Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ჯაჭვლიანი: ის მილოშევიჩი თუ ეგეთი საშიში იყო, რას მერჩოდი, ბავშვები...

სოსო ჯაჭვლიანი: ის მილოშევიჩი თუ ეგეთი საშიში იყო, რას მერჩოდი, ბავშვები რატომ დამიხოცე?

840

«სახალხო კრების» სათათბირო ორგანომ სოსო ჯაჭვლიანი დარბაზის სპიკერად აირჩია. არ ყოფილა ბოლო წლების გამორჩეული საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოვლენა, რომელზეც მას საკუთარი აზრი არ გამოეხატა. და მაინც, დარბაზის ხელმძღვანელობა მისთვის ახალი ამპლუაა. საუბარსაც ამით ვიწყებთ.

_ ადრე რომ იყო პიონერული, კომკავშირული და მსგავსი გაერთიანებები, არასდროს გავრეულვარ და ახლა ჩემთვის როგორი უცხოა ეს, იცით? ცხოვრებაში ასეთი შებოჭილი არ ვყოფილვარ, როგორც იმ დღეს, როდესაც ჩემს სპიკერობაზე იყო საუბარი. სხდომა რომ მორჩა, ლუკა კურტანიძეს მოვუტრიალდი და ვუთხარი, ვარჯიშზე ხომ 3-4 კილოს ვიკლებთ და ახლა 10 კილო მაქვს დაკლებული-მეთქი.

_ ალბათ, იმიტომ, რომ დარბაზში ავტორიტეტული ხალხია და ასეთი დარბაზის ხელმძღვანელობა ადვილი არ არის.

_ შეიძლება ეს, ერთის მხრივ, კარგია, მე თუ ამას ვგრძნობ. დარბაზში იმდენი საპატიო ადამიანია, ყოველთვის ცდილობ, რამე ისეთი არ თქვა, არ წამოგცდეს. მიტინგი როცა ტარდება, დაკვირვებიხართ? მიტინგს ატარებს 10-20 კაცი და მის მოსასმენად მოსულია ათასობით ადამიანი, რომელთა შორის შეიძლება იყოს ასჯერ ამათზე მეტის გამკეთებელიც, ამათზე პოლიტიკოსიც, მაგრამ ამათ იმედზეა, ამათ უყურებენ. ხომ ასეა? მერე, აქცია რომ დაიშლება, ამ ადამიანებს პრეტენზიები აქვთ რაღაცაზე და თან სწორად მსჯელობენ და სწორი პრეტენზიაც აქვთ. არის რაღაც, რაც ჩემთვის მიუღებელია. ხომ არის, რომ, რასაც გააკეთებდი, როცა 20 წლის იყავი, იმას ახლა ვერ გააკეთებ. ასაკი გვაძლევს გამოცდილებას. თუ ამ გამოცდილებით რაღაცას ისწავლი, ძალიან კარგია. ყოველთვის ვფიქრობ, როცა ადამიანებს ვუსმენ. სპიკერობაზე როცა ვლაპარაკობთ, მე და შენ შეიძლება დავჯდეთ ცალკე და კარგად ავუხსნათ ერთმანეთს ყველაფერი, მაგრამ, როცა დარბაზს ელაპარაკები, იქ სხვანაირი გამოცდილება, ასაკი გინდა. თუ რაღაც ემოციებმა წაგიღო, ის აზრი არც უნდა გააჟღერო, ვერ გააჟღერებ.

_ სვანურ ყოფაში არის საქმის მოსმენის და განსჯის კულტურა.

_ სხვათა შორის, იცით, როგორი ადამიანები მყავს შერიგებული? 10 წელი რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი. აი, ასეთი ადამიანები შევარიგე. ეს გენეტიკურადაც უნდა მოგდევდეს. ყველას უნდა მოეფერო, დაუყვავო. მედიატორული ნიჭი უნდა გქონდეს. ნებისმიერ იურისპრუდენციაზე მეტს აკეთებს სვანური საქმის გარჩევა.

