Home რუბრიკები პოლიტიკა «დაავიწყდა კია სერბეთს, რომ მას ბომბავდნენ»?

«დაავიწყდა კია სერბეთს, რომ მას ბომბავდნენ»?

881

24 მარტს 13 წელი შესრულდა ნატოს ძალების მიერ სერბეთის დაბომბვიდან. იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილე 19 ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი იუგოსლავიისას 679-ჯერ სჭარბობდა. თავდასხმები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა. მოქმედებაში მოყვანილი იყო 1200 თვითმფრინავი, მათ შორის 850 – საბრძოლო. ავიადარტყმები იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, საფრანგეთის, უნგრეთის ტერიტორიებიდან, აგრეთვე, აშშის კონტინენტური ნაწილიდან განხორციელდა. ნატოს მონაცემებით, მათ მთლიანობაში 35 ათასი ავიადარტყმა მოახდინეს.

ავიაციის მოქმედებას სამხედროსაზღვაო დაჯგუფება ეხმარებოდა სამი ავიამზიდის, ექვსი დამრტყმელი წყალქვეშა გემის, ორი კრეისერის, შვიდი  ფრეგატის შემადგენლობით. ხმელთაშუა ზღვაში ოთხი მსხვილი სადესანტო ხომალდი იმყოფებოდა ბორტზე 10 ათასი საზღვაო ქვეითით. ნატოს ავიაციამ 2300 საჰაერო დარტყმა განახორციელა 995 ობიექტზე.

იუგოსლავიას 3 ათასი ფრთოსანი რაკეტა, 25 ათასი ტონა (ზოგიერთი მონაცემით – 79 ათასი) ასაფეთქებელი ნივთიერება დაატყდა თავს. აგრესიის შედეგად 2 ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა, 7 ათასი დაიჭრა, მათგან 30% ბავშვი იყო. იუგოსლავიისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 200 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რა კავშირშია იუგოსლავიის დაშლა ნატოსთან? რა მიზანს ისახავდა ნატოალბანელების უფლებების დაცვას თუ იუგოსლავიის დაშლას და მის სრულ კონტროლს? რა გაკვეთილები უნდა ისწავლოს საქართველომ სერბეთის მაგალითზე?

24 მარტს დაბომბვის 13 წლისთავთან დაკავშირებით «გოლოს როსიიმ» გამოაქვეყნა სტატია ამ სათაურით. სტატიაში მოთხრობილია 1999 წლის მარტ-ივნისში 78-დღიანი დაბომბვის შესახებ, რომელსაც კოსოვოსა და მეტოქიის მოსახლეობის უუფლებობით ამართლებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ საბაბი იყო, სინამდვილეში კი ბელგრადი იმის გამო დასაჯეს, რომ მან ნატოსთან თანამშრომლობა და საკუთარი სუვერენიტეტის დათმობა არ მოინდომა. გთავაზობთ მის თარგმანს.

ნატოს აგრესიამ მთავარ მიზანსსლობოდან მილოშევიჩის დამხობას ვერ მიაღწია. არმიაც შენარჩუნებული იყო. მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი სტრატეგიის შემუშავება მოუწია, რომელმაც «ხუთიანზე» იმუშავა. 2000 წლის ოქტომბერში აშშმა და გერმანიამ სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც განმეორდა და რომელსაც «ფერადი რევოლუცია» ეწოდა. ხელისუფლებაში ის ძალები მოიყვანეს, რომლებმაც ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყეს.

თუმცა იუგოსლავია მაშინ ჯერ კიდევ არ გამოხატავდა ნატოში შესვლის სურვილს. მეტიც, 2010 წელს მიუნხენში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ ერემიჩმა განაცხადა, რომ იუგოსლავია ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს და არ შევა სამხედრო თუ თავდაცვით კავშირებში. ამგვარად, სერბეთი ბალკანეთის ერთადერთ ქვეყნად რჩებოდა, რომელიც ნატოსკენ სწრაფვას არ გამოხატავდა. სერბულ საზოგადოებაში ნატოში შესვლასთან დაკავშირებით მწვავე დისკუსიები მიმდინარეობს.

სერბეთის მოსახლეობა ნატოში შესვლას მხარს არ უჭერს, იგივე შეიძლება ითქვას ჩერნოგორიაზეც (2006 წელს გამოეყო სერბეთს), მაგრამ მისი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ნატოში შესვლას ალტერნატივა არ აქვს.

