Home რუბრიკები საზოგადოება მაშ, დამსიზმრებია, ანუ «მე შაირი არ მინდოდა»…

მაშ, დამსიზმრებია, ანუ «მე შაირი არ მინდოდა»…

872

 ის «კატავასია», რაც ჩემს ინტერვიუს მოჰყვა სოციალურ ქსელებში თუ სხვაგან, მე ისე მჭირდებოდა, როგორც თევზს «ზონტიკი», რადგანაც ახლობელი ადამიანები უნებურად იქნებ მოვიმდურე კიდეც და უმთავრესი _ ძირითადად დადებითი გამოხმაურებების ფონზე, ერთი-ორი ისეთი კომენტარიც დაიდო, რომლებშიც ჩემს პირად ამბიციებს (ანუ, როგორ თუ ჩემი წერილის ამოღება გაბედა თინა ხიდაშელმა) დაბრალდა ეს სკანდალი, ან კიდევ უარესი: ბიძინა ივანიშვილის «ქართული ოცნების» წინააღმდეგ ბრძოლაც კი დამწამეს.

ეს ყველაფერი მართლაც ჩემი ბრალია, რადგანაც არ არსებობს ნახევრადფეხმძიმე(!), ანუ, რაც  გარკვეული მოსაზრებების გამო იმთავითვე არ ვთქვი და რის თქმასაც ახლა ვაპირებ, მაშინვე უნდა მეთქვა იმ ინტერვიუში, რომელიც «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნდა.

საქმე კი შემდეგში იყო:

 გიორგი გორგოძემ ჩემი წერილის ამოღების თავისთავად არასასიამოვნო და, თუ ფორმულირებასაც გავიხსენებთ («მხეიძის არაფერი მინდა»), შეურაცხმყოფელ ფაქტთან ერთად, გაცილებით მნიშვნელოვანი და საგანგაშო რამეც მითხრა: საზღვარგარეთიდან ახალდაბრუნებულმა თინამ შენ გარდა კიდევ 5-6 მასალა ამომიღო, მათ შორის გაზეთ «ბათუმელების» რედაქტორის მშვენიერი წერილიც აზიზიეს მეჩეთის შესახებ და თან დაამატა (თინა ხიდაშელმა _ დ.მ.), ამიერიდან აზიზიეს მეჩეთსა და ავღანეთის თემაზე არაფერმა გაიჭაჭანოს გაზეთ «ქართულ ოცნებაშიო»!

აი, ამან აღმაშფოთა, რის შესახებაც, გვიანი ღამის მიუხედავად, მაშინვე გადავურეკე რამდენიმე ჩემს მეგობარს და მათ შორის ელისო ჩაფიძესაც, რომელმაც მითხრა, რომ გაარკვევდა, რაში იყო საქმე.

ამიტომ კი არ მეწყინა, მეტკინა ელისოს კომენტარი, რომელსაც, როგორც შემდეგ გავიგე, არც კი სცოდნია, რომ იმ ინტერვიუში, ერთი, მის მიმართ მოფერების ფრაზის გარდა, საერთოდ არ მიხსენებია მისი სახელი. მან კი, რადგანაც კომენტარისთვის მასაც დაურეკეს, ალბათ, იფიქრა, რომ მისი მისამართითაც პირი დავაღე და ყველაფერი ვთქვი.

 არა, ჩემო ელისო! სწორედაც რომ არ მინდოდა შენი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამიტომაც არ ვახსენე შენთან საუბარი. შენ კი, თუ ის თქვი, რომ «ორი დღის წინ ვესაუბრე დათოს, მან იცის, რომ თინა ხიდაშელი არაფერ შუაშია და რასაც დათო ამბობს, სიცრუეაო», ისიც გეთქვა, რომ ორი დღის წინაც კი, ბატონო, მაგრამ იმის წინაც გესაუბრე პირველად ამ თემაზე, ანუ მეტი სიზუსტისთვის, 27 თებერვლის გვიან საღამოს დაგიფიქსირე ჩემი აღშფოთება და, პირველ რიგში, _ არა ჩემი დაწუნებული სტატიის გამო.

 იმაშიც ცამდე მართალია ელისო ჩაფიძე, რომ მითხრა, თინას ვკითხე და არაფერი იცის ამის შესახებ, აქ არ იყოომაგრამ აქედან რაა, როო? აბა, რას ეტყოდა! იმას ჩამოარაკრაკებდა, რაც ზემოთ ვთქვი?

