Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი კობახიძე: ჩვენ ვცხოვრობთ ერთი კერძო პირის საწარმოში, სადაც მონური პასუხისმგებლობა მოქმედებს

გიორგი კობახიძე: ჩვენ ვცხოვრობთ ერთი კერძო პირის საწარმოში, სადაც მონური პასუხისმგებლობა მოქმედებს

1175

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა ამჯერად «სახალხო კრებასა» და «დემოკრატიულ მოძრაობაზე» მიიტანა იერიში და ჯარიმებიც დააკისრა. «სახალხო კრების» თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი კობახიძეს ნათია მოგელაძის 12 ათასი ლარი მართებს, ხოლო «დემოკრატიულო მოძრაობის» ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელ თეიმურაზ ჭანტურიშვილს – 2 ათასი ლარი. სამიოდე დღის შემდეგ კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საერთაშორისო ექსპერტი მაგნუს ოხმანი ეწვია, რათა ამ ახლადშექმნილი სამსახურის თანამშრომლებს ორკვირიანი ტრენინგები ჩაუტაროსიქნებ უმჯობესი იყო, ჯერ ტრენინგები გაევლოთ და პოლიტიკურსაზოგადოებრივ ორგანიზაციებს მერე შესეოდნენ! თუმცა დაუტრენინგებლები რომ ამდენ ჯარიმას წერენ, დატრენინგების მერე რაღას იზამენ, ხომ წარმოგიდგენიათ?! კონტროლის პალატის მორიგი სადამსჯელო აქციის შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა «სახალხო კრების» თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კობახიძე:

_ პირველ რიგში, კარგად რომ შევაფასოთ მოვლენა, უნდა ვილაპარაკოთ თვითონ კანონზე. საერთოდ არ ვარგა არც ერთი კანონი, რომელშიც ბევრი ბუნდოვანებაა. ეს კანონი ამითაა გამორჩეული. გარდა ამისა, იმ საფარქვეშ, რასაც პარტიების ფინანსური მონიტორინგი ჰქვია, თითოეული მოქალაქის მონიტორინგი ხდება შესაძლებელი. პოლიტიკური ორიენტაცია და განწყობები მთლიანად კონტროლდება. თვითონ კონტროლის პალატამ, როგორც ინსტიტუტმა, საერთოდ შეიცვალა როლი და ფუნქცია. არსად ასეთი დატვირთვა მასზე არ ვრცელდება. რეალურად ეს სამსახური 100%-ით იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ აკონტროლოს მთავრობა და მისი საქმიანობა და ამ დროს იქ თურმე ყველაფერი გაკრიალებული და კრისტალურად სუფთაა.

_ ზრდილობისთვის 2 მილიონი «ნაცმოძრაობასაც» ხომ უპოვეს?

_ მთავრობაზე ვამბობ, ამ შემთხვევაში. იქ, რა თქმა უნდა, კონტროლის პალატა ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავს.

_ სულხან მოლაშვილი იმ საბაბით დაიჭირეს, რომ პრემიები გასცა დაუსაბუთებლადო. ახლა ყველა სახელმწიფო უწყებაში ჩინოსნები, რომელთაც მრავალათასიანი ხელფასი აქვთ, იმდენივე პრემიას იწერენ. გამოდის, რომ თვეში ორ ხელფასს იღებენ. კონტროლის პალატას ამასთან დაკავშირებით არასდროს არაფერი უთქვამს.

_ ამასთან დაკავშირებით მცირე დაზუსტებას შევიტან: მთავრობის ბევრი წარმომადგენელი იმაზე მეტ პრემიას იღებს, ვიდრე ხელფასს. ეს იმისდა მიხედვით, თუ ვინ რა ურთიერთობაშია ხელისუფლების წამყვან ფიგურებთან. ეს არის სუბიექტურ ურთიერთობებზე აგებული სქემა.

_ სააკაშვილმა განაცხადა, ადეიშვილი კახეთის რეაბილიტაციითაა დაკავებულიო და გამოიწერს, აბა, რას იზამს?

_ ჩვენ ვცხოვრობთ ერთი კერძო პირის საწარმოში, სადაც მონური პასუხისმგებლობა მოქმედებს. ეს არის ამის მთავარი მიზეზი. რაც შემდგომ «ქართულ ოცნებასთან» დაკავშირებით, თუნდაც «სახალხო კრებასთან» და «დემოკრატიულ მოძრაობასთან» დაკავშირებით მოხდა, ეს ყველაფერი უკვე შედეგებია. კონკრეტულად, რაც შეეხება ჩვენ შემთხვევას, შეიქმნა პრეცენდენტი, რომ ვიღაცის ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება მეორე პირს დააკისრო პასუხისმგებლობა ისე, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობდეს, გარდა ამ ინფორმაციისა. ეს სამწუხარო პრეცენდენტია. თუ ეს პრაქტიკაში დაინერგა და დიდი ალბათობა არსებობს, რომ დაინერგება, ნებისმიერი პირი, რომლისკენაც თითს გაიშვერენ, აღმოჩნდება ისეთი წნეხის ქვეშ, რომელსაც ის და მისი ოჯახი ვერ გადაიტანს. იმაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რომ პოლიტიკურ პროცესს ჩამოშორდება და შეიძლება თავიც ჰქონდეს მოსაკლავი და იცით, რომ ასეთი შემთხვევები სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ძალიან ბევრია?