ავღანეთში უკვე მსახურობს 30 ჩერნოგორიელი სამხედრო. ეს სუვერენული ჩერნოგორიის პირველი შენატანია ნატოში სწრაფად შესვლის საქმეში.

სერბეთში ჯერ ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ, მაგრამ აშშ-ის ელჩმა ბელგრადში მერი ვორლიკმა ჯერ კიდევ 2010 წელს განაცხადა, რომ სერბეთისთვის ნატოს კარი ყოველთვის ღიაა. რას გადაწყვეტს სერბეთი? შეგახსენებთ, რომ 2000 წლის სექტემბერში ბელგრადის საოლქო სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა ბილ კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი, უილიამ კოენი, ტონი ბლერი, რობინ კუკი, ჯორჯ რობერტსონი, ჟაკ შირაკი, იუბერ ვედრინი, ალენ რიშარი, გერჰარდ შრიოდერი, იოზეფ ფიშერი, რუდოლფ შარპინგი, ხავიერ სოლანა და უესლი კლარკი. სასამართლომ ისინი იუგოსლავიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში დამნაშავედ სცნო და 20-20 წელი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ თითქოს აღარავის ახსოვს.

სერბეთში ნატოში შესვლის პროპაგანდისტული კამპანია გაჩაღდა. აქტიურად ამუშავდა დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია «უსაფრთხოების ფორუმი». ალიანსის მომხრეებმა სერბეთის ახალ გერბად ტრადიციული სერბული ჯვრის ნაცვლად ნატოს ოთხქიმიანი ვარსკვლავი შესთავაზეს. დაიწყო არმიის რეფორმირება ნატოს სტანდარტების მიხედვით. მთავარი რეფორმატორების როლში გენერალური შტაბის უფროსი ზდრავკო პონოში და თავდაცვის მინისტრი დრაგან შუტანოვაცი (აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს კურსდამთავრებული) გამოვიდნენ.

2007 წლის ივნისში შუტანოვაცმა აშშ-ის ელჩს უთხრა, რომ მისი მიზანია სერბეთის არმიის მომზადება ნატოში შესასვლელად, ხოლო «ვიკილიქსის» მიერ გამოქვეყნებულ ამერიკელი მოხელის 2009 წლის 7 მაისის დეპეშაში აღნიშნულია, რომ «თავდაცვის მინისტრი შუტანოვაცი მუყაითად მუშაობს საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად ნატოსა და აშშ-ის მიმართ».

ამერიკელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მინისტრის დაპირება, რომ «სერბულ არმიას არც გეგმები და არც ინტერესი არ აქვს, კოსოვოს საქმეში ჩაერიოს». ამერიკელები დარწმუნებული არიან, რომ ეს დამოკიდებულება თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების შემთხვევაშიც კი არ გადაიხედება. ამერიკელი დიპლომატების მიმოწერაში ხაზგასმულია, რომ «არმიის რეფორმა ჩვენს ინტერესებშია» და მთავარი მიღწევა «სერბი ოფიცრების ცნობიერების შეცვლაა». პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა არაერთხელ განაცხადა, რომ სერბეთი ყოველთვის შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და არ აპირებს ნატოში შესვლას, მაგრამ 2007 წლის დეპეშებში უკვე ნათქვამია, რომ «ნატოში სერბეთის ინტეგრაცია არის პრიორიტეტი ნომერი 1». საუბარი იყო არა რაიმე სახის თანამშრომლობაზე, არამედ სრულუფლებიან წევრობაზე.

სწორედ ამის შესახებ ილაპარაკა ვუკ ერემიჩმა ბრიუსელში 2007 წლის 5 სექტემბერს სერბეთის მიზნების შესახებ შექმნილი დოკუმენტის პრეზენტაციაზე პროგრამაში «პარტნიორობა მშვიდობისათვის». თავად დოკუმენტი ამერიკელების მომზადებული იყო.

2008 წლის 8 დეკემბრის ნატოს ხელმძღვანელობის დახურულ თათბირზე ითქვა: «მოკავშირეებმა იკამათეს სერბეთის გაწევრიანების საკითხზე, ამასთან იტალიამ, უნგრეთმა და ნორვეგიამ შემოგვთავაზეს, შეგვექო სერბეთი იმისთვის, რომ იგი ჩრდილოატლანტიკურ გზას დაადგა, თუმცა აშშ-მა გაგვაფრთხილა, რომ ამით საზოგადოების ყურადღებას მივაქცევდით ბელგრადის სწრაფვას ნატოსადმი».