იცით, სვანეთში როგორ იყოფოდა ქონება? ასეთი გაყოფა დედამიწის ზურგზე არ არსებობს. აი, მაგალითად, მამას უნდა, სიცოცხლეშივე გაუყოს ქონება შვილებს, რომ მერე სადავო არ იყოს. დაუძახებდა ყველას და ეტყოდა, ისე მინდა გაგიყოთ, რომ არც ერთი არ დარჩეს ნაწყენიო. მოუტრიალდებოდა უფროს შვილს და ეტყოდა: შენ ხარ ჩემი პირველი სიხარული, ჩემი გვარის გამგრძელებელი, შენ ხარ ყველაფერი და აბა, გაყავი ოთხ ნაწილად (ან რამდენიც იყვნენ) ქონება. ეს შვილი გაყოფდა ამას ოთხ ნაწილად და მამა ჰკითხავდა: _ გაყავი შვილო? _ კი, გავყავი. ახლა დაჯექი, პირველი წილის არჩევის უფლება აქვს უმცროსს, შემდეგ მომდევნოს და მერე რაც დარჩება, გამყოფისაა. თუ პრეტენზია გაჩნდებოდა, მამა ეტყოდა, _ შენ არ გაყავიო? ხომ არ არსებობს შეკამათების ვარიანტი? აი, რა გენიალურად იყო დალაგებული ყველაფერი. ერთმა რა მითხრა, იცი? ჩვენი კუთხის შვილი არ იყო. ერთი ბინა რომ ვაკეში ჰქონოდა, მეორე _ გლდანში და მესამე _ სხვაგან სადმე, როგორ გაყოფდაო? იცი, როგორ გაყოფდა? გაყოფდა ამ ბინებს და გლდანის ბინაში ისეთ ავეჯს დადგამდა  და ისეთ რემონტს გააკეთებდა, რომ ვაკის დონეზე დააყენებდა-მეთქი. ასე რომ, ყველაფერზე პასუხი არსებობს.

როგორ შეეძლოთ აღმოეჩინათ სვანეთში, მაგალითად, ქურდი, იცით? ყველაფერი რწმენაზე იყო აწყობილი. ეს გენიალური რაღაცაა. აი, მაგალითად, დაიკარგა რაღაც სოფელში და გამოვედი გარეთ. დავუძახე ყველას და ვეკითხები, ვინ მოიპარა. ყველა უარობს. ვინ იტყვის, _ მოვიპარეო. კარგი. აქ ხომ რომელიღაც ქურდია. ვეუბნები ყველას, გული რომ წყნარად მქონდეს, ყველას გთხოვთ, სათითაოდ დაიფიცოთ, რომ ამაზე არაფერი იცით. რა თქმა უნდა, ყველა გამოვა დასაფიცებლად, არადა, ვიღაცამ იცის, ვინ არის ამის გამკეთებელი. მივა და ეტყვის: _ სოსო გვთავაზობს, რომ ხატზე დავიფიცოთ. ხომ შენ ჩაიდინე ეს ამბავი და მე ახლა ეკლესიაში მივიდე და იქ დავიფიცო? ღმერთი მოვატყუო? ამიტომ სოსოსთან საპროცესო გარიგებაზე წადი. მე არ ჩაგიშვებ შენ, მაგრამ ნურც მე მაიძულებ, ტყუილზე დავიფიცოო.

_ მერე ის კაცი საპროცესო გარიგებაზე მიდის?

_ აბა, რა! ყველა გათახსირებულს რომ სხვაც გათახსირებული ჰგონია, არაა ეს სწორი. ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ყველას ყველაფერი გვჭირდება, ადამიანს სჭირდება გადაადგილება, კვება, მაგრამ შენ როცა მორალით არ ხარ მართალი, ეგ უკვე სხვაა. სვანეთზე ვლაპარაკობთ და რაღაც-რაღაცები მოვყევი. სვანეთში როცა საქმეს არჩევენ, იურიდიული კანონები კი არ აინტერესებთ, პირველ რიგში, ყველაფერი ირჩევა მორალით. ერთი მეუბნება, როგორო, კაცოო. ბიჭო, იურიდიული კანონი კარგია, მისაღებია თუ დემოკრატიულია, მაგრამ ახლა მე და შენ ვხვდებით ერთმანეთს, მე მოგესალმე და შენ გამიარე. მოვტრიალდი და გეკითხები: _ რა იყო, რა მოხდა? შენ რომ მოტრიალდე და მითხრა: _ სოსო, მე იურიდიულად უფლება მაქვს, ვისაც მინდა, იმას მივესალმო და ვისაც მინდა, _ არა. მერე გეტყვი: _ ჩემგან რა გინდა? და იწყება უკვე მიხეილ ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსკონიდან მოვიყვან სიტყვას – კოლიზია ჩვენ შორის.

