Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის ომი: ნაწილი მეორე

სააკაშვილის ომი: ნაწილი მეორე

628

სკანდალი გრძელდება. საეჭვო ფორმირებები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. 23 მარტს უშიშროების საბჭომ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა მასალები, რომლებიც მას ირაკლი ალასანიამ 20 მარტს გადასცა და თანდართულ განცხადებაში, რომელიც მხრების აჩეჩვას მოაგონებდა, აღნიშნა, რომ  ,,ალასანიას სიაში» ,,უბრალოდ, ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები». ,,თავისუფალმა დემოკრატებმა» საპასუხო განცხადებაში უშიშროების საბჭო მწვავედ გააკრიტიკეს. პარადოქსულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკის სიბრტყეში მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მათ, ფაქტობრივად, ერთი საქმე გააკეთეს, როგორც ერთი ადამიანის მარჯვენა და მარცხენა ხელმა. ,,სიბნელე სინათლის მარჯვენა ხელია», _ იტყოდა ურსულა ლე გუინი.

რა შედეგებს მოიტანს ალასანიას წერილის გამოქვეყნება? უპირველეს  ყოვლისა, იმას, რომ მასში მოხსენიებული ადამიანები და ჯგუფები ქართული საზოგადოების, უცხოელი დიპლომატების და (სხვათა შორის) რუსული სპეცსამსახურების სერიოზული დაკვირვების ობიექტი გახდებიან. ისინი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ მოექცევიან და მათ ნებისმიერ მოძრაობას, ძალიან დიდი ალბათობით, ნეგატიური ინტერპრეტაცია მოჰყვება. შესაბამისად, ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად მათი ეფექტური გამოყენების შესაძლებლობა მკვეთრად შემცირდება, რაც დღის წესრიგში, ბუნებრივია, ამ რაზმების დაშლის საკითხს დააყენებს. გამორიცხული არაა, რომ ამის გაკეთება სააკაშვილის ხელისუფლებას დასავლელმა პარტნიორებმა ურჩიონ. 

რა გააკეთა საბოლოო ჯამში უშიშროების საბჭომ? მან საკითხში გარკვევის მოსურნე პირები თავდაცვის სამინისტროსა და შსს-სკენ გადაამისამართა, რაც ახალაიასა და მერაბიშვილისთვის სასიამოვნო, ალბათ, არ იყო. ამასთანავე, მან «ალასანიას სია» საჯარო გახადა და აარიდა «თავისუფალი დემოკრატების» ლიდერს ის დისკომფორტი, რომელიც უდავოდ შეექმნებოდა, თუ თავის წერილს უშუალოდ მასმედიას გადასცემდა; ამ შემთხვევაში, ხელისუფლება მას სახელმწიფო საიდუმლოს გათქმაში, ძირგამომთხრელ საქმიანობაში და კიდევ ათას უბედურებაში დაადანაშაულებდა. ორივე პუნქტთან მიმართებაში, გიგა ბოკერიამ, ფაქტობრივად, ალასანიას საქმე გააკეთა, თუმცა აქ, ალბათ, ურიგო არ იქნება, გავარკვიოთ, რას წარმოადგენს «ალასანიას საქმე» და არის თუ არა ის დანამდვილებით მისი.

ირაკლი ალასანიას თქმით, ინფორმაცია საეჭვო ფორმირებების თაობაზე მას საქმეში ჩახედულმა თანამოაზრეებმა, ასე ვთქვათ, რიგითმა პატრიოტებმა მიაწოდეს. ამ ვერსიის გამორიცხვის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა მოდით წარმოვიდგინოთ, რომ თავდაპირველად ეს ინფორმაცია სულ სხვა ადამიანების ხელში აღმოჩნდა და ორიოდე კონსპიროლოგიური ვერსია განვიხილოთ.

თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ პირველებმა სააკაშვილის მიერ საეჭვო რაზმების შეკოწიწების შესახებ ამერიკელებმა შეიტყვეს, ყველაფერი, რაც ამ ინფორმაციას შემდგომ დაემართა, საკმაოდ ლოგიკური ხდება, ისევე, როგორც ალასანიასა და ბოკერიას მიერ ამ საქმეში ძია სემის «მარჯვენა და მარცხენა ხელის» როლის შესრულება. ამ ვერსიის ფარგლებში თუ დავრჩებით, გამოდის, რომ სააკაშვილს და მის გარემოცვას ძალიან გასაგებად მიანიშნეს, რომ ის კონტროლქვეშ იმყოფება და ხელი იარაღისკენ არ უნდა წაუცდეს. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამ ეპიზოდში გიგა ბოკერიას მოუხდა მიხეილ სააკაშვილსა და ძია სემს შორის არჩევანის გაკეთება, თუმცა, თუ ასეთი არჩევანის წინაშე დადგებოდა, ალბათ, იოლი ამოსაცნობია, ვისკენ გადაიხრებოდა. სხვათა შორის, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე ეს დილემა გახდება ერთგვარი ტესტი სააკაშვილის გარემოცვის წევრებისთვის, რომელთაც პოლიტიკურ მომავალში შეღწევა სურთ, თუმცა ყველასთვის არა, მაგალითად, ახალაიების ოჯახს მსგავსი ტესტის ჩაბარებას, დიდი ალბათობით, არავინ შესთავაზებს.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ პირველებმა ინფორმაცია სააკაშვილის ახალი რაზმების შესახებ რუსებმა მოიპოვეს. რას გააკეთებდნენ ისინი ამ შემთხვევაში? შაბლონური ნაბიჯი სამხედრო დაზვერვის მიერ ამ ინფორმაციის შემდგომი დამუშავებაა, რათა საქართველორუსეთის ახალი ომის დაწყების შემთხვევაში რუსულმა არმიამ წინააღმდეგობის პოტენციური კერები სწრაფად გაანეიტრალოს, თუმცა შესაძლოა, გაცილებით პერსპექტიული სვლა რუსული დაზვერვის მხრიდან ამ ინფორმაციის ამერიკელი  კოლეგებისთვის გადაცემა იქნეს (რა არხებით და რა ფორმით, ცალკე საკითხია), რათა მას ლაკმუსის ქაღალდის როლი შეესრულებინა საქართველოში ძია სემის გეგმებთან და რეგიონში აშშრუსეთის ურთიერთგაგების ხარისხთან დაკავშირებით; რუსები ყურადღებით დააკვირდებოდნენ თუ რას გააკეთებდნენ ამერიკელები ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ

კონსპიროლოგიას ნუღარ ჩავუღრმავდებით და ისევ «კანონიკურ ვერსიას» დავუბრუნდეთ, რომლის თანახმად ინფორმაცია ალასანიას მისმა ადგილობრივმა თანამოაზრეებმა მიაწოდეს. ჩვენ შეგვიძლია უმოწყალოდ გავაკრიტიკოთ ირაკლი ალასანია როგორც უმწიფარი პოლიტიკოსი, თუმცა ვერავინ უარყოფს იმას, რომ ის წარმატებულია ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში და მათთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში ყოფნას ცდილობს. ალასანია ძალიან უფრთხილდება თავის კონტაქტებს უცხოელ დიპლომატებთან და ძნელი წარმოსადგენია, მათთან შეხვედრაზე საუბარი უკანონო ფორმირებებზე ექსპრომტად, მოსალოდნელი შედეგების გათვლის გარეშე დაეწყო. მეტიც, ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ასეთი სერიოზული თემის აფრიალება ალასანიამ ამერიკელებთან წინასწარი გასაუბრების გარეშე გადაწყვიტა. სხვათა შორის, ეს ვარაუდი ხსნის იმის დადგენის აუცილებლობას, თუ ვინ მოიპოვა პირველმა ინფორმაცია, რომელიც «ალასანიას სიას» საფუძვლად დაედო. მთავარია, რომ ამერიკელებმა (ცხადია, ამ ვერსიის ფარგლებში) წინასწარ იცოდნენ, თუ რის გაკეთებას აპირებდა «თავისუფალი დემოკრატების» ლიდერი და მას ხელი არ შეუშალეს, არადა, ამისთვის მხოლოდ ერთი მეგობრული რჩევა დასჭირდებოდათ. თუ ამ ვერსიას მივყვებით, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ალასანიამ ამ თემის წამოწევაზე ძია სემის არაორაზროვანი სანქცია მიიღო.

არსებობს სამი ძირითადი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რისთვის დასჭირდა სააკაშვილს ამ რაზმების ფორმირება: ხელისუფლების მომხრეები ირწმუნებიან, რომ მათ მომხდურთან ბრძოლისთვის წვრთნიან. ალასანიას აზრით (რომელსაც, რა დასამალია, გაცილებით მეტი მოქალაქე იზიარებს), მათ ოპოზიციასთან ანგარიშსწორებისთვის ამზადებენ. გაჩნდა კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმად, სააკაშვილი ამ რაზმებს კონფლიქტის ზონების სიახლოვეს იმისთვის ქმნის, რათა მათ სეპარატისტულ რესპუბლიკებში გარკვეული აქციები განახორციელონ, რასაც რუსებმა შეიძლება ლოკალური სპეცოპერაციით და წერტილოვანი დარტყმებით უპასუხონ (სრულმასშტაბიან ინტერვენციას უფრო წონადი საბაბი სჭირდება), რაც სააკაშვილს შესაძლებლობას მისცემს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, არჩევნები გადაიტანოს, პატრიოტული რიტორიკის გამოყენებით ამომრჩევლის მობილიზება სცადოს, დასავლეთის წინაშე აგრესიასთან მებრძოლი რაინდის მანტიით წარსდგეს და ამ აურზაურის ფონზე ოპოზიცია გაანადგუროს.

იმის გათვალისწინებით, თუ რა უცნაურ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება ბოლო დროს, ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი მანიაკალური გეგმა ავლაბრის რეზიდენციაში მართლაც დაიბადა.