მართლაც, რაკი იციან მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება, ამერიკელები ყველა ხერხით ცდილობენ, სერბების თვალში ნატოს ახალი იმიჯი შექმნან: ფულს გამოყოფენ ჟურნალისტების სასწავლებლად, რადიო და ტელეკომპანიებს სპეციალურ გრანტებს სთავაზობენ, აფინანსებენ შეკვეთილ სტატიებს. მხოლოდ «ვიკილიქსის» პუბლიკაციებმა ახადა ფარდა სერბეთის ხელმძღვანელობის რეალურ გეგმებს ნატოს მიმართ. ცნობილი გახდა, რომ ბელგრადში აშშის საელჩოს პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დებორა მენუტიმ ხაზი გაუსვა აშშის სურვილს, ნატოს მეშვეობით სრული კონტროლი დაამყაროს სერბეთის ტერიტორიაზე: «ჩვენ არ ვთხოვთ სერბებს, 1999 წლის მოვლენები დაივიწყონ, მაგრამ ვფიქრობთ, სერბეთის ნაციონალური ინტერესები დღეს წარსულის დავიწყებას მოითხოვს. მრისხანებამ არ უნდა დაბინდოს ძირითადი საკითხი: რა უფრო მომგებიანია სერბეთისთვის: ნატოს მიღმა დარჩენა თუ მასთან შეერთება».

რატომ ირჯებიან ასე ამერიკელები? მათი მთავარი საზრუნავი რუსეთისთვის სერბეთისა და ჩერნოგორიის ჩამოცილებაა, აგრეთვე, ბალკანეთში არსებული თუ პოტენციური სამხედრო ბაზების ხელშეუხებლობა და ალიანსის ყველაზე სახიფათო და ბინძური ოპერაციებისთვის მამაცი და დამჯერი ჯარისკაცების შეძენაა.

ნატო რუსეთისთვის პოტენციურად სახიფათო ორგანიზაციაა, რომელიც მის ეროვნულ ინტერესებს ემუქრება. პრეზიდენტმა მედვედევმა ძირითად საგარეო საფრთხეთა შორის დაასახელა «ნატოს ძალოვანი პოტენციალისთვის გლობალური ფუნქციების მინიჭების მცდელობა, რომლის რეალიზება საერთაშორისო ნორმების დარღვევით ხორციელდება, ბლოკის გაფართოების გზით კი ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს უახლოვდება».

ამიტომ ნატოში ბალკანეთის ქვეყნების შესვლა აიძულებს სერბეთსაც, ჩერნოგორიასაც, მაკედონიასაც და ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბულ რესპუბლიკას, ანტირუსული პოზიცია დაიკავონ.

სერბული გაკვეთილი საქართველოსთვის

სამიოდე წლის წინ გამოქვეყნებული ჩემი სტატია «ნატო _ მსოფლიოს ჟანდარმი» კანადურმა ავტორიტეტულმა «გლობალური კვლევების ცენტრმა» გადაბეჭდა, შემდეგ კი ინგლისურიდან რუსულადაც ითარგმნა და კომენტარების წვიმაც წამოვიდა. ერთერთი რუსი კომენტატორი ცინიკურად წერდა, ქართველები საღად აზროვნებას კანადაში ახერხებენო! ინგლისურენოვანი სტატიის წაკითხვისას მან ვერაფრით დაუშვა, რომ ავტორი საქართველოში იმყოფებოდა. იმხანად სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ბევრი ისეთი რამ ითქვა, რაზეც ლაპარაკი მაინცდამაინც მიღებული არ იყო.

იუგოსლავიის ტრაგედია ჩვენთვის ერთობ ნიშანდობლივია. მისი დაშლა თავიდანვე სულ სხვა იდეებით იყო შეფუთული. 1999 წლის 24 მარტის ნატოს ავიაციის დაბომბვა წარმოჩენილი იყო, როგორც «მოწყალების აქტი». საბაბი კი ის იყო, რომ 1998 წელს კოსოვოში «სერბეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს ეთნიკური წმენდის სერია, რის გამოც კოსოვოს ალბანელთა ნახევარი დევნილობაში აღმოჩნდა». ამით გაამართლეს ამერიკელებმა თავდასხმა და უტიფრად განაცხადეს: «ხანგრძლივმა სისხლისღვრამ აშშ-ის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები აიძულა, დაეწყოთ მასირებული დაბომბვა… რის შედეგადაც ალბანელმა ლტოლვილებმა შინ დაბრუნება შეძლეს».

