Home რუბრიკები პოლიტიკა სამოქალაქო ომის წინათგრძნობა

სამოქალაქო ომის წინათგრძნობა

1247

«სააკაშვილი სამოქალაქო ომისთვის ემზადება», _ ამ ფრაზამ ირაკლი  ალასანია გასული კვირის მთავარ ნიუსმეიკერად აქცია. ადრე მას ორატორული ნიჭის მწვავე ნაკლებობისთვის მხოლოდ ზარმაცი არ აკრიტიკებდა, თუმცა ბოლო დღეებში ალასანია თითქოსდა «გამოცვალეს». ის, ასე თუ ისე, გასაგებად ალაპარაკდა და, ამასთანავე, როგორც იქნა, მოძებნა რეზონანსული თემა, რომელიც საყოველთაო განხილვის საგნად იქცა.

ალასანიას უცაბედი ტრანსმუტაცია და მისივე მეტამორფოზები დროებით გვერდზე გადავდოთ და დავაკვირდეთ კიდევ ერთ ციტატას მისი განცხადებიდან, რომელიც უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე გააკეთა: «მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას, რაც დასავლეთ საქართველოში ხდება. რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ? რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ეს ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს» (presage.tv). გუშინდელ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ ეს თემა განავრცო, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

სამოქალაქო ომის წინათგრძნობა _ სალვადორ დალიმ მასზე გენიალური სურათი დახატა, იური შევჩუკმა კარგი სიმღერა დაწერა და ნუგზარ წიკლაურმაც კი თქვა ორიოდე გოროზი სიტყვა, რომელიც, მართალია, არ შევა მსოფლიო კულტურის საგანძურში, მაგრამ მოკრძალებულ როლს ჩვენს დღევანდელ საუბარში ნამდვილად შეასრულებს.

აქ, ალბათ, ერთი აქსიომის ფორმულირება მოგვიწევს: საქართველო სამოქალაქო ომს ვერ გაუძლებს. ის, დიდი ალბათობით, ქვეყნის დანაწევრებით და, შესაძლოა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვით დასრულდება, მსხვერპლსა და ნგრევაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ ის, ვინც სამოქალაქო ომის დაწყებას გეგმავს, დაუყოვნებლივ შეჩერებულ უნდა იქნას და პასუხისგებაში მიეცეს.

თვალი შევავლოთ დისპოზიციას: გადაულახავი კონფლიქტი, ერთგვარი უფსკრული ხელისუფლებასა და საზოგადოების დიდ ნაწილს შორის სახეზეა. მისი დაძლევა ან ცივილურ პოლიტიკურ კონკურენციაში გადაყვანა ვერა და ვერ მოხერხდა. სკამების ნებისმიერი მეთოდებით შენარჩუნების სურვილი ასევე სახეზეა, ბოლო დროს მან აშკარად მანიაკალური ხასიათი მიიღო. ჩვენს გვერდით ცხოვრობს საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომლებიც შინაგანად მზად არიან თანამემამულეებს ესროლონ, აწამონ და გაძარცვონ ისინი (ეს, ალბათ, იმ «მენტალური რევოლუციის» შედეგია, რომელზეც სააკაშვილი ხშირად საუბრობს). არსენალები გაძეძგილია იარაღით, ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპერტთა შეფასებით 90-იანებში მოსახლეობის ხელთ ათეულათასობით ავტომატი (ხელყუმბარა და . .) მოხვდა, შსს ბოლო ათწლეულის სტატისტიკაში კი საუბარი მხოლოდ ათასობით ამოღებულ ერთეულზე მიდის, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, აღურიცხავი, უკონტროლო იარაღი საქართველოში საკმარისზე მეტია.

არის კიდევ ერთი გარემოება: უცხო ქვეყნებმა შეიძლება ხელი შეუწყონ საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებას, რათა საკუთარ მიზნებს მიაღწიონ.

 საერთოდ, მსგავსი სიტუაცია «მესამე სამყაროს» ისტორიაში არაერთგზის შექმნილა და ასევე არაერთგზის უმძიმესი შედეგით დასრულებულა. ყოველივე თქმული, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო ომი გარდაუვალია, თუმცა ჩამოთვლილი ფაქტორები მის დაწყებას და მასშტაბების შემდგომ ზრდას ხელს მნიშვნელოვნად უწყობენ.