_ ვინც გარკვეულია კარგად, სამართალი როგორ ყალიბდებოდა, იმისთვის ეს გასაგებია. ყველაფერი ჩვეულებითი სამართლიდან მოდის.

_ რა კარგ რაღაცას მივადექით. ჩვენ ვილაპარაკოთ და გამგები გაიგებს. მოდი სტრუქტურითაც მივუდგეთ და ხელოვნების სფეროდანაც. აი, არის, მაგალითად, მოჭიდავე ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი; არის სხვა _ თავისუფალ ჭიდაობაში და მესამე _ კლასიკურში ჩემპიონი. სამივე მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ ეს სამივე ჭიდაობა, იცი, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან? ამ დროს ჭიდაობაა სამივე. ვერასდროს ძიუდოისტი ამას ვერ მოუგებს, ეს _ იმას. ახლა ჩვენ რა გვესმის დღეს? ეს კაცი იმდენად წარმატებულია, რომ ესეც ეცოდინება. ეს კი სულ სხვა სახეობაა. ახლა ავტომატურად დაისმება კითხვა: სოსო, რა კარგად ყვები და ნოტაციებს გვიკითხავ ახლა, შენ ვინ ხარ მაშინ? მე, იცი, ვინ ვარ? არც ძიუდოში ვერკვევი ისე ძალიან, არც თავისუფალში, არც კლასიკურში, მაგრამ ის ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგად მოუსმინოს და ამაში ვინც ერკვევა, იმას დაუჯეროს.

_ ყველაზე მეტად ჩვენ ხელისუფლებას სწორედ იმაზე ვემდურით, რომ არავის უსმენს. არავის აზრს არ ითვალისწინებს და მიაჩნია, რომ ყველაფერი თვითონ იცის. ჩვენ, ყველანი ვართ ჩამორჩენილები და ამიტომ არ გვესმის. დიდი იმედი მაქვს, რომ დარბაზში არ დაგჭირდება ისეთი მძიმე საქმეების მოგვარება, როგორც სვანურ ყოფაში, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები იკრიბებიან და ნდობას გიცხადებენ.

_ რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ ის გენდობა და ამიტომ გითხარი, რომ ეს მბოჭავს. ჩვენში ხშირად მიკროფონს რომ დადებენ, ყველა იმ მიკროფონისკენ გარბის. მე კიდევ ოღონდ მიკროფონთან არ მიმიყვანო… ყველაზე დიდი ვაჟკაცობა არის, როცა მართალი არ ხარ, მიხვდე და ბოდიში მოიხადო. გახსოვთ, მოჭიდავეები რომ დაიჭირეს, მაშინ მოხდა ასეთი რაღაც:  ალექსი დავითაშვილმა ციხიდან მოწერა წერილი პრეზიდენტს, მსოფლიო ჩემპიონატი იმართება და გამიშვიო. რა თქმა უნდა, არ გაუშვა. მე რომ ვყოფილიყავი, რას ვიზამდი, იცი? დავსვამდი პრეზიდენტს, მოვუსვამდი გვერდით დავითაშვილს და ვათქმევინებდი: _ ქართველო ხალხო, ალექსი დავითაშვილი არის საქართველოს 8-გზის ფალავანი იმ ჭიდაობაში, რომელიც ყველაზე რაინდულად ითვლება. მე შენ გიშვებ მსოფლიო ჩემპიონატზე და შენ ნამუსზე იყოს. თუ გინდა, ჩამოდი, თუ გინდა _ არა. მე ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ დავითაშვილი ჩამოვიდოდა და მოიხდიდა სასჯელს. ბოლოს ხომ მაინც გამოუშვეს. ჰოდა, დღემდე სალაპარაკოდ ექნებოდათ. ხალხი იტყოდა, ნახე, რა კაცობა ქნესო.

