ისწავლეთ, შვილებო, ისწავლეთ! ამაზე დიდ სიმდიდრეს ვერ მოიპოვებთო!»

_ მშობლებმა შვიდი შვილი გაგვზარდეს, _ იხსენებს ბატონი დავითი. _ ერთი და _ ყველაზე უფროსი და ექვსი ძმა! ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით, მაგრამ, როგორც კი წამოვიზარდეთ, შრომაში ჩავებით.

დავითი ჯერ სოფლის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი საჩხერის მეორე საშუალო სკოლაში გადავიდა, რომელიც 1941 წელს დაამთავრა.

_ სკოლის დამთავრებისთანავე ომიც გამოცხადდა! კლასში 12 ბიჭი ვიყავით და თორმეტივემ დავიფიცეთ, რომ ერთად წავიდოდით მოხალისეებად ფრონტზე. მივედით სამხედრო კომისარიატში, მაგრამ კომისარმა გვითხრა: «ჯარში შემოდგომაზე გაგიწვევთ და ნუ ჩქარობთო».

დღეს, დასავლური «რაციონალიზმის» ეპოქაში, თორმეტი ბიჭის ამგვარი პატრიოტიზმი, მავანს, შესაძლოა, სისულელედ მოეჩვენოს

_ ასეთი თავგანწირვა იმ უდიდესი აღმზრდელობითი მუშაობის შედეგი იყო, რომელიც მაშინ ყველგან ტარდებოდა და თითოეული იძლეოდა პატიოსნების მაგალითს. განსაკუთრებით დიდ ზეგავლენას ჩვენზე ახდენდა მშობლების დარიგება: შრომა გიყვარდეთ და პატიოსნად ემსახურეთ ხალხს! სხვის ქონებაზე ხელი არასდროს წაგიცდეთ! ვაშლი რომ ვაშლია სხვისი, ისიც არ ვნახოთ ჩვენს სახლში მოტანილი! ყველაფერს გაპატიებთ, ქურდობის გარდაო.

ბატონმა დავითმა, კიდევ ერთი საყურადღებო ამბავი გაიხსენა.

_ 1934 წელს კიროვი რომ მოკლეს, სახელმწიფომ სამკერდე ნიშნები დაამზადა მისი გამოსახულებით. ამ ნიშნის ერთი ცალი ჩემს სკოლას გამოუყვეს და ისიც მე მომცეს. სიხარულისგან მთელი ქვეყანა ჩემი მეგონა!

_ რატომ, მაინც და მაინც, თქვენ?

_ ყველაზე კარგად ვსწავლობდი! ჩემთვის ძნელი საგანი არ არსებობდა!

აქ გავუსწრებ მოვლენებს და მკითხველს გასაოცარ ფაქტს მოვახსენებ: 1946-1950 წლებში დავით იაკობაშვილი ერთდროულად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე, რესპუბლიკის უმაღლეს პარტიულ სკოლაში და სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მეღვინისა და მევენახის სპეციალობებს ეუფლებოდა!

_ ერთხელ შევედი უნივერსიტეტის რექტორთან, დიდებულ პიროვნებასთან, აკადემიკოს ნიკო კეცხოველთან თხოვნით, რომ ორი წლის პროგრამა ჩამებარებინა ერთ წელიწადში. «კი, შვილო, _ გადამეხვია ბატონი ნიკო, _ ნაომარ კაცს უარს როგორ გეტყვიო!»

მაგრამ, ჯერ იყო მოსკოვი! მტერი მოსკოვს უახლოვდებოდა.

_ დედაქალაქის დასაცავად ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შეექმნა ეროვნული საჯარისო დანაყოფები ხუთ-ხუთი ათასი კაცის შემადგენლობით. მაგრამ პირველადი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან მეთაურთა რაოდენობა ეროვნული ნაწილებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი. ამის გამო ჩვეულებრივ საჯარისო ნაწილებში გაგვანაწილეს.