 სწორედ ეს ვუთხარი პასუხად ელისოს და უფრო მეტიც: შენ შეგიძლია გჯეროდეს თინიკოსი, მაგრამ მე არ მჯერა და ამ საქმეს ასე არ დავტოვებ-მეთქი. ამაზე მეტად როგორ  უნდა გამეპროტესტებინა, რომ ამბობ, ჩემო ელისო, არ გაუპროტესტებია, რაც დათოს ვუთხარიო?!

 ამ არდაჯერებას რომ საფუძველი აქვს, ბევრი ლაი-ლაი რად უნდა? დღიდან ბიძინა ივანიშვილის განაცხადისა, რომ ის რესპუბლიკელებს განიხილავს უმთავრეს პარტნიორებად, საზოგადოების უმრავლესობამ რომ მდუმარე უკმაყოფილებით მიიღო ეს ამბავი, ესეც ჩემი «სუბიექტური სიზმრებია» თუ როგორ არის საქმე?!

თუ ისაა ტყუილი, რომ, ვინც კი ამ მოკლე ხანში «ქართულ ოცნებაში» მისვლაც მოასწრო და წამოსვლაც,  წამოსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თითქმის ყველანი «თინა მამიდას» ან ზოგადად რესპუბლიკელებს ასახელებენ?

აგერ, ახლახან არ იყო, რომ ვინმე ზაზა სვანიძემ, «ქართული ოცნების» ახალგაზრდული ორგანიზაციის დატოვების მთავარ მიზეზად, სხვებთან ერთად, თინა ხიდაშელის ოდიოზურობაც დაასახელა?

ან ის სკანდალი ვის და რას უნდა მივაწეროთ, რომ ამას წინათ ბიძინა ივანიშვილთან «სახალხო კრების» წარმომადგენელთა შეხვედრის ისეთი დამონტაჟებული კადრები დაიდო, რომ მოდელირებული ქრონიკის ავტორებსაც კი შეშურდებოდათ?

კადრებში, რომელთა მთავარი მიზანიც ნინო ბურჯანაძის კიდევ ერთხელ გაშავება იყო, არ ჩანდა «სახალხო კრების» რეაქცია თუ პოზიცია ამის თაობაზე, რის გამოც ნონა გაფრინდაშვილს სპეციალური განცხადების გაკეთება მოუწია, რომ იმ შეხვედრის ამსახველი კადრები სრული მოცულობით დაედოთ, რაც, სხვათა შორის, მგონი, დღემდე არ გაკეთებულა… არა მგონია, ამ ყველაფრის ავტორი ბატონი ბიძინა იყოს. 

 მაშ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი თუ არა «ქართული ოცნების» პიარსამსახურის შეფი და შეთავსებით «ყველას მამიდა» თინიკო ხიდაშელი და ვის ავტორიტეტს ურტყამს მსგავსი «ვირეშმაკობები» თუ არა ბიძინა ივანიშვილისას?

და ჩემთვის ყველაზე მთავარი კითხვაა: არის თუ არა ყველაფერი, განსაკუთრებით წინამდებარე წერილის ბოლოს თქმული, პირდაპირი თუ არა, ირიბი მტკიცებულებები იმისა, რომ ყველაფერი, რაც ვთქვი, რეალურად მოხდა და არ დამსიზმრებია?

ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებისთვის მიმინდვია…

რაც შეეხება ჩემს ბრძოლას «ქართულ ოცნებასთან», დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, რომ ჩემს პუბლიკაციებს გადახედონ «საქართველოს რესპუბლიკაში» ან «საქართველო და მსოფლიოში» და დარწმუნდებიან, დღიდან ივანიშვილის გამოჩენისა, ჩემნაირი ერთგული მხარდამჭერი ნეტავ ბევრი ჰყავდეს ბატონ ბიძინას.

ამის კიდევ ერთ დასტურად გთავაზობთ თინა ხიდაშელის მიერ «ქართული ოცნებიდან» ამოღებულ ჩემს წერილს (უმნიშვნელო შემოკლეით).

ცუგცვანგი

ნაცების ხელისუფლება სწორედაც რომ პოლიტიკურ ცუგცვანგშია! ამის გამო საშამათო ქსელში გახლართულ ხელისუფლებას მხოლოდ ცუდი და უარესი სვლების გაკეთებაღა შეუძლია…

რომელი ერთი გავიხსენოთ იმ იგავმიუწვდომელი სისულელეებიდან, რომლებიც აშკარად შეშინებულმა, დაბნეულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა? ჯერ იყო და მყისიერად ჩამოართვეს ბიძინას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა; მერე იყო და, როგორც ხატოვნად შენიშნა ირაკლი ალასანიამ, კალვერას ბანდად ქცეულმა პოლიციამ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი დააყაჩაღა.

 ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ისეთი დონის სისულელე, სიბრიყვე იყო, რომ ამას, როგორც იტყვიან, «იარი» მიშისტებიც კი აღიარებენ. თანაც ამ ფონზე თუ პირიქით, ბიძინასათვის ბორისის დარქმევა, აქაოდა რუსეთში ბორიას ეძახოდნენო, ამ პრიმიტივიზმს ერთი უსუსური ქვეტექსტი ჰქონდა _ არც ახლა გჯერათ, რომ ივანიშვილი კრემლის აგენტიაო? რაც ხელისუფლების გონებაშეზღუდულობაზეც მეტყველებს. რადგანაც, არა თუ პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულებს, არამედ, უკანასკნელ, უბირ გლეხსაც უეჭველად გაახსენდებოდა თავის დროზე ამავე კონტექსტში ცხონებული   ბადრი პატარკაციშვილის  «გაარკადება».

ერთი სიტყვით, კუკარაჩასი არ იყოს, მეთოდები დაუძველდა ჩვენს მურტალოს, რადგან მაგას ახლა აღარავინ ჭამს…

 ამიტომაც დაიწყო მასობრივი მოძრაობა, ხელმოწერების შეგროვება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით და მოკლე ხანში 300 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. ეს აქცია გარკვეულწილად პლებისციტს, რეფერენდუმს, გნებავთ, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებსაც ჰგავდა, რომელზეც, როგორც კახეთში იტყვიან, «მთელი დინგი-დუნიის დასანახად» ლამის სრულიად საქართველომ  ბიულეტენში მიშა გადახაზა და ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა!

იგივე ეფექტი იქონია «კალვერას» მიერ «ქართუ ბანკის» დაყაჩაღებამ და ამ ფონზე მავანი ორგანიზაციების თუ ბუბა კიკაბიძის მსგავსი უნამუსოების მიერ ამ ბანკის მომსახურებაზე უარის თქმამ _ «ქართუ ბანკთან» რამდენიმე დღე უწყვეტი რიგები იდგა და მოკლე ხანში გაჭირვებულმა ხალხმა უკანასკნელი გროშებით «ქართუ ბანკში» მრავალი ათასი ახალი ანგარიში გახსნა!

 მართლაც საოცარი და განუმეორებელი ხალხი ვართ ქართველები _ ვინმეს სადმე უნახავს ამისთანა ამბავი? _ ქვეყნის უმდიდრეს კაცს უღარიბესი ხალხი ეხმარებოდა!

სწორედ ამისთანების გამო დაინახა «დინგი-დუნიამ» ქართველი საზოგადოების განწყობა და აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის თამადობით, საქართველოში აკრედიტებული მთელი დიპკორპუსი ეწვია ბიძინა ივანიშვილს…

ამას წინათ კი, როგორც იქნა, შედგა ბიძინა ივანიშვილის «ქართული ოცნების», როგორც პოლიტიკური პარტიის ჩანასახის პრეზენტაცია _  საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა იმ, დაახლოებით ოცკაციანი საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა, რომლის გარშემოც უნდა აშენდეს ეს პარტია.

ამთავითვე ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება _ შესრულდა საზოგადოების მთავარი დაკვეთა და მომავალი პარტიის სავარაუდო ბირთვში არავინ არის ისეთი, ვისაც წარსულიდან უარყოფით შლეიფად მოჰყვება უზნეობა, ხელმრუდობა, ვერცხლისმოყვარეობა, ზედმეტი ლიბერალობა და ა.შ.

ამ უკანასკნელთან მიმართებაში, ნიშანდობლივი იყო არჩილ კბილაშვილის გამოსვლა, როცა მან განაცხადა, რომ ე.წ. ლიბერალური დემოკრატია მისთვის, პირველ რიგში, ეროვნულ, მართლმადიდებლურ ღირებულებებს (ალბათ, მთელი «ქართული ოცნებისთვისაც») ნიშნავს!

 თუმცა ადვოკატმა კბილაშვილმა ლამის წყალი გადაასხა ამ ყველაფერს სექსის ფიზიოლოგიასა თუ უპოვართა პოლიტიკაში მოსვლაზე საუბრით, რადგანაც ეს ის შემთხვევა გამოდგა, როდესაც კარგ მთქმელს კარგი გამგონი ყველგან  არ ეყოლებოდა. თორემ იქ, სადაც «კარგი გამგონის» დეფიციტი არ არის, ცხადია, რომ მინიშნება, ქვეყნის პირველი პირის უკონტროლო სექსუალურ თავგადასავლებზე იყო, რაზედაც შინ თუ გარეთ ლეგენდები დადის.