_ ამდენი რომ შეეძლოთ, ამ დღეში ხომ არ ვიქნებოდით?

_ საქართველო პატარა ქვეყანაა და ერთმანეთს რომ ხვდებიან, გვეშველებაო? _ ეკითხებიან. რა უნდა გეშველოს, როცა შენ თვითონ ხელს არ გაანძრევ? როგორაა, იცი? უცხოეთში რომ ხარ და შორიდან უყურებ საქართველოს, რაც ხდება მსოფლიოში, აქეთ ირანი, იქით სირია, ავღანეთი… ეს ჩვენი საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის იმდენად პატარაა…

_ 26 მაისს მსხვერპლი მოჰყვა. ყველას ჰქონდა იმედი, რომ მსოფლიოს მივაწვდენდით ხმას, მაგრამ რა უნდა მიაწვდინო? დღევანდელ ნომერში იბეჭდება მასალა სერბეთის დაბომბვაზე. 1999-ში რომ დაბომბა ნატომ, 2 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 7 ათასი დაიჭრა და მათი მესამედი ბავშვი იყო. და ჩვენ გვინდა, ახლა მათ სახე დაიხოკონ იმიტომ, რომ აქ დარბევისას 4 კაცი დაიღუპა?!

_ ხუთი წლის წინ სერბეთში საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე ვიყავით მიწვეული. იქაური ავტორიტეტული კინომცოდნე მოვიდა და დაგველაპარაკა: _ შეგიძლიათ, ერთი-ორი საათი დამითმოთო? წაგვიყვანა და ტელევიზიის შენობა გვაჩვენა. შუაში გამონგრეულია, 20 კაცი დაღუპულა დაბომბვისას და როგორც ძეგლი, ისე აქვთ დატოვებული. ასევე, ჰოსპიტლის შენობა, საბავშვო ბაღი და ერთი ოცი ობიექტი აღდგენილია, ოღონდ გარკვეული ადგილები ნანგრევებადაა დატოვებული. 78 დღე ბომბავდნენ. მე, უბრალოდ, ვსვამ  საკითხს: მოდი, თავი დავანებოთ, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. გამოვიდეთ როგორ, იცი? სვანეთში როგორც იციან. გამოვიყვანოთ ის _ ამერიკელია, რუსია თუ ინგლისელია, დავაყენოთ და ვკითხოთ: შენ რომ იყო ჩემს ადგილას, როგორ მოიქცეოდი? ის მილოშევიჩი თუ ეგეთი საშიში იყო, რას მერჩოდი, ბავშვები რატომ დამიხოცე? მთელ ერს უნდა გადაუარო? ასევე ხდება ქართველების «დაჩმორება».

მიწებისა და ტყეების გაყიდვის ამბავი იცით. სვანი როგორია, იცით? მეფე რომ ეტყოდა, ეს მიწა შენიაო, თავს შეაკლავდა. ამათ, მიზანმიმართულად, ხალხი რომ შეეჩვიათ, მიწის გაყიდვა დაიწყეს სწორედ სვანეთიდან. ამათ ხომ ასე ვუქენით და თქვენ რას გიზამთო! ჯაფარიძეები დაიჭირეს მიწის ნაკვეთებზე, მერე ნავერიანი, პირველი ჩვენი უზენაესი საბჭოს დეპუტატის მეუღლე. როგორი ქალები იცით? როგორ გაითამაშეს, საჩვენებელი აქცია ჩაატარეს, ჯერ ბიჭები როგორ აიყვანეს და ხალხი დააშინეს, _ თუ ვინმეს პრეტენზია გექნებათ, ასე დაგემართებათო. ყველაფერი დაგეგმილი იყო, როგორც სერბეთში. თუ გვინდა, რომ გვეშველოს, ერთად უნდა დავდგეთ და ხელი გავანძრიოთ.

ესაუბრა

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here