მოსკოვის დამცველთა ქვედანაყოფებს, შეძლებისდაგვარად, აკომპლექტებდნენ კომუნისტებისგან და კომკავშირელებისგან.

_ ყოველდღე ველოდებოდი გაწვევას და ეს დღეც დადგა! ოქტომბერში ხუთი ათასი ქართველი მებრძოლი ჩაგვსვეს ეშელონებში და მოსკოვისკენ დავიძარით. არ მისული დედაქალაქამდე, გავჩერდით კაშირაში. ჩაგვაცვეს სამხედრო ფორმა, გვასადილეს და ორი დღე დაგვასვენეს. მერე გადაგვიყვანეს სადგურ ფილიში. აქ მიმდინარეობდა ძალიან სერიოზული სამწყობრო და ტაქტიკური წვრთნები; დაგვეწყო ყველა სახეობის იარაღის სწავლება, მათ შორის, ყველა უცხო ქვეყნის იარაღისა.

_ ეს რისთვისღა იყო საჭირო?

_ ბრძოლის ველზე, რა იარაღიც ხელში ჩაგვივარდებოდა, იმითაც უნდა გვეომა!

ნოემბრის ბოლოს დავით იაკობაშვილის ნაწილი გადაიყვანეს 21- გვარდიის ბრიგადის შემადგენლობაში.

_ აქ მე გამანაწილეს ნაღმტყორცნთა დივიზიონში და ბრძოლებში ჩავებით მოჟაისკისა და ნარო-ფომინსკის მიმართულებით.

ვეტერანი დღემდე აღტაცებით ყვება მოსკოვის მცხოვრებლებზე, რომლებმაც განსაცვიფრებელი გმირობა აჩვენეს.

_ მოსკოვი არა მხოლოდ იბრძოდა, არამედ მისი ქარხნები საბრძოლო იარაღსაც უშვებდა. ღამღამობით, სულ ცოტა, ათჯერ მაინც ცხადდებოდა საჰაერო განგაში. მთელი მოსახლეობა ფეხზე იდგა! ფაბრიკაქარხნებში შეიქმნა მუშათა შეიარაღებული რაზმები, ხოლო ქალებისგან და მოზარდებისგან კომპლექტდებოდა ხანძარსაწინააღმდეგო ჯგუფები! მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: პირადად მე მოსახლეობაში პანიკური განწყობილება არ შემიმჩნევია!

მოსკოვის მისადგომებთან კი, მიმდინარეობდა ღია სატანკო ბრძოლები, საარტილერიო სროლები, საავიაციო თავდასხმების მოგერიება…

1941 წლის 7 ნოემბრის სამხედრო პარადი

_ წინა დღით, ღამის თორმეტ საათზე, ჩამოგვართვეს საბრძოლო ვაზნები და ხელყუმბარები, _ მიყვება ბატონი დავითი. _ არავინ ვიცოდით, რისთვის გააკეთეს ეს. გარიჟრაჟზე ჩაგვსვეს სატვირთო მანქანებში და ქალაქის ცენტრისკენ ავიღეთ გეზი. ჩამოგვსვეს გორკის ქუჩაზე და, რომ დავინახეთ, თუ როგორ მიდიოდნენ უწყვეტ ნაკადად სამხედრო კოლონები წითელი მოედნისკენ, მივხვდით, რომ ისტორიული პარადის მონაწილეობა გვარგუნა ბედმა! სუსხიანი ამინდი იყო, ყინვა 40 გრადუსს აღწევდა, მაგრამ მას საერთოდ ვერ ვგრძნობდით!

_ ბატონო დავით, ერთი წუთით გადავიქცევი ლიბერალად და შეგეკითხებით: რა საჭირო იყო პარადის ჩატარება, თანაც ასეთ ყინვაში? ხომ შეიძლებოდა, სურდო ან ფილტვების ანთება დაგმართოდათ?