აბსურდთან გვაქვს საქმე. ადამიანი იძლევა ინფორმაციას, თვითონ ამ ინფორმაციის მიცემამდე გარკვეული დროით ადრე იკარგება და მერეც არ ჩანს. შეცვლილი აქვს ადგილსამყოფელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, «ფეისბუქიდან» წაშლილი ჰყავს ყველა ძველი მეგობარი. «დემოკრატიული მოძრაობის» ერთ-ერთი წევრის, ლია შერბაკოვის საქმეც მსგავს სიტუაციას ასახავს. ის ფაქტები, რაც დაგროვდა, გვაფიქრებინებს, რომ ეს ადამიანი მოხვედრილია გარკვეული წნეხის ქვეშ, იმიტომ, რომ ადამიანი, როგორც წესი, ასეთ რამეს შემთხვევით არ აკეთებს. თუ დავუშვებთ, რომ მისი ასეთი ნაბიჯი გულწრფელი იყო და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობით იყო ნაკარნახევი, ეს სიმართლეს არ ჰგავს. ამ «აღიარებამდეც» გასული იყო კავშირიდან და მის მერეც, ამდენი დრო გავიდა, 4 კვირაზე მეტია, არ ჩანს. აღიარებაში ნათქვამი აქვს, რომ გადაიხადა საწევრო, რომლის საშუალებაც არ ჰქონდა და თითქოს მე მივეცი ის თანხა და რომ, მის გარდა, კიდევ სამ პიროვნებას გავუწიე ასეთი «სამსახური», თუმცა მარტო მე არ ვარ ამ საქმეში. ერთი ასეთი შემთხვევა ბათუმში ფიქსირდება, მაგრამ იქ უფრო აბსურდული სიტუაციაა. ის ორი ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდა. კონტროლის პალატამ «შინაგანი რწმენის საფუძველზე» და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ყველა დანარჩენი ვტყუით და ინფორმატორები არიან მართლები და დაგვაკისრა ათმაგი ოდენობის ჯარიმა.

_ ეს რამდენია?

_ ჩემ შემთხვევაში ეს არის 12 ათასი ლარი და მეორე პირის, თემურ ჭანტურიშვილის შემთხვევაში _ ორი ათასი ლარი. ასეთ რეალობაში ამოვყავით თავი. შეცდომაა ჩემს სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებითაც. როცა დოკუმენტს ადგენ, ასეთი რამ არ უნდა შეგეშალოს, ხომ? «სახალხო კრების» 50-მდე წევრი 26 მაისის დარბევის შემდეგ სასჯელს იხდის არარსებული დანაშაულის გამო, მხოლოდ პოლიციელების, «დაზარალებული» და «მოწმედ მოყვანილი» პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე. აქაც უამრავი ასეთი ლაფსუსია და ადვოკატებს შეექმნათ შთაბეჭდილება, იმდენად ცუდი იურისტები არიან, რომ საბუთებს ვერ ადგენენო, მაგრამ ადვოკატები ერთორ პროცესს დაესწრნენ, მე კი, რადგან ყველა პროცესს დავესწარი, ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ამასაც განზრახ აკეთებენ. ეს ხელისუფლება ხომ შიშზე დგას და იმაზე _ «რასაც მინდა, იმას გიზამ». როდესაც დოკუმენტს დაუდევრად ადგენენ, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ პროფესიონალიზმის ხარისხია დაბალი (თუმცა არც უმაგისობაა), არამედ იმიტომ, რომ კიდევ უფრო დაგარწმუნონ _ რასაც უნდათ, იმას გიზამენ და სულ არ აინტერესებთ, ამის საფუძველი არსებობს თუ არა.