დავუბრუნდეთ «ნაციონალური მოძრაობის» მორიგ ტიტანს ნუგზარ წიკლაურს, რომელიც ასე დაუნდობლად მივატოვეთ სადღაც იქ, კუთხეში, სალვადორ დალის ტილოსა და იური შევჩუკის გიტარას შორის, და მოვუსმინოთ მის პასუხს ალასანიას განცხადებაზე: «ეს პროექტი თავდაცვის სამინისტროს მიერ ნებაყოფლობით ტარდება. ისინი გადიან ერთკვირიან სწავლებას, ეუფლებიან თავდაცვის სხვადასხვა საშუალებას და შემდეგ ბრუნებიან სახლში, ისე, რომ არც იარაღი აქვთ, არც ფორმა» («ჯი-ეიჩ-ენი»). ისე, საინტერესო კია, რატომ დაიწყო ნუგზარ წიკლაურმა სწორედ «ამ პროექტის» აღწერა, იქნებ ალასანია სულ სხვა რაზმებზე საუბრობდა? თუმცა ამ ნიუანსს თავი დავანებოთ და ყოველივეს ჩვეულებრივი ლოგიკის პოზიციიდან შევხედოთ:

რა «თავდაცვის საშუალებების ფლობა» შეიძლება ასწავლო ადამიანს ერთი კვირის განმავლობაში? აგვისტოს ომის რეზერვისტებმა შედარებით ხანგრძლივი მომზადება გაიარეს. მათ პიროვნულ სიმამაცეში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ეს ბატალიონები რეალურად ბალასტს წარმოდგენდნენ, რომლის ჩაბმა ბრძოლაში რუსულ ჯართან დანაშაულის ტოლფასი იყო; რეზერვისტების დიდმა ნაწილმა პრაქტიკულად არაფერი იცოდა. ამ შემთხვევაში კი, ნუგზარ წიკლაურს თუ დავუჯერებთ, მოსამზადებელი პერიოდი შემცირებულია კიდევ უფრო მეტად, ერთ კვირამდე. რა უნდა ისწავლონ ასეთი ამ ერთ კვირის განმავლობაში? უიარაღო მოწინააღმდეგესთან ბრძოლა ხომ არა?

როდესაც ორი წლის წინ, ხელისუფლებამ მრავალტანჯულ კანონში «სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ» მორიგი შესწორებების შეტანა გადაწყვიტა და, ზოგადად, საეჭვოდ გააქტიურდა საყოველთაო მილიტარიზაციის მიმართულებით, «საქართველო და მსოფლიო» სტატიაში «ქვეყნის რეზერვი თუ მიშას რეზერვი (21.07.10)  წერდა, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ «შეიძლება მივიღოთ ხელისუფლებაზე 100%-ით დამოკიდებული რაზმელები, ირანული «ისლამური რევოლუციის გუშაგთა» ან ჰაიტელი «ტონტონმაკუტების» ადგილობრივი ვარიანტი, რომელთა გამოყენებას შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში, არმიისგან განსხვავებით, არანაირი განსაკუთრებული წინაღობა არ ექნება». დღეს, ალასანიას განცხადების შემდეგ, ეს ეჭვი ფართოდ გავრცელდა და დასადგენი მხოლოდ ის დარჩა, რა ოფიციალური სტატუსი აქვთ ამ რაზმების წევრებს.

«პარამილიტარეს», «სიკვდილის ესკადრონები» _ ეს სიტყვები ლათინური ამერიკის ისტორიაში სისხლით არის ჩაწერილი. არსებობს უამრავი დოკუმენტური მასალა, თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით, ყველაზე კარგად ამ თემას ოლივერ სტოუნის შესანიშნავი ფილმი «სალვადორი» ასახავს, მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ ირიბად ეხება. არის იქ ერთი სცენა, რომელიც, შესაძლოა, უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე კადრები, რომლებიც მასობრივ დახვრეტებსა და წამებაზე მოგვითხრობენ: გაუბედურებული ქალაქის ქუჩებში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასიც აღარ აქვს, იქაური ზონდერები მეგაფონიანი მანქანით დადიან და ყვირიან: «გიხაროდენ, ელსალვადორის მცხოვრებლებო, აშშის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი გახდა!».

ალასანიას განცხადება ელჩებთან შეხვედრაზე შემდეგ ფრაზასაც შეიცავდა: «სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი ზუგდიდში ან საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება». სააკაშვილი სწორედ ამ მონაკვეთს ჩაებღაუჭა: «ცდილობენ, საარჩევნო კამპანიაში ჩაგვითრიონ. ისინი ფიქრობენ სკამებზე; მე ვფიქრობ, აი, ამ სათბურზე, საწარმოებზე, ახალ კურორტებზე…» აქ, პრინციპში, შეგვიძლია სააკაშვილის განცხადება შევამოკლოთ, რადგან აქტუალურია არა ის, თუ რაზე ფიქრობს და ოცნებობს ფიგურანტი თავის წარმოსახვით საქართველოში (სულ მინდა ჩავაწვეთო, იმ თავის ვირტუალურ რეალობაში კოსმოსური პროგრამა დაიწყოს), არამედ _ თუ რას აკეთებს წინასაარჩევნოდ. აქ კი ყველაფერი ცხადია: «მათ უნდათ, საარჩევნო კამპანიაში ჩაგვითრიონ». სააკაშვილს კი, როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიაში ჩართვა არ სურს. იმიტომ ხომ არა, რომ არ აქვს იდეა, რომელიც მისი კამპანიისთვის ღერძის როლს შეასრულებს და ზოგადად, კრეატიულობის მწვავე უკმარისობას განიცდის? რისი იმედი აქვს: კონტროლის პალატის რეიდების თუ ზონდერების ეგზეკუციების? ისტორია ცხადყოფს, რომ მსგავს შემოქმედებით და სააზროვნო კრიზისში შესული დიქტატორების გადარჩენა ელიტურ სატანკო დივიზიებსაც კი არ ძალუძთ.  

