Home რუბრიკები პოლიტიკა აქეთ _ რუსეთი, იქით _ თურქეთი, ანუ Ciao Bambino, Sorry

აქეთ _ რუსეთი, იქით _ თურქეთი, ანუ Ciao Bambino, Sorry

1355

Nabucco აგონია, როგორც ჩანს, დასკვნით სტადიაში შედის. Financial Timesის ცნობით, მალე კონსორციუმს არჩევანის გაკეთება მოუწევს ძველ პროექტსა და ორ ახალ ალტერნატივას შორის, რომელთაგან ერთერთი _ «Nabucco West»- თურქეთბულგარეთის საზღვრიდან ავსტრიამდე გაივლის და გაცილებით ნაკლები გაზის გატარება შეეძლება. ნიშანდობლივია, რომ British Petroleum-ის ვიცეპრეზიდენტმა ალისტერ კუკმა ამ დასაჭურისებულ ვარიანტს «დიდი წინგადადგმული ნაბიჯი» უწოდა. მოკლედ, ცნობა Nabucco გარდაცვალების შესახებ შევსებული ჯერ არ არის, თუმცა აშკარაა, რომ ბლანკი და კალამი უკვე მაგიდაზე დევს. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს ცვლილებები და რა გავლენას მოახდენს ისინი საქართველოზე?

რატომ კვდებიან მილსადენები?

«ასეთი მასშტაბის პროექტი რეგიონში ჯერ არ განხორციელებულა. ეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი და წინგადადგმული ნაბიჯია, ახლა მიდის ბრძოლა კასპიური ბუნებრივი გაზისთვის. ეს არის ბრძოლა ყაზახეთსა და თურქმენეთში არსებული ძალიან დიდი მარაგებისთვის», _ ღაღადებდა მიხეილ სააკაშვილი 2009 წლის სექტემბერში ანკარაში, «ნაბუქოს» სამიტზე. როგორ იყო ის სიმღერა _ Goodbye My Love, Goodbye თუ Ciao Bambino, Sorry? თუმცა სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ხომ შედეგია.

დაახლოებით ერთი თვის წინ, აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ევრაზიული ენერგეტიკის საკითხებში, რიჩარდ მორნინგსტარმა თქვა, რომ «ნაბუქოს» გაყვანა წლიდან წლამდე სულ უფრო სათუო ხდება და დასძინა «პროექტის რეალიზება ფინანსებისა და დროის ფაქტორების გათვალისწინებით კიდევ უფრო გართულდა». ყველა იმ მიზეზის ჩამოთვლა, რომლებმაც «ნაბუქო» კომაში ჩააგდო, ძალიან შორს წაგვიყვანს; მათგან ბოლო ახალი, ტრანსანატოლიური გაზსადენის «ტანაპის» (TANAP; Trans-Anatolian pipeline) პროექტის აღმოცენება გახლდათ, რომელიც თურქეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაკვეთს. მართალია, აზერბაიჯანული «სოკარის» ხელმძღვანელი როვნაგ აბდულაევი დიპლომატიურად ირწმუნება, რომ ეს პროექტი «ნაბუქოს» (აქ იგულისხმება მისი ძველი, ამბიციური ვარიანტი და არა სუროგატული «ნაბუქო-ვესტ» ან «ნაბუქო-ლაით») დღის წესრიგიდან არ ხსნის, თუმცა არც ერთი ექსპერტი, ამ ორი პროექტის პარალელურ რეალიზებას არ უშვებს; ამისთვის არც თავისუფალი გაზი და არც პოლიტიკური წინაპირობები არსებობს. «ტანაპის» ზუსტი ტრასა და პარამეტრები განსაზღვრული ჯერ არ არის, თუმცა ნავარაუდევია, რომ 80%-იანი წილი პროექტში აზერბაიჯანულ, ხოლო 20%-იანი თურქულ მხარეს ექნება.

აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რა მნიშვნელობა აქვს, «ნაბუქოს» მეშვეობით მოხვდება აზერბაიჯანული გაზი თურქეთში, «ტანაპის» თუ რომელიმე სხვა მილსადენის, ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია ხომ ნებისმიერ შემთხვევაში არ დაიკარგება? ფორმალური თვალსაზრისით, ეს ასეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი ყოველთვის სატრანზიტო  პროექტების არა ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური დატვირთვა იყო. მართალია, ჩვენი განადგურებული ეკონომიკისთვის მნიშვნელობა თითოეულ თეთრს აქვს, თუმცა ენერგომატარებლების ტრანზიტისგან მიღებულ ამონაგებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანს მაინც ვერ ვუწოდებთ. სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ «ნაბუქო» და სხვა მსგავსი  პროექტები, იდეაში, მკვეთრად ზრდიდა დასავლეთის ჩართულობას სამხრეთ კავკასიის საქმეებში, გარკვეულწილად ავალდებულებდა მას, დაეცვა საქართველო და ეზრუნა მასზე. ილუზიებმა ამის თაობაზე სააკაშვილის   საგარეო პოლიტიკის, უფრო ფართოდ კი ახალი გენერაციის პოლიტიკოსების მსოფლმხედველობის ფორმირებაში განმსაზღვრელი როლი შეასრულეს.