რაც შეეხება უპოვართა პოლიტიკაში მოსვლა-არ მოსვლას, თუ ახირებული «ჩოლოყაანთ ლევანა» არა ხარ,  ბიძინა ივანიშვილის მილიარდები კი არა, ილიკო ჩიგოგიძის კვიმატი ენა უნდა გაგახსენდეს _ გადახედეთ ლამის მთელ პარლამენტს, სამინისტროებს და ა. შ. _ პოლიტიკაში მართლაც «ცალ-ცალი კალოშით» მოთრეულები, ახლა სამსართულიან ვილებსა და «ნავაროჩენი» ჯიპებში (ტყავის პალტოები და რეზინის ჩექმები აღარ არის მოდაში) არიან გამოჯგიმულნი.

ყველაფრის გვირგვინი მაინც «ჩვენი  მაღალის» ისტერიკა  იყო ცაგერში, რომელსაც მორიგს ვერ ვუწოდებ, რადგანაც ასეთებს მისგანაც კი ცოტა თუ ელოდა.

თავი დავანებოთ იმას, რომ ბოლო 800 წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოში ისეთი აღმშენებლობა, როგორიც დღესაა, რადგანაც ეს  განდიდების მანიის მხოლოდ მორიგი, შიზოფრენიული კლინიკაა; იმასაც, რომ «არიან ძალები, რომლებსაც ეს აღმშენებლობა აღიზიანებთ» და რომ ეს ძალები «ყველანი ცხოვრობდნენ ერთ ქუჩაზე, დენი იყო მარტო იმ ქუჩაზე, გზებს აგებდნენ მარტო იმ ქუჩაზე»; რადგანაც ესეც ცნობილი და მორიგი, მიშას ქვეშეცნეულში განფენილი პათოლოგიური, შიშნარევი ზიზღის გამოვლინებაა, თბილისის, განსაკუთრებით «იმ ქუჩების», ვერა-ვაკის მოსახლეობის მიმართ.

თუმცა ერთ რამეს მაინც შევახსენებ საზოგადოებას _ თავის დროზე, სწორედ ვერა-ვაკის მაჟორიტარი გახდა მიშა, საიდანაც დაიწყო მისი ოპოზიციური აღმასვლა.

 მაგრამ «მუქთახორა, არაფრის მაქნისი, კორუფციითა და ხალხის ძარცვით გაქსუებული» უწოდო ვის: ყველასთვის საყვარელ ნინელი ჭანკვეტაძეს, აკადემიკოს ვანო კიღურაძეს, მწერალ გურამ ოდიშარიას და, განსაკუთრებით, ელისო ჩაფიძეს? დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი «ქართული ოცნების» პარტიის ახალი სახეებიდან.

რატომ განსაკუთრებით ელისო ჩაფიძე? არა იმიტომ, რომ ჩემი კოლეგაა, არამედ ელისო ჩაფიძე იყო «რეზონანსში» ლამის ერთადერთი ჟურნალისტი, ვინც  «ვარდების რევოლუციამდე» მიშას იმიჯს «ქაჩავდა».

ლამის იმიტომ, რომ თქვენი მონამორჩილიც ელისოს თანამოაზრე ვიყავი ამ საქმეში და ხშირად «რეზონანსის» მეპატრონისგან ფარულადაც (რადგანაც  მაშინ არ სწყალობდა ნაცებს)  კი ელისოს დახმარებით «გამითრევია» ნაცებისთვის სასარგებლო მასალები, რასაც სრულიად უანგაროდ ვაკეთებდით, რადგანაც, ისევე როგორც ბევრს, ჩვენც გულუბრყვილოდ გვჯეროდა «ახალგაზრდა რეფორმატორების» კეთილი ზრახვებისა.

თუმცა, მგონი,  კალამი გამექცა და იქნებ თავის ქებაც გამომივიდა, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა?

 ჰოდა, ნათქვამია: თავის ქება კიტრადა ღირსო. ამიტომ მხოლოდ ელისო ჩაფიძეზე გეტყვით: ელისოც «რუსთავი 2»-ის დონაძეებზე არანაკლებად სასურველი ჟურნალისტი იყო «მიშას კარზე», დონაძეებზე, რომლებმაც თემურ ყვითელაშვილის გიტარასავით აიწყვეს და მოიწყვეს უზრუნველი ცხოვრება პოსტრევოლუციურ საქართველოში! მაგრამ ეს სხვა თემაა და მთავარს დავუბრუნდეთ…

 აკი, თქვა მიშამ, რჩევები კარგია, მაგრამ გადაწყვეტილებას მე მივიღებო! ჰოდა, ცაგერის ისტერიკა იმის ნიშანია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია _ მიშნაცები არაფრისდიდებით არ აპირებენ ხელისუფლების დათმობას!…

დავით მხეიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here