_ პარადის ჩატარება გამარჯვების ნიშანია, _ ცდილობს, მაგრამ ვერ ფარავს ღიმილს ვეტერანი. _ მავზოლეუმის ტრიბუნაზე სტალინი რომ დავინახეთ, სუყველას თითქოს ფრთები გამოგვესხა!

_ მავზოლეუმს რა მანძილზე ჩაუარეთ?

_ კოლონები 20-30 რიგიანი იყო. მე ოცრიგიანში მეოცე ვიდექი, ანუ ყველაზე ახლოს ვიყავი მავზოლეუმთან. ჩემგან სტალინამდე, დაახლოებით, 50 მეტრი იყო!

_ მაინტერესებს, უმაღლესმა მთავარსარდალმა სიტყვით აღლუმის დაწყებამდე მიმართა ჯარს?

_ არა! სტალინი რომ ლაპარაკობდა, კოლონების მსვლელობა არ შეწყვეტილა. მისი გამოსვლის ნაწილს მეც მოვუსმინე. კარგად გვესმოდა ყოველი მისი სიტყვა, რადგან მთელი მოედანი რადიოფიცირებული იყო! ისე, რა დიდებული სანახაობა ვიხილე! ცაში «ეკიდა» აეროსტატები, დროდადრო სამასმეტრიან სიმაღლეზე გაიელვებდნენ ავიაგამანადგურებლები.

სტალინგრადი

1942 წლის ივნისის ბოლოს დავით იაკობაშვილის ნაწილი გადაისროლეს სტალინგრადის ფრონტზე.

_ ჩამოვედით და ვოლგის მარცხენა ნაპირზე განვლაგდით, სტალინგრადის აღმოსავლეთით. ქალაქი არ ჩანდა, რადგან კვამლში იყო გახვეული. ბრძოლები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიწაზე რიგრიგობით გვეძინა! ვოლგა დუღდა. გერმანელები ბომბებს რომ ყრიდნენ, წყალს უამრავი დახოცილი თევზი გამოჰქონდა, მათ შორის, ზუთხი, ლოქო, ქორჭილა… ვხუმრობდით, რომ გერმანელები დელიკატესებით გვანებივრებენ-თქო.

დავით იაკობაშვილს ყველაზე მეტად საჰაერო ბრძოლები დაამახსოვრდა. მარტო მას საკუთარი თვალით უნახავს ექვსი «ტარანი», რომლებიც საბჭოთა მფრინავებმა განახორციელეს.

_ სტალინგრადის ცაში ჩვენი ავიაცია უკვე აშკარად სჯაბნიდა გერმანულს. ჩვენი გმირი ბიჭები ქორებივით დაფრინავდნენ და ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, რომ მათთვის სიკვდილი აღარაფერს ნიშნავდა!

მთელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი დაჰყო სტალინგრადში დავით იაკობაშვილმა.

_ გერმანელები გროზნოს რომ მოადგნენ, სარდლობამ ჩვენი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაიყვანა.

ნალჩიკი, მინვოდი, ესენტუკი, გიორგიევსკი, მოზდოკი, მალგობეკი _ აი, არასრული სია იმ ქალაქებისა და მსხვილი დასახლებული პუნქტებისა, რომელთა განთავისუფლებაში მონაწილეობდა რიგითი იაკობაშვილი.

მისთვის ომი 1943 წლის დეკემბერში დასრულდა. დავით იაკობაშვილმა მესამე ჭრილობა მიიღო მარჯვენა მკლავის არეში, რის გამოც გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. არადა, ჭრილობის მიღებამდე ორი თვით ადრე იგი ასრულებდა დივიზიონის უფროსის მოადგილის მოვალეობას პოლიტდარგში და წარადგინეს კიდეც უფროსი ლეიტენანტის წოდებაზე.