ყველა სამხრეთკავკასიური სატრანზიტო პროექტი, რომლის მიღმა დასავლელი გლობალური მოთამაშეების ინტერესები იკითხება, მთავარ მიზნად ცენტრალურ აზიაში გარღვევას ისახავს; აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპელი მომხმარებლისთვის რუსეთის გვერდის ავლით ამ კონტექსტში მხოლოდ შუალედურ ამოცანას წარმოადგენს. სააკაშვილმა «ნაბუქოს» 2009 წლის სამიტზე ეს «პირდაპირი ტექსტით» გაახმიანა: «ეს არის ბრძოლა ყაზახეთსა და თურქმენეთში არსებული ძალიან დიდი მარაგებისთვის». დასავლეთის გამარჯვება ამ ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაასუსტებდა პუტინის «ენერგეტიკულ ზესახელმწიფოს» და (რაც სტრატეგიულ პერსპექტივაში აშშ-ისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია) გზას გადაუღობავდა ჩინეთს, რომელსაც ენერგომატარებლები ჰაერივით სჭირდება. რაც უფრო ბუნდოვანი ხდებოდა ცენტრალურ აზიაში შეღწევის და ტრანსკასპიური მილსადენების გაყვანის პერსპექტივა, მით უფრო კლებულობდა დასავლეთის ინტერესი სამხრეთ კავკასიის, როგორც სატრანზიტო დერეფნის მიმართ. «ტანაპი» ამ იმედგაცრუების ფონზე დაიბადა და მის მიღმა, უპირველესად, არა გლობალური, არამედ რეგიონული მოთამაშეების ინტერესები დგას.

თურქეთი ევროპის ერთ-ერთი გაზსაცავის როლს იმკვიდრებს და მანევრის სულ უფრო მეტ შესაძლებლობას იძენს. იდეალურ სიტუაციაში მან ახლო პერსპექტივაში «დიდი გაზი» ხუთი მიმართულებიდან უნდა მიიღოს: აზერბაიჯანიდან (საქართველოს გავლით), ერაყიდან, რუსეთიდან (შავი ზღვის გავლით), ეგვიპტიდან (იორდანია-სირიის გავლით, ე.წ. არაბული გაზსადენით) და ირანიდან. თუ თურქეთის ხელისუფლება ამას მიაღწევს, არც ერთ მიმართულებას ჩამოთვლილთაგან კრიტიკული მნიშვნელობა აღარ ექნება. ის ბონუსები, რომლებიც საქართველომ შეიძლება «მილსადენების გეოპოლიტიკიდან» მიიღოს, ამ კონტექსტში, სავარაუდოდ, მკვეთრად შემცირდება.

ვლადიმერ პუტინის ოთხი ნაბიჯი

თურქეთის გავლენა და მისი როლი საერთაშორისო ასპარეზზე დღითიდღე იზრდება და ეს სავსებით ბუნებრივად ჯდება ზბიგნევ ბჟეზინსკის იდეებში იმის თაობაზე, რომ დასავლეთმა გლობალური დომინირების შენარჩუნებისთვის უნდა დაიახლოვოს, შორეულ პერსპექტივაში კი «დიდი დასავლეთის» შემადგენელ ნაწილად აქციოს თურქეთი და რუსეთი და მათი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს (ცნობილი გამოსვლა ნორმანდიაში ალექსის დე ტოკვილის პრემიის მიღების შემდეგ). ბჟეზინსკი ბოლო დროს ბევრს საუბრობს იმაზე, რომ აშშ აღარ ჰყოფნის ძალა მისთვის მნიშვნელოვანი ზონების პირდაპირი, იმპერიული ტიპის კონტროლისთვის, რომ მოძრაობა ამ მიმართულებით დამღუპველია და სასურველია, ვაშინგტონმა საკუთარი ინტერესების რეალიზების ირიბ, უფრო დახვეწილ მეთოდებს მიმართოს. სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის ვარიაციები «დიდ დასავლეთში» რუსეთისა და თურქეთის ინტეგრაციის თემაზე.

