Home რუბრიკები საზოგადოება ნანა კაკაბაძე: ნინია კაკაბაძე სააკაშვილის ინაურია

ნანა კაკაბაძე: ნინია კაკაბაძე სააკაშვილის ინაურია

1194

რამდენიმე დღის წინ პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად მიყვანილი უკვე მეორე მოქალაქის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. ამჯერად გორის რაიონის პოლიციის შენობაში დაკავებული თამაზ ჯღირაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ისევ უბედური შემთხვევა სახელდება,  გარდაცვლილის ოჯახი კი კვლავ დუმილს ამჯობინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ოჯახში პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ. რატომ ვერ იქცა პოლიციის გამჭვირვალე შენობა უსაფრთხოების გარანტად და რატომ გახშირდა პოლიციის შენობაში ადამიანების გარდაცვალების ფაქტები, «საქართველო და მსოფლიოს» არასამთავრობო ორგანიზაცია «ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის» ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ესაუბრება.

_ ბოლო ერთი თვის მანძილზე პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად მიყვანილი მოქალაქის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ, რატომ გახშირდა პოლიციის გამჭვირვალე შენობებში ადამიანთა გარდაცვალების ფაქტები?

_ ხაშურის პოლიციაში სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი ცალსახად მიუთითებდა პოლიციის ბრალეულობაზე, რის გამოც პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა როგორც პოლიციის ხელმძღვანელობას, ასევე ყველას, ვინც ამ ადამიანის დაკავებასა თუ დაკითხვაში მონაწილეობდნენ. თუმცა აღნიშნულ ფაქტს სათანადო რეაგირება ჯერჯერობით არ მოჰყოლია. რაც შეეხება თამაზ ჯღირაძის გარდაცვალების ფაქტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გული გაუსკდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლე რომც იყოს, არ ნიშნავს, რომ პოლიციას პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ვინაიდან ადამიანის სიკვდილამდე მიყვანაც დანაშაულია. არ არის გამორიცხული, რომ ჯღირაძის გარდაცვალება, სწორედ დაკავებულის მიმართ პოლიციელების მოპყრობამ და პოლიციის განყოფილებაში შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია.

პოლიციის განყოფილებაში ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევები გახშირდა, ვინაიდან პოლიციაში დღეს დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული. ერთის მხრივ, ხელისუფლება ხალხში შიშს თესავს და მეორე მხრივ, საქმე გვაქვს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ანგარიშსწორებასთან. მაგალითად, ცნობილია, რომ სოსო ქიმერიძე ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად იყო განწყობილი, რასაც ყოველთვის ღიად აფიქსირებდა. ახლა კი მის მაგალითზე მთელმა რაიონმა გაიგო, რომ ადამიანი საკუთარი პოზიციის გამო დაისაჯა. შედეგად, შიში კიდევ უფრო გაღრმავდა. პოლიციის შენობაში ადამიანი ცოცხალი შევიდა და გარდაიცვალა. ამიტომ ორივე შემთხვევაში პოლიციის პირდაპირი დანაშაული და ბრალეულობა იკვეთება.

_ სიმართლე, ალბათ, ობიექტურმა გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. გაქვთ იმედი, რომ ობიექტური ექსპერტიზა ჩატარდება?

_ ვინაიდან სოსო ქიმერიძის საქმე არ არის გამოძიებული, ძნელად სავარაუდოა, რომ თამაზ ჯღირაძის საქმე გამოიძიონ და დამნაშავეებიც დასაჯონ. მე შედეგად არ მიმაჩნია, ქიმერიძის გარდაცვალების შემდეგ, ხაშურის პოლიცის უფროსი ერთი თანამდებობიდან მეორე, არანაკლებ სოლიდურ თანამდებობაზე რომ გადაიყვანეს. ეს არ არის დასჯა.

დღეს საქართველოში ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების საშუალება, ფაქტობრივად, არ არსებობს. ექსპერტიზაც მთლიანად ხელისუფლების ხელშია და, ბუნებრივია, ასეთ პირობებში, როცა ხელისუფლებას ყველაფერი მონოპოლიზებული აქვს, ხოლო პოლიცია, როგორც სააკაშვილი ამბობს ხოლმე, «ქვეყნის ხერხემალია», სიმართლის დადგენა რთულია. საზოგადოება კი, რომელსაც შეუძლია მოსთხოვოს ხელისუფლებას ობიექტური გამოძიების ჩატარება, დღეს ინდიფერენტულია.

_ მაგრამ იმ დროს, როცა გარდაცვლილთა ოჯახები, შიშისა თუ სხვა ფაქტორების ზეგავლენით, მედიასთან და უფლებადამცველებთან ურთიერთობასა თუ საკუთარი უფლებების დაცვაზე უარს აცხადებენ, რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ? როგორ შეიძლება დაეხმარო შიშით შეპყრობილ ადამიანებს?