რა მოხდა სინამდვილეში?

ამერიკელი ექსპერტების მონაცემებით, დაბომბვებამდე ერთი წლით ადრე  ორივე მხრიდან დაღუპული იყო დაახლოებით 2000 ადამიანი. სერბების მიერ 500 ალბანელი იყო მოკლული, ხოლო ალბანელების მხრიდან _ 1500 სერბი (სამჯერ მეტი!). 27 მარტს, დაბომბვის დაწყებიდან მესამე დღეს, ნატოს გაერთიანებული დაჯგუფების სარდალმა უესლი კლარკმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სერბეთის ხელისუფლების სამარცხვინო რეაქცია მოსალოდნელი იყო და დასავლეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის წუხილის საფუძველს არ წარმოადგენდა. მოგონებების წიგნში კლარკი წერს, რომ ჯერ კიდევ 6 მარტს აცნობა სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტს, რომ, თუ ნატო გააგრძელებს დარტყმებს სერბეთის მისამართით, «სერბეთის ხელისუფლება დიდი ალბათობით სამოქალაქო მოსახლეობის ტერორს მიმართავს», ხოლო ნატო მშვიდობიან მოსახლეობას ვერ დაიცავს.

ამ წიგნის რეცენზიაში მაიკლ იგნატიეფი აღნიშნავდა, რომ ნატოს შენაერთების მიერ დაბომბვის მთავარი მიზეზი მილოშევიჩის მიერ კოსოვოში დაშვებული ადამიანის უფლებების დარღვევა კი არ იყო, არამედ «ნატოს სწრაფვა, თავს მოეხვია ქვეყნის ხელმძღვანელისთვის საკუთარი ნება, რომლის ღია დაუმორჩილებლობა ბოსნიასა და კოსოვოში ამერიკული და ევროპული დიპლომატიის ავტორიტეტს ამცირებდა და თვით ნატოს გავლენას ასუსტებდა».

ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ენდრიუ ბაჩევიჩის აზრით, ეს დაბომბვები «უნდა ქცეულიყო გაკვეთილად ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელთაც ილუზიები აქვთ, რომ მათზე არ ვრცელდება ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემის ნორმები და წესები», რომლებიც ვაშინგტონმა დაამკვიდრა. უმნიშვნელოვანესი იყო აშშ-ის ჰეგემონიის დამყარება გაერთიანებულ, ინტეგრირებულ და თავისუფალ ევროპაში.

ამ მცირე მიმოხილვის შემდეგ ნათელი ხდება, თუ რატომ იყო მილოშევიჩი ასე დარწმუნებული საკუთარ თავში საერთაშორისო ტრიბუნალზე. ციხეში მისი დაღუპვა მეტად «დროული» აღმოჩნდა. სასამართლოს აღარ დასჭირდა იმ მტკიცებულებათა განხილვა, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ ვერსიას არანაირად არ ადასტურებდნენ.

9 წლით ადრე დაწყებული საქმე შეერთებულმა შტატებმა 2008 წლის თებერვალში დააგვირგვინა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის არნახული დარღვევით, _ ყოველმხრივ შეუწყო ხელი «გაალბანელებული» კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივ აღიარებას. გაეროს უშიშროების საბჭოს 2008 წლის 17 თებერვლის სამარცხვინო სხდომის შემდეგ სერბეთში სახალხო მღელვარების ტალღამ აშკარად ანტიამერიკული ხასიათი მიიღო. საოცარია, მაგრამ ამგვარი განწყობილებები ყველაზე მკვეთრ სახეს სწორედ იქ იღებს, რომელთა «დახმარებას» და დემოკრატიზაციასაც აცხადებენ ამერიკელები პრიორიტეტულ ამოცანად. აშშ-მა ისიც კი მოახერხა, რომ ანტიამერიკული განწყობილებები დაეთესა ყოფილ იუგოსლავიაში, რომელიც ორ ბანაკად გაყოფის პირობებში ვარშავის ბლოკის ყველაზე დასავლური ქვეყანა იყო როგორც ეკონომიკით, ისე მენტალიტეტით.