მთელი ამ სტრატეგიის არსი შეიძლება ერთი მოკლე, ანეგდოტის მაგვარი ფრაზით გამოიხატოს, რომელსაც ბჟეზინსკის მიაწერენ: «ვებრძოლოთ ჩინეთს უკანასკნელ რუს ჯარისკაცამდე». მართალია, მას მსგავსი რამ არ უთქვამს, მაგრამ მის საბოლოო მიზანს ეს ფრაზა მეტ-ნაკლებად ზუსტად აღწერს.

I მსოფლიო ომის დაწყებიდან ასი წლის შემდეგ, რუსეთს ისევ დრამატული არჩევანის გაკეთება მოუწევს: ვის მხარეს დადგება ის მომავალ გლობალურ კონფლიქტში? 1914 წლის საბედისწერო არჩევანმა, პრინციპში, განაპირობა ყველაფერი, რაც რუსეთს (უფრო ფართოდ კი, მთელ კონტინენტს) XX საუკუნის განმავლობაში დაემართა. თუმცა ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნებოდა ალტერნატივა, რას მოუტანდა ნიკოლოზ II-ს იმპერიას, ერთი შეხედვით, ლოგიკური კავშირი კაიზერის გერმანიასთან ან ნეიტრალიტეტი.

ვლადიმერ პუტინის სტრატეგია საერთაშორისო არენაზე, აშშჩინეთის ყოვლისმომცველი დაპირისპირების მოახლოების კონტექსტში, შეგვიძლია ოთხ პირობით ეტაპად დავყოთ:

1) დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მოპოვება, რომელიც ელცინის რუსეთს ნაკლებად ჰქონდა;

2) საბოლოო არჩევანის გადადება და მოგებული დროის გამოყენება რუსეთის გაძლიერებისთვის;

3) გათავისუფლება არჩევანის გაკეთების აუცილებლობისგან;

4) საკუთარი გლობალური თამაშის დაწყება, დაახლოებით იმ მასშტაბებში, რომელშიც ამას საბჭოთა კავშირი აკეთებდა (ცხადია, მისი შეცდომების გამეორების გარეშე).

ბჟეზინსკის (და ობამას ადმინისტრაციის) ჩანაფიქრი, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ ნელ-ნელა ჩაითრიოს, «შეიტყუოს» რუსეთი ახალ (ამჯერად, ანტიჩინურ) «ანტანტაში», როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა ცარისტულ იმპერიასთან მიმართებაში გააკეთა. რესპუბლიკელების ერთ-ერთი კანდიდატი მიტ რომნი, თუ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დეკლარაციის «ამერიკული საუკუნის» მიხედვით ვიმსჯელებთ, უფრო ხისტ მეთოდებს ემხრობა და მხარს უჭერს ცენტრალურ აზიაში აშშ-ს პოზიციების ფორსირებულ გაფართოებას და პროექტებს, რომელიც მას უკავშირდება (მაგალითად, «ნაბუქოს»), რამაც, სავარაუდოდ, რუსეთი უნდა დაასუსტოს და აიძულოს შტატების «უმცროსი პარტნიორი» გახდეს. მაგრამ აქვს თუ არა შტატებს რესურსი ამ მასშტაბური აზიური რეიდისთვის? რა ხეირს ნახავს ვაშინგტონი ცენტრალურ აზიაში, ჩინეთსა და რუსეთს შორის საკუთარი პლაცდარმის გაფართოებით, გარდა იმისა, რომ ორი ხსენებული სახელმწიფო მის წინააღმდეგ გაერთიანდება?

ვიდრე ვაშინგტონში ამ საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობა სუფევს, ვლადიმერ პუტინი დროს იგებს. თუ ისევ გაზსადენების თემას მივუბრუნდებით, (ის ამ დიდი თამაშის მხოლოდ ერთი ასპექტს წარმოადგენს), ვნახავთ, რომ ის დრო, რომელიც «ნაბუქოზე» ოცნებებს მოხმარდა, «გაზპრომმა» მეტად ეფექტურად გამოიყენა, წინ წაწია ჩრდილოეთის და სამხრეთის «ნაკადები» და ამით ევროპაში რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა.

საერთოდ, გეოპოლიტიკურ თამაშში მთავარი რესურსი დროა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასავლეთმა დაკარგა, ხოლო რუსეთმა მოიპოვა.