_ რაც შეეხება კონკრეტულად სოსო ქიმერიძის გარდაცვალების შემთხვევას, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალა და უნარი, გარდაცვლილის ოჯახის სურვილის მიუხედავად, მოითხოვოს, რომ საქმე ობიექტურად იყოს გამოძიებული, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა. როდესაც ცალსახად გამოკვეთილია ხელისუფლების ბრალეულობა და ხელისუფლება პასუხისმგებლობას თავს არიდებს, ოჯახის სხვადასხვა ინტერესისა თუ შიშის მიუხედავად (ვინაიდან ჩემთვის, უბრალოდ, აუხსნელი და ანომალიურია ოჯახის პოზიცია), საზოგადოებას უფლება აქვს, საქმის ობიექტურად გამოძიება მოითხოვოს.

_ შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის შენობაში მისული ადამიანების გადაადგილება, მათივე უსაფრთხოების გამო, უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს. რატომ ვერ იქცა გამჭვირვალე შენობა უსაფრთხოების გარანტიად?

_ შუშის შენობა ვერ შეცვლის ვითარებას, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომელიც ხელისუფლებას არ აქვს. პოლიციის გამჭვირვალე შენობები მხოლოდ ფასადურია.

_ ქართველი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ყველა პატიმარი ხდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. თქვენს ორგანიზაციას ეწოდება «ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისთვის»… რას აკეთებთ ქართველი უფლებადამცველები მსჯავრდებულთა დასახმარებლად?

_ გამუდმებით ხდება პატიმრების ცემა, ზეწოლა, ღირსების შემლახველი მოპყრობა. უამრავი ასეთი ფაქტია ჩვენთვის ცნობილი. მაგალითად, ციხეში გარდაიცვალა ჯარისკაცი ნადიმ ცეცხლაძე, რომლის ოჯახმაც დახმარება გვთხოვა, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს, უკვე ყველაფერი დაგვიანებული იყო. ნადიმ ცეცხლაძე წინა დღეს მამამ ინახულა. მეორე დღეს მისთვის ტანისამოსი უნდა მიეტანა და, როდესაც მივიდა, მამას უთხრეს, რომ მისი შვილი წელსქვემოთ მოწყვეტილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ყველაფერი კი შემდეგნაირად აუხსნეს: ტუბერკულოზი შეხვდაო. ადამიანი, რომელიც წინა დღეს საღსალამათი იყო, ერთ დღეში ასე დაავადდა და მალევე გარდაიცვალა.

როგორც ოჯახი ყვებოდა, ციხის საავადმყოფოში პატიმარი მოუვლელი, საშინელ პირობებში იმყოფებოდა. მას არ მკურნალობდნენ, წელს ქვემოთ მოწყვეტილი მთლიანად შარდში იწვა და არავინ უვლიდა

ხელისუფლებამ უფლებადამცველებს წაგვართვა ბერკეტები, რათა ამ ადამიანებს დავეხმაროთ, ვაწარმოოთ მონიტორინგი, პატიმართა საქმეები გახდეს საჯარო, მაგრამ ჩვენ ინფორმაციას გამუდმებით ვაწვდით ჟურნალისტებს, უცხოელ უფლებადამცველებს. ამას გარდა, პატიმრებს ჩვენი ადვოკატებიც უწევენ დახმარებას.

_ სამოქალაქო საზოგადოების როლი ახსენეთ. მედიას რა წვლილის შეტანა შეუძლია ამ საქმეში? რუსეთში მომხდარ სამწუხარო შემთხვევას, მამუკა კაციშვილის გარდაცვალებას, დაწვრილებით აშუქებენ ქართული ტელევიზიები, თუმცა რატომღაც ასეთივე ყურადღებას არ უთმობენ საქართველოს პოლიციაში მომხდარ შემთხვევებს