ამ უკანონობისა და უსამართლობის ხილული მიზეზები თითქოს არ ჩანს, თუმცა კარგად იკითხება სამი მოტივი: მუსლიმებისთვის თავის მოქონვა შუაგულ ევროპაში ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბების სახით, რუსეთისთვის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმის მიყენება მართლმადიდებელი ხალხისთვის ტერიტორიის თავხედური ჩამოჭრით და ევროპისთვის იმის დემონსტრირება, თუ ვინ არის მსოფლიოს მმართველი. თითქოს საკმარისია, ხომ? ნურას უკაცრავად, არავინ ლაპარაკობს ამერიკელების ჭეშმარიტ მიზანზე კოსოვოში; ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გარდა, არსებობდა კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების კიდევ ერთი მარშრუტი _ ნავთობსადენი კოსოვოს გავლით ადრიატიკის სანაპირომდე, საიდანაც ნავთობი ტანკერებით გადაიზიდებოდა დასავლეთ ევროპის ბაზარზე.

ნიკოლას ჰაგერის გამოკვლევით, 2001 წელს დაიწყო 920-კილომეტრიანი ტრანსბალკანური ნავთობსადენის მშენებლობა, რომელიც 2005 წელს უნდა ამოქმედებულიყო. პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბაქოდან სუფსაში ტრანსპორტირებული ნავთობი ტანკერებით უნდა გადაზიდულიყო ბურგასამდე და შემდეგ ბალკანეთისა და მაკედონიის გავლით ადრიატიკის პორტ ვლორამდე ალბანეთში. ნავთობსადენის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საერთაშორისო სამშვიდობო ძალები გენერალ მაიკლ ჯექსონის ხელმძღვანელობით. დღეში ნავთობსადენის დაგეგმილი სიმძლავრე 750 ათას ბარელს შეადგენდა. ამ ნავთობსადენის მშენებლობაზე ალბანელებთან, მაკედონიელებთან და ბულგარელებთან (AMBO– ამერიკული კომპანიაა) ერთად მუშაობენ ისეთი გიგანტები, როგორცაა Texaco, Chevron, Exxon, Mobil, BP, AMOCO, Agip და ToTal Fina elf. კომპანია Halliburton-მა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის სახელს, 1999 წელს უდიდესი ამერიკული სამხედრო ბაზა Camp Bondsteel-ი ააშენა, რომელიც ბალკანეთში განთავსებულ სამხედროებს ემსახურება. იგი 360 ათას კვ.მ ტერიტორიას იკავებს და მისი პერიმეტრი 11,2 კმ-ს შეადგენს. ბაზას 2,5 მეტრი სიმაღლის მიწაყრილი აქვს შემოვლებული. ეს სამხედრო ბაზაც და კოსოვოს დამოუკიდებლობაც მხოლოდ ნავთობსადენის დასაცავად გახდა საჭირო. ნავთობსადენის გასწვრივ ამერიკული პროტექტორატები უნდა შეიქმნას. ზოგიერთი ექსპერტის ინფორმაციით, აშშ-მა ალბანეთს აღუთქვა «დიდი ალბანეთის» შექმნა, რომელსაც, კოსოვოს გარდა, საბერძნეთის ტერიტორიის ნაწილსაც შეჰპირდა. ალბანელების მეშვეობით ამერიკას სურს, მაკედონია, ბულგარეთი და ალბანეთი, ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, წმინდა ამერიკულ პროტექტორატებად აქციოს.