თუმცა ეს «ჯერ კიდევ ჟურნალია». «ისინი დაემუქრნენ სამეგრელოს სირიის, ჰომსის სცენარით, _ განაგრძო სააკაშვილმა. _ მინდა გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს: დაემუქრნენ ათასობით ადამიანური მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, თავმოჭრილი ბავშვებით…»

 თუ მეხსიერება არ მღალატობს, ბოლოს განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ოპონენტი «თავმოჭრილი ბავშვებით» დაიმუქრა, მეცამეტე საუკუნის დამდეგს, მონღოლთა ტომების დიდ ყურულთაიზე, უშუალოდ ყაენის არჩევის წინ გაკეთდა, თუმცა, ძირითადად, ამ მეთოდს ქვის ხანის მოღვაწეები მიმართავდნენ. უფრო უხეში, ატავისტური ხრიკი პოლიტიკაში, უბრალოდ, არ არსებობს. თუმცა ამ განცხადებაში, შესაძლოა, კიდევ ერთი, გაცილებით ცუდი ქვეტექსტი ჩაიდო, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობამ, სავარაუდოდ, ძალიან კარგად გაშიფრა და სათანადო დასკვნა გამოიტანა, ოღონდაც არა ისეთი, როგორიც სააკაშვილს სურდა.

ვინ დაიმუქრა? რა თავმოჭრილი ბავშვები? რატომ იშლება სააკაშვილის თვალწინ ასეთი სურათები? ვის შევჩივლოთ, მაშინ, როდესაც ბატონი ავლიპი ჩვენთან აღარ არის?

«ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კეთდება წინასაარჩევნოდ და უკავშირდება ძალადობის გამოყენების შესაძლებლობას ან მის წინასწარმეტყველებას, ყურადღების მიქცევას საჭირობს,» _ თქვა აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა სამშაბათს ალასანიას განცხადების კომენტირებისას და იქვე მოუწოდა ყველა მხარეს «არ ისაუბრონ ისეთ ბრალდებებზე, რომელიც არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული». თუმცა ირაკლი ალასანიამ მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გასაჯაროებისგან (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე), «სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე», თავი შეიკავა და მის ხელთ არსებული მასალები უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა. შეიძლება გაჩნდეს ბუნებრივი კითხვა: რა რეაქციას ელოდება ალასანია სააკაშვილის უშიშროების საბჭოსგან და, ზოგადად, ხელისუფლებისგან? თუმცა ფორმალური თვალსაზრისით (და, ალბათ, ტაქტიკურადაც) ის სწორად მოიქცა; ეს ინფორმაცია ჯერ შესაბამის ინსტანციებში უნდა მოხვდეს, რომელთაც სულ მალე, სიტუაციაში გარკვევის მიზნით, უცხოელი დიპლომატები მიაკითხავენ.

ალასანიას თქმით, «სამეგრელოში «დაახლოებით 55-დან 60 კაცამდე შემადგენლობის შეიარაღებული ჯგუფები შეიქმნა. ისინი რეზერვისტებად დარეგისტრირებული არ არიან. საერთო ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 500 კაცს შეადგენს. სააკაშვილი ამ დაჯგუფებებს დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებს. მათ უკანონო ნაღდი ფულით აფინანსებენ». 

მისივე თქმით, სამეგრელოში შეიარაღებულ კლანს როლანდ ახალაია და მისი ორი ვაჟი ხელმძღვანელობენ და ამ საქმეში სხვადასხვა სამართალდამცველი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან გარეულნი. ამასთან, ალასანიამ ის პირები დაასახელა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით სამეგრელოში არსებულ ბანდფორმირებებთან თანამშრომლობენ. ალასანიას ინფორმაციით, ესენი არიან: თორნიკე მალაზონია, ნუგზარ ფანგანი, რომან შამათავა, ფრიდონ შენგელია, ზვიად გაგუა, დავით დარსმელიძე და მამუკა იოსავა (სააგენტო «პირველი»).

ცხადია, ირაკლი ალასანიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია შემდგომ შესწავლასა და გადამოწმებას საჭიროებს, მაგრამ თუ დადასტურდება, მიხეილ სააკაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

არც ერთი ერი არ აპატიებს მმართველს სამოქალაქო ომის მომზადებას და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებას. გამონაკლისს, ცხადია, ვერც სააკაშვილისთვის დავუშვებთ. ალასანიას ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, სააკაშვილის გადაყენება თანამდებობიდან და  მართლმსაჯულებისთვის გადაცემა აბსოლუტურად გარდაუვალი გახდება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here