_ სახელისუფლო მედია რომ ქართულ პოლიციაში მომხდარ დარღვევებს არ აშუქებს, ფაქტია და ამას, სამწუხაროდ, შეეგუენ მათი კოლეგებიც, რომლებიც დამოუკიდებელ ტელეარხებსა თუ სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობენ. სწორედ დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა უნდა დაიწყონ საპროტესტო კამპანია სახელისუფლო ტელევიზიების წინააღმდეგ. გააპროტესტონ, რატომ არ გვიჩვენებენ ქართული, ნაციონალური არხები თუ როგორ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს და არბევენ მიტინგებს, მაშინ, როცა გვაჩვენებენ, რა ხდება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. მოუწოდონ ყველას, რომ არ იყიდონ იმ კომპანიის პროდუქცია, რომელიც ამ ტელეარხებზე რეკლამას განათავსებს. არ მიესალმონ ჟურნალისტებს, რომლებიც ახალ ამბებს აშუქებენ. ასე უნდა აიძულონ ნაციონალური ტელეარხები, ობიექტურად გააშუქონ მოვლენები. ათასი მექანიზმი არსებობს მოახდინო იმ ჟურნალისტების მარგინალიზაცია, რომლებიც საზოგადოების აზრს არ გამოხატავენ, ხელისუფლების ყველა დაკვეთას ასრულებენ და მალავენ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მიტინგების დარბევა, ადამიანების დაპატიმრება, ცემა, ხალხის დახოცვა.

_ ქალბატონო ნანა, თქვენს განცხადებას ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით, ჰომოფობიური და ფაშისტური უწოდეს. ბოდიშის მოხდაც მოგთხოვეს, რაზეც თქვენ კატეგორიული უარი განაცხადეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ მოჰყვა ასეთი რეაქცია თქვენს ნათქვამს?

_ ასეთი რეაქცია იმიტომ მოჰყვა, რომ ჰომოსექსუალთა დამცველები ცდილობენ, გრანტები ამ გზით მოიპოვონ და უცხოურ ფონდებს დაუმტკიცონ, რომ საჭიროა მათი საქმიანობა ქვეყანაში და პრობლემა მართლაც არსებობს. და აი, ახლა ჩემი სახით იპოვეს პრობლემა. მე არასდროს მითქვამს, რომ ეს ადამიანები სექსუალური ორიენტაციის გამო ციხეში უნდა ჩასვან და დასაჯონ, მაგრამ არ მივესალმები ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას და რეკლამირებას. ზოგიერთი ექსპერტი ლიბერალობად მიიჩნევს, რომ განსხვავებული აზრისთვის იარლიყები მოგაწებოს.

_ ნინია კაკაბაძეს გულისხმობთ?

_ დიახ, მას ვგულისხმობ. ამ ადამიანმა არამარტო ლიბერალიზმისა და ფაშიზმის მნიშვნელობა არ იცის, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან ისიც არ იცის, რომ ლენინი მოკვდა. შეიძლება მის გულში ლენინი კვლავ ცოცხალია. საბჭოთა პერიოდის მერე არავის, ვანო მერაბიშვილსაც კი, არ უკადრებია, ეთქვა, რომ განსხვავებული აზრის გამო, ბოდიში მოიხადეთო.

 _ თქვენს განცხადებას, რომ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა მიმდინარეობს, ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები არ ეთანხმებიან. კონკრეტულად სად ხედავთ ამ პროპაგანდას?

_ მე ბრალი არავისთვის წამიყენებია, უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი და აზრს არანაირი მტკიცებულება არ სჭირდება. კონკრეტულად ტელეგადაცემებს და პიროვნებებს არ ვასახელებ იმიტომ, რომ არც ამ ადამიანების და არც ამ გადაცემების რეიტინგის დაცემა არ მინდა. შევარდნაძის დამცველი ინაური მეგონა და ნინია კაკაბაძე სააკაშვილის ინაურია, რომ განსხვავებული აზრის გამო, ბოდიშის მოხდას მთხოვს?

_ თუ იცოდით, რა რეაქცია მოჰყვებოდა თქვენს ნათქვამს?

_ მე ერთი რამ ვიცი: მე ვარ თავისუფალი ნების ადამიანი. ჩემი თავისუფლება კომუნისტებმა ვერ შებოჭეს და დღეს ვერც ერთი ტოტალიტარული მმართველობა, ვერანაირი ჰომოსექსუალების დაცვის ფონდი და ორგანიზაცია ვერ მათქმევინებენ უარს იმაზე, რასაც მივიჩნევ, რომ უნდა ვთქვა.

მე რასაც ვფიქრობდი, იმას ვლაპარაკობდი და ამის მერე რა მოხდებოდა, რა თქმა უნდა, არ მიფიქრია. თან კარგად ვიცოდი, რომ ამით არავის უფლებებს არ ვარღვევდი. ვერავინ მომთხოვს ბოდიშის მოხდას და ნინია კაკაბაძესაც და ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ჩემი დამოუკიდებელი აზრის გამოთქმის გამო გაუჩნდათ სურვილი, ბოდიში მომეხადა, მინდა შევუთვალო: ეპოქა, როცა განსხვავებული აზრისთვის დისიდენტებს ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, საქართველოში, დიდი ხანია, დასრულდა. ვინც ადამიანს განსხვავებული აზრის გამო ბოდიშის მოხდას მოსთხოვს, ის არის მარგინალი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here