ასე გამოიყურება ეს, ერთი შეხედვით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ამერიკული ფინტი ბალკანეთში. როდესაც კონდოლიზა რაისი სერბებს ჭკუას ასწავლის, რომ 1383 წელმა (სერბების დიდგორი _ ბრძოლა კოსოვოს ველზე), დიდი ხანია, რაც ჩაიარა, მას არ ახსენდება, რომ სწორედ ამ ისტორიული ბრძოლის თარიღს დაამთხვია 1914 წელს გავრილო პრინციპმა ავსტრიის ერც-ჰერცოგის მკვლელობა, ხოლო 11 სექტემბრის ტერაქტი ზუსტად იმ დღეს მოაწყვეს, რომელსაც უკავშირდება მუსლიმების განადგურება ვენასთან. ამდენად, ერთიც და მეორეც ერთგვარი რევანშის სახეს ატარებდა. თუმცა კონდოლიზა რაისისთვის ერთი სერბული თარიღის დამახსოვრებაც დიდი საქმეა, რადგან საყოველთაოდ ცნობილია ამერიკელების სრული გაუთვითცნობიერებლობა მსოფლიო ისტორიაში.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დავით გამყრელიძე ჩიოდა, რომ სააკაშვილის ძალმომრეობის გამო საქართველოში ნატოს მომხრეთა რაოდენობა სულ ორ თვეში 84-დან 63%-მდე დაეცა. ორი კვირის შემდგომ ამ ციფრმა სასწაულებრივად აიწია 77%-მდე (ეს კი მით უფრო გასაკვირია, რომ წინასწარ მონაცემებთან შედარებით პრეზიდენტობის კანდიდატთა მონაცემები 1-2%-ით თუ მერყეობდა). «მე უკვე მიჭირს ამერიკის დაცვა», _ აღნიშნა მაშინ გამყრელიძემ. უნდა დაიცვას თუ არა მან ამერიკა, ეს მთლიანად მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ქართული ოპოზიციის მცდელობა, აჩვენოს ამერიკას, რომ იგი ხელისუფლებაზე უფრო პროამერიკელია და უფრო დემოკრატი, თანაც პერიოდული შეგონებებით, «ნუ შეაზიზღებენ ქართველებს თავს», ერთხელ უკვე ნანახ სპექტაკლს ჰგავს.

მას შემდეგ 4 წელი გავიდა. დღეს ახალი ოპოზიცია (ძველი სახეების მონაწილეობით, ივანიშვილის ქოლგის ქვეშ) კვლავ ნატოს ერთგულებაზე დებს თავს. 2008 წელს დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს აღიარებამ ხელფეხი გაუხსნა რუსეთს, სააკაშვილის სამხედრო ავანტიურის წყალობით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეღიარებინა. ნატოს გაკვეთილი, რომელიც 1999 წლის 24 მარტს მასირებული დაბომბვით დაიწყო და 9 წლის შემდეგ სერბული დიდგორის _ კოსოვოს აღიარებით დაგვირგვინდა, ვერც ჩვენმა ხელისუფლებამ დაისწავლა და ვერც ჩვენმა ოპოზიციამ

ნანა დევდარიანი

 

1 COMMENT

  1. გამარჯვება ქართველ ერს!!!

    ამერიკა არის საქართველოს მტერი, ასევე საქართველოს დაძაბული ურთიერთობები აქვს ყველა მოსაზღვრე ქვეყანასთან, რომლებსაც პირდაპირ აქვთ პრეტენზიები ქართულ მიწებზე. ჯერ ხმამაღლა არა მაგრამ ფაქტია რომ აქვთ ქართულ მიწებზე პრეტენზიები.( სომხეთს-ჯავახეთზე და სამცხეზე, აზერებმა მიითვისეს სოფელი ერისაიმეიდი, უმიზნებენ გარეჯს, ტურქები აჭარაზე არიან, ოსები თრუსოს ხეობაზე ყაზბეგში) ეს მიშა კიდევ ამერიკის მოგზავნილია და ნახეთ აბა რას შვრება. ვითომ რუსეთს ემტერება და მან რუსეთს მისცა ის მიწები რაზეც დავკარგეთ კონტროლი დროებით 1993 წელს და ასევე დაუმატა, ზემო აფხაზეთი ანუ კოდორი, ხოლო ქართლიდან დაუმატა ახალგორის რაიონი მიმდებარე სოფლებით

  2. ხოდა ქართველი ხალხი ძილს მისცემია. ქვეყანა თავზე დაგვენგრა და ის ნანგრევები ხელახლა გვენგრევა თავზე. ხალხო გამოფხიზლდით, არც ერთი პოლიტიკოსი არ არის საქართველოსთვის. ყველა ამერიკის მოგზავნილია(გამონაკლისია დიდი კითხვის ნიშნით ნოღაიდელი და სარიშვილი)

    მაგ სიჩუმემ ხომ ხედავთ სადამდეც მიიყვანა საქართველო და ქართველები და ეხლა მაინც გაიღვიძეთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here