ომის შემდგომი პერიოდი დავით იაკობაშვილისთვის უფრო იღლიანი აღმოჩნდა. მუშაობდა კოლმეურნეობაში, მასწავლებლად სოფლის სკოლაში. სწავლობდა. იმყოფებოდა საპასუხისმგებლო პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე. დაოჯახდა, გაზარდა სამი ქალიშვილი და დღეს ოთხი შვილიშვილის ბაბუაა.

_ მაქვს პენსია 128 ლარის ოდენობით, რომელიც გახარჯული ელექტროენერგიის საფასურსაც ვერ ფარავს. ძალიან მაღალი ფასებია წამლებზე.

_ რამდენი გქონდათ პენსია კომუნისტების დროს?

_ 1200 მანეთი! ერთხელ დავითვალე და აღმოვაჩინე, რომ მაგ თანხით ერთ თვეში ვიყიდდი 600 კილოგრამ ყველს ან 400 კილოგრამ ხორცს! (იცინის).

ბატონი დავითი ძალიან განიცდის დღევანდელ პოლიტიკურ და სოციალურ არეულობებს, რომელიც, მისი აზრით, ანგრევს სახელმწიფოს. ასევე, აღელვებს, რომ საქართველოს საზღვრები ყველასთვის გახსნილია.

_ მე არ ვარ რასისტი, რადგან ვებრძოდი რასიზმის უკიდურეს ფორმას _ ფაშიზმს, მაგრამ თბილისი გაივსო ჩინელებით, ზანგებით, ინდოელებით, ფილიპინელებით… კაცო, არ გეყოფა, რომ საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ გაჭირვებას მანახებ და ახლა კიდევ სხვის უბედურებას მიმატებ?! ერთხელ რუსთაველის მეტროსთან ახალგაზრდა ზანგი ვნახე, რომელიც მათხოვრობდა და ქართულ ენაზე დახმარებას გვთხოვდა!.. ჩვენ თავად ღარიბები ვართ და ეს  მდიდარი დემოკრატიული ევროპა რას გვიგზავნის ამ საცოდავებს?! წაიყვანოს და თავად გამოკვებოს!

 ვეტერანს ასევე გულს ტკენს სტალინის აღვირახსნილი ლანძღვა.

_ როგორ შეიძლება, სტალინისა და ჰიტლერის განხილვა ერთ სიბრტყეში?! მე ჩემი თვალით ვნახე ის საშინელებები, რომელსაც ფაშისტები სჩადიოდნენ. მე მინახავს გერმანული სულსახუთავი ავტომანქანები ჩრდილოეთ კავკასიაში. იქ ხალხი შეყავდათ, სხვათა შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და გაზს უშვებდნენ. ერთი ასეთი სულსახუთავის კარის გახსნაც მომიწია… კრასნოდარს რომ მივუახლოვდით, მოხუცი ქალი გზაზე გადაგვიდგა და მიგვითითა ადგილი, სადაც მისი თქმით, 22 ბავშვი ტუბსანატორიუმიდან გერმანელებმა ცოცხლად დამარხეს… ამოთხრილებიდან მხოლოდ ორის გადარჩენა მოვახერხეთ. როცა ერთი ჯალათი ხელთ ვიგდეთ და შევეკითხეთ, რატომ ჩაიდინეს ეს, მშვიდად გვიპასუხა: _ ჭლექიანები იყვნენ და მაინც მოკვდებოდნენო… მაგ არაადამიანებს ფსიქიკა ჰქონდათ მოწამლული!..

_ რა უყავით იმ ტყვეს?

_ გადავეცით სათანადო ორგანოებს, რადგან ტყვის თვითგასამართლება, მის მიმართ ჩადენილი სისასტიკე ჩვენი სარდლობის მიერ უმკაცრესად ისჯებოდა!

რიგითი დავით იაკობაშვილი დღესაც მწყობრშია. ვეტერანთა კავშირში უამრავი საქმითაა დაკავებული.

_ ვეტერანებს შორის ბევრი მარტოხელაა და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ამას ვახერხებთ!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here