მეორე და მესამე ვარიანტს სახიფათო დესტაბილიზაციამდე მივყავართ, რაც ვაშინგტონს არანაირად არ უნდა აწყობდეს, რადგან ის მისი ქართული პროექტის კრახს და რეგიონში პოზიციების დაკარგვას მოასწავებს. ამიტომ, თუ თეთრ სახლში გაჩნდა მყარი ეჭვი, რომ სააკაშვილმა საომარი სცენარის გათამაშება გადაწყვიტა, ამერიკელების მიერ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ გარდაუვალი ხდება.

წინასაარჩევნოდ ძია სემთან დემოკრატიის ჭეშმარიტ არსზე კამათის დაწყება სააკაშვილის მხრიდან ფრიად უგუნური იქნებოდა, რადგან მთელმა პლანეტამ იცის, რით სრულდება მსგავსი დისკუსიები; თუმცა თუ «ნაცმოძრაობის» ბელადს სურს ეს მაინც და მაინც საკუთარ თავზე გამოსცადოს, მას ხელი, ალბათ, არ უნდა შევუშალოთ. დაე, შეადაროს ჰილარი კლინტონი «გუდიან ქალს», ხოლო მისმა თანამეინახეებმა ჯონ ბასსა და საქართველოში აშშ-ის მომავალ ელჩზე _ რიჩარდ ნორლანდზე იქედნური კომენტარები აკეთონ, შეპარვით დაიმუქრონ რეგიონის დესტაბილიზაციით და ათასი სხვა სისულელე ჩაიდინონ; გავუშვათ, იფრინონ. დროის ეს მონაკვეთი ამერიკელი პარტნიორებისთვის სასარგებლო იქნება, რათა ძველი ქართული გამოთქმის «ახია ჩემზე» შინაარსს კარგად ჩასწვდნენ. შემდეგ კი (ზღაპრის ბოლო კეთილია) სააკაშვილს, დიდი ალბათობით, მიკი მაუსი ესტუმრება, რათა უთხრას: «Democracy is coming» (დემოკრატია მოდის). მიშა, შენ მართლა გინდა გაიგო ვინ არის მიკი მაუსი სინამდვილეში?

ხუმრობა იქით იყოს, საქართველოს, როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემები აქვს. «სააკაშვილი ხედავს, რომ პროცესები მის საწინააღმდეგოდ ვითარდება. მისი გეგმა ასეთია: როცა ხალხის პროტესტი პიკს მიაღწევს და მის ჩამოშორებას შეეცდებიან, თავს სამეგრელოს შეაფარებს და პრეზიდენტის სავარძლის დასაბრუნებლად სამეგრელოდან იბრძოლებს. უკანონო ბანდფორმირებებს სწორედ ამ მიზნით ქმნის», – აცხადებს ილია ჩაჩიბაია, ჟურნალ «ღია ბოქლომის» მთავარი რედაქტორი, რომელიც სააკაშვილის ახალ რაზმებთან დაკავშირებულ პროცესებს თვეების განმავლობაში აკვირდება. გია ალასანია «თავისუფალი დემოკრატების» ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი presage.tv-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილ ზვიადისტებს, ყველას, ვისაც 90-იან წლებში იარაღი ეჭირა ხელში, ქვეყნისთვის საფრთხის აცილების მოტივით დაუკავშირდნენ. მისი თქმით, ძირითადად ამ კონტიგენტს შეიარაღებულ დაჯგუფებებში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონია, მაგრამ, უარის თქმის შემთხვევაში, ხელისუფლებისგან პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ presage.tv-ისთვის მოამზადა ვიდეორეპორტაჟი, რომელიც ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის თავშეყრის ადგილას გადაიღო; ის, რაც იმ კადრებში ჩანს, ნამდვილად არ ჰგავს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფს და მისი დისლოკაციის ადგილს. «მაქვს ახალი ინფორმაციები, თუმცა ამ ეტაპზე რაიმეს თქმისგან თავს შევიკავებ. არა მუქარისა და ზეწოლის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციის გახმაურება ქვეყნის ინტერესების შემლახველი და სკანდალური იქნება, _ განაცხადა ნანა ფაჟავამ «ობიექტივთან» საუბარში. _ ამ ადამიანების 90%-ს კრიმინალური წარსული აქვთ. მათ შევარდნაძის ხელისუფლებაც იყენებდა. ერთ დროს ეს ხალხი აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვისაც იბრძოდა და ისინი რეჟიმის კლანჭებიდან ყველამ ერთად უნდა დავიხსნათ». მსგავსი შინაარსის ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ სოციალურ ქსელების მომხმარებლებიც, თუ მათი ნაამბობის თუნდაც მცირე ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შეიარაღებული დაპირისპირების რეალური საფრთხის წინაშე დგას.

ალბათ, დროა, საზოგადოებრივი კომისია შევქმნათ, რომელიც ამ საკითხს დეტალურად შეისწავლის, რადგან ეს მეტად სერიოზული პრობლემაა იმისთვის, რომ მისი გადაწყვეტა მხოლოდ პოლიტიკოსებს მივანდოთ. სხვა ლოგიკურ გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან პირადად მე ვერ ვხედავ.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here