ფაქტია, რაც უფრო შემცირდება აშშ-ის ინტერესი პოსტსაბჭოთა აზიური რესპუბლიკების და სამხრეთ კავკასიის მიმართ, ხოლო რუსეთის და თურქეთის გავლენა ევრაზიაში გაიზრდება, მით უფრო გაფერმკრთალდება სააკაშვილის ხელისუფლების ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო შეიძლება რეგიონში აშშ-ის «ჩაუძირავ ავიამზიდად» გადაიქცეს. პრინციპში უკვე დღეს, ეს იდეები შეიძლება შევაფასოთ როგორც სახიფათო ფანტაზია, რომელიც სულ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. გამორიცხული არაა, რომ სულ მალე ჩვენ მივალთ დასკვნამდე, რომ რეალურად არჩევანის გაკეთება მხოლოდ რუსულ და თურქულ პროექტებს შორის მოგვიწევს, ხოლო არანაირი «ამერიკული პროექტი», რომელიც სამხრეთ კავკასიას უშუალოდ ეხება აქტუალური აღარ არის.

«თურქული გამბიტი» _ მეორე სერია

საინტერესოა, რომ გასულ კვირას თურქულ «თუდეი ზამანში» გამოქვეყნებული სტატია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობებს მიეძღვნა, ასევე შეიცავდა ერთ ციტატას ბჟეზინსკის ბოლოდროინდელი შემოქმედებიდან: «ამერიკის გავლენის შემცირება საქართველოს სრულიად მოწყვლადს გახდიდა, როგორც რუსეთის პოლიტიკური ზეწოლისთვის, ისე სამხედრო აგრესიისთვის». ამ პერსპექტივის წარმოჩენის შემდეგ თურქულმა გამოცემამ ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა კარგია (უხეშად რომ ვთქვათ) საქართველოსა და აზერბაიჯანის შემდგომი დაახლოება და მათი თანამშრომლობა თურქეთთან: «აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა, ფაქტობრივად, შექმნეს ისეთი გეოპოლიტიკური გუნდი, რომელსაც აშშ ძალიან უჭერს მხარს». ფაქტობრივად, თურქულმა გამოცემამ თქვა ის, რის მოსმენაც სააკაშვილს მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად სურდა, კერძოდ კი ის, რომ მისი საგარეო კურსი დასრულდა არა სრული კრახით, არამედ პერსპექტიულ ინტეგრაციულ პროექტში ჩართვით, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსულ ევრაზიულ პროექტს კონკურენციას გაუწევს.

ამ თემაზე საუბრის დროს, ალბათ, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:

) კონფრონტაცია რუსეთთან თურქეთის გეგმებში ამ ეტაპზე არანაირად არ შედის, ორი ქვეყნის გაზრდილი თანამშრომლობა საპირისპიროზე მიუთითებს;

) მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის გავლენა მისი საზღვრების მთელ პერიმეტრზე იზრდება, მთავარი ვექტორი მაინც სამხრეთით და სამხრეთაღმოსავლეთით არის მიმართული, კავკასია კი (ცხადია, შედარებით) მეორეხარისხოვანი მიმართულებაა;

) დღეს თურქეთი არ არის მზად იმისთვის, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები მისცეს.

პარადოქსულია, მაგრამ პირველი ორი პუნქტი ასევე სამართლიანია რუსეთისთვისაც, იმ განსხვავებით, რომ მთავარი პრიორიტეტი მისთვის უკრაინაა (მის გარეშე «ევრაზიული კავშირი» რამდენადმე სიცოცხლისუნარიანი ვერ გახდება). რაც შეეხება მესამე პუნქტს, აქ მნიშვნელოვანი სხვაობა ფიქსირდება, რუსეთი (შინაგანად და საერთოდ «ყველანაირად») მზად არის იმისთვის, რომ საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური «ქოლგა» მთელ სამხრეთ კავკასიას გადააფაროს.

დღეს მანევრი სივრცეში რუსულ და თურქულ პროექტებს შორის, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ვიწროვდება, პრინციპში, შესაძლებელია, თუმცა საეჭვოა, ეს სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხოს; ის მოუქნელია, მის კოლექტიურ აზროვნებას ბორკილებივით ადევს შტამპები «ნეოკონების» გეოპოლიტიკური მითოლოგიიდან და, ამასთანავე, სააკაშვილი ნებისმიერ პროექტს განიხილავს როგორც კრემლის წინააღმდეგ მიმართული «ჯვაროსნული ლაშქრობის» გეგმას და ცდილობს, მას ანტიმოსკოვური დატვირთვა შესძინოს. ანკარა მსგავს თამაშებში მონაწილეობას, ძალიან დიდი ალბათობით, არ მიიღებს. ასე რომ, ამ თემაზე შინაარსიანი საუბრის გაგრძელებისთვის, ალბათ, ისევ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას უნდა დაველოდოთ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here