საბედნიეროდ, დღეს განსხვავებით თუნდაც შარშანდელი შემოდგომისგან, გაცილებით დიდია საზოგადოებაში უკურეაქცია. როდესაც ხელისუფლება ცდილობს, დათრგუნოს და მოერიოს, თუ ადრე მოქალაქე ცდილობდა, თავი გაერიდებინა, რათა ხელისუფლებას მის მიმართ ინტერესი არ გასჩენოდა, დღეს, როგორც ჩვენ ვაკვირდებით, ეს უკვე უკურეაქციას იწვევს. ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც კონტროლის პალატამ მიწოდებული ინფორმაცია ირწმუნა, ის არის, რომ, თუ ადამიანს უჭირს, პარტიის საწევროს რატომ უნდა იხდიდესო? მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს, ეს არის წლიური საწევრო 300 ლარის ოდენობით. ეს იყო მაქსიმუმი. მათ არ ესმით, რატომ შეიძლება ადამიანი მიდიოდეს იმ პოლიტიკაში, რომელიც მასაც და მის ოჯახსაც საფრთხეს უქმნის: შეიძლება მის შვილს ნარკოტიკი აღმოუჩინონ, სულ ცოტა, თავი გაუტეხონ და მაინც რომ დგამს ამ ნაბიჯს ადამიანი, მათთვის გაუგებარია.

აქ მარტივი ლოგიკაა: ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მიდის, მისი მიზანია, უკეთესი ცხოვრება იყოს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ოპოზიციაში წასვლას, თორემ ამ ხელისუფლებაში პოლიტიკა არ კეთდება, იქ ადამიანი საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდის. ეს იგივეა, იკითხო: რატომ იჭირვებს ადამიანი, რათა მისმა შვილმა განათლება მიიღოს? იმიტომ, რომ ეს მიზანი გაცილებით მეტია, ვიდრე ის გაჭირვება, რომლითაც დედამ და მამამ ფული იშოვა. ესაა, პირდაპირი გაგებით, ხიფათიანი ბრძოლა უკეთესი ქვეყნის აშენებისთვის. უკეთესი ქვეყანა არის მისი უკეთესი მომავლის პირობა და საწინდარი. მივხვდი, რომ ეს არ ესმით. როდესაც ჩვენ შორის საუბარი და კამათი იყო, ეს არგუმენტად არ მიიღეს. აბსურდიაო, არითმეტიკააო. თუ ადამიანს აქვს შემოსავალი თვეში 300-600 ლარი, წელიწადში 300 ლარი ვერ უნდა გადაიხადოსო.

_ არქიფო სეთურის მაგალითს ჰგავს ეს ძალიან. ხუთი გოჭი წავართვი და ერთი დავუტოვე, ისიც უნდა წამერთმია და არ გაუბედურდებოდაო.

_ თუ ეკონომიას ეწევა გადასახადებზეო, ის ფული არ ჯობია, რომ ამაში მოიხმაროს და უფრო კომფორტულად იცხოვროსო? პასუხისმგებლობა ოჯახისა და სახელმწიფოს წინაშე ამათთვის საერთოდ გაუგებარია.

_ ეს არის მომხმარებლური მიდგომა.

_ აქ ერთი მთავარი მომენტია, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, არათუ ცნება, არამედ, სიტყვა სამშობლოა დაკარგული. ესენი ახსენებენ მხოლოდ სახელმწიფოს და ქვეყანას, სამშობლო კი შინაგანი მდგომარეობაა და ეს შინაგანი მდგომარეობა, როგორც ჩანს, ამათ არ აქვთ და როგორ გინდა, ამაზე რომ ელაპარაკო?

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: კონტროლის პალატაში განხილვის დროს ორივე ხომ მხარეები ვიყავით _ ერთის მხრივ, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური და მეორე მხრივ, მე და ბატონი ჭანტურიშვილი, მაგრამ მსაჯულიც თვითონ ის იყო, რომელიც მხარეს წარმოადგენდა, ანუ მონიტორინგის სამსახური.

_ აპირებთ მათი გადაწყვეტილების შესრულებას?

_ ჩვენ გასაჩივრებას ვაპირებთ და საქმის ბოლომდე მიყვანას. შორს ვარ იმ ილუზიებისგან, რომ აქ სასამართლომ შეიძლება სხვანაირად შეხედოს ამ ყველაფერს და გაითვალისწინოს ჩვენი არგუმენტები. შეიძლება ერთ-ერთი მოწმე ამოიღონ საქმიდან, მაგრამ ეს რეალობას, პრინციპში, არ შეცვლის. დავა გაგრძელდება ევროპის სასამართლომდე, ყველაფერი ერთად შეიკრიბება და ეს შექმნის გამარჯვების საფუძველს. ეს იქნება კატასტროფა, დარტყმა იმ სტრუქტურისთვის, რომელსაც ამხელა უფლებები მისცა ხელისუფლებამ. ფაქტობრივად, შუბი და ხმალი დააჭერინა ხელში პოლიტიკური პარტიების შესავიწროებლად და ზოგიერთ შემთხვევაში გასანადგურებლად, რადგან ბევრი პარტია ამას ვერ გაუძლებს. ევროპის სასამართლოში განხილვამდე, დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება აღარ იქნება. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ყოველი კვადრატული მილიმეტრისთვის იბრძოლო ამ ქვეყანაში და სწორედ ეს ბრძოლა ქმნის გამარჯვების საწინდარს.

ესაუბრა

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here